Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე № ბს-1268(კ-22) 22 ივნისი, 2023 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ნ.ლ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისი

მესამე პირი (ასკ 16.2.) - თ.ლ-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ნ.ლ-მა 2019 წლის 09 ოქტომბერს სარჩელით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 8 ივლისის №... და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 16 მაისის №... ცვლილების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები.

თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ.ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა მოსარჩელეს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივლისის განჩინებით ნ.ლ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

კასატორი აღნიშნავს, რომ თ.ლ-მა უარი თქვა იმ კომლის წევრობაზე, რომლის წევრსაც წარმოადგენს მოსარჩელე და ვის საკუთრებადაც არის აღრიცხული სადავო მიწის ფართი და საცხოვრებელი სახლი. იგი საცხოვრებლად გადავიდა ქ. რუსთავში ჯერ კიდევ პრივატიზაციამდე, სადაც მშობლებმა შეუძინეს ბინა, ხოლო შემდგომ პრივატიზაციის შედეგად, როგორც სოფელში არამაცხოვრებელს, გამოეყო მიწის ფართი 0,50 ჰექტარი, აღნიშნულის დამადასტურებელ მტკიცებულებასაც წარმოადგენს ის დოკუმენტი, კერძოდ განაწილების სია, რაც საფუძვლად უდევს პრივატიზაციის განხორციელებამდე არსებულ ფართს. კომლიდან გასვლით მან დაკარგა მის ქონებაზე თანასაკუთრების კანონით განსაზღვრული საფუძველი და არც რაიმე გარიგება კომლის ქონების გაყოფის შესახებ არ შემდგარა.

კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ ნახაზში ასახულია ის ფართობი, რომელიც მართლზომიერი მფლობელობის დამდგენ დოკუმენტშია მითითებული - 0,12 ჰა, თუმცა ნახაზის პარამეტრები, სიგრძე და სიგანე არის არასწორი, ნახაზის კონფიგურაცია ისე უნდა იყოს შედგენილი, რომ მასში მთლიანად მოქცეულიყო მთელი საცხოვრებელი სახლი და არა მისი ნაწილი. კასატორმა მიუთითა საარქივო ცნობაზე, რომელიც საფუძვლად უდევს მისი კომლის სახელზე საცხოვრებელი სახლის აღრიცხვას, აღნიშნულის თანახმად პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად სცნო მართლზომიერი საკუთრების უფლება 0,12 ჰა მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ საცხოვრებელ სახლზე მთლიანად, და არა ნაწილობრივ. აღნიშნულ ნაწილში გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა. კასატორმა აღნიშნა, რომ მტკიცებულების არქონა მითითებულია მხოლოდ იმ ფართზე, რომელიც ასევე მის კომლს ჰქონდა მფლობელობაში გასაჩივრებული რეგისტრაციის განხორციელებამდე.

კასატორმა დამატებით აღნიშნა, რომ თ.ლ-ის სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაციას საფუძვლად უდევს მიწის განაწილების სია, სადაც წერია, რომ მის სახელზე გაცემული მიწის ნაკვეთები ნამდვილად მდებარეობდა სხვა ადგილას და არა მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის მომიჯნავედ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნ.ლ-ი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ.ლ-ს საკასაციო საჩივარი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ.ლ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თ.ლ-ის სახელზე 1515 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული შენობა-ნაგებობის მესაკუთრედ აღიცხვისა და აღნიშნულ გადაწვეტილებაში 2019 წლის 16 მაისს განხორციელებული ცვლილების რეგისტრაციის კანონიერების დადგენა. ამასთან, მნიშვნელოვანია იმ გარემოების დადგენა, სადავო აქტებით იზღუდება თუ არა მოსარჩელის კანონიერი უფლებები.

საკასაციო პალატა თავდაპირველად მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2013 წლის 2 ივლისს N... განცხადებით მიმართა თ.ლ-მა და მოითხოვა თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში მდებარე 1515 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. როგორც მარეგისტრირებელი ორგანო მიუთითებს, აღნიშნულ განცხადებას თან ერთვოდა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონული 5 ვერსიები, დაინტერესებული პირის პირადობის მოწმობის ასლი, მიწის განაწილების სია, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემული ცნობა N32 (02.07.2013), თელავის რაიონის საკრებულოს გამგეობის გადაწყვეტილება N158 (12.05.1992) და საკომლო წიგნის ჩანაწერების დამოწმებული ასლი. N297 მიღება - ჩაბარების აქტის თანახმად ლ-ების (და არა ნ.ლ-ის მეუღლეს) თემს გამოეყო 0,75 ჰა მიწის ნაკვეთი.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს სოფელ ...ის ტერიტორიული მართვის ორგანოს რწმუნებულის 2013 წლის 2 ივლისის N32 ცნობაზე, რომლითაც დასტურდება, რომ თ.ლ-ის (პ.ნ...) კომლი შედგება 1 (ერთი) წევრისგან, ... წლის ... ...ს დაბადებული თ.ლ-ისგან. ცნობის გაცემის საფუძვლად მითითებულია N3 აღრიცხვის ჟურნალი, პირადი ანგარიში N289; აღნიშნულსვე ადასტურებს ასლის დამოწმების ფურცელი და ოჯახის წევრთა სიის შესახებ საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებიც. თელავის რაიონის საკრებულოს გამგეობის 1992 წლის 12 მაისის N158 გადაწყვეტილებით დგინდება, რომ მიღებულ იქნა სოფ. ...ის მოსახლეობის საერთო კრების (1992 წლის 11 მაისის ოქმი N2) გადაწყვეტილება მოქალაქეთა საკუთრებაში 243 ჰექტარი მიწის ფართობის გადაცემის შესახებ; აღნიშნული გადაწყვეტილების დანართ სიაში მითითებულია ლ-ი თ. - მიწის ფართობი 0.15 ჰა + 0,35 ჰა, სულ 0.50 ჰა. N... განცხადებაზე დართული იყო საკადასტრო აზომვითი ნახაზი (საკადასტრო აღწერის თარიღი 02.07.2013) 1515 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართსა და მასზე არსებულ N1 შენობაზე. მითითებული დოკუმენტების საფუძველზე, 2013 წლის 8 ივლისს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო N... გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთზე თ.ლ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში ასევე დადგენილია, რომ ნ.ლ-ის კომლის სახელზე მიწის ნაკვეთი 0,12 ჰა ფართობით და მასზე არსებული საცხოვრებელი სახლით, ფართობით 81 კვ.მ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა 2013 წლის 20 ივნისს. დამატებით მიწის ნაკვეთის ფართზე მათ რაიმე დოკუმენტი არ გააჩნიათ. ნ. და თ. ლ-ების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები წარმოადგენენ მომიჯნავე უძრავ ნივთებს.

საკასაციო პალატა მიუთითებს ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. იმავე მუხლის მე-2 და მე- 3 პუნქტების თანახმად, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე.

საკასაციო პალატა ასევე მოიხმობს ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონს, რომელიც ასევე განსაზღვრავს თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს, კერძოდ, დასახელებული კანონის მე-2 მუხლის ,,კ’’ პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო ,,ლ’’ პუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია განმარტებულია, როგორც რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.

დასახელებული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების ურთიერშეჯერების შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადოდ მოახდინა წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის განხილვა-გამოკვლევა და სადავო გადაწყვეტილება მიიღო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების შედეგად.

საკასაციო პალატა მოსარჩელის საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტის შეფასების ნაწილში იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ დასკვნას, რომ ნ.ლ-ს არ გააჩნია სხვა რაიმე ისეთი სახის დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა, რომ თ.ლ-ის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი უნდა დარეგისტრირებულიყო მის სახელზე და მარეგისტრირებელ ორგანოში განცხადების წარდგენის დროს დართული აგეგმვით ნახაზში არსებული უსწორობის გამო დაკარგა სადავო მიწის ნაკვეთზე მესაკუთრედ რეგისტრაციის შესაძლებლობა. ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა არ იზიარებს ასევე კასატორის მოსაზრებას, რომ მესამე პირის ქონება სხვა ადგილზე უნდა მდებარეობდეს და არა თავისი მიწის მომიჯნავედ. აღნიშნული მოსაზრების დამადასტურებელი მტკიცებულება არც საკასაციო და არც ქვედა ინსტანციის სასამართლოებში კასატორს არ წარმოუდგენია. ამასთან, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მითითებას, თ.ლ-ის ცალკე, ერთწევრიან კომლად რეგისტრირების შეუძლებლობის თაობაზე, რადგან მას ოჯახმა შეუძინა ქ. რუსთავში საცხოვრებელი ბინა და მხოლოდ აღნიშნული წარმოადგენდა მის ქონებას. მითითებული მოსაზრების გასაბათილებლად საქმეში წარმოდგენილია სასამართლოს მიერ ზემოთ მოხმობილი ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემული ცნობა, რომელსაც გასცემს სოფლის რწმუნებული თ.ლ-ის, როგორც ერთწევრიანი კომლის წევრის შესახებ. ასევე, კომლის სია, სადაც პირდაპირ მითითებულია მხოლოდ და მხოლოდ ერთი წევრი თ.ლ-ი. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტომ მიიღო კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილება ნ.ლ-ის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე თ.ლ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ. კასატორმა ვერ შეძლო დაედასტურებინა, რომ თ.ლ-ის მიწის ნაკვეთი მდებარეობს სხვა ადგილას და არა თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ.

საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ ნ.ლ-ის სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დაადგინა:

1. ნ.ლ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივლისის განჩინება;

3. ბ.გ-ს (პ/ნ...) დაუბრუნდეს ნ.ლ-ის საკასაციო საჩივარზე 2022 წლის 12 ოქტომბერს №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე