საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
Nბს-206(კ-22) 28 დეკემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ც.ბ-ე
მესამე პირები (ასკ-ის 16.2 მუხლით) - ქ.მ-ი, გ.შ-ი, რ.კ-ა
მესამე პირები (ასკ-ის 16.1 მუხლით) - ე.ლ-ი, დ.მ-ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 26 აპრილს ც.ბ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. სარჩელის დაზუსტების შემდეგ, ც.ბ-ემ მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2001 წლის 12 აპრილის N..., 2007 წლის 4 სექტემბრის N..., 2008 წლის 23 იანვრის N..., 2008 წლის 9 ივლისის N... და 2017 წლის 27 მარტის N... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა.
მოსარჩელის განმარტებით, 1999 წლის 17 დეკემბერს, N708 მიღება-ჩაბარების აქტით გადაეცა 0,10 ჰა მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობს სოფელ ...ში. აღნიშნული მიწის ნაკვეთი, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, საჯარო რეესტრში მის სახელზე აღირიცხა 2006 წლის 7 აგვისტოს. 2016 წლის 15 ნოემბერს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია მოითხოვა. აღნიშნული განცხადების პასუხად, მარეგისტრირებელმა ორგანომ განუმარტა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი და N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის ფიქსირდებოდა ზედდება. მოსარჩელის განმარტებით, ვინაიდან იგი არ ეთანხმებოდა რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მდებარეობას, სადავო საკითხი განსახილველად გადაეცა მედიატორს, თუმცა მედიატორთან დანიშნულ შეხვედრაზე არ გამოცხადდა ზედდებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრე - ქ.მ-ი. მარეგისტრირებელი ორგანოს 2017 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით, შესაბამისი ცვლილებების რეგისტრაციის განხორციელების მიზნით, მოსარჩელეს დაევალა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა, ხოლო ამავე ორგანოს 2017 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 27 მარტის N... გადაწყვეტილებით კანონიერად იქნა მიჩნეული მარეგისტრირებელი ორგანოს 2017 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება.
მოსარჩელის განმარტებით, რამდენადაც მიღება-ჩაბარების აქტი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია, მისი არსებობა თავისთავად ადასტურებს სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების წარმოშობას ჯერ კიდევ 1999 წელს. შესაბამისი უფლების მის სახელზე არსებობას არ გამორიცხავს ის გარემოება, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაცია დროულად არ მოითხოვა. კასატორის მოსაზრებით, ვინაიდან 1999 წლის მიღება-ჩაბარების აქტით მასზე უკვე გადაცემული იყო მიწის ნაკვეთი, შეუძლებელი იქნებოდა შემდგომში იმავე მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით მიღება-ჩაბარების აქტის გაცემა სხვა პირზე. აღნიშნულის მიუხედავად, 2001 წელს რ.კ-ას სახელზე უკანონოდ იქნა გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი. შესაბამისად, უკანონოა აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე, უძრავ ნივთზე მის სახელზე განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სახელმწიფომ ხელყო ც.ბ-ის საკუთრების უფლება, ერთსა და იმავე მიწის ნაკვეთზე მიღება-ჩაბარების აქტის გაცემით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 იანვრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაერთო ქ.მ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 მარტის საოქმო განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ე.ლ-ი და დ.მ-ი. ამავე სასამართლოს 2018 წლის 16 აპრილის და 2018 წლის 15 ივნისის განჩინებებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ რ.კ-ა და გ.შ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ც.ბ-ის სარჩელი. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ც.ბ-ის სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ც.ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2001 წლის 12 აპრილის N... გადაწყვეტილება რ.კ-ას სახელზე რეგისტრაციის შესახებ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2007 წლის 4 სექტემბრის N... გადაწყვეტილება გ.შ-ის სახელზე რეგისტრაციის შესახებ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 23 იანვრის N... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 9 ივლისის N... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 27 მარტის N... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა პირველი ინსტანციის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით აღნიშნა შემდეგი:
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხისმგებელნი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამავე კანონის 23-ე მუხლის ,,ვ1“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ სარეგისტრაციო მოთხოვნა რეგისტრირებული მონაცემების იდენტურია.
სააპელაციო პალატამ მოიხმო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 15 ოქტომბრის განჩინებაში (საქმე ბს-798(2კ-19)) ჩამოყალიბებული განმარტება, იმასთან დაკავშირებით, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე უნდა გამოიკვლიოს ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა, შეადაროს სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია საარქივო ცნობასთან - ქაღალდზე შესრულებულ საკადასტრო მონაცემებთან თუ სააღრიცხვო ბარათებთან და ამონაწერებთან, დაადგინოს სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა, რათა სარწმუნოდ დაადგინოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და არ დაუშვას ერთი ნაკვეთის მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ გარდაბნის რაიონის სოფელი ...ის მიწის რეფორმის კომისიის წევრების მიერ 1999 წლის 11 დეკემბერს გაცემული N708 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, სოფელ ...ში მდებარე 1000 კვ.მ დაუზუსტებელი ფართის მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: ...) ც.ბ-ის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 2006 წლის 7 აგვისტოს, ხოლო რ.კ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2001 წლის 12 აპრილის N... გადაწყვეტილებით, გარდაბნის რაიონის სოფელ ...ის მიწის რეფორმის კომისიის წევრების მიერ 2001 წლის 10 აპრილს გაცემული N897 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, იმასთან დაკავშირებით, რომ მიწის ნაკვეთზე რ.კ-ას საკუთრების უფლების პირველადი აღრიცხვის დამაბრკოლებელი გარემოება არ არსებობდა, ვინაიდან დაუზუსტებელი მონაცემებით პირველადი რეგისტრაცია მოსარჩელის სახელზე განხორციელდა უფრო გვიან (2006 წელს), ვიდრე რ.კ-აზე (2001 წელს). სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 15 ოქტომბრის განჩინებაში (საქმე ბს-798 (2კ-19)) ჩამოყალიბებულ შემდეგ განმარტებაზე: „..საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 28 ივნისის N503 დადგენილების მეორე პუნქტის თანახმად, მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული უფლების დამდგენი დოკუმენტი - მიღება-ჩაბარების აქტი არის მიწათსარგებლობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო აქტის გაცემის ერთადერთი საფუძველი, მიღება- ჩაბარების აქტი გაიცემოდა მოქალაქის მიერ მომსახურე ორგანიზაციისათვის ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ღირებულების გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ. ხსენებული დადგენილებით დამტკიცებული მიღება-ჩაბარების აქტის ფორმის აუცილებელ რეკვიზიტს შეადგენს მონაცემები მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების შესახებ..“. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად ჩათვალა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2001 წლის 12 აპრილის N... გადაწყვეტილება რ.კ-ას სახელზე სადავო მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ, შეესაბამება იმ დროს მოქმედი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის ბრძანებულებას. შესაბამისად, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ასევე უსაფუძვლოა გ.შ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2007 წლის 4 სექტემბრის N..., 2008 წლის 23 იანვრის N... გადაწყვეტილებებისა და ქ.მ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 9 ივლისის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში. სააპელაციო პალატამ მოიხმო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ნოემბრის Nბს-231-227(კ-15) განჩინებაში ჩამოყალიბებული განმარტება, იმასთან დაკავშირებით, რომ კანონმდებლობა არ გამორიცხავს კეთილსინდისიერი შემძენის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის პარამეტრების კორექციის შესაძლებლობას. ნაკვეთის კოორდინატების დაზუსტება არ ლახავს კეთილსინდისიერი შემძენის უფლებას.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ საქმის გარემოებათა სათანადოდ გამოკვლევის შემთხვევაში, თავიდან იქნებოდა აცილებული ერთი უძრავი ნივთის მიმართ ორი ურთიერთდაპირისპირებული ჩანაწერის არსებობა. ამდენად, სადავო საკითხთან მიმართებაში, არსებობს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების აუცილებლობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.
კასატორის მოსაზრებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 27 გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და მიღებულია საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების არასწორი სამართლებრივი შეფასების შედეგად. სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები, რასაც შედეგად მოჰყვა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.
კასატორის განმარტებით, მოცემულ დავასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ მესამე პირს, მის სახელზე გაცემული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, 2001 წელს, დაუზუსტებელი მონაცემებით დაურეგისტრირდა 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი N.... მოსარჩელის სახელზე ასევე გაცემულია მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის საფუძველზეც, 2006 წელს, 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (N...) დაუზუსტებელი მონაცემებით დარეგისტრირდა მისი საკუთრების უფლება. ამდენად, ორივე მხარეს გააჩნია ერთი და იმავე სამართლებრივი მნიშვნელობის სარეგისტრაციო დოკუმენტი - მიღება-ჩაბარების აქტი. ამავდროულად, მესამე პირის რეგისტრაცია განხორციელებულია 2001 წელს, ხოლო მოსარჩელემ, მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებული უფლების რეალიზების მოთხოვნით საჯარო რეესტრს მიმართა მხოლოდ 2006 წელს.
მიწის ნაკვეთების საზღვრების გადაფარვასთან დაკავშირებით, კასატორი მიუთითებს, რომ Nბს-367-363(კ-12) საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებით, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, ახალი რეგისტრაციის განხორციელებამდე, უნდა გამოიკვლიოს ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა. ამასთანავე, მიღება-ჩაბარების აქტი საკმარისია მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის. კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, რ.კ-ას სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის დროს არ არსებობდა შესაბამის ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე სხვა პირის სახელზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერი. ამასთანავე, მაშინ და დღეს მოქმედი სარეგისტრაციო კანონმდებლობის შესაბამისად, მიღება-ჩაბარების აქტი მიიჩნევა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის განხორციელების საკმარის საფუძვლად. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მიღება-ჩაბარების აქტის გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტი ან მხარის მიერ განხორციელებული შედავება წარმოდგენილი არ არის. როგორც Nბს-367-363(კ-12) საქმეზე საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმპციიდან გამომდინარე, ითვლება, რომ პირი არის მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრე. რეგისტრაციის საფუძვლების ძალაში ყოფნის შემთხვევაში, ასევე იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზე არ არის უფლების გადასვლის ან შეწყვეტის ფაქტი, საკასაციო სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია ობიექტის სხვა მესაკუთრეზე რეგისტრაციის შესაძლებლობა. ურთიერთდაპირისპირებული ჩანაწერების არსებობასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრეა რეგისტრირებული, ვინაიდან წინმსწრები რეგისტრაციის ჩანაწერის მოქმედება გამორიცხავს შემდეგი ჩანაწერის კანონიერებას. კასატორის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულებიდან არ გამომდინარეობს 2006 წელს მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და 2001 წელს მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის იდენტურობა, გაუმართლებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, მესამე პირთა აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების უსწორობასთან დაკავშირებით.
კასატორის განმარტებით, საკადასტრო აზომვით ნახაზზე პასუხისმგებლობა ეკისრება მესაკუთრეს და მისი მითითების შესაბამისად ხორციელდება სარეგისტრაციო ობიექტის აზომვა. ამდენად, წარდგენილი განცხადების საფუძველზე გამოვლენილი ზედდება უკვე რეგისტრირებულ მონაცემებთან მიმართებაში, ჯერ კიდევ არ ადასტურებს დაინტერესებული პირის სამართლებრივ ინტერესს მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით. შესაბამისი იურიდიული ინტერესის დადასტურებაზე სწორედ მოსარჩელეა სამართლებრივი ტვირთის მატარებელი სუბიექტი. მოსარჩელის პირველადი რეგისტრაციის განხორციელებისას მარეგისტრირებელი ორგანოს როლთან მიმართებაში, კასატორი აღნიშნავს, რომ შესაბამისი რეგისტრაციის განხორციელების მიზნით, დაზუსტებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენის შემთხვევაშიც კი არ წარმოიშობოდა მოსარჩელისათვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. მესამე პირის რეგისტრირებული მონაცემების არსებობა, უფლების დამდგენი დოკუმენტების ძალაში ყოფნის პირობებში, მოსარჩელესთან მიმართებაში წარმოშობდა რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას (მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ რეგისტრირებული უფლება გამორიცხავს იმავე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების რეგისტრაციას). ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დამდგარი შედეგი არ ადასტურებს უკეთესი სამართლებრივი შედეგის მიღწევის შესაძლებლობას.
კასატორის განმარტებით, შეუძლებელია მარეგისტრირებელ ორგანოს დაეკისროს პასუხისმგებლობა იმ შეხედულებიდან გამომდინარე, რისი ცოდნაც ობიექტური გარემოებების მიხედვით, რეგისტრაციის მიღების ეტაპზე შეუძლებელია. მოცემულ შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს პასუხისმგებლობა ვერ დაეკისრება იმის გამო, რაც მოსარჩელის პასუხისმგებლობის ფარგლებში შედის. შესაბამისი პირის სახელზე გაცემული მიღება-ჩაბარების აქტის მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენა და სარეგისტრაციო მოთხოვნით ადმინისტრაციული ორგანოსადმი მიმართვა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მოქალაქის პრეროგატივაა. მოცემულ შემთხვევაში, მარეგისტრირებელ ორგანოს შესაბამისი მოთხოვნა მხოლოდ 2006 წელს წარედგინა, ანუ მას შემდეგ, რაც მესამე პირის საკუთრების უფლება 2001 წელს უკვე რეგისტრირებული იყო. ამდენად, ვიდრე არსებობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პასუხისმგებლობის გამომრიცხავი სამართლებრივი ნორმა - "საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი, შეუძლებელია, რეგისტრაციის საფუძვლის კანონსაწინააღმდეგო ხასიათის დადგენის გარეშე, სასამართლომ ბათილად ცნოს როგორც პირველადი, ისე მისი თანმდევი რეგისტრაციები. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს რევიზიის საგანი არ გამხდარა მესამე პირთა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და დღეის მდგომარეობით, ისინი ძალაშია.
კასატორი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს არ მიუთითებია ისეთ გარემოებებზე, რომლებიც კავშირში იქნებოდა მოსარჩელის მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობასთან. უფრო მეტიც, მოსარჩელის სახელზე გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი შეიცავს მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების შესახებ ინფორმაციას, რომელიც არ ემთხვევა სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავე უფლების ობიექტების მონაცემებს. გაურკვეველი რჩება სასამართლოს მოტივაცია მესამე პირთა აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობასთან მიმართებაში, ვინაიდან კანონმდებლის ცალსახა მიდგომიდან გამომდინარე, სასამართლოს მოტივაცია ამგვარი აქტების გაუქმებასთან დაკავშირებით, ყოველმხრივ დასაბუთებული უნდა იყოს. ამასთანავე, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც დადგენილია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონსაწინააღმდეგო ხასიათი, გამოკვლეულ უნდა იქნეს მხარის კანონიერი ნდობა ამგვარი აქტის მიმართ. სასამართლომ სადავო საკითხის შეფასებისას არ გაითვალისწინა, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით (საქმე Nბს-729-721(კ-16)) სამართლებრივი საფუძვლების კანონიერ ძალაში არსებობის პირობებში, საკასაციო სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია რეგისტრაციის გაბათილება. საგულისხმოა, რომ მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული რაიმე ისეთ გარემოებაზე, რომლის გამოკვლევაც სასამართლო წარმოებისას შეუძლებელია და ამგვარი გარემოების დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას წარმოადგენს.
კასატორი მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული პროცესის ინკვიზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლომ საქმის განხილვისას უნდა მოიპოვოს მტკიცებულებები, სარწმუნოდ დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მისცეს მათ სამართლებრივი შეფასება და გამოიტანოს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რამდენადაც აღნიშნული ნორმით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ ვითარებაში, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება. მოცემულ შემთხვევაში, სადავო საკითხის განხილვისას გამოვლენილი საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები საშუალებას აძლევდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, უარი ეთქვა მოსარჩელის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ არსებობდა სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კანონს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი, არასწორი შეფასებები მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს/ფაქტობრივ გარემოებებს, რასაც საქმეზე არასწორი და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების გამოტანა მოჰყვა. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ც.ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინებით დასაშვებად იქნა მიჩნეული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი და დადგინდა საქმის განხილვა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმესთან დაკავშირებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
სოფელი ...ის მოსახლეობის საერთო კრების 1992 წლის 24 მაისის გადაწყვეტილების, ...ში საკრებულოს გამგეობის 1992 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებისა (ოქმი N4) და გარდაბნის რაიონის გამგეობის 1992 წლის 31 ივლისის N118 საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე, ც.ბ-ის სახელზე 1999 წლის 11 დეკემბერს გაცემულია N708 მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, გარდაბნის რაიონის სოფელ ...ში ც.ბ-ეს გამოეყო 0,10 ჰა მიწის ნაკვეთი N905. მიღება-ჩაბარების აქტს ერთვის მიწის ნაკვეთის მოსაზღვრეობისა და ფართის ამსახველი მონაცემები (ნაკვეთის სიგრძე ორივე გვერდზე მეტრებში - 22; სიგანე ორივე გვერდზე მეტრებში - 47. ნაკვეთის მოსაზღვრეობის შესახებ ინფორმაცია: ჩრდილოეთი - გზა; სამხრეთი - გზა; აღმოსავლეთი - მ.ქ-ი; დასავლეთი - პ.დ-ი).
ც.ბ-ის მიერ 2006 წლის 7 აგვისტოს წარდგენილი განცხადების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2006 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილებით, გარდაბნის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 1000 კვ.მ დაუზუსტებელი ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების N... მიწის ნაკვეთზე აღირიცხა ც.ბ-ის საკუთრების უფლება. უფლების აღრიცხვის საფუძველი გახდა 1999 წლის 17 დეკემბერს გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი.
სოფელი ...ის საკრებულოს 1992 წლის 28 მაისის დადგენილების (ოქმი N4) საფუძველზე, რ.კ-ას სახელზე 2001 წლის 10 აპრილს გაცემულია N897 მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, გარდაბნის რაიონის სოფელ ...ში რ.კ-ას გამოეყო 0,10 ჰა მიწის ნაკვეთი N354, ერთ ნაკვეთად. მიღება-ჩაბარების აქტს ერთვის მიწის ნაკვეთის მოსაზღვრეობისა და ფართის ამსახველი მონაცემები (ნაკვეთის სიგრძე ორივე გვერდზე მეტრებში - 23; სიგანე ორივე გვერდზე მეტრებში - 44. ნაკვეთის მოსაზღვრეობის შესახებ ინფორმაცია: ჩრდილოეთი - საძოვარი; სამხრეთი - გზა; აღმოსავლეთი - ნაკვეთი N353; დასავლეთი - ნაკვეთი N355).
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2001 წლის 12 აპრილის N... გადაწყვეტილებით, 2001 წლის 10 აპრილის N897 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, გარდაბნის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 0,10 ჰა დაუზუსტებელი ფართობის მიწის ნაკვეთზე (უძრავი ქონების სარეგისტრაციო N...) აღირიცხა რ.კ-ას საკუთრების უფლება და გაცემულ იქნა სარეგისტრაციო მოწმობა.
რ.კ-ასა და გ.შ-ს შორის 2007 წლის 27 აგვისტოს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, გარდაბნის რაიონის სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 0,10 ჰა დაუზუსტებული ფართის მიწის ნაკვეთზე (უძრავი ქონების სარეგისტრაციო N...), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2007 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილებით აღირიცხა გ.შ-ის საკუთრების უფლება.
2008 წლის 22 იანვარს გ.შ-მა განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს და საჯარო რეესტრში მის სახელზე არსებულ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია მოითხოვა.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 23 იანვრის N... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა გ.შ-ის განცხადება და ...ში, სოფელ ...ში მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ მონაცემებში განხორციელდა ცვლილების რეგისტრაცია. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული ამონაწერის მიხედვით, 2007 წლის 27 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, გ.შ-ზე დაზუსტებული მონაცემებით აღრიცხულია 1001 კვ.მ ფართის N... მიწის ნაკვეთი (მდებარეობა: თბილისი, ..., სოფელი ...).
გ.შ-სა და ქ.მ-ს შორის 2008 წლის 23 ივნისს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 9 ივლისის N... გადაწყვეტილებით, ...ში, სოფელ ...ში მდებარე უძრავ ნივთზე დარეგისტრირდა ქ.მ-ის საკუთრების უფლება. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული ამონაწერის მიხედვით, ქ.მ-ის სახელზე დაზუსტებული მონაცემებით აღრიცხულია 1001 კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მდებარეობა: თბილისი, ..., სოფელი ..., ს/კ ...).
საქმეში არსებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებით, სააღსრულებო წარმოების მასალებით და საჯარო რეესტრიდან ამონაწერებით დადგენილია, რომ ქ.მ-ის საკუთრებაში არსებულ, თბილისში, ...ში, სოფელ ...ში მდებარე უძრავ ქონებაზე, 2008 წლის 25 იანვრიდან რეგისტრირებულია ე.ლ-ის იპოთეკის უფლება, ხოლო 2012 წლის 23 თებერვლიდან - დ.მ-ის იპოთეკის უფლება.
2016 წლის 15 ნოემბერს ც.ბ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, თბილისში, სოფელ ...ში მდებარე უძრავ ქონებაზე ცვლილების რეგისტრაცია მოითხოვა. განმცხადებელმა წარადგინა საკადასტრო აზომვითი ნახაზი (შესაბამისი ელექტრონული ვერსიით), ასევე თანხმობა მედიატორის/ნოტარიუსის დანიშვნის თაობაზე.
საქმეში არსებული მედიატორი ნოტარიუსის 2017 წლის პირველი თებერვლის წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ ც.ბ-ესა და ქ.მ-ს შორის დანიშნულ მედიაციის პროცესზე გამოცხადდა მხოლოდ ც.ბ-ე. შესაბამისად, მედიაციის პროცესი ვერ შედგა.
სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 21 თებერვლის N... გადაწყვეტილებით ც.ბ-ეს ეცნობა, რომ მის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ, განცხადებაზე თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა N... საკადასტრო კოდის მქონე მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში. ამდენად, დამატებით წარსადგენი იყო მიწის ნაკვეთის კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი.
სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 7 მარტის N... გადაწყვეტილებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ც.ბ-ის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 27 მარტის N... გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ც.ბ-ის 2017 წლის 24 თებერვლის N84370/17 ადმინისტრაციული საჩივარი, უცვლელად დარჩა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ 2017 წლის 21 თებერვლის N... გადაწყვეტილება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 7 მარტის N... გადაწყვეტილება, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის ინტერესი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2001 წლის 12 აპრილის N..., 2007 წლის 4 სექტემბრის N..., 2008 წლის 23 იანვრის N..., 2008 წლის 9 ივლისის N... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობასთან მიმართებაში, უკავშირდება უძრავ ნივთზე დაზუსტებული რეგისტრაციის განხორციელების მიზნით, 2016 წლის 15 ნოემბერს საჯარო რეესტრში განცხადების წარდგენისას გამოვლენილ გარემოებას - სარეგისტრაციო უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების ზედდებას ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებებით რეგისტრირებული N... მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებთან. მოსარჩელე მოთხოვნას ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო უძრავ ქონებაზე მან უფლება მოიპოვა ჯერ კიდევ 1999 წელს გაცემული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. ამასთანავე, 2006 წელს, აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, დაუზუსტებელი მონაცემებით აღირიცხა მისი საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში, თუმცა დაზუსტებული რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი, მიწის ნაკვეთის მდგომარეობის ამსახველი ნახაზის მონაცემები წინააღმდეგობაშია ზემოაღნიშნული უძრავი ნივთის რეგისტრირებულ მონაცემებთან - ფიქსირდება გადაფარვა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ დავებში რამდენიმე დაინტერესებული მხარის უფლების დაპირისპირების მიზეზი შეიძლება გახდეს ერთ-ერთი უფლების ხარვეზით რეგისტრაცია, რაც მეტწილად განპირობებულია უძრავი ქონების კადასტრული მონაცემების სხვადასხვა სისტემაში აღრიცხვით. „..რიგ შემთხვევებში ადგილი აქვს უფლების დუბლირებას, რის გამოც სამართალურთიერთობა ექცევა სასამართლო კონტროლის ფარგლებში...სასამართლოს მხრიდან მაქსიმალური სიფრთხილითა და მტკიცებულებათა ზედმიწევნითი გადამოწმებით უნდა მოხდეს საქმის გარემოებების გამოკვლევა, რათა გამოვლინდეს დაცვის ღირსი უფლება და უზრუნველყოფილ იქნეს მისი რეალიზაცია..“(სუს 24.09.2015წ. Nბს-193-189(2კ-15) განჩინება).
საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემული დავის სწორად გადაწყვეტა საჭიროებს იმ დოკუმენტაციის შეფასებას, რომლებიც არსებობდა შესაბამის ტერიტორიაზე სადავო უძრავ ნივთზე პირველადი რეგისტრაციის განხორციელებისას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ როგორც მოსარჩელის, ისე მესამე პირის - რ.კ-ას შემთხვევაში, გაცემულია მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის წარმომშობი დოკუმენტი. კერძოდ, სოფელი ...ის საკრებულოს 1992 წლის 28 მაისის დადგენილების (ოქმი N4) საფუძველზე, რ.კ-ას სახელზე 2001 წლის 10 აპრილს გაცემულ იქნა N897 მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, გარდაბნის რაიონის სოფელ ...ში რ.კ-ას გამოეყო 0,10 ჰა მიწის ნაკვეთი N354, ერთ ნაკვეთად. აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2001 წლის 12 აპრილის N... გადაწყვეტილებით, გარდაბნის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 0,10 ჰა დაუზუსტებელი ფართობის მიწის ნაკვეთზე (უძრავი ქონების სარეგისტრაციო N...) აღირიცხა რ.კ-ას საკუთრების უფლება და გაცემულ იქნა სარეგისტრაციო მოწმობა. რაც შეეხება მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლების აღრიცხვის საფუძველს - დადგენილია, რომ ც.ბ-ის საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტს ასევე წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ 1999 წლის 11 დეკემბერს გაცემული N708 მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც მას გარდაბნის რაიონის სოფელ ...ში გამოეყო 0,10 ჰა მიწის ნაკვეთი. აღნიშნული დოკუმენტი საფუძვლად დაედო 2006 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილებით, მის სახელზე საჯარო რეესტრში უძრავი ქონების დაუზუსტებელი მონაცემებით აღრიცხვას.
ამდენად, უდავოა, რომ მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას, დაუზუსტებელი სახით, საფუძვლად დაედო კანონით გათვალისწინებული დოკუმენტი. მესამე პირის სახელზე გაცემული მიწის მიღება-ჩაბარების აქტი ასევე წარმოადგენს მისთვის საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს, თუმცა იგი არ იძლევა მიწის ნაკვეთის იდენტიფიცირების საშუალებას. ამასთან, საქმეში არსებული სხვა მასალები არ იძლევა იმ გარემოების დადასტურების შესაძლებლობას, რომ სწორედ მესამე პირისათვის მიღება-ჩაბარების აქტით საკუთრების უფლებით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე განხორციელდა საკუთრების უფლების რეგისტრაცია. საქმეში არსებული დოკუმენტაციით ვერ დგინდება მესამე პირის ინტერესში არსებული მიწის ნაკვეთის მდებარეობა და მომიჯნავე მიწის ნაკვეთები. იდენტიფიცირებული არ არის მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააღრიცხვო მონაცემებს, მასში ასახული დაზუსტებული თუ დაუზუსტებელი მონაცემების მიუხედავად, იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, როგორც საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უფლებამოსილმა ადმინისტრაციულმა ორგანომ, უნდა უზრუნველყოს როგორც დაზუსტებული, ისე დაუზუსტებელი რეგისტრაციის მქონე პირების ინტერესთა დაცვა, შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა ამავე ნორმის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუზუსტებელი სახით მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია არ ნიშნავს ასეთი საკუთრების უფლების არარსებობას. ამდენად, სადავო არ არის მოსარჩელის საკუთრების უფლება, მიუხედავად იმისა, რომ იგი დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით აღირიცხა საჯარო რეესტრში 2006 წელს. მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლების აღრიცხვის დროს მოქმედი რედაქციის „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებდა უძრავი ნივთის სააღრიცხვო ბარათში დაზუსტებული ან დაუზუსტებელი ფართობის მითითებას (მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთათვის სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე დოკუმენტაციის გაფორმების რეგულირების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 28 ივნისის N503 დადგენილების მეორე პუნქტის შესაბამისად, მიწის მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენდა მიწათსარგებლობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო აქტის გაცემისა და საცხოვრებელი სახლის დაპროექტება-მშენებლობის ერთადერთ საფუძველს. ამასთანავე, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის N327 ბრძანებულების მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-5 პუნქტის შესაბამისად, მიწის მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის, საკუთრების უფლების დამადასტურებელი სარეგისტრაციო მოწმობის მომზადებისა და გაცემისათვის საკმარის დოკუმენტს, თუმცა რეგისტრირებული მონაცემები ექვემდებარებოდა შემდგომ აუცილებელ დაზუსტებას მიწის აგეგმვის შედეგად შედგენილი საგეგმო-კარტოგრაფიული მასალების საფუძველზე. ამდენად, სასოფლო-სამეურნეო მიწების განაწილებისას გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი, მესაკუთრისა და მიწის მიახლოებით მდებარეობაზე ინფორმაციას მოიცავდა. იმ პერიოდისათვის, არ იყო გათვალისწინებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის შედგენა ელექტრონულ კოორდინატთა სისტემაში. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ს განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის ფარგლებში ჩატარებული საკადასტრო სამუშაოების საფუძველზე, სისტემური რეგისტრაციის მიზნით, არაერთხელ განხორციელდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების პირველადი რეგისტრაციის (საკადასტრო სამუშაოები, რეგისტრაცია, საკუთრების დამადასტურებელი სერტიფიკატების გაცემა) უზრუნველყოფა და შესაბამისი შედეგების ასახვა გრაფიკულ მონაცემებში (გეგმები, რუკები), საკვლევი ობიექტური სინამდვილის გადმოცემა რუკის მეშვეობით. საქართველოში 1998 წლიდან მოქმედებს „გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ” კანონი, რომლის მიზანია სახელმწიფოს, ფიზიკური და იურიდიული პირების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება გეოდეზიურ მონაცემებსა და კარტოგრაფიულ პროდუქციაზე. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობა მოიცავს სახელმწიფო ტოპოგრაფიული რუკებისა და გეგმების გრაფიკული (მყარ საფუძველზე), ციფრული და სხვა ფორმით შექმნას, განახლებას და გამოცემას, ხოლო მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სფეროში თავის საქმიანობას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეშვეობით. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ც.ბ-ის სახელზე გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი ადასტურებს შესაბამისი ფართობის მიწის ნაკვეთის ნამდვილად გამოყოფას მოსარჩელისათვის.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, „გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრს უნდა გამოეკვლია დოკუმენტაცია, რომლითაც შეიძლებოდა დადასტურებულიყო სადავო უძრავ ნივთზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო ნომრის, საზღვრების, გეოგრაფიული ადგილმდებარეობის, საზღვრების დადგენისათვის აუცილებელი სიტუაციური და გეოდეზიურ-ტოპოგრაფიული მაჩვენებლების შემცველი „ყვითელი ფენის“ არსებობა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული დოკუმენტაციის სათანადოდ გამოკვლევის შედეგად, მოსარჩელის ინტერესში შემავალი უძრავი ნივთის მდებარეობის კავშირის დადასტურება მესამე პირის სახელზე დარეგისტრირებული უძრავი ნივთის მდებარეობასთან, წარმოშობდა მესამე პირის სახელზე განხორციელებული პირველადი რეგისტრაციის კანონიერების შეფასების აუცილებლობას. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო, სრულფასოვნად გამოეყენებინა მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და გადაწყვეტილება მიეღო დაინტერესებულ მხარეთა მოსმენისა და კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ეჭქვეშ არ დგას მესამე პირების საკუთრების უფლებრივი საკითხი, შესაბამისად, ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე, მიწის ნაკვეთის კოორდინატთა კორექტირებით, დაცული უნდა იქნას ყველა მესაკუთრის, და მათ შორის, ც.ბ-ის ინტერესი. მიწა საკუთრებაში შეიძლება იყოს, როგორც დაზუსტებული, ისე დაუზუსტებელი მონაცემებით და სააღრიცხვო მონაცემებს იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია. განსახილველ შემთხვევაში დასტურდება, რომ ც.ბ-ის საკუთრების უფლება სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთზე 2006 წლიდან საჯარო რეესტრშია აღრიცხული, ამასთანავე, რეგისტრაცია სადავოდ არ გამხდარა და ძალაშია. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკუთრება არის ფაქტი და დაუშვებელია ბუნებაში მისი აბსტრაქტული სახით არსებობა. საკითხის სხვაგვარი გადაწყვეტა შელახავს სამართლებრივ უსაფრთხოებას, შექმნის მდგომარეობას, როდესაც პირი არის საკუთრების მატარებელი თუმცა არ გააჩნია საკუთრების უფლების ობიექტი, რაც ეწინააღმდეგება საკუთრების უფლების არსს, რადგან არ არსებობს საკუთრება ამ უფლების ობიექტისაგან დამოუკიდებლად. ც.ბ-ის სახელზე იარსებებს რეგისტრირებული უფლება ქონებაზე, ხოლო თავად ქონება ანუ უფლების ობიექტი სახეზე არ იქნება, რაც მესაკუთრის უფლებიდან და სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე დაუშვებელია. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემის შეცვლა ტექნიკური საკითხია და მას არ უნდა ეწირებოდეს რესტრში ასახული უფლებები, რეგისტრაციის ახალი სისტემის დანიშნულება სანივთო უფლებების უკეთესი დაცვაა და არა საკუთრების უფლების შეზღუდვა. ახალი კოორდინატთა სისტემის შემოღება არ უნდა იწვევდეს ფორმალური პროცედურების შესრულების შედეგად მესაკუთრეზე უკვე რეგისტრირებული საკუთრების უფლების გაუქმებას, თუმცა დაუზუსტებელი რეგისტრაციის არსებობა არ გამორიცხავს ნაკვეთის საზღვრების კორექტირების შესაძლებლობას.(სუს 22.11.2018წ. Nბს-718-710(კ-15) განჩინება)
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. კონკრეტული გარემოებების გამოკვლევა და შეფასება შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას უნდა წარმოადგენდეს. „..საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება..“ (სუს 13.12.2018წ. Nბს-681-681(კ-18) გადაწყვეტილება). საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, სადავო აქტებთან მიმართებაში, შეუძლებელია ფაქტობრივი გარემოებების სასამართლო წარმოების ფარგლებში დადგენა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორ მსჯელობას შეიცავს, დავის გადაწყვეტის მიზნით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2001 წლის 12 აპრილის N..., 2007 წლის 4 სექტემბრის N..., 2008 წლის 23 იანვრის N... და 2008 წლის 9 ივლისის N... გადაწყვეტილებების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის შესახებ, ვინაიდან სახეზეა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიერ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის აუცილებლობა;
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. შესაბამისად, არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე