Facebook Twitter

№8701-13 27 მარტი, 2013 წელი

ბ-ი ი., 8701-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ ა. ხ-ის

მსჯავრდებულ _ ი. ბ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ი. ბ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 11 ივნისის განაჩენით ი. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19,108-ე მუხლით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვრა 7 წლითა და 2 დღით თავისუფლების აღკვეთა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 30 სექტემბრის განაჩენით სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული პირობითი მსჯავრი – 11 თვე და 28 დღე, რაც დაემატა ძირითად სასჯელს და ი. ბ-ს საბოლოოდ მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2012 წლის 5 აპრილიდან.

2013 წლის 16 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №15 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ი. ბ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ი. ბ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებული ი. ბ-ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის მე-19,108-ე მუხლით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის, 3 თვისა და 1 დღის ვადით. მსჯავრდებულ ი. ბ-ს აღუდგა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ი. ბ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. საჩივრით იგი ითხოვს განჩინებაში დაშვებული უზუსტობების გასწორებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ ი. ბ-ის საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლება და მისთვის ჩამორთმეული უფლებების აღდგენა კანონიერია.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ ი. ბ-ისთვის საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირება და მისთვის სასჯელის სახით 5 წლით, 3 თვითა და 1 დღით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა ასევე კანონიერია, ვინაიდან ამ მუხლით მსჯავრდებისას იგი განზრახი დანაშაულისთვის იყო ნასამართლევი და, შესაბამისად, მასზე ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის 1-ლი–მე-15 მუხლების მოქმედება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ი. ბ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

პ. სილაგაძე