Facebook Twitter

საქმე №ბს-215(კს-23) 20 ივნისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე -

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) - შპს „ა...ი“

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

დავის საგანი - თანხის დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 დეკემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 11 ოქტომბერს სარჩელით მიმართა სენაკის რაიონული სასამართლოს შპს „ა...ის“ მიმართ და მოითხოვა მოპასუხეზე დავალიანების სახით 38 012.21 ლარის, 2018 წლის 04 ოქტომბრის მდგომარეობით პირგასამტეხლოს (ჯარიმის) 12 561.38 ლარისა და 2018 წლის 04 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 38 015.21 ლარის 0,2%-ის ანაზღაურების დაკისრება.

სენაკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხე შპს „ა...ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 40 015,21 ლარის გადახდა, საიდანაც 38 015,21 ლარი წარმოადგენდა მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებას, ხოლო 2 000 ლარი პირგასამტეხლოს; მოპასუხეს ასევე დაეკისრა 2018 წლის 11 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 38 015.21 ლარის 0,1%-ის გადახდა. ამასთან, მოპასუხე შპს „ა...ს“ დაევალა მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილი 912 ლარის ანაზღაურება.

სენაკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს „ა...მა“ და სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ნოემბრის განჩინებით, შპს „ა...ს“ სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, რომლის შესავსებად (სახელმწიფო ბაჟის გადახდა) განესაზღვრა 10 დღიანი ვადა. ხარვეზის შეუვსებლობის გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა შპს „ა...ის“ დირექტორის მიერ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის მოსამზადებელი ეტაპიდან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში დაბრუნება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მოსამართლემ მძიმე ეკონომიკურ პირობებში არაგონივრული ვადა დაუდგინა ხარვეზის შესავსებად, შესაბამისად არ არსებობდა საჩივრის განუხილველად დატოვების არანაირი საფუძველი. ამასთან კერძო საჩივრის ავტორი შემოსავლების შეწყვეტის მოტივით ითხოვს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 05 მაისის განჩინებით შპს „ა...ის“ კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ შპს „ა...ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ...თუ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული სააპელაციო საჩივარი არ მიიღება. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ნოემბრის განჩინებით, შპს „ა...ის“ დირექტორს, ნ. კ-ას, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზი დაუდგინდა იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნას. შესაბამისად, აპელანტს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში, სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიისა და სახელმწიფო ბაჟის - 1600 ლარისა და 60 თეთრის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 28 ნოემბრის განჩინება შპს „ა...ის“ დირექტორს, ნ. კ-ას ჩაჰბარდა 2022 წლის 02 დეკემბერს, თუმცა მას სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება არ შეუსრულებია, ასევე არც ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობით სააპელაციო სასამართლოსთვის მიუმართავს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 დეკემბრის განჩინებით შპს „ა...ის“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. სააპელაციო სასამართლომ უდავო გარემოებად მიიჩნია მხარისათვის ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების მოტივების შეტყობინება და აღნიშნა, რომ მას შეეძლო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შევსება, თუმცა სააპელაციო საჩივრის ავტორის მიერ განჩინებაში მითითებული ხარვეზის შევსება არათუ ხარვეზის შევსების მიზნით განსაზღვრულ ვადაში არ მომხდარა, არამედ ასეთი არც წინამდებარე განჩინების მიღების დროისთვისაც არ შევსებულა. ამასთან აღნიშნა, რომ აპელანტს სააპელაციო სასამართლოში ხარვეზის გამოსწორებისათვის სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გაგრძელების, ან გაშვებული ვადის საპატიოდ მიჩნევისა და აღდგენის მოთხოვნით არ მიუმართავს. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორმა სასამართლო განჩინებით დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ნოემბრის განჩინება შპს „ა...ის“ დირექტორს, ნოე აბულაძეს, ჩაჰბარდა 2022 წლის 02 დეკემბერს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა დაიწყო 2022 წლის 03 დეკემბრიდან და ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული 10 - დღიანი ვადა ამოიწურა 2022 წლის 12 დეკემბერს (ორშაბათი) 24:00 საათზე, თუმცა აპელანტმა - შპს „ა...მა“ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ნოემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზი.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივარი განუხილველად მართებულად იქნა დატოვებული. საკასაციო პალატის მოსაზრებით, უმართებულოა კასატორის მითითება ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის არაგონივრულობაზე საზოგადოების ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, რადგანაც ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მხარეს საქმეში წარმოდგენილი არ აქვს, ამასთან მხარეს შეეძლო ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების შუამდგომლობით მიემართა სასამართლოსთვის, რაც არ განუხორციელებია. ამ წინაპირობის შექმნის გარეშე კი სააპელაციო სასამართლო სამართლებრივად მოკლებული იყო შესაძლებლობას აპელანტისთვის თავისი ინიციატივით გაეგრძელებინა ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადა (მუხლი 368.7). ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს შპს „ა...ის“ კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები, შესაბამისად უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 დეკემბრის განჩინება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა კერძო საჩივარზე შეადგენს 50 ლარს. კერძო საჩივრის ავტორი ითხოვდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას. საკასაციო პალატის მიერ შპს „ა...ის“ კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული იმ საფუძვლით, რომ უზრუნველყოფილიყო შპს „ა...ის“ კერძო საჩივრის განხილვა, იმ გარემოების გათვალისწინებითაც, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს სწორედ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა წარმოადგენდა. იმის გათვალისწინებით, რომ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შპს „ა...ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის ზემდგომ სასამართლოში განხილვა წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე, 368-ე, 399-ე, 414-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ა...ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 დეკემბრის განჩინება;

3. შპს „ა...ს“ (ს/ნ - ...) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს კერძო საჩივრისთვის განკუთვნილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდა (სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150);

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა