საქმე #ბს-357(კ-23) 15 ივნისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2020 წლის 26 ოქტომბერს ზ. ც-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით #3/511-20 ადმინისტრაციული საქმე ზ. ც-ეის სარჩელის გამო, მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, განსჯადობით გადაეგზავნა უფლებამოსილ - თბილისის საქალაქო სასამართლოს.
მოსარჩელის განმარტებით, იგი 2003 წლიდან დასაქმებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სამოქალაქო უსაფრთხოების სერჟანტის თანამდებობაზე ქალაქ ქუთაისში და მისი ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 835 ლარს.
მოსარჩელის მითითებით, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მას არავითარი ადმინისტრაციული ან სხვა სახის გადაცდომა არ ჰქონია და იგი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა დაკისრებულ მოვალეობებს. 2020 წლის 8 ოქტომბერს მოპასუხემ გამოსცა უკანონო ბრძანება ზ. ც-ეის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ და გაათავისუფლა იგი დაკავებული თანამდებობიდან. 2020 წლის 13 ოქტომბერს კი მოპასუხემ, ასევე, უკანონოდ გამოსცა 2020 წლის 8 ოქტომბრის ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ბრძანება. მოსარჩელე არ ეთანხმება ზემოაღნიშნულ ბრძანებებს და მიიჩნევს, რომ ისინი უკანონო და დაუსაბუთებელია.
თბილისის საქალაქო სასამართოში 2022 წლის 5 აპრილს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა მოპასუხეთა წრე და მოპასუხეებად მიუთითა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
ამავე სხდომაზე მოპასუხემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნები და საბოლოოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 8 ოქტომბრის #MIA 6 20 02396063 ბრძანებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 13 ოქტომბრის #MIA 4 20 02431520 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისათვის მოსარჩელე ზ. ც-ეის იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ზ. ც-ეის გათავისუფლებიდან საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე იძულებითი განაცდურის თვეში 835 ლარის ოდენობით ანაზღაურების დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით ზ. ც-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 13 ოქტომბრის #MIA 4 20 02431520 ბრძანება; მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მოსარჩელე ზ. ც-ეის სასარგებლოდ 2020 წლის 8 ოქტომბრიდან 2020 წლის 26 სექტემბრამდე იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება დაეკისრა; ზ. ც-ეის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 დეკემბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ, უპირველესად, აღნიშნა, რომ აპელანტის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული იყო მხოლოდ იმ ნაწილში, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელის მიერ არ იყო გასაჩივრებული, შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს უნდა შეეფასებინა მხოლოდ ერთი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება, კერძოდ, არსებობდა თუ არა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 13 ოქტომბრის #MIA 4 20 02431520 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთათვის ზოგიერთი ქმედების აკრძალვის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 15 თებერვალის #1/73 ბრძანების პირველ და მე-2 პუნქტებზე და ყურადღება გაამახვილა აპელანტის პოზიციაზე, რომ ზ. ც-ეის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამო ის აუცილებლად გათავისუფლდებოდა სამსახურიდან, იმის გათვალისწინებით, რომ მინისტრის მიერ სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას 2018 წლის 15 თებერვლის #1-73 ბრძანება არ ითვალისწინებდა. სააპელაციო პალატა დაეთანხმა აპელანტის აღნიშნულ მოსაზრებას, რომ მინისტრი შეზღუდულია დასაქმებულის მიერ ამგვარი ქმედების ჩადენის შემთხვევაში მისაღები დისციპლინური პასუხისმგებლობის ფორმით, თუმცა არ გაიზიარა აპელანტის განმარტება, რომ დასაქმებული იმ დღიდან უნდა ყოფილიყო გათავისუფლებული, რომელ რიცხვშიც იქნებოდა მიღებული გენერალური ინსპექციის დასკვნა დასაქმებულის მიერ ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის შესახებ.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასება, რომ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება პირის არა ადმინისტრაციული აქტის გამოტანის, არამედ წინა რიცხვიდან გათავისუფლების ნაწილში, უკანონო იყო, რადგან აქტის შინაარსის ამგვარი ფორმულირებით ხდებოდა ამ აქტით დამდგარი იურიდიული შედეგების მოქმედების გავრცელება წინა პერიოდზე, რაც დაუშვებელი იყო.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 8 ოქტომბრის #MIA 6 20 02396063 ბრძანებით ზ. ც-ე გათავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან. ამდენად, მოცემული აქტით დამთავრდა მის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული (დისციპლინური) წარმოება.
შესაბამისად, დაუშვებელი იყო ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდგომ მიღებული ყოფილიყო იმგვარი გადაწყვეტილება, რომელიც პირს გადაწყვეტილების მიღებამდე პერიოდში გაუუარესებდა სამართლებრივ მდგომარეობას. სამართალში მოქმედი კანონის უკუძალის პრინციპის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებზე ანალოგიის სახით გავრცელების შედეგად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ თუ სამართლებრივი აქტი პირის სამართლებრივ მდგომარეობას აუარესებს, არ უნდა გავრცელდეს სამართლებრივი აქტის მიღებამდე პერიოდზე.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მართალია, გენერალური ინსპექციის დასკვნა დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენდა, თუმცა აღნიშნულ დასკვნას განცალკევებით არ ჰქონდა იურიდიული ძალა იქამდე, სანამ მინისტრი არ მიიღებდა ბრძანებას პირის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. ამდენად, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების მიღების შემთხვევაში, დასკვნის მიღების თარიღს არსებითი მნიშვნელობა არ უნდა მინიჭებოდა. ადმინისტრაციული წარმოების მიზნებისთვის საყურადღებო იყო მხოლოდ ძირითადი აქტი, ამ შემთხვევაში, ზ. ც-ეის დისციპლინური წესით დასჯისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ ბრძანება და ამ ბრძანების მიღების თარიღი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი წინააღმდეგობრივად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს. კასატორი არ იზიარებს სასამართლოს მსჯელობას, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება წარმოადგენდა უშუალოდ მინისტრის კომპეტენციას, რამდენადაც როგორც გადაწყვეტილებაში არის მითითებული, აღნიშნულს საფუძვლად დაედო გენერალური ინსპექციის დასკვნა, ხოლო ადმინისტრაციული გადაცდომა, თავის მხრივ, მინისტრს სახდელის ნაწილში გრადაციის საშუალებას არ აძლევდა.
კასატორი მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის #989 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინურ წესდებაზე“, ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 15 თებერვლის #I 4 18 00001/73 ბრძანებაზე, რომელიც ითვალისწინებს ამავე სამინისტროს თანამშრომლებისათვის ზოგიერთი ქმედების აკრძალვას. მათ საფუძველზე, კასატორი განმარტავს, რომ ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენა და შემოწმებისთვის თავის არიდება, ორივე შემთხვევაში, იმპერატიულად, ადმინისტრაციული ორგანოსათვის ყოველგვარი დისკრეციის მინიჭების გარეშე, ითვალისწინებს ერთსა და იმავე დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომას - სამსახურიდან დათხოვნას. ამავე ბრძანების მე-4 პუნქტის თანახმად კი, ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, სამინისტროს მოსამსახურეს შეეფარდება როგორც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სახდელი, ასევე, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.
კასატორი განმარტავს, რომ სწორედ ამ ბრძანების საფუძველზე მომზადდა გენერალური ინსპექციის დასკვნა და შეეფარდა სახდელი ზ. ც-ეს. ამასთან, წინა თარიღით თანამდებობიდან პირის დათხოვნას მოქმედი კანონმდებლობა არ კრძალავს მაშინ, როდესაც მას აქვს გონივრული გამართლება. კასატორის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, სწორედ ამგვარ შემთხვევას აქვს ადგილი.
კასატორი მიუთითებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, 41-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებსა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის #995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 35-ე მუხლის მე-2 პუნქტზე და განმარტავს, რომ პოლიციელის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები პირი, რა თქმა უნდა, არის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, თუმცა სახდელი განისაზღვრა გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ სწორედ ამ თარიღს უნდა მიბმოდა სამართლებრივად და ლოგიკურად ზ. ც-ეის სამსახურიდან დათხოვნა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ, სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 8 ოქტომბრის #MIA 6 20 02396063 ბრძანებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 13 ოქტომბრის #MIA 4 20 02431520 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისათვის მოსარჩელე ზ. ც-ეის იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ზ. ც-ეის გათავისუფლებიდან საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე იძულებითი განაცდურის თვეში 835 ლარის ოდენობით ანაზღაურების დავალება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელის მიერ სააპელაციო წესით არ გასაჩივრებულა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინებით შეფასდა გადაწყვეტილების გასაჩივრებული ნაწილის კანონიერება. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის ფარგლების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების კუთხით იმსჯელებს მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 13 ოქტომბრის #MIA 4 20 02431520 ბრძანების კანონიერების საკითხთან დაკავშირებით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 13 ოქტომბრის #MIA 4 20 02431520 ბრძანებით შეტანილ იქნა ცვლილება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 8 ოქტომბრის #2396063 ბრძანების (მითითებული ბრძანება კანონიერ ძალაშია შესული) პირველ პუნქტში, რის შედეგადაც აღნიშნული პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს ქუთაისის სახანძრო-სამაშველო სამმართველოს ...ი ზ. ც-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, 2020 წლის 26 სექტემბრიდან“.
ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 8 ოქტომბრის #2396063 ბრძანების გამოცემის საფუძვლად მიჩნეულია გენერალური ინსპექციის უფროსის დასკვნის დამტკიცების თაობაზე 2020 წლის 26 სექტემბრის #MIA52002283977 ბრძანება (დასკვნა).
აღსანიშნავია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 8 ოქტომბრის #2396063 ბრძანებით ზ. ც-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან. ბრძანება ამოქმედდა ხელმოწერისთანავე. ბრძანებით არ ყოფილა დადგენილი, თუ რომელი რიცხვიდან გათავისუფლდა მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთათვის ზოგიერთი ქმედების აკრძალვის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 15 თებერვალის #1/73 ბრძანების პირველ პუნქტზე, რომლითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეს აეკრძალა ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე. ამავე ბრძანების მე-2 პუნქტის თანახმად, ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის შემთხვევაში, სამინისტროს მოსამსახურის მიმართ გამოიყენება დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - სამსახურიდან დათხოვნა.
საკასაციო სასამართლო საგულისხმოდ მიიჩნევს კასატორის არგუმენტაციას, რომ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამო, ზ. ც-ე აუცილებლად გათავისუფლდებოდა სამსახურიდან, იმის გათვალისწინებით, რომ მინისტრის მიერ სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას 2018 წლის 15 თებერვლის #1-73 ბრძანება არ ითვალისწინებს, კერძოდ, აღნიშნული გადაცდომა მინისტრს სახდელის ნაწილში გრადაციის საშუალებას არ აძლევდა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ მართალია, მინისტრი შეზღუდულია დასაქმებულის მიერ ამგვარი ქმედების ჩადენის შემთხვევაში მისაღები დისციპლინური პასუხისმგებლობის ფორმით, თუმცა საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ დასაქმებული იმ დღიდან უნდა იქნეს გათავისუფლებული, რომელ რიცხვშიც იქნება მიღებული დასაქმებულის მიერ ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის შესახებ გენერალური ინსპექციის დასკვნა.
საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება პირის არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოტანის მომენტიდან, არამედ წინა რიცხვიდან გათავისუფლების ნაწილში ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, რამდენადაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შინაარსის ამგვარი ფორმულირებით ხდება ამ აქტით დამდგარი იურიდიული შედეგების მოქმედების გავრცელება წინა პერიოდზე, რაც დაუშვებელია.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ რამდენადაც ზ. ც-ე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 8 ოქტომბრის #MIA 6 20 02396063 ბრძანებით, მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამთავრდა მის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული (დისციპლინური) წარმოება. ამდენად, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში, დაუშვებელი იყო ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდგომ მიღებული ყოფილიყო იმგვარი გადაწყვეტილება, რომელიც პირს გაუუარესებდა გადაწყვეტილების მიღებამდე არსებულ სამართლებრივ მდგომარეობას.
საკასაციო სასამართლო, ასევე, ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მართალია, გენერალური ინსპექციის დასკვნა დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს, თუმცა აღნიშნულ დასკვნას მინისტრის მიერ პირის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების მიღებამდე, განცალკევებით არ აქვს იურიდიული ძალა. შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების მიზნებისთვის გადამწყვეტია არა დასკვნა და მისი მიღების მომენტი, არამედ დისციპლინური წესით დასჯისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ ბრძანება და ამ ბრძანების მიღების თარიღი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 დეკემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა