Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-748(კ-22) 22 ივნისი, 2023 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ააიპ ს...ო

დავის საგანი - საჯარო ინფორმაციის გაცემა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ააიპ ს...ომ 2017 წლის 14 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ და 2017 წლის 12 ოქტომბრის წერილით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის: 1) შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და შსს ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულებებისა და საშტატო რიცხოვნობის; 2) შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში დასაქმებულთა რაოდენობის და საშტატო რიცხოვნობის; 3) შსს-ს საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში დასაქმებულთა რაოდენობის და საშტატო რიცხვონობის; 4) 2014-2015 წლებში პრემიის გაცემისათვის დადგენილი კრიტერიუმების; 2014-2015 წლებში გამოყენებული დისციპლინური ღონისძიების საფუძვლების; 5) 2014-2015 წლებში განთავისუფლებული მოხელეების სტატუსის და თანამდებობის შესახებ მონაცემების, ასევე გათავისუფლების საფუძვლების მითითებით, გაცემა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით ააიპ ს...ოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა მოსარჩელისთვის შემდეგი სახის საჯარო ინფორმაციის გაცემა: 2014-2015 წლებში მოხელეებზე რა კრიტერიუმებით იქნა გაცემული პრემიები; 2014-2015 წლებში მოხელეთა მიმართ გატარებული დისციპლინური სახის ღონისძიებების შესახებ მონაცემები, საფუძვლების მითითებით; 2014-2015 წლებში თანამდებობიდან გათავისუფლებული მოხელეების სტატუსისა და თანამდებობების მითითებით. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მხარეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ივლისის განჩინებით ააიპ ს...ოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლსა და საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. თუმცა აღნიშნული უფლება არ არის აბსოლუტური და შეზღუდვა დასაშვებია თუ ეს აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან უზრუნველსაყოფად, დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, სხვათა უფლებებისა და ღირსების საზოგადოებრივი უსაფრთხოების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. ამდენად, უფლების შეზღუდვა ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ადეკვატური საშუალება უნდა იყოს. ჩარევა მიზნად უნდა ისახავდეს ერთი ან მეტი ინტერესის ან ღირებულების დაცვას, მათ შორის, საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან აცილებას.

კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ზოგადი პრინციპი განმტკიცებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავის („ინფორმაციის თავისუფლება“) სამართლებრივ მოწესრიგებაში. აღნიშნული თავის 28-ე მუხლი იმეორებს კონსტიტუციურ ნორმას, რომ საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით სახელმწიფო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოებისთვის ან პერსონალური მონაცემებისთვის მიკუთვნებული ინფორმაციისა. თავის მხრივ, საჯარო ინფორმაცია, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია. ამასთან, მართალია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი საჯარო ინფორმაციის მოთხოვნისას წარმოდგენილ წერილობით განცხადებაში აუცილებლად არ მიიჩნევს ინფორმაციის მოთხოვნის მოტივი ან მიზანი, თუმცა განცხადება უნდა შეიცავდეს კონკრეტულ შინაარს.

კასატორი ყურადღებას მიაქცევს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე - „სტუდია მონიტორი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, რომელშიც სასამართლომ მიუთითა - იმისათვის, რომ დადგინდეს, შეიძლება თუ არა მე-10 მუხლი გავრცელდეს ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით საჯარო დაწესებულების უარზე, ამისათვის სიტუაცია უნდა შეფასდეს შემდეგი კრიტერიუმებით: ა) ინფორმაციის მოთხოვნის მიზანი; ბ) მოთხოვნილი ინფორმაციის ბუნება; გ) ინფორმაციის მაძიებლის განსაკუთრებული როლი საზოგადოებისთვის მის „მიღებასა და გავრცელებაში”; დ) იყო თუ არა ინფორმაცია მზა და ხელმისაწვდომი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის, რომლის ფუნქციებშიც შედის ისეთი მნიშვნელოვანი სიკეთეების დაცვა, როგორიცაა სახელმწიფო უსაფრთხოება და მართლწესრიგი და რომელსაც ახორციელებს, დაახლოებით, 40 000 თანამშრომლის მეშვეობით, ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის დამუშავების დავალება გამოიწვევს იმ მოცულობის ტვირთის დაკისრებას, რაც გამოიწვევს მის პარალიზებასა და ძირითადი ფუნქციებიდან მოწყვეტას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მოსარჩელეს სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე სრულად უნდა ეთქვას უარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის საჯარო ინფორმაციის ნაწილობრივ გაცემის კანონიერების შეფასება. ამასთან, სადავო საკითხზე მსჯელობისას საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება, მართალია, ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71; ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ §76; Van de Hurk v. Netherlands, §61, Garcia Ruiz v. Spain [GC] §26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], §81).

საკასაციო სასამართლო, პირველ ყოვლისა, უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის მითითებას სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების აბსოლუტურ საფუძვლებთან დაკავშირებით და მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:

ააიპ ს...ომ 2017 წლის 12 ოქტომბრის №03-4344 წერილით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა 1) შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტმანეტის დებულების; 2) შსს ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების; 3) შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში დასაქმებულთა რაოდენობის და საშტატო რიცხოვნობის; 4) შსს ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტში დასაქმებულთა რაოდენობისა და საშტატო რიცხოვნობის; 5) შსს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში დასაქმებულთა რაოდენობის და საშტატო რიცხოვნობის; 6) შსს-ში დასაქმებულ პირთა რაოდენობისა და შტატების რაოდენობის სტრუქტურულ ქვედანაყოფების, ტერიტორიულ ორგანოებსა და სსიპ-ების მიხედვით; 7) 2014-2015 წლებში შსს-ში დასაქმებულ პირთა რაოდენობის (ქვედანაყოფები, ტერიტორიული ორგანოები, სსიპ-ები, საქვეუწყებო დაწესებულებები) თანამდებობის პირებისა და დანარჩენი პერსონალის მითითებით; 8) 2014-2015 წლებში რამდენ მოხელეზე გაიცა პრემია, რა კრიტერიუმებით, აქედან რამდენი იყო ხელმძღვანელი პირი და ჯამში რა თანხა შეადგინა გაცემულმა პრემიებმა; 9) 2014-2015 წლებში მოხელის მიმართ გატარებულ დისციპლინური სახის ღონისძიებათა რაოდენობის და შესაბამისად გამოყენებული სანქციების რაოდენობა, საფუძვლის მითითებით; 10) 2014-2015 წლებში გათავისუფლებულ მოხელეთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციის გაცემა (სტატუსისა და თანამდებობის მითითებით), საფუძველბის მითითებით;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 29 ნოემბრის MIA 4 17 02868089 წერილით ააიპ ს...ოს გაეგზავნა მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია. ამავე წერილით მასვე ეცნობა, რომ შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დებულება და საშტატო რიცხოვნობა, შსს ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულება და საშტატო რიცხოვნობა, ასევე შსს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში დასაქმებულთა რაოდენობა და საშტატო რიცხოვნობა წარმოადგენს გრიფით საიდუმლოს. შესაბამისად, მისი ხელმისაწვდომობა შეზღუდულია სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების არმქონე პირთათვის.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჯარო ინფორმაციის ღიაობა და მასზე ხელმისაწვდომობის თავისუფლება განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციითა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლით, რომლის თანახმად, საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის: ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია. ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, საიდუმლო ინფორმაცია არის საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას. ამასთან, დასახელებული კოდექსის 10.1 მუხლის თანახმად, ყველას აქვს უფლება, გაეცნოს ადმინისტრაციულ ორგანოში არსებულ საჯარო ინფორმაციას, აგრეთვე მიიღოს მათი ასლები, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას ან პერსონალურ მონაცემებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოში არსებული საჯარო ინფორმაციის გაცნობის, აგრეთვე მათი ასლების მიღების წესი განისაზღვრება ამ კოდექსის III თავით. ამდენად, საჯარო დაწესებულებებში საჯარო ინფორმაციის ღიაობა უზრუნველყოფილია და მისი შეზღუდვა დასაშვებია იმ შემთხვევაში, როცა ეს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული და როცა იგი მიეკუთვნება პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც არეგულირებს ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევასთან, გასაიდუმლოებასა და დაცვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს ქვეყნის თავდაცვის, ეკონომიკის, საგარეო ურთიერთობათა, დაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის სფეროებში სახელმწიფოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესების დასაცავად. ამავე კანონის პირველი მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია არის დამუშავებული ან დამუშავების პროცესში მყოფი ცნობა/ინფორმაცია ან მატერიალური საგანი (მიუხედავად მისი ფორმისა ან ბუნებისა), რომელიც საჭიროებს უნებართვო მოპყრობისაგან დაცვას, შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ მონაცემს/ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის, ეკონომიკის, საგარეო ურთიერთობათა, დაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის სფეროებში და, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნება.

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 29 ნოემბრის MIA 4 17 02868089 წერილით ააიპ ს...ოს ეცნობა, რომ შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და შსს ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულებები და საშტატო რიცხოვნობა, შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში დასაქმებულთა რაოდენობა და საშტატო რიცხოვნობა, შსს-ს საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში დასაქმებულთა რაოდენობა და საშტატო რიცხოვნობა წარმოადგენს გრიფით საიდუმლოს. შესაბამისად, მისი ხელმისაწვდომობა შეზღუდული იყო სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების არმქონე პირთათვის. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა განმარტებას, რომ ააიპ ს...ოს მიერ მოთხოვნილი ზემოთ დასახელებული ინფორმაცია მიკუთვნებულია სახელმწიფო საიდუმლოებას, რის გამოც მასზე საჯარო ინფორმაციისათვის დადგენილი ინფორმაციის ღიაობის რეჟიმი არ ვრცელდება. სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს და ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ სადავო საკითხი გადაწყვეტილია მართებულად.

რაც შეეხება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო პრეტენზიას, რომ ინფორმაცია, რომლის გადაცემაც დაევალა ადმინისტრაციულ ორგანოს, არ არის დამუშავებული და მისი დამუშავება საჯარო ინფორმაციის სახით მოითხოვს საკმაოდ დიდ რესურსს, რაც ადმინისტრაციული ორგანოს ძირითადი ფუნქციის მოშლას გამოიწვევს, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად და აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა, თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას დედანში. თუ არსებობს დედნის დაზიანების საფრთხე, საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს ზედამხედველობის ქვეშ მისი გაცნობის შესაძლებლობა ან წარუდგინოს სათანადო წესით დამოწმებული ასლი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, აუცილებელი არ არის განცხადებაში მიეთითოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მოტივი ან მიზანი. რაც შეეხება დასახელებული კოდექსის მე-40 მუხლს, აღნიშნული ნორმით კანონმდებელმა დაადგინა საჯარო დაწესებულების მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულება დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღის ვადაში, მათ შორის, ელექტრონული ფორმითაც, გარდა კონკრეტული შემთხვევებისა, რომლებზე პასუხის გაცემაც უფრო მეტ დროს მოითხოვს, ვიდრე კანონითაა გათვალისწინებული. საკასაციო პალატის განმარტებით, კანონმდებლობის ზემოაღნიშნული ნორმები ცხადყოფენ, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს დაინტერესებული პირისათვის მისი მიწოდება, მიუხედავად იმისა, რომ განცხადების წარდგენის მომენტისათვის ინფორმაცია სათანადო წესით არ არის დამუშავებული და მისი დამუშავება დაკავშირებულია დოკუმენტების მოძიებასა და დამუშავებასთან. ამდენად, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად არ გაიზიარეს მოპასუხის მოსაზრება, რომ პრემიის გაცემის კრიტერიუმების, დისციპლინური ღონისძიებების საფუძვლებისა და გათავისუფლებული მოხელეების სტატუსისა და თანამდებობების მიხედვით სამინისტრო არ ახდენს ინფორმაციის დამუშავებას, ვინაიდან ხსენებული ინფორმაცია, ისევე როგორც უკვე გაცემული ინფორმაციის ნაწილი, წარმოადგენს საჯარო მოხელეთა და თანამდებობის პირთა სამსახურებრივი მდგომარეობის ამსახველ სტატისტიკურ მონაცემს ყოველგვარი პერსონალური მონაცემების მითითებების გარეშე. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო კონკრეტული სახის ინფორმაცია დაემუშავებინა განცხადებაში მითითებული კრიტერიუმების შესაბამისად და მიეწოდებინა იგი მომთხოვნი პირისათვის.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე