Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-815(კ-22) 22 ივნისი, 2023 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

კასატორი (მოსარჩელე) - სს „ა...ა“

დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება, თანხის დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

სს „ა...ამ“ 2021 წლის 24 აპრილს სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ და კომპანიის მიერ №... ინტერნეტ აუქციონის საფუძველზე გადახდილი ბეს - 247 800 ლარის ორმაგი ოდენობის - 495 600 ლარის სს მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის დავალება, ასევე კომპანიის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის - 5 000 ლარის მოპასუხისთვის დაკისრება მოითხოვა.

სარჩელის მიხედვით, სს „ა...ამ“ მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ №... ინტერნეტაუქციონში, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო ასხვისებდა ქონებას იმ პირობით, რომ სამომავლოდ შესაძლებელი იქნებოდა სასტუმრო/ტურისტული პროფილით განვითარება. აუქციონის პირობების შესაბამისად, მოსარჩელემ უზრუნველყო საგარანტიო თანხის (ბეს)- 247 800 ლარის გადახდა. ამის შემდეგ მოსარჩელე კომპანიამ მოიპოვა აუქციონით საპრივატიზებო ქონების - ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ქონების შეძენის უფლება. აუქციონის შედეგების გამოცხადების შემდეგ, კომპანიამ აქტიურად დაიწყო საპრივატიზებო თანხის სრული მოცულობის მობილიზებისა და ქონების სამშენებლოდ განვითარების დაწყებისათვის საჭირო პროცედურები. კომპანიამ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში უზრუნველყო საპრივატიზებო თანხის მობილიზება, თუმცა ინტერნეტაუქციონით პრივატიზებადი ქონების დეტალური შესწავლის, აუქციონის ჩატარებამდე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოუქვეყნებელი ინფორმაციის მოძიებისა და კომპეტენტურ პირებთან ხანგრძლივი კონსულტაციის შემდეგ, მიიღეს დადასტურებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ქონების განვითარება შეუძლებელია სამშენებლო მიმართულებით.

მოსარჩელის მითითებით, ქონება იყო ნაკლიანი, ნაკლის გათვალისწინებით კი შეუძლებელი იქნებოდა მისი აუქციონის პირობის (სასტუმრო/ტურისტული) შესაბამისი პროფილით განვითარება, რის გამოც მან არ გადაიხადა საპრივატიზებო თანხა, ხოლო სსიპ ქონების მართვის ეროვნულმა სააგენტომ უარი განაცხადა თანხის დაბრუნებაზე. მოსარჩელის მოსაზრებით, ვინაიდან დაირღვა კომპანიის ინტერესები, ხოლო მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის საფუძველს წარმოადგენდა ადმინისტრაციული ორგანოს ბრალი, კერძოდ, პრივატიზებადი ქონების შესახებ სრული ინფორმაციის გამოუქვეყნებლობა და ქონების ნაკლის დამალვის შედეგად მისი შეცდომაში შეყვანა, კომპანიის დარღვეული უფლებებისა და სამართლიანობის აღდგენის ერთადერთ გზას წარმოადგენდა მოსარჩელის მიერ გადახდილი ბეს თანხის ორმაგი ანაზღაურება.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით სს „ა...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ №... ინტერნეტაუქციონის საფუძველზე გადახდილი ბეს - 247 800 ლარის უკან დაბრუნება; სს „ა...ას“ ასევე დაუბრუნდა 2021 წლის 4 თებერვალს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 5000 ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 მარტის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ, მე-4 მუხლებზე და აღნიშნავს, რომ №... აუქციონი არ წარმოადგენდა პირობებიან აუქციონს. სააგენტოს მიზანი არ ყოფილა ქონების სასტუმრო/ტურისტული მიზნით განვითარება. ამდენად, სასამართლოს მითითება, რომ სადავო გარემოება წარმოადგენდა აუქციონის პირობებში სავალდებულოდ გამოსაქვეყნებელ ინფორმაციას, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.

კასატორი აღნიშნავს, რომ სს „ა...ის მითითება“, რომ აუქციონში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ მიწის ნაკვეთის სასტუმრო/ტურისტული პროფილით გამოყენების მიზნით, წარმოადგენს მხოლოდ კომპანიის ზეპირსიტყვიერ მითითებას. ამდენად, ამ ფაქტობრივი გარემოებისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 7 ივლისის წერილის გათვალისწინებით, სადავო ქონებების როგორც ნივთობრივი ნაკლის მქონე ნივთებად შეფასება, წარმოადგენს მხოლოდ სუბიექტურ შეფასებას და არ ეფუძნება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებებს. ამასთან, მოსარჩელე სამეწარმეო სუბიექტია და მას, როგორც ეკონომიკური ურთიერთობის მონაწილეს, უნდა გამოეჩინა მეტი წინდახედულობა და საპრივატიზებო ობიექტზე ინფორმაცია უნდა მოეპოვებინა გონივრულ ვადაში, რის უფლებასაც მას სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების „წესი“ ანიჭებს, რადგან აუქციონში მონაწილეობაცა და არჩევანის გაკეთება, უძრავი ქონების შეძენა ან შეუძენლობა სრულად დამოკიდებულია დაინტერესებული პირის თავისუფალი ნების გამოვლენასთან. შესაბამისად, ხელშეკრულების გაუფორმებლობაც წარმოადგენდა მხოლოდ კომპანიის სურვილს, რომლის ფორმირებაშიც სააგენტოს ბრალი არ მიუძღვის.

რაც შეეხება სადავო თანხას, კასატორის მითითებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის მე-4 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას აუქციონის შედეგები ძალას კარგავს და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა (საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ქონების სააგენტოსათვის გადასახდელი თანხის გამოკლებით) სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში აუქციონში გამარჯვებულის მიერ საპრივატიზებო საფასურის პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში სრულად გადაუხდელობის შემთხვევაში, თუ აუქციონის პირობა მხოლოდ საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასურის გადახდა იყო. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან კომპანიამ არ შეასრულა საპრივატიზებო თანხის აუქციონის დასრულებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გადახდის ვალდებულება, გაუქმდა ელექტრონული აუქციონის შედეგები. გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე სრულად ჩაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ივლისის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელის მიერ ინტერნეტაუქციონში გადახდილი ბეს მოპასუხის მიერ დაუბრუნებლობის კანონიერება იმ საფუძვლით, რომ სააგენტომ აუქციონის პირობებში არ მიუთითა ისეთი ინფორმაცია, რომელიც ცალსახად უკავშირდებოდა ნივთის არსებით მახასიათებელს და პირდაპირ გავლენას ახდენდა ნივთის ღირებულებაზე, დანიშნულებაზე, შეძენის სურვილსა და მიზნებზე.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2020 წლის 6 ოქტომბერს ვებგვერდზე - eauction.ge, ქალაქ ბორჯომში, „...ზე“ არსებულ 5478.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, ასევე 6038 კვ.მ არასასოფლო-სამეურნო დანიშნულების ... და ... საკადასტრო კოდების მქონე მიწის ნაკვეთებზე გამოაცხადა №... ინტერნეტაუქციონი (ლოტის №1; განაცხადის №...);

სს „ა...ამ“ ინტერნეტაუქციონის წესების დაცვით გადაიხადა აუქციონში მონაწილეობისათვის საჭირო საგარანტიო თანხა (ბე) - 247 800 ლარი, ხოლო 2020 წლის 20 ოქტომბერს მონაწილეობა მიიღო აუქციონში, რის შედეგადაც, ქალაქ ბორჯომში, „...ზე“ არსებული 5478 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, ასევე 6038 კვ.მ არასასოფლო-სამეურნო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის (ს/კ ... და ს/კ ...) პრივატიზების მიზნით, გამოცხადებულ №... ელექტრონულ აუქციონში სს „ა...ა“ გამოვლინდა გამარჯვებულად;

სს „ა...ამ“ 2020 წლის 30 ნოემბერს წერილით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტროს და აცნობა, რომ ობიექტზე გავრცელებული ზონების მიუხედავად, ელექტრონულ აუქციონში აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის განუთავსებლობამ და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოქვეყნებულმა პირობებმა, რომლის მიხედვითაც, ობიექტი პრივატიზდებოდა მხოლოდ სასტუმრო/ტურისტული მშენებლობის განვითარების პროფილით, გამოიწვია მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა. ვინაიდან ბორჯომის მშენებლობის გეგმისა და საკანონმდებლო ხარვეზების გათვალისწინებით ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ქონება წარმოადგენდა სამშენებლოდ უვარგის მიწას. ამდენად, სს „ა...ამ“ დაკარგა ხელშეკრულების გაფორმების იურიდიული ინტერესი, რის გამოც №... ინტერნეტაუქციონის გაუქმებულად გამოცხადება და გადახდილი საგარანტიო თანხის (ბეს) - 247 800 ლარის დაბრუნება მოითხოვა;

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 9 დეკემბრის №6/67130 მიმართვით სს „ა...ას“ ეცნობა, რომ აღნიშნული კომპანია 2020 წლის 5 ოქტომბრის №1/1-2995 ბრძანებით გამოცხადებული №... აუქციონის გამარჯვებული გახდა, თუმცა მან არ შეასრულა საპრივატიზებო თანხის აუქციონის დასრულებიდან 30 კალენდარულ დღეში გადახდის ვალდებულება. ადმინისტრაციულმა ორგანომ მიუთითა „სახელმწიფო ქონების განკარგვისა და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონულ აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-11 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტზე და არ იმსჯელა კომპანიის მიერ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად გადასახდელი ბეს თანხის უკან დაბრუნების საკითხზე.

საკასაციო სასამართლო საქმეზე დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებების შესაფასებლად მიუთითებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანებით დამტკიცებულ „სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესზე“, რომელიც შემუშავებულია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს სახელმწიფო ქონების (გარდა დასახლებათა ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეებისა) პრივატიზების/სარგებლობის/მართვის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესს.

დასახელებული „წესის“ მე-2 მუხლი არეგულირებს აუქციონის ჩატარების ორგანიზების საკითხს. ამავე მუხლით დეტალურადაა განსაზღვრული, თუ რა მონაცემებს უნდა შეიცავდეს სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას/რეალიზაციისას გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია. მითითებული სამართლებრივი ნორმის მე-6 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას/რეალიზაციისას გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს: ა) პრივატიზების/რეალიზაციის განმახორციელებელი ორგანოს დასახელებას; ბ) საპრივატიზებო/სარეალიზაციო ქონების დასახელებას, ხოლო მოძრავი ქონების შემთხვევაში – ასევე ქონების მოკლე აღწერას; გ) აუქციონის დაწყების და დასრულების დროს, რომელიც არ უნდა იყოს 5 კალენდარულ დღეზე ნაკლები (მალფუჭებადი პროდუქციის შემთხვევაში 2 კალენდარულ დღეზე ნაკლები) და 45 კალენდარულ დღეზე მეტი; დ) საწყის საპრივატიზებო თანხას/საწყის სარეალიზაციო საფასურს; ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობას, რომელიც უნდა შეადგენდეს საწყისი საპრივატიზებო თანხის/საწყისი სარეალიზაციო საფასურის არანაკლებ 10%-ს და არაუმეტეს 80%-ს (მრგვალდება ერთი თეთრის სიზუსტით). იმ შემთხვევაში, თუ საწყისი საპრივატიზებო თანხა განისაზღვრება დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილ საპრივატიზებო ქონების ფასზე ნაკლები ოდენობით, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობა უნდა შეადგენდეს დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილ საპრივატიზებო ქონების ფასის არანაკლებ 10%-ს და არაუმეტეს 80%-ს (მრგვალდება ერთი თეთრის სიზუსტით). ამასთან, განსაკარგავად გადაცემული ქონების საწყისი საპრივატიზებო თანხის ნული ლარით განსაზღვრის შემთხვევაში, საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1 ლარს. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა უძრავი ქონების/არამატერიალური ქონებრივი სიკეთის პრივატიზების და მართვის უფლებით გადაცემის შემთხვევაში არანაკლებ 15 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადას, ხოლო მოძრავი ქონების პრივატიზების/რეალიზაციის შემთხვევაში (თუკი მისი პრივატიზება არ ხორციელდება უძრავ ქონებასთან ერთად) 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასურის გადახდის ვადას; ვ) აუქციონის ჩატარების პირობებს; ზ) საპრივატიზებო პირობებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში); თ) ბიჯის სიდიდეს, რომელიც განსაკარგავად გადაცემული ქონების საწყისი საპრივატიზებო თანხის ნული ლარით განსაზღვრის შემთხვევაში, უნდა შეადგენდეს არანაკლებ 5 ლარს; ი) გამყიდველის საკონტაქტო ტელეფონს და დასადები ხელშეკრულების პროექტს (უპირობო აუქციონის შემთხვევაში); კ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც პრივატიზების/რეალიზაციის განმახორციელებელი ორგანო ჩათვლის მიზანშეწონილად.

საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ბე არის ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად აუქციონის ან პრივატიზების სხვა ფორმით განმახორციელებელი სუბიექტის მიერ მითითებულ ანგარიშზე გადასახდელი თანხა; ბეს გადახდას უთანაბრდება მონაწილის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის გაყინვა, რომელიც აუქციონის განმახორციელებელ სუბიექტს გადაერიცხება მონაწილის აუქციონში გამარჯვებისთანავე ან ამ კანონით დადგენილი წესისა და პირობების დარღვევისას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის ძირითად არგუმენტს სს „ა...ისთვის“ №... ინტერნეტაუქციონის საფუძველზე გადახდილი ბეს - 247 800 ლარის დაბრუნების მოთხოვნის უსაფუძვლობის თაობაზე წარმოადგენს ის გარემოება, რომ არ არსებობდა უძრავი ქონებების (ს/კ ... და ს/კ ...) პრივატიზების გამომრიცხველი რაიმე წინაპირობა. №... აუქციონი არ წარმოადგენდა პირობიან აუქციონს და სააგენტოს მიზანი არ ყოფილა ქონების სასტუმრო/ტურისტული მიზნით განვითარება, რაც გამორიცხავს ნივთების ნაკლის არსებობას.

საქმის მასალების მიხედვით კი დასტურდება, რომ 2020 წლის 6 ოქტომბერს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ვებგვერდზე - eauction.ge-ზე განთავსებული №... ინტერნეტაუქციონის აღწერილობაში მიუთითა, რომ ქონების (ობიექტის) შესაძლო სამომავლო განვითარების მიმართულებას წარმოადგენდა სასტუმრო/ტურისტული პროფილი. ასევე, აუქციონის აღწერილობისა და თანდართული დოკუმენტაციის მიხედვით, დასტურდება, რომ ქონება სამშენებლო განვითარებისა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განსაზღვრული პროფილით გამოყენებისათვის ვარგისი იყო. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ აუქციონის პირველ ეტაპზე საპრივატიზებო ქონების მიმართ სწორედ აღნიშნული ინფორმაციის მითითებით მოახდინა იმ პირების დაინტერესება, რომელთა მიზანს საპრივატიზებო ქონების სამშენებლო კუთხით განვითარება წარმოადგენდა. ამასთან, საქმის მასალებით დადგენილია და მოპასუხეც არ ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ საპრივატიზებო ქონებაზე (მიწის ნაკვეთი) სამშენებლოდ გამოყენების კუთხით არსებობდა იმგვარი შეზღუდვა (მიწის ნაკვეთებზე ვრცელდება შეზღუდვა - რეკრეაცია (პარკი), რაც ფაქტობრივად გამორიცხავდა მის სამშენებლო განვითარებას (სასტუმრო/ტურისტული პროფილით), თუმცა აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ №... ელექტრონული აუქციონის პირობებში არ იყო მითითებული.

საკასაციო პალატა, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმების ურთიერთშეჯერების შედეგად მიიჩნევს, რომ სააგენტომ აუქციონის აღწერილობაში არ მიუთითა ინფორმაცია, რომელიც ცალსახად უკავშირდებოდა ნივთის არსებით მახასიათებელს და პირდაპირ გავლენას ახდენდა ნივთის ღირებულებაზე, დანიშნულებაზე, შეძენის სურვილსა და მიზნებზე. ამასთან, ცალსახაა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ №... ინტერნეტაუქციონის აღწერილობაში მითითებული ინფორმაცია (ქონების (ობიექტის) შესაძლო სამომავლო განვითარების მიმართულება სასტუმრო/ტურისტული პროფილი) არ შეესაბამებოდა საპრივატიზებო ქონების რეალურად არსებულ მდგომარეობას, რამაც შეცდომაში შეიყვანა დაინტერესებული პირი. შესაბამისად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მსჯელობას, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ვალდებული იყო, აუქციონის გამოცხადების მიზნით, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, წინასწარ მოეპოვებინა მსგავსი ინფორმაცია და მიეთითებინა აუქციონის პირობებში, რადგან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანების მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს, რომ სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც პრივატიზების/რეალიზაციის განმახორციელებელი ორგანო ჩათვლის მიზანშეწონილად. მიწის ნაკვეთზე რეალურად არსებული მდგომარეობა, რაც მის დანიშნულებისამებრ გამოყენებას ფაქტობრივად შეუძლებელს ხდიდა, ადმინისტრაციული ორგანოსათვის არა მარტო მიზანშეწონილობის საკითხს, არამედ სავალდებულოდ დასადგენ გარემოებად და აუქციონის პირობებში სავალდებულოდ გამოსაქვეყნებელ ინფორმაციას წარმოადგენდა. აღნიშნული გარემოებების მიხედვით, კასატორის მიერ მითითებული არგუმენტაცია უსაფუძვლოა და ქმნის სს „ა...ისთვის“ მის მიერ გადახდილი ბეს დაბრუნების საფუძველს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ საქმეზე სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე