Facebook Twitter

ას-1235-1370-04 23 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: თ. თოდრია (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე (მომხსენებელი),

ლ. გოჩელაშვილი

დავის საგანი: ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და მაღაზიის მესაკუთრედ ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

მ. ჭ-მა 2001წ. 14 თებერვალს სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე მ. პ-ას მიმართ და მოითხოვა მის სახელზე ქუთაისის სანოტარო ბიუროს 2000წ. 19 ოქტომბერს გაცემული კანონისმიერი მემკვიდრეობის, საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობა, პ-ას უკანონო მფლობელობიდან მაღაზიის გამოთხოვა და მაღაზიის მესაკუთრედ ცნობა.

მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ 1996წ. აგვისტო-სექტემბერში ქ. ქუთაისში, ......., რომელიც ეკუთვნის რკინიგზის სამტრედიის ნაგებობათა დისტანციას, საკუთარი სახსრებით ააშენა ერთსართულიანი კაპიტალური ნაგებობა, რომელშიც, როგორც ინდმეწარმეს, უნდა გაეხსნა სასურსათო _ სამრეწველო მაღაზია. 1996 წლამდე აღნიშნულ ფართობზე იდგა რკინის ჯიხური, რომელშიც განთავსებული იყო საზოგადოება სს “ტ-ის” სავაჭრო პავილიონი ¹2. 1997წ. 4 ნოემბერს “ტ-თან” დადებული ხელშეკრულებით ზემოაღნიშნული 27,08 კვ.მ ჯიხური საკუთრების უფლებით გადაეცა მას. 1997წ. 29 დეკემბრის ხელშეკრულებით მან აღნიშნული ჯიხური მიჰყიდა მოპასუხის აწ გარდაცვლილ მეუღლეს _ ჯ. პ-ას. მითითებული ჯიხური ჯ. პ-ამ გაიტანა. ჯ. პ-ას გარდაცვალების შემდეგ, 1998წ. 21 ოქტომბერს, მისმა მეუღლემ თვითნებურად დაიკავა იგი და მოახერხა საკუთრების უფლების მოწმობის მიღება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 5 ივნისის გადაწყვეტილებით მ. ჭ-ის სარჩელი მოპასუხე მ. პ-ას მიმართ ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის და მესაკუთრედ ცნობის შესახებ არ დაკაყოფილდა.

მ. ჭ-მა სააპელაციო საჩივარი შეიტანა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

სააპელაციო სასამართლოში მოცემული საქმის განხილვისას გაირკვა, რომ სადავო ფართი გასხვისებულია ჯ. ტ-ეზე, რომელიც საქმეში ჩაება მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 5 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. მ. ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მ. პ-ას სახელზე გაცემული 2001წ. 19 ოქტომბრის მემკვიდრეობის უფლების მოწმობა; მ. პ-ას 2001წ. 19 ოქტომბრის საკუთრების უფლების მოწმობა – ქ. ქუთაისში, ....... მდებარე კაპიტალურ შენობაზე (მაღაზიის ფართზე, რომელიც შედგება 27,08 კვ.მეტრისაგან).

ქ. ქუთაისში, ....... მდებარე კაპიტალური შენობა-მაღაზია, რომლის ფართი შეადგენს 27.08 კვ.მეტრს, ცნობილი იქნა მ. ჭ-ის საკუთრებად და მის სახელზე აღირიცხა.

სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ მ. ჭ-მა 1997წ. 4 ნოემბერს შეიძინა მხოლოდ ჯიხური, რადგან მიწა იმ დროისათვის სახელმწიფოს (რკინიგზის) საკუთრება იყო.

სააპელაციო პალატამ მხარეთა შორის 1997წ. დეკემბრის ხელშეკრულება ბათილად ცნო, რადგან მიწის ნაკვეთი სახელმწიფოსი იყო; მიუხედავად მ. ჭ-ი მაინც მაღაზიის მესაკუთრედ ცნო.

მ. პ-ამ საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 6 მარტის განჩინებით დაკმაყოფილდა მ. პ-ას საკასაციო საჩივარი; გაუქმდა მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 20 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე პალატას.

სამტრედიის ¹2 სამოქალაქო ნაგებობათა დისტანციამ 2002წ. 28 ოქტომბერს სარჩელი აღძრა სააპელაციო სასამართლოში და მოითხოვა, სადავო ფართის თაობაზე 1997წ. 4 ნოემბრის და 1997წ. 29 დეკემბრის ხელშეკრულებების, მ. პ-ასა და ტ-ეს შორის დადებული ხელშეკრულების გაუქმება. მოპასუხედ საქმეში ტ-ის ჩართვა, მ. ჭ-ი კი ცნობილი იქნეს მესამე პირად მოთხოვნის გარეშე, სადავო მაღაზია ცნობილი იქნეს მათ საკუთრებად.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 18 თებერვლის განჩინებით დაკმაყოფილდა სამტრედიის სამოქალაქო ნაგებობათა დისტანციის წარმომადგენელის გ. კ-ის შუამდგომლობა და განსახილველ დავაში სამტრედიის სამოქალაქო ნაგებობათა დისტანცია ჩართული იქნა სათანადო მოსარჩელედ, ხოლო თავდაპირველი მოსარჩელე მ. ჭ-ი დარჩა მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 25 თებერვლის გადაწყვეტილებით გაუქმდა მოცემულ საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 5 ივნისის გადაწყვეტილება; ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „ს-ის“ სამოქალაქო ნაგებობათა სამტრედიის დისტანციის უფროსის თ. ხ-ას სარჩელი; ქ. ქუთაისში, ...... მდებარე მაღაზიის კაპიტალური შენობა ცნობილი იქნა შპს „ს-ის“ საკუთრებად; გაუქმდა მ. პ-ასა და ჯ. ტ-ეს შორის ქ. ქუთაისში, ....... მდებარე მაღაზიის ნასყიდობის ხელშეკრულება, გაფორმებული 2000წ. 27 ივლისს; დანარჩენ ნაწილში შპს „ს-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

დაკმაყოფილდა მ. ჭ-ის მოთხოვნა, ბათილად იქნა ცნობილი მ. პ-ას სახელზე გაცემული 2000წ. 19 ოქტომბრის მემკვიდრეობის უფლების მოწმობა, მ. პ-ას სახელზე 2000წ. 19 ოქტომბერს გაცემული საკუთრების მოწმობა ქ. ქუთაისში, .......... ¹53\ა-ში მდებარე კაპიტალურ შენობაზე.

ბათილად იქნა ცნობილი მ. პ-ასა და ჯ. ტ-ეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება – ქ. ქუთაისში, ........ მდებარე კაპიტალური შენობის გასხვისების შესახებ. დაკმაყოფილდა მ. ჭ-ის შუამდგომლობა და მისი დამოუკიდებელი მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე ღიად დარჩა სარჩელის დაუზუსტებლობის გამო.

სასამართლომ შპს „ს-ის“ სარჩელი სადავო ფართის ნასყიდობის 1997წ. ხელშეკრულებების ბათილად ცნობის თაობაზე არ დააკმაყოფილა, რადგან ეს ხელშეკრულება ეხებოდა ამორტიზირებულ (ამჟამად არარსებულ) ჯიხურს.

მ. პ-ამ და ჯ. ტ-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 14 აპრილის განჩინებით გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 25 თებერვლის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 26 ივლისის გადაწყვეტილება შპს „მ-ის“ ¹2 სამოქალაქო ნაგებობათა დისტანციის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 5 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება.

შპს „მ-ის“ ¹2 სამოქალაქო ნაგებობათა დისტანციის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სასამართლომ არ გაარკვია საქმეში სათანადო მოსარჩელის საკითხი, არ მიუთითა კონკრეტული სამართლის ნორმაზე, რომლის საფუძველზეც მიიღო გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 25 თებერვლის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შპს „ს-ის სარჩელი“ 1997წ. 4 ნოემბერს სს „ტ-სა“ და მოქალაქე მ. ჭ-ს შორის. სავაჭრო ჯიხურის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე; ასევე ჯ. პ-ასა და მ. ჭ-ს შორის 1997წ. 29 დეკემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე და ამ ნაწილში გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

სს „ტ-მა“ 1997წ. 4 ნოემბერს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მ. ჭ-ს მიჰყიდა ქ. ქუთაისში, ...... მდებარე 27,08 მ2-ის ჯიხური, რომელიც 1997წ. 11 ნოემბერს ქ. ქუთაისის მერიის ტექინვენტარიზაციის ბიუროში აღირიცხა მ. ჭ-ის საკუთრებაში.

მ. ჭ-მა აღნიშნული ¹2 ჯიხური 1997წ. 29 დეკემბერს მიჰყიდა ჯ. პ-ას, რომელიც 1998წ. 5 იანვარს აღირიცხა ქ. ქუთაისის მერიის ტექინვენტარიზაციის ბიუროში ჯ. პ-ას საკუთრებაში.

სააპელაციო სასამართლომ მხარეთა განმარტებების, საქმეზე დაკითხული მოწმეების ჩვენებების საფუძველზე დაადგინა, რომ სადავო მაღაზია აშენებულია 1996წ. აგვისტო-სექტემბერში.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 1997წ. 4 ნოემბერსა და 1997წ. 29 დეკემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებების საგანს წარმოადგენდა ქ. ქუთაისში, ... მდებარე არა რკინის ჯიხური, როგორც მოძრავი ნივთი, არამედ კაპიტალურად ნაშენები, მიწასთან მყარად დაკავშირებული ნაგებობა, რომელიც მოიხსენიებოდა, როგორც „ჯიხური ¹2“.

სააპელაციო პალატამ გამოიყენა სკ-ის 149-ე, 150-ე მუხლები, ასევე 183-ე და 1515-ე მუხლები. სასამართლომ იმიტომაც არ მიიჩნია ზემოხსენებული ნასყიდობის ხელშეკრულებები მოძრავი ნივთის თაობაზე დადებულად, რომ ამ ხელშეკრულებების შინაარსიდან გამომდინარე, ნასყიდობის საგანზე საკუთრების უფლება მყიდველს გადაეცემოდა მხოლოდ ტექინვენტარიზაციის ბიუროში აღრიცხვის შემდგომ.

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მ. ჭ-ს 1997წ. 4 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით საკუთრებაში გადაეცა მხოლოდ ¹2 ჯიხური, ხოლო მიწის ნაკვეთი კი დღემდე სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენს და მისი კანონიერი მფლობელია შპს „ს-ა“. აღნიშნული სასამართლომ არ გაიზიარა იმ დროს მოქმედი მიწის კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად. ამ ნორმის თანახმად, ქალაქის მიწაზე არსებული ნაგებობების საკუთრების უფლების გადასვლისას გადადის, აგრეთვე, მიწის ნაკვეთი, ან მისი ნაწილით სარგებლობის უფლება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სადავო ¹2 ჯიხურის საკუთრების უფლების გადასვლასთან დაკავშირებით თავდაპირველად მ. ჭ-ის, ხოლო შემდგომ ჯ. პ-აზე გადავიდა მიწაზე სარგებლობის უფლებაც.

სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელე ორგანიზაციამ ვერ წარადგინა სადავო ფართის ქვეშ განთავსებულ მიწაზე კანონით გათვალისწინებული მისი საკუთრების უფლების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.

სააპელაციო სასამართლომ სკ-ის 1336-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მ. პ-ა ჩათვალა ჯ. პ-ას კანონით მემკვიდრედ: იმავე კოდექსის 1421-ე და 1500-ე მუხლების შესაბამისად კანონიერად მიიჩნია მ. პ-ას სამკვიდრო მოწმობა.

სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს 2001წ. 5 ივნისის გადაწყვეტილება გააუქმა იმის გამო, რომ მ. ჭ-ი, როგორც არასათანადო მოსარჩელე, შეიცვალა სათანადო მოსარჩელით.

მ-ის ¹2 სამოქალაქო ნაგებობათა დისტანციის წარმომადგენელმა გ. კ-ამ საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ქ. ქუთაისში, ...... ¹53-ში მდებარე მაღაზიის შენობაზე მესაკუთრედ ცნობა. საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია იმით, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა სკ-ის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ მიწასთან მყარად დაკავშირებული ნაგებობა მიწის არსებითი შემადგენელი ნაწილია და სადავო საგანი კაპიტალური ნაგებობა იყო, რომელიც სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზეა აღმართული. ამიტომ მოსარჩელის მოთხოვნა სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის შესახებ საფუძვლიანია სკ-ის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ შპს „ს-ის“ ¹2 სამოქალაქო ნაგებობათა დისტანციის წარმომადგენლის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 26 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგი გარემოებების გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, შპს „ს-ის“ სამტრედიის ¹2 სამოქალაქო ნაგებობათა დისტანციის განყოფილების უფროსმა სარჩელით მოითხოვა სს „ტ-სა“ და მ. ჭ-ს შორის სავაჭრო ჯიხური ¹2-ის თაობაზე 1997წ. 4 ნოემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების, ასევე იმავე ჯიხურის თაობაზე მ. ჭ-სა და მ. პ-ას შორის 1997წ. 29 დეკემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა; მ. პ-ასა და ჯ. ტ-ეს შორის სადავო ობიექტის თაობაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების და ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ყველა საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტების ბათილად ცნობა; მოსარჩელემ მოითხოვა ასევე ქ. ქუთაისში, ....... მდებარე მაღაზიის მესაკუთრედ ცნობა. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ მაღაზია, რომელზეც მიმდინარეობს დავა მ. ჭ-სა და მ. პ-ას, ჯ. ტ-ეს შორის, იმ მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილია, რომელიც სახელმწიფოს, კერძოდ, მ-ის ნაგებობათა დისტანციის საკუთრებაა, სკ-ის 193-ე და 150-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად.

სკ-ის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს განეკუთვნება შენობა-ნაგებობანი და ნივთები, რომლებიც მყარადაა დაკავშირებული მიწასთან და არ არის გამიზნული დროებითი სარგებლობისათვის, რაც ხელშეკრულებითაც შეიძლება განისაზღვროს.

სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 1997წ. 4 ნოემბრისა და 1997წ. 29 დეკემბრის ხელშეკრულებების საგანი წარმოადგენდა ქ. ქუთაისში, ...... მდებარე არა რკინის ჯიხური, როგორც მოძრავი ნივთი, არამედ კაპიტალურად ნაშენები, მიწასთან მყარად დაკავშირებული ნაგებობა. სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს მოცემული საკითხის თაობაზე ასეთი დამატებითი საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.

იმავე კოდექსის 193-ე მუხლით მოწესრიგებულია მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების შეძენის წესი. ამ მუხლში მითითებულია, რომ თუ მოძრავი ნივთი ისეა მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული, რომ იგი ამ ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი გახდა, მაშინ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, 150-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, იმავდროულად ხდება ამ ნივთის მესაკუთრეც. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო დავის – ქ. ქუთაისში, ...... მდებარე მაღაზიის მესაკუთრედ ცნობის თაობაზე _ გადაწყვეტის დროს ჯერ უნდა გაერკვია, ვის საკუთრებას წარმოადგენს აღნიშნულ მისამართზე მდებარე მიწის ნაკვეთი.

საქართველოს სარკინიგზო კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულია, რომ რკინიგზის მფლობელობაში არსებულ მიწას განეკუთვნება სარკინიგზო ლიანდაგებისა და რკინიგზის სტრუქტურული ერთეულებისათვის გამოყოფილი მიწა, “გასხვისების ზოლისა” და “დამცავი ზოლის” ჩათვლით.

იმავე კოდექსის მეორე ნაწილის თანახმად კი “გასხვისების ზოლი” განისაზღვრება დადგენილი ნორმებისა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების შესაბამისად, ამასთან, ისე, რომ გზის განაპირა ორივე მხარეს იგი იყოს არა ნაკლებ 20-20 მეტრისა. იმავე კოდექსის მეორე მუხლის „თ“ პუნქტი “გასხვისების ზოლს” განმარტავს, როგორც რკინიგზის მფლობელობაში არსებულ ისეთ მიწის ვაკისს, რომელზედაც განლაგებულია ხელოვნული და სახაზო-სალიანდაგო ნაგებობები, რკინიგზის ელექტრომომარაგებისა და კავშირგაბმულობის მოწყობილობები, რკინიგზის სადგურები, დამცავი ტყე-ნარგავები და რკინიგზის ფუნქციონირებისათვის საჭირო შესაბამისი ობიექტები და რკინიგზის სტრუქტურული ერთეულები.

იმავე მუხლის „კ“ პუნქტში კი მითითებულია, რომ „დამცავი ზონა“ წარმოადგენს რკინიგზის ნაგებობების, მოწყობილობებისა და სხვა ობიექტების დაცვის, მიწის ვაკისის სიმკვრივისა და მდგრადობის უზრუნველსაყოფად საჭირო მიწის ნაკვეთს, აგრეთვე მისი მომიჯნავე მცოცავ მიწას.

საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მითითება იმის შესახებ, მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარუდგინა სადავო ფართის ქვეშ განთავსებულ მიწაზე კანონით გათვალისწინებული მისი უფლების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.

სააპელაციო პალატამ არ შეაფასა საქმეში მოცემული სხვადასხვა შინაარსის ცნობები, რომლებიც მითითებულია, რომ ქ. ქუთაისში, ....... მდებარე ჯიხური მდებარეობს სადგურ “ქ-ის” მიმდებარე ტერიტორიაზე; ეს ტერიტორია კი კერძოდ, სადგურ ქუთაისი მეორის ნაგებობა და მისი გასხვისების ზოლი ცენტრალური ხაზიდან (ლიანდაგიდან) ეკუთვნის მ-ის სამოქალაქო დისტანციას 120 გრ. მეტრის ფარგლებში.

ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, რის გამოც იგი სსკ-ის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს “ს-ის” ფილიალი სამოქალაქო ნაგებობათა სამტრედიის ¹2 დისტანციის წარმომადგენელი გ. კ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 26 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.