საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-480(კ-23) 9 ივნისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - გ. ფ-ი
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 თებერვლის განჩინება
აღწერილობითი ნაწილი:
გ. ფ-მა 2020 წლის 18 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 26 სექტემბრის №000617 დადგენილებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 20 იანვრის №35 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით გ. ფ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა გ. ფ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 თებერვლის განჩინებით გ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება.
საქმის მასალების მიხედვით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 თებერვლის განჩინება გ. ფ-ის წარმომადგენელს-თ. გ-ეს (რწმუნებულება გაცემულია თ. გ-ის სახელზე განუსაზღვრელი ვადით ს.ფ 243-244) გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე (...ას №4, პირველი სადარბაზო, ოფისი №1) და ჩაბარდა იურისტ გ. ჩ-ეს (პ/ნ ...) 2023 წლის 23 მარტს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 თებერვლის განჩინებაზე გ. ფ-ის წარმომადგენელმა-თ. გ-ემ 2023 წლის 25 აპრილს წარმოადგინა საკასაციო საჩივარი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ფ-ის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. ამრიგად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლობით იმპერატიულად არის დადგენილი საკასაციო საჩივრის წარდგენის 21-დღიანი ვადა და რაიმე გამონაკლისი მოცემული ვადის გაგრძელებისა და აღდგენის თვალსაზრისით არ არსებობს. სწორედ ამიტომ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ კრიტერიუმს მისი კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეტანა წარმოადგენს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ გასაჩივრების ვადის დენის დაწყებისთვის პროცესის მონაწილე პირს, ერთი მხრივ, კანონით დადგენილი წესით უნდა ჩაბარდეს სასამართლოს აქტი, მეორე მხრივ კი, დეტალურად უნდა განემარტოს გასაჩივრების წესი და ვადა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.
ამავე კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
ასევე მნიშვნელოვანია დასახელებული კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 თებერვლის განჩინება გ. ფ-ის წარმომადგენელს-თ. გ-ეს (რწმუნებულება გაცემულია თ. გ-ის სახელზე განუსაზღვრელი ვადით ს.ფ 243-244) გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე (...ას №4, პირველი სადარბაზო, ოფისი №1) და 2023 წლის 23 მარტს ჩაბარდა იურისტ გ. ჩ-ეს (პ/ნ ...). საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 მაისის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი, ვინაიდან, საკასაციო საჩივარს თან ერთოდა კონვერტი და ფოსტის ბილი, რომლითაც დგინდებოდა, გზავნილის გაგზავნის თარიღი (2023 წლის 18 აპრილი) და ასევე გზავნილის სასამართლოში ჩაბარების თარიღი (2023 წლის 25 აპრილი), თუმცა არც კონვერტით და არც ბილის მეშვეობით არ დგინდებოდა საკასაციო საჩივარი როდის იქნა საფოსტო განყოფილებაში შეტანილი. ხარვეზის შესახებ განჩინებით, საკასაციო საჩივრის ავტორს - გ. ფ-ს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში ფოსტაში საკასაციო საჩივრის შეტანის თარიღის დადასტურების შესახებ მტკიცებულების წარმოდგენა. აღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა 2023 წლის 29 მაისს.
2023 წლის 31 მაისს საკასაციო საჩივრის ავტორის-გ. ფ-ის წარმომადგენელმა-თ. გ-ემ №ბ-803-23 განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და განმარტა, რომ საკასაციო საჩივარი ფოსტისთვის გადაცემულ იქნა 2023 წლის 13 აპრილს (21 დღიანი საპროცესო ვადის დაცვით), თუმცა აღნიშნულის მიუხედავად, მათი გზავნილი პირველივე სამუშაო დღით დაარეგისტრირეს და გააგზავნეს შესაბამის უწყებაში და სწორედ აღნიშნულმა გამოიწვია ის ფაქტი, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივარი წარდგენილ იქნა ვადის დარღვევით. კასატორის წარმომადგენლის განმარტებით, მათი არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, კერძო ფოსტა უარს აცხადებს წერილობითი ახსნა-განმარტების გაკეთებაზე და მისი მარწმუნებელი უსამართლოდ ზარალდება.
საკასაცო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადის დენა დაიწყო 2023 წლის 24 მარტს (პარასკევი) და ამოიწურა 2023 წლის 13 აპრილს (ხუთშაბათს), ხოლო საკასაციო საჩივარი კი სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა 2023 წლის 25 აპრილს (გზავნილის გაგზავნის თარიღად მითითებულია 2023 წლის 18 აპრილი), საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ. ამასთანავე, მხარისა და მისი წარმომადგენლის მიერ ზეპირი ახსნა-განმარტების გარდა, ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა, რომ საკასაციო საჩივარი საფოსტო განყოფილებაში შეტანილ იქნა 21 დღიანი ვადის დაცვით, ხოლო სასამართლო ვერ დაეყრდნობა მხოლოდ მოსარჩელის მითითებას შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების გარეშე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გ. ფ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე, 390-ე, 397-ე, 399-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. გ. ფ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 თებერვლის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;
2. ლ. ფ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს გ. ფ-ის საკასაციო საჩივარზე 13.04.2023წ. №16735978084 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე