Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1033(კ-22) 22 ივნისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ. მ-ი, ბ. დ-ა,

ზ. დ-ა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

მ. მ-მა, ბ. დ-ამ და ზ. დ-ამ 2021 წლის 17 მაისს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ ამავე სააგენტოს 2021 წლის 21 აპრილის №03-1257/ო ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის, მ. მ-ის, ბ. დ-ასა და ზ. დ-ას დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შესახებ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. მ-ის, ბ. დ-ასა და ზ. დ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელეების-მ. მ-ის, ბ. დ-ას და ზ. დ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე; აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მაისის განჩინებით სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება. მოცემული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს მინისტრის 2021 წლის №01-30/ნ ბრძანებაზე, რომლის თანახმად, თუ დევნილი ოჯახის მიერ საკუთარი სახსრებით მოხდა საცხოვრებელი ბინის შეძენა, ასეთი დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის განხილვა გადაინაცვლებს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბოლო ეტაპზე. ამდენად, კანონმდებლობა მითითებული საფუძვლით დევნილი ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერ საფუძველს ადგენს.

კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. კასატორის მითითებით, საქმის მასალებში დაცული მონიტორინგის ოქმებით ცალსახად და უტყუარად დასტურდება, რომ მოსარჩელეები უძრავი ქონების გასხვისების შემდეგაც იმავე მისამართზე ცხოვრობდნენ. კერძოდ, მოკვლევის მიზნით სააგენტოს მიერ 2021 წლის 28 იანვარს დამატებითი მონიტორინგი განხორციელდა მოსარჩელეების მიერ გასხვისებულ ბინაში, მდებარე: ...ის, 8 მ/რ-ში კორპუსი 23, ბინა 37, სააგენტოს თანამშრომლებს ადგილზე დახვდათ განმცხადებელი მეუღლესთან ერთად. მ. მ-ის განმარტებით, ოჯახი ამ ბინაში დროებით იმყოფებოდა, მუდმივად კი, ...ის ქუჩაზე ქირით ცხოვრობდა. მან ასევე აღნიშნა, რომ მეუღლის მიერ გასხვისებული ბინა ამჟამად ეკუთვნის მის ბიძაშვილ-ზ. კ-ეს, რომელიც იმყოფება საზღვარგარეთ.

კასატორის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები უტყუარად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მოსარჩელის ოჯახი შეუზღუდავად, სარგებლობს გასხვისებული საცხოვრებლით, რაც პრიორიტეტულობის პრინციპის გათვალისწინებით, მოსარჩელისათვის მოცემულ ეტაპზე საცხოვრებლის გამოყოფის თაობაზე უარის თქმის საფუძველია, როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორს მიაჩნია, სასამართლოების პოზიცია დაუსაბუთებელია, ხოლო ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის განხილვისას, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, სრულყოფილად აქვს გამოკვლეული საქმის გარემოებები, შესაბამისად, სადავო ბრძანება მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოცემულ ეტაპზე მ. მ-ის დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება, ოჯახის გადაუდებელი განსახლების მოცემულ ეტაპზე საჭიროების არარსებობის საფუძვლით.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი №1) მეორე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე (ძალადაკარგულია „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით), რომლის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2019 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება. იმავე „წესის“ მე-6 მუხლის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) პირველი პუნქტით კი დადგენილია, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

ანალოგიურ მოწესრიგებას ადგენს, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.

სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (დანართი №1) მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3, მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით ხდება დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების განაწილება, იქნება ეს ახლად აშენებული, რეაბილიტირებული შენობები თუ სხვა საცხოვრებელი ბინები და სახლები და კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა. დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება და კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა. პრიორიტეტთა/ქულების სრული დამთხვევის შემთხვევაში, კომისია დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად ატარებს კენჭისყრას და გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:

მოსარჩელეები-მ. მ-ი, ბ. და ზ. დ-ები არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები.

მ. მ-მა, 2015 წლის 06 თებერვალს განცხადებით მიმართა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს და მოითხოვა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. მ. მ-მა განაცხადი წარადგინა მეუღლესთან - ბ. დ-ასთან და შვილთან - ზ. დ-ასთან ერთად.

საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, მ. მ-ის ოჯახმა სულ მოიპოვა-6.0 ქულა. მათ შორის: (საცხოვრებლის ფინანსური პირობები (ნაქირავები) -1.5 ქულა; მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისგან-1.0 ქულა; სოციალური კრიტერიუმი(მ. მ-ი - შშმპ მნიშვნელოვნად გამოხატული)-2.0 ქულა; მ. მ-ი - ომში მონაწილე, ომის ვეტერანი-1.5 ქულა).

მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, მოსარჩელეების საცხოვრებელ მისამართზე-თბილისში, ...ში, ...ის ქ. №78-ში განხორციელდა მონიტორინგი. მონიტორინგის ფორმის თანახმად, ოჯახი მითითებულ მისამართზე 2020 წლის აპრილიდან ცხოვრობს და ქირის სახით იხდის თვიურად - 250 ლარს. მ. მ-მა განმარტა, რომ ოჯახი მანამდე ცხოვრობდა მისამართზე: ...ის მე-8 მ/რ, კორპუსი 23, ბინა 37. აღნიშნული ბინა წარმოადგენდა ბ. დ-ას საკუთრებას, რომელიც 2016 წლის 17 თებერვალს გასხვისდა ზ. კ-ეზე, თუმცა მ. მ-ის განმატებით, მისი მეუღლე ბინის მესაკუთრე მხოლოდ ფორმალურად იყო, რეალურად კი, აღნიშნული ბინა ზ. კ-ის საკუთრება იყო ყოველთვის.

მონიტორინგის ჯგუფი დამატებითი მოკვლევის მიზნით გამოცხადდა მისამართზე: ქ. თბილისი, ...ი მე-8 მ/რ, კორპუსი 23, ბინა 37. მონიტორინგის დროს ადგილზე იყვნენ მ. მ-ი და ბ. დ-ა. მ. მ-ის განმარტებით, ოჯახი დროებით (ერთი კვირით) იმყოფებოდა აღნიშნულ მისამართზე, რადგან მ. მ-ი შეუძლოდ გრძნობდა თავს, ხოლო ოჯახის მუდმივ საცხოვრებელს წარმოადგენს ...ის ქუჩაზე არსებული ბინა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 02 აპრილის №19 ოქმის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილებით, მ. მ-ის ოჯახს (სარეგისტრაციო ნომერი ...) უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან, მოცემულ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენს ოჯახის თავისივე გასხვისებულ სახლში ცხოვრების გამო.

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 21 აპრილის №03-1257/ო ბრძანებით მ. მ-ის ოჯახს (განცხადებაში გათვალისწინებულ პირებს) მოცემულ ეტაპზე უარი ეთქვა განსახლების გადაუდებელი საჭიროების არ არსებობის გამო, ქალაქ თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ რამდენადაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, იგი ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გულისხმიერად მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის გზით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არ გაითვალისწინა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა.

კასატორის მითითება იმის თაობაზე, რომ მოცემულ ეტაპზე მოსარჩელის ოჯახის განსახლება გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენს, ვინაიდან ოჯახი ცხოვრობს თავისივე გასხვისებულ ბინაში, უსაფუძვლოა და არ ქმნის დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივ საფუძველს. დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს დევნილის უფლებას, მოცემულ ეტაპზე იქნეს დაკმაყოფილებული საცხოვრებლით, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე (სუს 2020 წლის 18 მარტის განჩინება, საქმე №ბს-156(კ-20)), განსაკუთრებით კი იმ პირობებში როდესაც, დადასტურებულია, რომ მოსარჩელე ბ. დ-ას მიერ გასხვისებული უძრავი ქონების მესაკუთრეა ზ. კ-ე და მოსარჩელეებს აღნიშნული ფართის გამოთავისუფლების ვალდებულება დაეკისრათ სასამართლო გადაწყვეტილებით. კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ზ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: უძრავი ქონება მდებარე: თბილისი, ...ის მე-8 მ/რ, კორპუსი 23, ბინა №37 (ს/კ: ...) გამოთხოვილ იქნა მოპასუხეების: მ. მ-ის, ბ. დ-ას, და ზ. დ-ას უკანონო მფლობელობიდან და მესაკუთრე ზ. კ-ეს გადაეცა გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში, ხოლო ბინა სადაც ამჟამად ცხოვრობს მ. მ-ის ოჯახი ქირით, არის ნ. პ-ის საკუთრება.

ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელე მ. მ-ი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (შშმპ - მნიშვნელოვნად გამოხატული-2.0 ქულა). საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ქულის მინიჭება აღნიშნული კრიტერიუმის გათვალისწინებით, არ ათავისუფლებს მოპასუხეს გადაწყვეტილების მიღებისას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინების ვალდებულებისაგან (სუსგ საქმეზე ბს-892(კ-21)). საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის" 28-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებას ცხოვრების ადეკვატურ სტანდარტზე - საცხოვრებელ პირობებზე, მათთვის და მათი ოჯახებისათვის, რაც მოიცავს ადეკვატურ კვებას, ტანსაცმელს, საცხოვრებელ პირობებს, ასევე უფლებას საცხოვრებელი პირობების უწყვეტ გაუმჯობესებაზე. აღნიშნული უფლება ასევე გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 11.4. მუხლით, რომლის თანახმად, სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის.

ამდენად, საქმეზე უდავოდ დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებებისა და იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის ოჯახისათვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა წარმოშობდა მოსარჩელეების ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესაძლებლობას, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უკანონოდ ეთქვა უარი გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის

სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე