Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-531(კ-22) 7 ივნისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 იანვრის იანვრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ტ.შ-ას უფლებამონაცვლე - ზ.შ-ა).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ტ.შ-ამ 2019 წლის 06 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 07 აგვისტოს №03-866/ო ბრძანების ბათილად ცნობისა და ტ.შ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა (დააზუსტა 2021 წლის 17 ივნისის სხდომაზე).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით ტ.შ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 07 აგვისტოს №03-866/ო ბრძანება და მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ტ.შ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 იანვრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება.

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ტ.შ-ამ შეავსო განაცხადი საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე, ქ. თბილისში მდებარე ობიექტზე. სამინისტრომ ტ.შ-ას დევნილ ოჯახს კრიტერიუმების გათვალისწინებით, წინასწარი შეფასებით მიანიჭა 11 ქულა (საცხოვრებელი პირობები არის განსაკუთრების მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს (დევნილი ოჯახი ცხოვრობდა ავტოფარეხში, შენობის კიბის უჯრედში, საყარაულო ჯიხურში, თვითნაკეთებ ხის/ფიცრულ შენობაში, მიწურში, სარდაფში ან მსგავსი ტიპის იმ არასაცხოვრებელ ფართში, რომლის საცხოვრებელ ფართად გარდაქმნა შეუძლებელია) – 2 ქულა; საცხოვრებლის ფინანსური პირობები: ნაქირავები - 1.5 ქულა; მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისაგან - 1 ქულა; სოციალური კრიტერიუმი: 30001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა - 3 ქულა; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი „შშმპ“ მნიშვნელოვნად გამოხატული - 2 ქულა; ომში მონაწილეობა: ომის ვეტერანი - 1.5 ქულა). კრიტერიუმების შეფასების გრაფაში ასევე მითითებულია შენიშვნის სახით, რომ მოსარჩელე სარეგისტრაციო ნომერზე არის მარტო და განაცხადს აკეთებს თავად. განცხადების საფუძველზე განაცხადი სახლების შესყიდვიდან გადავიდა თბილისის ბინებზე. ოჯახს მძიმე საცხოვრებელ პირობებში ქულა მიენიჭა დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით. დადგენილია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ 2019 წლის 6 მაისს და 11 ივლისს განხორციელდა ტ.შ-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგი. ადმინისტრაციულმა ორგანომ ჩატარებული მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ ტ.შ-ა ფაქტობრივად არ ცხოვრობდა განაცხადში მითითებულ ავტოფარეხში მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის რაიონი, ...ის მას. მე-3კვ. (ავტოფარეხი, წარწერით - „...“), კორპ. 39. ამდენად, ამ უკანასკნელს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 14 ნოემბრის №04-1732/ო ბრძანებით, საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაციის გამო უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

დადგენილია, რომ ტ.შ-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგი განმეორებით განხორციელდა 2020 წლის 01 და 17 ივნისს, თუმცა სააგენტოს 2020 წლის 7 აგვისტოს №03-866/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №36), ტ.შ-ას კვლავ უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაციის გამო. ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციით, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოკვლეული ინფორმაციით დადგინდა, რომ ტ.შ-ა რეალურად ცხოვრობდა არა ავტოფარეხში მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის რაიონი, ...ის მას. მე-3კვ. (ავტოფარეხი, წარწერით - „...“), კორპ. 39, არამედ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ..., ...ის მას. III კვ. კორ. 39, ბ. 75, საკუთარი ქალიშვილისა და სიძის ოჯახში.

პალატამ მიუთითა სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. მითითებული მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით მოხდება დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების განაწილება, იქნება ეს ახლადაშენებული, რეაბილიტირებული შენობები თუ სხვა საცხოვრებელი ბინები და სახლები, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვა, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, იპოთეკური სესხის დაფარვის მიზნით ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა. დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვა და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, იპოთეკური სესხის დაფარვის მიზნით ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას, მონიტორინგის ჯგუფის ფაქტობრივ მისამართზე გამოცხადების დროისათვის მოსარჩელის არყოფნა, თანაც შვილის ოჯახში სტუმრად ყოფნა, არ გამორიცხავს მისი ქ. თბილისში, ...ის რაიონში, ...ის მას. მე-3 კვ.-ში მდებარე ავტოფარეხში, წარწერით - „...“ ცხოვრების ფაქტს, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული მეზობლების: მ.მ-ის, მ.გ-ას და მოსარჩელის სიძის მამის - ა.პ-ის მიერ, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ გაფრთხილებისა და ფიცის ქვეშ იქნა დადასტურებული, რომ მოსარჩელე ნამდვილად ცხოვრობდა ამავე მისამართზე არსებულ ავტოფარეხში.

პალატამ ყურადღება გაამახვილა სააპელაციო პალატის სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელის მიერ გაკეთებული განმარტებაზე, რომლის შესაბამისად, მოსარჩელის საცხოვრებელი ავტოფარეხი ვარგისია საცხოვრებლად. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ტ.შ-ას ქალიშვილი - ლ.შ-ას ოჯახი შედგება ექვსი წევრისაგან, ხოლო მათ საკუთრებაში არსებული, ბინა არის ოროთახიანი და არასაკმარისი ფართის გამო ოჯახი განიცდის სივიწროვეს, ტ.შ-ა იძულებულია იცხოვროს მითითებულ ავტოფარეხში. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ტ.შ-ა მეუღლის გარდაცვალებამდეც ცალკე, ნაქირავებ ფართში ცხოვრებას ამჯობინებდა და არასოდეს უცხოვრია შვილებთან ერთად.

დადგენილია, რომ მოსარჩელე ტ.შ-ა, როგორც სოციალურად დაუცველი პირი, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზაში რეგისტრირებულია მისამართზე ქ. თბილისი, ...ის რაიონი, ...ის მას. მე-3 კვ. (ავტოფარეხი, წარწერით - „...“), კორპ. 39 და ამავე მისამართზე იღებს კუთვნილ ყოველთვიურ დახმარებას. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება, რომ სახელმწიფოს მხრიდან ყოველთვიური დახმარების გაცემასთან დაკავშირებით, კანონმდებლობის შესაბამისად ხორციელდება პერიოდული მონიტორინგი და იმ ვითარებაში, როდესაც სოციალური მომსახურების სააგენტოს მხრიდან სადაოდ არ არის გამხდარი ტ.შ-ას მიერ ზემოთ მითითებულ მისამართზე ცხოვრების ფაქტი, დაუსაბუთებელია განმცხადებლის მხრიდან საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდებაზე მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დასკვნის გაკეთების და გასაჩივრებული ბრძანების გამოცემის საფუძველი. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მითითება ტ.შ-ას ქალიშვილის - ლ.შ-ას ოჯახის მიერ საცხოვრებელი ფართის გაფართოვებაზე, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება. ამდენად, აღნიშნული არგუმენტი სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა.

პალატის მოსაზრებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ თავი ვერ გაართვა მტკიცების ტვირთს და ვერ უზრუნველყო გასაჩივრებული აქტის კანონიერების და მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებების და წარმოდგენილი მტკიცებულებების საწინააღმდეგო მითითება/მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც გახდებოდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით, ტ.შ-ას სარჩელის უარყოფის საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

კასატორის მითითებით, საფუძველსაა მოკლებული პალატის მოსაზრება, რომ მონიტორინგის მიერ განხორციელებულ შემოწმებებზე ტ.შ-ას მისამართზე არყოფნა არ ადასტურებს აღნიშნულ მისამართზე მის არცხოვრებას. სააგენტომ მონიტორინგი განახორციელა, როგორც მხარის მიერ მიტითებულ ფაქტობრიც მისამართზე, ისე ტ.შ-ას შვილების საცხოვრებელ ფართებში. 2019 წლის მონიტორინგების განხორციელების დროს ტ.შ-ა იმყოფებოდა შვილიშვილის - ლ.პ-ის საკუთრებაში არსებულ ბინაში, ხოლო 2020 წლის მონიტორინგის განხორციელების დროს - შვილის - ზ.შ-ას საცხოვრებელ მისამართზე. კასატორმა მიუთითა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ გასაჩივრებული განჩინება მოკლებულია გონივრულ არგუმენტებსა და შეფასებებს, სასამართლოს მიერ მსჯელობის მიღმა დარჩა სააგენტოს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მონიტორინგის აღწერის ფორმაში მითითებული ინფორმაცია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

2022 წლის 05 ივლისს Nბ-1105-22 განცხადებით საკასაციო სასამართლოს მომართა ზ.შ-ამ, რომელმაც წარმოადგინა ნოტარიალურად დამოწმებული ტ.შ-ას გარდაცვალების მოწმობა (გარდაცვალების თარიღი - 2022 წლის 22 იანვარი).

2022 წლის 03 აგვისტოს Nბ-1232-22 განცხადებით საკასაციო სასამართლოს მომართა ზ.შ-ამ, რომელმაც წარმოადგინა 2022 წლის 28 ივლისის N... სამკვიდრო მოწმობა, რომლის შესაბამისად, ზ.შ-ამ, როგორც მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრემ (შვილი) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით სრულად მიიღო, ორი ათას ოცდაორი წლის ოცდაორ იანვარს გარდაცვლილი მამის - ტ.შ-ას სამკვიდრო ქონება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 მაისის განჩინებით, Nბს-531(კ-22) ადმინისტრაციულ საქმეზე, მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) - აწ გარდაცვლილი ტ.შ-ას საპროცესო უფლბამონაცვლედ დადგინდა მისი შვილი - ზ.შ-ა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

დადგენილია, რომ ტ.შ-ა იყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. 2018 წლის 17 ოქტომბრის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერით დგინდება, რომ მოსარჩელე - ტ.შ-ა, როგორც სოციალურად დაუცველი, ცხოვრობდა ქ. თბილისში, ...- ...ის რაიონში, ...ის მას. მე-3კვ. (ავტოფარეხი, წარწერით - ...), კორპ. 39 და იღებდა ყოველთვიურ დახმარებას. ტ.შ-ამ განცხადებით მოითხოვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა.

2020 წლის 1 ივნისს განხორციელდა ტ.შ-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგი ქ. თბილისში, ...ის მას. III კვ. კორ. 39, ბ. 75.-ში, მონიტორინგის ჯგუფს სახლში არავინ დახვდა. აღნიშნულის შემდეგ ტ.შ-ასთან ტელეფონზე გასაუბრებისას მან განმარტა, რომ იგი იმყოფებოდა შვილთან - ზ.შ-ასთან მისამართზე: ..., IX კვ. IIIა კორპ, მე-4 სართული, ბინა 96-ში და გავიდოდა აღნიშნულ მისამართზე.

2020 წლის 17 ივნისს, მონიტორინგის ჯგუფი გამოცხადა მისამართზე: ქ. თბილისი, მე-3 მასივი, IX კვ. კორპ. 3ა, ბინა 96-ში/..., III კვ. ავტოფარეხი, სადაც ადგილზე იმყოფებოდა ტ.შ-ა, რომელმაც აღნიშნა, რომ მონიტორინგის მისამართზე ამჟამად სტუმრად იმყოფებოდა. მისი განმარტებით, წლებია ცხოვრობს ...ის III მასივში, ავტოფარეხში, თუმცა დროებით იმყოფებოდა ხსენებულ მისამართზე, ვინაიდან მეპატრონე აკეთებდა ავტოფარეხს (ს.ფ.125).

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით (სხდომის ოქმი N36) ტ.შ-ას უარი ეთქვა გრძლევადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე სააგენტოსთვის საცხოვრებელზე არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდების გამო.

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 7 აგვისტოს №03-866/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №36), ტ.შ-ას საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაციის გამო, უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონზე, რომელიც ადგენს დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა გულისხმობს დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემას ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფას.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე“ (დანართი N1) (ძალადაკარგულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით). აღნიშნული „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

ზემოაღნიშნული 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით ასევე დამტკიცებულია „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ (დანართი N6) და „სოციალური კრიტერიუმი“ (დანართი N7). დანართებში მოცემულია ცალკეული კომპონენტები, რომელთა საფუძველზეც უნდა შეასდეს კონკრეტული დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობა, შესაბამისი ქულების მინიჭებით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიზანს არ წარმოადგენს იმის დადგენა, თუ რა დროს, რა მისამართზე იმყოფება იძულებით გადაადგილებული პირი. შესაბამისად, სხვადასხვა მიზეზით ფაქტობრივად სხვადასხვა მისამართზე ყოფნა, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის ოჯახს არ ჰქონდა გრძელვადიანი საცხოვრებელი და ცხოვრობდა სხვის საკუთრებაში არსებულ ბინაში, არ შეიძლება გახდეს დევნილი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან საკითხისადმი ამგვარი მიდგომა ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, დევნილებს შეუქმნას ეკონომიკური და სოციალური გარანტიები გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კუთხით.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის საფუძველი გახდა საცხოვრებელზე არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდება. მითითებული საფუძვლით გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის შესაძლებლობას, ადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლი, რომლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დეპარტამენტის განაცხადების მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს ან/და საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომელი/თანამშრომლები ახდენდა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციის, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე შევსებული კითხვარის, ასევე მოპოვებული მონაცემების საფუძველზე თითოეული დევნილი ოჯახის მდგომარეობის შეფასებას კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტების მეშვეობით, რის საფუძველზეც აღნიშნული სამმართველოს შესაბამისი თანამშრომელი ან/და საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომელი/თანამშრომლები აფასებდა, ავსებდა და ხელმოწერით ადასტურებდა სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებულ განაცხადის შეფასების ფორმას. თითოეული დევნილი ოჯახის მიერ შევსებული განაცხადი, მასზე თანდართულ დოკუმენტაციასთან და შესაბამის შეფასების ფორმასთან ერთად ინახებოდა ამ დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე პირადი საქმის სახით. თუ აღნიშნული სამმართველოს ან/და სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომლ(ებ)ის მიერ განაცხადების შეფასებისას აღმოჩნდებოდა, რომ დევნილის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია იყო არსებითად მცდარი, რასაც შეიძლება გავლენა ჰქონოდა ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შეფასებაზე, განაცხადი რჩებოდა განუხილველი, რის თაობაზეც დევნილ ოჯახს ეცნობებოდა დეპარტამენტის უფროსის ან დეპარტამენტის განაცხადების მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს უფროსის დასაბუთებული წერილობითი აქტის მეშვეობით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რამდენადაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, იგი ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გულისხმიერად მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის გზით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სარწმუნო მტკიცებულებებზე მითითებით ვერ დაადასტურა, რომ მოსარჩელე ტ.შ-ამ საცხოვრებლის თაობაზე ადმინისტრაციულ ორგანოს მცდარი ინფორმაცია მიაწოდა. გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს თბილისში, ...ის მასივი, მე-3 კვარტლის ...ე კორპუსის მცხოვრებლების - მ.გ-ას, მ.მ-ის, ე.ც-ას, ა... და ნ... პ-ების ხელწერილზე, სადაც დაადასტურეს, რომ ტ.შ-ა ნამდვილად ცხოვრობდა ქ. თბილისში, ...ის მასივში, ...ე კორპუსის მიმდებარედ, ავტოფარეხში. ამასთან, ზემოაღნიშნული დაადასტურეს 2021 წლის 8 ივნისის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პირებმაც.

დადგენილია, რომ ტ.შ-ა გარდაიცვალა 2022 წლის 22 იანვარს. 2022 წლის 28 ივლისს გაცემული სამკვიდრო მოწმობით დასტურდება, რომ ზ.შ-ა არის ტ.შ-ას პირველი რიგის მემკვიდრე (შვილი). ზ.შ-ამ საკუთრებაში სრულად მიიღო გარდაცვლილი მამის - ტ.შ-ას მთელი სამკვიდრო ქონება. ასევე უდავოა, რომ ტ.შ-ას სასარჩელო მოთხოვნა უკავშირდება მისი, როგორც დევნილი პირის უფლებების რეალიზაციას. აწ გარდაცვლილი ტ.შ-ას საპროცესო უფლებამონაცვლედ, საკასაციო პალატის 2023 წლის 5 მაისის განჩინებით, ცნობილ იქნა მისი შვილი - ზ.შ-ა. ამდენად, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის პირობებში, იგი უნდა აღსრულდეს გარდაცვლილი მოსარჩელის მემკვიდრესთან - ზ.შ-ასთან მიმართებაში.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე