საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1172(კ-22) 22 ივნისი, 2023 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - შპს „თ...ი“
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მესამე პირი - ზ. ს-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 მაისის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
შპს „თ...იმ“ 2021 წლის 15 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ და ამავე კომისიის 2021 წლის 3 ივნისის №25/1 გადაწყვეტილებისა და 2021 წლის 4 აგვისტოს №2/13-16-6177 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ზ. ს-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „თ...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კომპანიამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 მაისის განჩინებით შპს „თ...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „თ...იმ“. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლოს ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების სწორი სამართლებრივი შეფასება, რამდენად კანონიერად განახორციელა ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმის გარემოებათა კვლევა და რამდენად სწორად განმარტა ნორმატიული აქტის მოთხოვნა, რადგან ადმინისტრაციულ სამართალურთიერთობებში სასამართლოს კანონიერი განმარტებები და შეფასებები სახელმძღვანელო მნიშვნელობისაა და ემსახურება გამართული და ერთგვაროვანი სამართლებრივი პრაქტიკის ჩამოყალიბებას, რაც სადავო შემთხვევაში სასამართლომ არ განახორციელა.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სემეკის კომისიის სხდომის ოქმის ჩანაწერი, რა დროსაც კომისიის წევრები, ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლები და გადაწყვეტილების ხელის მომწერი პირები აღიარებენ და ადასტურებენ, რომ შპს „თ...ი“ იმყოფებოდა გამოუვალ მდგომარეობაში და მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ ახორციელებდა სამუშაოების შესრულებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით შპს „თ...ის“ საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, შპს „თ...ის“ საკასაციო საჩივარი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71; ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ §76; Va№ de Hurk v. №etherla№ds, §61, Garcia Ruiz v. Spai№ [GC] §26; Jah№ke a№d Le№oble v Fra№ce (dec.); Perez v Fra№ce [GC], §81). მოცემული დათქმის გათვალისწინებით.
განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 3 ივნისის №25/1 გადაწყვეტილების კანონიერების შეფასება, რომლითაც დაკმაყოფილდა ზ. ს-ის მოთხოვნა და შპს „თ...ის“ დაევალა ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე ზ. ს-ის კუთვნილ ობიექტზე (მისამართი - ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №43, საკადასტრო კოდი - №...) მიერთების სამუშაოების (სრული ტექნოლოგიური ციკლი) 2021 წლის 30 ივლისამდე დასრულება, ასევე ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების ვადის სამჯერ გადაცილების გამო მომხმარებლისათვის შესაბამისი კომპენსაციის გადახდა. ამასთანავე, შესაფასებელია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 4 აგვისტოს №2/13-16-6177 გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, შპს „თ...ის“ განცხადება - მოქალაქის სასარგებლოდ დარიცხული კომპენსაციის გაუქმების მოთხოვნით, საფუძველს მოკლებული იყო და არ განიხილებოდა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებით დამტკიცებულ „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესებზე“, რომელიც არეგულირებს განაწილების ლიცენზიანტს, მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის ურთიერთობებს გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით ბუნებრივი გაზის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს. დასახელებული „წესების“ მე-19 მუხლით რეგლამენტირებულია ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების პროცედურა. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი ადგილის, საწარმოს ან სხვა ობიექტის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების შესახებ პირმა გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ განაცხადით უნდა მიმართოს განაწილების ლიცენზიანტს. ამავე მუხლის 11 პუნქტის თანახმად, მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, განაცხადის წარდგენამდე გადაიხადოს განაცხადში ასახული გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის 50% (გარდა ამ მუხლის 51-ე და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ხოლო დარჩენილი თანხა გადაიხადოს (თუ მხარეები წერილობით არ შეთანხმდნენ სხვა პირობებზე) ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყების ან ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - მრიცხველის ექსპლუატაციაში გაშვების აქტის შედგენის თარიღიდან 10 სამუშაო დღეში. ზემოთ მითითებული „წესების“ დანართი №3-ით ასევე განსაზღვრულია გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური და ვადა. აღნიშნული დანართის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური განისაზღვრება მოთხოვნილი სიმძლავრისა და მისაერთებელი ობიექტის ადგილმდებარეობის მიხედვით. გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური, 0-6 კვტ. სიმძლავრეზე განსაზღვრება თვითმმართველ ქალაქებში 800 ლარით, ხოლო ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ვადა შეადგენს 40 სამუშაო დღეს. ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, 0-6 კუბ.მ/სთ სიმძლავრის ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასურის 191 მუხლის მე-6 პუნქტით განწილვადების შემთხვევაში, მიერთების საფასური განისაზღვრება არსებულ მიერთების საფასურზე თვითმმართველ ქალაქებში 50 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) დამატებით, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში 25 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) დამატებით.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 28 დეკემბრის №39 დადგენილებით დამტკიცებულ „მომსახურების ხარისხის წესებზე“ (ძალადაკარგულია 2021 წლის პირველი ივლისიდან 06/28/2021 №20 დადგენილებით), რომლის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, საწარმოს მიერ მომსახურების კომერციული ხარისხის გარანტირებული სტანდარტებით გათვალისწინებული მომსახურების ამ წესებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით გაწევის შემთხვევაში, იგი ვალდებულია გადაუხადოს შესაბამის მომხმარებელს კომპენსაცია ამ წესების №2 დანართის შესაბამისად. მითითებული წესების 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გარანტირებული სტანდარტით გათვალისწინებული მომსახურების შიდა მიზეზებით შეუსრულებლობის შემთხვევაში საწარმო ვალდებულია, ამ წესების მიხედვით გადაუხადოს მომხმარებელს გაუწეველი მომსახურებისთვის განსაზღვრული კომპენსაცია. კომპენსაცია მომხმარებელს უნდა დაერიცხოს მის სააბონენტო ბარათზე კრედიტის სახით შემდგომი ანგარიშსწორებისთვის. კომპენსაცია უნდა აისახოს მომხმარებლის სააბონენტო ბარათზე მომსახურების გარანტირებული სტანდარტის დარღვევიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო თუ პირი დარღვევის მომენტისათვის არ არის მომხმარებლად რეგისტრირებული, აღნიშნული ვადა აითვლება მომარაგების დაწყებიდან. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ახალი მომხმარებლის მიერთების/სიმძლავრის გაზრდის ვადის ყოველი შემდგომი გადაცილების გამო კომპენსაციის რაოდენობა და მისი გადახდის წესი განისაზღვრება ამ „წესების“ №2 დანართით. საწარმოს მიერ გარანტირებული სტანდარტით გათვალისწინებული მომსახურების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობისათვის კომპენსაციის გადახდა არ ათავისუფლებს მას ამ მომსახურების გაწევის ვალდებულებისაგან. მითითებული „წესების“ №2 დანართის თანახმად, ახალი მომხმარებლის მიერთების შემთხვევაში, „მიწოდებისა და მოხმარების წესებით“ განსაზღვრული ვადის ყოველი გადაცილებისას მომხმარებელს უნდა დაერიცხოს კომპენსაცია კომისიის მიერ დადგენილი საფასურის 505-ის ოდენობით (ვალდებულებების გაქვითვის გათვალისწინებით): ა) კომისიის მიერ დადგენილი პაკეტით განსაზღვრულ ქსელზე (სისტემაზე) მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის – ვადის პირველივე გადაცილებისას საფასური ნახევრდება; ბ) იმავე ვადის მეორე გადაცილებისას საფასური ნულდება; გ) იმავე ვადის მესამედ და მეტჯერ გადაცილების შემთხვევაში, ყოველ გადაცილებაზე მომხმარებელს უნდა დაერიცხოს კომპენსაცია საფასურის 50%-ის ოდენობით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2020 წლის პირველ ივლისს, ზ. ს-მა განცხადებით მიმართა შპს „თ...ის“ და მისი კუთვნილი ობიექტის (ქ. თბილისი, ...ი, ...ის ქუჩა №43, ს/კ №...) ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება მოითხოვა. გამანაწილებელი ქსელის დაბალი წნევის საფეხურზე მისაერთებელი სიმძლავრე შეადგენდა 0-6 მ3/სთ, ხოლო გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური განისაზღვრა 800 ლარით, რომელიც განმცხადებელმა გადაიხადა განწილვადებით. შპს „თ...იმ“ აღნიშნული სამუშაოების წარმოების თაობაზე აქტის გამოცემის მოთხოვნით არაერთი განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და წარუდგინა პროექტები, რომელთა შესაბამისადაც უნდა განხორციელებულიყო ხაზობრივი ნაგებობის მონტაჟი, თუმცა მოსარჩელეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2020 წლის 31 ივლისის №QN1762622, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2020 წლის 9 ნოემბრის №QN1784717 და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2021 წლის 29 იანვრის №QN1800577 გადაწყვეტილებებით, ერთი და იმავე საფუძვლით ეთქვა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. კერძოდ, გამოსაყენებელ ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურა/ასფალტის საფარი, როგორც გზის სავალ ნაწილზე, ისე ტროტუარზე, იყო ახალი მოწყობილი. ალტერნატიული პროექტის და დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში კი, რომლის თანახმად, ხაზობრივი ნაგებობის მონტაჟი განხორციელდებოდა სხვა ტრაექტორიით, ახლადმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურის დაუზიანებლად, საკითხი განხილული იქნებოდა ხელახლა.
საქმის მასალების მიხედვით, ზ. ს-მა 2021 წლის 2 მარტს განცხადებით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას და მოითხოვა შპს „თ...ის“ მიერ ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების დროულად დასრულება. კომისიამ 2021 წლის 3 ივნისის №25/1 გადაწყვეტილებით ზ. ს-ის განცხადება დააკმაყოფილა და შპს „თ...ის“ დაავალა, ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე ზ. ს-ის კუთვნილი ობიექტის მიერთების სამუშაოების 2021 წლის 30 ივლისამდე დასრულება და ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების ვადის სამჯერ გადაცილების გამო მომხმარებლისათვის შესაბამისი კომპენსაციის - 1200 ლარის გადახდა. შპს „თ...იმ“ აღნიშნული კომპენსაციის გაუქმების მოთხოვნით განცხადებით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას და აღნიშნა, რომ სამუშაოების შეუსრულებლობა მთლიანად გამოწვეული იყო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის სააგენტოს მიერ მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილებებით, ხოლო სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის მოპოვება, საბოლოოდ, განაპირობა კომისიის 2021 წლის 3 ივნისის №25/1 გადაწყვეტილების მიღებამ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნული კომისიის 2021 წლის 4 აგვისტოს №2/13-16-6177 გადაწყვეტილებით შპს „თ...ის“ განემარტა, რომ კომისიამ 2021 წლის 3 ივნისს მიიღო №25/1 გადაწყვეტილება, სადაც მიუთითა, რომ ვინაიდან სამჯერ გავიდა მიერთებისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული 40-დღიანი სამუშაო ვადა, მომხმარებელს უნდა დარიცხოდა „მომსახურების ხარისხის წესების“ №2 დანართით გათვალისწინებული კომპენსაცია“. ამასთანავე, ვინაიდან შპს „თ...ის“ მიერ არ იქნა წარმოდგენილი რაიმე ახალი გარემოება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მომხმარებლის ქსელზე მიერთების ვადის სამჯერ გადაცილება მოხდა საპატიო მიზეზით, მოთხოვნა მოქალაქის სასარგებლოდ დარიცხული კომპენსაციის გაუქმების თაობაზე, საფუძველს მოკლებული იყო და არ განიხილებოდა.
საკასაციო სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ არ დადასტურდებოდა მომხმარებლის ქსელზე მიერთების ვადის სამჯერ გადაცილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ბრალით. პირიქით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო ზ. ს-ის საცხოვრებელი ფართის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებისათვის იმგვარი ალტერნატიული გზის გამონახვა, რომელიც მისაღები იქნებოდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსთვის, რათა მათ მიერ გაცემულიყო თანხმობა სამონტაჟო სამუშოების წარმოებაზე. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებებით შპს „თ...ის“ ერთმნიშვნელოვნად განემარტა, რომ მოეძებნა ისეთი ალტერნატიული გზა, რაც არ გამოიწვევდა ...ის ქუჩაზე ახლადმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურის დაზიანებას, თუმცა აღნიშნული მოთხოვნა კომპანიის მხრიდან არც ერთ შემთხვევაში არ შესრულებულა. მართალია, აღნიშნული გარემოება შპს „თ...ის“ წარმომადგენლის მიერ სააპელაციო პალატის სხდომაზე ახსნილ იქნა ალტერნატიული გზის არარსებობის მოტივით, თუმცა ვერ მიუთითა საქმის მასალებში დაცულ იმგვარ მტკიცებულებაზე, რომლითაც დადასტურდებოდა შპს „თ...ის“ მიერ ალტერნატიული გზის მოძიების შეუძლებლობა, ასევე, იმ გარემოებაზე, რითაც შესაძლებელი გახდებოდა ...ის ქუჩისთვის გვერდის ავლა და არ დაზიანდებოდა ამ ქუჩაზე ახლადმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურა. ამრიგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემული ვითარება არ ქმნის გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის კანონისმიერ წინაპირობებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. შპს „თ...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 მაისის განჩინება;
3. კასატორს - შპს „თ...ის“ (ს/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2022 წლის 30 სექტემბერს №579 საგადახდო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე