№ბს-569(კ-22) 7 ივნისი, 2023 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე – ზ. ჩ-ე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ზ. ჩ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა, ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2020 წლის 28 ივლისის №7 სხდომის ოქმი ზ. ჩ-ეისათვის გაფრთხილების გამოცხადებისა და გადამზადების კურსის გავლის დავალების ნაწილში.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით ზ. ჩ-ეის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2020 წლის 28 ივლისის №7 სხდომის ოქმი ზ. ჩ-ეისათვის გაფრთხილების გამოცხადებისა და გადამზადების კურსის გავლის დავალების ნაწილში. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზ. ჩ-ეის მიმართ.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 თებერვლის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ.
კასატორის განმარტებით, ზ. ჩ-ეის მიერ დარღვეულია „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლისა და „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველ პუნქტის მოთხოვნები. ზ. ჩ-ეის პასუხისმგებლობის საკითხი წამოიჭრა სხდომის მიმდინარეობისას, კერძოდ, 2019 წლის 16 მარტს 13:00 საათზე ზოგადი ქირურგების - კ. ქ-ეის, ზ. ჩ-ეის და გ. ჯ-ეის ერთობლივი ჩანაწერის მიხედვით, „ავადმყოფი ნახულია ემერჯენსის განყოფილებაში. ავადმყოფის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, კონტაქტურია, ადეკვატურია, აქტიურია, ფერმკრთალია... ავადმყოფის მუცლის ღრუს მწვავე ქირურგიული პათოლოგიის გამოსარიცხად საჭიროებს დინამიკაში დაკვირვებას ქირურგიულ განყოფილებაში“. ზ. ჩ-ემ საკუთარი ხელმოწერით დაადასტურა ზემოაღნიშნული ჩანაწერი. აქედან გამომდინარე, მან განახორციელა საექიმო საქმიანობა, აიღო პასუხისმგებლობა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მის შემდგომ მკურნალობაზე და ვალდებული იყო გაეწია მაღალკვალიფიციური, თანმიმდევრული სამედიცინო მომსახურება, მით უფრო, რომ თავადვე აღნიშნა ჩანაწერში „პაციენტი საჭიროებდა დინამიკაში დაკვირვებას ქირურგიულ განყოფილებაში“. პაციენტის შემდგომ მართვასა და სამედიცინო მომსახურებაში ზ. ჩ-ეს მონაწილეობა აღარ მიუღია. შესაბამისად, პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომაზე ზ. ჩ-ეის მონაწილეობა არსებითად ვერ შეცვლიდა არსებულ მდგომარეობას და მიღებულ გადაწყვეტილებას, რადგანაც ექიმის მიერ სახეზეა კონკრეტული სახის გადაცდომა. შესაბამისად, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ექიმის პასუხისმგებლობის თაობაზე.
კასატორი მიიჩნევს, რომ მართალია, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი პირდაპირ არ განსაზღვრავს პროფესიული პასუხისმგებლობის ისეთ სახეს, როგორიც არის ერთთვიანი რეაბილიტაციის კურსის გავლა, თუმცა აღნიშნული მოიაზრება დასახელებული კანონის 74-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის დისპოზიციაში. საბჭოს უფლება აქვს მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელსაც მიიჩნევს სწორად და რელევანტურად. მოცემულ შემთხვევაში საბჭო მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და უფლება ჰქონდა მიეღო გადაწყვეტილება, რომელიც არსებული გადაცდომის პირდაპირპროპორციული იქნებოდა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
განსახილველ საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 25 მარტის №05/833 მიმართვით, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ეთხოვა პაციენტ მ. ფ-ეისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხის შესწავლა (ტ.1, ს.ფ 146-147); ბ) სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2019 წლის 26 მარტის შემოწმების №კ/შ-204-73 აქტის თანახმად, 16.03.19წ. 06:35 სთ-ზე, პაციენტი მ. ფ-ეე (28 წლის), ბათუმის სსდ 112-ის მიერ, დიაგნოზით „მწვავე მუცელი“ მიყვანილ იქნა სს „ს...ის“ ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში და მოთავსებული იქნა ემერჯენსის განყოფილებაში. 16.03.19წ. 13:00 სთ-ზე ზოგადი ქირურგების: ზ. ჩ-ეის, კ. ქ-ეისა და გ. ჯ-ეის ერთობლივი ჩანაწერით: „ავადმყოფი ნახულია ემერჯენსის განყოფილებაში. ავადმყოფის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, კონტაქტურია, ადეკვატურია, აქტიურია, ფერმკრთალია. ანამნეზიდან ირკვევა, რომ არალოკალიზებული ტკივილი მუცლის ღრუში, უფრო მარცხნივ, დაეწყო ღამით. სიცხე არ ჰქონდა. ღებინებას, გულისრევას უარყოფს. ანამნეზიდან ირკვევა, რომ აქვს ქრონიკული ანემია (HB-65.7), რის გამოც მკურნალობდა და ბოლო ერთი წლის განმავლობაში მკურნალობის კურსი აღარ ჩაუტარებია. ობ: T/A-125/74mmHg, P-79', t-36.6 C. ენა სველი, უნადებო, მუცელი სწორი ფორმის, სუნთქვაში მონაწილეობს, პერისტალტიკა მოისმინება ნორმალური ყველა ნაწილში. პალპაციით მუცელი რბილია, ზომიერად მტკივნეულია ღრმა პალპაციით შუა და მარცხენა ნახევარში. პერიტონეუმის გაღიზიანების ნიშნები არ აქვს. ამჟამად, ავადმყოფი მუცლის ღრუს მწვავე ქირურგიული პათოლოგიის გამოსარიცხად (დაავადების დაწყებიდან მოკლე პერიოდია გასული), საჭიროებს დინამიკაში დაკვირვებას ქირურგიულ განყოფილებაში“ (ტ.1, ს.ფ 148-153); გ) საქმეში წარმოდგენილია სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის სამმართველოს უფროსის სახელზე დაწერილი ბ...ს ქირურგიული მიმართულების ხელმძღვანელის, პროფესორ ზ. ჩ-ეის 2019 წლის 27 მარტის ახსნა-განმარტება, სადაც ის განმარტავს შემდეგს: „ა.წ. 16 მარტს, მორიგე ექიმის თხოვნით, ჩემ მიერ კონსულტირებულ იქნა ემერჯენსის განყოფილებაში პაციენტი მ. ფ-ეე და მიეცა რეკომენდაცია შემდგომი დაკვირვებისათვის და დიაგნოზის ვერიფიცირებისათვის ჰოსპიტალიზირებულიყო ქირურგიულ განყოფილებაში“ (ტ.1, ს.ფ 156); დ) 2019 წლის 28 ოქტომბერს, მოქალაქე ნ. ქ-ემ (გარდაცვლილი პაციენტის დედა) №149584 განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და მოითხოვა ყველა იმ ექიმისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება, რომელთაც შეხება ჰქონდათ მისი შვილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობასთან, მათ შორის განმცხადებელი უთითებდა ზ. ჩ-ეს (ტ.1, ს.ფ 224-226); ე) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2020 წლის 28 ივლისის №7 სხდომის ოქმის თანახმად, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილ იქნა სს „ს...ში“ (ბ...) და შპს „მ...ში“ პაციენტ მ. ფ-ეისათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხი. გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებების გამო დაისვა სს „ევ...ის“ (ყოფილი სს „ს...ი“, ბ...) ექიმების: დ. კ-ას, შ. ჯ-ეის, გ. ჯ-ეის და შპს ,,მ...ის“ ექიმების: მ. ქ-ეის, ნ. წ-ეის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი. ამავე ოქმში აღნიშულია შემდეგი: ,,თ. გ-ამ მიიჩნია, რომ პაციენტის მართვაში მონაწილე ექიმებს დღესაც არ აქვთ გაცნობიერებული, რომ შემთხვევა იყო რთული. ამიტომ დღესაც განიხილავენ მხოლოდ იმ ღონისძიებებს, რომელიც შეიძლება მხოლოდ სტანდარტულ შემთხვევებში გაატარო. მისი აზრით, ყველა ექიმს უნდა დაევალოს პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა. გადაწყვეტილების მიღებისას, უნდა იქნეს გათვალისწინებული პაციენტის მართვის პროცესში მონაწილე ექიმების ტვირთი როგორ არის გადანაწილებული’’. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2020 წლის 28 ივლისის №7 სხდომის ოქმით ექიმებს, მათ შორის ზ. ჩ-ეს (სახ. სერტ. „ზოგადი ქირურგია“, სუბ. „ტრანსპლანტოლოგია“) მიეცა „წერილობითი გაფრთხილება“ და დაევალა 1 (ერთი) თვის ხანგრძლივობის პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა (ტ.1, ს.ფ 21-56).
მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ზ. ჩ-ეისათვის გაფრთხილების გამოცხადებისა და პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლის დავალების ნაწილში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2020 წლის 28 ივლისის №7 სხდომის ოქმის კანონიერება.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის თანახმად, კანონის მიზანია უზრუნველყოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის შესაბამისი პროფესიული განათლება და პრაქტიკული მომზადება, მის პროფესიულ საქმიანობაზე სათანადო სახელმწიფო ზედამხედველობის დაწესება, მისი უფლებების დაცვა, აგრეთვე ქვეყანაში აღიარებული სამედიცინო სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების საექიმო საქმიანობაში დამკვიდრებით საქართველოს მოსახლეობის მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება.
„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 73-ე მუხლის თანახმად, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის პროფესიული პასუხისმგებლობა არის პაციენტის გამოკვლევასთან, მოვლასთან და მკურნალობასთან დაკავშირებული სამედიცინო სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების დარღვევისათვის გათვალისწინებული პასუხისგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე კანონის 74-ე მუხლის მიხედვით, (1) დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის არასწორად წარმართვისათვის გათვალისწინებულია პროფესიული პასუხისმგებლობის შემდეგი სახეები: ა) წერილობითი გაფრთხილება; ბ) სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება; გ) სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმება; დ) ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ალკოჰოლის შემცველი მედიკამენტების გამოწერის შეზღუდვა; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროფესიული პასუხისმგებლობის სხვა ზომები; (2) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროფესიული პასუხისმგებლობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საბჭო.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 15 აგვისტოს №01-9/ნ ბრძანებით დამტკიცებულია „პროფესიული განვითარების საბჭოს დებულება“, რომელიც არეგულირებს პროფესიული განვითარების საბჭოს საქმიანობის წესსა და პირობებს. აღნიშნული დებულების მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, საბჭო, თავისი ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ფარგლებში განიხილავს სამედიცინო პერსონალის საქმიანობასთან დაკავშირებულ განცხადება-საჩივრებს, სააგენტოს მიერ შესწავლილი მასალების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას პროფესიული პასუხისმგებლობის თაობაზე.
„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, წერილობითი გაფრთხილება მიეცემა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს, რომელიც განზრახ ან დაუდევრობით არ ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრულ პროფესიულ მოვალეობებს.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ პროფესიული განვითარების საბჭოს 2020 წლის 28 ივლისის სხდომაზე დასმულ იქნა სს „ევ...ის“ ექიმების - დ. კ-ას, შ. ჯ-ეის და გ. ჯ-ეის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი, თუმცა ამავე სხდომის ოქმით ასევე ზ. ჩ-ესაც მიეცა წერილობითი გაფრთხილება და დაევალა 1-თვიანი პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა. გასაჩივრებული აქტი არ შეიცავს დეტალურ დასაბუთებას თუ რა გახდა მოსარჩელისათვის პროფესიული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი, რაში გამოიხატა ზ. ჩ-ეის მხრიდან საექიმო საქმიანობის არასწორად წარმართვა, მისი მხრიდან განზრახ ან დაუდევრობით პროფესიული მოვალეობების შეუსრულებლობა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის XI თავი არეგულირებს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხის განხილვას. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის, რომლის საქმიანობაც შემოწმდა, მონაწილეობა სავალდებულოა ყველა ეტაპზე, მათ შორის, საბჭოს მიერ განცხადების ან საჩივრის განხილვის პროცესში. საბჭო პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხს განიხილავს განცხადების ან საჩივრის საფუძველზე, რომლის თაობაზეც იგი ვალდებულია შეტყობინება გაუგზავნოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს, ხოლო აღნიშნული სუბიექტი საბჭოს წარუდგენს საკუთარ პასუხს განცხადებაში ან საჩივარში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. დაინტერესებული პირის მონაწილეობის სავალდებულოობა განპირობებულია იმით, რომ მხარეს ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას მიეცეს შესაძლებლობა გამოხატოს თავისი დამოკიდებულება მისაღები აქტის მიმართ, ჩამოაყალიბოს თავისი პოზიცია, რათა თავიდან იქნეს აცილებული საკითხის ცალმხრივად გადაწყვეტა. აღნიშნული პრინციპი გამყარებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 მუხლითაც, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს განიხილოს და გადაწყვიტოს საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაიტერესებულ მხარეს, რომლის უფლება ან კანონიერი ინტერესი იზღუდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მიეცა საკუთარი მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა. გამონაკლისს ადგენს კანონი. მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ პირს უნდა ეცნობოს ადმინისტრტაციული წარმოების შესახებ და უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მისი მონაწილეობა საქმეში.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარეს არ შეუსრულებია ზემოაღნიშნული ნორმებით დაკისრებული ვალდებულება - მოსარჩელის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი განხილულ და გადაწყვეტილ იქნა ისე, რომ ზ. ჩ-ეს არ მისცემია ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მიღებისა და პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა, რაც დაუსაბუთებლად ზღუდავს მოსარჩელის კანონით დაცულ უფლებებსა და ინტერესებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება. საკასაციო პალატის მითითებით, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რის გამოც საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მიერ მართებულად გადაწყდა განსახილველი საქმე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ვინაიდან, საკასაციო საჩივარზე 28.04.2022წ. №02478 საგადახდო მოთხოვნით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 თებერვლის განჩინება;
3. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (ს/კ 205035120) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 28.04.2022წ. №02478 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე