Facebook Twitter

№8901-13 27 მარტი, 2013 წელი

რ-ე მ., 8901-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ ს. გ-ის

მსჯავრდებულ _ მ. რ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ მ. რ-ის საჩივრები თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 15 აგვისტოს განაჩენით მ. რ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 4 წლით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელთა შეკრების პრინციპით მ. რ-ეს განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2006 წლის 22 ნოემბრიდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 6 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 22 თებერვლის განჩინებით მ. რ-ეს გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი და ამ მუხლით განესაზღვრა 2 წლით, ხოლო სასჯელის საბოლოო ზომად – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 20 დეკემბრის განაჩენით მ. რ-ეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა და გადაზიდვა) მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2007 წლის 6 ოქტომბრიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 17 ნოემბრის დადგენილებით მ. რ-ეს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა 13 წლით, 10 თვითა და 24 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 17 ნოემბრიდან. განაჩენები დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

2013 წლის 17 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №6 პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ მ. რ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ მ. რ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ მ. რ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ მოსახდელად დარჩა 9 წლით, 7 თვითა და 24 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 17 ნოემბრიდან. განაჩენები დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა მ. რ-ემ საჩივრებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. საჩივრებით იგი ითხოვს განჩინებაში ცვლილების შეტანას და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის სწორად გამოყენებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ მ. რ-ისთვის საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელების ერთი მეოთხედით შემცირება და მისთვის სსკ-ის 187-ე მუხლით - 1 წლითა და 6 თვით, ხოლო 179-ე მუხლით - 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა - კანონიერია.

რაც შეეხება მსჯავრდებულ მ. რ-ისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 20 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებული უნდა გათავისუფლდეს აღნიშნული მუხლით დანიშნული სასჯელისგან, ვინაიდან ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისას იგი ნასამართლობის არმქონე იყო და, ამავდროულად, მისი ქმედება არ კვალიფიცირდება გასაღების ნიშნით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, საბოლოოდ მსჯავრდებულ მ. რ-ეს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდაც უნდა აეთვალოს 2006 წლის 22 ნოემბრიდან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 თებერვლის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ მ. რ-ის საჩივრები დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული მ. რ-ე გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით დანიშნული სასჯელისგან.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, საბოლოოდ მსჯავრდებულ მ. რ-ეს სასჯელის სახით განესაზღვროს 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდაც აეთვალოს 2006 წლის 22 ნოემბრიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

პ. სილაგაძე