Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1147(კ-22) 22 ივნისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - თ.შ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისი

მესამე პირი- ნ.შ-ე

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 აგვისტოს განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

აღწერილობითი ნაწილი:

თ.შ-ემ 2019 წლის 28 ოქტომბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის მიმართ და მოითხოვა საჯარო რეესტრის სააგენტოს 08.10.2019 წლის 8 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების (ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ), საჯარო რეესტრის სააგენტოს 2019 წლის 8 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების (სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ) და საჯარო რეესტრის სააგენტოს 2019 წლის 17 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების (მოსარჩელის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ) ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისათვის ქ.ზესტაფონში, ...ის ქ.№41-ში მდებარე 930 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულ საკუთრების უფლებაში ცვლილების რეგისტრაცის შესახებ, თ.შ-ის მიერ წარდგენილი განცხადების შესაბამისად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე თ.შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა თ.შ-ეს მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 აგვისტოს განჩინებით თ.შ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 24 აგვისტოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ.შ-ემ.

კასატორი - თ.შ-ე მიუთითებს სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების აბსოლუტური გაუქმების საფუძველზე, რომლის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ: სასამართლოს გადაწყვეტილება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

კასატორის მითითებით, გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს მსჯელობას, საქმეში დაცული ტექ. ბიუროსა და ლ.სამახარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნებში მითითებული გარემოებების შესახებ, რომელთა თანახმად, თ.შ-სა და ნ.შ-ის საცხოვრებელ სახლებს შორის ზუსტი გამყოფის დადგენა შეუძლებელია და კონფიგურაცია შეესაბამება ელექტრონული ნახაზის მონაცემებს. ასევე, სინამდვილეს არ შეესაბამება, რომ თითქოს დავის მოგვარების მიზნით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დანიშნული იქნა მედიატორი და აღნიშნულთან დაკავშირებით დაინიშნა შეხვედრა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ.შ-ის საკასაციო საჩივარი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ.შ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივი შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მოსარჩელის დედამ - ს.შ-ემ 1993 წლის 25 მაისს ვ.გ-საგან შეიძინა ქ.ზესტაფონში, ...ის ქ.№127-ში (მაშინდელი დანომვრით იყო №127 და ამჟამინდელით-№41) მდებარე უძრავი ქონება (ეზო და საცხოვრებელი სახლი). მითითებულ უძრავ ქონებაზე 1981 წელს შედგენილი იყო ეზოს, სახლის მდებარეობის გეგმა და ტექნიკური პასპორტი. 2010 წლის 11 მაისს ქ.ზესტაფონში, ...ის ქ.№41-ში მდებარე უძრავი ქონება ჩუქების ხელშეკრულებით გადაეცა თ.შ-ეს. მოსარჩელემ ქ.ზესტაფონში, ...ის ქ.№41-ში მდებარე უძრავი ქონებაზე დაზუსტებული მონაცემებით ტექნიკურ პასპორტში მითითებული მონაცემების მიხედვით რეგისტრაცია განახორციელა 2010 წელს.

2019 წლის 21 მაისს თ.შ-ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა ნივთის (საკადასტრო კოდი: ...) მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია. განცხადებას დაურთო ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, დაინტერესებული პირის პირადობის მოწმობის ასლი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 24 მაისის №... გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ მის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და ნ.შ-ის საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ნივთის საკადასტრო მონაცემებს (ს/კ: №...) შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის საჭირო იყო კორექტირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა.

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და 2019 წლის 5 ივნისს და 2019 წლის 21 ივნისს მიიღო გადაწყვეტილებები სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ. ამავე გადაწყვეტილებებით მხარეებს ეცნობათ, რომ დავის მოგვარების მიზნით სააგენტოს მიერ დანიშნულ იქნა მედიატორი, ნოტარიუსი ნ.ფ-ე და დაინიშნა მედიაციის შეხვედრა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2019 წლის 10 ივლისის №... გადაწყვეტილებით მოსარჩელის განცხადებაზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება, სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის ვადაში მედიაციის პროცესის შეწყვეტისა და წარმოების შეჩერების ვადაში შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის (ინფორმაციის) წარუდგენლობის საფუძვლით.

მოსარჩელემ 2019 წლის 7 ოქტომბერს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2019 წლის 10 ივლისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 8 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა 2019 წლის 7 ოქტომბრის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე, ადმინისტრაციული საჩივრის შეტანის ვადის გასვლის საფუძვლით.

მოსარჩელემ 2019 წლის 16 ოქტომბერს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 8 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 17 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა 2019 წლის 16 ოქტომბრის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს, რომ მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულია საჯარო რეესტრის საჯარო რეესტრის სააგენტოს 08.10.2019 წლის 8 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება (ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ), საჯარო რეესტრის სააგენტოს 2019 წლის 8 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების (სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ) და საჯარო რეესტრის სააგენტოს 2019 წლის 17 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება (მოსარჩელის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ).

საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლის პირველ ნაწილზე რომლის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილ უნდა იქნეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს მისი ოფიციალურად გაცნობიდან, ხოლო გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემთხვევაში – გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. ამავე კანონის 27-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით გამოცემის შემთხვევაში ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული ვადების ათვლა იწყება მისი გამოქვეყნებისთანავე.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2019 წლის 07 ოქტომბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა თ.შ-ის №... ადმინისტრაციული საჩივარი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2019 წლის 10 ივლისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით. ასევე, დადგენილია, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №... გადაწყვეტილება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ იქნა 2019 წლის 10 ივლისს, ხოლო დაინტერესებულმა პირმა (მოსარჩელემ) ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა 2019 წლის 07 ოქტომბერს.

საკასაციო პალატა მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ წარმოებაში ვადის გამოთვლისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-69-ე მუხლებით დადგენილი წესი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ხოლო ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველ შემთხვევაში დარღვეული იყო ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ვადა, ამასთან, ადმინისტრაციული საჩივრის ავტორის მიერ არ იყო წარდგენილი აღნიშნული ვადის გაშვების საპატიო მიზეზის დამადასტურებელი დოკუმენტი, ადმინისტრაციულმა ორგანომ თ.შ-ეს მართებულად უთხრა უარი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე.

რაც შეეხება, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ 2019 წლის 17 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება, საყურადღებოა, რომ 2019 წლის 16 ოქტომბერს თ.შ-ის წარმომადგენელმა- ს.კ-ემ №... ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომლითაც მოითხოვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ 2019 წლის 08 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. ამდენად, მოსარჩელის წარმომადგენელმა გაასაჩივრა ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული გადაწყვეტილება ისევ ადმინისტრაციულ ორგანოში, მაშინ, როდესაც აღნიშნული აქტი საჩივრდებოდა სასამართლო წესით და ამასთან სადავო არაა, რომ სააგენტოს №... გადაწყვეტილებით მხარეს განემარტა აქტის გასაჩივრების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე უფლებამოსილი იყო უარი ეთქვა მოსარჩელის(კასატორის) ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე.

მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას, ასევე წარმოადგენს საჯარო რეესტრის სააგენტოს 2019 წლის 8 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების (სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ) ბათილად ცნობა. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს მიუთითოს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე და სამართლებრივ ნორმებზე:

2019 წლის 26 აგვისტოს თ.შ-ემ №... სარეგისტრაციო განცხადებით ხელმეორედ მიმართა სარეგისტრაციო ორგანოს (სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონულ ოფისს) და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა უძრავი ნივთის - საკადასტრო კოდი: ... საკადასტრო მონაცემებში ცვლილების შეტანა. აღნიშნულ სარეგისტრაციო განცხადებას თან ერთოდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, საჯარო რეესტრიდან ამონაწერი და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონული ვერსიები.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ პუნქტზე, რომლის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილებების შეტანის, ასევე ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.

„საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციისათვის მათ შორის, უკვე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების შეტანის მიზნით, ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, დაინტერესებული პირი ვალდებულია რეგისტრაციის განხორციელების მიზნით, მათ შორის რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების შეტანის მიზნით სარეგისტრაციო სამსახურში წარადგინოს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტი. ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,კ“ პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები. ამავე მუხლის ,,ლ“ პუნქტის თანახმად კი, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია – რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.

მითითებულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის ან ცვლილების შესატანად განმცხადებელმა უნდა წარადგინოს კონკრეტულ უძრავ ნივთზე მისი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მარეგისტრირებელმა ორგანომ კი საკუთრების უფლების რეგისტრაცია სწორედ უფლების წარმომშობი სათანადო დოკუმენტის საფუძველზე და მის შესაბამისად უნდა განახორციელოს. ამასთანავე, მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს მოქმედი კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა სარეგისტრაციო სამსახური პასუხისმგებელია რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. შესაბამისად, საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე მარეგისტრირებელმა ორგანომ სრულყოფილად უნდა შეისწავლოს არა მხოლოდ წარდგენილი დოკუმენტაცია. უძრავ ქონებაზე უფლების როგორც რეგისტრაცია, ასევე მათში ცვლილება, წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე.

2019 წლის 2 სექტემბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონულმა ოფისმა მიიღო №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, რომლითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები ზედდებაში იყო მომიჯნავე უძრავი ნივთის - საკადასტრო კოდი: ... საკადასტრო მონაცემებთან. ამავე გადაწყვეტილებით, იმერეთის რეგიონულმა ოფისმა განმცხადებელს განუმარტა, რომ, თუ ის ეთანხმებოდა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის კონფიგურაციას და მდებარეობას, წარსადგენი იყო კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ხოლო მხარეთა შორის დავის არსებობის შემთხვევაში, დაინიშნებოდა მედიაციის პროცესი.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონულ ოფისის 2019 წლის 08 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით თ.შ-ის განცხადებაზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება. დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ ვინაიდან მედიაციის პროცესი შეწყდა მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, ამასთან, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი /ინფორმაცია (კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი), ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ;

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებას და მიუთითებს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში (21-ე, 22-ე და 23-ე მუხლები) კონკრეტულად არის გაწერილი ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სარეგისტრაციო ორგანო უფლებამოსილია უარი უთხრას პირს რეგისტრაციაზე, შეაჩეროს და/ან შეწყვიტოს სარეგისტრაციო წარმოება. კერძოდ, კანონის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ განცხადება ან/და თანდართული დოკუმენტი ან ინფორმაცია არ არის წარდგენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით. ამავე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად სარეგისტრაციო წარმოება ჩერდება თუ განცხადება ან/და თანდართული დოკუმენტი ან ინფორმაცია არ იძლევა ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის საგნისა და სუბიექტის ან/და საგნის მესაკუთრის ან მართლზომიერი მფლობელის იდენტიფიკაციის საშუალებას. ამავე კანონის 22-ე მუხლის ,,ბ’’ პუნქტის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი.

საკასაცო პალატა ყურადღებას მიაქცევს, რომ მოსარჩელე მხარემ სადავო-ქ. ზესტაფონში, ...ის ქ. №41-ში მდებარე უძრავი ქონება ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო დედამისისგან-ს.შ-ისგან, ხოლო მოსარჩელის დედამ - ს.შ-ემ თავის მხრივ აღნიშნული უძრავი ქონება 1993 წლის 25 მაისს ვ.გ-საგან შეიძინა. მითითებულ უძრავ ქონებაზე 1981 წელს შედგენილი იყო ეზოსა და სახლის მდებარეობის გეგმა. ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული მონაცემების საფუძველზე ს.შ-ის სახელზე გაიცა ტექნიკური პასპორტი. თ.შ-ემ უძრავი ქონებაზე საკუთრების უფლება დაირეგისტრირა 2010 წელს, დაზუსტებული მონაცემებით, უძრავი ქონების ამავე ტექნიკური პასპორტის შესაბამისად, ამასთანავე, ქვედა ინსტანციების სასამართლოების მიერ დადგენილად არის მიჩნეული, რომ უძრავი ნივთის ცვლილების რეგისტრაციისათვის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მოსარჩელის მიერ წარდგენილ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე მითითებული მიწის ნაკვეთის ფართობი, კონფიგურაცია და საზღვრების ზომები არ შეესაბამება ვ.გ-ს სახელზე შედგენილ მიწის ნაკვეთის, საცხოვრებელი სახლის გეგმასა და ს.შ-ის სახელზე გაცემულ ტექნიკურ პასპორტში მითითებული მიწის ნაკვეთის შესაბამის მონაცემებს და ზედდებაშია მესამე პირის მიწის ნაკვეთთან, ხოლო სხვა უფლებადამდგენი დოკუმენტი მოსარჩელეს არ წარუდგენია.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მართალია, საკადასტრო აზომვითი ნახაზი არ წარმოადგენს უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს, თუმცა იგი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაციაა საკუთრების უფლების გადაცემისას. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ საგანთა რეალური მდგომარეობა და რეგისტრირებული მონაცემები უნდა იყოს თანხვედრაში, ერთი მხრივ, საკუთრების უფლების რეგისტრაციის მხოლოდ სათანადო საფუძვლით განხორციელების, მეორე მხრივ კი, სხვისი საკუთრების უფლების ხელყოფისა და საკადასტრო მონაცემების ზედდების გამორიცხვის საფუძვლით. საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-62 პუნქტის მიხედვით, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია გადაამოწმოს სააგენტოსთვის წარდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მონაცემების სისწორე და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებთან შესაბამისობა.

საკასაცო პალატა ყურადღებას გაამახვილებს, რომ მოკვლევის მიზნით, 2021 წლის 27 ოქტომბერს სასამართლოს მიერ ჩატარებულ იქნა მოდავე მხარეთა უძრავი ნივთების ადგილზე დათვალიერება, რომლითაც დადგენილ იქნა, რომ მხარეთა შორის სადავო მონაკვეთი მდებარეობს მოსარჩელე თ.შ-ის სახლის აღმოსავლეთ მხარეს, ხოლო მესამე პირის ნ.შ-ის სახლის დასავლეთ მხარეს, ამასთანავე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოდეზიისა და გეოინფორმაციის სპეციალისტების მიერ წარმოდგენილი აგეგმვის შედეგების მიხედვით, თ.შ-ის ფაქტობრივ სახლსა და მისსავე რეგისტრირებულ ნაკვეთს შორის მანძილი აღმოსავლეთით შეადგენს - 0.05 მ-ს. ნ.შ-ის რეგისტრირებულ ნაკვეთსა და თ.შ-ის რეგისტრირებულ ნაკვეთს შორის თავისუფალი ადგილი თ.შ-ის სახლის მიმდებარედ შეადგენს - 0.3-0.52მ-ს, ხოლო თ.შ-ის ფაქტობრივ სახლსა და მის მიერ №... განცხადებით სარეგისტრაციოდ წარდგენილი ნაკვეთის აღმოსავლეთ საზღვარს შორის მანძილი შეადგენს 2.32-1.87 მეტრს, რაც არ შეესაბამება საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტებში მითითებულ მონაცემებს.

საქმეში ასევე წარმოდგენილია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 09 ივნისის №5003662221 საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა რომლის შესაბამისად, დადგენილია, რომ ვ.გ-ს სახელზე შედგენილ მიწის ნაკვეთისა და საცხოვრებელი სახლის გეგმაზე და ს.შ-ის სახელზე მომზადებული საცხოვრებელი სახლის ტექნიკურ პასპორტში არ არის მითითებული საცხოვრებელი სახლიდან მიწის ნაკვეთის საზღვრამდე არსებული მანძილი, რაც შეუძლებელს ხდის დადგინდეს თ.შ-ის საცხოვრებელი სახლიდან ნ.შ-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთამდე არსებული ზუსტი მანძილი, თუმცა დასკვნით განმარტებულია, რომ ზემოთ აღნიშნულ დოკუმენტებზე მითითებული მასშტაბის გათვალისწინებით, ექსპერტიზის მიერ განსაზღვრულ იქნა თ.შ-ის საცხოვრებელი სახლიდან ნ.შ-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთამდე არსებული მანძილის საორიენტაციო სიდიდე, რაც შეადგენს 0,8-1.2 მეტრს, ამასთანავე ადგილზე დათვალიერებითა და საკადასტრო ჯგუფის მიერ ჩატარებული აგეგმვით დადგინდა, რომ თ.შ-ის საცხოვრებელი სახლიდან ნ.შ-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთამდე არსებული რეალურად არსებული მანძილის ოდენობა შეესაბამება ექსპერტიზის დასკვნით საორიენტაციოდ განსაზღვრულ ოდენობას.

ამასთანავე, საგულისხმოა, რომ მოსარჩელე მხარე სადავოდ არ ხდის მესამე პირის-ნ.შ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებას და რეგისტრაციის საფუძვლებს, ხოლო ამგვარი მოთხოვნის არ არსებობის პირობებში სსსკ - ის მე-3 მუხლით განსაზღვრული დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო შებოჭილია მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით და მასზე მსჯელობას ვერ იქონიებს.

შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ იმ პირობებში როდესაც, თ.შ-ემ საჯარო რეესტრში წარადგინა ნახაზი, რომელიც არ შეესაბამებოდა მისი საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტში ასახულ ინფორმაციას, ხოლო საქმის მასალებით არ დასტურდება, თ.შ-ის მიერ სხვა-საკუთრების უფლებაში ცვლილების რეგისტრაციისათვის შესაბამისი უფლებადამდგენი დოკუმენტის წარდგენის ფაქტი, ასევე, მესამე პირის საკუთრების უფლების რეგისტრაცია მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს, მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ არსებობს სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან, თ.შ-ეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა გადაუვადდა მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, კასატორს უნდა დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - ხელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 30%-ის - 90 ლარის გადახდა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,

დაადგინა:

1. თ.შ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 აგვისტოს განჩინება.

3. თ.შ-ეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 30%-ის - 90 ლარის, გადახდა შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ.გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე