საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1401(კ-22) 22 ივნისი, 2023 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები : ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - გ.ა-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მესამე პირი - შპს „ ...“
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
აღწერილობითი ნაწილი:
გ.ა-ემ 2020 წლის 10 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 30 იანვრის N8/23 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი, რომლითაც გ.ა-ისათვის 2019 წლის 27 თებერვლის N000065 ,,სასმელი წყლის/წყალარინების ქსელზე თვითნებურად/უკანონოდ მიერთების“ აქტით 11 500 ლარის დარიცხვა მიჩნეულ იქნა საფუძვლიანად; ასევე, მე-5 პუნქტი, რომლითაც გ.ა-ისათვის 2017 წლის 4 აპრილის N008967 ,,აღურიცხავი წყლის მომხმარების“ აქტით 3 091,01 ლარის დარიცხვა მიჩნეულ იქნა საფუძვლიანად.
სარჩელის მიხედვით, საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ნივთი მდებარე: თბილისი, სოფელი ... (ს/კ ...), 2016 წლის 17 ივნისიდან წარმოადგენს გ.ა-ის და ტ.გ-ის თანასაკუთრებას. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 18 აგვისტოს N2785765 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სოფელ ...ში, თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ...) ინდივიდუალური ორბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა.
შპს ,,...ის“ თანამშრომლების მიერ 2017 წლის 4 აპრილს განხორციელდა თბილისში, ...ის ქუჩა N44-ში მდებარე ობიექტის შემოწმება. შემოწმებით დადგინდა, რომ ობიექტი სასმელ წყალს მოიხმარდა უმრიცხველოდ. აღნიშნულ ფაქტზე, კომპანიის თანამშრომლების მიერ შედგენილი იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ას N... გ.ა-ის მხრიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსის 149-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტზე. სამართალდარღვევის ოქმში დამრღვევის ახსნა-განმარტების გრაფაში გ.ა-ის მიერ მითითებულია, რომ ეთანხმება აღნიშნულ გარემოებას და ითხოვს მრიცხველის დამონტაჟებას. ასევე, შპს ,,...ის“ თანამშრომლების მიერ 2017 წლის 4 აპრილს შედგენილი იქნა აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტი N008967, რომლის თანახმად გ.ა-ეს დაერიცხა უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის საფასური 3 091.01 ლარის ოდენობით. აქტში შენიშვნის სახით მითითებულია, რომ გ.ა-ე გაფორმდა (დარეგისტრირდა) დროებით აბონენტად, ახალი აბონენტი N... შპს ,,...ის“ უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ 2017 წლის 4 აპრილის ას N... ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის განხილვის საფუძველზე, 2017 წლის 12 აპრილის N1623 დადგენილებით გ.ა-ეს დაედო ადმინისტრაციული სახდელი - გაფრთხილება. გ.ა-ემ მისთვის 2017 წლის 4 აპრილის აღურიცხავი წყლის მოხმარების N008967 აქტით დარიცხული თანხა გადაიხადა 2017 წლის 2 ივნისს.
გ.ა-ემ 2019 წლის 20 ნოემბერს განცხადებით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას და 27 თებერვლის სასმელი წყლის/წყალანირების ქსელზე თვითნებურად/უკანონოდ მიერთების N000065 აქტით დარიცხული თანხის გაუქმება მოითხოვა. მითითებული განცხადების განხილვისას მიმდინარე სხდომაზე გ.ა-ის წარმომადგენელმა დააზუსტა მოთხოვნა და დამატებით მოითხოვა 2017 წლის 4 აპრილის აღურიცხავი წყლის მოხმარების N008967 აქტით გ.ა-ისთვის დარიცხული თანხის - 3 091.01 ლარისა და გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ შპს ,,...ის“ 2017 წლის 12 აპრილის N1623 და 2019 წლის 13 მარტის N3492 დადგენილებების გაუქმება.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 30 იანვრის №8/23 გადაწყვეტილებით გ.ა-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-4 პუნქტების თანახმად განუხილველი დარჩა გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ შპს ,,...ის“ 2017 წლის 12 აპრილის N1623 და 2019 წლის 13 მარტის N3492 დადგენილებები. ამასთან, ამავე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-5 პუნქტების თანახმად, გ.ა-ისთვის (აბონენტი N...) 2019 წლის 27 თებერვლის N000065 ,,სასმელი წყლის/წყალანირების ქსელზე თვითნებურად/უკანონოდ მიერთების აქტით“ 11 500.00 ლარის დარიცხვა და 2017 წლის 4 აპრილის N008967 ,,აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტით“ 3 091.01 ლარის დარიცხვა მიჩნეულ იქნა საფუძვლიანად.
სარჩელის მიხედვით, საქმის მასალებში წარმოდგენილია გ.ა-ის 2019 წლის 21 მარტის განაცხადი სარეზერვო წყაროთი უზრუნველყოფის შესახებ, სადაც განმცხადებლის მიერ მითითებულია მოხმარების მიზნობრიობა როგორც - არასაყოფაცხოვრებო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 07 ივნისის გადაწყვეტილებით, გ.ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით, გ.ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 07 ივნისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ.ა-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი. კერძოდ, „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-18 და მე-181 მუხლები; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149-ე მუხლის თანახმად, სასმელი წყლის უკანონო მოხმარება, აგრეთვე წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობა გამოიწვევს გაფრთხილებას. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო, წესების მე-81 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობის პერიოდში, წყალარინების ქსელით უკანონოდ სარგებლობის ღირებულება მომხმარებლისთვის გამოითვლება ამ დადგენილების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის ან 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად გამოთვლილი მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობისა და წყალარინების მომსახურებაზე დადგენილი ტარიფის ნამრავლით. შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149-ე მუხლი განსაზღვრავს სანქციას, „სასჯელს“ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ანუ წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობისათვის, ხოლო, წესების მე-81 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს თუ როგორ უნდა მოხდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ანუ წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობის გამო, მიმწოდებლისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. კასატორმა აღნიშნა, რომ 2019 წლის 27 თებერვლის, No ... ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა გაფრთხილება. შესაბამისად, თუ სასამართლო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლად თვლიდა, წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობის გამო, მიმწოდებლისთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად უნდა დაკისრებოდა წესების მე-81 მუხლის მე-2 პუნქტიდან გამომდინარე, წესების 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად გამოთვლილი მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობისა და წყალარინების მომსახურებაზე დადგენილი ტარიფის ნამრავლის ოდენობის თანხა.
კასატორმა დამატებით აღნიშნა, მთელი პროცესის განმავლობაში უთითებდა, რომ შეძენილ მიწის ნაკვეთში არ იყო არანაირი საინჟინრო-ტექნიკური ქსელი, მათ შორის წყალმომარაგების და წყალარინების მილსადენი და მიმწოდებელს წყლისა და წყალარინების კომუნიკაციების მიერთებასა და მოსარჩელის ნაკვეთში მიყვანაში არანაირი მონაწილეობა არ მიუღია. წყალარინების მილსადენის მიერთება განხორციელდა მის მიერ, მის მიერ გაღებული ხარჯებით და მიმწოდებელს წყალარინების კომუნიკაციების მიერთებასა და ნაკვეთში მიყვანაში არანაირი მონაწილეობა არ მიუღია. შესაბამისად, არ გაუწევია არანაირი ხარჯი და ამ თვალსაზრისით არ მისდგომია არანაირი ზარალი, რომელიც უნდა ანაზღაურდეს. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, სასამართლომ წესების მე-18 და მე-181 მუხლებიდან გამომდინარე დააკისრა ახალი მომხმარებლის წყალანირების ქსელზე მიერთების საფასური 11 500 ლარი ანუ თანხა, (ხარჯი) რომელიც მიმწოდებელს არ გაუწევია და რომლის ანაზღაურებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. წესების მე-18 მუხლის მე-6 პუნქტის და დანართი 3-ის პირველი პუნქტის, „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული 11 500 ლარი არის მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის წინასწარ შეთანმებული, მიმწოდებლისთვის, პირის მიერ ნებაყოფლობით გადახდილი მიერთების საფასური, მიმწოდებლის - ქსელზე, მიმწოდებლის სახსრებით მიერთებისთვის და არა წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობის გამო მიმწოდებლისთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებელი თანხა ან რაიმე სახის სანქცია.
კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულია სსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 249-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები, კერძოდ, სასამართლოს მიერ არ არის ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად განხილული და შეფასებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის No ას N... ოქმში გ.ა-ე დაეთანხმა ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსის 149-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას, მის მიერ წყლის უმრიცხველოდ მოხმარების ფაქტს, თუმცა არ დათანხმებია წყლის უმრიცხველო მოხმარების აქტით დარიცხული 3 091.01 ლარის სისწორეს და კანონიერებას, რაც დადასტურდა მის მიერ ამ თანხის ხანდაზმულობის 3 წლიან ვადაში, ჯერ კომისიაში და შემდგომ სასამართლოში გასაჩივრებით. კასატორის მითითებით, მან უმრიცხველო მოხმარების აქტით დარიცხული 3 091.01 ლარი გადაიხადა არა იმის გამო, რომ ეთანხმებოდა მის სისწორეს და კანონიერებას, არამედ იმის გამო, რომ მას მოწინააღმდეგის შპს „...ის“ სახით საქმე ჰქონდა ბაზარზე გაბატონებული მდგომარეობის მქონე, მონოპოლისტ საწარმოსთან, რომელსაც შეეძლო საერთოდ შეეწყვიტა მიწოდება და წყლის გარეშე დაეტოვებინა იგი. წყლის უმრიცხველო მოხმარების ფაქტის აღიარებით და დარიცხული თანხის გადახდით არ დასტურდება, რომ იგი არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი იყო 2017 წლის 4 აპრილს. მშენებლობის პროცესზე მითითების გარდა, წყლის არასაყოფაცხოვრებო მიზნით მოხმარებასთან დაკავშირებით სასამართლომ ვერ მიუთითა რაიმე უტყუარ მტკიცებულებაზე, რომელიც დაადასტურებდა 2017 წლის 4 აპრილს მის მიერ წყლის არასაყოფაცხოვრებო მიზნით წყლის მოხმარებას.
კასატორმა უკანონოდ მოხმარებული სასმელის წყლის რაოდენობის დაანგარიშებასთან დაკავშირებით მიუთითა, რომ მის მიერ მტკიცებულებად წარმოდგენილი იქნა მომსახურების შეძენისა და ანგარიშსწორების აქტი No 1, რომლითაც დასტურდება, რომ სამშენებლო სამუშაოები დაიწყო 2017 წლის 09 თებერვალს; შესაბამისად შესაძლებელი იყო სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღის და შეძლებისდაგვარად მიახლოებული მაჩვენებლის დადგენა. კასატორმა მიუთითა „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, როდესაც კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ ცნობილია სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღი, მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობა გამოითვლება დარღვევის პერიოდის განმავლობაში, მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების გამტარუნარიანობისა და შესაძლო დატვირთვის რეჟიმისა და სეზონურობის გათვალისწინებით. კასატორმა აღმიშნა, რომ მოწინააღმდეგე მხარეს არ გამოუთქვამს რაიმე სახის პრეტენზია მრიცხველის გამართულობასთან და აღრიცხვის სისწორესთან დაკავშირებით. შესაბამისად, მასზე დასარიცხი თანხა უნდა გაანგარიშებულიყო მოწყობილი მრიცხველის ჩვენებისა და ამ წყაროდან მიღებული წყლის მოხმარების ტექნოლოგიური ციკლის თავისებურების გათვალისწინებით. ქვედა ინსტანციის სასამართლოებს კი აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებასა და მის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან დაკავშირებით საერთოდ არ უმსჯელიათ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 დეკემბრის განჩინებით გ.ა-ის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, გ.ა-ის საკასაციო საჩივარი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს გ.ა-ისთვის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დარიცხული თანხის კანონიერების შეფასება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო, პირველ ყოვლისა, აღნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
შპს ,,...ის“ თანამშრომლების მიერ 2017 წლის 4 აპრილს განხორციელდა თბილისში, ...ის ქუჩა N44-ში მდებარე ობიექტის შემოწმება. შემოწმებით დადგინდა, რომ ობიექტი სასმელ წყალს მოიხმარდა უმრიცხველოდ. აღნიშნულ ფაქტზე კომპანიის თანამშრომლების მიერ შედგენილი იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ას N..., გ.ა-ის მხრიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსის 149-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტზე. სამართალდარღვევის ოქმში დამრღვევის ახსნა-განმარტების გრაფაში გ.ა-ის მიერ მითითებულია, რომ ეთანხმება აღნიშნულ გარემოებას და ითხოვს მრიცხველის დამონტაჟებას. ასევე, შპს ,,...ის“ თანამშრომლების მიერ 2017 წლის 4 აპრილს შედგენილი იქნა აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტი N008967, რომლის თანახმად, გ.ა-ეს დაერიცხა უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის საფასური 3 091.01 ლარის ოდენობით. გ.ა-ემ მისთვის 2017 წლის 4 აპრილის აღურიცხავი წყლის მოხმარების N008967 აქტით დარიცხული თანხა გადაიხადა 2017 წლის 2 ივნისს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებზე“, რომელიც არეგულირებს სასმელი წყლის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობებს სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით სასმელი წყლის ყიდვის, გაყიდვის, მიწოდებისა და მოხმარების დროს. აღნიშნული წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ წესებით დადგენილი პირობები სავალდებულოა ყველა იმ პირისთვის, რომელიც ახორციელებს მომხმარებელთა წყალმომარაგებას ან/და სასმელი წყლის მოხმარებას. აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი, წყალმომარაგების ხელშეკრულებით, გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს მყიდველს სასმელი წყალი მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული (მოხმარებული) სასმელი წყლის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები.
აღნიშნული წესების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასმელი წყლის უკანონო მოხმარებაში იგულისხმება სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე მოწყობილობებისა თუ მილსადენის თვითნებურად მიერთება, შეწყვეტილი სასმელი წყლის მიწოდების თვითნებური აღდგენა, სასმელი წყლის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანება (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), სასმელი წყლის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბება, სასმელი წყლის დატაცება, მათ შორის, სასმელი წყლის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე სასმელი წყლის არასანქცირებული მოხმარება; ასევე, ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენიდან და მისი შემადგენელი ქსელიდან, მოწყობილობებიდან ან/და სხვა სახის ელემენტებიდან სასმელი წყლის არახანძარსაწინააღმდეგო მიზნებისთვის არასანქცირებული მოხმარება, ხოლო მე-3 პუნქტის მიხედვით, მიმწოდებელი სასმელი წყლის უკანონო მოხმარების ფაქტის გამოვლენისთანავე ვალდებულია, შეადგინოს შესაბამისი აქტი. ამავე წესების მე-81 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობაში იგულისხმება: ა) წყალარინების ქსელზე მოწყობილობებისა თუ მილსადენის თვითნებურად მიერთება; ბ) მომხმარებლის მიერ სასმელი წყლის მომარაგების საკუთარ წყაროზე (შახტური, არტეზიული ან/და სხვა წყაროებიდან) არსებული მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანება (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), ციფრული მაჩვენებლების გაყალბება და აღრიცხვის სისტემის გვერდის ავლით ან/და მის გარეშე წყალარინების ქსელით არასანქცირებული 12 სარგებლობა; გ) წყალარინების ქსელზე არსებული აღრიცხვის კვანძის ბრჯენების განზრახ დაზიანება (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), ციფრული მაჩვენებლების გაყალბება და აღრიცხვის სისტემის გვერდის ავლით ან/და მის გარეშე წყალარინების ქსელით არასანქცირებული სარგებლობა; მე-82 მუხლის შესაბამისად კი, მიმწოდებელი წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობის ფაქტის გამოვლენისთანავე ვალდებულია, შეადგინოს აქტი წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობის შესახებ.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ გაკეთებულ დასკვენებს და აღნიშნავს, რომ წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობაში იგულისხმება წყალარინების ქსელზე მოწყობილობებისა თუ მილსადენის თვითნებურად მიერთება. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ თვითნებური მიერთება გულისხმობს პირის მიერ შესაბამისი ზედამხედველი, პასუხისმგებელი კომპანიის ნების გათვალისწინებისა და მისი ინფორმირების გარეშე, მხოლოდ საკუთარი ნების საფუძველზე მიერთების განხორციელებას, რაც როგორც წესი ხორციელდება მისივე სახსრებით, რისი უფლებაც წყლის მომხმარებელს არ გააჩნია. საკასაციო პალატა მიუთითებს „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების" მე-18 მუხლის მე-6 პუნქტისა და N 3 დანართის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად 150 მმ დიამეტრის მილით კომპანიის წყალარინების ქსელზე მიერთების საფასური შეადგენს 11 500 ლარს. საქმის მასალების თანამხად, გ.ა-ეს შპს ,,...ისთვის“ წყალანირების სისტემაზე მიერთების კანონით დადგენილი საფასური არ გადაუხდია, რისი გადახდაც მას ევალებოდა, რომ არა მისი თვითნებური მოქმედება. ასევე არ მიუღია მიერთების განხორციელებაზე თანხმობა (ტექნიკური პირობა). შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მოსაზრება გ.ა-ისთვის არა მიერთების საფასურის, არამედ მოხმარებული წყლის ოდენობის გაანგარიშების მიხედვით შესაბამისი თანხის დაკისრების თაობაზე მხოლოდ იმიტომ, რომ მოხმარებული წყლის ოდენობის საფასური მიერთების საფასურზე გაცილებით ნაკლებია, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მართებულად იქნა უსაფუძვლოდ მიჩნეული.
საკასაციო პალატა, გ.ა-ის მიერ ,,აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტით“ 3091.01 ლარის დარიცხვის კანონიერების თაობაზე იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას და მიუთითებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-3 მუხლის მე-9 პუნქტზე, რომლის თანახმად ამ წესების მიზნებისათვის სასმელი წყლის მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიები იყოფა ორ ჯგუფად: ა) საყოფაცხოვრებო მომხმარებელი - ფიზიკური პირი, რომელიც სასმელი წყალს ყიდულობს და მოიხმარს მხოლოდ საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის; ბ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი - საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გარდა ყველა სხვა მომხმარებელი. საყოფაცხოვრებო მომხმარებელს წარმოადგენს ფიზიკური პირი, რომელიც სასმელ წყალს ყიდულობს და მოიხმარს მხოლოდ საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის, ყველა სხვა მომხმარებელი კი კანონმდებლის მიერ მიჩნეულია არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლად. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 18 აგვისტოს №2785765 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სოფელ ...ში, თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ...) ინდივიდუალური ორბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. საქმეში ასევე წარმოდგენილია შპს ,,...ისთვის“ 2019 წლის 12 ოქტომბერს გაკეთებული განაცხადი თანდართული სიით, რომლითაც დგინდება, რომ კორპუსში ბინების საერთო რაოდენობა არის 24. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობისას, დროებით აბონენტად რეგისტრირებული მესაკუთრე პირის არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელად მიჩნევის თაობაზე, ვინაიდან იგი წყალს არ იყენებს საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის, ობიექტზე მიმდინარეობდა მშენებლობა, რომლის დასრულების შემდგომაც ხდება ბინების გასხვისება სხვადასხვა პირზე და მათი ინდივიდუალური აბონირება საყოფაცხოვრებო მომხმარებლებად.
საკასაციო პალატა კასატორის მიერ მოხმარებული წყლის რაოდენობის დაანგარიშებასთან დაკავშირებით მიუთითებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ სასმელი წყლის უკანონო მოხმარების შემთხვევაში - იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღის და კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის დადგენა, მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობა გამოითვლება ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების გამტარუნარიანობისა და შესაძლო დატვირთვის რეჟიმიდან გამომდინარე (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხული სასმელი წყლის რაოდენობა არ უნდა იყოს ამ მომხმარებლის მიერ, ნორმალური აღრიცხვის პერიოდში მოხმარებული სასმელი წყლის საშუალო თვიურ რაოდენობაზე ნაკლები. ვინაიდან გ.ა-ე წარმოადგენდა არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს, 2017 წლის 04 აპრილის აღურიცხავი წყლის მოხმარების №008967 აქტით მოსარჩელისთვის 3091.01 ლარის დარიცხვა საფუძვლიანია და სრულად შეესაბამება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის დანაწესს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. გ.ა-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ოქტომბრის განჩინება.
3. გ.ა-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2022 წლის 01 დეკემბერს №... საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე