Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1466(2კ-22) 22 ივნისი, 2023 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - შ. რ-ე

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს გენერალური პროკურატურა

მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

დავის საგანი - მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის შ. რ-ის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოთხოვნის დაკმაყოფილება

კასატორის საქართველოს გენერალური პროკურატურის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა

აღწერილობითი ნაწილი:

შ. რ-ემ 2021 წლის 07 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ და მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით - 1000 000 ლარის, ხოლო მატერიალური ზიანის სახით (ადვოკატისთვის გადახდილი თანხის, ციხეში ყოფნის დროს ციხის საბარათე ანგარიშზე დარიცხული თანხის და სასამართლო წარმოებისთვის გაწეული ხარჯების) - 7 765 ლარის ოდენობით ანაზღაურება მოითხოვა; ასევე მის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაეკისროს შ. რ-ის სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის სახით - 25 200 ლარის გადახდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით შ. რ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე საქართველოს გენერალურ პროკურატურას შ. რ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის სახით 5 000 ლარის გადახდა. მოპასუხე საქართველოს გენერალურ პროკურატურას შ. რ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის სახით - 2500 ლარის გადახდა. სასარჩელო მოთხოვნა დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შ. რ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება მატერიალური ზიანის სახით ადვოკატისათვის გაწეული თანხის - 600 ლარის და ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში გამოცხადებისათვის გაწეული ხარჯის - 3 600 ლარის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ამ ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საქართველოს გენერალურ პროკურატურას შ. რ-ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის სახით დამატებით დაეკისრა ადვოკატისათვის გადახდილი თანხის - 600 ლარისა და ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში გამოცხადებისათვის გაწეული ხარჯის 2 100 ლარის ანაზღაურება; დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება შ. რ-ემ და საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს.

კასატორი - შ. რ-ე აღნიშნავს, რომ სასამართლოებმა მხედველობაში არ მიიღეს მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლები, კერძოდ, უკანონო პატიმრობის პერიოდი, განცდილი მძიმე სტრესი, სულიერი ტანჯვა-წამება და მოპასუხეს არ დააკისრეს სათანადო თანხა. ასეთ პირობებში მყოფი ადამიანის მიმართ სასამართლომ მორალური ზიანი შეაფასა მხოლოდ 5000 ლარით, მიუხედავად იმისა, რომ მან პატიმრობაში გაატარა 656 დღე, რაც წარმოადგენს მორალური ზიანის სრულად 100 000 ათასი ლარით ანაზღაურების საფუძველს.

კასატორი - საქართველოს გენერალური პროკურატურა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე, 208-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 1005-ე მუხლებზე მითითებით, აღნიშნავს, რომ ზიანის ასანაზღაურებლად პირს ზიანი უნდა მიადგეს ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომლის უკანონო და ბრალეული ქმედებით და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მოცემულ შემთხვევაში კი, საქართველოს პროკურატურის მხრიდან ამგვარ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია.

კასატორის (მოპასუხის) მოსაზრებით, მორალური ზიანის სახით საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის 5000 ლარის დაკისრება ეწინააღმდეგება საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ დადგენილ პრაქტიკას და წარმოადგენს არაგონივრულად მაღალ ოდენობას.

კასატორი - საქართველოს გენერალური პროკურატურა ასევე არ ეთანხმება მისთვის მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრებას, რამეთუ გაწეული ხარჯების ანაზღაურებასთან მიმართებით მოსარჩელემ უნდა უზრუნველყოს ხარჯების გაწევის აუცილებლობისა და ნამდვილობის დადასტურება. ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ხარჯი, რომელიც გაწეულია სასამართლოს წინაშე დარღვევის თავიდან ასაცილებლად ან უფლების აღსადგენად. კასატორი მიუთითებს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უსაფუძვლოა საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის მიმდინარე დავის ფარგლებში ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის - 1600 ლარის დაკისრების ნაწილშიც, მაშინ როდესაც საქმეში წარმოდგენილი არ არის მოსარჩელის მიერ ხარჯის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულება ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება აღნიშნულ ნაწილშიც დაუსაბუთებელია.

კასატორი - საქართველოს გენერალური პროკურატურა ასევე არ იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას ოზურგეთის სასამართლოში გამოცხადების ხარჯების 3600 ლარი (თითოეულ საპროცესო დღეზე (სულ 18 დღე) - 200 ლარის) დაკისრების ნაწილში და აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობა დაუსაბუთებლია.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიჩნევს, რომ შ. რ-ისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივრებში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ დავაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისთვის მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობების არსებობა, ასეთი წინაპირობების არსებობის დადასტურების შემთხვევაში კი - ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. აღნიშნული დანაწესით სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, სახელმწიფო სახსრებიდან აანაზღაუროს მისი მოსამსახურეების მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანი.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს.

ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მიყენებული ზიანი შესაბამისმა სახელმწიფო დაწესებულებამ უნდა აანაზღაუროს სრულად. ამასთან, ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის უნდა დადასტურდეს ნორმატიულად განსაზღვრული შემდეგი წინაპირობების კუმულატიურად არსებობა: სახელმწიფო ორგანოს თანამშრომლის ქმედების უკანონობა; პირისთვის ზიანის მიყენება; მიზეზშედეგობრივი კავშირის არსებობა დამდგარ შედეგსა და სახელმწიფო ორგანოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის, ასევე, სახელმწიფო მოსამსახურის ბრალეულობა. ამასთან, თუკი ზიანის ანაზღაურების სამართლებრივ საფუძველს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილი ქმნის, ზიანი ანაზღაურდება ზიანის მიმყენებლის არაბრალეულობის პირობებშიც კი, თუკი დადასტურდება ქმედების უკანონობა და იარსებებს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. პირის მარეაბილიტირებულ გარემოებად განხილულ უნდა იქნეს პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, რაც ადასტურებს, რომ პირს დანაშაული არ ჩაუდენია. ამასთან, გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში პირის დაპატიმრება/მსჯავრდება ავტომატურად უკანონოდ მიიჩნევა.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე შ. რ-ე, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 7 დეკემბრის განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ქურდობა) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, ხოლო სასჯელის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან, ანუ 2017 წლის 7 დეკემბრიდან. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 24 სექტემბრის განაჩენით, შ. რ-ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გათავისუფლდა სასამართლოს სხდომის დარბაზიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 17 ივლისის განჩინებით (საქმე №35აპ-20), ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა ჩხეიძის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

ამდენად, დადასტურებულია სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მარეაბილიტირებელი გარემოების არსებობა, რაც ქმნის მოსარჩელისთვის როგორც მორალური, ისე მატერიალური ზიანის ანაზღაურების სამართლებრივ საფუძველს. ამასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობა, მისი დამნაშავედ ცნობა, უკანონო პატიმრობაში ყოფნა ცალსახად იწვევს პირის ღირსებისა და რეპუტაციის შელახვას, რაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18, 413-ე მუხლებიდან გამომდინარე, ასევე, წარმოადგენს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების საფუძველს.

რაც შეეხება ასანაზღაურებელი მორალური ზიანის ოდენობას, იგი განისაზღვრება სასამართლოს მიერ საქმის ყველა გარემოების მხედველობაში მიღებით. კერძოდ, „მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულების სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე, ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება, მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინება საქმეზე №ბს-509-506(2კ-17)).

განსახილველ შემთხვევაში არაქონებრივი ზიანის ოდენობის შეფასებისას, საკასაციო პალატა ითვალისწინებს მოსარჩელის უკანონო პატიმრობაში ყოფნის პერიოდს და წარდგენილი ბრალდების არსს, ნეგატიურ განცდებსა და სტრესს, რაც თან ახლავს ამ მდგომარეობას და ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას დაკისრებული ზიანის ოდენობის შეუსაბამობის თაობაზე. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ მოსარჩელისთვის მიკუთვნებული თანხა ვერ მოახდენს მისთვის მიყენებული ზიანის სრულ კომპენსირებას, ემსახურება მხოლოდ მიყენებული უარყოფითი შედეგების შემსუბუქებას და შეუძლებელია თანხობრივად სრულად იქნეს გამოხატული ყველა ის ნეგატიური განცდა, რაც მოსარჩელეს სადავო შემთხვევაში მიადგა. სწორედ ამიტომ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრა მოხდა გონივრულ ფარგლებში.

რაც შეეხება მატერიალური ზიანის სახით სისხლის სამართლის საქმეზე ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის - 1600 ლარის ანაზღაურებას საქმეში წარმოდგენილი საქმის მასალებით, კერძოდ სისხლის სამართლის საქმის სხდომის ოქმებით პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ შ. რ-ის ინტერესებს იცავდა და სასამართლო სხდომებში მონაწილეობდნენ ანა ჟღენტი და მერაბ ფუტკარაია.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს მხარის მიერ გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია“ (სუს 1330-1315(კ-11) 2012წ. 9.02 განჩინება).

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს სისხლის სამართალწარმოების ფარგლებში ადვოკატისათვის მომსახურების ღირებულების თანხა. აღნიშნულს განაპირობებს უშუალო მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა - სისხლისსამართლებრივ დევნასა და იურიდიული მომსახურების მიღების საჭიროებას შორის. რომ არა უკანონო ბრალდება/მსჯავრდება, მოსარჩელეს არ ექნებოდა სისხლის სამართალწარმოების ფარგლებში იურიდიული მომსახურებისათვის ხარჯის გაწევის საჭიროება. ასეთ დროს სახელმწიფოს ეკისრება ადვოკატის მიერ მოსარჩელისათვის გაწეული მომსახურების ღირებულების გადახდა მაშინაც კი, თუ არ დასტურდება ხარჯის ფაქტობრივად გაწევა. საკითხის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს იურიდიული მომსახურების გაწევის ფაქტს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-432-429 (2კ-17)).

ამრიგად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან ადვოკატის აყვანა მიზნად ისახავდა პირის უფლებების სრულყოფილად დაცვას და მითითებული ხარჯის გაწევის აუცილებლობა სწორედ სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობამ გამოიწვია, მოპასუხეს მართებულად დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება. რაც შეეხება თანხის ოდენობას, მოსარჩელის მიერ ადვოკატებისთვის გადახდილი თანხის გათვალისწინებით, მატერიალური ზიანი მართებულად განისაზღვრა 1600 ლარით.

რაც შეეხება მოსარჩელის წარმომადგენლის ტრანსპორტირებისთვის გაღებული ხარჯის ანაზღაურებას, შ. რ-ის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის მასალების, კერძოდ სხდომის ოქმის ასლების დეტალური შესწავლით დადგენილია, რომ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე სულ გაიხსნა 32 სასამართლო სხდომა, აქედან 19 სხდომა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში (7.12.2016; 20.12.2016; 26.12.2016; 10.01.2017; 23.01.2017; 23.02.2017; 01.03.2017; 15.03.2017; 27;04.2017; 25.05.2017; 20.06.2017; 11.07.2017; 05.09.2017; 20.09.2017; 03.10.2017; 24.10.2017; 08.11.2017; 17.11.2017; 07.12.2017) ხოლო 13 სხდომა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (20.02.2018; 12.03.2018; 02.04.2018; 04.09.2018; 12.11.2018; 10.12.2018; 21.01.2019; 05.03.2019; 02.04.2019; 13.05.2019; 11.06.2019; 19.09;2019; 24.09.2019). შ. რ-ემ საკუთარი ხარჯებით და გადაადგილებით მონაწილეობა მიიღო 18 სასამართლო სხდომაში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოს გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, პალატა გონივრულად მიიჩნევს მოსარჩელე მხარის მიერ თითოეულ საპროცესო დღეზე ტრანსპორტირებისათვის განსაზღვრულ 200 ლარის ოდენობით ხარჯის გაწევის ალბათობას და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შ. რ-ემ საკუთარი ხარჯებით მონაწილეობა მიიღო 18 სასამართლო სხდომაზე (18X200=3600) პალატა მართებულად მიიჩნევს მოთხოვნის დაკმაყოფილებას ზემოაღნიშნული საფუძვლით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ. რ-ისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

ნუგზარ სხირტლაძე