Facebook Twitter

№ბს-197(კ-22) 10 მაისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

სხდომის მდივანი - ანა ნიგურიანი

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - მარიამ ნიქაბაძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „...ი“

წარმომადგენელი - ზ. ლ-ი (დირექტორი), ზ. ბ-ე, ფ. ს-ი, მ. ი-ი

მესამე პირი - საქართველოს მთავრობა

წარმომადგენელი - ლ. თ-ი

მესამე პირი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

წარმომადგენელი - ნ. ხ-ე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 აგვისტოს განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შპს „...იმ“, მოპასუხე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცემული 2018 წლის 14 დეკემბრის №1/1-2714 ბრძანება 2018 წლის 7 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ და აღდგეს 2018 წლის 7 მარტს მხარეებს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება.

სარჩელის თანახმად, შპს „...ის“ საკუთრებაში ჰქონდა აუქციონზე შეძენილი სამი მიწის ნაკვეთი (შემდეგ მისამართზე: გარდაბნის მუნიციპალიტეტი, ს/კ ...; ... და ...). ვინაიდან კომპანიას ჰყავდა ინვესტორი, რომელთან ერთადაც სურდა გაეფართოებინა სამეწარმეო საქმიანობა, კომპანიამ გადაწყვიტა შეეძინა მიმდებარედ არსებული სახელმწიფოს კუთვნილი ტერიტორია. მოპასუხე ინფორმირებული იყო ინვესტორის მოთხოვნის შესახებ, რის გამოც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მოსარჩელეს შესთავაზა საკუთრებაში არსებული ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემა, რის შემდგომაც ადმინისტრაციული ორგანო განახორციელებდა ერთიანად - კომპანიის მიერ გადაცემული ქონებების და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების მიყიდვას. სიტყვიერი შეთანხმების შემდეგ, საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, მასზე განთავსებული შენობებით, მოსარჩელემ გადასცა სახელმწიფოს, ხოლო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 7 მარტს მოსარჩელესთან გააფორმა ქონებების (მათ შორის, მოსარჩელის მიერ გადაცემული სამი ქონების და ასევე, სახელმწიფოს მიერ გადასაცემი ნაკვეთის) ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად კომპანიას გადასახდელი ჰქონდა ნასყიდობის ფასი - 218336 ლარი. ქონების მოსარჩელის საკუთრებაში აღრიცხვის შემდეგ ინვესტორმა უარი განაცხადა ერთობლივი საქმიანობის განხორციელებაზე, რის გამოც შეიქმნა თანხის გადახდის პრობლემა. მოსარჩელემ განცხადებით მიმართა მოპასუხე მხარეს თანხის გადახდის ვადის გადავადების მოთხოვნით. ვადის გაგრძელების შესახებ მოთხოვნის განხილვისა და მოსარჩელის გაფრთხილების გარეშე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ 2018 წლის 14 დეკემბერს მიიღო №1/1-2714 ბრძანება ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 9 სექტემბრის განჩინებით, შპს „...ის“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 დეკემბრის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ჩაბმულ იქნა საქართველოს მთავრობა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცემული 2018 წლის 14 დეკემბრის №1/1-2714 ბრძანება, 2018 წლის 7 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ და დაევალა მოპასუხე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების, ურთიერთშეჯერების შემდეგ, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი 24.03.2009წ.) დგინდება, რომ შპს „...ის“ საკუთრებაში იყო ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 288.00 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობდა ქალაქ გარდაბანში; ბ) საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი 24.09.2012წ.) დგინდება, რომ შპს „...ის“ საკუთრებაში იყო ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 3764.00 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში; გ) საქმეში წარმოდგენილი შპს „...ის“ პარტნიორთა გადაწყვეტილებით (კრების ოქმი, 11.07.2014 წელი) დგინდება, რომ დღის წესრიგს წარმოადგენდა შპს „...ის“ მიერ თანხმობის გაცემა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიერ გაცემული განკარგულების (A10043288-017/001) საფუძველზე შეძენილი შენობა-ნაგებობების სახელმწიფო საკუთრების უფლებით რეგისტრაციასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ პარტნიორები თანხმობას აცხადებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს, ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიერ გაცემული განკარგულების (A10043288-017/001) საფუძველზე შეძენილი შენობა-ნაგებობები, რომლებიც მდებარეობს მიწის ნაკვეთებზე, საკადასტრო კოდებით: ..., ..., ..., დარეგისტრირდეს სახელმწიფო საკუთრებად, რომელთან დაკავშირებითაც შპს „...ის“ საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული სამართლებრივი მოთხოვნები აღარ ექნებოდა. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე ..., ..., ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონებები დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრებად; დ) საქმეში წარმოდგენილი შპს „გ...ის“ პარტნიორთა გადაწყვეტილებით (კრების ოქმი, 11.07.2014 წელი) დგინდება, რომ დღის წესრიგს წარმოადგენდა შპს „გ...ის“ მიერ მოთხოვნის უფლების დათმობა და მითითებული შპს-ს კუთვნილი უძრავ-მოძრავი ქონების და ყველა არამატერიალური სიკეთის გადაცემა შპს „...ი“ სასარგებლოდ. გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ პარტნიორებმა თანხმობა განაცხადეს შპს „გ...ის“ მიერ მოთხოვნის უფლების დათმობასთან მითითებული შპს-ს კუთვნილი უძრავ-მოძრავი ქონების და ყველა არამატერიალური სიკეთის (რომელიც შპს „გ...მა“ შეიძინა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიერ გაცემული განკარგულების (A10043288-017/001) საფუძველზე), შპს „...ის“ სასარგებლოდ გადაცემასთან დაკავშირებით. ამავე გადაწყვეტილებით დათმობილ იქნა საკუთრების უფლების მოპოვების მოთხოვნის უფლება გარდაბანში, ...ის ქუჩა №2-ში მდებარე დაურეგისტრირებელი 12734 კვ.მ ფართის მქონე შენობაზე, 3764 კვ.მ ფართის მქონე უძრავ ქონებაზე (შენობა ნაყიდია აღსრულებიდან, ს/კ ...), 288.კვ.მ ფართის მქონე უძრავ ქონებაზე (შენობა ნაყიდია აღსრულებიდან, ს/კ ...); ე) საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტება და თვითმმართველ ქალაქ რუსთავში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის 2015 წლის 12 იანვრის №66 წერილში, რომელიც გაიგზავნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში, აღნიშნულია, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობა თანახმაა, შპს „...ის“ გადაეცეს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები პირდაპირი მიყიდვის გზით (საკადასტრო კოდები: ..., ..., ..., ..., ... ), ხოლო ...ს ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთები (საკადასტრო კოდები: ..., ..., ...) გადაეცეს გრძელვადიანი იჯარით. საქმეში არსებული გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2014 წლის 29 დეკემბრის №3345 წერილში აღნიშნულია, რომ სოფელი არ იყო წინააღმდეგი მომხდარიყო ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთების გასხვისება და იჯარის წესით გაცემა, რაც დასტურდებოდა კრებაზე დამსწრეთა ხელმოწერებით; ვ) საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 დეკემბრის №2554 განკარგულებით ქ. გარდაბანში მდებარე 1764 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული №1-№2 შენობა-ნაგებობები (ს/კ ...), ქ. გარდაბანში, ...ის ქუჩა №30ა-ში მდებარე 979 კვ.მ არასასაოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული №1-№2 შენობა-ნაგებობები (ს/კ ...), ქ. გარდაბანში, მდებარე 303 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული №1 შენობა-ნაგებობა (ს/კ: ...), ქ. გარდაბანში ...ის ქ. №2-ში მდებარე 8888 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული №1-№4 შენობა-ნაგებობები (ს/კ ...) და გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში მდებარე 4845 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული №1-№4 შენობა-ნაგებობები (ს/კ ...) პირდაპირი მიყიდვის ფორმით საკუთრებაში გადაეცა შპს „...ის“. განკარგულებით გათვალისწინებული უძრავი ნივთების ერთ-ერთ საპრივატიზებო პირობად განისაზღვრა, რომ მოსარჩელე მხარეს საპრივატიზებო თანხის გადახდა უნდა განეხორციელებინა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 3 (სამი) თვის ვადაში; ზ) 2018 წლის 7 მარტს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „...ის“ შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება ქ. გარდაბანში მდებარე 1764 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებული №1-№2 შენობა-ნაგებობების (ს/კ ...), ქ. გარდაბანში, ...ის ქუჩა №30ა-ში მდებარე 979 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებული №1-№2 შენობა-ნაგებობების (ს/კ ...), ქ. გარდაბანში მდებარე 303 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებული №1 შენობა-ნაგებობის (ს/კ ...), ქ. გარდაბანში, ...ის ქ. №2-ში მდებარე 8888 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებული №1-№4 შენობა-ნაგებობების (ს/კ ...) და გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში მდებარე 4845 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებული №1-№4 შენობა-ნაგებობების (ს/კ ...) შესყიდვასთან დაკავშირებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების პირობით; თ) მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით დგინდება, რომ საპრივატიზებო თანხად განისაზღვრა 218336 ლარი, რომელიც მოსარჩელე მხარეს უნდა გადაეხადა ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 3 (სამი) თვის ვადაში; ი) 2018 წლის 17 მაისს შპს „...ის“ დირექტორმა წერილით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს და განმარტა, რომ შესყიდულ მიწის ნაკვეთებზე განთავსებული შენობა-ნაგებობები იყო უაღრესად ცუდ მდგომარეობაში, რამაც განაპირობა მიწის ნაკვეთების საფასურის გადაუხდელობა. ამავე წერილით ითხოვა თანხის გადახდის გადავადება ორი თვის ვადით პირგასამტეხლოს სახით ჯარიმის გამოყენების გარეშე; კ) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 31 მაისის №4/30720 წერილით შპს „...ის“ განემარტა, რომ სააგენტო არ იყო წინააღმდეგი ხელშეკრულების 2.1 მუხლით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად და საპრივატიზებო თანხის - 218336 ლარის გადახდის უზრუნველყოფისათვის განესაზღვრა დამატებითი ვადა 2018 წლის 1 სექტემბრამდე; ლ) 2018 წლის 12 ივნისს შპს „...ის“ დირექტორმა №01-07 წერილით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს, სადაც აღინიშნა, რომ ვინაიდან თანხის გადახდის ვადა გაგრძელდა 2018 წლის 1 სექტემბრამდე, ბუნდოვანი და კანონშეუსაბამო იყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის შესაბამისი პირგასამტეხლოს დაკისრება; მ) მოსარჩელე შპს „...ის“ 2018 წლის 12 ივნისის №01-07 წერილის პასუხად სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 18 ივნისის №4/34120 წერილით აცნობა, რომ მისი 2018 წლის 17 მაისის №01-05 წერილით სააგენტოსათვის ცნობილი გახდა, რომ შპს „...ი“ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში ვერ ახერხებდა საპრივატიზებო თანხის გადახდას, რისთვისაც 2018 წლის 31 მაისის №4/30720 წერილით ეცნობა, რომ მიეცა დამატებითი ვადა 2018 წლის 1 სექტემბრამდე. ამავე წერილში მითითებულ იქნა, რომ სააგენტოს მიერ განსაზღვრული დამატებითი ვადა არ შეაჩერებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „...ის“ ეთხოვა დამატებით ვადაში, კერძოდ, 2018 წლის 1 სექტემბრამდე განეხორციელებინა გადაუხდელი საპრივატიზებო თანხის - 218 326 ლარის გადახდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით, ხოლო დაკისრებული პირგასამტეხლო (რომლის ზუსტი ოდენობაც დამოკიდებული იყო საპრივატიზებო თანხის გადახდის თარიღზე) ჩაერიცხა წერილში მითითებულ საბანკო ანგარიშებზე. ამავე წერილით განმარტებულ იქნა, რომ დამატებით ვადაში საპრივატიზებო პირობების შეუსრულებლობის, ასევე, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოს გადაუხდელობის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილი იყო ცალმხრივად მოეშალა ხელშეკრულება; ნ) 2018 წლის 31 აგვისტოს შპს „...ის“ დირექტორმა წერილით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს და განმარტა, რომ ვინაიდან სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ თანხის გადახდის ვადა გაგრძელდა 2018 წლის 1 სექტემბრამდე, ბუნდოვანი და კანონშეუსაბამო იყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის შესაბამისი პირგასამტეხლოს დაკისრება; ო) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 6 სექტემბრის №4/49891 წერილით შპს „...ის“ განემარტა, რომ საპრივატიზებო თანხის გადახდის უზრუნველსაყოფად, დამატებითი ვადა განესაზღვრა 2018 წლის 1 ნოემბრამდე. ამავე წერილით, მოსარჩელე მხარეს განემარტა, რომ დამატებითი ვადა ასევე არ აჩერებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებას, რომელიც იყო ზრდადი (გადაუხდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით, დარღვევის დღიდან - 08.06.2018 წლიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე) ვალდებულების სრულ შესრულებამდე. ამავე წერილში მითითებულ იქნა, რომ ხელშეკრულების 6.7 და 6.8 მუხლების შესაბამისად, დამატებით ვადაში საპრივატიზებო პირობების შეუსრულებლობის, ასევე, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოს გადაუხდელობის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილი იყო ცალმხრივად მოეშალა ხელშეკრულება. ამ შემთხვევაში პრივატიზებული ქონება ბრუნდებოდა სახელმწიფოს საკუთრებაში, ხოლო მყიდველს არ უნაზღაურდებოდა გადახდილი თანხები და გაწეული დანახარჯები; პ) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 14 დეკემბრის №1/1-2714 ბრძანებით შეწყდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „...ის“ შორის 2018 წლის 7 მარტს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება; ჟ) 2019 წლის 11 თებერვალს რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიას მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „...ის“ მიმართ და მოითხოვა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს 41 483.84 ლარის დაკისრება.

სასამართლოს განმარტებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 14 დეკემბრის №1/1-2714 ბრძანებაში, რომლითაც შეწყდა 2018 წლის 7 მარტს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, არ არის მითითებული შეწყვეტის საფუძველი (პუნქტი). ხელშეკრულების მე-6 მუხლი განსაზღვრავს მხარეთა პასუხისმგებლობისა და ხელშეკრულების შეწყვეტის პირობებს. სზაკ-ის 67-ე მუხლის გათვალისწინებით, ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ინფორმირებული უნდა ყოფილიყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს მთავრობა, ვინაიდან საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 დეკემბრის №2554 განკარგულება ძალაშია და არ გაუქმებულა.

სასამართლოს განმარტებით, შპს „...იმ“ არაერთხელ მიმართა მოპასუხე მხარეს ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით, რაზედაც რამდენიმეჯერ თანხმობა მიიღო მოპასუხე მხარისგან. ამასთანავე, მოსარჩელე მხარეს საკუთრებაში აქვს ხელშეკრულებით გათვალისწინებული, მიწის ნაკვეთებზე განთავსებული შენობა-ნაგებობები. შესაბამისად, მოპასუხე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ვალდებული იყო ყოველმხრივ შეესწავლა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მხოლოდ მას შემდგომ მიეღო შესაბამისი ბრძანება ნასყიდობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. როდესაც მოწინააღმდეგე მხარე არ იყო წინააღმდეგი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების გადავადებასთან დაკავშირებით, გაუგებარია, რატომ ერიცხებოდა შპს „...ის“ პირგასამტეხლო ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. გასათვალისწინებელია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 6 სექტემბრის №4/49891 წერილით შპს „...ის“, საპრივატიზებო თანხის გადახდის უზრუნველსაყოფად, დამატებითი ვადა განესაზღვრა 2018 წლის 1 ნოემბრამდე. ამავე წერილში მითითებულია, რომ ხელშეკრულების 6.7 და 6.8 მუხლების შესაბამისად, დამატებით ვადაში საპრივატიზებო პირობების შეუსრულებლობის, ასევე, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოს გადაუხდელობის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილი იყო ცალმხრივად მოეშალა ხელშეკრულება. საქმეში არ მოიპოვება რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მითითებული წერილის მხარისათვის ჩაბარებას.

სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხე მხარეს არ უმსჯელია და არ შეუსწავლია საკითხი ზემოაღნიშნულ გარემოებებთან მიმართებით - ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საკითხი, უსაფუძვლოდ მიიღო სადავო აქტი. შესაბამისად, დარღვეულია კანონმდებლობის მოთხოვნები, რის გამოც სახეზეა აქტის ბათილობის სამართლებრივი საფუძვლები. საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და მტკიცებულებათა შეგროვება განახორციელოს კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით, ხოლო უკვე არსებულ მტკიცებულებებს მისცეს სწორი და კანონშესაბამისი შეფასება. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა საჯარო და კერძო ინტერესთა ბალანსი, რადგან გამოცემული ადმინისტრაციული აქტით არ დასაბუთდა მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება და მიზანშეწონილობა, რამაც გამოიწვია მოსარჩელის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 აგვისტოს განჩინებით არ დაკმაყოფილდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი. უცვლელი დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 14 დეკემბრის №1/1-2714 ბრძანებაში, რომლითაც შეწყდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „...ის“ შორის 2018 წლის 7 მარტს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება (რომელიც სააპელაციო პალატის მოსაზრებით სახელშეკრულებო სამართლის ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით წარმოადგენს არა ხელშეკრულების შეწყვეტას, არამედ ხელშეკრულებიდან გასვლას/უარს ხელშეკრულებაზე), არ არის მითითებული ზემოხსენებული ხელშეკრულების მეექვსე მუხლის შესაბამისი პუნქტებით გათვალისწინებული ხელშეკრულებიდან გასვლის წესი, პირობები და შესაბამისი ვადები დაცული იქნა თუ არა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67-ე მუხლზე მითითებით სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტის (გასვლის) თაობაზე ინფორმირებული უნდა ყოფილიყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს მთავრობა, ვინაიდან საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 დეკემბრის №2554 განკარგულება ძალაშია და არ გაუქმებულა. შპს „...იმ“ არაერთხელ მიმართა მოპასუხეს ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით, რაზედაც რამდენიმეჯერ თანხმობა მიიღო მოპასუხე მხარისგან. ამასთანავე, საყურადღებოა, რომ ვინაიდან მოსარჩელეს საკუთრებაში აქვს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთებზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, ამიტომ მოპასუხე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ვალდებული იყო აღნიშნული ფაქტობრივი მოცემულობის გათვალისწინებით ყოველმხრივ შეესწავლა საქმეში არსებული გარემოებები და მხოლოდ მას შემდგომ მიეღო შესაბამისი ბრძანება ნასყიდობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ, რადგან სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო არ იყო წინააღმდეგი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების გადავადებასთან დაკავშირებით, დაუსაბუთებელია, რატომ უნდა დარიცხოდა შპს „...ის“ პირგასამტეხლო ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო.

სააპელაციო პალატის განმარტებით, საქმეში არ მოიპოვება რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 6 სექტემბრის №4/49891 წერილის მხარისათვის ჩაბარებას. აღნიშნული წერილით კი, შპს „...ის“ განემარტა, რომ საპრივატიზებო თანხის გადახდის უზრუნველსაყოფად, დამატებითი ვადა განესაზღვრა 2018 წლის 1 ნოემბრამდე. ამავე წერილში მითითებულ იქნა, რომ ხელშეკრულების 6.7 და 6.8 მუხლების შესაბამისად, დამატებით ვადაში საპრივატიზებო პირობების შეუსრულებლობის, ასევე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოს გადაუხდელობის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილი იყო ცალმხრივად მოეშალა ხელშეკრულება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 აგვისტოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.

კასატორის განმარტებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 14 დეკემბრის №1/1-2714 გასაჩივრებული ბრძანება არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რის გამოც სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული ბრძანების, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების შესახებ უკანონოა. შპს ,,...ის’’ მიერ ადმინისტრაციული წესით წარმოდგენილი სარჩელი გამომდინარეობდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251 (სახელშეკრულებო დავები) მუხლიდან, რის გამოც დაუშვებელი იყო ამავე კოდექსის 22-ე და 32.4 მუხლებით აღნიშნული დავის გადაწყვეტა.

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „...ის“ შორის 2018 წლის 7 მარტის პირდაპირი მიყიდვის ფორმით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველიც იყო ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „...ისთვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 დეკემბრის №2554 განკარგულება, წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, რომელიც ემსახურება საჯარო მიზანსა და ეფუძნება საჯარო კანონმდებლობას. შესაბამისად, თუკი კონკრეტული სამართალურთიერთობა შეფასებულია, როგორც ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რაც მოცემულ შემთხვევაშიც უდავოა და განმტკიცებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით, ამგვარი ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასა და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით (სასკ-ის 251 მუხლი). გასათვალისწინებელია, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულების არსებობა იმთავითვე არ გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ამ ხელშეკრულების ფარგლებში ნების გამოვლენას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ფორმით. მიღებული გადაწყვეტილების სათაურად ,,ბრძანების’’ მითითება, ასევე არ მეტყველებს ავტომატურად მისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბუნებაზე, არამედ უნდა შემოწმდეს მიღებული გადაწყვეტილების შინაარსობრივი მხარე.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ. შესაბამისად, ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის (ხელშეკრულებიდან გასვლის) შესაბამისი კანონისმიერი საფუძვლები, გარდა ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონისა და ,,სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის №1-1/1537 ბრძანებისა, მოცემულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე, 405-ე მუხლებში. ხელშეკრულებიდან გასვლა ყოველთვის ერთი-ერთი მხარის ცალმხრივი ნების გამოვლენის შედეგად ხორციელდება და მისი კანონიერების დასადგენად, თუკი საქმე გვაქვს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებასთან, პირველ რიგში მოწმდება შესაბამისი ადმინისტრაციული კანონმდებლობა და შემდგომ, სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმები იმ სახეცვლილების გათვალისწინებით, რასაც საჯარო კანონმდებლობა სამოქალაქო კოდექსისაგან განსხვავებულად აწესრიგებს.

გასაჩივრებული ბრძანება, რომ არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, მოწმობს ასევე მისი გასაჩივრების წესიც. იგი საჩივრდება საერთო სასამართლოებში, სხვა შემთხვევაში, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილების პირველი მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სააგენტოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება სამინისტროში, ხოლო შემდგომ - სასამართლოში. ამდენად, თუკი კანონით, კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან მიმართებით, სხვა რამ არ არის დადგენილი, სააგენტოს მიერ გამოცემული ნებისმიერი ადმინისტრაციული აქტი ჯერ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში უნდა გასაჩივრებულიყო, ხოლო შემდგომ - სასამართლოში. მოცემულ შემთხვევაში კი, გასაჩივრებული გადაწყვეტილება საერთო სასამართლოში საჩივრდება.

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიჩნევის შემთხვევაში, ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლოს ასევე უნდა ემსჯელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის დასაშვებობაზე. სსიპ-სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 14 დეკემბრის №1/1-2714 ბრძანება წარმოადგენს ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე ერთ-ერთი მხარის - ,,გამყიდველის’’ ცალმხრივი ნების გამოვლენას (გარიგებას), რომლის ბათილობას განსაზღვრავს ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონით, შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ხელშეკრულებიდან გასვლის შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლები და იგი არ წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

კასატორის განმარტებით, ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „...ისთვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 დეკემბრის №2554 განკარგულების საფუძველზე, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „...ის“ შორის 2018 წლის 7 მარტს დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მყიდველს პირობადებულ საკუთრებაში გადაეცა, ქ. გარდაბანში მდებარე 1764 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული №1-№2 შენობა-ნაგებობები (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ...), ქ. გარდაბანში, ...ის ქ. №30ა-ში მდებარე 979 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული №1-№2 შენობა-ნაგებობები (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ...), ქ. გარდაბანში მდებარე 303 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული №1 შენობა-ნაგებობა (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ...), ქ. გარდაბანში, ...ის ქ. №2-ში მდებარე 8888 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული №1-№4 შენობა-ნაგებობები (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ...) და გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში მდებარე 4845 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული №1-№4 შენობა-ნაგებობები (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ...)). აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, სხვა ვალდებულებებთან ერთად, მყიდველის ვალდებულებას წარმოადგენდა, საპრივატიზებო თანხის - 218 336 ლარის გადახდა ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 3 თვის ვადაში (ხელშეკრულების 2.1 მუხლი). ხელშეკრულების 6.2 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების 2.1 მუხლით განსაზღვრული საპრივატიზებო თანხის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მყიდველს ეკისრება პირგასამტეხლო დარჩენილი გადაუხდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების 6.1 მუხლის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მყიდველი იღებს გაფრთხილებას წერილობითი სახით, სადაც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა, პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების შესახებ და საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები, რომელზეც პირგასამტეხლოს თანხა უნდა იქნეს გადახდილი. ხელშეკრულების 6.7 მუხლის თანახმად, მყიდველის მიერ ხელშეკრულებით ვალდებულებების განმეორებით შეუსრულებლობის ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობის შემთხვევაში, გამყიდველს უფლება აქვს ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება.

შპს „...იმ’’ 2018 წლის 17 მაისის №01-05 წერილით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, თხოვნით - ორი თვით გადავადებულიყო საპრივატიზებო თანხის გადახდა. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 31 მაისის №4/30720 (ჩაბარება 01.06.2018წ., კანცელარიის გაცემის ბარათი, ჩაიბარა ზ. ლ-მა) და 2018 წლის 18 ივნისის №4/34120 წერილებით საპრივატიზებო თანხის გადახდის უზრუნველყოფისთვის შპს „...ის’’ განესაზღვრა დამატებითი ვადა 2018 წლის 1 სექტემბრამდე და გაფრთხილებულ იქნა, რომ სააგენტოს მიერ განსაზღვრული დამატებითი ვადა არ შეაჩერებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრებას. შპს „...იმ’’ 2018 წლის 31 აგვისტოს №01-08 წერილით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, თხოვნით - 2018 წლის 1 ნოემბრამდე გადავადებულიყო საპრივატიზებო თანხის გადახდა. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 6 სექტემბრის №4/49891 (ჩაბარება-15.09.2018, გზავნილი ჩაჰბარდა ორგანიზაციის წარმომადგენელს ზ. ჩ-ეს) წერილით, საპრივატიზებო თანხის გადახდის უზრუნველყოფისთვის შპს „...ის’’ განესაზღვრა დამატებითი ვადა 2018 წლის 1 ნოემბრამდე. ზემოაღნიშნული წერილებით, შპს „...ის’’, გარდა დამატებითი ვადის განსაზღვრისა, განემარტა, რომ საპრივატიზებო პირობების შეუსრულებლობის, ასევე, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოს გადაუხდელობის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება.

მიუხედავად დამატებითი ვადის განსაზღვრისა, შპს „...ის’’ მიერ არ მომხდარა საპრივატიზებო თანხის გადახდა. შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 14 დეკემბრის №1/1-2714 ბრძანების თანახმად, შეწყდა სააგენტოსა და შპს „...ის’’ შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება.

კასატორი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების ან მასში ცვლილებების შეტანის სავალდებულო კომპონენტი (წინაპირობა) საქართველოს მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღებაა, მაგრამ არასაკმარისია, ვინაიდან პრივატიზება დასრულებულ სახეს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი პირობებით ქონების მმართველსა (სააგენტო) და მყიდველს შორის შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების (ან ცვლილების ხელშეკრულების) გაფორმებისას იღებს. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შესაბამისი ვალდებულების დარეგისტრირების საფუძველიც სწორედ ასეთი ხელშეკრულებაა.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა ქონების სააგენტოს მიერ განიხილება ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად. ასეთ შემთხვევაში, პრივატიზებული ქონება უბრუნდება პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს. სახელმწიფო ქონების შემძენს არ უნაზღაურდება გადახდილი თანხები და გაწეული დანახარჯები. ამასთან, საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დაადგინოს ხელშეკრულების მოშლის განსხვავებული სამართლებრივი შედეგები და პირობები. შესაბამისად, მარტოოდენ პირგასამტეხლოს დამატებით ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაშიც კი, ხელშეკრულება ექვემდებარებოდა ცალმხრივად მოშლას.

ხელშეკრულების გაფორმებიდან შეწყვეტამდე პერიოდში არაერთი გაფრთხილება იქნა გაგზავნილი სააგენტოს მიერ მყიდველისთვის, რომლებიც რეაგირების გარეშე იქნა დატოვებული. მყიდველის მიერ არ მომხდარა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება და შესაბამისად, არც სააგენტოს მიერ ყოფილა გაცემული ვალდებულების შესრულების წერილობითი დადასტურება. ზემოაღნიშნული ვალდებულებების დარღვევა, რაც უდავოდ დადასტურებადი ფაქტობრივი გარემოებაა, უპირობოდ ქმნიდა ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის კანონისმიერ საფუძვლებს.

კასატორი აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და არც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოება ტარდება ამ მიზნით. რაც შეეხება შპს „...ის" ინფორმირებულობას, მას ხელშეკრულების შეწყვეტამდე არაერთი წერილით ეცნობა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების განმეორებით (დამატებით ვადაში) შეუსრულებლობის ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობის შემთხვევაში, მყიდველს სრული უფლება ჰქონდა მოეშალა ხელშეკრულება. აღნიშნული წერილების ნაწილი მას ჩაბარებული აქვს, ხოლო 2018 წლის 18 ივნისის №4/34120 წერილი გაიგზავნა ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე, შესაბამისად, ხელშეკრულების 8.3 მუხლის თანახმად, მითითებული წერილიც ითვლება ადრესატისთვის ჩაბარებულად.

კასატორის მითითებით, ხელშეკრულების დადება ან მისი ძალაში შესვლა სადავო არ გამხდარა. აღნიშნული განხორციელდა საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, კანონით განსაზღვრულ 3-თვიან ვადაში, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტა რეგულირდება მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით (ხელშეკრულების 6.7 მუხლი, სსკ-ის 405-ე მუხლი).

საყურადღებოა, რომ 2018 წლის 7 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულია ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „...ისთვის’’ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 დეკემბრის №2554 განკარგულების საფუძველზე. სწორედ მითითებული განკარგულების მე-2 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტი განსაზღვრავს საპრივატიზებო თანხის გადახდას შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 3 თვის ვადაში. ,,სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის №1-1/1537 ბრძანების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაცემის საპრივატიზებო პირობის შეცვლა მოითხოვს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას. შესაბამისად, საპრივატიზებო პირობები განსაზღვრული იყო საქართველოს მთავრობის განკარგულებით და აღნიშნული პირობების საწინააღმდეგოდ, განკარგულებაში შესაბამისი ცვლილების განხორციელების გარეშე, სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას განსაზღვროს განსხვავებული საპრივატიზებო პირობა. სწორედ იმ მიზეზით, რომ არ განხორციელებულა საპრივატიზებო პირობების შეცვლა, შპს „...ის’’ ეკისრებოდა განკარგულებით და ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო თანხის გადაუხდელობის გამო შესაბამისი პირგასამტეხლო.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 თებერვლის განჩინებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 აგვისტოს განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 2009 წლის 24 მარტის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „...ის“ საკუთრებაში იყო ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 288.00 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობდა ქალაქ გარდაბანში (ტ.2, ს.ფ. 136-137); ბ) 2012 წლის 24 სექტემბრის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „...ის“ საკუთრებაში იყო ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 3764.00 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი, მისამართი: გარდაბანი, სოფელი ... (ტ.2, ს.ფ. 143-144); გ) შპს „გ...ის“ 2014 წლის 11 ივლისის პარტნიორთა გადაწყვეტილებით დგინდება, რომ დღის წესრიგს წარმოადგენდა შპს „გ...ის“ მიერ მოთხოვნის უფლების დათმობა და მითითებული შპს-ს კუთვნილი უძრავ-მოძრავი ქონების და ყველა არამატერიალური სიკეთის გადაცემა შპს „...ის“ სასარგებლოდ. გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მომხდარიყო შპს „გ...ის“ მოთხოვნის უფლების დათმობა შპს „...ის“ სასარგებლოდ, შპს-ს კუთვნილი უძრავ-მოძრავი ქონება და ყველა არამატერიალური სიკეთე (რომელიც შპს „გ...მა“ შეიძინა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს განკარგულების (A10043288-017/001) საფუძველზე), გადაეცა შპს „...ის“. ამავე გადაწყვეტილებით დათმობილ იქნა საკუთრების უფლების მოპოვების მოთხოვნის უფლება გარდაბანში, ...ის ქუჩა №2-ში მდებარე დაურეგისტრირებელი 12734 კვ.მ ფართის მქონე შენობაზე, 3764 კვ.მ ფართის მქონე უძრავ ქონებაზე (შენობა ნაყიდია აღსრულებიდან, ს/კ ...), 288.კვ.მ ფართის მქონე უძრავ ქონებაზე (შენობა ნაყიდია აღსრულებიდან, ს/კ ...) (ტ.2, ს.ფ. 342-343); დ) 2014 წლის 11 ივლისის შპს „...ის“ პარტნიორთა გადაწყვეტილების თანახმად, დღის წესრიგს წარმოადგენდა შპს „...ის“ მიერ თანხმობის გაცემა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიერ გაცემული განკარგულების (A10043288-017/001) საფუძველზე შეძენილი შენობა-ნაგებობების სახელმწიფო საკუთრების უფლებით რეგისტრაციასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ პარტნიორები თანხმობას აცხადებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს, ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიერ გაცემული განკარგულების (A10043288-017/001) საფუძველზე შეძენილი შენობა-ნაგებობები, რომლებიც მდებარეობს მიწის ნაკვეთებზე, საკადასტრო კოდებით: ..., ..., ..., დარეგისტრირდეს სახელმწიფო საკუთრებად, რომელთან დაკავშირებითაც შპს „...ის“ საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული სამართლებრივი მოთხოვნები აღარ ექნებოდა. საჯარო რეესტრიდან ამონაწერების თანახმად, ..., ..., ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ქონებები დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრებად (ტ.1, ს.ფ. 223, ტ.2 ს.ფ. 24-25, 26-27, 30-31); ე) საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ რუსთავში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის 2015 წლის 12 იანვრის №66 წერილში, რომელიც გაიგზავნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში, აღნიშნულია, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობა თანახმაა, შპს „...ის“ გადაეცეს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები პირდაპირი მიყიდვის გზით (საკადასტრო კოდები: ..., ..., ..., ..., ...), ხოლო ...ს ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთები (საკადასტრო კოდები: ..., ..., ...) გადაეცეს გრძელვადიანი იჯარით. გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2014 წლის 29 დეკემბრის №3345 წერილში აღნიშნულია, რომ სოფელი არ იყო წინააღმდეგი მომხდარიყო ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთების გასხვისება და იჯარის წესით გაცემა, რაც დასტურდებოდა კრებაზე დამსწრეთა ხელმოწერებით (ტ.2, ს.ფ. 113-118); ვ) საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 დეკემბრის №2554 განკარგულებით ქ. გარდაბანში მდებარე 1764 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული №1-№2 შენობა-ნაგებობები (ს/კ ...), ქ. გარდაბანში, ...ის ქუჩა №30ა-ში მდებარე 979 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული №1-№2 შენობა-ნაგებობები (ს/კ ...), ქ. გარდაბანში მდებარე 303 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული №1 შენობა-ნაგებობა (ს/კ ...), ქ. გარდაბანში, ...ის ქ. №2-ში მდებარე 8888 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული №1-№4 შენობა-ნაგებობები (ს/კ ...) და გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში მდებარე 4845 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული №1-№4 შენობა-ნაგებობები (ს/კ ...) პირდაპირი მიყიდვის ფორმით საკუთრებაში გადაეცა შპს „...ის“. განკარგულებით გათვალისწინებული უძრავი ნივთების ერთ-ერთ საპრივატიზებო პირობად განისაზღვრა, რომ მოსარჩელე მხარეს საპრივატიზებო თანხის გადახდა უნდა განეხორციელებინა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 3 (სამი) თვის ვადაში (ტ.2, ს.ფ. 8-10); ზ) 2018 წლის 7 მარტს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „...ის“ შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, ქ. გარდაბანში მდებარე 1764 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული №1-№2 შენობა-ნაგებობების (ს/კ ...), ქ. გარდაბანში, ...ის ქუჩა №30ა-ში მდებარე 979 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული №1-№2 შენობა-ნაგებობების (ს/კ ...), ქ. გარდაბანში მდებარე 303 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული №1 შენობა-ნაგებობის (ს/კ ...), ქ. გარდაბანში, ...ის ქ. №2-ში მდებარე 8888 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული №1-№4 შენობა-ნაგებობების (ს/კ ...) და გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში მდებარე 4845 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული №1-№4 შენობა-ნაგებობების (ს/კ ...) შესყიდვასთან დაკავშირებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების პირობით (ტ.1 ს.ფ. 17-23); თ) მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით დგინდება, რომ საპრივატიზებო თანხად განისაზღვრა 218336 ლარი, რომელიც მოსარჩელე მხარეს უნდა გადაეხადა ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 3 (სამი) თვის ვადაში (ტ.1 ს.ფ. 17-23); ი) 2018 წლის 17 მაისს შპს „...ის“ დირექტორმა წერილით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს და განმარტა, რომ შესყიდულ მიწის ნაკვეთებზე განთავსებული შენობა-ნაგებობები იყო უაღრესად ცუდ მდგომარეობაში, რამაც განაპირობა თანხის გადაუხდელობა. ამავე წერილით ითხოვა თანხის გადახდის გადავადება ორი თვის ვადით პირგასამტეხლოს სახით ჯარიმის გამოყენების გარეშე (ტ.1 ს.ფ. 56-57); კ) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 31 მაისის №4/30720 წერილით შპს „...ის“ განემარტა, რომ სააგენტო არ იყო წინააღმდეგი ხელშეკრულების 2.1 მუხლით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად და საპრივატიზებო თანხის - 218336 ლარის გადახდის უზრუნველყოფისათვის განესაზღვრა დამატებითი ვადა 2018 წლის 1 სექტემბრამდე (ტ.1 ს.ფ. 58-59); ლ) 2018 წლის 12 ივნისს შპს „...ის“ დირექტორმა №01-07 წერილით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს, რომელშიც აღნიშნა, რომ ვინაიდან თანხის გადახდის ვადა გაგრძელდა 2018 წლის 1 სექტემბრამდე, ბუნდოვანი და კანონშეუსაბამო იყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის შესაბამისი პირგასამტეხლოს დაკისრება (ტ.1 ს.ფ. 60-61); მ) შპს „...ის“ 2018 წლის 12 ივნისის №01-07 წერილის პასუხად სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 18 ივნისის №4/34120 წერილით კომპანიას აცნობა, რომ 2018 წლის 17 მაისის №01-05 წერილით სააგენტოსათვის ცნობილი გახდა, რომ შპს „...ი“ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში ვერ ახერხებდა საპრივატიზებო თანხის გადახდას, რისთვისაც მიეცა დამატებითი ვადა 2018 წლის 1 სექტემბრამდე. ამავე წერილში მითითებულ იქნა, რომ სააგენტოს მიერ განსაზღვრული დამატებითი ვადა არ შეაჩერებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „...ის“ ეთხოვა დამატებით ვადაში, კერძოდ, 2018 წლის 1 სექტემბრამდე განეხორციელებინა გადაუხდელი საპრივატიზებო თანხის - 218 336 ლარის გადახდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით, ხოლო დაკისრებული პირგასამტეხლო (რომლის ზუსტი ოდენობაც დამოკიდებული იყო საპრივატიზებო თანხის გადახდის თარიღზე) ჩაერიცხა წერილში მითითებულ საბანკო ანგარიშებზე. ამავე წერილით განმარტებულ იქნა, რომ დამატებით ვადაში საპრივატიზებო პირობების შეუსრულებლობის, ასევე, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოს გადაუხდელობის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილი იყო ცალმხრივად მოეშალა ხელშეკრულება (ტ.1 ს.ფ. 62-63); ნ) 2018 წლის 31 აგვისტოს შპს „...ის“ დირექტორმა წერილით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს და განმარტა, რომ ვინაიდან სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ თანხის გადახდის ვადა გაგრძელდა 2018 წლის 1 სექტემბრამდე, ბუნდოვანი და კანონშეუსაბამო იყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის შესაბამისი პირგასამტეხლოს დაკისრება (ტ.1 ს.ფ. 64-65); ო) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 6 სექტემბრის №4/49891 წერილით საპრივატიზებო თანხის გადახდის უზრუნველსაყოფად, შპს „...ის“ დამატებითი ვადა განესაზღვრა 2018 წლის 1 ნოემბრამდე. ამავე წერილში მითითებულია, რომ დამატებითი ვადა არ აჩერებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებას, რომელიც იყო ზრდადი (გადაუხდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით, დარღვევის დღიდან - 08.06.2018 წლიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე) ვალდებულების სრულ შესრულებამდე. ამავე წერილში მითითებულ იქნა, რომ ხელშეკრულების 6.7 და 6.8 მუხლების შესაბამისად, დამატებით ვადაში საპრივატიზებო პირობების შეუსრულებლობის, ასევე, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოს გადაუხდელობის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილი იყო ცალმხრივად მოეშალა ხელშეკრულება. ამ შემთხვევაში პრივატიზებული ქონება ბრუნდებოდა სახელმწიფოს საკუთრებაში, ხოლო მყიდველს არ უნაზღაურდებოდა გადახდილი თანხები და გაწეული დანახარჯები (ტ.1 ს.ფ. 66-67); პ) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 14 დეკემბრის №1/1-2714 ბრძანებით შეწყდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „...ის“ შორის 2018 წლის 7 მარტს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება (ტ.1 ს.ფ. 68-69).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. ამავე კოდექსის 409-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ.

ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო დგას მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილთან მიმართებით გასაჩივრებული განჩინების კანონშესაბამისობის შემოწმების საჭიროების წინაშე.

მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „...ის“ შორის 2018 წლის 7 მარტს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 14 დეკემბრის ბრძანების კანონიერება.

საკასაციო პალატა თავდაპირველად მიუთითებს, რომ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს აწესრიგებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. ამავე კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ქონება არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთები, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, ხოლო „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, პრივატიზება არის ელექტრონული ან/და საჯარო აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმებით, სავაჭრო ობიექტის, მესამე პირის მეშვეობით, აგრეთვე წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით ფიზიკური და იურიდიული პირების ან მათი გაერთიანებების მიერ სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა ამ კანონით დადგენილი წესით. მითითებული კანონის 31 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პრივატიზებისას პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსა და ქონების შემძენს შორის იდება შესაბამისი ხელშეკრულება, რომელიც საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციისა და შესაბამისი ვალდებულებების (მათ შორის, ასეთის არსებობის შემთხვევაში, საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების) წარმოშობის საფუძველია.

სახელმწიფო ქონების (გარდა განსაკარგავად გადაცემული/სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონებისა) პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წესს განსაზღვრავს „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის №1-1/1537 ბრძანება. მითითებული დებულების 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს და შესაბამის პირობებს ადგენს საქართველოს მთავრობა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების მიზანია საკუთრების უფლება გადაეცეს იმ მყიდველს, რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის დადგენილ პირობას (პირობებს), ხოლო თუ პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება კონკურენტული შერჩევის საფუძველზე – საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ დაინტერესებულ პირს (პოტენციურ ინვესტორს), რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს სახელმწიფო ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას დადგენილ პირობას (პირობებს).

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 7 მარტს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „...ის“ შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავი ქონებების შესყიდვასთან დაკავშირებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების პირობით. აღნიშნული ხელშეკრულება შეწყდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 14 დეკემბრის №1/1-2714 ბრძანებით.

თავდაპირველად საკასაციო სასამართლო იმსჯელებს კასატორის შედავებაზე სადავო ბრძანების ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევასთან დაკავშირებით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წარმოადგენს საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილებების განმახორციელებელ ადმინისტრაციულ ორგანოს, მასზე ვრცელდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. ამდენად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სახეზეა, როდესაც იგი მიმართულია ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგებისაკენ და აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის სამართლებრივ მდგომარეობას. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით განხორციელებულმა ღონისძიებამ უშუალო სამართლებრივი შედეგი უნდა წარმოშვას. „..აქტის ეს აუცილებელი ელემენტი სახეზე არ არის მაშინ, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული საჯარო-სამართლებრივი ღონისძიება ემსახურება მხოლოდ ინფორმაციის მიწოდებას ან ადგილი აქვს ფაქტობრივ გარემოებათა დადგენის მიზნით განსახორციელებელ მოქმედებას..“(სუს 23.07.2020წ. №ბს-38(კ-20) გადაწყვეტილება).

საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორის განმარტებას, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „...ის“ შორის 2018 წლის 7 მარტს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, ადმინისტრაციული ხელშეკრულებაა, რომელიც ემსახურება საჯარო მიზანს და ეფუძნება საჯარო კანონმდებლობას. თუმცა, უსაფუძვლოა სააგენტოს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულების არსებობის პირობებში, დაუშვებელი იყო მისი ცალმხრივად მოშლის შესახებ ნების გამოხატვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ფორმით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულებაა. ამდენად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის საჯაროსამართლებრივ ფორმას წარმოადგენს, რომლითაც ადმინისტრაციული ორგანო თავის ფუნქციებს ახორციელებს. შესაბამისად, საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციული ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა შესაძლებელია განხორციელდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით. ადმინისტრაციული ხელშეკრულების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეწყვეტის შესაძლებლობას ადასტურებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. მნიშვნელოვანია, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულების შესაწყვეტად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით ჩატარებული წარმოების პროცესში ხელშეკრულების მეორე მხარის მონაწილეობით დაცულ იქნეს მისი ინტერესებიც, რაც შეამცირებს შესაბამისი პირის აზრის გაცნობის გარეშე ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტის რისკს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო, ადმინისტრაციული ხელშეკრულების მოშლის მიზნით, გამოეყენებინა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ფორმა, შესაბამისი წარმოების ჩატარებით და ხელშეკრულების მონაწილე მხარის სათანადო ჩართულობით. საყურადღებოა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 14 დეკემბრის №1/1-2714 ბრძანების გამოცემის ერთ-ერთ საფუძვლად მითითებულია ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილების მე-5 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტი (სააგენტოს თავმჯდომარე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში, იღებს გადაწყვეტილებას სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე და გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს). შესაბამისად, გასაჩივრებული ბრძანება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია და სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ემსჯელა მისი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის შესაძლებლობაზე.

„სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის №1-1/1537 ბრძანების მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), თუ სახელმწიფო ქონების შემძენი სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის (კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის) თაობაზე საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დადგენილ ვადებში არ გადაიხდის საპრივატიზებო საფასურს, მყიდველისათვის საპრივატიზებო საფასურის გადახდისათვის მიცემული დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში, პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს წერილობითი მიმართვის საფუძველზე შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში ქონების შემძენის საკუთრებად რეგისტრირებულ ქონებაზე უქმდება საკუთრების უფლების რეგისტრაცია და ქონება ბრუნდება სახელმწიფო საკუთრებაში, ხოლო მოძრავი ნივთის შემთხვევაში (რომელიც რეგისტრაციას არ ექვემდებარება) ნივთი ბრუნდება სახელმწიფო საკუთრებაში.

ამავე მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში სახელმწიფო ქონების შემძენი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დასახელებული ნორმით გათვალისწინებული დამატებითი ვადის განსაზღვრის მიზანია მოვალისათვის ხელის შეწყობა, რათა მან შეძლოს დარღვეული ვალდებულების გამოსწორება. კრედიტორი „შებოჭილია“ დამატებითი ვადის გამოყენების ვალდებულებით, მისი თავისუფლება მხოლოდ ამ ვადის სიდიდის განსაზღვრაში შეიძლება მდგომარეობდეს, თუკი კანონით იგი არაა განსაზღვრული.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის №1-1/1537 ბრძანების მე-4 მუხლის მე-10 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაწესებულ დამატებით ვადაში შეუსრულებლობა, აგრეთვე, დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა, ქონების სააგენტოს მიერ განიხილება ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად.

დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „...ის“ შორის 2018 წლის 7 მარტს ადმინისტრაციული ხელშეკრულების გაფორმების წინაპირობა გახდა საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 დეკემბრის №2554 განკარგულება, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „...ისთვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ. მითითებულ ადმინისტრაციულ ხელშეკრულებაში გათვალისწინებულ იქნა, მათ შორის, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს დაკისრებისა და ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის პირობები.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. ამავე კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება).

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული 2018 წლის 7 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების 6.1 პუნქტის თანახმად: „ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი იღებს გაფრთხილებას წერილობითი სახით, სადაც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა, პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების შესახებ და საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები, რომელზეც პირგასამტეხლოს თანხა უნდა იქნეს გადახდილი“. ამავე ხელშეკრულების 6.7 პუნქტის თანახმად: „მყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების განმეორებით (დამატებით ვადაში) შეუსრულებლობის ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობის შემთხვევაში გამყიდველს უფლება აქვს ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება“.

საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას საქმეზე დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ შპს „...ის“ დირექტორმა 2018 წლის 17 მაისს განცხადებით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს და განუმარტა, რომ შესყიდულ მიწის ნაკვეთებზე განთავსებული შენობა-ნაგებობები იყო უაღრესად ცუდ მდგომარეობაში, რაც გახდა თანხის გადაუხდელობის ძირითადი მიზეზი. ამავე წერილით ითხოვა თანხის გადახდის გადავადება ორი თვის ვადით, პირგასამტეხლოს დაკისრების გარეშე. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 31 მაისის №4/30720 მიმართვით შპს „...ის“ განემარტა, რომ სააგენტო არ იყო წინააღმდეგი ხელშეკრულების 2.1 მუხლით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად და საპრივატიზებო თანხის - 218336 ლარის გადახდის უზრუნველყოფისათვის განესაზღვრა დამატებითი ვადა 2018 წლის 1 სექტემბრამდე. აღნიშნული მიმართვა ჩაჰბარდა პირადად შპს „...ის“ დირექტორს - ზ. ლ-ს 2018 წლის 1 ივნისს (ტ.2, ს.ფ. 16).

ასევე დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 6 სექტემბრის №4/49891 წერილით შპს „...ის“ საპრივატიზებო თანხის გადახდის უზრუნველსაყოფად დამატებითი ვადა განესაზღვრა 2018 წლის 1 ნოემბრამდე. ამავე წერილში მითითებულ იქნა, რომ ხელშეკრულების 6.7 და 6.8 მუხლების შესაბამისად, დამატებით ვადაში საპრივატიზებო პირობების შეუსრულებლობის, ასევე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოს გადაუხდელობის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილი იყო ცალმხრივად მოეშალა ხელშეკრულება.

მოცემულ შემთხვევაში კასატორი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 6 სექტემბრის მიმართვა ჩაჰბარდა ორგანიზაციის წარმომადგენელს - ზ. ჩ-ეს 2018 წლის 15 სექტემბერს (ტ.2, ს.ფ 11).

საკასაციო პალატის მითითებით, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ ზ. ჩ-ე საქმეში წარმოდგენილი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით წარმოადგენდა შპს „...ის“ ერთ-ერთ პარტნიორს (ტ.1. ს.ფ. 13-14), აღნიშნული უპირობოდ ვერ ჩაითვლება 2018 წლის 6 სექტემბრის მიმართვის უფლებამოსილ პირზე ჩაბარებად, ვინაიდან საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ზ. ჩ-ე იყო კომპანიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ხელშეკრულების შეწყვეტამდე ვალდებული იყო, სათანადო ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გზით, დაედგინა არსებობდა თუ არა ხელშეკრულების შეწყვეტის წინაპირობები. დაინტერესებული მხარე (მოსარჩელე კომპანია) მიეწვია ადმინისტრაციულ წარმოებაზე, მიეცა მისთვის საკუთარი პოზიციის წარდგენის შესაძლებლობა და მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ გადაეწყვიტა ხელშეკრულების შეწყვეტის შესაძლებლობა. ადმინისტრაციულ წარმოებაზე მოსარჩელე მხარის მიწვევა, ხელშეკრულების შეწყვეტის მიზანშეწონილობის საკითხის გარკვევასთან ერთად, ადმინისტრაციულ ორგანოს მისცემდა საშუალებას დაედგინა დაცული იყო თუ არა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 6.7 პუნქტის მოთხოვნები, რომელიც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის უფლებამოსილებას ანიჭებდა ,,მყიდველის’’ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების განმეორებით (დამატებით ვადაში) შეუსრულებლობის შემთხვევაში.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოება მოიცავს როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადება, გამოცემასა და აღსრულებასთან, ისე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადება, დადებასა და გაუქმებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობას. მნიშვნელოვანია, რომ დაინტერესებული მხარის მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში გულისხმობს მის უფლებას, ჩაერთოს ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში - ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ეს ვალდებულება ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც ადმინისტრაციული წარმოების შესაძლო შედეგი გულისხმობს დაინტერესებული მხარის სამართლებრივი მდგომარეობის გაუარესებას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენება სასამართლოს შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე და ეს გარემოებები იმდენად არსებითი მნიშვნელობისაა, რომ მათი შემოწმება და შეფასება სასამართლოსათვის შეუძლებელია. აღნიშნული ნორმის გამოყენების შემთხვევაში სასამართლოს მხრიდან არ ხდება აქტის არსებითად ბათილად ცნობა, ასეთ პირობებში სასამართლო გასაჩივრებულ აქტს ბათილად ცნობს სადავო საკითხის გადაუწყვეტლად და ავალებს ადმინისტრაციულ ორგანოს გამოიკვლიოს და შეისწავლოს საქმის გარემოებები და საქმე გადაწყვიტოს ადმინისტრაციული წარმოების ნორმების დაცვით.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო საქმის გარემოებათა ობიექტურად გამოკვლევის გარეშე. ადმინისტრაციულმა ორგანომ წარმოება ჩაატარა არასათანადოდ და არ შეაფასა საქმის გარემოებები. შესაბამისად, სახეზეა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 14 დეკემბრის №1/1-2714 ბრძანების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 აგვისტოს განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 აგვისტოს განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე