საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1165(კ-22) 22 ივნისი, 2023 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე)
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ს/ს ,,ე...“
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განიჩნების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
სს „ე...მა“ 2017 წლის 08 ნოემბერს სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და იმავე სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიმართ და მოითხოვა „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2017 წლის 6 ივნისის №04-06/9952 გადაწყვეტილებისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 09 ოქტომბრის №04/63029 გადაწვეტილების ბათილად ცნობა; ასევე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსთვის მოსარჩელის სასარგებლოდ ნ.ხ-ის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 დეკემბრის განჩინებით სს „ე...“(ს/ნ ...) ცნობილი იქნა სს „ს.ე...ის" (ს/ნ ...) უფლებამონაცვლედ, ხოლო სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო ცნობილი იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფლებამონაცვლედ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა "სს ე...ს" სარჩელი; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 06 ივნისის N 04-06/9952 გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსის (უფლებამონაცვლე-სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო) 2017 წლის 09 ოქტომბრის #04/63029 გადაწყვეტილება წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში; სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დაევალა სს "ე...ს" (ს/ნ ...) აუნაზღაუროს ნ.ხ-ისათვის (პ/ნ ...) გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ივლისის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა სსიპ ჯანმთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ საკასაციო საჩივრით.
საკასაციო საჩივრის მიხედვით, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ სწორი სამართლებრივი შეფასება არ მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ქირურგიული ჩარევა, რომლის ანაზღაურებაზეც მოსარჩელეს ეთქვა უარი იყო ესთეტიკური, რაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით არ ფინანსდება, ხოლო როგორც პირველმა ინსტანციამ, ისე სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია და ბათილად ცნო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული აქტი იმ მოტივით, რომ გეგმიურ ქირურგიულ ოპერაციაზე ადმინისტრაციული ორაგნოს მიერ გაცემულ იქნა საგარანტიო წერილი. კასატორმა აღნიშნა, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებს მითითებული სამედიცინო შემთხვევის მიმართ უნდა გაევრცელებინათ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლი და „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების შესაბამისად უარი ეთქვათ მოსარჩელისათვის Q79.4-QBSJ30 განსაზღვრული სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
განსახილველ შემთხვევაში სადავოდ არის ქცეული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ნ.ხ-ის მიმართ მოსარჩელის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უარის თქმის კანონიერება. პაციენტისთვის გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად კი ადმინისტრაციულმა ორგანომ დაასახელა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების მე-15 მუხლის მეორე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს.
დადგენილია, რომ პაციენტი ნ.ხ-ე (დაბ....) წარმოადგენს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი №1.3-ით მოსარგებლე პირს. აღნიშნული დადგენილების დანართი №1.3-ის მე-2 პუნქტის მიხედვით კი, დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის პროგრამა ითვალისწინებს შემდეგი სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას: გ.ბ) გეგმური ქირურგიული ოპერაციები, ასევე გეგმურ ქირურგიულ ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებული წინასაოპერაციო, ოპერაციის მსვლელობისას განხორციელებული და პოსტოპერაციული პერიოდის ყველა ტიპის ლაბორატორიული, ინსტრუმენტული გამოკვლევები - წლიური ლიმიტი 15 000 ლარი. ნ.ხ-ემ, როგორც დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულმა მოსარგებლემ მიიღო დანართი №1.3-ის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტაციონარული მომსახურება - გეგმიური ქირურგიული ოპერაციების სახით.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, ვინაიდან საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა არ ადგენს აკრძალვას გეგმიური ქირურგიული მომსახურების ფარგლებში რომელიმე კონკრეტული ქირურგიული ჩარევის (გარდა კარდიოქირურგიული მომსახურებისა) ანაზღაურებაზე უარის თქმის თაობაზე, ადმინისტრაციული ორგანოს მითითება, რომ ნ.ხ-ის მიმართ გაწეული გეგმიური ქირურგიული მომსახურება ("ჩამოვარდნილი მუცლის სინდრომი” - Q79.4, ჩარევის კოდი: QBSJ30) ანაზღაურებას არ ექვემდებარება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია. კერძოდ, დანართი №1.3-ის მე-3 პუნქტის მიხედვით, ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეთათვის ამ პროგრამის ფარგლებში არ ანაზღაურდება ქვემოთ ჩამოთვლილი სამედიცინო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯები: ვ) ესთეტიკური ქირურგიის, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობა.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს კასატორის მითითებაზე ნ.ხ-ისთვის ჩატარებული ოპერაციის ესთეტიკურ ოპერაციად მიჩნევის თაობაზე და განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილ 03.01.2017წ. №... საგარანტიო წერილში, რომელიც გაიცა ნ.ხ-ის მიმართ გეგმიური ქირურგიული მომსახურების გაწევის მიზნით „ჩამოვარდნილი მუცლის“ სინდრომი მითითებულია, როგორც ძირითადი დიაგნოზი. მეტიც, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სს „ე...ი-ის“ მიერ 31.01.2017 წ. (№...) გაცემულ სამედიცინო დოკუმენტების ცნობა №IV-100/1-ში აღწერილია შემდეგი მოკლე ანამნეზი: „ავადმყოფი უჩივის დიდი ზომის ჩამოვარდნილ მუცელს, სიმსივნური წარმონაქმნის არსებობას მეზოგასტრიუმში, ტკივილს მარჯვენა ფერდქვეშა არეში ცხიმიანი საკვების მიღების შემდეგ, პირის სიმწარეს, ამბულატორიულად დიაგნოსტირებული აქვს ნაღვლ-კენჭოვანი დაავადება, ბოლო 4-5 თვის განმავლობაში აქვს ხშირი შეტევები, ასევე დიაგნოსტირებული აქვს ვენტრალური თიაქარი 5-6 წლის წინ. ჭარბი კანი და კანქვეშა ქსოვილი მუცლის წინა კედელზე აქვს დაახლოებით 10 წელია. დინამიკაში პროგრესირებს ზომებში, უქმნის დისკომფორტს სიარულისას. ხშირად აქვს მაცერაცია და ტკივილები კანის ნაოჭის არეში.“ მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას ნ.ხ-ისთვის ჩატარებული ოპერაციის ესთეტიკურ ოპერაციად მიჩნევის თაობაზე, რაც არ ანაზღაურდება პროგრამის ფარგლებში, ვინაიდან სამედიცინო დოკუმენტები, კერძოდ ცნობა №IV-100/1-ში აღწერილი ანამნეზი დეტალურად აღწერს პაციენტის დიაგნოზს, რომელიც გამორიცხავს ჩატარებული სამედიცინო მომსახურების ესთეტიკურ ოპერაციად მიჩნევის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა ასევე იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ მიმწოდებელი კლინიკა საგარანტიო ფურცელთან მიმართებით არ უნდა იქნას მიჩნეული, როგორც დაინტერესებული მხარე და განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს კანონიერი წერილობითი დაპირების მიმართ დაინტერესებულ მხარედ ვერ განიხილება მხოლოდ პაციენტი ვინაიდან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება არის ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მოცემული ქმედება განხორციელდება, რაც შეიძლება გახდეს დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის საფუძველი. დაინტერესებული მხარე კი, ამავე კოდექსის მე-2 მუხლის „ბ” პუნქტით არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება. განსახილველ საქმეზე 03.01.2017წ. გაცემული №... წერილობითი დაპირებით სამედიცინო მომსახურების გამწევი სუბიექტის ინტერესებზე პირდაპირი და უშუალო გავლენის მოხდენის საფუძველი დადასტურებულია.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ყოველგვარი დაპირება ვერ იქნება მიჩნეული კანონიერი ნდობის საფუძვლად და ასეთად მიიჩნევა მხოლოდ წერილობითი ფორმით შესრულებული დაპირება, რომლის შინაარსიდანაც აშკარად გამომდინარეობს, რომ ადმინისტრაციული ორგანო (თანამდებობის პირი) ვალდებულებას იღებს შეასრულოს რაიმე ქმედება, ხოლო მოთხოვნის დაკმაყოფილების სავალდებულო პირობას კი წარმოადგენს დაპირების მართლზომიერების გარკვევა. შესაბამისად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ 03.01.2017წ. გაცემული №... დაპირების მიმართ კანონიერი ნდობის გამომრიცხველი გარემოებები, კერძოდ დაპირებას საფუძვლად არ უდევს ადმინისტრაციული ორგანოს კანონსაწინააღმდეგო დაპირება, არ შეცვლილა შესაბამისი ნორმატიული აქტი, რის გამოც, პირი ვერ აკმაყოფილებს დაწესებულ მოთხოვნებს ან/და დაპირებას საფუძვლად არ უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება (სზაკ-ის მე-9.1 მუხლი), მოსარჩელეს ასეთი დაპირების მიმართ გააჩნია კანონიერი ნდობა და საფუძვლიანია მისი მოთხოვნა სადავო აქტების ბათილად ცნობისა და გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე, რაც არსებითად სწორად შეაფასეს ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა.
ამდენად საკასაციო პალატის შეფასებით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებელი პირის მიერ 03.01.2017წ. გაცემული №... საგარანტიო წერილი არ ეწინააღმდება კანონს და შესაბამისად, უკანონოა ადმინისტრაციული ორგანოს უარი მის მიერვე გაცემული კანონიერი დაპირების შესრულებაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო აქტები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, მათ საფუძველზე გათვალისწინებული მოწესრიგება ეწინააღმდეგება კანონს, რაც ქმნის გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძველს. ამრიგად, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ივლისის განჩინება;
3. კასატორს - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე) (ს/ნ 200294519) დაუბრუნდეს 2022 წლის 17 ოქტომბერს №26549 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე