საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-361(კ-23) 17 მაისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 დეკემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - მ.ნ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2022 წლის 12 აგვისტოს სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე მ.ნ-ის მიმართ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ მ.ნ-ისთვის 3 000 (სამი ათასი) ლარის გადახდის დაკისრების მოთხოვნით. ამავე სარჩელით საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ და მოითხოვა მ.ნ-ის სახელზე რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებაზე („ ...“, ს/ნ: ..., სახელმწიფო სანომრე ნიშნით ...) სასარჩელო მოთხოვნის (3 000 ლარის) ფარგლებში ყადაღის დადება.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 12 აგვისტოს განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, დაკმაყოფილდა, სასარჩელო მოთხოვნის ( 3 000 ლარის) ფარგლებში ყადაღა დაედო მ.ნ-ის სახელზე რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებას („...“, ს/ნ:..., სახელმწიფო სანომრე ნიშნით ...).
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მ.ნ-ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის თანხის ანაზღაურება 1 500 ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 დეკემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-418 მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ პირგასამტეხლო მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისთვის. მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობაზე მიუთითა.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 2020 წლის 3 აგვისტოს მ.ნ-სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული N3195/20 კონტრაქტით განსაზღვრული ჯარიმა, მისი შინაგანი ბუნებიდან გამომდინარე, წარმოადგენს პირგასამტეხლოს. პალატამ დამატებით მიუთითა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთი განმარტებიდან გამომდინარე, ჯარიმა (საურავი) პირგასამტეხლოს ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ 2020 წლის 3 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მ.ნ-ს შორის გაფორებული N3195/20 კონტრაქტი ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს (დამტკიცებულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით) და შესაბამისად, კონტრაქტით დაკისრებული პირგასამტეხლო (ჯარიმა) სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ უნდა იქნეს განხილული, რომლის შემცირება დასაშვებია. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს კანონისმიერ პირგასამტეხლოდ მიჩნევისა და შესაბამისად, მისი შემცირების დაუშვებლობის შესახებ, რადგან „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 14 პუნქტის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად კონტრაქტის ფორმას ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, რაც ერთმნიშვნელოვნად ქმნის ზემოაღნიშნული კონტრაქტით გათვალიწინებული ჯარიმის სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ მიჩნევის საფუძველს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს მოპასუხის მიერ ვალდებულების ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ვადაში, დადგენილი წესით შეუსრულებლობა, რაც გამოიხატა მ.ნ-ის მიერ კონტრაქტის საკუთარი სურვილით შეწყვეტაში, აღნიშნული კი მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას, თუმცა, ამავდროულად სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვალდებულების სახის და დარღვევის ხარისხის გათვალისწინებით კონტრაქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული, ამასთანავე, ნამსახურობის ვადის (1 წელი, 8 თვე და 28 დღე) ადეკვატური. ამდენად, სამართლიანობის პრინციპის საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილი იყო შეემცირებინა ჯარიმის (პირგასამტეხლოს) თანხა გონივრულ ფარგლებში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.
კასატორი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებით დამტკიცებულ „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულებაზე, რომელიც ითვალისწინებს ფინანსურ პასუხისმგებლობას სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ხოლო საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 4 ნოემბრის N683 ბრძანებით დამტკიცებულია კონტრაქტის ფორმა „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“, რომლის დარღვევის შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდება ვალდებული აანაზღაუროს ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით. კასატორი თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციული ხელშეკრულების ფორმა და განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა მოწესრიგებულია კანონისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე, დაუშვებელია ხსენებული პირგასამტეხლოს (ჯარიმის) შემცირება, რამეთუ იგი არ წარმოადგენს მხარეთა მიერ თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში შეთანხმების პირობას, არამედ დადგენილია კანონისმიერი საფუძვლით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2020 წლის 03 აგვისტოს მ.ნ-სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 4 ნოემბრის N683 ბრძანებით დამტკიცებული N3195/20 კონტრაქტი „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ და გაწვეულ იქნა საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში.
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2022 წლის 28 აპრილის N1743 ბრძანებით მ.ნ-ი, პირადი პატაკის საფუძველზე, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო).
N3195/20 კონტრაქტის 7.3 პუნქტის შესაბამისად, ამ კონტრაქტის მოქმედების პირველი ორი წლის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურის ვადამდე დათხოვნის შემთხვევაში, საკონტრაქტო სამსახურიდან საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის პირობებში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ვალდებულია კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან) 10 დღის ვადაში ჯარიმის სახით 3 000 (სამი ათასი) ლარის ანაზღაურებაზე.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ... ბატალიონის 2022 წლის 16 მაისის №MOD 2 22 00542797 ცნობით დასტურდება, რომ მ.ნ-ის ნამსახურობის პერიოდი შეადგენს 1 წელს 8 თვეს და 28 დღეს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის უფროსის 2022 წლის 5 აგვისტოს №MOD 3 22 00902095 წერილით დასტურდება, რომ მ.ნ-ს კონტრაქტის დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის თანხა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტში არ ჩაურიცხავს.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მეორე ნაწილზე და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება როგორც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, ისე საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად (ამავე კოდექსის 361-ე მუხ.).
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს მ.ნ-ის მიერ კონტრაქტის პირობების დარღვევის, მისთვის ჯარიმის სახით თანხის დაკისრების საფუძვლის არსებობის, აგრეთვე, კონტრაქტის შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობასთან შეუსაბამობასთან დაკავშირებით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთ დამატებითი საშუალებას წარმოადგენს, ის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა (კოდექსის 417-ე მუხ.), რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისთვის. მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს (კოდექსის 418-ე მუხ.).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვალდებულების არსი მის შესრულებაშია, ხოლო შესრულების ვალდებულება, პირველ რიგში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. სწორედ ამიტომ, ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეებს შეუძლიათ გამოიყენონ კანონმდებლობით გათვალისწინებული საშუალებები (იხ. სუს 2020 წლის 2 აპრილის №ბს-570(კ-19) გადაწყვეტილება).
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას მ.ნ-ისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს კანონით განსაზღვრულ პირგასამტეხლოდ მიჩნევისა და მისი შემცირების შეუძლებლობის შესახებ. პალატა აღნიშნავს, რომ წარმოშობის საფუძვლების მიხედვით განასხვავებენ კანონისმიერ და სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს. კანონისმიერად მიიჩნევა პირგასამტეხლო, რომელიც კანონის ძალის მქონე სამართლებრივი აქტით არის დადგენილი. მაშასადამე, პირგასამტეხლოს კანონისმიერ ან სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა მისი წარმოშობის საფუძვლებს ენიჭება (კანონმდებლის მიერ თუ მხარეთა შეთანხმებით). ამასთან, მართალია, სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა, თუმცა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს არსებობის პირობებში, სასამართლოს მიერ მისი შემცირების შესაძლებლობას განსაზღვრავს. (იხ. სუს 2015 წლის 2 თებერვლის №ას-1171-1116-2014 განჩინება; სუს 2014 წლის 24 მარტის №ას-1284-1226-2013 განჩინება).
განსახილველ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მ.ნ-ს შორის 2020 წლის 03 აგვისტოს გაფორებული N3195/20 კონტრაქტი, რომელიც, თავისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ხელშეკრულებაა. ამდენად, მ.ნ-ის მიმართ დაკისრებული პირგასამტეხლო, მისი წარმოშობის საფუძვლიდან გამომდინარე, სახელშეკრულებო ხასიათისაა.
საკასაციო პალატა, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს არსებობის პირობებში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობაზე მიუთითებს და აღნიშნავს, რომ ურთიერთობის დამყარებისას, მხარეთა მიერ მათი თავისუფალი ნების მოსალოდნელი შედეგების ყოველ ჯერზე განსაზღვრის შეუძლებლობის პირობებში, ზეამოაღნიშნული ნორმა სასამართლოს ანიჭებს მხარის უსამართლო და სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი ტვირთისაგან დაცვის უფლებამოსილებას. დაზარალებულის ინტერესის არსებობის პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო, რა დროსაც სასამართლო მხედველობაში იღებს მოპასუხის არამარტო ქონებრივ, არამედ ყველა სხვა პატივსადებ ინტერესს. სასამართლო აფასებს, შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის თანაფარდობას პირგასამტეხლოს ოდენობასთან (იხ. სუს 2012 წლის 17 იანვრის №1ბს-740-734(2კ-11) განჩინება).
საკასაციო სასამართლო აგრეთვე აღნიშნავს, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეები ვალდებულნი არიან თავიანთი უფლება-მოვალეობების კეთილსინდისიერად განხორცილებაზე. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. კონტრაქტის გაფორმების ძირითად საფუძვლად მიჩნეულ უნდა იქნეს არა სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ. ამასთანავე, კეთილსინდისიერების პრინციპი არის როგორც ნორმატიული, ასევე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტი. ამდენად, მართალია, კონტრაჰენტის ქცევა უნდა შეესაბამებოდეს ფორმალურად მოქმედ მატერიალურ სამართალსა თუ კონტრაქტის პირობებს, მაგრამ მისი განხორციელება კონკრეტულ შემთხვევებში არ უნდა იყოს უსამართლო ან/და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მეორე მხარის საფუძვლიან ნდობას. კეთილსინდისიერების პრინციპი ძირითადად კონტრაჰენტის მიერ მეორე მხარის ინტერესების მხედველობაში მიღებას გულისხმობს (იხ. სუს. 2020 წლის 2 აპრილის №ბს-570(კ-19) გადაწყვეტილება).
გასათვალისწინებელია, რომ მოცემულ საქმეში მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტი შეწყდა მ.ნ-ის პირადი პატაკის საფუძველზე და ადგილი არ ჰქონია კონტრაქტით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების დარღვევას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობას, ვალდებულების დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს, ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს. განსახილველ შემთხვევაში კი, დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, კონტრაქტის 7.3 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით, მ.ნ-ის მიმართ დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხის გონივრულ ფარგლებში - 1 500 ლარამდე შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შესახებ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მსგავსი კატეგორიის დავებთან დაკავშირებით საქართველოს უზენაეს სასამართლოს ჩამოყალიბებული აქვს ერთიანი სასამართლო პრაქტიკა, რომლის თანახმად, პირისათვის კონტრაქტით დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხა არაერთ შემთხვევაში იქნა მიჩნეული შეუსაბამოდ და არაგონივრულად, რამაც დაკისრებული თანხის შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობების წარმოშობა განაპირობა (იხ. სუს 2019 წლის 12 სექტემბრის №ბს-947(კ-19) განჩინება, 2019 წლის 12 სექტემბრის №ბს-908(კ-19) განჩინება, 2020 წლის 5 მარტის №ბს-936(კ-19) განჩინება, სუს 2019 წლის 16 მაისის №ბს-230(კ-19 განჩინება და სხვ.).
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინიტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე