საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1327(კ-22) 22 ივნისი, 2023 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ფ.ლ-ო ( კ.ლ-ს უფლებამონაცვლე)
მესამე პირები - ნ.ნ-ე ( ნ.კ-ას უფლებამონაცვლე), სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
კ.ლ-მ 2016 წლის 8 სექტემბერს სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 30 აგვისტოს №03/2019 ადმინისტრაციული აქტის, ამავე საკრებულოს 2012 წლის 8 ნოემბრის №427 ბრძანებისა და მის საფუძველზე გაცემული საკუთრების უფლების №… მოწმობის ბათილად ცნობა, ასევე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ბორჯომის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე საქმეზე დართული №4 ნახაზის მიხედვით, ქალაქ ბორჯომში, ...ის ქ. №18-ში არსებული შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე მდებარე №3 ოთახზე, ფართით 21,8 კვ.მ, შესაბამისი ცვლილების შეტანით კ/კ/ლ-ს საკუთრების უფლების აღრიცხვა მოითხოვა. ამავე სარჩელით მოსარჩელემ, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, იშუამდგომლა ქალაქ ბორჯომში, ...ის ქ. №18-ში მდებარე (ს/კ ..., ფართი - 51.30 კვ.მ) ნ.კ-ას საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 8 სექტემბრის განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე კ.ლ-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; ნ.კ-ას, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, აეკრძალა ქალაქ ბორჯომში, ...ის ქ. №18-ში მდებარე 51.30 კვ.მ ფართის მქონე უძრავი ქონების (ს/კ ...) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
2016 წლის 13 ოქტომბერს ახალციხის რაიონულ სასამართლოს დაზუსტებული სარჩელით მიმართა კ.ლ-ს წარმომადგენელმა და მოპასუხედ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნაცვლად მიუთითა ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან არსებული საკუთრების უფლების აღიარების კომისია. აღნიშნულ დაზუსტებულ სარჩელში მოსარჩელის წარმომადგენელმა კვლავ იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე იმავე მოთხოვნით, რაც გააჩნდა თავდაპირველ სარჩელში მითითებულ შუამდგომლობაში, რომელზედაც ახალციხის რაიონულმა სასამართლომ 2016 წლის 8 სექტემბერს იმსჯელა და მიიღო შესაბამისი განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ. ამდენად, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით კ.ლ-ს წარმომადგენლის შუამდგომლობა - სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ქალაქ ბორჯომში, ...ის ქ. №18-ში მდებარე (ს/კ ..., ფართი - 51.30 კვ.მ) ნ.კ-ას საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე, დარჩა განუხილველი.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით კ.ლ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 8 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მოპასუხე ნ.კ-ას აეკრძალა ქალაქ ბორჯომში, ...ის ქ. №18-ში მდებარე 51,30 კვ.მ ფართის მქონე უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ.ლ-მ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 5 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის - ნ.კ-ას შვილისა და შვილიშვილის მიერ წარდგენილ იქნა ნ.კ-ას გარდაცვალების №... მოწმობა. მათ მოითხოვეს სხდომის გადადება და განაცხადეს, რომ უახლოეს მომავალში მიიღებდნენ სამკვიდროს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ნოემბრის განჩინებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ნოემბრის განჩინებით, განსახილველ ადმინისტრაციულ საქმეზე შეჩერდა საქმის წარმოება გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ნოემბრის განჩინებით, №3ბ/219-17 ადმინისტრაციულ საქმეზე განახლდა საქმის წარმოება; მოწინააღმდეგე მხარის (მოპასუხის) - აწ გარდაცვლილი ნ.კ-ას უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა ნ.ნ-ე და ჩაება საქმის წარმოებაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 4 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე კ.ლ-ს წარმომადგენლმა წარადგინა კ.ლ-ს გარდაცვალების №... აქტიდან ამონაწერი, საიდანაც ირკვევა, რომ კ.ლ-ო გარდაიცვალა ... წლის ... ...ს. წარმომადგენელმა იშუამდგომლა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 4 დეკემბრის განჩინებით, მოცემულ ადმინისტრაციულ საქმეზე შეჩერდა საქმის წარმოება გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივნისის განჩინებით კ.ლ-ს სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში უფლებამონაცვლის დადგენის შესახებ განცხადებით მხარეს არ მიუმართავს და არც რაიმე შუამდგომლობა ყოფილა წარდგენილი დაწესებული ვადის გაგრძელების თაობაზე. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა კ.ლ-ს სავარაუდო უფლებამონაცვლემ - ფ.ლ-ომ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით კ.ლ-ს სავარაუდო უფლებამონაცვლის - ფ. (ფ-ოს) ლ-ს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 დეკემბრის განჩინებით გარდაცვლილი მოსარჩელის - კ.ლ-ს (საბერძნეთის მოქალაქე, დაბადებული ...) უფლებამონაცვლედ დადგინდა ფ.ლ-ო (საბერძნეთის მოქალაქე, დაბადებული: ...წ. პირადობის მოწმობა №...).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 მარტის განჩინებით, მოცემულ ადმინისტრაციულ საქმეში მოპასუხის სტატუსით მონაწილე პირი - ნ.ნ-ე (ნ.კ-ას უფლებამონაცვლე) მიჩნეულ იქნა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით ჩაბმულ პირად ამავე ადმინისტრაციულ საქმეში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივლისის განჩინებით კ.ლ-ს უფლებამონაცვლის - ფ.ლ-ოს სასარჩელო მოთხოვნაზე - ბათილად იქნეს ცნობილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 30 აგვისტოს №03/2019 ადმინისტრაციული აქტი, შეწყდა საქმის წარმოება იმ საფუძვლით, რომ სადავოდ ქცეული დოკუმენტი არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით კ.ლ-ს უფლებამონაცვლის - ფ.ლ-ოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც კ.ლ-ს უფლებამონაცვლის - ფ.ლ-ოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 8 ნოემბრის №427 ბრძანება და მის საფუძველზე გაცემული საკუთრების უფლების №... მოწმობა და მოპასუხეს, საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე, ასევე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ახალი აქტების გამოცემა დაევალა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მოსაზრებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ არასწორად იმსჯელა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობაზე, რადგან კ.ლ-ო გარდაიცვალა ... წლის ... ...ს, სააპელაციო საჩივარი კი ხელმოწერილია 2017 წლის 20 იანვრით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2017 წლის 8 თებერვლის განჩინებით კ.ლ-ს სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად, ხოლო სამკვიდრო მოწმობის ... ორდერის თარიღი არის 2021 წლის 10 ივნისი. აქედან გამომდინარე, უდავოა, რომ სააპელაციო საჩივარი შედგენილია კ.ლ-ს გარდაცვალების შემდეგ, მაშინ, როდესაც დადგენილი არ იყო მისი უფლებამონაცვლე. ამდენად, სააპელაციო საჩივარი შედგენილი და წარდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ, წარმომადგენლის ერთპიროვნული გადაწყვეტილების საფუძველზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სარჩელი (განცხადება) დაინტერესებული პირის სახელით შეიტანა იმ პირმა, რომელსაც არა აქვს საქმის წარმოების უფლებამოსილება.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ სათანადო ყურადღება არ გაამახვილა ბორჯომის რაიონული სასამართლოს 1998 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებაზე, რომლის მე-7 პუნქტის თანახმად, ...ის ქ. №16-ში ნ. კ-ა- ნ-ის სახელზე აღირიცხა საკუთრების უფლებით საცხოვრებელი ოთახი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საცხოვრებელი ფართის მართლზომიერად ფლობის ფაქტს.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოკვლეული მასალები. ამ უკანასკნელმა ვერ მოიძია დოკუმენტი მისამართების ნუმერაციის ცვლილების შესახებ, თუმცა ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, ადგილზე განახორციელა ფაქტობრივი გარემოების შესწავლა და დაამოწმა ქალაქ ბორჯომში, ...ის ქუჩაზე მდებარე შენობა-ნაგებობის შიდა აზომვითი ნახაზი. გასათვალისწინებელია, რომ ნ.კ-ას ქალაქ ბორჯომში სხვა ალტერნატიულ მისამართზე არ გააჩნია საკუთრება და საქმეშიც არ არის რაიმე საწინააღმდეგოს დამადასტურებელი დოკუმენტი.
კასატორის მოსაზრებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 8 ნოემბრის №427 ბრძანება და საკუთრების უფლების №... მოწმობა გამოცემულია კანონმდებლობის სრული დაცვით, სამართლებრივი საფუძვლის მითითებით/ დასაბუთებით, საქმის ყოველმხრივ გამოკვლევის შემდგომ. ამასთან, 1931 წლის 11 ოქტომბერს გაცემული ორდერი, სასამართლოს 1998 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება, შუშაბანდის წინ წამოწევით გაფართოების ნებართვა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული წარმოებით დადგენილი გარემოებები ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ...ის ქუჩა №18-ში ნ. კ-ა მართლზომიერად ფლობდა საცხოვრებელ ფართს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ნოემბრის განჩინებით ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო პალატა მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ნ.კ-ას სახელზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გაცემული ბრძანებისა და მის საფუძველზე მომზადებული საკუთრების მოწმობის კანონიერების შეფასება, თანმდევი შედეგებით. ასევე, შესაფასებელია ბორჯომის რაიონული სასამართლოს 1998 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე, ქალაქ ბორჯომში, ...ის ქ. №18-ში არსებული შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე მდებარე №3 ოთახის, ფართით 21,8 კვ.მ, საქმეზე დართული №4 ნახაზის მიხედვით, შესაბამისი ცვლილების შეტანით, კ.ლ-ს სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვის საფუძვლიანობა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულებით დამტკიცებულ „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესზე“, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ეს წესი არეგულირებს სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის, ამ დებულების ამოქმედებამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს და განსაზღვრავს წესით გათვალისწინებული ურთიერთობის მხარეებსა და მათ უფლებამოსილებებს. მითითებული წესის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განმარტებულია კანონიერი მოსარგებლის ცნება - ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე. ამასთან, დასახელებული დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ზუსტად განსაზღვრავს იმ დოკუმენტთა ჩამონათვალს, რაც საფუძვლად უნდა დაედოს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლის საკუთრებაში გადაცემას. მათ შორის, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად - დაინტერესებულმა პირმა სხვა ზემოთ ჩამოთვლილ დოკუმენტებთან ერთად ადმინისტრაციულ ორგანოში უცილობლად უნდა წარადგინოს არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, როგორიცაა ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვა.
ამდენად, პირის კანონიერ მოსარგებლედ მიჩნევისათვის საჭიროა კუმულაციურად ორი პირობის არსებობა: პირს უნდა ჰქონდეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი (ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) და ამ დოკუმენტის საფუძველზე კანონიერად უნდა სარგებლობდეს სადავო ფართით. ამასთანავე, ზემოთ მითითებული დადგენილების 7.2 მუხლის თანახმად, კანონიერ სარგებლობაში არსებულ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ფართობზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის აუცილებელია საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე უფლების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაცია.
საქმის მასალების მიხედვით, დასტურდება, რომ ნ.კ-ამ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიწის საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში განცხადებასთან ერთად წარადგინა ბორჯომის კომუნალურ საწარმოთა კომბინატთან არსებული საუწყებათაშორისო კომისიის ნებართვა, ორდერი, ლ.ა-ას დაბადების მოწმობა, ლ.კ-ის გარდაცვალების მოწმობა, ნ.კ-ას დაბადების მოწმობა, საკადასტრო-აზომვითი ნახაზი, საინფორმაციო ბარათი, აბონენტის ბარათი. ადმინისტრაციულმა ორგანომ 2012 წლის 8 ნოემბერს გამოსცა №427 ბრძანება და ნ.კ-ას საკუთრებაში გადასცა ქალაქ ბორჯომში, ...ის ქ. №18-ში არსებული 51,30 კვ.მ საცხოვრებელი ფართი, ასევე გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა №... საქმეში წარმოდგენილ ორდერში მითითებულია, რომ ბორჯომის საქალაქო საბჭოს მიერ 1931 წლის 11 ოქტომბერს ლ.ა-ს მიეცა უფლება დაეკავებინა საცხოვრებლად საბჭოს ფონდში მყოფი ერთი ოთახი, ...ის ქუჩაზე მდებარე ...ის №16 სახლში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილია სააპელაციო პალატის 2002 წლის 8 ივლისის განჩინების პასუხად გამოგზავნილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 14 ივნისის №... წერილი, რომელშიც მითითებულია, რომ მისამართის ცვლილების თაობაზე მოთხოვნილი ინფორმაცია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული არ არის. წერილში ასევე მითითებულია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სამისამართო რეესტრის წარმოების უფლებამოსილება 2012 წელს, ხოლო მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებული სამისამართო ობიექტებისთვის ნუმერაციის განსაზღვრის ფუნქცია 2016 წელს მიენიჭა. უფლებამოსილებათა გადაცემის შემდგომ, შესაბამისი უწყებებიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია/დოკუმენტაცია ობიექტების მოქმედი და ყოფილი მისამართების თაობაზე. თუმცა, ინფორმაციის/დოკუმენტაციის მოპოვება მხოლოდ ცალკეულ შემთხვევაში გახდა შესაძლებელი. წერილის ავტორის მითითებით, ორგანო მოკლებული იყო შესაძლებლობას სრულყოფილად გაეცა ინფორმაცია ადრეულ პერიოდში განსაზღვრული/შეცვლილი მისამართების თაობაზე. სააპელაციო სასამართლოს ასევე ეცნობა, რომ ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული იყო ტექნიკური აღრიცხვის ბარათები, მისამართით: ქალაქი ბორჯომი, ...ის ქუჩა (მათ შორის, ტექნიკური აღრიცხვის ბარათი მისამართით: ქ. ბორჯომი, ...ის ქუჩა №12-14-16-18-20), რომელთა სააღრიცხვო მასალაში ყოფილ მისამართად დაფიქსირებულია მხოლოდ ...ის ქუჩა. საქმეში ასევე წარმოდგენილია ბორჯომის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე დართული №4 დანართი - ქალაქ ბორჯომის ტოპონიმიკის ცვლილებები, სადაც ცხრილის სახით მოცემულია ქუჩის დასახელებები როგორც რომანოვების პერიოდის, ასევე საბჭოთა პერიოდის და თანამედროვე დასახელებებით. აღნიშნული ცხრილის თანახმად, რომანოვების პერიოდის დასახელებით - ...ას ქუჩას საბჭოთა პერიოდში მიენიჭა დასახელება - ...ის ქუჩა, ხოლო შემდგომ - ...ის ქუჩა. რაც შეეხება რომანოვების პერიოდის დასახელებით ...ოს, საბჭოთა პერიოდში მიენიჭა ...ის ქუჩის დასახელება, ხოლო თანამედროვე დასახელებით მიენიჭა ...ის ქუჩის სახელწოდება.
დასახელებული გარემოებების მხედველობაში მიღების შედეგად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომელმაც, თავის მხრივ, ვერ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მითითებული მსჯელობა, რომ ბორჯომის საქალაქო საბჭოს მიერ 1931 წლის 11 ოქტომბერს გაცემული ორდერით ლ.ა-ს მიეცა უფლება დაეკავებინა საცხოვრებლად საბჭოს ფონდში მყოფი ერთი ოთახი, ... ქუჩაზე ...ის №16 სახლში და რომ ორდერში მითითებული №16 სახლის ამჟამად და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილებების მიღების დროსაც ქუჩაზე ნუმერაციის ხელახლა მინიჭების გამო იყო №18. აღნიშნული მსჯელობის საწინააღმდეგოდ, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, სააპელაციო პალატის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის პასუხად გადმოგზავნილ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილზე, ასევე სააპელაციო სასამართლოში გამოცხადებულ მხარეთა და მათ წარმომადგენელთა ახსნა - განმარტებებზე და მიიჩნევს, რომ საქმეში არ არსებობს იმ გარემოების დამადასტურებელი ცალსახა მტკიცებულება, რომ ბორჯომში, დღევანდელი ...ის ქუჩა არის იგივე ...ის ქუჩა. საქმის მასალებით ასევე ვერ დგინდება, რომ ორდერში მითითებული №16 სახლი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო აქტის მიღების დროს ქუჩისთვის ნუმერაციის ხელახლა მინიჭების შედეგად გახდა №18.
ამდენად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ადმინისტრაციულ ორგანოს პოზიციას მის მიერ გამოცემული აქტის - ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 8 ნოემბრის №427 ბრძანებისა და მის საფუძველზე გაცემული საკუთრების უფლების №58 მოწმობის კანონიერებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საჭიროებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დაცვას, მათ შორის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევისა და ამავე კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად აქტის დასაბუთების შესახებ მოთხოვნების დაცვას, რაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო აქტების გამოცემისას არ იქნა განხორციელებული. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დავა მართებულად გადაწყდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის საფუძველზე. იმ პირობებში კი, როდესაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 8 ნოემბრის №427 ბრძანება და მის საფუძველზე გაცემული საკუთრების უფლების №... მოწმობა და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა, საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე ახალი აქტების გამოცემა, არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის - საქმეზე დართული №4 ნახაზის მიხედვით, შესაბამისი ცვლილების შეტანით საჯარო რეესტრში აღირიცხოს კ/კ/ ლ-ს საკუთრების უფლება ბორჯომის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე ქალაქ ბორჯომში, ...ის ქ. №18-ში არსებული შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე მდებარე №3 ოთახი, ფართით 21.8 კვ.მ - დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი შეფასებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე