Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1244(კ-22) 2 მაისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

მოწინააღმდეგე მხარეები - ნ.თ-ე, დ.ჭ-ა

მოპასუხე - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მაისის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2020 წლის 27 ივლისს ნ.თ-ემ და დ.ჭ-ამ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიმართ.

მოსარჩელეებმა მოითხოვეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 22 ივნისის №2-519 ბრძანების, სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის 2020 წლის 8 იანვრის №DES 7 20 00000005, 2020 წლის 10 თებერვლის №DES 8 20 00000042, 2020 წლის 10 თებერვლის №DES 7 20 00000320 და 2020 წლის 10 თებერვლის №DES 1 20 00000324 ბრძანებების ბათილად ცნობა, გათავისუფლებამდე დაკავებულ ან ტოლფას თანამდებობაზე დაუყოვნებლივ აღდგენა და მოპასუხისათვის მოსარჩელეების სახელფასო განაცდურის სრული ოდენობით ანაზღაურება - 2016 წლის 20 მაისიდან - გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ.თ-ისა და დ.ჭ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის 2020 წლის 8 იანვრის №DES 7 20 00000005, 2020 წლის 10 თებერვლის № DES 8 20 00000042, 2020 წლის 10 თებერვლის №DES 7 20 00000320 და 2020 წლის 10 თებერვლის №DES 1 20 00000324 ბრძანებები; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 22 ივნისის №2-519 ბრძანება. მოპასუხეს დაევალა მოსარჩელეების - ნ.თ-ის და დ.ჭ-ას გათავისუფლებამდე დაკავებულ ან ტოლფას თანამდებობაზე დაუყოვნებლივ აღდგენა; მოპასუხეს დაევალა მოსარჩელეებისთვის სახელფასო განაცდურის სრული ოდენობით ანაზღაურება 2016 წლის 20 მაისიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე პერიოდში. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მაისის განჩინებით სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება. მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ სრულიად დაუსაბუთებლად არ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს ახსნა-განმარტება იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო მმართველობის სხვადასხვა სფეროში მოქმედ, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ადმინისტრაციულ ორგანოებს, კანონმდებლობით მათთვის განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციების ეფექტურად და შედეგიანად შესრულების მიზნით ესაჭიროებათ და ვალდებული არიან ითანამშრომლონ სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაეხმარონ და ხელი შეუწყონ მათ კანონით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელებაში.

„საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 73.2 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების შესაბამისად, „საჯარო მოსამსახურემ თავისი საქმიანობა უნდა განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, ქცევის ზოგადი წესების შესაბამისად. საჯარო მოსამსახურემ თავიდან უნდა აიცილოს ნებისმიერი მოქმედება, რომელიც ზიანს მიაყენებს პირადად მის, მისი დაწესებულების ან საჯარო სამსახურის რეპუტაციას". კასატორის განმარტებით, ადმინისტრაციულ ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების პროცესში კანონი და თანაზომიერების პრინციპი არ დაურღვევია. დარღვევის სიმძიმე და შეფარდებული პასუხისმგებლობის ზომა იყო ადეკვატური და პროპორციული. ნ.თ-ემ და დ.ჭ-ამ არ გააცნობიერეს და შეგნებულად დაუშვეს საგადასახადო სფეროში მომხდარი გადაცდომის დაფარვა, რაც გამოიხატა შესაბამისი ორგანოებისათვის, მათ ხელთ არსებული ინფორმაციის შეუტყობინებლობაში, რითაც ზიანი მიადგა როგორც მათ პირად, ასევე საჯარო სამსახურის რეპუტაციას.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v. France [GC], par. 81).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოცემული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 22 ივნისის №2-519 ბრძანების, სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის 2020 წლის 8 იანვრის №DES 7 20 00000005, 2020 წლის 10 თებერვლის №DES 8 20 00000042, 2020 წლის 10 თებერვლის №DES 7 20 00000320 და 2020 წლის 10 თებერვლის №DES 1 20 00000324 ბრძანებების კანონიერების შემოწმება.

საკასაციო პალატა, საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის საფუძველზე მიუთითებს, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულების სავალდებულოობა წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს უფლების უმნიშვნელოვანეს კომპონენტს, რამეთუ „სასამართლოსადმი მიმართვა არ იქნება სრულყოფილი უფლებადაცვითი საშუალება, თუ პირს არ ექნება სათანადო საკანონმდებლო გარანტიები, რომ მის სასარგებლოდ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება დროულად და ჯეროვნად აღსრულდება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/2/596 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნ. ყ-ე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). სასამართლოს გადაწყვეტილების ჯეროვნად აღსრულება კი გულისხმობს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის სრულად შესრულებას.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, სადავო ბრძანებები გამოცემულია სწორედ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, რომლითაც საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს ...ის განყოფილების უფროსი სპეციალისტები - ნ.თ-ე და დ.ჭ-ა გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან - 2016 წლის 20 მაისიდან.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ.თ-ეს და დ.ჭ-ას დაკავებული ჰქონდათ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს ...ის განყოფილების უფროსი სპეციალისტის თანამდებობები.

2016 წლის 28 აპრილს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს ...ის განყოფილების უფროსმა, მ.მ-ემ NDES 416 00033155 მოხსენებითი ბარათით მიმართა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს უფროსს და მოახსენა, რომ 2016 წლის 22 აპრილს, დილის 09:54 საათზე მას ტელეფონზე დაუკავშირდა მოქალაქე ჯ.მ-ე, რომელმაც მიაწოდა ინფორმაცია, რომ შეჩერებული ჰყავდათ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს, რადგან მიჰქონდა ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი). მის მიმართ არ გატარდა კანონით გათვალისწინებული მოქმედებები. აღნიშნული პიროვნება მ.მ-ემ გააჩერა და ავტომანქანა გადაიყვანა შემოსავლების სამსახურში. მოხსენებითი ბარათის ავტორი გამოთქვამდა ეჭვს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან სავარაუდო გადაცდომის შესახებ და ითხოვდა შემდგომ რეაგირებას.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 20 მაისის № DES 1 16 00000716 ბრძანებით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს ...ის განყოფილების უფროსი სპეციალისტი - ნ.თ-ე განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2016 წლის 20 მაისიდან.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 20 მაისის № DES 2 16 00000717 ბრძანებით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს ...ის განყოფილების უფროსი სპეციალისტი - დ.ჭ-ა განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2016 წლის 20 მაისიდან.

დადგენილია, რომ ნ.თ-ე და დ.ჭ-ა სამსახურიდან განთავისუფლდნენ სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობისა და დაწესებულების დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელისათვის.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 მაისის (საქმე №3/4555-16) გადაწყვეტილებით 1. ნ.თ-ის და დ.ჭ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; 2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 20 მაისის №DES 1 16 00000716 ბრძანება ნ.თ-ის განთავისუფლების შესახებ და მოპასუხე - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს დაევალა, მოსარჩელის საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, კანონით დადგენილ ვადაში და წესით; 3. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 20 მაისის № DES 2 16 0000071 ბრძანება დ.ჭ-ას განთავისუფლების შესახებ და მოპასუხეს - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს დაევალა, მოსარჩელის საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, კანონით დადგენილ ვადაში და წესით. აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული აქტის კანონიერების გადამოწმებისას არსებითი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს მითითებული გადაწყვეტილების ფარგლებში სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტებს, გაკეთებულ განმარტებებსა და ადმინისტრაციული ორგანოსთვის მიცემულ მითითებებს.

სამართალწარმოებისას სასამართლომ მიიჩნია, რომ დავის გადაწყვეტისას შესაფასებელი იყო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოსარჩელეების უფლება-მოვალეობებში შედიოდა თუ არა და ეკისრებოდათ თუ არა ის ვალდებულება, რომლის დარღვევაც გახდა ყველაზე უფრო მკაცრი დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების საფუძველი. ამასთან, ასეთი ვალდებულების არსებობის შემთხვევაშიც კი, დაუსაბუთებელი იქნებოდა სადავო ბრძანებები, რადგან მათში არ იყო ასახული, თუ რატომ იქნა გამოყენებული ყველაზე უფრო მკაცრი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა და უფრო მსუბუქი ზომის გამოყენება რატომ არ იქნებოდა გამართლებული, მით უფრო მაშინ, როდესაც დარღვევას ჰქონდა ერთჯერადი ხასიათი და მანამდე მოსარჩელეთა მიმართ არ გამოვლენილა რაიმე სახის დისციპლინური გადაცდომა.

სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის 2020 წლის 10 თებერვლის №DES 7 20 00000320 და №DES 1 20 00000324 ბრძანებებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე, 53-ე მუხლებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 მაისის №3/4555-16 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე“, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის 2020 წლის 10 თებერვლის №DES 8 20 00000042 ბრძანებით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს ...ის განყოფილების უფროსი სპეციალისტები - ნ.თ-ე და დ.ჭ-ა გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან 2016 წლის 20 მაისიდან.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კონკრეტულ შემთხვევაში დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია იმ საკითხის გამოკვლევა ნ.თ-ესა და დ.ჭ-ას ეკისრებოდათ თუ არა ის ვალდებულება, რომლის დარღვევაც გახდა მათი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი და ამასთან, მათ მიმართ გამოყენებულ ყველაზე მკაცრი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის - სამსახურიდან გათავისუფლების შესაბამისობა პროპორციულობისა და თანაზომიერების პრინციპთან.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №204 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში სამმართველო ვალდებულია: ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, აღკვეთოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და გაატაროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები; თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში მოქმედი საქართველოს კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესრულების კონტროლი.

კონკრეტულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ მესაკუთრეს გააჩნდა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი და იგი მოპოვებული იყო კანონიერი გზით, მაგრამ არ ჰქონდა სასაქონლო ზედნადები, რაც უპირობოდ წარმოადგენდა საგადასახადო სამართალდარღვევას სასაქონლო ზედნადების გარეშე საქონლის სამეწარმეო მიზნით ტრანსპორტირების გამო და არა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რისი გამოვლენის და აღკვეთის უფლებამოსილებაც ჰქონდათ მოსარჩელეებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას, რომ თავდაპირველი გათავისუფლების შესახებ ბრძანებების გამოცემისას, ასევე სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ჩატარებული ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების შედეგად გამოცემული გათავისუფლების ბრძანებების მიღებისას ყურადღების მიღმა იქნა დატოვებული საკითხი იმის შესახებ, რომ მოსარჩელეთა მიერ ინსპექტირება-კონტროლის განხორციელებისას შემოსავლების სამსახურის კომპეტენციისადმი დადგენილ საკითხთა მიმართ არ ყოფილა შემუშავებული რაიმე კანონქვემდებარე აქტი, რომელიც დაარეგულირებდა ინსპექტირებისა და კონტროლის წესებს და აღნიშნული წესი, ისევე როგორც მანამდე არსებული პრაქტიკა, ხორციელდებოდა სამსახურის ხელმძღვანელის ზეპირსიტყვიერი მითითებების საფუძველზე, აღნიშნულთან დაკავშირებით არ ყოფილა შემუშავებული და მიღებული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ან ინსტრუქცია, რომელიც დეტალურად დაარეგულირებდა ზემოთ მითითებულ საკითხს.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ასევე მართებულია სასამართლოების მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ დაუსაბუთებელია რატომ იყო აუცილებელი მოსარჩელეების მიმართ ყველაზე უფრო მკაცრი ღონისძიების გამოყენება და რატომ არ შეიძლებოდა უფრო ნაკლებად მკაცრი დისციპლინური ღონისძიების გამოყენებით მიზნის მიღწევა, რადგან მათ მიმართ ადრე არ ყოფილა გამოყენებული რაიმე სახის სახდელი და ისინი არ ყოფილან შემჩნეული, ზოგადად, მსგავსი ქმედების ჩადენაში და თავის ფუნქცია-მოვალეობებს ასრულებდნენ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დისციპლინური ზომის გამოყენება, როგორც ადმინისტრაციის ცალმხრივი ნების გამოვლენა, უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაკისრებული დისციპლინური სახდელი შესაბამისობაში უნდა იყოს ზოგადად მოხელის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან და ითვალისწინებდეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას არსებულ გარემოებებს. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება უნდა მოხდეს დამდგარი შედეგის სიმძიმის, ვალდებულების დარღვევის მიზეზის, დამდგარი შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, რაც უნდა შეფასდეს როგორც ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების, ისე სასამართლოს მხრიდან სახდელის დადების კანონიერების შეფასების პროცესში. თუმცა, განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო დგას არა გამოყენებული ღონისძიების პროპორციულობის შემოწმების საჭიროების, არამედ თავად გადაცდომის, როგორც ფაქტის დადასტურების აუცილებლობის წინაშე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზოგადად, საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობამ ან არაჯეროვანმა შესრულებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, რომელიც არის საჯარო მოსამსახურისათვის პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცესში გამოვლენილი დარღვევებისათვის დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმა, რომლის მიზანია საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით დადგენილი ფუნქციების ჯეროვნად შესრულების უზრუნველყოფა და საქმიანობის პროცესის გაუმჯობესება, რაც სამომავლოდ სამსახურებრივი მოვალეობების დარღვევის შემთხვევების თავიდან აცილებას უზრუნველყოფს. დისციპლინური ზომის გამოყენება მიზნად უნდა ისახავდეს დარღვევის პრევენციას. ადმინისტრაციის მხრიდან ნებისმიერ დარღვევაზე რეაგირება უნდა განხორციელდეს პროპორციულობის მოთხოვნის დაცვით, საჯარო მოსამსახურისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი შესაბამისობაში უნდა იყოს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან და ითვალისწინებდეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას არსებულ გარემოებებს. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება ხდება დამდგარი შედეგის სიმძიმის, ვალდებულების დარღვევის მიზეზის, დამდგარი შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ამდენად, სამსახურიდან გათავისუფლება, როგორც უკიდურესი ღონისძიება, უნდა იყოს დარღვევის სიმძიმის პროპორციული.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ნორმაში ალტერნატიული სანქციის არსებობა მიუთითებს უფრო მკაცრი სახის სახდელის გამოყენების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ ნაკლებად მკაცრი სახის სანქცია ვერ უზრუნველყოფს სახდელის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას. განსახილველ შემთხვევაში დაუსაბუთებელია მოსარჩელეების მიმართ უფრო მსუბუქი სახდელის გამოყენება რატომ ვერ უზრუნველყოფდა ნ.თ-ის და დ.ჭ-ას მიერ ჩადენილი გადაცდომისთვის სახდელის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას. მით უფრო იმ პირობებში, როცა ნ.თ-ისა და დ.ჭ-ას მიერ ადგილი არ ჰქონია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებით მათზე დაკისრებული ვალდებულების უგულებელყოფას. სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელიც კონტროლის მიზნით იქნა გაჩერებული, გააჩნდა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი. ავტომანქანის მეორედ გაჩერების შედეგად, ასევე დადასტურდა, რომ საქონელი მოპოვებული იყო კანონიერი გზით, შესაბამისად, არ არსებობდა გარემოსდაცვითი კუთხით კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართალდარღვევა. ნ.თ-ე და დ.ჭ-ა დანიშნულნი იყვნენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს ...ის განყოფილების უფროსი სპეციალისტის თანამდებობებზე. მათზე დაკისრებულ მოვალეობას წარმოადგენდა პატრულირების განხორციელება, რაც მიზნად ისახავდა სამართალდარღვევათა გამოვლენას და მათ პრევენციას, აღნიშნული ღონისძიებები მიმართული იყო გარემოსდაცვითი ღონისძიებების ეფექტურად განხორციელებისაკენ.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მართებულია სასამართლოების დასკვნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში გამოცემული გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით ნ.თ-ე და დ.ჭ-ა კვლავ იქნენ თანამდებობიდან გათავისუფლებული იმავე ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებიც უკვე შეფასებული და გამოკვლეული იყო სასამართლოს მიერ თავდაპირველი სამართალწარმოებისას და სამსახურიდან გათავისუფლება არ იქნა კანონიერად მიჩნეული. დამატებით ახალი გარემოებები ადმინისტრაციული წარმოების დროს არ გამოვლენილა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები უკანონოა და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და უნდა დაკმაყოფილდეს მოთხოვნა, გათავისუფლებამდე დაკავებულ ან ტოლფას თანამდებობაზე დაუყოვნებლივ აღდგენისა და მოპასუხისათვის მოსარჩელეების სახელფასო განაცდურის სრული ოდენობით ანაზღაურების თაობაზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით,

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე