Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1428(კ-22) 22 ივნისი, 2023 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - გ.ჩ-ე, ა.გ-ე

მესამე პირი - ლ.ქ-ე

დავის საგანი - ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

გ.ჩ-ემ და ა.გ-ემ 2020 წლის 22 ოქტომბერს სარჩელით მიმართეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 22 სექტემბრის №02/9909 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით გ.ჩ-ისა და ა.გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 22 სექტემბრის №02/9909 გადაწყვეტილება და დაევალა ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შემდგომ გამოეცა ახალი აქტი.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ნოემბრის განჩინებით ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. მოცემულ შემთხვევაში ცალსახად იკვეთება ის გარემოება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო დაუსაბუთებლად, კანონმდებლობის ანალიზისა და საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების სათანადო შეფასებების და განმარტებების გარეშე, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ამასთან არასწორად განმარტა სამართლებრივი ნორმები.

კასატორმა მიუთითა, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მე-2 მუხლზე, რომლის თანახმად კოდექსის უპირველესი ამოცანაა საქართველოს მთელი ტერიტორიისა და მისი ნაწილების გამოყენებისა და განვითარების მოწესრიგება საჯარო ინტერესებისა და კერძო ინტერესების შეჯერების საფუძველზე შემუშავებული და დამტკიცებული სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების მეშვეობით; ადამიანის ცხოვრებისა და საქმიანობისათვის ღირსეული გარემოს შექმნა, სივრცის დაგეგმარების, ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვისა და მშენებლობის პროცესში ადამიანის ჯანმრთელობის, გარემოს, ბუნებრივი რესურსებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა; სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის პროცესში საზოგადოების ეფექტიანი მონაწილეობის უზრუნველყოფა; სახელმწიფოს მიერ არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობა; სახელმწიფოს მიერ არქიტექტორის შემოქმედებითი თავისუფლების და არქიტექტურული განათლების განვითარების უზრუნველყოფა; შენობა-ნაგებობის კონსტრუქციულ სიმტკიცესთან, მდგრადობასთან, საიმედოობასთან, სეისმომედეგობასთან, ცეცხლმედეგობასთან, ენერგოეფექტიანობასთან და ხმაურისაგან დაცვასთან დაკავშირებული ძირითადი მოთხოვნების დადგენა; ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის უსაფრთხო ქალაქთმშენებლობის უზრუნველყოფა, სამშენებლო საქმიანობის საუკეთესო პრაქტიკის დამკვიდრება და მშენებლობის ხარისხის ამაღლება; მშენებლობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების გამარტივებითა და მშენებლობის ზედამხედველობის ეფექტიანობის ამაღლებით სტაბილური საინვესტიციო გარემოს უზრუნველყოფა. იმავე კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილით კი სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის პროცესში უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს ყველა მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესისა და კერძო ინტერესის შეწონასწორება და დაბალანსება.

კასატორმა განმარტა, რომ მითითებული სამართლებრივი ნორმის გათვალისწინებით ადმინისტრაციულმა ორგანომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, სრულად უზრუნველყო საკითხის განხილვა, კერძოდ, შეისწავლა მომიჯნავე მიწის ნაკვეთები, არსებული განაშენიანება, რის საფუძველზეც დაადგინა, რომ აღნიშნულ ადგილზე მშენებლობის განხორცილების შემთხვევაში მომიჯნავე მიწის ნაკვეთებზე აშენებულ ობიექტებს შეეზღუდებოდათ მისასვლელი გზა, რაც შეეხება სასამარლოს განმარტებას მშენებლობის ნებართვების გაცემის თაობაზე, აღნიშნულთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში ინფორმაცია არ არის დაცული, მომიჯნავე მიწის ნაკვეთებზე ობიექტები აშენებულია 2008 წლამდე, მაშინ როდესაც არ არსებობდა განაშენიანების რეგულირების გეგმები, დღევანდელი მდგომარეობით კი, მოქმედი განაშენიანების რეგულირების გეგმები მესაკუთრეებს აქცევს კანონის ჩარჩოებში და გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს, რომლის შესაბამისადაც მუნიციპალიტეტმა სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები და გარდა იერსახის დამანხინჯებისა, ნებართვის მაძიებელს განუმარტა მიმდებარე ტერიტორიაზე მომიჯნავე ობიექტებთან მისასველი გზის შეზღუდვასა და სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვაზე; შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს შეფასება, ისევე როგორც რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, არასწორი და დაუსაბუთებელია, რაც წარმოადგენს განჩინების გაქმებისა და ახალი გდაწყვეტილების მიღების საფუძველს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული

თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოსარჩელეებისთვის მიწის ნაკვეთის სამშენებლო გამოყენების პირობების დამტკიცებაზე უარის თქმის თაობაზე 2020 წლის 22 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შეფასება.

საქმეზე დადგენილია, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ. რუსთავი, მე-... მ/რ ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე 96 კვ.მ ფართით, ს.კ. ... საკუთრების უფლებით აღრიცხულია ა.გ-ისა და გ.ჩ-ის სახელზე.

2020 წლის 30 ივლისს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას განცხადებთ მიმართა გ.ჩ-ემ მიწის ნაკვეთის სამშენებლო გამოყენების პირობების დამტკიცების თაობაზე. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 22 სექტემბრის №02/9909 წერილით მოსარჩელეებს ეცნობათ, რომ ქალაქის იერსახის, საპროექტო ტერიტორიის მდებარეობის და მომიჯნავედ განთავსებული კომერციული ობიექტის ინტერესების გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტმა მიზანშეუწონლად მიიჩნია აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის განხორციელება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 103-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები გაიცემა ამ კოდექსის 67-ე და 68-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მითითებული კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, ამ თავის მიზნებია: ა) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენებისა და განაშენიანებისთვის ძირითადი პირობების დადგენა და სამშენებლო საქმიანობის საუკეთესო პრაქტიკის დამკვიდრებისთვის ხელის შეწყობა; ბ) არასამშენებლო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთის საგამონაკლისო წესით განაშენიანების პირობების დადგენა. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენებისას და განაშენიანებისას დაცული უნდა იქნეს ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა, საზოგადოებრივი უსაფრთხოება და წესრიგი. მითითებული კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, საჭიროების შემთხვევაში, ინტერესთა შეჯერების პროცესში წარმოდგენილი და გათვალისწინებული უნდა იქნეს სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის ალტერნატიული გადაწყვეტები. სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის პროცესში უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს ყველა მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესისა და კერძო ინტერესის შეწონასწორება და დაბალანსება. ქალაქმშენებლობის პროცესში კერძო პირთა ინტერესებისა და საჯარო ინტერესის დაცვას უზრუნველყოფს კანონმდებლობით დადგენილი ნორმები და შესაბამისი ურთიერთობის წარმართვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, იხელმძღვანელოს შესაბამისი ნორმებით და არ გასცდეს მათ. დაუშვებელია, კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმებით გათვალისწინებული კონკრეტული საფუძვლის გარეშე მოხდეს საქართველოს კონსტიტუციის გარანტირებული საკუთრების უფლების არსებითი შეზღუდვა, მათ შორის, მესაკუთრის შეზღუდვა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარებაზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. თუმცა, საკუთრების უფლება არ მიეკუთვნება აბსოლუტურ უფლებას და მისი შეზღუდვა დასაშვებია საჯარო ინტერესებისათვის, კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. შესაბამისად, საკუთრების უფლების შეზღუდვისთვის საჭიროა როგორც საჯარო ინტერესის არსებობა, ასევე შესაბამისი საკანონმდებლო საფუძვლები და დადგენილი პროცედურის დაცვა. ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, აუცილებელია, რომ საკუთრების უფლებაში ჩარევა იყოს პროპორციული (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2022 წლის 16 დეკემბრის №1164(კ-20) განჩინება).

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საკუთრების უფლება მისი მაღალი კონსტიტუციური მნიშვნელობის მიუხედავად, არ არის აბსოლუტური ხასიათის. საქართველოს კონსტიტუცია არ ადგენს იმგვარ საკუთრებით წესრიგს, რომელშიც მესაკუთრის კერძო ინტერესი საჯარო ინტერესებთან მიმართებით აბსოლუტური, უპირობო უპირატესობით სარგებლობს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამოქალაქოსამართლებრივი წესრიგის შექმნისას აუცილებელია, მიღწეულ იქნეს სწორი ბალანსი საკუთრების უფლებასა და სხვა უფლებებს/საჯარო ინტერესებს შორის. აუცილებელია, მესაკუთრემ გაითავისოს, რომ არა მხოლოდ მას აქვს ინტერესები, არამედ იმყოფება სხვა ინტერესთა გარემოცვაში, რომელთაგანაც ის იზოლირებული არ არის და სადაც აუცილებელია ინტერესთა გონივრული ბალანსის დაცვა. ამ ფონზე კანონმდებელი უფლებამოსილია, კონსტიტუციურ-სამართლებრივი ნორმებისა და პრინციპების დაცვით, დაადგინოს ნორმები, რომლებიც განსაზღვრავენ საკუთრების შინაარსსა და ფარგლებს. შესაბამისად, საკუთრების უფლების რეგულირებისას უნდა მოხდეს, ერთი მხრივ, ძირითადი უფლებიდან მომდინარე, ხოლო, მეორე მხრივ, საპირისპიროდ არსებული საჯარო ინტერესების სამართლიანი დაბალანსება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება „ოთარ მარშავა და მიხეილ ნოზაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15). საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, კონსტიტუციური უფლებების, მათ შორის, საკუთრების უფლების შეზღუდვის შეფასების საზომი თანაზომიერების პრინციპია. აღნიშნული პრინციპი წარმოადგენს ადამიანის უფლების შეზღუდვისას კანონმდებლის შებოჭვის მექანიზმს და, შესაბამისად, კონსტიტუციური კონტროლის ელემენტს. თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე (იქვე; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60).

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისადაც, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით დაცულ უფლებაში (საკუთრების დაცვა) ჩარევა მიიჩნევა გამართლებულად თუკი იგი განხორციელებულია კანონიერების პრინციპის საფუძველზე და ემსახურება ლეგიტიმურ საჯარო მიზნის მიღწევას, პროპორციული საშუალების გამოყენებით (BEYELER v. ITALY , 108-114, დიდი პალატა, 33202/96).

განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებას იმის თაობაზე, რომ სადავო აქტით კასატორმა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარებაზე მისი მესაკუთრის უფლების შეზღუდვის საფუძვლად მიიჩნია ქალაქის იერსახის, საპროექტო ტერიტორიის მდებარეობის და მომიჯნავედ განთავსებული 14 კომერციული ობიექტის ინტერესები, თუმცა კონკრეტულ საპროექტო მიწის ნაკვეთზე, ქალაქის იერსახის, საპროექტო ტერიტორიის მდებარეობის და მომიჯნავედ განთავსებული კომერციული ობიექტის ინტერესების შეზღუდვის ალბათობაზე მეტყველი გარემოებები მითითებული არ ყოფილა, ამასთან, მითითებული არ ყოფილა, თუ რა სავარაუდო ფაქტობრივი გარემოება იწვევს მესაკუთრის უფლების შეზღუდვას. ამასთან, სადავო აქტით არ ყოფილა წარმოდგენილი შეზღუდვის გონივრული დასაბუთება. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტებების და საქმეში არსებული მასალით დგინდება, რომ უძრავი ქონების მიმდებარე ტერიტორია წარმოადგენს ... ზონას სადაც განთავსებულია ... ობიექტები, თუმცა მოსარჩელეებს, ქალაქის იერსახიდან და მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე განთავსებული კომერციული ობიექტების ინტერესებიდან გამომდინარე ეთქვა უარი. საქმის მასალებში წარმოდგენილი დოკუმენტაციით დასტურდება, რომ მოსარჩელეთა საკუთრების, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიის ძირითადი ნაწილი განაშენიანებულია, ამასთან, დასახელებულ ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე გაცემულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ... ობიექტების მშენებლობის ნებართვის შესახებ და არც ის გარემოება დგინდება უტყუარად, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ ობიექტებს მშენებლობის განხორციელების შემთხვევაში შეეზღუდებათ მისასვლელი გზა. სადავო გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულმა ორგანომ განსახილველი საკითხზე იმსჯელა კანონმდებლობის ნორმებთან შეუსაბამოდ და მიწის ნაკვეთის მესაკუთრის უფლება მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარებაზე შეიზღუდა არსებითად იმგვარად, რომ არ დასაბუთდა შეზღუდვის საფუძვლიანობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეული იქნა საჯარო და კერძო ინტერესთა ბალანსი, რადგან გამოცემული ადმინისტრაციული აქტით არ დასაბუთდა მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელეთა მოთხოვნაზე უარის თქმის მართლზომიერება და მიზანშეწონილობა, რამაც გამოიწვია მოსარჩელეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ადმინისტრაციული ორგანოს მსჯელობას გასაჩივრებული აქტის კანონიერების თაობაზე, ვინაიდან ეს უკანასკნელი განსახილველ საკითხს ფორმალურად მიუდგა და უსაფუძვლო დაბრკოლებები შეუქმნა მოსარჩელეებს. ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მოსარჩელეთა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოტივად მითითებული გარემოება იმის შესახებ, რომ მიწის ნაკვეთზე ქალაქის იერსახიდან და მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე განთავსებული კომერციული ობიექტების ინტერესებიდან გამომდინარე ადმინისტრაციულ ორგანოს მიზანშეუწონლად მიაჩნია მშენებლობის განხორციელება არ გამომდინარეობს საქმის მასალების შინაარსიდან ვინაიდან დადგენილია, რომ უძრავი ქონების მიმდებარე ტერიტორია წარმოადგენს ... ზონას და მის მომიჯნავედ საკმაოდაა განთავსებული ასეთი შენობები.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინიტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.

საკასაციო პალატა მიუთითებს იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია საკითხი შეისწავლოს სზაკ-ით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 თებერვლის №ბს-968(2კ-19) განჩინება).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ნოემბრის განჩინება

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე