ბს-1493(კ-22) 20 ივნისი, 2023წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.07.2022წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ.ი-ემ 24.12.2019წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ. სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდგომ მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის 25.10.2019წ. და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 04.12.2019წ. გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ასევე მოსარჩელის სასარგებლოდ 2018 წლის ოქტომბრის თვიდან სახელმწიფო პენსიის დანიშვნის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოპასუხისთვის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.06.2021წ. გადაწყვეტილებით, ლ.ი-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი „სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების ან მასზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი თბილისის ტერიტორიული ერთეულის 25.10.2019წ. №25462-19/01 გადაწყვეტილება, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 04.12.2019წ. №04/62842 გადაწყვეტილება, სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელე ლ.ი-ეს 2019 წლის 25 ოქტომბრიდან დაენიშნება სახელმწიფო პენსია ასაკის გამო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.07.2022წ. განჩინებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.2006წ. N46/ნ ბრძანების მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ადგენს საქართველოში პენსიის დანიშვნის მიზნით უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ, რომელიც ამასთანავე საქართველოს მოქალაქეა, წარსადგენ დოკუმენტაციას, კერძოდ, განმცხადებელმა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა წარუდგინოს ცნობა იმის შესახებ, რომ ის არ იღებს პენსიას მეორე ქვეყნიდან, რომლის მოქალაქადაც იგი ითვლება, რაც განსახილველი საქმის შემთხვევაში შესრულებულია ლ.ი-ის მიერ. ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი ცნობა, რადგანაც სოციალური მომსახურების სააგენტოს სახელზე არის გამოგზავნილი, წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო აუცილებლად შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით, არ წარმოადგენს ასაკობრივი პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის კანონიერ საფუძველს. ის ფაქტი, რომ ამდენი ხდის განმავლობაში რუსეთის ფედერაციიდან გამოთხოვილი მტკიცებულება ვერ მივიდა სოციალური მომსახურეობის სააგენტოში შვეიცარიის საელჩოს გავლით არ უნდა შეფასდეს მოსარჩელე მხარის საწინააღმდეგოდ. ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ შეძლო მოსარჩელის მიერ წარდგენილი ცნობის საწინააღმდეგოს დადასტურება და ვერც ცნობის არაავთენტურობა. მოსარჩელე ლ.ი-ის მიერ წარდგენილი ცნობა, რუსეთის ფედერაციაში პენსიის არ მიღების თაობაზე, წარმოადგენს მოსარჩელისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნის სამართლებრივ საფუძველს. იმ პირობებში როდესაც სასამართლოს მიერ სასკ-ის 32.1 მუხლის შესაბამისად, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი თბილისის ტერიტორიული ერთეულის 25.10.2019წ. გადაწყვეტილება, შესაბამისად გასაჩივრებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 04.12.2019წ. გადაწყვეტილება მართებულად იქნა კანონშეუსაბამოდ მიჩნეული, ასევე სწორად იქნა ნაწილობრივ დაკმაყოფილებული მოთხოვნა ახალი აქტის გამოცემის დავალების ნაწილში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.07.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებს უნდა გამოეყენებინათ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.2006წ. №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის“ 5.5 მუხლი, რომლის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომელსაც მინიჭებული აქვს საქართველოს მოქალაქეობა, საქართველოში პენსიის დანიშვნის მიზნით, დამატებით უნდა წარმოადგინოს ცნობა იმის შესახებ, რომ ის არ იღებს პენსიას მეორე ქვეყნიდან, რომლის მოქალაქედაც იგი ითვლება. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ცნობა რუსეთის ფედერაციაში პენსიის მიუღებლობის შესახებ 05.11.2018წ. გამოიგზავნა სოციალური მომსახურების სააგენტოს სახელზე, შვეიცარიის საელჩოს გვერდის ავლით. 04.03.2009წ. საქართველოსა და შვეიცარიის მხარეებს შორის, ასევე, შვეიცარიისა და რუსეთის მხარეებს შორის ნოტების გაცვლის გზით, გაფორმდა შეთანხმებები რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესთა სექციასა და საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის გახსნის თაობაზე. 2009 წლის მარტიდან, ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურებს შორის წარმოებს შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით. პენსიის მიუღებლობაზე რუსეთის ფედერაციის საპენსიო ფონდიდან სააგენტოს სახელზე გამოგზავნილი დოკუმენტი სააგენტოში ოფიციალურად არ გამოგზავნილა, შესაბამისად, რუსეთის ფედერაციაში გაცემული დოკუმენტი, რომელიც ლ.ი-ის მიერ სააგენტოში წარმოდგენილია შვეიცარიის მხარის გვერდის ავლით, საქართველოში ვერ იქნებოდა გამოყენებული სახელმწიფო პენსიის დასანიშნად. პენსიის დანიშვნაზე პირველადი მიმართვის დღიდან გასული იყო ყველა ვადა, რომელიც ლ.ი-ეს განესაზღვრა მეორე ქვეყნიდან საჭირო ცნობის წარმოსადგენად. კანონით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნას განახორციელებს ხელახალი განცხადების მომართვის შემთხვევაში მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. რუსეთის ფედერაციაში გაცემული დოკუმენტი სააგენტოსთვის მისაღები იქნება იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული დოკუმენტი გაცემული იქნება პირადად ლ.ი-ის სახელზე და არა საქართველოში სახელმწიფო სტრუქტურის - სოციალური მომსახურების სააგენტოს სახელზე. ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და სახელმწიფო პენსიის დანიშვნის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შედეგობრივად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პენსიის დანიშვნისთვის საჭირო დოკუმენტების ნუსხას, საპენსიო დოკუმენტაციის წარმოების, აგრეთვე პენსიის დანიშვნის წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი („სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის 13.3 მუხ.). საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.2006წ. №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესი“ გამოცემულია „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის საფუძველზე და მის აღსასრულებლად. მითითებული წესის სადავო პერიოდში მოქმედი 5.5 მუხლის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც მინიჭებული აქვს საქართველოს მოქალაქეობა, დამატებით უნდა წარედგინა ცნობა იმის შესახებ, რომ ის არ იღებს პენსიას მეორე ქვეყნიდან, რომლის მოქალაქედაც იგი ითვლება (ამოღებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 13.05.2022წ. №01-40/ნ ბრძანებით). დადგენილია, რომ ლ.ი-ე დაიბადა ...წ, არის საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე. მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და ასაკის გამო მოითხოვა პენსიის დანიშვნა. ლ.ი-ის განცხადების საფუძველზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ 05.11.2018წ. №04/59258 წერილით რუსეთის ფედერაციიდან გამოითხოვა ინფორმაცია მოსარჩელის მიერ პენსიის მიღების თაობაზე. საქმის მასალებით დგინდება, რომ აღნიშნულ წერილზე პასუხი მეორე ქვეყნის შესაბამისი დაწესებულებიდან სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს არ მიუღია, თუმცა რუსეთის ფედერაციის საპენსიო ფონდის 27.12.2018წ. პასუხი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 05.11.2018წ. №04/59258 წერილზე სააგენტოს წარუდგინა მოსარჩელემ. აღნიშნული პასუხის თანახმად, პენსიონერთა ფედერალურ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის და დეპარტამენტის მონაცემთა ბაზის თანახმად, ლ.ი-ე პენსიის მიმღებად არ ირიცხება. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო არ არის წერილის შინაარსი. კასატორი პენსიის დანიშვნის დამაბრკოლებელ გარემოებად მიუთითებს მხოლოდ იმაზე, რომ რუსეთის ფედერაციის საპენსიო ფონდის 27.12.2018წ. წერილის ადრესატი არის არა ლ.ი-ე, არამედ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით წერილი ოფიციალურად არ გამოგზავნილა. ამდენად, სააგენტო სადავოდ ხდის არა წერილის შინაარსს, რომელიც წარმოადგენდა პენსიის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთ საფუძველს, არამედ კასატორი მასში ასახულ ინფორმაციას არ ითვალისწინებს წერილის ადრესატის გამო. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო პენსიასთან და საპენსიო უფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს ძირითადად განიხილავს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის ფარგლებში. კანონმდებლობა, რომელიც ითვალისწინებს ასაკის გამო პენსიის გაცემას, წარმოშობს ქონებრივ ინტერესს, რომელიც ექვემდებარება მითითებული მუხლით დაცვას („კარსონი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“, 2010, §§63-65; „სტამერი ავსტრიის წინააღმდეგ“, §§81-86; „ფაბიანი უნგრეთის წინააღმდეგ“, 2017, §§60-64). საკასაციო საჩივრით წარმოდგენილი არ არის პრეტენზია იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ ლ.ი-ე მეორე ქვეყნიდან პენსიას არ იღებს. სსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, ასევე მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც. შესაბამისი ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალდებოდა. სასკ-ის 17.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრება მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელსაც ევალება დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველყო მის მიერ გამოცემული აქტის კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება და გამოცემა. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ ვერ გააქარწყლა ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი გარემოება მეორე ქვეყნიდან პენსიის მიუღებლობის შესახებ, აღნიშნული გარემოება კი პენსიის დანიშვნის მიზნებისთვის სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობით ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენდა. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი, კასატორს არ წარმოუდგენია ისეთი სახის მტკიცებულება და არ მიუთითებია ისეთი სახის გარემოებაზე, რომელიც ასაკის გამო კანონით გათვალისწინებულ პენსიის დანიშვნის საფუძვლებს გამორიცხავდა. სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივების უარმყოფელ სამართლებრივად დასაბუთებულ არგუმენტაციას. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თუ მათი სამართლებრივი შეფასების უსწორობის სათანადო დასაბუთებას, წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული და დასაშვები პრეტენზიები (შედავება).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.07.2022წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი