საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-684(3კ-3კს-უს-22) 3 ნოემბერი, 2022 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები, კერძო საჩივრების ავტორები (მოპასუხეები) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; აბაშის მუნიციპალიტეტის მერია; სს „ს...“
მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - ლ.ქ-ა, ლუ.ქ-ა, მ.მ-ა, ვ.ჯ-ა, ლა.ქ-ა, თ.მ-ა, მ.ს-ა, მა.მ-ა, გ.გ-ა, ვ.გ-ა, მ.გ-ა, გ.ს-ა, ა.კ-ა, მ.კ-ა, ზ.კ-ა
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება, სარჩოს დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
კერძო საჩივრების ფარგლებში გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 25 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
აღწერილობითი ნაწილი:ლ.ქ-ამ, ლუ.ქ-ამ, მ.მ-ამ, ვ.ჯ-ამ, ლა.ქ-ამ, თ.მ-ამ, მ.ს-ამ, მა.მ-ამ, გ.გ-ამ, ვ.გ-ამ, მ.გ-ამ, ნ.ს-ამ, მ.ფ-ამ, ვ.ა-ამ, ლ.მ-ამ, გ.ს-ამ, ს.ა-ამ, ჟ.ს-ამ, ზ.კ-ამ, მ.კ-ამ, ა.კ-ამ, მ.კ-ამ და გ.ს-ამ 2017 წლის 30 ნოემბერს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების: სს „ს...ის“, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ და მოსარჩელეთა და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შედეგად, მოპასუხეებისაგან სოლიდარულად მოითხოვეს: 1. მარჩენალდაკარგული არასრულწლოვანი მოსარჩელეების - ლ.ქ-ას, ლუ.ქ-ას და ა.კ-ას სასარგებლოდ, მამების გარდაცვალების გამო, ყოველთვიური სარჩოს ანაზღაურება 2015 წლის 2 იანვრიდან სრულწლოვანებამდე, თითოეულისათვის ყოველთვიურად 2000 ლარის ოდენობით; 2. სატრანსპორტო საშუალების არასწორი ექსპლუატაციით გამოწვეული დასახიჩრებით ან/და ჯანმრთელობის მოშლით მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება მოსარჩელეების - მ.მ-ას სასარგებლოდ 3000 ლარის, ვ.გ-ას სასარგებლოდ 3000 ლარის, გ.გ-ას სასარგებლოდ 3000 ლარის, გ.ს-ას სასარგებლოდ 3000 ლარის, ვ.ჯ-ას სასარგებლოდ 1000 ლარის, ლ.მ-ას სასარგებლოდ 1000 ლარის, მ.ს-ას სასარგებლოდ 1000 ლარის, მა.მ-ას სასარგებლოდ 500 ლარის, მ.გ-ას სასარგებლოდ 500 ლარის და ნ.ს-ას სასარგებლოდ 500 ლარის ოდენობით; 3. სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციით გამოწვეული ადამიანების სიკვდილით მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება მოსარჩელეების - თ.მ-ას სასარგებლოდ 1000 ლარის, ლ.ქ-ას სასარგებლოდ 1000 ლარის, ლუ.ქ-ას სასარგებლოდ 1000 ლარის, მ.მ-ას სასარგებლოდ 1000 ლარის, ვ.ჯ-ას სასარგებლოდ 1000 ლარის, მ.ს-ას სასარგებლოდ 500 ლარის, ნ.ს-ას სასარგებლოდ 500 ლარის, ჟ.ს-ას (უფლებამონაცვლე გ.ს-ა) სასარგებლოდ 500 ლარის, გ.ს-ას სასარგებლოდ 500 ლარის, ა.კ-ას სასარგებლოდ 1000 ლარის, მ.კ-ას სასარგებლოდ 1000 ლარის, გ.ს-ას სასარგებლოდ 1000 ლარის, ზ.კ-ას სასარგებლოდ 1000 ლარის და მ.კ-ას სასარგებლოდ 1000 ლარის ოდენობით; 4. დასახიჩრებით ან/და ჯანმრთელობის მოშლით მიყენებული მატერიალური ზიანის (მათ შორის, მკურნალობისთვის საჭირო თანხების) ანაზღაურება მოსარჩელეების - მ.მ-ას სასარგებლოდ 21394 ლარის ოდენობით; 5. გარდაცვლილი პირების დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება მოსარჩელეების - ვ.ჯ-ას, მ.მ-ასა და ლა.ქ-ას სასარგებლოდ 5000 ლარის, გ.ს-ას, ზ.კ-ასა და მ.კ-ას სასარგებლოდ - 5000 ლარის და ჟ., გ., მ. და ნ.ს-ების სასარგებლოდ - 5000 ლარის ოდენობით. სარჩელის მიხედვით, 2015 წლის 2 იანვარს თ.მ-ა ოჯახის წევრებსა და ნათესავებთან ერთად, მისი მართვის ქვეშ მყოფი, სხვისი კუთვნილი მიკროავტობუსით გადაადგილდებოდა აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე ...ის გადასასვლელზე, რა დროსაც აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებას შეეჯახა ელექტრომატარებელი. შეჯახების შედეგად, ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღეს თ.მ-ას მართვის ქვეშ მყოფ სატრანსპორტო საშუალებაში მსხდომმა მოსარჩელეებმა - ლ.ქ-ამ, ლუ.ქ-ამ, მ.მ-ამ, ვ.ჯ-ამ, ლა.ქ-ამ, თ.მ-ამ, მ.ს-ამ, მა.მ-ამ, გ.გ-ამ, ვ.გ-ამ, მ.გ-ამ, გ.ს-ამ. შეჯახების შედეგად გარდაიცვალნენ იმავე სატრანსპორტო საშუალებაში მყოფი - ლ.ქ-ა, ბ.ს-ა და ზ.კ-ა.
მოსარჩელეთა მოსაზრებით, საავარიო შემთხვევა გამოწვეული იყო დაუცველი სარკინიგზო გადასასვლელით, სადაც მოცემული მომენტისთვის „შლაგბაუმი“ არ ფუნქციონირებდა. შედეგად, მოსარჩელეებმა მიიღეს გამოუსწორებელი ზიანი, რის გამოც მოითხოვეს სატრანსპორტო საშუალების არასწორი ექსპლოატაციით გამოწვეული, დასახიჩრებით ან/და ჯანმრთელობის მოშლით მიყენებული, მორალული და მატერიალური ზიანის ანაზღაურება, ასევე არასრულწლოვანთათვის სარჩოს დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 ოქტომბრის სხდომაზე დაზუსტდა მოპასუხე მხარე და საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ნაცვლად მოპასუხე მხარედ დასახელდა საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 თებერვლის საოქმო განჩინებით შეჩერდა მოცემული ადმინისტრაციული საქმის წარმოება მოსარჩელე ჟ.ს-ას გარდაცვალების გამო, მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 ნოემბრის განჩინებით მოცემულ ადმინისტრაციულ საქმეზე განახლდა საქმის წარმოება; მოსარჩელე - გარდაცვლილი ჟ.ს-ას უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მისი კანონისმიერი მემკვიდრე - გ.ს-ა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 დეკემბრის განჩინებით განუხილველად დარჩა ს.ა-ას სასარჩელო მოთხოვნა სარჩელის გამოხმობის გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 15 იანვრის განჩინებით სარჩელის გამოხმობის გამო განუხილველად დარჩა მოსარჩელეების - ვ.ა-ასა და მ.ფ-ას სასარჩელო მოთხოვნები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 ივნისის განჩინებით სარჩელის გამოხმობის გამო განუხილველად დარჩა ასევე მოსარჩელეების - ნ.ს-ას, გ.ს-ასა და ლ.მ-ას სასარჩელო მოთხოვნები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 ივნისის განჩინებით მოსარჩელე გარდაცვლილი მ.კ-ას უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნენ მისი მემკვიდრე, შვილი - ზ.კ-ა და კანონისმიერი მემკვიდრე, შვილიშვილი - მ.კ-ა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ.ქ-ას, ლუ.ქ-ას, მ.მ-ას, ვ.ჯ-ას, ლა.ქ-ას, თ.მ-ას, მ.ს-ას, მა.მ-ას, გ.გ-ას, ვ.გ-ას, მ.გ-ას, გ.ს-ას, ზ.კ-ას, მ.კ-ას, ა.კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეებს - სს „...ას“, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აბაშის მუნიციპალიტეტის მერიას სოლიდარულად დაევალათ: მარჩენალდაკარგული არასრულწლოვანი მოსარჩელეების - ლ.ქ-ას, ლუ.ქ-ას და ა.კ-ას სასარგებლოდ, მამების გარდაცვალების გამო, ყოველთვიური სარჩოს ანაზღაურება 2015 წლის 2 იანვრიდან სრულწლოვანებამდე, თითოეულისთვის ყოველთვიურად 600-600 ლარის ოდენობით; სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის გამო ჯანმრთელობის დაზიანებით მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება მოსარჩელეების - ლ.ქ-ას სასარგებლოდ - 5000 ლარის, ლუ.ქ-ას სასარგებლოდ 5000 ლარის, მ.მ-ას სასარგებლოდ 25000 ლარის, ვ.ჯ-ას სასარგებლოდ 7000 ლარის, თ.მ-ას სასარგებლოდ 7000 ლარის, მ.ს-ას სასარგებლოდ 3000 ლარის, მა.მ-ას სასარგებლოდ 5000 ლარის, გ.გ-ას სასარგებლოდ 7000 ლარის, ვ.გ-ას სასარგებლოდ 7000 ლარის, მ.გ-ას სასარგებლოდ 7000 ლარის, გ.ს-ას სასარგებლოდ 7000 ლარის ოდენობით; სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის გამო ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება მოსარჩელეების - ლ.ქ-ას სასარგებლოდ 2000 ლარის, ლუ.ქ-ას სასარგებლოდ 2000 ლარის, მ.მ-ას სასარგებლოდ 25000 ლარის, ვ.ჯ-ას სასარგებლოდ 25000 ლარის, თ.მ-ას სასარგებლოდ 7000 ლარის, მ.ს-ას სასარგებლოდ 3000 ლარის, მა.მ-ას სასარგებლოდ 3 000 ლარის, გ.გ-ას სასარგებლოდ 3000 ლარის, ვ.გ-ას სასარგებლოდ 7000 ლარის, მ.გ-ას სასარგებლოდ 7000 ლარის, გ.ს-ას სასარგებლოდ 7000 ლარის ოდენობით; სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის გამო გარდაცვლილი პირების დაკრძალვისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება მ.მ-ას, ვ.ჯ-ას და ლა.ქ-ას სასარგებლოდ 10 000 ლარის, გ.ს-ას და ზ.კ-ას სასარგებლოდ 10 000 ლარის და მ.ს-ას სასარგებლოდ 10 000 ლარის ოდენობით. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
მოსარჩელეებმა 2021 წლის 15 ოქტომბერს განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და ამავე სასამართლოს 2021 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელეთა შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა დამატებითი გადაწყვეტილების მიღების შესახებ მოსარჩელეთა შუამდგომლობა სასამართლოს გარეშე პროცესის ხარჯის ანაზღაურების თაობაზე; სს „...ას“, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელეთა სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ: სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით ადვოკატის მომსახურებისთვის გადახდილი 2000 ლარის ანაზღაურება, ასევე მინდობილობების, დავალების ხელშეკრულების ხარჯის ანაზღაურება 157 ლარის ოდენობით; სარჩელის სასამართლოში წარდგენის, საქმის განხილვისას მოსარჩელეებისა და მისი წარმომადგენლების სასამართლო სხდომაზე გამოცხადების უზრუნველსაყოფად, სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების მიზნით გადაადგილების გამო ტრანსპორტირებაზე გაღებული ხარჯის - 100 ლარის მოსარჩელისათვის ანაზღაურება; საქმის განხილვის უზრუნველსაყოფად პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელის, წერილობითი განცხადებების, წერილობითი შუამდგომლობების მომზადებაზე დახარჯული ცელულოზის ქაღალდის ფურცლებისათვის - 212.45 ლარის ანაზღაურება; საქმეზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების სააღსრულებო ორგანოში აღსრულების უზრუნველსაყოფად სააღსრულებო ხარჯის ანაზღაურება - 200 ლარის ოდენობით; სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურებისათვის გაწეული საექსპერტო მომსახურების ხარჯის ანაზღაურება - 251 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება, ამავე სასამართლოს 2021 წლის 12 ოქტომბრის დამატებითი გადაწყვეტილება და 2021 წლის 16 თებერვლის საოქმო განჩინება მხარეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ სააპელაციო საჩივრების განხილვისას ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე, კერძოდ, 2019 წლის 17 დეკემბერს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე წარადგინა დაზუსტებული სარჩელი შემცირებული სასარჩელო მოთხოვნებით, თუმცა საქალაქო სასამართლომ იმსჯელა თავდაპირველი სარჩელის ფარგლებში. ამდენად, სააპელაციო პალატამ ახალი გადაწყვეტილების მიღების არგუმენტად მიუთითა სააპელაციო საჩივრებზე დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნების ფარგლებში მსჯელობა. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით ლ.ქ-ას, ლუ.ქ-ას, მ.მ-ას, ვ.ჯ-ას, ლა.ქ-ას, თ.მ-ას, მ.ს-ას, მა.მ-ას, გ.გ-ას, ვ.გ-ას, მ.გ-ას, გ.ს-ას, ა.კ-ას, მ.კ-ას, ზ.კ-ას, სს ,,ს...ს“ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 ოქტომბრის დამატებითი გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს - სს „ს...ს“, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და აბაშის მუნიციპალიტეტის მერიას სოლიდარულად დაეკისრათ მარჩენალდაკარგული არასრულწლოვანი მოსარჩელეების - ლ.ქ-ას, ლუ.ქ-ას და ა.კ-ას სასარგებლოდ, მამის გარდაცვალების გამო, ყოველთვიური სარჩოს ანაზღაურება 2015 წლის 2 იანვრიდან სრულწლოვანებამდე, თითოეულისათვის ყოველთვიურად 2000-2000 ლარის ოდენობით; მათვე დაეკისრათ: სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის გამო ჯანმრთელობის დაზიანებით მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება მოსარჩელეების მ.მ-ას სასარგებლოდ 3000 ლარის, ვ.გ-ას სასარგებლოდ 3000 ლარის, გ.გ-ას სასარგებლოდ 3000 ლარის, გ.ს-ას სასარგებლოდ 3000 ლარის, ვ.ჯ-ას სასარგებლოდ 1000 ლარის, მ.ს-ას სასარგებლოდ 1000 ლარის, მა.მ-ას სასარგებლოდ 500 ლარის, მ.გ-ას სასარგებლოდ 500 ლარის ოდენობით; სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციით გამოწვეული შემთხვევის გამო ადამიანის გარდაცვალებით მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება მოსარჩელეების - თ.მ-ას სასარგებლოდ 1000 ლარის, ლ.ქ-ას სასარგებლოდ 1000 ლარის, ლუ.ქ-ას სასარგებლოდ 1000 ლარის, მ.მ-ას სასარგებლოდ 1000 ლარის, ვ.ჯ-ას სასარგებლოდ 1000 ლარის, ლა.ქ-ას სასარგებლოდ 1000 ლარის, მ.ს-ას სასარგებლოდ 500 ლარის, ა.კ-ას სასარგებლოდ 1000 ლარის, მ.კ-ას სასარგებლოდ 1000 ლარის, გ.ს-ას სასარგებლოდ 1000 ლარის ოდენობით, ზ.კ-ას სასარგებლოდ 1000 ლარის, მ.კ-ას უფლებამონაცვლეების - მ.კ-ას და ზ.კ-ას სასარგებლოდ 1000 ლარის ოდენობით; დასახიჩრების ან/და ჯანმრთელობის მოშლით მიყენებული მატერიალური ზიანისთვის/მკურნალობისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურება მ.მ-ას სასარგებლოდ 21394 ლარის ოდენობით; გარდაცვლილი პირების დაკრძალვისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება მ.მ-ას, ვ.ჯ-ას და ლა.ქ-ას სასარგებლოდ 5000 ლარის ოდენობით, გ.ს-ას, ზ.კ-ას და მ.კ-ას უფლებამონაცვლეების მ.კ-ას და ზ.კ-ას სასარგებლოდ 5000 ლარის ოდენობით, მ.ს-ას სასარგებლოდ 5000 ლარის ოდენობით; იმავე მოპასუხეებს მოსარჩელეთა სასარგებლოდ, სოლიდარულად დაევალათ სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით ადვოკატის მომსახურებისთვის გადახდილი 2000 ლარის ანაზღაურება, ასევე მინდობილობების, დავალების ხელშეკრულების ხარჯის ანაზღაურება - 157 ლარის ოდენობით; სარჩელის სასამართლოში წარდგენის, საქმის განხილვისას მოსარჩელეებისა და მისი წარმომადგენლების სასამართლო სხდომაზე გამოცხადების უზრუნველსაყოფად, სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების მიზნით გადაადგილების გამო ტრანსპორტირებაზე გაღებული ხარჯის - 100 ლარის ანაზღაურება; საქმის განხილვის უზრუნველსაყოფად პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელის, წერილობითი განცხადებების, წერილობითი შუამდგომლობების მომზადებაზე დახარჯული ცელულოზის ქაღალდის ფურცლებისათვის 212.45 ლარის ანაზღაურება; საქმეზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების სააღსრულებო ორგანოში აღსრულების უზრუნველსაყოფად სააღსრულებო ხარჯის ანაზღაურება 200 ლარის ოდენობით; სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურებისათვის გაწეული საექსპერტო მომსახურების ხარჯის - 251 ლარის ანაზღაურება; ამავე გადაწყვეტილებით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 თებერვლის საოქმო განჩინება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 მარტის განჩინებით გაუქმდა სს „ს...ისა“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ კერძო საჩივრის ფარგლებში გასაჩივრებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 ოქტომბრის განჩინება, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ.
მოსარჩელეებმა 2022 წლის 25 მაისს განცხადებით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვეს 2022 წლის 22 მარტის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მაისის განჩინებით მოთხოვნა დაკმაყოფილდა და დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით, ხოლო ამავე პალატის 2022 წლის 25 მაისის განჩინება (დაუყოვნებლივ აღსასრულებად მიქცევის შესახებ) კერძო საჩივრებით გაასაჩივრეს სს „ს...მ“, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და აბაშის მუნიციპალიტეტის მერიამ.
კასატორის - სს „ს...ის“ მითითებით, „სარკინიგზო გადასასვლელების მოწყობისა და მომსახურების ინსტრუქციის“ 2.2.1. პუნქტის მიხედვით, მატარებელთა და ავტომანქანების მოძრაობის ინტენსივობის გათვალისწინებით, რკინიგზის გადასასვლელი 2015 წლის 2 იანვრისათვის წარმოადგენდა მე-4 კლასის კატეგორიის დაუცველ გადასასვლელს, ამიტომ არ იყო აღჭურვილი სიგნალიზაციის მოწყობილობებითა და შლაგბაუმით და არც მორიგე ემსახურებოდა. ინსტრუქციის 3.9 პუნქტის თანახმად, არარეგულირებად (დაუცველ) გადასასვლელზე დგება საგზაო გამაფრთხილებელი ნიშანი, რაც შემთხვევის ადგილზე დაყენებული იყო. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა ისეთი უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებები, როგორიცაა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რომელშიც მითითებულია, რომ შეჯახების ადგილზე, სოფელ ...ის სასოფლო გზიდან მარჯვენა მხარეს დგას „სტოპ“ ნიშანი, რომელსაც ასევე აქვს მეორე საგზაო ნიშანი - „უშლაგბაუმო რკინიგზის გადასასვლელი“; ასევე უგულებელყოფილია შსს ...ის საექსპერტო - კრიმინალისტიკური სამსახურის 2015 წლის 16 აპრილის №... საექსპერტო დასკვნა, რომელშიც მკაფიოდ წერია, რომ გადასასვლელის წინ არსებული საგზაო ნიშნების გათვალისწინების შემთხვევაში, მძღოლს შეეძლო ავარიის თავიდან აცილება, რითაც უდავოდ დასტურდება, რომ უსაფრთხოების გონივრული სტანდარტი დაცული იყო. სააპელაციო სასამართლომ შეფასება არ მისცა აგრეთვე სხვა წერილობით მტკიცებულებებს, კერძოდ, სენაკის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ განაჩენს, რომითაც უბედური შემთხვევის გამო მოსარჩელე თ.მ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ, ხოლო ...ის თანამშრომელთა მიერ მოძრაობის წესების დარღვევა არ დადგენილა.
რაც შეეხება მარჩენალდაკარგული პირების მიმართ სარჩოს დაკისრების ოდენობის კანონიერებას, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას აღნიშნულთან დაკავშირებით არ გაუთვალისწინებია დადგენილი სასამართლო პრაქტიკა, რომლის თანახმად, მარჩენალის გარდაცვალების შემთხვევაში მის კმაყოფაზე მყოფ პირებს სარჩო მიეცემათ შემდეგი გაანგარიშებით: გარდაცვლილი მარჩენალის ხელფასი/შემოსავალი გაიყოფა გარდაცვლილის ჩათვლით ყველა იმ პირის ოდენობაზე, ვისაც ეკუთვნის ზიანის ანაზღაურება, რაც მოცემულ შემთხვევაში არასწორადაა გაანგარიშებული.
კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მიუთითებს იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში და დამატებით აღნიშნავს, რომ სარკინიგზო გადასასვლელების, ნებისმიერი საავტომობილო, სარკინიგზო თუ შიდაუწყებრივი გზების მოწყობა საგზაო თუ სხვა ნიშნებით, არ შედის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ფუნქციებში. შესაბამისად, გაუგებრად მიაჩნია სასამართლოს მსჯელობა თუ რომელ საზედამხედველო ფუნქციის ჯეროვნად განუხორციელებლობას ჰქონდა ადგილი სამინისტროს მხრიდან. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა მოპასუხეებთან ერთად დააკისრა როგორც მორალური, ისე მატერიალური ზიანის ანაზღაურება იმ ფუნქციების განუხორციელებლობის გამო, რაც რეალურად არ შედიოდა სამინისტროს ფუნქცია-მოვალეობებში.
კასატორი, სამინისტროს ბრალეულობის დადგენის შემთხვევაში, არ ეთანხმება ზიანისა და სარჩოს ოდენობას და იმ ხარჯებს, რაც განსაზღვრა სააპელაციო სასამართლომ თითოეული მოსარჩელისათვის. კასატორი მიიჩნევს, რომ მოსარჩელეებისთვის ზიანის სახით თანხის დაკისრება, ერთი მხრივ, მოკლებულია სამართლებრივ საფუძვლებს, მეორე მხრივ, არაგონივრული და გადაჭარბებულია. ამასთანვე, კასატორი აღნიშნავს, რომ საადვოკატო მომსახურება, თავისი არსით მოიცავს ასევე ყველა ამ დანახარჯის გაწევის ვალდებულებას. ამდენად, აღნიშნული ხარჯები საადვოკატო მომსახურების ხარჯში მოიაზრებოდა და მათი ცალკე, სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით ანაზღაურების საფუძველი არ არსებობდა.
კასატორის - აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ, „დაუცველი“ რკინიგზის გადასასვლელი წარმოაჩინა „დაცულ“ კატეგორიის გადასასვლელად, რომელიც არ იყო უზრუნველყოფილი ასეთი გადასასვლელებისთვის აუცილებელი აღჭურვილობით; გადასასვლელზე თითქოს არსებობდა „შლაგბაუმი“, რომელიც დაზიანების გამო არ მუშაობდა; გადასასვლელზე არ არსებობდა განათება. აღსანიშნავია, რომ მე-4 კატეგორიის „დაუცველი“ რკინიგზის გადასასვლელისთვის „ინსტრუქციის“ თანახმად, განათება სავალდებულო არ არის, თუ იქ არ არსებობს გრძივი ელმომარაგების ხაზები. ამ და სხვა გარემოებებზე მითითებით, კასატორი მიიჩნევს, რომ საქმეზე დადასტურებული გარემოებები იძლევა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მაისის განჩინება, რომლითაც დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა შუამდგომლობა და დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება, კერძო საჩივრებით გაასაჩივრეს კასატორებმა - სს „ს...მ“, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიამ და დასახელებული განჩინების გაუქმება მოითხოვეს.
კერძო საჩივრების მიხედვით, სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით გადაწყვიტა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი, თუმცა სასამართლომ განჩინება მიიღო ყოველგვარი განსჯისა და შეფასების გარეშე, ყურადღება არ გაამახვილა უფლებათა შეპირისპირების შედეგად თანაზომიერებასა და პროპორციულობის ელემენტებზე. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საკასაციო სასამართლოს მხრიდან გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში გართულდება აღსასრულებელი გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული ფინანსური ვალდებულებების უკან დაბრუნების პროცედურები, რაც დააზარალებს სახელმწიფო ბიუჯეტს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივნისის, 27 ივნისისა და 11 ივლისის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სს „ს...ის“, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივნისის, 27 ივნისისა და 11 ივლისის განჩინებებით წარმოებაში იქნა ასევე მიღებული სს „ს...ის“, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივრები.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიჩნევს, რომ სს „ს...ის“, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივრებში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ დავაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელეთა სასარგებლოდ მოპასუხეებისათვის მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებისა და მარჩენალდაკარგული არასრულწლოვანებისათვის სარჩოს დაკისრების წინაპირობების არსებობა, ასეთი წინაპირობების არსებობის დადასტურების შემთხვევაში კი - ასანაზღაურებელი ზიანისა და სარჩოს ოდენობა. ამასთანავე შესაფასებელია კასატორის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოცემულ საქმეში სათანადო მოპასუხედ მიჩნევის საკითხი, ვინაიდან კასატორი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ერთ-ერთ არგუმენტად სწორედ აღნიშნულ გარემოებას ასახელებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
განსახილველ შემთხვევაში სარჩელი ეფუძნება მოპასუხეების მიერ მოსარჩელეებისთვის მორალური და მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტს, რაც გამოიხატა საავარიო შემთხვევის დროს სარკინიგზო გადასასვლელის დაუცველობაში. საქმის მასალების მიხედვით, 2015 წლის 2 იანვარს თ.მ-ა ოჯახის წევრებსა და ნათესავებთან ერთად, მისი მართვის ქვეშ მყოფი, სხვისი კუთვნილი მიკროავტობუსით გადაადგილდებოდა აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე ...ის გადასასვლელზე, რა დროსაც აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებას შეეჯახა ელექტრომატარებელი. შეჯახების შედეგად ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღეს თ.მ-ას მართვის ქვეშ მყოფ სატრანსპორტო საშუალებაში მსხდომმა მოსარჩელეებმა. აღნიშნულ შემთხვევას ემსხვერპლა იმავე სატრანსპორტო საშუალებაში მყოფი სამი პირი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლის თანახმად, ადამიანის სიცოცხლე და ფიზიკური ხელშეუხებლობა დაცულია. ამასთან, სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 ნაწილით. კონსტიტუციის მითითებული მუხლის დანაწესის დეტალური საკანონმდებლო მოწესრიგება მოცემულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და სამოქალაქო კოდექსის შესაბამის ნორმებში.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებას უკავშირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს. ამავე კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
რაც შეეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველ ნაწილს, განმარტებულია, რომ მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი. ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს იმ განმარტებას, რომ სატვირთო სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად, პირის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ვნების გამო, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოიშობა მფლობელის ბრალის მიუხედავად, რაც მითითებული ნორმის თავისებურ ხასიათს განაპირობებს.
ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მიყენებული ზიანი შესაბამისმა სახელმწიფო დაწესებულებამ უნდა აანაზღაუროს სრულად. ამასთან, ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის უნდა დადასტურდეს ნორმატიულად განსაზღვრული შემდეგი წინაპირობების კუმულატიურად არსებობა: სახელმწიფო ორგანოს თანამშრომლის ქმედების უკანონობა; პირისთვის ზიანის მიყენება; მიზეზშედეგობრივი კავშირის არსებობა დამდგარ შედეგსა და სახელმწიფო ორგანოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის, ასევე, სახელმწიფო მოსამსახურის ბრალეულობა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სწორედ ამიტომ, განსახილველი დავის ფარგლებში უნდა შეფასდეს საავარიო შემთხვევის შექმნის პროცესში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოებსა და პირთა გარდაცვალებას შორის კავშირის არსებობა, ორგანოების მხრიდან კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების განზრახ ან გაუფრთხილებლად შეუსრულებლობის (უმოქმედობის) ფაქტი და დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი მოპასუხედ დასახელებული ადმინისტრაციული ორგანოების უმოქმედობას/არასათანადო მოქმედებასა და მოსარჩელეებთან მიმართებაში დამდგარ ტრაგიკულ შედეგს შორის, რაც ქმნის მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს.
საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს სს „ს...ის“ დირექტორთა საბჭოს 2013 წლის 11 დეკემბრის №10/62 დადგენილებით დამტკიცებულ სარკინიგზო გადასასვლელების მოწყობისა და მომსახურების ინსტრუქციაზე, რომლის 2.6 პუნქტის შესაბამისად, მორიგე მუშაკით მომსახურე გადასასვლელები აღიჭურვება „შლაგბაუმებით“. ამასთან, იმავე ინსტრუქციის 2.3 პუნქტის მიხედვით, მორიგე მუშაკით მომსახურე გადასასვლელებს ეწოდება „დაცული გადასასვლელი“, ხოლო გადასასვლელს, რომელსაც მორიგე მუშაკი არ ემსახურება, ეწოდება „დაუცველი გადასასვლელი“. გადასასვლელებზე, სადაც სატრანსპორტო საშუალებათა ინტენსიური ნაკადია, აგრეთვე მოძრაობს ჩქაროსნული სამგზავრო მატარებლები, სატრანსპორტო საშუალებათა არასანქცირებული შესვლის თავიდან აცილების მიზნით, შესაძლებელია გამოყენებული იქნას სარკინიგზო გადასასვლელების გადაღობვის სპეციალური მოწყობილობები, რომლის აღჭურვისა და ექსპლუატაციის წესებს ადგენს სარკინიგზო ინსტრუქციის 3.14 პუნქტის მიხედვით, ელექტრული განათება უნდა ჰქონდეს ყველა I და II კატეგორიის გადასასვლელს, აგრეთვე III და IV კატეგორიის გადასასვლელს ელექტრომომარაგების გრძივი ხაზების ან ელექტრომომარაგების სხვა მუდმივი წყაროების არსებობის პირობებში. საქმის მასალებით დასტურდება, რომ შემთხვევის დროს აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე ...ის გადასასვლელთან დამონტაჟებული იყო გამაფრთხილებელი ნიშნები, რომლებიც ერთლიანდაგიანი ...ის „უშლაგბაუმო“ გადასასვლელის მიახლოების თაობაზე მიუთითებდნენ, ასევე ანიშნებდნენ გზის აღნიშნულ მონაკვეთზე გაუჩერებლად გავლის აკრძალვის შესახებ. ამასთან, ...ის გადასასვლელამდე დამონტაჟებული იყო „შლაგბაუმი“, რომელიც არ ფუნქციონირებდა, ასევე არ ფუნქციონირებდა იქვე მდგარი საგუშაგო შენობა და გადასასვლელი არ იყო განათებული. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე ...ის გადასასვლელი, მითითებული ინსტრუქციის №2 დანართის მიხედვით, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია ფოთი-თბილისის მაგისტრალურ ხაზზე არსებული ...ის გადასასვლელების შესახებ (რაოდენობა, მდებარეობა, კატეგორია, მატარებელთა და ავტომობილთა მოძრაობის ინტენსივობა, მატარებელთა მოძრაობის სიჩქარე და ა.შ.), წარმოადგენდა „დაცულ სარკინიგზო გადასასვლელს“ (იხ. ტ. II, ს.ფ. 53), თუმცა იგი მოპასუხე სს „ს...ის“ მიერ არ იყო მოწყობილი ინსტრუქციის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ, არ ფუნქციონირებდა ე.წ. „შლაგბაუმი“, არ იყო განათება, არ მორიგეობდა უფლებამოსილი პირი, განთავსებული იყო შეცდომაში შემყვანი ნიშანი, რომელიც იძლეოდა ინფორმაციას ერთლიანდაგიანი სარკინიგზო გადასასვლელის შესახებ მაშინ, როცა მითითებულ ადგილზე არის ორლიანდაგიანი სარკინიგზო გადასასვლელი. ამდენად, უდავოა, რომ სს „ს...მ“ ჯეროვნად ვერ უზრუნველყო აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე ...ის გადასასვლელის მოწყობა იმ ტექნიკური საშუალებებით და ადამიანური რესურსით, რაც საავარიო შემთხვევის თავიდან აცილებას უზრუნველყოფდა.
ადმინისტრაციული ორგანოების ბრალეულობისა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირის გამოკვეთის მიზნით, საკასაციო პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს, თითოეულ მოპასუხესთან მიმართებაში, მიუთითოს იმ შესაძლო მოქმედებათა ერთობლიობაზე, რომელთა განხორციელების შემთხვევაშიც ზიანი თავიდან იქნებოდა აცილებული ან იგი მნიშვნელოვანად შემცირდებოდა.
საკასაციო პალატა, მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობის განსაზღვრის მართებულობისთვის მიუთითებს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქართველოლს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების უფლებამოსილებანი. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და შესაბამისი უწყებები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დასახელებული კანონის მე-6 მუხლით განმტკიცებულია აგრეთვე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საშუალებები, მათ შორისაა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებული წესების, სტანდარტების, ტექნიკური ნორმებისა და სხვა ნორმატიული აქტების შემუშავება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცება, აგრეთვე მათ შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი (მუხ. 6, „ზ“ ქვეპუნქტი). საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტზე, რომლითაც კანონმდებელმა განმარტა, რომ პოლიციის ერთ-ერთი ფუნქციაა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. იმავე კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, პოლიცია პრევენციული ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სატრანსპორტო მოძრაობის მოწესრიგებას, მოძრაობის წესების, ნორმატივებისა და სტანდარტების დაცვის ზედამხედველობას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობისა და კონტროლის ძირითადი ფუნქცია და უფლებამოსილებები მინიჭებული აქვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რაც გულისხმობს საგზაო მოძრაობის ყველა სუბიექტის, მათ შორის, სს „ს...ის“ მიერ, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული, კანონით განსაზღვრული ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების უზრუნველყოფასა და მის შესრულებაზე ზედამხედველობასა და კონტროლს. აქვე, პალატა მიუთითებს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგზაო მოძრაობას არეგულირებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირები. საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში საგზაო მოძრაობის რეგულირება აგრეთვე შეიძლება განახორციელონ/განახორციელოს ...ის თანამშრომლებმა - ...ის გადასასვლელზე. დამატებით აღსანიშნავია, რომ სს „ს...ის“ დირექტორთა საბჭოს 2013 წლის 11 დეკემბრის №10/62 დადგენილებით დამტკიცებულ სა...ო გადასასვლელების მოწყობისა და მომსახურების ინსტრუქცია შეთანხმებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრო საკასაციო საჩივარში თავადვე მიუთითებს, რომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში პრევენციული ფუნქციების განხორციელების მიზნით, მონაწილეობას იღებს ...ის გადასასვლელების კომისიურ დათვალიერებაში და იძლევა რეკომენდაციებს. ამდენად, დასახელებულ ნორმათა და საქმეზე დადასტურებულ გარემოებათა არსებობის პირობებში, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საფუძველს მოკლებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო პრეტენზია, რომ ის არ წარმოადგენს ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ სუბიექტს, რამეთუ თითოეული ადმინისტრაციული ორგანოსათვის მოქმედი კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციების ჩამონათვალი, მოცემულ შემთხვევასთან მიმართებაში, გულისხმობდა მათი განხორციელების ვალდებულებას, რასაც უპირობოდ შედეგად უნდა მოჰყოლოდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის თავიდან არიდება.
რაც შეეხება აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის პასუხისმგებლობის საკითხს, საკასაციო პალატააღნიშნავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებაა ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვა და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზება; ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით უზრუნველყოფა და დგომის/გაჩერების წესების რეგულირება. ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთარი უფლებამოსილება, ისეთი უფლებამოსილებაა, რომლის ჯეროვნად განხორციელებაზეც სრული პასუხისმგებლობა შესაბამის თვითმმართველ ერთეულს ეკისრება. შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე ...ის გადასასვლელზე, რომელიც აბაშის ადგილობრივი მნიშვნელობის გზაზე მდებარეობს, უსაფრთხო საგზაო მოძრაობისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება და შესაბამისი პროცესის ორგანიზება, სს „ს...ისგან“ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსაგან გადასასვლელის სათანადოდ მოწყობის, შესაბამისი საგზაო ნიშნების მონტაჟის მოთხოვნა და ამ პროცესის ორგანიზება, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიას ევალებოდა, რაც კონკრეტულ შემთხვევაში მას არ განუხორციელებია. ამრიგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ერთმნიშვნელოვნად იკვეთება სს „ს...ის“, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის პასუხისმგებლობის არსებობა, შესაბამისად, მათი ვალდებულება ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება ზიანის ანაზღაურების საკითხს, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებზე, რომელთა შესაბამისად, თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ან/და იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით. დაზარალებულს უფლება აქვს მკურნალობის ხარჯები მოითხოვოს წინასწარ. იგივე წესი მოქმედებს მაშინაც, როცა აუცილებელი ხდება პროფესიული გადამზადება. სარჩოს ნაცვლად დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს კომპენსაციის მიღება, თუ არსებობს საამისო მნიშვნელოვანი საფუძველი.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელის - მ.მ-ას საავარიო შემთხვევის შედეგად დასმული დიაგნოზის (ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, დაჟეჟილობის კერები მარჯვნივ საფეთქლის წილში და შუა ტვინის მარცხენა ფეხში. მწვავე სუბდურული ჰემატომა მარცხენა თხემის მიდამოში. მწვავე სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა. ქალაქ - სარქვლის ტრავმული დაზიანება, ცერებრალური კომა, ორმხრივი ჰიდროთორაქსი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მარჯვენა ბარძაყის ციბრუტებზე გამავალი მოტეხილობა ცდომით და ა.შ.) მიხედვით, მისი დაზიანებები ერთობლიობაში მიეკუთვნა სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს. ამასთან, „ ...ის“ მიერ 2015 წლის 9 თებერვალს გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით, ჩატარებული მკურნალობის გამო, მის მიერ ასანაზღაურებელმა თანხამ შეადგინა 21 394 ლარი.
საკასაციო პალატა ასევე მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, მოსარჩელეების - ლ. და ლუ. ქ-ებისა და ა.კ-ას სასარგებლოდ, მოპასუხეებისათვის ყოველთვიური სარჩოს გადახდის დავალების ნაწილში, 2015 წლის 2 იანვრიდან ამ პირთა სრულწლოვანების მიღწევამდე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სახელმწიფო ორგანოს დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, გარდა მატერიალური და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებისა, თუკი სახელმწიფო მოსამსახურის უკანონო ქმედებას შედეგად დაზარალებულის გარდაცვალება მოჰყვა, სახელმწიფო ვალდებულია, დაუწესოს სარჩო იმ პირებს, რომელთა რჩენაც დაზარალებულს ევალებოდა. ეს ვალდებულება ძალაშია, ვიდრე დაზარალებული ვალდებული იქნებოდა ეხადა სარჩო (სამოქალაქო კოდექსის 1006-ე მუხლი). საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლზე, რომლითაც დადგენილია მშობლების ვალდებულება, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შეჯახების შედეგად, გარდაიცვალა იმავე სატრანსპორტო საშუალებაში მყოფი ლ.ქ-ა და ზ.კ-ა. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე ა.კ-ა, დაბადებული ... წლის ... ....ს, არის გარდაცვლილი ზ.კ-ას და მოსარჩელე გ.ს-ას შვილი, ხოლო მოსარჩელეები ლ.ქ-ა, დაბადებული ... წლის ... ...ს და ლუ.ქ-ა, დაბადებული .... წლის ... ....ს, არიან გარდაცვლილი ლ.ქ-ას და მოსარჩელე მ.მ-ას შვილები. წარმოდგენილი საქმის მასალების მიხედვით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელეების - ა.კ-ას, ლ. და ლუ.ქ-ების დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა - მამის გარდაცვალების გამო, ყოველთვიური სარჩოს ანაზღაურების თაობაზე, 2015 წლის 2 იანვრიდან სრულწლოვანებამდე სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია გონივრულად და საფუძვლიანად.
რაც შეეხება მოთხოვნას მორალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსი არამატერიალური ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას ადგენს კანონით მხოლოდ პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით დასახელებული კოდექსის 413-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც. რაც შეეხება ასანაზღაურებელი მორალური ზიანის ოდენობას, იგი განისაზღვრება სასამართლოს მიერ საქმის ყველა გარემოების მხედველობაში მიღებით. კერძოდ, „მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულების სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე, ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება, მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინება საქმეზე №ბს-509-506(2კ-17)).
ამდენად, საკასაციო პალატის შეფასებით, მართებულია მოპასუხეებისთვის - სს ,,ს...ისთვის“, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აბაშის მუნიციპალიტეტის მერიისთვის სოლიდარულად, სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის გამო ჯანმრთელობის დაზიანებით მიყენებული მორალური ზიანის, სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციით გამოწვეული შემთხვევის გამო ადამიანის გარდაცვალებით მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება მოსარჩელეთა სასარგებლოდ, ასევე გარდაცვლილი პირების დაკრძალვისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება მ.მ-ას, ვ.ჯ-ას და ლა.ქ-ას სასარგებლოდ 5000 ლარის, გ.ს-ას, ზ.კ-ას და მ.კ-ას უფლებამონაცვლეების - მ.კ-ას და ზ.კ-ას სასარგებლოდ 5 000 ლარისა და მ.ს-ას სასარგებლოდ 5 000 ლარის ოდენობით.
მოსარჩელეები მატერიალური ზიანის სახით ასევე ითხოვენ სასამართლოს გარეშე პროცესის ხარჯის ანაზღაურებას, კერძოდ, ადვოკატის მომსახურებისთვის გადახდილი 2 000 ლარის, მინდობილობების, დავალების ხელშეკრულების ხარჯის - 157 ლარის, ტრანსპორტირებაზე გაღებული ხარჯის - 100 ლარის, სარჩელის, წერილობითი განცხადებების, წერილობითი შუამდგომლობების მომზადებაზე დახარჯული ცელულოზის ქაღალდის ფურცლებისათვის დახარჯული 212.45 ლარის, საქმეზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების სააღსრულებო ორგანოში აღსრულების უზრუნველსაყოფად სააღსრულებო ხარჯის - 200 ლარისა და სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურებისათვის გაწეული საექსპერტო მომსახურების ხარჯის - 251 ლარის ოდენობით მოპასუხეებისთვის დაკისრებას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. მე-3 ნაწილის თანახმად კი, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით კი, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით. ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილ, ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ხარჯების დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე, სააპელაციო პალატამ მართებულად აუნაზღაურა მოსარჩელეებს სასამართლოს გარეშე პროცესის ხარჯები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
რაც შეეხება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სს „ს...ისა“ და აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივრებს, რომლებითაც მოითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 მარტის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 მაისის განჩინების გაუქმებას, აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: ალიმენტის მიკუთვნების შესახებ; დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად გადასახადების დაკისრების შესახებ; მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ; უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ; თამასუქისა და ჩეკის თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილებები; ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება. მითითებული ნორმა შეიცავს გადაწყვეტილებათა იმ კატეგორიის ჩამონათვალს, რომლებიც შესაძლოა დაუყოვნებლივ აღსრულდეს, თუმცა აღნიშნული ჩამონათვალი ამომწურავი არ არის. განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად გადასახადების დაკისრების შესახებ.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ ზემოაღნიშნული კანონის დანაწესისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინების საფუძველზე სავსებით მართებულად მიაქცია სადავო გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრება, რომლის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება გაართულებს ჩარიცხული თანხის უკან დაბრუნების შესაძლებლობას, დაუსაბუთებელია. ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამ ეტაპზე დასახელებული კერძო საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი შესაძლებლობა აღარ არსებობს, რადგან ამავე განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სს „ს...ისა“ და აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიისა და სს „ს...ის“ საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიისა და სს „ს...ის“ კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
4. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მაისის განჩინება;
5. სს „ს...ს“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2022 წლის 21 ივნისს №289 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 8 000 ლარის 70% - 5 600 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე