საქმე №ბს-196(კ-23) 20 ივნისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ო. ჯ-ე
პროცესუალური მოწინააღმდეგეები (მოპასუხეები) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მესამე პირები - ი. ს-ა, მ. ს-ა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ო. ჯ-ემ 2021 წლის 14 სექტემბერს წარმომადგენლის მეშვეობით სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, რომლითაც სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 01 ივნისის №... და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2021 წლის 30 ივლისის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ხოლო სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდგომ ასევე სადავო მიწის ნაკვეთზე ო. ჯ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებამ მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ი. ს-ა და მ. ს-ა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით ო. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. ხსენებული განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ო. ჯ-ის მიერ.
კასატორის - ო. ჯ-ის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ მისი სასარჩელო მოთხოვნის, კერძოდ, სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა ადმინისტრაციულ ორგანოში ზეპირი მოსმენის ჩაუტარებლობა. ამასთან, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება უფლების ბოროტად გამოყენების ფაქტის დამოუკიდებელი სარჩელით გასაჩივრებას, აღნიშნავს, რომ მსგავსი სახის უტყუარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს მესამე პირების მიერ თავიანთი უფლების ბოროტად გამოყენებას, მას არ გააჩნია, რაც მისი აზრით, უპერსპექტივოს ხდიდა სარჩელს. ამასთან დამატებით აღნიშნავს, რომ დღემდე არ იცის, თუ რა მოტივით აცხადებენ და აცხადებენ თუ არა საერთოდ უარს რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების განხორციელებაზე, ვინაიდან მესამე პირები მოსარჩელესთან მოლაპარაკებებს თავს არიდებენ. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ ი. ს-ასა და მ. ს-ას დღემდე არ დაუფიქსირებიათ თანხმობის გაცემასთან დაკავშირებით ცალსახა პოზიცია. სწორედ აღნიშნული აზრის მოსმენისთვის საჭირო იყო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ჩაეტარებინა ზეპირი მოსმენა და მხოლოდ აღნიშნულის შედეგად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის საფუძველზე, მიეღო გადაწყვეტილება.
კასატორის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანას საფუძვლად ედებოდა უკვე რეგისტრირებული მონაცემებისგან განსხვავებული რეალობის არსებობა, რაც გამოხატულ იქნა ეზოში მდებარე დამხმარე შენობა-ნაგებობების გაუქმებით (დანგრევით). კასატორს სურდა სხვა თანამესაკუთრეებთან ნივთის გამიჯვნა, სურდა ახლად შედგენილი აზომვითი ნახაზის საფუძველზე რეგისტრირებულ მონაცემებში მხოლოდ და მხოლოდ ცვლილებების განხორციელება, რასაც როგორც მესამე პირები, ასევე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ეწინააღმდეგება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის წარმომადგენელი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო აქტები გამოსცა ისე, რომ არ გამოუკვლევია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც, მისი მოსაზრებით, ქმნის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 05 მაისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ო. ჯ-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ო. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილებებს. ამავე კანონის 21-ე მუხლი კი მარეგისტრირებელ ორგანოს ანიჭებს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების უფლებამოსილებას, მათ შორის, თუ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად (1-ლი ნაწ. „ა“ ქვ.პუნ.), ხოლო 22-ე მუხლი მარეგისტრირებელ ორგანოს ანიჭებს სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის უფლებამოსილებას, უკეთუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი („ბ“ ქვ.პუნ.). საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.12.2019წ. №487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქცია“ განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ საჯარო რეესტრის წარმოებისა და ინფორმაციის გაცემის, სისტემური და სპორადული რეგისტრაციისა და სარეგისტრაციო წარმოებისას სანოტარო მედიაციის წესებსა და პირობებს, წარმოებაში მონაწილე მხარეებს, მათ უფლებებსა და მოვალეობებს (ინსტრუქციის 1 მუხ.). ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საერთო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ფართობის დაყოფა ან სხვაგვარად განკარგვა შესაძლებელია მხოლოდ უძრავი ნივთის ყველა მესაკუთრის/მართლზომიერი მოსარგებლის/მფლობელის თანხმობით. ასეთ შემთხვევაში, რეგისტრაციის მიზნებისთვის, მესაკუთრედ/მართლზომიერ მოსარგებლედ/მფლობელად მიიჩნევა მხოლოდ ტექნიკური აღრიცხვის, არქივისა და საჯარო რეესტრში აღრიცხული/რეგისტრირებული პირი. სხვა მესაკუთრეთა/მართლზომიერ მოსარგებლეთა/მფლობელთა თაობაზე ინფორმაციის სააგენტოს წარუდგენენ უძრავი ნივთის დაყოფაზე/განკარგვაზე გადაწყვეტილების მიმღები პირები. ინსტრუქციის აღნიშნულ დებულება გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 956-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესიდან, რომლის თანახმად საზიარო საგანს მოწილენი ერთობლივად მართავენ.
საქმეზე დადგენილია, რომ ო. ჯ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაცია. აღნიშნულ უძრავ ნივთზე დარეგისტრირებულია ი. ს-ას, მ. ს-ასა და ო. ჯ-ის თანასაკუთრება. შესაბამისად, ვინაიდან რეგისტრირებულ მონაცემში ცვლილების შეტანის შესახებ განცხადებას თან არ ერთოდა სხვა თანამესაკუთრეთა თანხმობა ცვლილების რეგისტრაციაზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ო. ჯ-ის განცხადებაზე შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება და მხარეს დაავალა წარედგინა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა რადგან განსაზღვრულ ვადაში ო. ჯ-ემ ვერ უზრუნველყო ზემოხსენებული დოკუმენტის წარდგენა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 01 ივნისის №... გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კანონმდებლობით ამომწურავადაა გაწერილი რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანის შესახებ განცხადებისათვის წარსადგენ დოკუმენტთა ჩამონათვალი; ასეთი ცვლილების რეგისტრაციაზე სხვა თანამესაკუთრეთა თანხმობა კი ერთ-ერთ აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს, რომლის წარუდგენლობის შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია შეწყვიტოს სარეგისტრაციო წარმოება. ამდენად, უდავოდ დადგენილია, რომ ო. ჯ-ის განცხადებას არ ერთოდა ცვლილების რეგისტრაციისთვის სავალდებულო დოკუმენტი - უძრავი ნივთის თანამესაკუთრეთა თანხმობა, შესაბამისად, მართებულია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, კასატორმა ვერ შეძლო ისეთი მტკიცებულებების წარდგენა, რომელიც გააქარწყლებდა სააპელაციო პალატის მსჯელობას, მის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, დაადასტურებდა სააპელაციო პალატის სამართლებრივი დასკვნების მცდარობას; მხოლოდ ზეპირი მოსმენის გარეშე საჩივრის განხილვის დაუშვებლობაზე მითითება, გასაჩივრებული აქტების არსებითად კანონიერად გამოცემის გათვალისწინებით, ვერ გახდება საკასაციო საჩივრის დასაბუთებულად მიჩნევის წინაპირობა. შესაბამისად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ო. ჯ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 დეკემბრის განჩინება;
3. ო. ჯ-ეს (პ/ნ - ...) დაუბრუნდეს მის მიერ 02.05.2023წ. საკასაციო საჩივარზე №694 ტერმინალით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან : ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა