Facebook Twitter

ბს-614(კ-21) 20 ივნისი, 2023 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ჟ. ხ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.02.2021წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ჟ. ხ-მა 29.07.2020წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 30.06.2020წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და მუდმივი ბინადრობის ნებართვის მინიჭების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.10.2020წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.02.2021წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.10.2020წ. გადაწყვეტილება. პალატამ აღნიშნა, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილი არის „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კომპეტენტური ორგანოს დასკვნა. დასკვნას საფუძვლად უდევს გასაიდუმლოებული ინფორმაცია, რომელიც კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილსა და სადავო აქტში ვერ აისახებოდა. უცხოელისათვის ბინადრობის მინიჭების საკითხი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უარყოფითი დასკვნის პირობებში, მას შეეძლო მიეღო გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის ბინადრობის ნებართვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ. პალატამ აღნიშნა, რომ მართალია ყველას აქვს ოჯახური ცხოვრების დაცვის უფლება, თუმცა მისი შეზღუდვა დაიშვება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და ეროვნული უშიშროების დაცვის მიზნით. სააპელაციო პალატამ დასაბუთებულად მიიჩნია კერძო ინტერესთან შედარებით ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისათვის უპირატესობის მინიჭება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.02.2021წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ჟ. ხ-ის მიერ. კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფ გადაწყვეტილებაში ერთმნიშვნელოვნად მიეთითა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნა არ ქმნიდა ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის აბსოლუტურ საფუძველს, რის გამო სააგენტოს დაევალა საქმის გარემოებათა ხელახლა გამოკვლევა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააგენტოს ფაქტობრივად არ აღუსრულებია, საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევა არ მომხდარა. როგორც სადავო აქტის გადაცემისას, ასევე სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას უგულებელყოფილ იქნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ, მოსარჩელე დაქორწინებულია საქართველოს მოქალაქეზე, მისი საქართველოში არდარჩენა გამოიწვევს ოჯახის დაშლას. ამასთანავე, მოსარჩელეს საკუთრებაში ერიცხება ქ. თბილისში მდებარე უძრავი ქონება და საქართველოში ეწევა სამეწარმეო საქმიანობას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჟ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შედეგობრივად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონი, რომლის მე-15 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის შესაძლებლობას საქართველოს მოქალაქეზე დაქორწინებულ უცხოელზე. საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად (კანონის 17.10 მუხ.). საქართველოს მთავრობის 01.09.2014წ. N520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მიხედვით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად სააგენტო ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან (13.5 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში, სააგენტოს მიერ ინფორმაცია გამოთხოვილ იქნა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან, რომლის წერილით მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული მოსარჩელისთვის მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემა. კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები ითვალისწინებს ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესაძლებლობას, უკეთუ უცხოელი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს და ამის შესახებ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა. სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წერილის საფუძველზე მოხდა სადავო აქტის გამოცემა. საკასაციო სასამართლოს მიერ 15.02.2023წ. Nბს-614(კ-21) წერილით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა ის ინფორმაცია, რომელიც საფუძვლად დაედო მოსარჩელისათვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევას. გამოთხოვილი ინფორმაციის შინაარსის გაცნობის შედეგად საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლობა დასაბუთებულია, ამდენად, კანონშესაბამისია სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გასაჩივრებული აქტით დამდგარი სამართლებრივი შედეგი. ამასთანავე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნა ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლობის შესახებ ყოველთვის არ ქმნის განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის შედეგად. ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით წარდგენილ განცხადებაზე გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს არა მხოლოდ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნაში ასახული შედეგი, არამედ მისი დასაბუთებაც. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნა არის სააგენტოს გადაწყვეტილების განმსაზღვრელი ერთ-ერთი და არა ერთადერთი ფაქტორი, დაინტერესებული პირისათვის სამართლებრივ შედეგს იწვევს არა კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნა, არამედ საქმის გარემოებების გამოკლვევის, მათ შორის აღნიშნული დასკვნის შეფასების, დაპირისპირებულ ინტერესთა ურთიერთშეჯერების შედეგად სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, შესაბამისად, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნის დაუსაბუთებლობის შემთხვევაში, სააგენტოს აქვს დასკვნის გაზიარებაზე უარის თქმის შესაძლებლობა. კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლობაზე მითითება, იმთავითვე არ გულისხმობს ბინადრობის გაცემის დამაბრკოლებელი ნორმატიული საფუძვლების არსებობის დადასტურებას. მართალია ეროვნული უშიშროებისთვის საფრთხის წარმომშობი ქმედებები შესაძლოა თავისი ბუნებით და მახასიათებლებით არსებითად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, ამასთანავე, მათი წინასწარი იდენტიფიცირება შესაძლოა ვერც განხორციელდეს, მათი ფართო მნიშვნელობის გამო აღმასრულებელ ხელისუფლებას შესაძლოა ჰქონდეს თავისუფლების ფარგლები იმის განსასაზღვრად თუ რა იგულისხმება უშიშროების ინტერესში, თუმცა სასამართლომ უნდა მოახდინოს რეაგირება, თუ კონკრეტულ შემთხვევაში ტერმინის გამოყენებას არ აქვს გონივრული საფუძველი ან არის თვითნებური, კონტროლის სფეროდან აღმასრულებელი ხელისუფლების გადაწყვეტილება არ გამოირიცხება მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ დასაბუთებისას მან ტერმინი „ეროვნული უშიშროება“ მოიშველია (20.06.2002წ. „Al-Nashif v. Bulgaria“ (§121), 24.04.2008წ. „C.G. and others v. Bulgaria“ (§40, 43, 57)). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხთან დაკავშირებული დავის განხილვისას როგორც სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, ასევე სასამართლომ ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში კონკრეტული საქმის თავისებურებების მხედველობაში მიღებით უნდა იმსჯელოს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნის დასაბუთებულობის, მისი გაზიარების შესაძლებლობის საკითხზე. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი, რადგან დავა შედეგობრივად სწორად არის გადაწყვეტილი. კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნის საფუძვლად არსებული საიდუმლო ინფორმაციის გაცნობის შედეგად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ჟ. ხ-ს მართლზომიერად ეთქვა უარი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი კანონშესაბამისია.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში მოსარჩელის მიერ მუდმივი ცხოვრების ნებართვის მისაღებად ნორმატიულად დაგენილი ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენა და ფორმალური წინაპირობების დაკმაყოფილება არ წარმოშობს ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ სააგენტოს ვალდებულებას. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გადაწყვეტილებას იღებს საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის შედეგად მიზანშეწონილობის ფაქტორის გათვალისწინებით, კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების საფუძველზე. საქარველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან მიღებული საიდუმლო მასალების გაცნობის შედეგად, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოსარჩელის საქართველოს მოქალაქეზე დაქორწინებისა და საკუთრებაში უძრავი ნივთის აღრიცხვის მიუხედავად, არსებობდა ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის სათანადო საფუძვლები. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოში უცხოელის შემოსვლა თუ გარკვეული დროით ყოფნა, მათ შორის საქართველოს მოქალაქესთან დაოჯახებისას თუ უძრავი ქონების შეძენისას, არ არის აბსოლუტური უფლება, სათანადო საფუძვლების არსებობისას აღნიშნული უფლება შეიძლება შეიზღუდოს, ამ მიმართულებით სახელმწიფოს შეფასების ფართო ფარგლები აქვს მით უფრო მაშინ, როდესაც დღის წესრიგში სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის საკითხი დგას. ის, რომ სახელმწიფოს, მასზე დაკისრებული საჯარო წესრიგის უზრუნველყოფის ვალდებულებიდან გამომდინარე, აქვს თავის ტერიტორიაზე უცხოელთა შესვლის, დარჩენის და ყოფნის ხანგრძლივობის კონტროლის უფლება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში განიმარტა: კონვენცია არ ახდენს კონკრეტულ ქვეყანაში უცხოელის შესვლისა და ყოფნის უფლების უზრუნველყოფას (იხ. მაგ. 20.06.2002წ. „Al-Nashif v. Bulgaria“ (§114), 06.12.2007წ. „Liu v. Russia“ (§49), 28.06.2011წ. ,,Nunez v. Norway“ (§66), 21.06.1988წ. „Berrehab v. the Netherlands“ (§28), 03.10.2014წ. „Jeunesse v. The Netherlands“ (§100), 13.12.2012წ. „De Souza Ribeiro v. France“ (§77), 24.04.1996წ. „Boughanemi v. France“(§41) და სხვ.). ამდენად, სახელმწიფოებს არ ეკრძალებათ უცხოელთა ქვეყანაში შესვლისა და იქ დარჩენის ხანგრძლივობის რეგულირება, თუმცა ინდივიდთა უფლებებში ჩარევა უნდა იყოს აუცილებელი და მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის პროპორციული (21.06.1988წ. „Berrehab v. The Netherlands“ (§28)), უცხოელის ოჯახური კავშირების არსებობის შემთხვევაში კონვენციის მე-8 მუხლით დაცულ ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებაში ჩარევა უნდა გამართლდეს უკიდურესი სოციალური საჭიროებით და იყოს მისაღწევი მიზნის თანაზომიერი (24.04.1996წ. „Boughanemi v. France“ (§41)). ამასთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში გადაწყვეტილების მიღებისას სახელმწიფოს დისკრეციის ფარგლები განსაკუთრებით ფართოა (26.03.1987წ. „Leander v. Sweden“), სახელმწიფოს აქვს ფართო დისკრეცია იმის დასადგენად თუ რა წარმოადგენს საფრთხეს სახელმწიფო უშიშროებისთვის (06.12.2007წ. „Liu v. Russia“ (§57)). მართალია დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება არ ათავისუფლებს ადმინისტრაციულ ორგანოს გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებისაგან, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ სადავო აქტი ეყრდნობა გასაიდუმლოებულ ინფორმაციას, რაც გამორიცხავს აქტში დეტალური დასაბუთების მითითების შესაძლებლობას. მნიშვნელოვანია აგრეთვე, რომ სადავო აქტი დაექვემდებარა სათანადო სასამართლო კონტროლს, დამდგარი შედეგის მართლზომიერება შეფასდა მათ შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცნობის შედეგად, საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების საფუძველზე. გასათვალისწინებელია, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმით მისი ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების არსობრივ დარღვევას, რადგან ერთი მხრივ მის მეუღლეს არ ეკრძალება კასატორთან ერთად საქართველოდან გასვლა, არ დასტურდება კასატორის წარმოშობის ქვეყანაში ოჯახური ცხოვრების გაგრძელების შეუძლებლობა, ხოლო მეორე მხრივ სახელმწიფო არ არის ვალდებული გასცეს ბინადრობის ნებართვა ყველა იმ პირზე, რომელიც მის მოქალაქეზე დაქორწინდება. ოჯახის ერთიანობის დაცვის საჭიროება იმთავითვე არ წარმოშობს სახელმწიფოს მიერ რომელიმე კონკრეტული სახის ბინადრობის მოწმობის გაცემის ვალდებულებას (06.12.2007წ. „Liu v. Russia“ (§50)), თუმცა ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში შეფასებას საჭიროებს კერძო და საჯარო ინტერესთა პროპორციულობა, რაც კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი საიდუმლო ინფორმაციის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას განსახილველ შემთხვევაში დაცულად მიაჩნია.

ის, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილებით ჟ. ხ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტის გამოცემა, ასევე არ ადასტურებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილება გამოტანილია სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე, რომელიც სასკ-ის 23-ე და 31-ე, 33-ე მუხლებისაგან განსხვავებით ითვალისწინებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის არა მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ აქტის გამოცემის დავალებას, არამედ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად დასაბუთებული აქტის გამოცემის დავალებას, ამასთანავე, სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობა არ გამორიცხავს ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების შედეგად იმავე შინაარსის გადაწყვეტილების მიღებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს ჟ. ხ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1.ჟ. ხ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.02.2021წ. განჩინება;

3.ვ. ც-ეს (პ.ნ. ...) დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 21.04.2021წ. N1618983656 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი