Facebook Twitter
№ბს-360(2კ-22) 5 მაისი, 2023 წელი
ქ. თბილისი


ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე - გენადი მაკარიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები - ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურისა და შპს „ვ...ს“ საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2020 წლის 17 იანვარს ნ.ბ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურისა და მესამე პირების - შპს „ვ...სა“ და მ.ჩ-ის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს განიხილოს ნ.ბ-ის 2019 წლის 12 დეკემბერის №31647/25 ადმინისტრაციული საჩივარი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქ განვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2019 წლის 16 ნოემბრის №25/27433 წერილობითი თანხმობის ბათილად ცნობის თაობაზე (შპს „ვ...ს სასარგებლოდ პროექტის შეთანხმებაზე); ბ) ბათილად იქნეს ცნობილი შპს „ვ...ს“ სასარგებლოდ პროექტის შეთანხმებაზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქ განვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2019 წლის 16 ნოემბრის №25/27433 წერილობითი თანხმობა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 აპრილის განჩინებით ნ.ბ-ის შუამდგომლობა სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ გამოხმობის თაობაზე დაკმაყოფილდა. ნ.ბ-ის სარჩელი იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელე მოითხოვდა - დაევალოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას განიხილოს ნ.ბ-ის 2019 წლის 12 დეკემბერის №31647/25 ადმინისტრაციული საჩივარი, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2019 წლის 16 ნოემბრის №25/27433 წერილობითი თანხმობის ბათილად ცნობის თაობაზე (შპს „ვ...ს სასარგებლოდ პროექტის შეთანხმებაზე), დატოვებულ იქნა განუხილველად.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ბმა „ლ.ა-ი“.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით ნ.ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2019 წლის 16 ნოემბრის №25/27433 წერილი.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურმა და შპს „ვ...მ“, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა არსებითად დაეთანხმა და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შემაჯამებელი დასკვნა საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მითითებული სამართლებრივი საფუძვლების განმეორების ნაცვლად, ყურადღება გაამახვილა მხოლოდ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრების მოტივებზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის განჩინებით შპს „ვ...ს“ (ს/ნ ...), ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურმა და შპს „ვ...მ“, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

4.1. კასატორების - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის №25/27433 წერილი მომზადებული და გამოცემულია ფორმალური და მატერიალური კანონიერების კრიტერიუმების გათვალისწინებით. გასაჩივრებული აქტი გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ შეიცავს კანონსაწინააღმდეგო დებულებებს. სასამართლოს მითითება, რომ სადავო №25/27433 ბრძანება არ შეიცავდა დასაბუთებას უსაფუძვლოა, რადგან ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის წერილი იყო სათანადოდ დასაბუთებული და კანონმდებლობის შესაბამისად გამოცემული. იმ დროისათვის მოქმედი საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 წლის მარტის „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ №57 დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შპს „ვ...ს“ მიერ მოთხოვნილი მშენებლობა განეკუთვნებოდა I კლასის ობიექტს. აღნიშნული კლასის მშენებლობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახური უფლებამოსილი იყო შპს „ვ...სთვის“ მიეცა უფლება ქ. ბათუმში, ...ის ქ. №38-ში არსებულ შენობაზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №...) მობილური კავშირგაბმულობის საბაზო სადგურისა და ანტენების განთავსების მიზნით წარდგენილი ესკიზური პროექტის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობასა და მშენებლობის განხორციელებაზე.

კასატორების განმარტებით, გასაჩივრებული აქტი ზიანს უნდა აყენებდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავდეს მის უფლებას, რაც მოსარჩელის მიერ არ იყო დასაბუთებული, სასამართლოს მხრიდან კი, საფუძვლიანად შესწავლილი და დადგენილი. საყურადღებოა, რომ სასამართლოს მიერ არასწორად შეფასდა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-10 პრიმა მუხლი, რომლითაც განსაზღვრულია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ქონების განვითარების პირობები, კერძოდ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობის გარეშე შესაძლებელია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ქონების ისეთი განვითარება, რომელიც გავლენას ახდენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაზე, მაგრამ არ ითვალისწინებს ინდივიდუალური საკუთრებაში არსებული ფართის გაზრდას ან/და ახალი ინდივიდუალური საკუთრების წარმოშობას. შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახური მოკლებული იყო შესაძლებლობას, უარი ეთქვა შპს „ვ...ს“ განცხადების დაკმაყოფილებაზე.

4.2. კასატორის - შპს „ვ...ს“ განმარტებით, სასამართლომ არასწორად განმარტა და შესაბამისი მნიშვნელობა არ მიანიჭა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ საბაზო სადგურის ორივე ელემენტი - აპარატურა და ანტენები განთავსებულია მ.ჩ-ის (მეიჯარის) საკუთრებაში. სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტი, რომ ანტენა სახურავზეა დამონტაჟებული. ანტენები განთავსებულია მ.ჩ-ის საკუთრებაში და სახურავზე გამოდის გამჭოლი პრინციპით, შესაბამისად, იგი არ არის დამონტაჟებული ამხანაგობის საკუთრებაში. აღნიშნული სრულიად ცვლის საქმის არსს და ფაქტობრივად, შეუძლებელს ხდის მოსარჩელის ან/და ამხანაგობის სამართლებრივი ინტერესის შელახვას. შესაბამისად, სასამართლომ არასწორად მიიჩნია ის ფაქტი, რომ თითქოსდა შპს „ვ...ს“ მიერ ხდებოდა საერთო სარგებლობის ფართის გამოყენება. ასევე, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტი, რომ თითქოსდა სადავო სარგებლობის წინააღმდეგი იყო ამხანაგობის ყველა წევრი, ან/და ქალაქ ბათუმის მერიის შესაბამისმა სამსახურმა იცოდა აღნიშნულის (ამხანაგობის წევრთა მხრიდან წინააღმდეგობის) შესახებ. ის გარემოება, რომ ამ სარგებლობის წინააღმდეგი არ არის ამხანაგობის ყველა წევრი, მარტივად მტკიცდება იმით, რომ არ არსებობს ამხანაგობის მხრიდან პრეტენზია. სასამართლომ თვითონ დაადგინა, რომ ამხანაგობის თავმჯდომარის - თ.კ-ის თქმით, არ იცოდა ამ სარგებლობის შესახებ და არც ამხანაგობის კრება ჩატარებულა ამ საკითხზე. შესაბამისად, ამხანაგობის მხოლოდ ერთ, კონკრეტულ წევრს, რომელსაც არასწორად მიაჩნია, რომ მისი სამართლებრივი ინტერესები ილახება, აქვს და ჰქონდა პრეტენზია, რაც გამოიხატა სასამართლოში სარჩელის აღძვრით. აღნიშნულიდან გამომდინარე, გაუგებარია, თუ როგორ მივიდა სასამართლო იმ დასკვნამდე, რომ ამხანაგობის ყველა წევრი წინააღმდეგია ამ სარგებლობის, როცა თვით ამხანაგობის თავმჯდომარემ გააქარწყლა ეს დასკვნა. სასამართლომ არასწორად გამოიყენა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 6.5 მუხლის მოცემულობა, რაც გულისხმობს იმას, რომ სახურავის სარგებლობაში გადაცემა ხდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, და რაკი ასეთი არ არსებობს, შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ სარგებლობას არ აქვს სამართლებრივი საფუძველი.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად გაიზიარა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-101 მუხლის განმარტება. რეალურად სახეზეა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის, მ.ჩ-ის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ქონების განვითარება, რომელიც გავლენას ახდენს ამხანაგობის საერთო ქონებაზე, თუმცა არ ითვალისწინებს ინდივიდუალური საკუთრების ზრდას ან/და ახალი საკუთრების წარმოშობას. ის ფაქტი, რომ ანტენა ფიზიკურად იმყოფება საცხოვრებელი სახლის სახურავის ზემოთ, არ ნიშნავს, რომ ეს ანტენა სახურავზეა დამონტაჟებული ან იწვევს მ.ჩ-ის ინდივიდუალური საკუთრების ფართის გაზრდას ან კიდევ, წარმოშობს ახალი საკუთრების საგანს. თუ გავაკეთებთ დაშვებას, რომ არსებული ვითარებით არის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-101 მუხლის მეორე ნაწილის მოცემულობა, გამოვა, რომ ამავე მუხლის პირველი ნაწილი სრულად კარგავს აზრს, რადგან არ არსებობს ისეთი შემთხვევა, რომელიც დაემთხვეოდა მის მოცემულობას. მოცემულ შემთხვევაში, მ.ჩ-მა საბაზო სადგურის განთავსების მიზნით იჯარით გადასცა შპს „ვ...ს“ მის საკუთრებაში არსებული სხვენი, სადაც კომპანიამ დაამონტაჟა, როგორც აპარატურა, ასევე ანტენა. უბრალოდ, ანტენის დანიშნულებისამებრ, ფუნქციონირების მიზნით მოხდა ანტენის საერთო საკუთრების საგნის (სახურავში) გავლით საერთო საცხოვრებლის ზემოდან განთავსება. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა არა ამ მუხლის, არამედ ამავე კანონის 10.1 მუხლის პირობა. სახურავზე გამოტარებული ანტენა, რომელსაც ფაქტობრივად დამაგრების წერტილებიც კი არ აქვს თვით სახურავზე, ვერანაირად ვერ შეცვლის საერთო ქონებას და მითუმეტეს ვერც იმაზე მოახდენს გავლენას, რამდენად შეძლებენ ამხანაგობის სხვა წევრები მის გამოყენებას - ანტენის დადგმით არც ვინმეს შეზღუდვია სახურავის გამოყენება და არც სახურავის ლანდშაფტი შეცვლილა. ცვლილება, ასეთის არსებობის შემთხვევაში, არის მინიმალური და, შესაბამისად, სახეზეა ინდივიდუალური საკუთრების გამოყენება და განვითარება იმ სახით, რომ იგი უმნიშვნელოდ გავლენას ახდენს საერთო საკუთრებაზე, თუმცა არ იზრდება ინდივიდუალური საკუთრება და არც სხვა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრებს უზღუდავს საერთო საკუთრებით სარგებლობას.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 8 და 29 აპრილის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურისა და შპს „ვ...ს“ საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურისა და შპს „ვ...ს“ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებულია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქ განვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2019 წლის 16 ნოემბრის №25/27433 წერილი, რომლითაც შპს „ვ...ს“ მიმართ გაიცა თანხმობა მრავალბინიან საცხოვრებელ შენობაზე მობილური კავშირგამბულობის საბაზო სადგურისა და ანტენების განთავსების მიზნით წარდგენილი ესკიზური პროექტის ქალაქთმშენებლობის დოკუმენტთან შესაბამისობასა და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ა) შპს „ვ...ს“ საკუთრებაში არსებული კავშირგამბულობის მოწყობილობა შედგება ორი ნაწილისგან: 1. საბაზო სადგურისა და 2. ანტენისაგან. საბაზო სადგური, იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე განთავსებულია მ.ჩ-ის კერძო საკუთრებაში - მანსარდული სართული, საკადასტრო კოდით ..., ხოლო ანტენა (მოცულობითი კონსტრუქცია) - ფიზიკურად დამაგრებულია საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე (ტ.1. ს.ფ. 38-80, 78, 132-142); ბ) 2019 წლის 13 თებერვალს ქ. ბათუმში, …-ის №38-ში მცხოვრებმა მოსახლეობამ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში წარადგინეს განცხადება და მოითხოვეს შპს „ვ...ს“ გადამცემი (გამანაწილებელი) ანძის დემონტაჟი (ტ. 1, ს.ფ. 26-27); გ) 2019 წლის 24 ოქტომბერს მობილური კავშირგაბმულობის კომპანია შპს „ვ...მ“ მიმართა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს და ქალაქ ბათუმის მთავარ არქიტექტორს მოთხოვნით - ნება დაერთოთ ქ. ბათუმში, ...ის ქ. №38-ში (ს/კ ...) მესაკუთრე მ.ჩ-ის საკუთრებაში არსებულ ფართზე განეთავსებინა მობილური კავშირგაბმულობის საბაზო სადგური და ანტენები. განცხადებასთან ერთად წარდგენილი იყო სანიტარიული დაცვის ზონის ორგანიზაციისა და კეთილმოწყობის პროექტი, ჰიგიენური დასკვნა პროექტზე, მშენებლობის პროექტი (ტ.1, ს.ფ. 38-80); დ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2019 წლის 16 ნოემბრის №25/27433 წერილით შპს „ვ...ს“ ეცნობა, რომ ადმინისტრაციული ორგანო ადასტურებს ქ. ბათუმში, ...-ის ქუჩა №38-ში არსებულ შენობაზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ...) მობილური კავშირგამბულობის საბაზო სადგურისა და ანტენების განთავსების მიზნით, წარდგენილი ესკიზური პროექტის ქალაქთმშენებლობის დოკუმენტთან შესაბამისობას და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას (ტ.1, ს.ფ. 36-37); ე) ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის დადგენილებით მ.ჩ-ი (პ/ნ ...) ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1501 მუხლის მე-3 ნაწილით (სავენტილაციო სისტემის, ბანკომატის, სარეცხის საშრობის, გისოსების, ჯიხურების, დახლების ან/და სხვა მსუბუქი კონსტრუქციის თვითნებური მონტაჟი, ან/და განთავსება) გათვალისწინებული გადაცდომის ჩადენაში და სახდელის ზომად დაენიშნა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. დადგენილების მიხედვით, სამართალდარღვევა გამოიხატა მასში, რომ მ.ჩ-ის მიერ ქ. ბათუმში, ...-ის ქ. №38-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მანსარდზე, შესაბამისი ნებართვის გარეშე განთავსებული იქნა შპს „...ის“ გადამცემი ანტენები (01.05.2019წ. ოქმი №000172) (ს.ფ. 18-20); ვ) ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის დადგენილებით, მ.ჩ-ი (პ/ნ...) ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1501 მუხლის მე-5 ნაწილით (ამ მუხლით გათვალისწინებული დარღვევის გამოუსწორებლობა დაჯარიმებიდან 20 დღის ვადაში) გათვალისწინებული გადაცდომის ჩადენაში და ამავე კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან, სიტყვიერი შენიშვნის გამოცხადებით. დადგენილებით დადასტურებულია, რომ მ.ჩ-მა, რომლის მიმართაც უკვე შედგენილი იყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, არ მოახდინა ქ. ბათუმში, ...-ის ქ. №38-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მანსარდზე უნებართვოდ განთავსებული შპს „...ის“ გადამცემი ანტენის დემონტაჟი (11.10.2019წ. №000186 ოქმი). სასამართლომ სიტყვიერი შენიშვნის გამოცხადებას საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ მ.ჩ-ის მიერ სამართალდარღვევა გამოსწორებულია, რადგან სასამართლო სხდომაზე წარდგენილ იქნა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის მიერ 2019 წლის 16 ნოემბერს გაცემული №25/27433 წერილი, ქ. ბათუმში, ...-ის ქ. №38-ში არსებული უძრავი ქონების (ს/კ ...) მობილური კავშირგაბმულობის საბაზო სადგურისა და ანტენების განთავსების მიზნით წარდგენილი ესკიზური პროექტის ქალაქმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობისა და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობის დადასტურების შესახებ (ს.ფ. 21-25). (სააპელაციო პალატის მითითებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით დგინდება, რომ შპს „ვ...ს“ საფირმო სახელწოდება 2017 წლის 05 დეკემბრამდე იყო - შპს „...ი“).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაუშვა სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კასატორებმა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) ვერ წარმოადგინეს.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურმა, 2019 წლის 16 ნოემბრის №25/27433 სადავო გადაწყვეტილებით მიიჩნია, რომ შპს „ვ...ს“ მიერ მოთხოვნილი მშენებლობა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 წლის მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განეკუთვნებოდა I კლასის ობიექტს, რომლისთვისაც საჭირო იყო არა მშენებლობის ნებართვა, არამედ, პროექტის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობისა და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობის დადასტურება.
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების (ძალადაკარგულია საქართველოს მთავრობის 02.03.2020 წლის №139 დადგენილებით) 65-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა)“. ამავე დადგენილების 66-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა წარმოებს ნებართვის მიღების გარეშე, მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით, მათ შორის, სამშენებლო რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნები, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი, დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს. მითითებული ნორმის მე-7 პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო 5 დღის ვადაში წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტ(ებ)ის საფუძველზე წერილობით ადასტურებს დაგეგმილი მშენებლობა/მონტაჟის ქალაქმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობას და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას, ხოლო ამავე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, ამ დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელება განიხილება როგორც უნებართვო მშენებლობა. ამდენად, მშენებლობის განხორციელებამდე პირმა კანონით დადგენილი წესით უნდა მოიპოვოს უფლებამოსილი ორგანოს თანხმობა, რაც გამოიხატება პირველი კლასის მშენებლობის განხორციელებისას დადასტურების მიღებაში, ხოლო მეორე, მესამე ან მეოთხე კლასის მშენებლობისას - ნებართვის მოპოვებაში. ამასთან, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო, თავის მხრივ, ატარებს ადმინისტრაციულ წარმოებას - წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტ(ებ)ის საფუძველზე წერილობით ადასტურებს დაგეგმილი მშენებლობა/მონტაჟის ქალაქმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობას და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში შეფასებას საჭიროებს, რამდენად მართებულად მოხდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მობილური კავშირგაბმულობის საბაზო სადგურისა და ანტენების განთავსების მიზნით, წარდგენილი პროექტის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობისა და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობის დადასტურების შესახებ გადაწყვეტილების მიღება იმ პირობებში, როდესაც შპს „ვ...ს“ კუთვნილი ანტენა, რომლის გარეშეც საბაზო სადგური ვერ შეასრულებს თავის დანიშნულებას - გადასცეს მობილური ოპერატორის სიგნალი, განთავსებულია ქ. ბათუმში, ...-ის ქ. №38-ში მდებარე საცხოვრებელ სახლის სახურავზე.
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლი იძლევა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ცნების დეფინიციას, კერძოდ, ამ მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების შემადგენელი მიწის ნაკვეთი, სახლის ნაწილი და ის შენობა-ნაგებობები, დანადგარები, საინჟინრო ქსელები, მოწყობილობები, რომლებიც არ არის ინდივიდუალური საკუთრება, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას (საერთო საკუთრებას) წარმოადგენს. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას წარმოადგენს: ა) მიწის ნაკვეთი; ბ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მომსახურებისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობები და საინჟინრო-კომუნიკაციური მოწყობილობა და გაყვანილობა; გ) მრავალბინიანი სახლის მზიდი და შემომზღუდავი არამზიდი (ფასადის) კონსტრუქციები (საძირკვლები, კარკასი, კედლები, საერთო სარგებლობის აივნები, სართულშუა გადახურვები, პარაპეტები (მოაჯირები), ლავგარდანები (კარნიზები), საწვიმარი მილები და ა. შ.); დ) მრავალბინიანი სახლის ვესტიბიულები, სადარბაზოები, დერეფნები, კიბის უჯრედები, სარდაფები, სხვენები, საქვაბეები, ტექნიკური სართულები, სახურავები, ლიფტები, სხვადასხვა დანიშნულების შახტები, არხები, ნაგავგამტარები, ბუნკერები და ა. შ., რომლებიც არ იმყოფება ინდივიდუალურ საკუთრებაში; ე) სატრანზიტო გაყვანილობა.
ამდენად, უდავოდ დგინდება, რომ შპს „ვ...ს“ კუთვნილი ანტენა, რომლის გარეშეც საბაზო სადგური ვერ შეასრულებს თავის დანიშნულებას - გადასცეს მობილური ოპერატორის სიგნალი, განთავსებულია ქ. ბათუმში, ...-ის ქ. №38-ში მდებარე საცხოვრებელ სახლის ბინათმესაკუთრეთა საერთო საკუთრების ფართში, კერძოდ, სახურავზე.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა განმარტებას, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა არა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის ინდივიდუალური საკუთრების, არამედ ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების სარგებლობა/განვითარება და შესაბამისად, გამოყენებული ვერ იქნება „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობის გარეშე ამხანაგობის წევრის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ქონების განვითარების შესაძლებლობას, როცა ამგვარი განვითარება მართალია, გავლენას ახდენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაზე, თუმცა არ ითვალისწინებს ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართობის გაზრდას ან/და ახალი ინდივიდუალური საკუთრების საგნის წარმოშობას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე შესაძლებელია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი ობიექტის - სახურავის სარგებლობაში გადაცემა.
შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ პირველი კლასის მშენებლობა არ საჭიროებს ნებართვას, პროექტის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობისა და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობის დადასტურების პირობებში, ვინაიდან პროექტის მიხედვით გათვალისწინებული კავშირგამბულობის მოწყობილობის ერთ-ერთი ნაწილის, კერძოდ, ანტენის განთავსება ხდება საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე, ანუ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაზე, აუცილებელი იყო კანონის მიხედვით, ამხანაგობის წევრთა თანხმობა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან სადავო დადასტურების გაცემისას.
დადასტურებულია და არც თავად ადმინისტრაციული ორგანო უარყოფს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობის არსებობის საკითხი არ იყო გამოკვლეული. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ, ისე გასცა თანხმობა და დაუდასტურა მ.ჩ-ს ესარგებლა საერთო ქონებაში შემავალი ობიექტით - სახურავით, რომ არათუ არ გამოუკვლევია საქმის სამართლებრივი გარემოებები სრულად, არამედ უგულებელყო მისთვის ცნობილი ფაქტობრივი გარემოებებიც, კერძოდ, საქმის მასალებით დადგენილია, რომ სადავო აქტის გამოცემამდე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილ იქნა ქ. ბათუმში, ...-ის ქ. №38-ში მცხოვრები მოსახლეობის (სულ 19 პირის, მათ შორის ამხანაგობის თავმჯდომარე თ.კ-ის) განცხადება (ტ. 1, ს.ფ. 26-27), რომლითაც განმცხადებლები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს სთხოვენ მოხდეს შპს „ვ...ს“ გადამცემი (გამანაწილებელი) ანძის აღება. განცხადებაში აღნიშულია, რომ ანძა განთავსებულია აუცილებელი ნორმების დაუცველად, კერძოდ, სადარბაზოში საერთოდ არ ხდება კონდენსირება და ამავე დროს დანადგარი მუდმივად გამოსცემს ხმას. ამასთან, ნ.ბ-ის კუთვნილ საცხოვრებელ ფართსა და ანძის განთავსების ფართს აქვს საერთო კედელი და სახურავი, რაც ფსიქოლოგიურად არაჯანსაღი და ცხოვრებისთვის შეუსაბამო პირობაა, მრავალშვილიანი ოჯახისთვის, განსაკუთრებით ღამის საათებში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახეზეა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2019 წლის 16 ნოემბრის №25/27433 წერილობითი თანხმობის ბათილად ცნობის საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შპს „ვ...ს“ საკასაციო საჩივარზე 23.03.2022წ. №... საგადახდო დავალებით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შპს „ვ...ს“ (ს/კ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურისა და შპს „ვ...ს“ საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის განჩინება;
3. შპს „ვ...ს“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 23.03.2022წ. №... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე გ. მაკარიძე


მოსამართლეები: ქ. ცინცაძე


თ. ოქროპირიძე