საქმე #ბს-82(კს-23) 5 მაისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ჯ. ა-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
მესამე პირები - თ. ფ-ა, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური
მოსარჩელე - შპს „დ...“
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ნოემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2021 წლის 26 აგვისტოს შპს „დ...მ“ და ჯ. ა-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელეებმა მოითხოვეს - ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 21 ივლისის №1032 ბრძანება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 აგვისტოს განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება თ. ფ-ა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „დ...ს“ და ჯ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს „დ...მ“ და ჯ. ა-იმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ნოემბრის განჩინებით განუხილველი დარჩა ჯ. ა-ის სააპელაციო საჩივარი გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევის გამო.
პალატამ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება აპელანტ (მოსარჩელე) ჯ. ა-ის გაეგზავნა სარჩელში მითითებულ მისამართზე - ქ. თბილისი, ყვარელის ქ. №25 და ჩაბარდა 2022 წლის 5 ოქტომბერს ჯ. ა-ის შვილს - ვ. ა-ის (პ/ნ ...), რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილ უკუგზავნილზე ვ. ა-ის ხელმოწერით (ს.ფ. 267). თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებაზე ჯ. ა-იმა სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა 2022 წლის 20 ოქტომბერს, რაც დასტურდება კონვერტზე დასმული შტამპით (ს.ფ. 271). ამასთან, ჯ. ა-ის მიერ სააპელაციო საჩივრის ხელმოწერის თარიღად მითითებულია 2022 წლის 20 ოქტომბერი (ს.ფ. 280). შესაბამისად, ჯ. ა-ის მიერ სააპელაციო საჩივარი წარდგენილია კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით, ვინაიდან გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა იწურებოდა 2022 წლის 19 ოქტომბერს (სამუშაო დღე, ოთხშაბათი), რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ნოემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს ჯ. ა-იმა და შპს „დ...მ“ (დირექტორი - დ. ბ-ი).
კერძო საჩივრის თანახმად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება 2022 წლის 5 ოქტომბერს, 20:00 საათზე ჩაბარდა ჯ. ა-ის შვილს - ვ. ა-ის, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილება მიაწოდა ჯ. ა-ის 2022 წლის 6 ოქტომბერს, დილის საათებში. იმის გათვალისწინებით, რომ ვ. ა-ი ცალკე ცხოვრობს და სტუმრად იმყოფებოდა მამის სახლში, თავად ჯ. ა-ი კი, გვიან მივიდა სახლში, მას მეორე დღეს ჩააბარეს გადაწყვეტილება. შესაბამისად, ჩაითვლება, რომ ჯ. ა-იმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მიიღო - 2022 წლის 6 ოქტომბერს და გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადაც იწყება 2022 წლის 6 ოქტომბრიდან. შესაბამისად, ჯ. ა-იმა 14 დღის ვადაში, ანუ 2022 წლის 20 ოქტომბერს წარადგინა სააპელაციო საჩივარი.
კერძო საჩივრის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული იყო, როგორც ჯ. ა-ის, ასევე შპს „დ...“ დირექტორის - დ. ბ-ის მიერ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 17 ნოემბრის განჩინებაში მეორე აპელანტი - შპს „დ...ს“ დირექტორი - დ. ბ-ი მითითებული არ არის.
ყოველივე აღნიშნულად გათვალისწინებით, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.11.2022 წ. №38/2776-22 განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 თებერვლის განჩინებით შპს „დ...ს“ (დირექტორი - დ. ბ-ი) კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ნოემბრის განჩინებაზე, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხლიველი. ამავე განჩინებით ჯ. ა-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
მოცემულ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ნოემბრის გასაჩივრებული განჩინებით განუხილველი დარჩა ჯ. ა-ის სააპელაციო საჩივარი გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევის გამო.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369.1 მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
სასამართლო შეტყობინების მხარისათვის გაგზავნისა და ჩაბარების წესი დადგენილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე კოდექსის 71.1 მუხლის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. 74.1 მუხლის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება მოსარჩელე ჯ. ა-ის გაეგზავნა მის მიერ სარჩელში მითითებულ მისამართზე ქ. თბილისი, ...ის ქ. №25 (ს.ფ. 2, 264) და ჩაბარდა ჯ. ა-ის შვილს - ვ. ა-ის (პ/ნ ...) 2022 წლის 5 ოქტომბერს, რაც დასტურდება გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე ადრესატის შვილის - ვ. ა-ის ხელმოწერით (ს.ფ. 267). აღნიშნულ ფაქტს არც კერძო საჩივრის ავტორი - ჯ. ა-ი უარყოფს. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის ის გარემოება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება ჯ. ა-ის შვილს - ვ. ა-ის ჩაბარდა 2022 წლის 5 ოქტომბერს, მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ მისამართზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო უწყების მხარისათვის გაგზავნისა და მისთვის ჩაბარებისათვის არსებითია სწორედ მხარის მიერვე მითითებული თავისი ადგილსამყოფლის განმსაზღვრელი ელემენტი - მისი მისამართი, რომელიც მხარემ მიუთითა სასამართლოში წარდგენილ დოკუმენტში და უწყების მხარისათვის გაგზავნისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარის მიერ მითითებული მისამართით. მოცემულ შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა გზავნილის მიმღები პირის - ვ. ა-ის სხვა მისამართზე ცხოვრების ფაქტს, ამასთან, საყურადღებოა, რომ ამ უკანასკნელს არც გზავნილის მიღებასას განუცხადებია, რომ იგი არ არის უფლებამოსილი პირი ჩაიბაროს ჯ. ა-ის სახელზე მისული გზავნილი. ამასთან, მართალია, 74.1 მუხლის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, თუმცა ამავდროულად, თუ არაუფლებამოსილმა პირმა რეალურად ჩაიბარა სასამართლო უწყება მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, სასამართლო უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, რადგან ასეთ შემთხვევაში, სასამართლო უწყების ჩაბარებულად მიჩნევისათვის, სამართლებრივად, გადამწყვეტი მნიშვნელობა გააჩნია სწორედ მისი ჩაბარების ფაქტის არსებობას - მხარის მიერ მითითებულ მისამართზე სასამართლო უწყების ფაქტობრივად გაგზავნისა და ჩაბარების ფაქტს, მიუხედავად იმისა, ჰქონდა თუ არა სასამართლო უწყების მიმღებ პირს, მისი მიღების მომენტში, შესაბამისი უფლებამოსილება.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ვ. ა-ის უარი არ განუცხადებია გზავნილის ჩაბარებაზე, რაც მიუთითებს მისი მხრიდან გზავნილის ჩაბარებისა და ჩაბარებაზე უფლებამოსილების დადასტურების ფაქტზე. გზავნილის მიღებით კი, ვ. ა-ის დაეკისრა სსკ-ის 74-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება - სასამართლო უწყება დაუყოვნებლივ ჩაებარებინა ადრესატისათვის. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარება - კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებულ მისამართზე, მისი შვილისთვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, ითვლება ჯ. ა-ისათვის ჩაბარებად.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში (სსკ-ის 59.1 მუხ.). სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია (სსკ-ის 59.4 მუხ.). დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (სსკ-ის 60.2 მუხ.). საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება (სსკ-ის 61.3 მუხ.).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორისთვის - ჯ. ა-ისათვის გაგზავნილი სასამართლო დოკუმენტი ჩაბარებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, 2022 წლის 5 ოქტომბერს. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორისათვის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილების სააპელაციო საჩივრით გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2022 წლის 6 ოქტომბერს და ამოიწურა 2022 წლის 19 ოქტომბრის 24:00 საათზე. ჯ. ა-იმა კი, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში შეიტანა 2022 წლის 20 ოქტომბერს (ს.ფ. 275-280), რასაც ასევე არ უარყოფს კერძო საჩივრის ავტორი. ამასთან, საყურადღებოა, რომ დოკუმენტიც 2022 წლის 20 ოქტომბერს არის შედგენილი. შესაბამისად, დარღვეულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადა. აღნიშნული კი, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნიდა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯ. ა-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჯ. ა-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე