Facebook Twitter

ას-1234-1372-04 4 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრებისსაქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე (მომხსენებელი),

რ. ნადირიანი

დავის საგანი: სამკვიდრო მოწმობაში ცვლილებების შეტანა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

დ. ხ.-ს მეუღლემ უ. ჯ.-მ 2003წ. 16 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით ქ.თბილისში …მდებარე სამოთახიანი ბინა გაასხვისა ნ. ბ.-ეზე, ლ. დ.-სა და მ. ბ.-ზე.

2004წ. იანვარში დ. ხ.-ს წარმომადგენელმა ა. ჯ.-მ სარჩელი შეიტანა სასამართლოში უ. ჯ.-ს, ნ. ბ.-ის, ლ. დ.-ის და მ. ბ.-ის მიმართ სამკვიდრო მოწმობაში ცვლილებების შეტანისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ.

გლადანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004წ. 21 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოსარჩელე ცნობილ იქნა ბინის 1/4-ის მესაკუთრედ.

ნ.ბ.-ის, ლ. დ.-ის და მ. ბ.-ის წარმომადგენელმა ლ. ჭიჭინაძემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 9 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით დ. ხ.-ს უარი ეთქვა სარჩელზე.

დ. ხ.-ს წარმომადგენელმა ა. ჯ.-მ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეტანილი საჩივრით მოითხოვა საქმის წარმოების განახლება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 16 სექტემბრის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

დ. ხ.-ს წარმომადგენელი ა. ჯ.-ა ითხოვდა სააპელაციო პალატის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას.

საკასაციო ინსტანციაში საქმის განხილვის პროცესში მხარეები შეთანხმდნენ დავის მორიგებით დამთავრების შესახებ შემდეგი პირობებით:

დ. ხ. და უ. ჯ.-ა იღებენ ვალდებულებას, რომ ნ. ბ.-ს, მ. ბ.-სა და ლ. დ.-ს ორი თვის ვადაში გადაუხდიან 20000 აშშ დოლარს. აღნიშნული თანხიდან ნ. ბ.-ე მიიღებს 4370 აშშ დოლარს, მ. ბ.-ი 6480 აშშ დოლარს, ხოლო ლ. დ.-ი _ 9150 აშშ დოლარს, რის შემდეგ მათ აღარ ექნებათ პრეტენზია სადავო ბინაზე.

თანხის გადაცემა დადასტურებულ იქნება სანოტარი წესით ან ხელწერილითა და მოწმეების მეშვეობით.

იმ შემთხვევაში, თუ უ. ჯ. და დ. ხ. არ Dშეასრულებენ მორიგების აქტით ნაკისრ ვალდებულებას, გაიცემა სააღსრულებო ფურცელი ქ.თბილისში ... მდებარე ბინიდან მათი გამოსახლების შესახებ.

ლ.დ.-ი, ნ.ბ.-ე და მ.ბ.-ი მორიგების აქტის საფუძველზე შეიტანენ განცხადებას სააღსრულებო ბიუროში უ.ჯალაღონიას და დ.ხ.-ს ბინიდან გამოსახლების გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების მოთხოვნით.

მხარეებს განემარტათ დავის მორიგებით დამთავრების შედეგები, კერძოდ, იმის თაობაზე, რომ საქმის წარმოება შეწყდება და აღარ ექნებათ უფლება, იმავე, დავაზე სასამართლოს კვლავ მიმართონ სარჩელით.

საკასაციო პალატას შესაძლებლად მიაჩნია მხარეებს შორის მორიგების 2005წ. 4 თებერვლის აქტის დამტკიცება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 272-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დამტკიცდეს მხარეთა შორის მორიგება.

უჩა ჯ.-ს და დ. ხ.-ს ნ. ბ.-ის, მ. ბ.-ის და ლ. დ.-ის სასარგებლოდ ორი თვის ვადაში გადახდეთ 20 000 აშშ დოლარი.

აღნიშნული თანხიდან ნ. ბ.-ს გადაეცეს 4370 აშშ დოლარი, მ. ბ.-ს – 6480 აშშ დოლარი, ხოლო ლ. დ.-ს _ 9150 აშშ დოლარი.

იმ შემთხვევაში, თუ უ. ჯ.-ა და დ. ხ. არ Dშეასრულებენ მორიგების აქტით ნაკისრ ვალდებულებას, გაიცეს სააღსრულებო ფურცელი ქ.თბილისში, ... მდებარე ბინიდან მათი გამოსახლების შესახებ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების საფუძველზე.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 16 სექტემბრის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმის წარმოება შეწყდეს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.