საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1015(კ-22) 22 ივნისი, 2023 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები : ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ. მ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
თ. მ-ემ 2019 წლის 21 იანვარს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2016 წლის 21 იანვრის №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 დეკემბრის №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და დაევალოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს სსიპ ქონების მართვის სააგენტოს თანხმობის გარეშე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრების ცვლილებებისა და კორექტირების შესახებ გადაწყვეტილების მიღება და მოსარჩელის 12.01.2016 წლის №... განცხადების დაკმაყოფილება.
სარჩელის მიხედვით, ქალაქ თბილისში, ...ისა და ...ას ქუჩების გადაკვეთაზე (ნაკვ. ...) მდებარე 210 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს (ს/კ N...) 1999 წლის 21 ივლისიდან წარმოადგენს გ. მ-ი. მითითებულ უძრავ ქონებაზე გ. მ-ის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 27.03.1997წ. N07.37.353 დადგენილების და ქალაქ თბილისის არქიტექტურისა და ქალაქის პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის მიერ 1998 წლის 11 დეკემბერს გაცემული მიწის ნაკვეთის გეგმის საფუძველზე. 21.10.2010წ.
უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ქალაქ თბილისში, ...ისა და ...ის ქუჩების გადაკვეთაზე (ნაკვ. ...) მდებარე 210 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ს/კ N...) მესაკუთრე გახდა თ. მ-ე.
თ. მ-ემ 12.01.2016წ. N... განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს და მოითხოვა ქალაქ თბილისში, ...ისა და ...ის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე 210 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ს/კ N...) ფართის დაზუსტება.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 21.01.2016წ. N... გადაწყვეტილებით, თ. მ-ის 12.01.2016წ. N... განცხადებაზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა.განმცხადებელს განემარტა, რომ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე N... მიწის ნაკვეთის საზღვრებში.
ქალაქ თბილისში, ...ისა და ...ის ქუჩების გადაკვეთაზე (ნაკვ. ...) მდებარე 15579.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ს/კ N...) მესაკუთრეს წარმოადგენს ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეული. ამონაწერში საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია 20.02.2007წ. უძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემის ხელშეკრულება, ხოლო საკუთრების უფლების რეგისტრაციის თარიღად მითითებულია 19.03.2007წ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 მაისის №3/3322-16 გადაწყვეტილებით, თ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 28.04.16წ. №... გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმის არსებითი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი გადაწყვეტილების მიღება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 02 მარტის №3ბ/2595-17 განჩინებით, თ. მ-ისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ივლისის №ბს-703-703(2კ-18) განჩინებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და თ. მ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 02 მარტის განჩინება.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის ადმინისტრაციული წარმოების სამსახურის უფროსის 2018 წლის 05 ნოემბრის სამსახურებრივი ბარათით გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის კადასტრის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს ეთხოვა თ. მ-ის მიერ წარდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით გათვალისწინებული უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა შეედარებინათ 1999 წლის 12 მარტის საკადასტრო და 1999 წლის 27 მარტის №07.37.353 დადგენილებით გათვალისწინებული გეგმებისთვის და მოემზადებინათ შესაბამისი სიტუაციის ამსახველი ნახაზები. აღნიშნული წერილის პასუხად სსიპ საჯარო რეესტრს ეცნობა, რომ №... სარეგისტრაციო წარმოებაზე წარდგენილი მიწის ნაკვეთის ელექტრონული ვერსიისა და აზომვითი ნახაზის შედარებისას საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზთან, კერძოდ უძრავი ნივთის 1999 წლის 12 მარტის საკადასტრო და 1997 წლის 27 მარტის №07.37.353 დადგენილებით გათვალისწინებულ გეგმებთან, სიტუაცია და ობიექტების ერთმანეთთან განლაგება შეესაბამება, თუმცა დარღვეული იყო სიზუსტეები ამ ობიექტებს შორის. ამიტომ შეუძლებელად იქნა მიჩნეული კოორდინატების არარსებობის გამო დანამდვილებით თქმა, შეესაბამება თუ არა ერთმანეთს ზემოთ ხსენებული ნახაზები, ხოლო სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2019 წლის 14 თებერვლის №... წერილის თანახმად, თ. მ-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, სააგენტომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია უძრავ ნივთზე (ს/კ: №...) დაფიქსირებული ზედდების ნაწილში მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2016 წლის 21 იანვრის №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ და მასვე დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა თ. მ-ის 12.01.2016 წლის №... განცხადებასთან დაკავშირებით. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 დეკემბრის №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის
შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივნისის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებითა და კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 მაისის (საქმე №3/3322-16) გადაწყვეტილებითაც დგინდება, რომ სსიპ - ქონების მართვის სააგენტოში შედიოდა წერილები/განცხადებები ქალაქ თბილისში, საქართველოს ... გზის, ...ისა და ...ას ქუჩებს შორის (...ის ტყე-პარკში) მდებარე 15 579 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ: ...) საკადასტრო საზღვრების ცვლილების თაობაზე, რასთან დაკავშირებითაც მიღებულ იქნა შესაბამისი გადაწყვეტილებები. 2017 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე დავის ფარგლებში თ. მ-ის ერთ-ერთ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა სწორედ სააგენტოს 01.12.2015წ. QN13455252 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ: ...) საზღვრების კორექტირება. კასატორმა მიუთითა, რომ სასამართლომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით საკითხთან დაკავშირებით განმარტა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმის არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
კასატორმა განმარტა, ყოველივე აღნიშნული ადასტურებს იმ გარემოებას, რომ არ არსებობს კანონმდებლობით დადგენილი/გათვალისწინებული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, რომელზე დაყრდნობითაც სასამართლო დაადგენდა სააგენტოს გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობას და შესაბამისად №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის არასწორი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრაციის არსებობას.
კასატორის მოსაზრებით, როგორც სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს წერილებშია მითითებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრების ცვლილება მიზანშეწონილად არ
იქნა მიჩნეული. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 15.08.2018წ. №... წერილობითი მიმართვა, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს 28.09.2018წ. №... წერილით განსახილველად გადაეგზავნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურს, რომელმაც 21.11.2018წ. №... წერილით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ: ...) საზღვრების კორექტირება ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით მიზანშეწონილად არ მიიჩნია.
ამდენად, კასატორს მიაჩნია, რომ მესაკუთრის ნებართვის გარეშე საკადასტრო საზღვრების შესაძლოდ შეცვლის თაობაზე სასამართლოს მსჯელობა ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას. არამხოლოდ სსიპ - ქონების მართვის სააგენტო, არამედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ცალსახად განმარტავს, რომ ქალაქ თბილისში, საქართველოს ... გზის, ...ისა და ...ას ქუჩებს შორის (...ის ტყე-პარკში) მდებარე 15 579 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ: ...) საკადასტრო მონაცემების უზუსტობას ადგილი არ აქვს, შესაბამისად დაუშვებელია სათანადო დოკუმენტაციისა და დასაბუთების გარეშე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრების ცვლილება, თანაც მესაკუთრის თანხმობის გარეშე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 სექტემბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს თ. მ-ისთვის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, მიზანშეუწონლობის საფუძვლით, უძრავი ქონების რეგისტრაციაზე უარის თქმის კანონიერების შეფასება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო, პირველ ყოვლისა, აღნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის კადასტრის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2018 წლის 07 ნოემბრის სამსახურებრივი ბარათით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის ადმინისტრაციული წარმოების სამსახურის უფროსს ეცნობა, რომ №... სარეგისტრაციო წარმოებაზე წარდგენილი მიწის ნაკვეთის ელექტრონული ვერსიისა და აზომვითი ნახაზის შედარებისას საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზთან, კერძოდ უძრავი ნივთის 1999 წლის 12 მარტის საკადასტრო და 1997 წლის 27 მარტის №07.37.353 დადგენილებით გათვალისწინებულ გეგმებთან, სიტუაცია და ობიექტების ერთმანეთთან განლაგება შეესაბამება, თუმცა დარღვეულია სიზუსტეები ამ ობიექტებს შორის. ამიტომ შეუძლებლად იქნა მიჩნეული კოორდინატების არარსებობის გამო დანამდვილებით თქმა, შეესაბამება თუ არა ერთმანეთს ზემოთ ხსენებული ნახაზები.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 08 ნოემბრის №... წერილით სსიპ ქონების მართვის სააგენტოს დამატებით განსახილველად გაეგზავნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული სიტუაციური ნახაზები, რომლებზეც შედარებულია დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით გათვალისწინებული უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა 1999 წლის 12 მარტის საკადასტრო და 1999 წლის 27 მარტის №07.37.353 დადგენილებით გათვალისწინებული გეგმებთან. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 03 დეკემბრის №... მომართვით, სააგენტოში გადაგზავნილ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის 2018 წლის 21 ნოემბრის №... უარყოფითი პოზიცია, კერძოდ, ,,წარმოდგენილი ესკიზის მიხედვით კორექტირების შემთხვევაში მიწის ნაკვეთი გადადის სატრანსპორტო ზონა 1-ში(ტზ-1). ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14–39 დადგენილების თანახმად სატრანსპორტო ზონა 1 (ტზ-1) - წარმოადგენს სატრანსპორტო ქვეზონას, რომელიც მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში ან/და საზღვრებს გარეთ არსებულ/დაგეგმილ ტრანსპორტის/ქვეითის გადაადგილებისთვის განკუთვნილ გზებს/ქუჩებს, მოედნებს, გზატკეცილებს, ხიდებს, გზაგამტარებს, სარკინიგზო ხაზებს (გასხვისების ზოლის ჩათვლით), მეტროპოლიტენის მიწისზედა ხაზებს, ტრამვაის ხაზებს, ტროტუარებს, ტროტუარის მიმდებარე გაზონს, ზღუდარებს, ქუჩის მომიჯნავე გამწვანებულ ზოლებს, უსაფრთხოების კუნძულებს, გამწვანებულ გზაგამყოფებს, მიწისქვეშა ნაგებობებს; სატრანსპორტო ზონა 1-ში დაუშვებელია ყოველგვარი მშენებლობა, გარდა ამ წესების მე-15 მუხლით განსაზღვრული ქვეზონით მოცული შენობა-ნაგებობებისა. აქედან გამომდინარე სატრანსპორტო ზონა 1 (ტზ-1)-ის ხარჯზე მიწის ნაკვეთის კორექტირება ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ისნტანციის სასამართლოების მიერ გაკეთებულ დასკვენებს და აღნიშნავს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ არ გამოკვლეულა ძველი საკადასტრო მონაცემებით N... და N... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები ზედდებაში მოდიოდა თუ არა ერთმანეთთან ან ხომ არ იყო შესაძლებელი ორივე მიწის ნაკვეთის ახალი სისტემით დაკვალვა და ზედდების არსებობის შემთხვევაში მათი კორექტირება. რეესტრის მიერ არ იქნა გათვალისწინებული, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე პირველადი რეგისტრაცია განხორციელებულია ჯერ კიდევ 1999 წელს, ხოლო N... საკადასტრო ერთეულზე პირველადი რეგისტრაცია განხორციელდა 2007 წელს.
საკასაციო პალატა, ისევე როგორც ქვედა ინსტანციის სასამართლოები მნიშვნელოვან მტკიცებულებად მიიჩნევს გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის კადასტრის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2018 წლის 07 ნოემბრის სამსახურებრივ ბარათს, რომელიც არ იქნა შეფასებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში; აღნიშნული ბარათით სარეგისტრაციო წარმოებაზე წარდგენილი მიწის ნაკვეთის ელექტრონული ვერსიისა და აზომვითი ნახაზის შედარებისას საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზთან, კერძოდ უძრავი ნივთის 1999 წლის 12 მარტის საკადასტრო და 1997 წლის 27 მარტის № 07.37.353 დადგენილებით გათვალისწინებულ გეგმებთან, სიტუაცია და ობიექტების ერთმანეთთან განლაგება შეესაბამება, თუმცა დარღვეული იყო სიზუსტეები ამ ობიექტებს შორის.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით დააზუსტოს, შეცვალოს, ძალადაკარგულად გამოაცხადოს ან ბათილად ცნოს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული მცდარი ან ურთიერთშეუსაბამო მონაცემები, ამდენად, ადმინისტრაციულ ორგანოს შეეძლო უფლების დამდგენი დოკუმენტაციის მიხედვით დადგენილი წითელი ხაზების და პირველადი რეგისტრაციის საფუძველზე გაცემული საკადასტრო გეგმების მიხედვით ორივე მიწის ნაკვეთის მონაცემების შესწორება ახალი სისტემით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინიტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.
საკასაციო პალატა მიუთითებს იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია საკითხი შეისწავლოს სზაკ-ით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 თებერვლის №ბს-968(2კ-19) განჩინება).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე