Facebook Twitter

ას-123-464-05 11 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: თ. თოდრია (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე (მომხსენებელი),

ლ. გოჩელაშვილი

დავის საგანი: საცხოვრებელ სახლში მისასვლელი გზით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა.

აღწერილობითი ნაწილი:

ჯ. ქ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ნ. დ-ის მიმართ და მოითხოვა, მოპასუხეს დაევალებოდა მის მიერ ჩახერგილი ჩიხის გათავისუფლება და მისთვის აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების მიცემა. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ ჯ. ქ-ე ცხოვრობს ქ. თბილისში, ...... ქ. ¹33-ში, რომელიც ცენტრალური, ანუ ...... ქუჩიდან 10-12 მეტრით სიღრმეში მდებარეობს, შესასვლელი აქვს მხოლოდ ¹29 და ¹31 ბინებს შორის გამავალი უსახელო ჩიხიდან. მეზობელმა ნ. დ-ემ, რომელიც ცხოვრობს ...... ქუჩის ¹29-ში, რკინის ჭიშკრით ჩაკეტა ჩიხში შესასვლელი. ამასთან, ჩიხის მთელი ტერიტორია დაიკავა სხვადასხვა საგნებითა და მასალებით, მისი ბინის შესასვლელთან მოაწყო საქათმე, რითაც შეუზღუდა ბინაში შესასვლელი ერთადერთი გზა.

ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 27 მაისის გადაწყვეტილებთი დაკმაყოფილდა ჯ. ქ-ის სარჩელი და ნ. დ-ეს დაევალა, გაეთავისუფლებინა მის მიერ ..... ჩიხში ჩახერგილი ტერიტორია და მოსარჩელისათვის მიეცა ჩიხით შეუზღდავი სარგებლობის უფლება. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დასაბუთებულია იმით, რომ საქმის მასალებით, თავად მოპასუხის განმარტებით, დადგენილია, რომ სადავო ჩიხის ტერიტორია არ წარმოადგენს მოპასუხის საკუთრებას, ის საჯარო ნივთია და ამდენად, მისი გამოყენება, როგორც საერთო სარგებლობის ნივთისა, ხელმისაწყდომი უნდა იყოს საზოგადოების ყველა წევრისათვის, მათ შორის, მოსარჩელისათვის, რომელსაც ჩიხის მხრიდან გააჩნია ეზოში შესასვლელი კარი.

მოპასუხის განმარტებით, მან ჩიხში სპეციალური ნებართვის გარეშე ჩააყენა კარი, რაც ხელს უშლის მოსარჩელეს. რაიონულმა სასამართლომ გამოიყენა სკ-ის 115-ე მუხლი, რომლის თანახმად სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად და დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ჯ. ქ-ეს სურს დაანგრიოს მიწისძვრის შედეგად დაზიანებული თავისი სახლი და ააშენოს ახალი, რისთვისაც ესაჭიროება საერთო სარგებლობის ჩიხის გამოყენება.

ნ. დ-ემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. დ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 27 მაისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება.

ჯ. ქ-ეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ...... ქ. 33-ს 2000 წლამდე ჰქონდა დამოკიდებელი შესასვლელი ...... ქუჩიდან. აღნიშნული დასტურდება საქმეში წარმოდგენილი თბილისის მერიის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის, ქალაქის მთავარი არქიტექტორის წერილით და ტექაღრიცხვის სამსახურის მიერ გაცემული ცნობით. მოსარჩელემ თავის შესასვლელში მოაწყო სათავსო და გაიუარესა მდგომარეობა.

სკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის გამოყენების თმენის ვალდებულება მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს არ წარმოეშვება, თუკი არსებული დაკავშირება მიწის ნაკვეთისა გაუქმდა მესაკუთრის თვითნებური მოქმედებით. ამ ნორმის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომმოცემულ შემთხვევაში ჯ. ქ-ემ თავად გააუქმა არსებული დაკავშირება, გაიუარესა მდგომარეობა, რის გამოც ნ. დ-ეს არ ეკისრება აუცილებელილ გზის გამოყენების თმენის ვალდებულება.

ჯ. ქ-ემ საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და ხელახალი განხილვისათვის საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის. მისი საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია იმით, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა სკ-ის 180-ე მუხლი, ვინაიდან სადავო ჩიხი არ წარმოადგენს მხარეთა საკუთრებას, ის საერთო სარგებლობაში არსებული ნივთია. 180-ე მუხლი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მიწის ნაკვეთი არის კერძო საკუთრება. აღნიშნული დადგენილია რაიონული სასამართლოს მიერ, რაც ასახულია გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში, ხოლო სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის მიერ მტკიცებულებათა შემოწმებისა და შეფასების შედეგები. საქმეში წარმოდგენილი ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებაა: ერთი გაცემულია 2003წ. 24 ოქტომბერს ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მიერ, რომლის მიხედვით ფიქსირდება, რომ ...... ქ. ¹33-ში მცხოვრებ ჯ. ქ-ეს აქვს დამოუკიდებელი შესასვლელი ....... ქუჩიდან, ხოლო მეორე გაცემულია იმავე სამსახურის მიერ 2004წ. 28 იანვარს, სადაც დაფიქსირებულია საწინააღმდეგო, კერძოდ, ის რომ ჯ. ქ-ის ბინას ....... ქუჩიდან გააჩნია მხოლოდ ერთი შესასვლელი _ ....... უსახელო ჩიხი, სხვა შესასვლელი არ არსებობს. პალატამ საერთოდ არ შეაფასა ეს დოკუმენტი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ჯ. ქ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 4 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგი გარემოებების გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ჯ. ქ-ე და ნ. დ-ე მეზობლები არიან; ჯ. ქ-ე ცხოვრობს ქ. თბილისში, ....... ქ. ¹33-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ნ. დ-ე _ ...... ქ. ¹29-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში. ჯ. ქ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ნ. დ-ის მიმართ და მოითხოვა, მოპასუხეს დავალებოდა მის მიერ ჩახერგილი ჩიხის გათავისუფლება და მისთვის აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების მიცემა. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ დავის გადაწყვეტისათვის არასწორად გამოიყენა სკ-ის 180-ე მუხლი. ამ მუხლის პირველი ნაწილის პირველ წინადადებაში მითითებულია, რომ, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველყაყოფად. საკასაციო პალატა თვლის, რომ კანონმდებელი ამ ნორმით მეზობელს თმენის მოვალეობას მხოლოდ იმ შემთხვევაში აკისრებს, თუ აუცილებელი გზა მის საკუთარ მიწის ნაკვეთზე გადის. მოცემულ შემთხვევაში არ არის დადგენილი, სადავო ჩიხი ვისი საკუთრებაა; საქმეში არ არის წარმოდგენილი იმის მტკიცებულება, რომ ეს სადავო ჩიხი მხოლოდ ნ. დ-ის საკუთრებას წარმოადგენს. შესაბამისად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ჯ. ქ-ემ თავად გააუქმა არსებული დაკავშირება, გაიუარესა მდგომარეობა,რის გამოც ნ. დ-ეს არ ეკისრება აუცილებელი გზის გამოყენების თმენის ვალდებულება.

სკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილში მითითებულია, რომ აუცილებელი გზის ან გაყვანილობის თმენის ვალდებულება არ წარმოიშობა, თუკი უკვე არსებული დაკავშირება მიწის ნაკვეთისა გაუქმდა მესაკუთრის თვითნებური მოქმედებით. აღნიშნული ნორმის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს ნ. დ-ე აუცილებელი გზის თმენის ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ უნდა ემსჯელა, თუ დადასტურდებოდა მოპასუხის საკუთრების უფლება ამ გზაზე.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ შეაფასა ჯ. ქ-ის მოთხოვნის _ საცხოვრებელ სახლში მისასვლელი გზით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთის _ სამართლებრივ საფუძვლიდან ან მიმართებაში. სკ-ის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია, ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე არ არის იურიდიულად დასაბუთებული, რის გამოც იგი სსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ჯ. ქ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 4 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.