Facebook Twitter

განჩინება

¹ ას-1238-1380-04 24 მარტი, 2005 წ. ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მ. ცისკაძე,

ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: ქონების გამოთხოვა უკანონო მფლობელობიდან; ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება.

აღწერილობითი ნაწილი:

შპს „გ-ის” დირექტორმა ა. კ-ემ სარჩელი აღძრა მოპასუხე კოოპერატივ „მ-ის” წინააღმდეგ და მოითხოვა „გაძირულის” მეცხოველეობის კომპლექსის ნასყიდობის 1997წ. ხელშეკრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაუქმება. მოგვიანებით ა. კ-ემ დამატებითი სარჩელში მოპასუხედ მიუთითა სადავო ქონების მყიდველი ბ. პ-ი და მოითხოვა მოპასუხის გამოსახლება სადავო კომპლექსიდან და მოპასუხეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება. მოსარჩელის განმარტებით, 1997 წლიდან „გაძირულის” მეცხოველეობის კომპლექსი იმყოფებოდა ლანჩხუთის ჩაის ფაბრიკების გაერთიანების ბალანსზე და მისი ღირებულება 300000 მანეთი გაერთიანებამ გადაუხადა მ-ის კოლმეურნეობას. ლანჩხუთის ჩაის ფაბრიკების რეორგანიზაციის შემდეგ 1987 წელს „გაძირულის” მეცხოველეობის კომპლექსი და პირუტყვი გადაეცა ჩაის ექსპერიმენტულ კომბინატს, რომლის სამართალმემკვიდრე 1991 წლიდან იყო გაერთიანება «თ-ი”, მისგან კი ეს კომპლექსი 1991წ. 20 მაისს შეისყიდა კოოპერატივმა «ე-მ”, რომლის სამართალმემკვიდრეცაა შპს „გ.". მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1997წ. 20 ივლისს მისთვის ცნობილი გახდა მოპასუხის მიერ „გაძირულის” მეცხოველეობის კომპლექსის ბადრი პ-ზე მიყიდვის შესახებ.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2002წ. 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა კოოპერატივ „მ-ის” წარმომადგენელმა ა. ჩ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2002წ. 14 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შპს „გ-ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე შპს „გ-ს” არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება, რომ კოოპერატივ „ე-ს” სახელზე „გაძირულის” მეცხოველეობის კომპლექსის საკუთრების რეგისტრაცია ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში განხორციელდა იმ ვადაში, რა ვადაშიც ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროების უფლებამოსილნი იყვნენ განეხორციელებინათ საჯარო რეესტრის ფუნქციები. საქმეში არსებული „ინდივიდუალური საბინაო ფონდის საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტი”, რომელსაც მოსარჩელე მიიჩნევს სადავო ქონებაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელ მტკიცებულებად დათარიღებულია 2001წ. 2 თებერვლით. ამდენად, მითითებული დოკუმენტი არ შეიძლება ჩაითვალოს იმ გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად, რომ „გაძირულის” მეცხოველეობის კომპლექსი, მოსარჩელე შპს „გ-91-ის” საკუთრებაა. მოსარჩელემ ვერ წარუდგინა სასამართლოს კანონშესაბამისი მტკიცებულება რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ქონებაზე მისი საკუთრების უფლება და ვერ დაასაბუთა, რომ მოპასუხეს არ გააჩნია ამ ქონების ფლობის სამართლებრივი საფუძველი. მას არ წარუდგენია არც იმ ფაქტის დამადასტურებელი კანონშესაბამისი მტკიცებულება, რომ თავის დროზე კოოპერატივ „ე-ს” „გაძირულის” მეცხოველეობის კომპლექსზე აგროფირმა „თ-ის” მიერ საკუთრების უფლება გადაეცა 1964წ. სამოქალაქო სამართლის კოდექსის ან სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით.

შპს „გ-91-ის” დირექტორმა და მისმა წარმომადგენელმა საკასაციო საჩივარი შეიტანეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2004წ. 2 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე და მოითხოვეს მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებელი, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის ე” პუნქტის მიხედვით გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, როცა შპს „გ-91" არ ჩათვალა „გაძირულის” კომპლექსის მესაკუთრედ იმ მოტივით, რომ მას არ გააჩნდა სანოტარო წესით დამოწმებული და საჯარო რეესტრში გატარებული დოკუმენტი, მიუხედავად იმისა, რომ „გ-91-ის” მიერ წარმოდგენილი იქნა ბევრი მტკიცებულება, კერძოდ, საქ. ჩაის ნებართვა, ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი, მოწმეების ახსნა-განმარტებები და ჩვენებები, რევიზიის მასალები, მან ისინი არ ჩათვალა საკმარის მტკიცებულებად. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მას უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსით, რამეთუ ამ კოდექსის ძალით არ იყო სავალდებულო ქონების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივარი, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგი გარემოებების გამო:

საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოტივაციას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და შესაბამისად არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, პალატამ საქმის მასალებში არსებული ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს პასპორტი არ მიიჩნია მოსარჩელის მიერ სადავო ქონების საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტად მხოლოდ იმის გამო, რომ 2001წ. თებერვალში მოქმედებდა საჯარო რეესტრის ერთიანი სამსახური და მხარეს უნდა წარედგინა სწორედ ამ სამსახურში აღრიცხვის დამადასტურებელი მტკიცებულება და არა ტექ. აღრიცხვის სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი.

სკ-ის 1515-ე მუხლის პირველი წინადადებით, საჯარო რეესტრის ერთიანი სამსახურის ჩამოყალიბებამდე სამოქალაქო კოდექსით ამ სამსახურისათვის დაკისრებულ ფუნქციებს განახორციელებენ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროები. მართალია, საჯარო რეესტრის ერთიანი სამსახური ჩამოყალიბდა 1998წ. 20 იანვარს, მაგრამ პრაქტიკულად მათი ფაქტობრივი ფუნქციონირება დაიწყო გაცილებით გვიან.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გაერკვია 2001წ. თებერვალში, როცა ლანჩხუთის რ-ის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ გაიცა ტექნიკური პასპორტი, ფუნქციონირებდა თუ არა ლანჩხუთის რაიონში საჯარო რეესტრის ერთიანი სამსახური ანუ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიურო და იყო თუ არა უფლებამოსილი გაეცა ტექნიკური პასპორტი. უარყოფით შემთხვევაში უნდა შეეფასებინა მითითებული დოკუმენტი სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში.

სსკ-ის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, თუკი საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმაოდ გამოკვლეული სასამართლოს არა აქვს უფლება გამოიტანოს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულებათა გამოკვლევის გარეშე გამოტანილი გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია და მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. ამ წესით მიღებული გადაწყვეტილება კი ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად და გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კოოპერატივი „მ-ის” წარმომადგენელი საქმის მასალებში არსებულ არაერთ დოკუმენტში (სააპელაციო საჩივარი, სასამართლო სხდომის ოქმი, შესაგებელი საკასაციო საჩივარზე) მიუთითებს, რომ ფირმა „თ-ის” მიერ შპს „გ-91-ის” მართლაც გადაეცა სოფ. მ-ის ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობები, მაგრამ ეს შენობა-ნაგებობები არ არის გაძირულის მეცხოველეობის კომპლექსის ის სადავო ნაგებობები, რაც კოოპერატივ „მ-ის” საკუთრება იყო და გაიყიდა ბ. პ-ზე.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ საფუძვლიანად უნდა გამოარკვიოს (თუ მიზანშეწონილად მიიჩნევს ექსპერტიზის დანიშვნის გზით) დავის საგნად გამხდარი შენობა-ნაგებობები არის თუ არა ის ნაგებობები, რომელიც ფირმა „თ-მა” გადასცა შპს „გ-91-ს”, რასაც თვით მოწინააღმდეგე მხარეც ადასტურებს, თუ სხვა ნაგებობებია რომელსაც საერთო არა აქვს გაძირულის მეცხოველეობის კომპლექსთან. ტექაღრიცხვის სამსახურის მიერ 2001წ. თებერვალში გაცემული ტექპასპორტი ხომ არ შეეხება იმ შენობა-ნაგებობებზე საკუთრების უფლებას, რომელიც კოოპერატივ «მ-ის» წარმომადგენლის განმარტებით გადაეცა ფირმა «თ-ს». ამ უკანასკნელი გარემოების გარკვევას არსებითი მნიშვნელობა აქვს დავის კანონიერად გადაწყვეტისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვინაიდან საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები საპროცესო ნორმების დარღვევითაა დადგენილი საკასაციო პალატა არაა უფლებამოსილი თვით მიიღოს გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას ამ განჩინებაში მითითებული საკითხების გამოკვლევის შემდეგ უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს „გ-91-ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 2 აგვისტოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.