საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-971(2კ-22) 30 მაისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოსარჩელეები) - ი. მ-ი, თ. ყ-ი
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მაისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ი. მ-მა და თ. ყ-მა 2020 წლის 10 ივლისს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოპასუხეთა წრისა და სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოითხოვეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 24 დეკემბრის №2577 განკარგულების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 28 იანვრის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ №... და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2021 წლის 26 თებერვლის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის ახალი განკარგულების გამოცემის დავალება ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №...-ში მდებარე 11307 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ №1-№10 შენობა-ნაგებობებზე (პირობითი ს/კ ...) ი. მ-ისა და თ. ყ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, ხოლო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის - ამავე უძრავ ქონებაზე მოსარჩელეთა საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით ი. მ-ისა და თ. ყ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი. მ-მა და თ. ყ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მაისის განჩინებით ი. მ-ისა და თ. ყ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ი. მ-მა და თ. ყ-მა.
კასატორის - თ. ყ-ის განმარტებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე არასწორად იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, არ იქნა გათვალისწინებული როგორც საქმეში არსებული მტკიცებულებები, ასევე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, რამაც, საბოლოოდ, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება გამოიწვია.
კასატორის - თ. ყ-ის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ მიუთითა საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, რომ სადავო ქონებაზე სახელმწიფო საკუთრების უფლების არსებობა/არარსებობის ფაქტის დადგენა არა მხოლოდ კომისიის კომპეტენცია, არამედ ვალდებულებაცაა. საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გააჩნია საკმარისი ადმინისტრაციული რესურსი, გამოითხოვოს მტკიცებულებები, გამოჰკითხოს ინფორმირებული პირები და ჩააბას წარმოებაში დაინტერესებული სუბიექტები.
თ. ყ-ის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს უნდა დაედგინა, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობები არ არის პრივატიზებული ან რაიმე ფორმით განკარგული სახელმწიფოს მიერ. კასატორის განმარტებით, აღნიშნულ ქონებას იგი 1980-იანი წლებიდან ფლობს და ხსენებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობები არის არა სახელმწიფოს, არამედ მისი აგებული. ამასთან, უძრავი ნივთი, ქ. თბილისში მოქმედი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შესაბამისად, მდებარეობს სამრეწველო ზონა 1-ში, რაც გამორიცხავს მის საზოგადოებრივი სარგებლობის დანიშნულებას. იგი ასევე თავისუფალია ყოველგვარი საკომუნიკაციო ნაგებობისგან და შესაბამისად, არ არსებობს მასზე საკუთრების უფლების აღიარების დამაბრკოლებელი რაიმე გარემოება.
კასატორის - ი. მ-ის განმარტებით, მართალია, ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში დაცული მონაცემების მიხედვით, სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ აღრიცხულია ... საწარმო, რაც მიუთითებს, რომ სადავო უძრავი ქონება არ წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას. თუმცა აღნიშნული ორგანიზაცია იმთავითვე წარმოადგენდა სახელმწიფო უწყებას - სამმართველოს, და დღეის მდგომარეობით, მის შესახებ ინფორმაცია მეწარმეთა რეესტრში არ იძებნება. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ემსჯელა არა ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში დაცული მონაცემების სისწორეზე, არამედ სრულყოფილად გამოეკვლია და დაედგინა, დღეის მდგომარეობით არსებობდა თუ არა ... საწარმო, ხოლო მისი არარსებობის პირობებში, დაედგინა მისი სამართალმემკვიდრე. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ შეფასებული არ არის მოსარჩელეების მიერ წარდგენილი, სადავო უძრავი ქონების ფლობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც წარმოადგენს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ერთ-ერთ წინაპირობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული ი. მ-ისა და თ. ყ-ის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. მ-ისა და თ. ყ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ი. მ-ისა და თ. ყ-ისათვის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმისა და ამავე უძრავი ქონების რეგისტრაციაზე უარის თქმის კანონიერება იმ საფუძვლით, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში დაცული მონაცემებით, აღნიშნული მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ აღრიცხულია საბინაო და სოცკულტურული მშენებლობის რესპუბლიკური სამმართველო.
საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ძირითად პირობებს განსაზღვრავს. დასახელებული კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. ამავე კანონის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარება არის ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნისათვის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურის შესაბამისად, საკუთრებაში სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით გადაცემა.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ი. მ-მა და თ. ყ-მა 2016 წლის 18 ოქტომბერს განცხადებით მიმართეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, ქ. თბილისში, ...ის ქუჩის №...-ში, 11528 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვეს. სარეგისტრაციო დოკუმენტაციის სახით წარდგენილ იქნა დაინტერესებული პირთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, სუბსიდირების პროექტი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, თანხმობა დოკუმენტაციის აღიარების კომისიაში გადაგზავნის შესახებ, თანხმობა მედიატორი კომისიის დანიშვნის შესახებ, ელ. ვერსია, ორთოფოტო, ინფორმაცია უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ. აღნიშნული განცხადება 2017 წლის 24 თებერვალს გადაიგზავნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში, სადაც დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 24 დეკემბრის №2577 სადავო განკარგულებით ი. მ-სა და თ. ყ-ს უარი ეთქვათ ქ. თბილისში, ...ის ქუჩის №...-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (საერთო ფართობი - 11088.00 კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარებაზე. ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 28 იანვრის №... გადაწყვეტილებით, მიღებული იქნა რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება, ვინაიდან სარეგისტრაციო უძრავ ნივთზე არ დადგინდა საკუთრების უფლება/მართლზომიერი მფლობელობა და თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ დაინტერესებული პირის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 26 თებერვლის №... გადაწყვეტილებით ი. მ-ისა და თ. ყ-ის ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც მოთხოვნილი იყო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 28 იანვრის №... რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განმარტებულია თვითნებურად დაკავებული მიწის დეფინიცია, კერძოდ, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი ასევე განსაზღვრავს დაინტერესებული პირის დეფინიციას, კერძოდ, კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება. ამავე კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწა არის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, აგრეთვე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 2004 წლის 4 ოქტომბრამდე თვითნებურად დაკავებული მიწა. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი არის სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი.
ამდენად, ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად ფლობს, სარგებლობს ან თვითნებურად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი. დაინტერესებულმა პირმა საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელ მუდმივმოქმედ კომისიაში უნდა წარადგინოს ის უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებენ მის მიერ მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტს და ამავდროულად გამორიცხავენ აღნიშნული მიწის ნაკვეთის სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის მართლზომიერ ან თვითნებურად დაკავების ფაქტს.
ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილება ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების გზით მოახდინოს კანონითა და დადგენილებით მინიჭებული უფლების რეალიზაცია. ამ მიზნით კომისია უფლებამოსილია სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მოიპოვოს დამატებითი დოკუმენტები, დაათვალიეროს საკუთრებაში გადასაცემი ნაკვეთი, მოისმინოს განმცხადებლის, სხვა დაინტერესებული პირის განმარტებები და აღნიშნული მასალების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიღოს შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წლის 15 დეკემბერს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს მიმართა №... წერილით, რომლითაც მოითხოვა ინფორმაცია იმის თაობაზე, განკარგულია თუ არა სახელმწიფოს მიერ ის უძრავი ქონება (შენობა/ნაგებობა ან მიწის ნაკვეთი), რომელზეც მოთხოვნილია საკუთრების უფლების რეგისტრაცია დაინტერესებული პირის მიერ და მიეწოდებინათ მათთან დაცული დოკუმენტაციის ასლები აღნიშნულ ქონებასთან დაკავშირებით. ამასთანავე, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მოსთხოვა 2017 წლის 24 თებერვლის №... წერილის განხილვის შეჩერება სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან და თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოდან 2019 წლის 15 დეკემბრის №... წერილებზე პასუხის მიღებამდე.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 12 თებერვლის №6/9496 წერილით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განემარტა, რომ არქივში დაცული დოკუმენტაციის საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობით დგინდება, რომ ქალაქ თბილისში, ...ის რაიონში, ...ის ქ. №...-ში მდებარე ...ის (ნომერი გაურკვეველია) სარემონტო სამშენებლო სამმართველოს 924 კვ.მ შენობა-ნაგებობა და მიწის ფართი 6556 კვ.მ პრივატიზებულია, ქალაქ თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს 2000 წლის 9 აგვისტოს №1-4/562 ბრძანების 1.10 ოქმი №401 გლდანის რაიონში, ...ის ქ. №...-ში მდებარე ...ს, ასევე, მიღება-ჩაბარების ხელშეკრულების საფუძველზე. ამასთან ეცნობათ, რომ ამავე კორესპონდენციით დანართით მიწოდებული საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებული ქონება ფარავს სახელმწიფო უფლებით რეგისტრირებულ უძრავ ნივთს, კერძოდ, ქალაქი თბილისი, ქუჩა ...ის №...-ის მიმდებარე 5618.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა ნაგებობას №1, №2, №3, №4 (ს/კ ...). ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2020 წლის 15 აპრილის №61-012010620 წერილით კი, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ სააგენტო არ ფლობდა ინფორმაციას საჯარო რეესტრის მიერ მომზადებულ ზედდების ამსახველ სიტუაციურ ნახაზზე მონიშნულ ტერიტორიაზე უძრავი ქონების შესაძლო განკარგვასთან დაკავშირებით.
დადგენილია, რომ 2020 წლის 18 აგვისტოს №7/45049 წერილით სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გაუგზავნა ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №...-ში მდებარე უძრავი ქონების ცნობა-დახასიათება და საინვენტარიზაციო გეგმა, რომლის თანახმად, აღნიშნული ქონება აღრიცხულია საბინაო და სოცკულტურული მშენებლობის რესპუბლიკური სამმართველო ს.ს.ს.-ზე. ადმინისტრაციულ ორგანოებს განემარტათ, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთის საპრივატიზებო დოკუმენტაცია სააგენტოში არ იძებნებოდა. ასევე, დამატებით ეცნობათ, რომ 2017 წელს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (განაცხადი №...) უძრავი ქონების რეგისტრაციის მიზნით, რაზედაც მიმდინარეობდა სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის პროცესი. ამგვარად, ზემოხსენებული გარემოებებიდან გამომდინარე, მოსარჩელეთა მოთხოვნა სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო პალატა, ყურადღებას ამახვილებს ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებზე, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის ქუჩის №...-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 11004 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობებზე რეგისტრირებულია საბინაო და სოცკულტურული მშენებლობის რესპუბლიკური სამმართველოს ს.ს.ს-ს საკუთრების უფლება. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ამგვარი მოცემულობის არსებობის პირობებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია მოკლებული იყო შესაძლებლობას მიეღო განსხვავებული გადაწყვეტილება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონის მოთხოვნათა დაცვით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ფაქტების დადასტურების შემდეგ მიღების თაობაზე. ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, არ იყო უფლებამოსილი ემსჯელა საარქივო ჩანაწერის სისწორეზე. შესაბამისად, არ არსებობს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 24 დეკემბრის №2577 სადავო განკარგულების ბათილად ცნობის საფუძველი.
რაც შეეხება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 28 იანვრის №... და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2021 წლის 26 თებერვლის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში (21-ე, 22-ე და 23-ე მუხლები) კონკრეტულად არის გაწერილი ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სარეგისტრაციო ორგანო უფლებამოსილია უარი უთხრას პირს რეგისტრაციაზე, შეაჩეროს ან/და შეწყვიტოს სარეგისტრაციო წარმოება. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-18 მუხლის თანახმად კი, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები. ამასთან, ამავე ინსტრუქციის მე-16 მუხლი ითვალისწინებს უძრავი ნივთის დაყოფისა და გაერთიანების შესაძლებლობას.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
განსახილველ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეების მიერ არ იქნა წარდგენილი სარეგისტრაციო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ან/და მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, როდესაც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება განცხადების საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში გადაგზავნის შესახებ არ გასაჩივრებულა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 24 დეკემბრის №2577 განკარგულებით ი. მ-სა და თ. ყ-ს უარი ეთქვათ საკუთრების უფლების აღიარებაზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებები რეგისტრაციაზე უარის თქმისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძვლები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო საჩივრების დაუშვებლად მიჩნევის პირობებში, ნ. გ-ს უნდა დაუბრუნდეს თ. ყ-ის საკასაციო საჩივართან დაკავშირებით, №0 საგადასახადო დავალების საფუძველზე, 09.08.2022წ. გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი; ასევე, გ. ბ-ს უნდა დაუბრუნდეს ი. მ-ის საკასაციო საჩივართან დაკავშირებით, №0 საგადასახადო დავალების საფუძველზე, 15.08.2022წ. გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ი. მ-ისა და თ. ყ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მაისის განჩინება.
3. ნ. გ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს თ. ყ-ის საკასაციო საჩივარზე 09.08.2022წ. №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
4. გ. ბ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ი. მ-ის საკასაციო საჩივარზე 15.08.2022წ. №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე