საქმე №ბს-367(2კ-23) 20 ივნისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ლ. ქ-ა
თავდაპირველი მოპასუხე - გ. ა-ეე
მესამე პირები - ს. ქ-ა, მ. ქ-ა, ა. ა-ე, ლ. ა-ე
დავის საგანი - ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 01 თებერვლის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. ქ-ამ წარმომადგენლის მეშვეობით 2020 წლის 28 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ქ. თბილისის მთავრობისა და გ. ა-ეის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ბათილად ყოფილიყო ცნობილი ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 30 მაისის №13.11.510 დადგენილების №1 დანართში ცვლილების შეტანაზე ქ. თბილისის მთავრობის უმოქმედობით ლ. ქ-ას მოთხოვნაზე მიღებული უარი და ქ. თბილისის მთავრობას დავალებოდა 2011 წლის 30 მაისის №13.11.510 დადგენილების №1 დანართში ცვლილებების შეტანა, რომლითაც ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ ...) პირდაპირი მიყიდვის წესით თანასაკუთრებაში მიმღებ პირად მიეთითებოდა ლ. ქ-ა, ს. ქ-ასთან, მ. ქ-ასთან და გ. ა-ეესთან ერთად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 11 თებერვლის განჩინებით ლ. ქ-ას შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა; საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე ყადაღა დაედო გ. ა-ეის საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 260 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ №1 შენობა-ნაგებობას (ს/კ ...).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ს. ქ-ა და მ. ქ-ა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 06 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ა. ა-ე, ლ. ა-ე და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. ქ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა თბილისის მთავრობის 2011 წლის 30 მაისის №13.11.510 დადგენილების №1 დანართში ცვლილებების შეტანის შესახებ და ლ. ქ-ას თანასაკუთრებაში მიმღებ პირად მითითება გ. ა-ეესთან, ს. ქ-ასა და მ. ქ-ასთან ერთად. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისა და ქ. თბილისი მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 01 თებერვლის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისა და ქ. თბილისი მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 01 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისა და ქ. თბილისი მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ.
კასატორის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის წარმომადგენელი არ იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შედეგს, მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, ასევე სადავო ურთიერთობის მარეგულირებელ ნორმებზე და აღნიშნავს, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2020 წლის 21 სექტემბრის N61-01202654367 ინდივიდუალური ადმინისტრაციული - სამართლებრივი აქტი გაცემულია სწორედ თბილისის მთავრობის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. შესაბამისად, არ ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას, რამდენადაც მიიჩნევს, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტო მოქმედებდა დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში და სწორედ მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხს წარმოადგენდა ლ. ქ-ას 2020 წლის 29 ივლისის განცხადებით მოთხოვნილი საკითხის განხილვა და გადაწყვეტა.
კასატორის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2020 წლის 21 სექტემბრის №61-01202654367 წერილი გასაჩივრებული იქნა მხარის მიერ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ივნისის განჩინებით (საქმე №3ბ/795-22) ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება (საქმე №3/7135-20), რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ლ. ქ-ას სარჩელი; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 05 ნოემბრის №10-0120310680 გადაწყვეტილება და დაევალა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა ლ. ქ-ას ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით. შესაბამისად, აღნიშნავს, რომ სასამართლო, ერთი მხრივ, ავალებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, ხოლო, მეორე მხრივ, ფაქტობრივად იმავე საკითხზე ავალებს ქ. თბილისის მთავრობას ყოველგვარი მსჯელობის გარეშე პირდაპირ აქტის გამოცემას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ქ. თბილისის მთავრობა ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 01 თებერვლის განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფას.
კასატორის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 30 მაისის №13.11.5140 დადგენილებაში, 2011 წლის 01 ივლისს გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებასა და 2011 წლის 08 ნოემბრის №პ-1060 საკუთრების დამადასტურებელ მოწმობაში ცვლილებები განახორციელა კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილების (საქმე №3ბ/3378-18) აღსრულების მიზნით, შესაბამისად მოკლებული იყო შესაძლებლობას საკუთარი ინიციატივით სადავო უძრავ ქონებაზე თანამესაკუთრედ აღერიცხა სასამართლო გადაწყვეტილების მიღმა არსებული სხვა პირი.
ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოსათვლელად მნიშვნელოვანია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. განსახილველ შემთხვევაში, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელი დადგენილად მიიჩნევს, რომ სადავო უძრავ ქონებაზე ლ. ქ-ას ოჯახის წევრების საკუთრების უფლება წარმოიშვა 2011 წელს, დღეის მდგომარეობით კი მოთხოვნას წარმოადგენს აღნიშნულ პერიოდში გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძველზე სადავო ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობა. ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის მოსაზრებით, უძრავ ქონებასთან დაკავშირებით კანონმდებლის მიერ იმპერატიულად იქნა დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით, უძრავ ნივთებთან დაკავშირებით დადგენილია მოთხოვნის ხანდაზმულობის 6 წლიანი ვადა. საქმეში არსებული მტკიცებულებებით კასატორის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ლ. ქ-ას სასამართლოსთვის არ მიუმართავს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, რაც ნიშნავს აღნიშნული უფლების გაქარწყლებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 01 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 30 მაისის №13.11.510 დადგენილებით, ქ. თბილისის მერიისა და შესაბამისი გამგეობის მიერ განხილული იქნა ქ. თბილისში, ...ში მდებარე უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის საკითხი იმ პირთათვის, რომლებიც ხანგრძლივი დროით ფლობდნენ და სარგებლობდნენ აღნიშნული ქონებით. შესაბამისად ამავე დადგენილებით, გადაწყდა ხსენებულ პირებთან გაფორმებულიყო პირდაპირი მიყიდვის ფორმით ნასყიდობის ხელშეკრულება დანართით განსაზღვრულ უძრავ ქონებაზე შესაბამისი საპრივატიზებო საფასურის გადახდის პირობებში.
„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 30 მაისის N13.11.510 დადგენილების საფუძველზე, 2011 წლის 20 ივნისს სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელსა და გ. ა-ეეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლითაც გ. ა-ეეს, როგორც მყიდველს, საკუთრებაში გადაეცა ქალაქ თბილისში, ...ში მდებარე, N... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა N1, საპრივატიზებო საფასურის - 14300 ლარის გადახდის პირობით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის კანონიერ ძალაში შესული 2019 წლის 11 ივლისის №3ბ/3378-18 გადაწყვეტილებით დადგენილი იქნა, რომ ქალაქ თბილისში, ...ში მდებარე №... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ N1 შენობა - ნაგებობას გ. ა-ეესთან ერთად ხანგრძლივი დროით ფლობდნენ გ. ა-ეის ოჯახის წევრები - ს. და მ. ქ-აები, რის გამოც ისინი შეესაბამებოდნენ იმ პირთა სტატუსს, რომელთაც, ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 30 მაისის №13.11.510 დადგენილების თანახმად, საკუთრებაში უნდა გადასცემოდათ შესაბამისი ქონება. აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივლისის №3ბ/3378-18 გადაწყვეტილებით, მ. ქ-ასა და ს. ქ-ას სარჩელი ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 30 მაისის №13.11.510 დადგენილების ცვლილების მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილდა შემდეგი სახით: „შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის №13.11.510 დადგენილების №1 დანართში და პირებად, რომლებსაც ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (ს/კ ...) - ...ში მდებარე 260 კვ.მ მიწა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა პირდაპირი მიყიდვის წესით თანასაკუთრებაში გადაეცათ, მიეთითოს ს. ქ-ა (პ/ნ ...) და მ. ქ-ა (პ/ნ ...) გ. ა-ეესთან ერთად“.
საქმეში დაცული მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ...ში №... საკადასტრო კოდზე მდებარე მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ №1 შენობა-ნაგებობას გ. ა-ეესთან, ს. ქ-ასა და მ. ქ-ასთან ერთად 2008 წლიდან ფლობდა მათი ოჯახის წევრი ლ. ქ-ა; კერძოდ, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერით დასტურდება, რომ ოჯახის შემადგენლობაში, რომლის საიდენტიფიკაციო ნომერია ..., ს. ქ-ასთან, გ. ა-ეესთან და მ. ქ-ასთან ერთად შედის ლ. ქ-ა. აღნიშნული აგრეთვე დასტურდება მ. ჩ-ეის, რ. ტ-ეისა და მ. კ-ეის ნოტარიული წესით დამოწმებული განცხადებით, სადაც ზემოხსენებული პირები ადასტურებენ, რომ ლ. ქ-ა 2008 წლის 13 აპრილიდან დღემდე გ. ა-ეესთან, ს. ქ-ასთან და მ. ქ-ასთან ერთად ცხოვრობს ქ. თბილისში ...ში, ...ის ქ. №...-ში.
საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომლის თანახმად, 2011 წლის 20 ივნისს გ. ა-ეესა და ქალაქ თბილისის მთავრობის სახელით - ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს შორის დადებული ხელშეკრულებით, რაც გამოცემული იქნა სწორედ ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 30 მაისის №13.11.510 დადგენილების აღსრულების მიზნით, ხელშეკრულების მხარეს გ. ა-ეესთან ერთად წარმოადგენდა ლ. ქ-აც, როგორც ერთი ოჯახის წევრები.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, კასატორებმა ვერ შეძლეს ისეთი მტკიცებულებების წარდგენა, რომელიც გააქარწყლებდა სააპელაციო პალატის მსჯელობას, მის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, დაადასტურებდა სააპელაციო პალატის სამართლებრივი დასკვნების მცდარობას, შესაბამისად მიიჩნევს, რომ ლ. ქ-ა გ. ა-ეესთან ერთად, როგორც ერთი ოჯახის წევრები, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ფლობდა და სარგებლობდა საპრივატიზაციო ქონებით და შესაბამისად, სრულად აკმაყოფილებს იმ პირების სტატუსს, რომლებსაც ქ. თბილისში, ...ში არსებული განსაზღვრული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 30 მაისის №13.11.510 დადგენილების თანახმად, საკუთრებაში უნდა გადასცემოდათ ეს ქონება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანის შესაძლებლობას, თუმცა ცვლილების შეტანა შესაძლოა განხორციელდეს აქტის გამოცემის შემდეგ ფაქტობრივი გარემოებების შეცვლის საფუძვლით. ამავე კოდექსის 59-ე მუხლი ითვალისწინებს უკვე გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში შესწორების შეტანის შესაძლებლობას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არსებითი შესწორების შეტანა ნიშნავს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა ვალდებული იყო გამოეცა აქტი, რომლითაც ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 30 მაისის №13.11.510 დადგენილების აღსრულების მიზნით, №1 დანართში შევიდოდა ცვლილება და ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული, №... საკადასტრო კოდის უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის წესით თანასაკუთრებაში მიმღებ პირად მიეთითებოდა ლ. ქ-ა ს. ქ-ასთან, მ. ქ-ასა და გ. ა-ეესთან ერთად. შესაბამისად უსაფუძვლოა კასატორების მითითება მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 01 თებერვლის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა