Facebook Twitter

საქმე #ბს-330(კ-23) 15 ივნისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ვ.ჭ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2021 წლის 17 მაისს ვ.ჭ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, იგი მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს სამსახურის ...ის დეპარტამენტის ...ის ... განყოფილების ...ად და მინიჭებული ჰქონდა ...ის უმცროსი ლეიტენანტის წოდება.

მოსარჩელის მითითებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2021 წლის 14 აპრილის #MIA 8 21 00922287 ბრძანების საფუძველზე, იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მისი გათავისუფლებისა და სამინისტროს ორგანოებიდან დათხოვნის საფუძვლად მითითებულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 აპრილის #29 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო-სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურის წახალისების წესისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტზე (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამსახურის ავტორიტეტს).

მოსარჩელის შეფასებით, ბრძანების გამომცემი ორგანო არ მიუთითებს, თუ რაში გამოიხატა მოსარჩელე ვ.ჭ-ას მხრიდან შეუფერებელი ქმედება, რომელიც გახდებოდა პროფესიონალი კადრის არა მხოლოდ დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების, არამედ სამინისტროს ორგანოებიდან დათხოვნის საფუძველი.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული ბრძანება ვ.ჭ-ას მიმართ დისციპლინური სახდელის დადებისა და მისი შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ უკანონოა, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს და მოსარჩელე აღდგენილ უნდა იქნეს სამსახურში, ასევე, მას უნდა აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური.

ამდენად, მოსარჩელემ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2021 წლის 14 აპრილის #MIA 8 21 00922287 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისათვის ვ.ჭ-ას გათავისუფლებამდე დაკავებულ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ...ის დეპარტამენტის ... განყოფილების ...ის ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და ვ.ჭ-ას გათავისუფლების დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებით ვ.ჭ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ.ჭ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით ვ.ჭ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ როგორც პირველი ინსტანციის, ასევე, სააპელაციო სასამართლოში აპელანტის ერთადერთ არგუმენტს გასაჩივრებული აქტის უკანონობასთან მიმართებით წარმოადგენდა მისი ზეპირსიტყვიერი განმარტება იმის თაობაზე, რომ ნარკოტიკული საშუალება მის ორგანიზმში მოხვდა პასიური - სასუნთქი გზის საშუალებით. ამ გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად კი იგი მიიჩნევდა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 15 სექტემბრის #006365721 დასკვნას, რომლის თანახმად, „მარიხუანას“ პასიური მოხმარების სიტუაცია შეიძლება აღმოცენდეს, როდესაც არამწეველი იმყოფება გაუნიავებელ, დახურულ სივრცეში (ავტომობილი ან მცირე ზომის ოთახი) ერთ ან რამდენიმე მწეველთან ერთად და მოწევის სეანსის ხანგრძლივობა შეადგენს არანაკლებ ერთი საათისა. პასიური მომხმარებლის ბიოლოგიური მასალის - შარდის ლაბორატორიული შემოწმებისას შესაძლოა დადგინდეს ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) მოხმარების ფაქტი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ექსპერტის სტატუსით გამოკითხულ იქნა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 15 სექტემბრის #006365721 დასკვნის შემდგენი - გ.მ-ი. მისი განმარტებით, პასიური გზით, მაგალითად, სასუნთქი გზებით შესაძლებელია ადამიანის ორგანიზმში ნარკოტიკული საშუალებით ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) მოხვედრა, თუმცა ეს მხოლოდ თეორიული ალბათობაა და აღნიშნულის დადგენა/დადასტურება მრავალ გარემოებაზეა დამოკიდებული, გასათვალისწინებელია ოთახის ფართი (კვ.), მარიხუანას მოწევის ხანგრძლივობა (არ უნდა იყოს 1 საათზე ნაკლები), იქ მყოფი ადამიანების რაოდენობა, ოთახის გაუნიავებლობის ფაქტორი. ამდენად, გ.მ-მა აღნიშნა, რომ პასიური გზით ნარკოტიკის ორგანიზმში მოხვედრის ფაქტის დადასტურება ან უარყოფა, კონკრეტულ შემთხვევაში, არ შეეძლო. მან თეორიულ კითხვაზე გასცა პასუხი.

სააპელაციო პალატამ, ასევე, მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეს არც დაკავებისას და არც ექსპერტიზის ჩატარებისას (2021 წლის 9 მარტს) არ განუცხადებია ზემოაღნიშნული გარემოების შესახებ. საექსპერტო ნიმუშის შენახვის ვადისა და დასკვნის გასაჩივრების განმარტების მიუხედავად, მას არ გამოუყენებია ეს უფლება. აღნიშნულის შესახებ განაცხადა მხოლოდ 2021 წლის 16 მარტს.

ამდენად, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ აპელანტის პოზიცია არ იყო გამყარებული სათანადო მტკიცებულებებით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში არ იყო წარმოდგენილი საწინააღმდეგო მტკიცებულება მოსარჩელის მიერ კონკრეტული ნარკოტიკული საშუალების მოხმარებასთან დაკავშირებით, რის გამოც არ არსებობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნის გაუთვალისწინებლობის საფუძველი, რომლის თანახმადაც, გენერალურმა ინსპექციამ მიზანშეწონილად მიიჩნია მოსარჩელეს შეფარდებოდა სახდელის ისეთი სახე, როგორიცაა სამსახურიდან დათხოვნა.

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებზე და აღნიშნა, რომ რამდენადაც კანონმდებლობა საჯარო მოსამსახურის სამსახურში აღდგენას და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას ცალსახად უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების უკანონობას, რაც განსახილველ შემთხვევაში, არ იქნა დადასტურებული, არ არსებობდა ვ.ჭ-ას თანამდებობაზე აღდგენისა და მისთვის იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ.ჭ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მითითებით, სასამართლო არ მსჯელობს მტკიცებულებებზე, რომლებიც დაადასტურებდა მისი სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების ფაქტს. გადაწყვეტილება სრულად მიმოიხილავს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონს, თუმცა მასში განმარტებული არ არის, თუ რაში გამოიხატა ვ.ჭ-ას მიერ აღნიშნული კანონის დარღვევა, ამასთან, სასამართლომ არ იმსჯელა მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილ საექსპერტო დასკვნაზე.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლო არასწორად მიუთითებს, რომ ვ.ჭ-ა იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ, რაც თავად მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი დასკვნითაც არ დასტურდება, ასევე, უდავოდ დადგენილია, რომ კლინიკური გამოკვლევის მიხედვით, ვ.ჭ-ა არ იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ.

კასატორის შეფასებით, სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა მის განმარტებაზე, რომ მას არასდროს მიუღია ნარკოტიკული საშუალება, ხოლო ის ფაქტი, რომ მას ორგანიზმში აღმოაჩნდა ტეტრაჰიდროკანაბიოლი, აიხსნებოდა იმ გარემოებით, რომ იგი ორი კვირით ადრე იმყოფებოდა ახლობელთან, სადაც რამდენიმე ადამიანი დახურულ სივრცეში მოიხმარდა მარიხუანას. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ 2021 წლის 9 მარტის #50136-თ საექსპერტო კრიმინალური დასკვნით ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ვ.ჭ-ა კლინიკურად არ იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ. ამასთან, ვ.ჭ-ას მიერ წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 15 სექტემბრის #500620621 დასკვნა ეჭვქვეშ აყენებს სამინისტროს მტკიცებულებას.

კასატორი, ასევე, ყურადღებას ამახვილებს ექსპერტიზის დასკვნის შინაარსსა და სასამართლო სხდომაზე დაკითხული ნარკოლოგ-ექსპერტის - გ.მ-ის განმარტებაზე, რომლითაც დასტურდება, რომ მარიხუანას პასიური მოხმარება შეიძლება დადგინდეს მაშინ, როდესაც არამწეველი იმყოფება გაუნიავებელ დახურულ სივრცეში (ავტომობილი ან მცირე ზომის ოთახი) ერთ ან რამდენიმე მწეველთან ერთად და მოხმარების ხანგრძლივობა შეადგენს არანაკლებ ერთ საათს. ასეთ პირობებში, პასიური მომხმარებლის ბიოლოგიური მასალის - შარდის ლაბორატორიული შემოწმებისას შესაძლოა დადგინდეს ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანას) მოხმარების ფაქტი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ვ.ჭ-ას საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ.ჭ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ, სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2021 წლის 14 აპრილის #MIA 8 21 00922287 ბრძანების კანონიერება, ასევე, მოპასუხისათვის მოსარჩელე ვ.ჭ-ას გათავისუფლებამდე დაკავებულ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ...ის დეპარტამენტის ... განყოფილების ...ის ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ვ.ჭ-ას გათავისუფლების დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დავალება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად, სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის სამინისტროს მოსამსახურის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) სასტიკი საყვედური; დ) სამინისტროს სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა; ე) სპეციალური ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება; ვ) თანამდებობიდან ჩამოქვეითება; ზ) სამსახურიდან დათხოვნა. სამინისტროს მოსამსახურისათვის დისციპლინური სახდელის შეფარდების და მისი მოხსნის წესს ადგენს მინისტრი.

საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 აპრილის #29 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო-სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურის წახალისების წესისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მოსამსახურის დისციპლინური გადაცდომის სახეა მოსამსახურისთვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამსახურის ავტორიტეტს.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ვ.ჭ-ა, რომელიც მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ...ის დეპარტამენტის ... განყოფილების ...ის თანამდებობაზე, სამსახურიდან გათავისუფლდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 14 აპრილის #MIA 8 21 00922287 ბრძანების საფუძველზე და დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან. ამავე ბრძანებით დგინდება, რომ მის გათავისუფლებას საფუძვლად დაედო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2021 წლის 25 მარტის დასკვნა, რომლითაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 აპრილის #29 ბრძანებით დამტკიცებული „წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამსახურის ავტორიტეტს) გათვალისწინებით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნა. კერძოდ, სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში დადგინდა, რომ ვ.ჭ-ამ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლი (მარიხუანა).

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ 2021 წლის 9 მარტს გამოვლინდა ვ.ჭ-ას მიერ ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ ყოფნა, რაც დადასტურდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურის მიერ მომზადებული #50136 დასკვნით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამივე ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრებული აქტის უკანონობასთან მიმართებით მოსარჩელის ერთადერთ არგუმენტს წარმოადგენს მისი ზეპირსიტყვიერი განმარტება იმის თაობაზე, რომ ნარკოტიკული საშუალება მის ორგანიზმში მოხვდა პასიური - სასუნთქი გზის საშუალებით. ამ გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად კი იგი მიიჩნევს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 15 სექტემბრის #006365721 დასკვნას, რომლის თანახმად, „მარიხუანას“ პასიური მოხმარების სიტუაცია შეიძლება აღმოცენდეს, როდესაც არამწეველი იმყოფება გაუნიავებელ, დახურულ სივრცეში (ავტომობილი ან მცირე ზომის ოთახი) ერთ ან რამდენიმე მწეველთან ერთად და მოწევის სეანსის ხანგრძლივობა შეადგენს არანაკლებ ერთი საათისა. პასიური მომხმარებლის ბიოლოგიური მასალის - შარდის ლაბორატორიული შემოწმებისას შესაძლოა დადგინდეს ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) მოხმარების ფაქტი.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ექსპერტის სტატუსით გამოკითხულ იქნა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 15 სექტემბრის #006365721 დასკვნის შემდგენი - გ.მ-ი. მისი განმარტებით, პასიური გზით, მაგალითად, სასუნთქი გზებით შესაძლებელია ადამიანის ორგანიზმში ნარკოტიკული საშუალებით ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) მოხვედრა, თუმცა ეს მხოლოდ თეორიული ალბათობაა და აღნიშნულის დადგენა/დადასტურება მრავალ გარემოებაზეა დამოკიდებული, გასათვალისწინებელია ოთახის ფართი (კვ.), მარიხუანას მოწევის ხანგრძლივობა (არ უნდა იყოს 1 საათზე ნაკლები), იქ მყოფი ადამიანების რაოდენობა, ოთახის გაუნიავებლობის ფაქტორი. ამდენად, გ.მ-მა აღნიშნა, რომ პასიური გზით ნარკოტიკის ორგანიზმში მოხვედრის ფაქტის დადასტურება ან უარყოფა, კონკრეტულ შემთხვევაში, არ შეეძლო. მან თეორიულ კითხვაზე გასცა პასუხი.

საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ კასატორს არც დაკავებისას და არც ექსპერტიზის ჩატარებისას (2021 წლის 9 მარტს) არ განუცხადებია ზემოაღნიშნული გარემოების შესახებ. საექსპერტო ნიმუშის შენახვის ვადისა და დასკვნის გასაჩივრების განმარტების მიუხედავად, მას არ გამოუყენებია ეს უფლება. აღნიშნულის შესახებ განაცხადა მხოლოდ 2021 წლის 16 მარტს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ კასატორის პოზიცია არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით, რისი გათვალისწინებითაც, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ არ არსებობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნის გაუთვალისწინებლობის საფუძველი, რომლის თანახმადაც, გენერალურმა ინსპექციამ მიზანშეწონილად მიიჩნია მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნა.

საკასაციო სასამართლო, ასევე, ეთანხმება სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ აპელანტის მხრიდან ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) მოხმარება იწვევს სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ უნდობლობას, ეჭქვეშ აყენებს მის ავტორიტეტს და ლახავს პოლიციელთა რეპუტაციას. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეების მიმართ დაწესებულია ქცევის განსაკუთრებულად მაღალი სტანდარტი როგორც სამსახურში, ასევე, მის გარეთ, რის გამოც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეს უნდა გააჩნდეს მომეტებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გრძნობა.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ უმცროსი ლეიტენანტის - ვ.ჭ-ას მიერ ჩადენილი ქმედება ეწინააღმდეგება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთათვის დადგენილი ქცევის წესებს და ეთიკის ნორმებს. საკასაციო სასამართლო, ასევე, მართებულად მიიჩნევს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წინააღმდეგობაში არ მოდის განსახილველი ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც, არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ.ჭ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ოქტომბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა