Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-358(კ-23) 1 მაისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

პროცესუალური მოწინააღმდეგეები (მოსარჩელეები) - რ.შ-ი, გ.შ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რ.შ-მა და გ.შ-მა 2020 წლის 23 მარტს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ. სარჩელის დაზუსტების შემდეგ, მოპასუხედ მიუთითეს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო და მოითხოვეს დევნილი ოჯახის დროებითი საცხოვრებლის დაქირავების მიზნით ქირის თანხით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე ამავე სააგენტოს 2020 წლის 9 სექტემბრის №03-1627/ო ბრძანების ბათილად ცნობა, მოსარჩელეების სასარგებლოდ, 2017 წლის აპრილიდან სარჩელის შეტანის დღემდე - 2020 წლის 23 მარტამდე, ბინის ქირის გადაუხდელობით მიყენებული ზიანის - 10 800 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება და სარჩელის შეტანის დღიდან, 2020 წლის 23 მარტიდან, მათი გრძელვადიანი მუდმივი საცხოვრებელი ფართის გადაცემამდე, დროებითი საცხოვრებელი ფართის ქირავნობის თანხის გადახდის დაკისრება, თვეში 300 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით რ.შ-ის და გ.შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მოსარჩელეების რ.შ-ისა და გ.შ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ბინის ქირის გადაუხდელობით მიყენებული ზიანი - 9000 ლარის ოდენობით (2017 წლის აპრილიდან სარჩელის შეტანის დღემდე - 2020 წლის 23 მარტამდე) და 1250 ლარის ოდენობით (2020 წლის აპრილიდან 2020 წლის 09 სექტემბრამდე - გასაჩივრებული აქტის გამოცემამდე) ანაზღაურება; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 თებერვლის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ მისი გაუქმებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

კასატორის განმარტებით, აღნიშნული დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს ზიანის საკითხი მოსარჩელეების მიმართ - რამდენად სწორად გაიზიარა ორივე ინსტანციის სასამართლომ, რომ სააგენტოს მხრიდან მათ მიადგათ ზიანი ქირის გადაუხდელობით და ასევე თანხის დაკისრების საკითხი. კონკრეტულ შემთხვევაში, სააგენტოს მიერ წარდგენილი მასალებიდან უტყუარად დგინდება მოსარჩელის მოთხოვნების უსაფუძვლობა; კერძოდ, საქმის მასალებით დადგენილია, რომ რ.შ-ის 2016 წლის 10 ნოემბრის №55761/01 განცხადების საფუძველზე, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ 2017 წლის 31 იანვრის სხდომაზე (ოქმი №7) დადებითად გადაწყვიტა მისი ოჯახის ქირის თანხით უზრუნველყოფის საკითხი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 01 თებერვლის №89 ბრძანებით დაფინანსდა 3 თვის ვადით (იანვარი, თებერვალი, მარტი) ყოველთვიურად 250 ლარის ოდენობით. 2017 წლის 03 აპრილს დევნილმა რ.შ-მა, №15432/01 განცხადებით განმეორებით მიმართა სამინისტროს ქირის თანხით დაფინანსების გაგრძელების მოთხოვნით. მხარეს განცხადების განხილვის შემდეგ უარი ეთქვა დაფინანსების გაგრძელებაზე, ვინაიდან იმ პერიოდისთვის დევნილთა მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით, ქ. თბილისში დამისამართებული იყო 2013 წლის 1 ივნისის შემდგომ პერიოდში. მხარეს აღნიშნული მოტივითვე 2015 წლის 21 აგვისტოს №01-02/08/2249 წერილით უარი ეთქვა თბილისში საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე - საკითხის განხილვაზე. სააგენტოს წერილი მხარეებმა გაასაჩივრეს სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 თებერვლის №3/7523-15 გადაწყვეტილებით მათი სარჩელი დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე სააგენტო მხარეთა გრძელვადიანი განსახლების საკითხს მინიჭებული ქულების შესაბამისად განიხილავს ქ. თბილისში არსებული საცხოვრებელი ფართებისა და ოჯახის სულადობის გათვალისწინებით. ქირის თანხით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით, დამატებითი მოკვლევის ჩატარების მიზნით ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება, კერძოდ, მონიტორინგის სამმართველოს მიერ განხორციელდა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილ რ.შ-ის ოჯახში ვიზიტი 2020 წლის 28 აგვისტოს. მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლებს რ.შ-მა უარი განუცხადა მონიტორინგის განხორციელებაზე, რაზეც კანონმდებლობის შესაბამისად შედგა „დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების“ ოქმი. მონიტორინგის მასალები წარედგინა დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას. კომისიამ 2020 წლის 21 აგვისტოს (ოქმი №43) იმსჯელა მხარის საკითხზე და უარი უთხრა ქირის თანხით უზრუნველყოფაზე, ვინაიდან მხარემ მონიტორინგის პროცესში უარი განაცხადა დროებითი საცხოვრებლის დაქირავების მიზნით ფინანსური დახმარების მიღებაზე. ასეთი ოჯახების მიმართ კი ვერ განხორციელდება ბინის ქირით უზრუნველყოფა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 09 აგვისტოს №320-ე ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის“ მე-7 მუხლით გათვალისწინებულია დევნილი ოჯახის დროებითი განსახლების წესი. აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დროებითი განსახლების მიზნით, დეპარტამენტი განიხილავს და დაამუშავებს განცხადებასა და მასზე თანდართულ დოკუმენტაციას. დეპარტამენტის მიერ განცხადების დამუშავება გულისხმობს განცხადებისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის გადამოწმებას, დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლასა და ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-8 პუნქტით დამტკიცებული დანართი №1) - „დროებითი განსახლების მონიტორინგის ფორმის“ შედგენას. მე-4 და მე-5 პუნქტების საფუძველზე დამუშავებული მასალები, დეპარტამენტის უფროსის, სოციალური საკითხებისა და პროგრამების მართვის სამმართველოს უფროსის და მონიტორინგის - სამმართველოს უფროსის ხელმოწერილ რეესტრთან (რეესტრში ასახული დევნილთა საიდენტიფიკაციო მონაცემები და მოკლე ინფორმაცია ოჯახის შესახებ) ერთად გადაეცემა კომისიას. დეპარტამენტის მიერ დამუშავებული მასალები კომისიას გადაეცემა იმ შემთხვევაში, თუ განცხადება აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ ერთ კრიტერიუმს მაინც. კომისია, ამ მუხლის მე-6 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გათვალისწინებით, იღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელი კონკრეტული დევნილი ოჯახის მიმართ განხორციელდება დროებითი განსახლების ღონისძიება. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ფორმდება კომისიის სხდომის ოქმის სახით, რომელიც წარედგინება სააგენტოს დირექტორს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ (დადებითი/უარყოფითი) დეპარტამენტის მიერ ეცნობება დევნილ ოჯახს წერილობით. „დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ წესით აღიარებულია ნებაყოფლობითი და ინფორმირებული გადაწყვეტილების, ოჯახის მთლიანობის, ოჯახის ან მეურვის/მზრუნველის გარეშე დარჩენილი არასრულწლოვანებისა და მათი განსაკუთრებული დაცვის, ასევე, სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის, დოკუმენტაციისა და საჯარო სერვისებისადმი ხელმისაწვდომობის, საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპები. მოცემული ჩანაწერების ანალიზის საფუძველზე ცალსახაა, რომ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებები ეფუძნება დევნილების გადაწყვეტილების ნებაყოფლობისა და თავისუფალი არჩევანის პრინციპს, რომლის გათვალისწინებით, დევნილები საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, ნებაყოფლობით და ზეგავლენის გარეშე იღებენ ძირითად გადაწყვეტილებებს საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებით. შეუძლებელია სააგენტომ აიძულოს მხარე თავისი ნების საწინააღმდეგოდ მიიღოს ფინანსური დახმარება საცხოვრებლის დაქირავების მიზნით.

კასატორი არ იზიარებს მხარის მოთხოვნას სააგენტოსთვის 2017 წლის აპრილიდან 2020 წლის მარტამდე ქირის სახით 10 800 ლარის დაკისრებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული მთელი რიგი გარემოებები, რის გამოც დირექტორის ბრძანების საფუძველზე უარი ეთქვათ მოსარჩელეებს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. კერძოდ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 09 აგვისტოს №320 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის” მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ მიღებული იქნება დადებითი გადაწყვეტილება დევნილი ოჯახისათვის ქირის თანხის გაცემის თაობაზე, თვეში გასაცემი ქირის თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 300 ლარს, ამასთან, დევნილი ოჯახისათვის ქირის თანხის გაცემის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს. კომისიის გადაწყვეტილებით, ქირის თანხის გაცემის 3-თვიანი ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს დეპარტამენტის განმეორებითი მონიტორინგის შედეგების საფუძველზე. კასატორის განმარტებით, აღნიშნული ჩანაწერი რამდენიმე დათქმას აკეთებს; კერძოდ, ქირის თანხის ოდენობის განსაზღვრამდე უნდა არსებობდეს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის დადებითი გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში კი, მხარის ოჯახს თანხის გადახდაზე კომისიის გადაწყვეტილებით და სააგენტოს დირექტორის ბრძანების საფუძველზე უარი ეთქვა. მე-9 პუნქტი პირდაპირ აკეთებს დათქმას, რომ თვეში გასაცემი ქირის თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 300 ლარს (მხარეს 2015 წლის იანვრიდან 2017 წლის მარტის ჩათვლით 250 ლარი ერიცხებოდა ქირის სახით). ამდენად, 300 ლარი არის მაქსიმალური თანხა, რაც შეიძლება გაიცეს ყოველთვიური ქირის სახით და არ ნიშნავს აპრიორი იმას, რომ ყველა კონკრეტულ შემთხვევაში 300 ლარი გაიცემა. აქედან გამომდინარე, კასატორისთვის გაუგებარია, რატომ ითვლის მხარე ყოველთვიურად გასაცემი თანხის მაქსიმალური ოდენობიდან.

ასევე, აღნიშნული პუნქტი იმპერატიულად ადგენს, რომ დევნილი ოჯახისათვის ქირის თანხის გაცემის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს. კომისიის გადაწყვეტილებით, ქირის თანხის გაცემის 3-თვიანი ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს დეპარტამენტის განმეორებითი მონიტორინგის შედეგების საფუძველზე. ამდენად, ყოვლად დაუსაბუთებელია მხარეთა მოთხოვნა, რომ მოპასუხეს დაევალოს 2017 წლის აპრილიდან სარჩელის შეტანის დღემდე მოსარჩელეთათვის სამი წლის ოდენობით, 10800 ლარის გადახდა. ყოვლად გაუგებარია რატომ გადაწყვიტა მხარემ, რომ სამი წლის განმავლობაში უწყვეტად ეკუთვნოდა ქირის თანხა, მაშინ, როცა ქირის თანხის გაცემის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს და გაგრძელების შემთხვევაშიც რიგი წინაპირობები უნდა არსებობდეს, კერძოდ ხელახალი მონიტორინგი და ამის საფუძველზე კომისიის გადაწყვეტილება.

კასატორის მოსაზრებით, მხარის მოთხოვნა ცდება და ეწინააღმდეგება „დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის” მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის მოთხოვნებს. ქირის თანხის გადახდა დევნილი ოჯახისთვის შესაბამისი კრიტერიუმების არსებობისას გათვალისწინებულია მიმდინარე პერიოდისთვის. ნორმა არ შეიცავს მითითებას ან თუნდაც რაიმე სახის ჩანაწერს, რომლითაც გათვალისწინებულია ქირის თანხის გადახდა წინა პერიოდისთვისაც. კასატორი მიუთითებს „დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის” მე-7 მუხლის მე-13 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, დევნილის დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, დევნილის ქირის თანხით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სააგენტოსათვის ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ასევე, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №2566 განკარგულებით დამტკიცებული იძულებით გადაადგილებულ პირთა- დევნილთა მიმართ 2019-2020 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის მე-3 პუნქტით გაწერილი და დადგენილია აქტივობების განსახორციელებლად საჭირო თანხის მოცულობა, მითითებულია სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების შესასრულებლად საჭირო საბიუჯეტო თანხების ზედა ზღვარიც. მოცემული ჩანაწერი პირდაპირ ადგენს, რომ სააგენტოს ბიუჯეტი, ყოველწლიურად მკაცრად გაწერილი თანხებისგან შედგება, რომლის მიზნობრიობაც ასევე წინასწარ დადგენილია. ამდენად, მსგავსი დაფინანსების ფარგლებში, შეუძლებელია მხარემ მოითხოვოს ქირის თანხის დაკისრება გასული სამი წლის პერიოდზე ან თუნდაც სამომავლოდ. 320-ე ბრძანება და ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესი" დევნილი ოჯახის საჭიროებებზეა მორგებული. ამ წესის მე-7 მუხლი დევნილის დროებითი განსახლების წესს არეგულირებს. აღნიშნული მუხლი თავად გვეუბნება, რომ საუბარია დევნილი ოჯახის დროებით განსახლებაზე მანამ, სანამ სახელმწიფო დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფას მოახდენს. ამდენად, მხარე თავისი მოთხოვნით ეწინააღმდეგება აღნიშნული მუხლის მიზანს და შინაარს. გასულ სამ წელზე და სამომავლოდ გაურკვეველი ვადით თანხის დაკისრების მოთხოვნა სცდება დროებითი განსახლების შინაარს და არ გამომდინარეობს მე-7 მუხლის მიზნებიდან, შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 06 თებერვლის განჩინება №3ბ/3036-22 და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის უარყოფის შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 აპრილის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით ნებისმიერ ვითარებაში და რაც მთავარია ეს პროცესი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა განხორციელდეს. აღნიშნული უფლება გარანტირებულია მთელი რიგი საერთაშორისო აქტებით, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1966 წლის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტის მე-11 მუხლით, რომელიც სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას „მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით“ მოახდინონ ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების რეალიზება. იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, მნიშვნელოვანია შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლების რეალიზაცია უპირველეს ყოვლისა დაკავშირებულია დევნილის სტატუსის ქონასთან. რაც შეეხება უშუალოდ მის უზრუნველყოფას, სახელმწიფომ დევნილ ოჯახს შესაძლოა შესთავაზოს სხვადასხვა ალტერნატივა, მათ შორის, სოციალური საცხოვრებელი, დროებით ქირით უზრუნველყოფა, საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ კერძო ინვესტორის ან სახელმწიფოს მიერ გაცემული ერთჯერადი ფულადი დახმარება.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით, სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე. ანალოგიური შინაარსის ჩანაწერს ასევე შეიცავს საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №2566 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2019-2020 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ 2.1.9 პუნქტი, რომლის თანახმად, დევნილი ოჯახები, რომლებსაც სახელმწიფოს ან კერძო ინვესტორის მიერ, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე მიღებული აქვთ საცხოვრებელი ფართი ან/და საცხოვრებელი ფართის სანაცვლო ფულადი კომპენსაცია, ჩაითვლებიან როგორც სახელმწიფოს მიერ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში დაკმაყოფილებულად და მათი საცხოვრებელი ფართით ხელახლა დაკმაყოფილების საკითხი სახელმწიფოს მიერ აღარ განიხილება. აღსანიშნავია, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფომ უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული დევნილთა ღირსეული განსახლების ვალდებულება.

რაც შეეხება დევნილი ოჯახის ქირის თანხით უზრუნველყოფას, იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა განსახლების ორგანიზების მიზნით სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების (ძალადაკარგულია „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით) პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი №1) მე-2 მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილისათვის სათანადო საცხოვრებლის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემის უზრუნველყოფა (მათ შორის, ქირის თანხით უზრუნველყოფა), დევნილის დროებითი განსახლების ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს. ამავე წესის მე-7 მუხლის სადავო პერიოდისთვის (ზიანის ანაზღაურების პერიოდი) მოქმედი რედაქციის მე-9 პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ მიღებულ იქნება დადებითი გადაწყვეტილება დევნილი ოჯახისათვის ქირის თანხის გაცემის თაობაზე, თვეში გასაცემი ქირის თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 300 ლარს, ამასთან, დევნილი ოჯახისათვის ქირის თანხის გაცემის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს. კომისიის გადაწყვეტილებით, ქირის თანხის გაცემის 3-თვიანი ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს დეპარტამენტის განმეორებითი მონიტორინგის შედეგების საფუძველზე.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ რ.შ-ი და გ.შ-ი წარმოადგენენ იძულებით გადაადგილებულ პირებს - დევნილებს, რომლებიც სადავო პერიოდისთვის არ იყვნენ დაკმაყოფილებული გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 31 იანვრის დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის №7 ოქმით დგინდება, რომ დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ განიხილა საცხოვრებლის დაქირავების მიზნით ქირის თანხების გამოყოფისა და დარიცხვის გაგრძელების თხოვნით შემოსული განცხადებები და კომისიის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა რ.შ-ის განცხადება და საცხოვრებლის დაქირავების მიზნით სამი თვის ვადით გამოეყო იანვრის, თებერვლის და მარტის თანხა, 250 ლარის ოდენობით.

2017 წლის აპრილიდან რ.შ-ის ოჯახს შეუწყდა დროებითი საცხოვრებელი ფართის დაქირავების მიზნით ფინანსური უზრუნველყოფა იმ მოტივით, რომ აღნიშნულ ბრძანებაში 2017 წლის 14 თებერვლის №120 ბრძანების საფუძველზე შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია არ განიხილავს, ქ. თბილისში დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფს თაობაზე იმ დევნილი ოჯახების განცხადებას, რომელიც ქ. თბილისში არ არიან რეგისტრირებული 2013 წლის 1 ივნისამდე. აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, რ. და გ.შ-ების სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 21 აგვისტოს №01-02/-8/22490 წერილი და მოპასუხეს დაევალა, განსახილველად დაეშვა რ. და გ. შ-ების განაცხადი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე. თავის მხრივ, საგულისხმოა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 21 აგვისტოს №01-02/-8/22490 წერილით რ.შ-ს უარი ჰქონდა ნათქვამი თბილისში საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე საკითხის განხილვაზე იმაზე მითითებით, რომ დევნილი ოჯახი არ იყო თბილისში რეგისტრირებული 2013 წლის 1 ივნისამდე, რაც სასამართლომ არ გაიზიარა, დაადგინა რა საწინააღმდეგო გარემოებები, სწორედ აღნიშნულზე დაყრდნობით დააკმაყოფილა სარჩელი სრულად.

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 9 სექტემბრის დევნილი ოჯახის დროებითი საცხოვრებლის დაქირავების მიზნით ქირის თანხით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე №03-1627/ო ბრძანებით, დროებითი განსახლების ღონისძიებების ფარგლებში, რ.შ-ისა და გ.შ-ის ოჯახს, უარი ეთქვა დროებითი საცხოვრებლის დაქირავების მიზნით ქირის თანხის გაცემაზე, იმ საფუძვლით, რომ დათვალიერების, ადგილზე გამოცხადებისა და გასაუბრების 2020 წლის 18 აგვისტოს ოქმის თანახმად, დევნილმა რ.შ-მა ქირის მონიტორინგზე უარი განაცხადა და განმარტა, რომ მას დავა ჰქონდა დაწყებული დევნილთა სამინისტროს მიმართ და დაელოდებოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას. საკასაციო პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს 2022 წლის 22 მარტს სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული დ.ფ-ის ჩვენებაზე, რომელმაც განმარტა, რომ 2014 წლიდან 2021 წლამდე, თავის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინა, მდებარე: ქ.თბილისში, ...ის გამზ. №19ა, მიქირავებული ჰქონდა რ.შ-ის და გ.შ-ისთვის, რომლებიც ყოველთვიურად უხდიდნენ ქირის თანხას - 300 ლარს. ამჟამად აღნიშნული ბინა გაასხვისა და მის საკუთრებას აღარ წარმოადგენს.

საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო გამოეკვლია მოსარჩელეების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა საცხოვრებლის დაქირავების მიზნით ქირის თანხების გამოყოფის შესახებ, რამეთუ წარმოდგენილი მტკიცებულებები ქმნიდა საკმარის საფუძველს სააგენტოს საცხოვრებელი ფართის გადაცემამდე რ. და გ. შ-ები უზრუნველეყო ბინის ქირით. ქირის თანხის ანაზღაურების შეწყვეტა კი, შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელეთა ოჯახი დაკმაყოფილდებოდა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით, რასაც მოცემულ შემთხვევაში (სადავო პერიოდში) ადგილი არ ჰქონია.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, ვინაიდან, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ რ.შ-ისა და გ.შ-ის საკითხი უნდა განხილულიყო, როგორც 2013 წლის 1 ივნისამდე თბილისში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახის შემთხვევა, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სწორედ აღნიშნულზე დაყრდნობით განახორციელა მათი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა თბილისში. შესაბამისად, ამავე საფუძვლით მოსარჩელეებისთვის ქირის გადახდის უკანონოდ შეწყვეტით, რ. და გ.შ-ებმა ვერ მიიღეს კანონით მათთვის განსაზღვრული საცხოვრებლის დაქირავების მიზნით გამოყოფილი ქირის თანხა, რითაც მართლსაწინააღმდეგოდ მიადგათ ზიანი, შესაბამისად, დევნილი ოჯახის დროებითი საცხოვრებლის დაქირავების მიზნით ქირის თანხით უზრუნველყოფაზე უარის თქმა არ შეესაბამება საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ამასთან, მითითებული ფაქტობრივი გარემოების საწინააღმდეგო დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) კასატორის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი, შესაბამისად, დასტურდება, რომ სადავო აქტი - დევნილი ოჯახის დროებითი საცხოვრებლის დაქირავების მიზნით ქირის თანხით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე, გამოცემულია დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის მომწესრიგებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და შესაბამისი თანხის ანაზღაურების საფუძველს წარმოადგენდა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივარში მეორდება სააპელაციო საჩივრის დასაბუთება, რასთან დაკავშირებითაც ამომწურავად იმსჯელა სააპელაციო პალატამ. კასატორი დამატებით ვერ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების არსებით ფაქტობრივ თუ სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის არც ერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა