Facebook Twitter

№ბს-511(კ-22) 7 ივნისი, 2023 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა.ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ა.ბ-ემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2020 წლის 1 სექტემბრის №28 ბრძანება ა.ბ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას დაევალოს ახალი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ...ის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე ა.ბ-ის აღდგენის შესახებ; გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას დაევალოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან, 2020 წლის 1 სექტემბრიდან, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 1 800 ლარის ოდენობით.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით ა.ბ-ის სარჩელი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის, ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემით სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა.ბ-ემ.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის განჩინებით ა.ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ საქმეზე სამართლებრივი მსჯელობის საგანია - თავსდებოდა თუ არა ა.ბ-ის ქმედება გამოხატვის თავისუფლების ადამიანის უფლებათა ევროკონვენციითა და საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ფარგლებში, თუ მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა ისეთ დისციპლინურ გადაცდომას, რომლისთვისაც პროპორციულ ღონისძიებას წარმოადგენდა მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის №2/482,483,487,502 გადაწყვეტილებაზე (საქმე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, საქართველოს მოქალაქეები - ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-25), საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2-389 გადაწყვეტილებაზე (საქმე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-4), საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის №2/5/700 გადაწყვეტილებაზე (საქმე შპს ,,კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, შპს ,,კასტელ ჯორჯია“ და სს ,,წყალი მარგებელი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინააღმდეგ, II-13) და განმარტა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ გაუსვა ხაზი გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობას, როგორც დემოკრატიული საზოგადოებისათვის, ისე თითოეული ადამიანის პიროვნული ავტონომიისა და თვითრეალიზაციისათვის. გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური უფლება და საქართველოს კონსტიტუცია უშვებს მისი შეზღუდვის შესაძლებლობას. ამავე დროს, საქართველოს კონსტიტუცია და მისი ძირითადი პრინციპები, მათ შორის, უპირატესად, დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოს და ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციური პრინციპები სახელმწიფო ხელისუფლებას მკაცრ კონსტიტუციურ-სამართლებრივ ჩარჩოებში აქცევს. გამოხატვის თავისუფლება შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კონსტიტუციაში მოცემული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად, მიზნის მიღწევის თანაზომიერი საშუალებების გამოყენებით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დამდგენი კონსტიტუციური ნორმები, რიგ შემთხვევებში, მოითხოვს, რომ ძირითად უფლებაში ჩარევა განხორციელდეს კონკრეტული სამართლებრივი ფორმის დაცვით.

საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტსა და „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 20.04.2017წ. №200 დადგენილების 11.1 მუხლზე მითითებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ,,საჯარო მოსამსახურე, როგორც მოქალაქე, არ კარგავს გამოხატვის თავისუფლებას საჯარო სამსახურში დასაქმებით. გამოხატვის თავისუფლებას დიდი მნიშვნელობა აქვს საჯარო მოსამსახურის, როგორც მოქალაქისა და როგორც პროფესიონალის, სოციალური როლისა და ფუნქციის შესრულებისათვის. საჯარო მოსამსახურე სარგებლობს გამოხატვის თავისუფლებით იმ ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობების გათვალისწინებით, რომელთაც მისი სოციალური როლი და სამსახურებრივი სტატუსი აკისრებს. საჯარო მოსამსახურის, როგორც მოქალაქის, გამოხატვის თავისუფლება გულისხმობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხებზე მოსაზრებების გამოთქმას, რომლებიც შესაძლოა, ეხებოდეს პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ ან/და სხვა მნიშვნელოვან საზოგადოებრივ თემებს. საჯარო მოსამსახურის მიერ სამოქალაქო პოზიციის გამოხატვა უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, საჯარო მოსამსახურის ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში და, მეორე მხრივ, საზოგადოებას აქვს შესაძლებლობა, გაეცნოს მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ ან საზოგადოებრივ საკითხებზე საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის ხედვას. საჯარო მოსამსახურის საჯარო დისკუსიაში მონაწილეობას განსაკუთრებული სოციალური ღირებულება აქვს, როდესაც იგი მოსაზრებას გამოხატავს მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მოვლენის შესახებ, აფასებს სახელმწიფოს ხედვას ან პოლიტიკას იმ სფეროში, სადაც თავად არ საქმიანობს, განიხილავს სახელმწიფო ფინანსების სხვადასხვა მიმართულებით გადანაწილებასა და ხარჯვას, ასევე მოითხოვს საჯარო დაწესებულების გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას საზოგადოების წინაშე. საჯარო მოსამსახურის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისას უნდა განისაზღვროს გონივრული ბალანსი გამოხატვის თავისუფლებასა და ერთგულების ვალდებულებას, ისევე როგორც საჯარო მმართველობის ეფექტური ფუნქციონირების მიმართ არსებულ სახელმწიფო ინტერესს შორის. გონივრული ბალანსის დადგენისას გათვალისწინებული უნდა იყოს საჯარო მოსამსახურის მიერ გამოთქმული მოსაზრების შინაარსი, ფორმა და კონტექსტი, ასევე მოტივი, ადგილი და დრო. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, შეფასდეს, საჯარო მოსამსახურის მიერ საჯაროდ გამოთქმული მოსაზრება: ა) არის თუ არა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანი; ბ) უარყოფითად აისახება თუ არა საჯარო მოსამსახურის მიერ ერთგულების ვალდებულების დაცვაზე; გ) გავლენას ახდენს თუ არა საჯარო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელებაზე; დ) აისახება თუ არა საჯარო დაწესებულებაში არსებულ სამუშაო გარემოსა და დასაქმებულ პირთა დისციპლინაზე“ (ირინა აღაპიშვილი, გვანცა ბესელია, ნინო ცუხიშვილი „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების კომენტარი; რედაქტორი - ეკატერინე ქარდავა, 2018 წელი, გვ: 79).

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია, რომ ა.ბ-ის ქმედება გასცდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს. მის

მიერ გამოთქმული მოსაზრების შინაარსი, ფორმა, კონტექსტი და მოტივი შეუთავსებელია საჯარო მოხელის პროფესიულ და მორალურ ღირებულებებთან, ასევე კანონით განსაზღვრულ ვალდებულებებთან.

სააპელაციო პალატის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით რეგლამენტირებული თავისუფალი შრომისა და 25-ე მუხლით დაცული სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებათა სამართლებრივი დაცვის გარანტიები გათვალისწინებულია არა მხოლოდ ეროვნული, არამედ საერთაშორისო საკანონმდებლო აქტებითაც, კერძოდ, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის პირველ პუნქტის თანახმად, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება, და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების დასაცავად. ამასთან, 1948 წლის 10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყველას აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში, ამავე დეკლარაციის 23-ე მუხლის თანახმად კი, ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება.

სააპელაციო პალატის განმარტებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განისაზღვრა საჯარო სამსახურის ძირითადი პრინციპები, რომელთა სულისკვეთებით და გათვალისწინებით სახელმწიფოში უნდა მოწესრიგდეს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებული ურთიერთობები. სამოხელეო სამართალი წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართლის კერძო ნაწილს და შესაბამისად, სრულად იზიარებს კანონიერების პრინციპის მნიშვნელობას საჯარო-შრომით ურთიერთობებში უფლება-მოვალეობების განხორციელებისას. აღნიშნული პრინციპი ბოჭავს გადაწყვეტილების მიმღებ საჯარო მოსამსახურეებს (მათ შორის, თანამდებობის პირებს) მოქმედი კანონმდებლობის ნორმებით. ამავე კანონის ერთ-ერთ ძირითად პრინციპად აღიარებულია საჯარო მოსამსახურის სოციალური და სამართლებრივი დაცვა. საჯარო მოხელის სამართლებრივი დაცვის პრინციპი წარმოადგენს მისი უფლების დაცვის გარანტიას, რომ მასთან დაკავშირებით მიღებული ყველა გადაწყვეტილება მხოლოდ სამართლებრივი ინსტრუმენტებით და კანონის საფუძველზე განხორციელდება. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოცემულ შემთხვევაში „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი აღჭურავს მოხელეს იმ უფლებებით და შეღავათებით, რაც ამ კანონით არის დადგენილი. საჯარო მოსამსახურე საჯარო მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას შეზღუდულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი კანონიერების პრინციპით, რომლის მიხედვით, საჯარო მოსამსახურე თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების განხორციელებისას უნდა მოქმედებდეს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად. მისი ნებისმიერი ქმედება უნდა ემსახურებოდეს კანონის უზენაესობის დაცვას და ეფუძნებოდეს კანონისმიერი დათქმის პრინციპს. ამავე შინაარსის დანაწესი გათვალისწინებულია, აგრეთვე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლით დადგენილი კანონიერების პრინციპითაც, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.

სააპელაციო პალატის განმარტებით, საქმეში დაცული ვიდეომასალით ირკვევა, რომ ა.ბ-ემ საჯარო დაწესებულების შენობასთან გამართა ჟურნალისტებთან შეხვედრა, რაც გაშუქდა მასობრივი ინფორმაციის სხვადასხვა საშუალებით. მან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის მოქმედი და ყოფილი საჯარო და სახელმწიფო მოსამსახურეების მიმართ გამოიყენა შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი გამონათქვამები. განაცხადა, რომ მთავრობის თავმჯდომარის სახელზე გაგზავნილი საჩივარი/განცხადება არ მივიდა ადრესატამდე, მიუთითა სხვა საჯარო მოხელის შეფასების შედეგებზე, ამ პროცესში გამოიყენა საჯარო მოხელეთა ფოტოები, მანვე სხვა მოხელეთა შეფასების ოქმებზე მოაწერა ხელი. თვითონ ა.ბ-ეც გარკვეულწილად არ ამართლებს საკუთარ ქმედებას და აზრის გამოხატვის ამ ფორმას (იხ. დისციპლინური კომისიის ზეპირი მოსმენის ოქმი), თუმცა როგორც კომისიას განუცხადა, იძულებული გახდა ქუჩაში გასულიყო და ეს გამოიწვია მისი უშუალო ხელმძღვანელის, ...ის განყოფილების უფროსის, რ.შ-ის არაობიექტურმა დამოკიდებულებამ, კერძოდ კი, მისი, როგორც მოხელის კვალიფიკაციის, პროფესიული უნარ-ჩვევების დაბალმა შეფასებამ, რის გამოც ვერ მიიღო ფულადი ჯილდო. მიუხედავად ამისა, მიაჩნია, რომ მისი გამოსვლა არ გასცდენია გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და არ უნდა შეფასდეს დისციპლინურ გადაცდომად.

,,საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №200 დადგენილების მე-11, მე-20 და 21-ე მუხლებზე, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 72-ე, 74-ე და 77-ე მუხლებზე, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის 132 მუხლზე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 85-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტზე მითითებით, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ნორმაში აღწერილი ქმედება დისციპლინურ გადაცდომად ითვლება, მიუხედავად იმისა, პირი მას ჩაიდენს სამსახურში თუ მის გარეთ. ამდენად პირი, რომელიც არ იმყოფება თავის სამუშაო ადგილზე, კანონის თანახმად, ვალდებულია სრულყოფილად შეასრულოს ეთიკის ნორმები და დაიცვას ქცევის ზოგადი წესები, რათა არ მოხდეს მოხელის და საჯარო დაწესებულების დისკრედიტაცია. მოხელე ვალდებულია ყველგან გაუფრთხილდეს როგორც თავის, ასევე კოლეგებისა და დაწესებულების რეპუტაციას. მოხელის ან საჯარო დაწესებულების დისკრედიტაციად მიიჩნევა ნებისმიერი ისეთი ფორმით მათი ავტორიტეტის შელახვა, რაც უარყოფითად იმოქმედებს საჯარო მოხელის და საჯარო დაწესებულების რეპუტაციაზე.

,,პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის №220 დადგენილების მე-18 მუხლზე მითითებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ კონკრეტული საჯარო მოხელის შეფასების შედეგი არ არის ხელმისაწვდომი სხვა პირებისთვის, გარდა საკანონმდებლო ნორმაში დასახელებული პირებისა. ა.ბ-ეს ფუნქციების მიხედვით შეფასების შედეგებთან წვდომა არ გააჩნდა, მან ...ის განყოფილების უფროსის, რ.შ-ის შეფასების ოქმის ასლი გადაიღო თვითნებურად, დაურთო თავის განცხადებას და დატოვა სამსახურის ...ის დეპარტამენტში, რითაც ის ხელმისაწვდომი გახადა არაუფლებამოსილი პირებისთვის. ამდენად, დასაბუთებულია მოპასუხის მსჯელობა, რომ ა.ბ-ის მიერ მოხელის შეფასების ოქმის თვითნებურად მოპოვებით, მისი გამოყენებით, აგრეთვე, რ.შ-ის შეფასების ოქმებზე თავისი ხელმოწერების გაკეთებით, დაირღვა ,,პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის №220 დადგენილებით გათვალისწინებული შეფასების შედეგების კონფიდენციალურობა და უგულებელყოფილ იქნა ,,საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №200 დადგენილებით განსაზღვრული წესების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა საჯარო მოხელის კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოპასუხის განმარტება, რომ ა.ბ-ემ, თავისი ქმედებით, ეჭვქვეშ დააყენა საკუთარი სამსახურებრივი უფლებამოსილების მიუკერძოებლად და ობიექტურად განხორციელება, ამასთან, მის მიერ საჯაროდ გაკეთებული კომენტარი შეეხებოდა სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებისას წარმოშობილ პირადი ინტერესის მქონე საკითხს, რომელიც უკავშირდებოდა მოხელის შეფასების გამო პირად დამოკიდებულებას უშუალო ხელმძღვანელის მიმართ, თავისი კომენტარით შეეხო უშუალო ხელმძღვანელისა და დეპარტამენტის უფროსის კომპეტენციას შეფასების ოქმების შედგენასთან დაკავშირებით, რითაც ეთიკის ნორმებით გათვალისწინებული კოლეგიალობისა და თავაზიანობის მოთხოვნები უგულებელყო. ასევე გამოიყენა საჯარო მოხელისთვის შეუფერებელი ლექსიკა, რითაც დაარღვია საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №200 დადგენილებით განსაზღვრული ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების ზემოთ მოყვანილი ნორმები.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ა.ბ-ის მითითება მისი პოლიტიკური ნიშნით დევნის თაობაზე და განმარტა, რომ აღნიშნული არ დასტურდება საქმის მასალებით. შეფასების შედეგები და მის მიმართ დისციპლინური საქმის წარმოება პოლიტიკურ დევნად ვერ შეფასდება, მით უმეტეს, რომ არც შეფასების შედეგები და არც 2019 წლის 12 დეკემბრის №61 ბრძანება დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით გაფრთხილების გამოყენების თაობაზე, მის მიერ კანონით დადგენილი წესით არ ყოფილა გასაჩივრებული.

,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტსა და 101-ე მუხლის პირველი პუნქტზე მითითებით, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ა.ბ-ეს დაკისრებული ჰქონდა დისციპლინური პასუხისმგებლობა, ვინაიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2019 წლის 12 დეკემბრის №61 ბრძანებით მის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - გაფრთხილება. შესაბამისად, დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონე პირმა ჩაიდინა ახალი დისციპლინური გადაცდომა, რითაც სახეზეა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 85-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მძიმე დისციპლინური გადაცდომა. მითითებული კანონის 98-ე მუხლი ითვალისწინებს მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომას - სამსახურიდან გათავისუფლებას. შესაბამისად, სარჩელით სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონიერია და აღნიშნულის ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.

სააპელაციო პალატის განმარტებით, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ა.ბ-ემ საჯაროდ ისაუბრა აჭარის ა.რ. მთავრობის ადმინისტრაციაში არსებულ შესაძლო გადაცდომებსა და საქმიანობის ხარვეზებზე. ასევე მისი შეფასებისას, უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან არაობიექტურ დამოკიდებულებაზე, თუმცა ფაქტები, რაზეც ის ჟურნალისტების თანდასწრებით საუბრობდა და რაც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაავრცელა (საჯარო მოხელეთა მხრიდან დაშვებული სამსახურებრივი გადაცდომები, მისი შეფასების არაობიექტურობა) სათანადოდ მოცემული დავის ფარგლებში ვერ იქნა დადასტურებული რაიმე სარწმუნო მტკიცებულებებით. აღნიშნულის საპირისპიროდ, საქმის მასალებით დადასტურებულია ა.ბ-ის ინფორმირება მის მიმართ დაწყებული დისციპლინური წარმოების შესახებ, მისი მონაწილეობა საკითხის ზეპირ მოსმენაში და თავისი მოსაზრებების მიწოდება დამოუკიდებელი დისციპლინური კომისიისათვის. ადმინისტრაციული წარმოების მასალების გაცნობა და შესაძლებლობა - საკუთარი პოზიციის მართებულობა დაედასტურებინა შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის გზით, რაც მისი მხრიდან ვერ იქნა უზრუნველყოფილი. შესაბამისად, სადავო აქტი არის სათანადოდ დასაბუთებული, დასტურდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებათა სათანადოდ და ყოველმხრივ გამოკვლევა. განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ დაასაბუთა როგორც ა.ბ-ის დამრღვევად ცნობის კანონიერება, ასევე შეფარდებული სანქციის გამოყენების საჭიროება. დარღვევის ჩამდენი მოხელისათვის კონკრეტული სახდელის შერჩევა უფლებამოსილი ორგანოს დისკრეციაა და ეს უფლებამოსილება განხორციელებულია სათანადოდ დასაბუთების საფუძველზე.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა.ბ-ემ.

კასატორის განმარტებით, სასამართლოებმა ვერ გამიჯნეს მოსარჩელის გამონათქვამები შესაბამისობაში იყო თუ არა გამოხატვის თავისუფლებასთან, სავარაუდო დანაშაულის ჩადენაში საჯარო მოხელის მხილების მიზნით მთავრობის თავმჯდომარისათვის მიწოდებული შეფასების ოქმები წარმოადგენდა თუ არა კონფიდენციალურობის დარღვევას, მსგავს შემთხვევაში საჯარო ინტერესის დაცვას უნდა მიენიჭოს უპირატესობა თუ პირის უკანონო ინტერესის დაცვას, იყო თუ არა პროპორციული მოსარჩელის მიმართ გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - სამსახურიდან გათავისუფლება. სასამართლოებმა არ გამოიკვლიეს ხორციელდებოდა თუ არა ა.ბ-ის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა პოლიტიკური ნიშნით.

კასატორის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილების 3.5 პუნქტში დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ 2014 წლის 9 იანვრის ბრძანებით ა.ბ-ეს დისციპლინური სახდელის სახით მიღებული ჰქონდა შენიშვნა. აღნიშნული ბრძანება მიღებულია მოსარჩელის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყებამდე 6 წლით ადრე და გათვალისწინებული უნდა იქნეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 101–ე მუხლი, რომლის შესაბამისად, პირი დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონედ ითვლება მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებიდან 1 წლის განმავლობაში.

კასატორი მიუთითებს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოები ერთმანეთისგან არ განასხვავებენ ადმინისტრაციულ და სამოქალაქო სამართალწარმოებებს. ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას მოქმედებს ინკვიზიციურობის პრინციპი, რომლის თანახმად, სასამართლო თავად იკვლევს საქმის გარემოებებს და უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულებების წარმოსადგენად. აღნიშნული პრინციპი მნიშვნელოვანია, რამდენადაც, სამართლებრივი სახელმწიფოს ინსტიტუციური მოწყობა ეფუძნება ხელისუფლების დანაწილების პრინციპს, რაც მოიცავს ხელისუფლების შტოებს შორის ურთიერთკონტროლის მექანიზმის არსებობას. ადმინისტრაციული სამართალწარმოების დროს, ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს რა ადმინისტრაციული ორგანო, სასამართლო მართლმსაჯულების განხორციელებისას ახორციელებს სასამართლო კონტროლს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

კასატორი აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული საქმის წარმოებისას, შემდგომ სასამართლოებში აცხადებდა და ითხოვდა მის მიმართ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას. მოსარჩელემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს მიმართა განცხადებით, წარუდგინა მტკიცებულებები, რომლითაც საჯარო მოხელეებს ამხელდა სავარაუდო დანაშაულის ჩადენაში და ითხოვდა რეაგირებას. სასამართლოებმა არ გამოიკვლიეს აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები. სასამართლოს უნდა დაედგინა, რომ მოსარჩელის მიმართ წლების განმავლობაში ხორციელდებოდა დისკრიმინაციული მოპყრობა პოლიტიკური ნიშნით და სწორედ აღნიშნულ კონტექსტში უნდა შეფასებულიყო მისი გამონათქვამები.

კასატორი მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის პირველ პუნქტზე და აღნიშნავს, რომ მას, როგორც ...ის მხარდამჭერს, სოციალურ ქსელებში გამოთქმული მოსაზრებების გამო, წლების განმავლობაში შეგნებულად უწერდნენ დაბალ შეფასებებს, რათა არ მიეღო ფულადი ჯილდო. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე ასაჩივრებდა შეფასების ოქმებს ადმინისტრაციულ ორგანოში, ვერ აღწევდა სასურველ შედეგს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატში დასაქმებულია ათეულობით ადამიანი, ისინი ყოველთვის იღებდნენ ფულად ჯილდოს, გამონაკლისი იყო მხოლოდ მოსარჩელე. წახალისების მიზნით გასცემდნენ ფულად ჯილდოს, არასდროს გამოუყენებიათ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წახალისების ისეთი ფორმა, როგორიც არის მადლობის გამოცხადება ან ფასიანი საჩუქრის მიცემა. გასაცემი ჯილდოს თანხის ოდენობაც დამოკიდებული იყო მოხელის თანამდებობრივ მდგომარეობაზე.

კასატორის მითითებით, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა საჯარო მოხელეების მხრიდან კანონმდებლობის უხეში დარღვევით მოხელის შეფასების ოქმების შედგენის თაობაზე, შესაბამისი შეფასების ოქმები განცხადებასთან ერთად წარუდგინა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს შემდგომი რეაგირების მიზნით. კონკრეტულ შემთხვევაში, რ.შ-ის მიერ დეპარტამენტის უფროსთან გასაუბრების გარეშე შევსებულია საკუთარი თავის შეფასების ოქმი და მოწერილია ხელი, რის საფუძველზეც შემდგომ ხდება ფულადი ჯილდოს გაცემა - შესაფასებელი პირები თავად ავსებდნენ ოქმებს და აფასებდნენ საკუთარ თავს. ნაცვლად იმისა, რომ სასამართლოს ყურადღება გაემახვილებინა აღნიშნულ გარემოებაზე და გამოეკვლია სრულყოფილად, შემოიფარგლა სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებაში მითითებული გარემოების გადაწყვეტილებაში ციტირებით. სასამართლოს არ გამოუკვლევია და არ დაუდგენია ფაქტობრივი გარემოება მოსარჩელის მიერ შეფასების ოქმებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია შეესაბამებოდა თუ არა რეალობას. სასამართლოს არ გამოურკვევია საჯარო მოხელეების პატივისა და საჯარო სამსახურის რეპუტაციის შელახვა გამოიწვია მოსარჩელის მიერ შეფასების ოქმებთან დაკავშირებით გაკეთებულმა განცხადებებმა, თუ საჯარო მოსამსახურეთა მიმართ გაკეთებულმა გამონათქვამებმა ან საჯარო მოხელეთა ფოტოების ჩვენებამ.

კასატორის მოსაზრებით, გამოყენებული დისციპლინური სახდელი - სამსახურიდან დათხოვნა, არაპროპორციულია მის ქმედებასთან მიმართებით, რაც აზიანებს აზრის გამოხატვის უფლებას.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა.ბ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა.ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 2020 წლის 4 აგვისტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ...ის ... და ...ის დეპარტამენტის უფროსმა ო.დ-ემ მოხსენებითი ბარათით მიმართა მთავრობის თავმჯდომარეს და აღნიშნა შემდეგი: საინფორმაციო საშუალებებითა და სოციალური ქსელებით გავრცელდა ...ის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის - ა.ბ-ის ინტერვიუ, რომელიც ჩაწერილია მთავრობის აპარატის შენობასთან. მან საჯაროდ, ტელევიზიების წინაშე, ინტერვიუს დროს გამოიყენა მთავრობის აპარატის რიგი საჯარო მოსამსახურეების ფოტოები. ინტერვიუ შეიცავდა შეურაცხმყოფელ და დამამცირებელ გამონათქვამებს თანამშრომლების მიმართ. ამ ფორმით ა.ბ-ემ გამოხატა თავისი დამოკიდებულება მთავრობის აპარატის ყოფილი და მოქმედი საჯარო მოსამსახურეებისადმი. აღნიშნული შესაძლოა შეიცავდეს დისციპლინური გადაცდომის ნიშნებს, რომლის დადგენის მიზნით უნდა ჩატარდეს დისციპლინური წარმოება. ო.დ-ემ ითხოვა შესაბამისი რეაგირება (ს.ფ 121); ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2020 წლის 5 აგვისტოს №419 ბრძანებით შეიქმნა დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისია, რის შესახებაც ა.ბ-ეს ეცნობა 2020 წლის 6 აგვისტოს №1479/02 წერილით. მასვე განემარტა კანონით გათვალისწინებული უფლებები, მათ შორის, ესარგებლა ადვოკატის მომსახურებით, წარედგინა კომისიისთვის წერილობითი ახსნა-განმარტება, საჭირო მტკიცებულებები, მონაწილეობა მიეღო ზეპირ მოსმენაში. ა.ბ-ეს ეცნობა ზეპირი მოსმენის თარიღი და დრო - 17.08.2020წ. 11:00 სთ., ასევე გაეგზავნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 05.08.2020წ. №419 ბრძანების ასლი. ამავე წერილით ა.ბ-ეს განემარტა, რომ არსებული წარმოების ფარგლებში განიხილებოდა მის მიერ 2020 წლის 4 აგვისტოს წარდგენილი განცხადება, რომელიც ეხებოდა ცალკეულ მოხელეთა მხრიდან სავარაუდო გადაცდომებს (ს.ფ 122-127); გ) საქმეში დაცულია ვიდეოფირი, რომელიც ასახავს ა.ბ-ის მიერ 2020 წლის 04 აგვისტოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შენობასთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას და მის ინტერვიუს, რომელიც გავრცელდა საჯაროდ, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, ტელევიზიით, პრესითა და სოციალურ ქსელ „...-ის’’ მეშვეობით. ა.ბ-ემ ჟურნალისტებთან შეხვედრისას ისაუბრა თავის კოლეგებზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციის მოხელეებზე, მათი მხრიდან ჩადენილ სავარაუდო გადაცდომებზე, ასევე მათ ტენდენციურ დამოკიდებულებაზე მის (ა.ბ-ის) მიმართ, რაც გამოიხატა მისი მუშაობის არაობიექტურად შეფასებაში, რის გამოც ვერ მიიღო ფულად ჯილდო (პრემია). რესპონდენტმა აღნიშნა, რომ ხელმძღვანელ პირთა ამგვარი დამოკიდებულება განპირობებული იყო მისი პოლიტიკური შეხედულებებით და სოციალურ ქსელში მისი აქტივობით, რაც ...ის „...სთვის“ მიუღებელი იყო. ინტერვიუს მიმდინარეობისას ა.ბ-ემ დაასახელა სამსახურის ხელმძღვანელი პირები, გაასაჯაროვა მათ ფოტოები, მიუთითა მათი მხრიდან შესაძლო გადაცდომებზე და მოიხსენია ისინი შეურაცხმყოფელი სიტყვებით (იხ. ვიდეოფირი) (CD დისკი, ს.ფ 119); დ) ა.ბ-ის მიმართ დაწყებული დისციპლინური წარმოების პროცესში გამართულ ზეპირ მოსმენას 2020 წლის 17 აგვისტოს ესწრებოდა ა.ბ-ე, მან მისცა კომისიას განმარტება განსახილველ საკითხზე. სხდომის ოქმის თანახმად, (1) მოსარჩელემ აღნიშნა, რომ უკმაყოფილო იყო მისი უშუალო ხელმძღვანელის, ...ის განყოფილების უფროსის - რ.შ-ის არაობიექტური შეფასებებით (დაბალი ქულებით), რის გამოც ვერ მიიღო ფულადი ჯილდო. უშუალო ხელმძღვანელმა მას დასცინა. რ.შ-ის მიმართ გამოიყენა სიტყვა „მათხოჯი“ და მიუთითა, რომ მისმა თავხედურმა და არაკოლეგიალურმა დამოკიდებულებამ აიძულა ქუჩაში გასულიყო. მისი ღირსება შეილახა ხელმძღვანელის ამგვარი დამოკიდებულებით. ა.ბ-ეს წარდგენილი ჰქონდა განცხადება და შეფასების ოქმები, დამოუკიდებელ კომისიას უნდა ემსჯელა ო.დ-ემ და რ.შ-ემ ჩაიდინეს თუ არა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება. ამ ოქმების საფუძველზე მათ ჯილდოები აქვთ მიღებული. მოსარჩელე მოითხოვს ჯილდოების ბიუჯეტში დაბრუნებას. ა.ბ-ემ განმარტა, რომ გარკვეულწილად ბრიფინგმა ის ჩააყენა არასასურველ მდგომარეობაში, არ ამბობს, რომ კარგი გააკეთა, თუმცა რაც გააკეთა იმის უფლება ჰქონდა, მისი გამოსვლა თავსებადი იყო გამოხატვის თავისუფლებასთან. ქუჩაში ჩადენილი მისი ნებისმიერი ქმედებისათვის, თუ ეს იქნება დარღვევა, არსებობს შესაბამისი ორგანოები, სწორედ მათ წინაშე უნდა აგოს პასუხი და არა დისციპლინური კომისიის წინაშე. ა.ბ-ემ განმარტა, რომ მისი პრობლემების შესახებ არ მიუმართავს აპარატის უფროსისთვის, რადგან ამას აზრი არ ჰქონდა. ასევე განმარტა, რომ მისი შეფასების შედეგები არ გაუსაჩივრებია. (2) ზეპირ მოსმენაში მონაწილე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ... და ...ის დეპარტამენტის უფროსმა ო.დ-ემ განმარტა, რომ ა.ბ-ემ საჯარო სივრცეში გამოიყენა მისი საქმიანი რეპუტაციის შემლახველი და დამამცირებელი გამონათქვამები. მისი ფოტო, რომელიც არსებული ფორმით გაავრცელა, ამოღებულია პირადი საქმიდან. სხვაგან, საჯაროდ ხელმისაწვდომ ვებგვერდზე ან სოციალურ ქსელში, აღნიშნული ფოტო არ ინახება. ა.ბ-ეს არ ჰქონდა პირადი საქმიდან ფოტოს ამოღებისა და გამოქვეყნების უფლება. მან სამსახურებრივი მდგომარეობა გამოიყენა კანონსაწინააღმდეგოდ. (3) ზეპირ მოსმენაში მონაწილე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ...ის უფროსმა რ.შ-ემ განმარტა, რომ ა.ბ-ის მიზანი მისი დისკრედიტაცია იყო, განზრახ შეულახა საქმიანი რეპუტაცია, შეურაცხმყოფელი გამონათქვამებით ხელყო მისი პატივი და ღირსება. ა.ბ-ეს სამსახურებრივად ხელი არ მიუწვდებოდა შეფასების ოქმებზე, ეს ოქმები იყო კონფიდენციალური. მან დაადასტურა, რომ 2019 წლის შუალედური შეფასების ოქმზე ხელმოწერები ტექნიკური ხარვეზით იყო დატანილი, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ შეფასების ოქმი გასაუბრებაში მონაწილე ორივე პირის - უშუალო ხელმძღვანელისა და თანამშრომლის მიერ არის დადასტურებული საკუთარი ხელმოწერებით... ასევე განმარტა, რომ ა.ბ-ეს ზოგიერთი ოქმის ასლი გადაღებული ჰქონდა დოკუმენტის მომზადების პროცესში, მაშინ, როცა ოქმი მოამზადა დეპარტამენტის უფროსისთვის გადასაცემად და არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა პირველი ვინ მოაწერდა ხელს ოქმს. მისთვის უცნობია, როგორ გადაიღო შეფასების ოქმების ასლები ა.ბ-ემ, ეს ინფორმაცია კონფიდენციალური იყო და ა.ბ-ეს შეფასების შედეგებზე წვდომა, მისი ფუნქციების მიხედვით, არ გააჩნდა. მისი (რ.შ-ის) შეფასების ოქმებზე ა.ბ-ის მიერ დართულია ხელმოწერები, რაც დაუშვებელია (ს.ფ 143-150); ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2019 წლის 12 დეკემბრის №61 ბრძანებით ა.ბ-ეს მიეცა გაფრთხილება (ს.ფ 156-157); ვ) დამოუკიდებელი კომისიის 2020 წლის 26 აგვისტოს დასკვნით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ...ის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ა.ბ-ის მიერ ჩადენილია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 85-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, რომელიც ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს მძიმე დისციპლინურ გადაცდომას და ა.ბ-ისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესაბამის ზომად განისაზღვრა სამსახურიდან გათავისუფლება (ს.ფ 174-187); ზ) 2020 წლის 1 სექტემბერს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 94-ე, 96-ე და 98-ე მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიღებულ იქნა №28 ბრძანება „ა.ბ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ“. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 85-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტზე, ,,საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №200 დადგენილების მე-11 მუხლზე, მე-20 მუხლზე, 21-ე მუხლზე მითითებით ბრძანებაში აღნიშნულია შემდეგი: „საქმეში არსებული ვიდეომასალის საფუძველზე დადგენილია, რომ ა.ბ-ემ ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის მოქმედი და ყოფილი საჯარო და სახელმწიფო მოსამსახურეების მიმართ გამოიყენა შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი გამონათქვამები. განაცხადა, რომ მთავრობის თავმჯდომარისადმი წარდგენილი საჩივარი/განცხადება არ მივიდა ადრესატამდე, მიუთითა სხვა საჯარო მოხელის შეფასების შედეგებზე, გამოიყენა საჯარო მოხელის პირადი საქმე. ასევე, საჯარო დაწესებულებაში დაცულ შეფასების ოქმებზე გააკეთა თავისი ხელმოწერები. ზეპირ მოსმენაზე განაცხადა, რომ იძულებული გახდა ქუჩაში გასულიყო, ის თვლის, რომ უშუალო ხელმძღვანელმა, ...ის განყოფილების უფროსმა, რ.შ-ემ არაობიექტურად შეაფასა, დაუწერა დაბალი ქულა, რის გამოც ფულადი ჯილდო ვერ მიიღო. ამასთან, აღნიშნა, რომ მისი გამოსვლა თავსებადი იყო გამოხატვის თავისუფლებასთან. პირი, რომელიც არ იმყოფება თავის სამუშაო ადგილზე, კანონის თანახმად, ვალდებულია სრულყოფილად შეასრულოს ეთიკის ნორმები და დაიცვას ქცევის ზოგადი წესები, რათა არ მოხდეს მოხელის და საჯარო დაწესებულების დისკრედიტაცია. მოხელე ვალდებულია ყველგან გაუფრთხილდეს როგორც თავის, ასევე კოლეგებისა და დაწესებულების რეპუტაციას. მოხელის ან საჯარო დაწესებულების დისკრედიტაციად მიიჩნევა ნებისმიერი ფორმით საჯარო მოხელის და საჯარო დაწესებულების ავტორიტეტის შელახვა, რაც უარყოფითად მოქმედებს საჯარო მოხელის და საჯარო დაწესებულების რეპუტაციაზე. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, ა.ბ-ის მიერ საჯაროდ გამოყენებული იქნა სიძულვილის ენა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის მოქმედი და ყოფილი საჯარო და სახელმწიფო მოსამსახურეების მიმართ, მათი ფოტოების გამოყენებით, ო.დ-ის ფოტოს ასლი გადაიღო სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მისი პირადი საქმიდან. ასევე, ისაუბრა რ.შ-ის შეფასების შედეგზე, რომელიც კონფიდენციალურია. აღნიშნულით ეჭვქვეშ დააყენა მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების მიუკერძოებლად და ობიექტურად განხორციელება, ამასთან, მის მიერ საჯაროდ გაკეთებული კომენტარი შეეხებოდა სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებისას წარმოშობილ პირადი ინტერესის მქონე საკითხს, რომელიც უკავშირდება შეფასების გამო არსებულ პირად დამოკიდებულებას უშუალო ხელმძღვანელის მიმართ, მისი კომენტარით შეეხო უშუალო ხელმძღვანელისა და დეპარტამენტის უფროსის კომპეტენციას ოქმების შედგენასთან დაკავშირებით, რითაც ეთიკის ნორმებით გათვალისწინებული კოლეგიალობისა და თავაზიანობის მოთხოვნები უგულებელყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, ა.ბ-ემ დაარღვია ზემოთ მითითებული წესების მე-11 მუხლის მე-3, მე-5 პუნქტებით, მე-20 მუხლითა და 21-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნები. ა.ბ-ე მიუთითებდა პოლიტიკური შეხედულების ნიშნით დევნაზე, თუმცა ვერ დაასაბუთა რაში მდგომარეობს დევნა, ამ ნაწილში მიუთითა შეფასების შედეგებსა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებაზე. შეფასების შედეგების მიხედვით, მას აქვს კარგი შეფასება, ამასთან, შეფასების შედეგები კანონმდებლობით დადგენილი წესით არ გაუსაჩივრებია. ა.ბ-ის მიმართ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2019 წლის 12 დეკემბრის №61 ბრძანებით დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის სახით გაფრთხილების გამოყენებასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ დისციპლინური წარმოების შედეგად დადასტურდა დისციპლინური გადაცდომის არსებობა, ა.ბ-ემ აღიარა მის მიერ ჩადენილი გადაცდომა, მას არ გაუსაჩივრებია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ გამოცემული ბრძანება. ,,პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის №220 დადგენილება აწესებს შეფასების შედეგების კონფიდენციალურობას, კერძოდ, მე-18 მუხლი ადგენს, რომ შეფასების შედეგები კონფიდენციალურია. შეფასების შედეგებზე წვდომა გააჩნიათ საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს, კურატორ მოადგილეს, ...ის ერთეულს, უშუალო ხელმძღვანელს, შესაფასებელ/შეფასებულ მოხელესა და ბიუროს. მოცემული ნორმის თანახმად, კონკრეტული საჯარო მოხელის შეფასების შედეგი არ არის ხელმისაწვდომი სხვა პირებისთვის, გარდა ზემოთ მითითებული პირებისა. ა.ბ-ეს, მისი ფუნქციების მიხედვით შეფასების შედეგებთან წვდომა არ გააჩნია, მან ...ის განყოფილების უფროსის, რ.შ-ის შეფასების ოქმის ასლი გადაიღო თვითნებურად, დაურთო თავის განცხადებას და დატოვა ...ის დეპარტამენტში, ასევე, ჟურნალისტებთან შეხვედრისას ისაუბრა რ.შ-ის შეფასების შედეგებზე, რითაც დაარღვია შეფასების შედეგების კონფიდენციალურობა. ა.ბ-ის მიერ შეფასების ოქმის თვითნებურად მოპოვებით, მისი გამოყენებით, აგრეთვე რ.შ-ის შეფასების ოქმებზე მისი ხელმოწერების გაკეთებით დაირღვა ,,პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის №220 დადგენილებით გათვალისწინებული შეფასების შედეგების კონფიდენციალურობა. ასევე, აღნიშნულით უგულებელყოფილია ,,საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №200 დადგენილებით განსაზღვრული წესების მე-8 მუხლის პირველი პუნქტი საჯარო მოხელის კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით. ა.ბ-ის მიერ წარმოდგენილ განცხადებებს მიეცა შესაბამისი რეაგირება, რაც ასევე დადგენილია კომისიის მიერ, შესაბამისად, უსაფუძვლოა მისი მითითება, რომ ადრესატამდე არ მიდის დაწესებულებაში შეტანილი განცხადება/საჩივარი. ასევე, კომისიის მიერ დადგენილ იქნა, რომ რ.შ-ის შეფასების ოქმების შედგენისას დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ სხვა მოხელის შეფასების შედეგების მიმართ ა.ბ-ე არ წარმოადგენს დაინტერესებულ პირს და ის არ შეეხება მის უფლებასა და კანონიერ ინტერესებს. აქედან გამომდინარე, მისი განცხადებები უარყოფითად მოქმედებს საჯარო მოხელისა და საჯარო დაწესებულების რეპუტაციაზე, აისახება მათ მიმართ ნდობაზე და მიმართულია დისკრედიტაციისაკენ. ა.ბ-ემ საჯაროდ, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის მოქმედი და ყოფილი საჯარო და სახელმწიფო მოსამსახურეთა მიმართ გამოყენებული შეურაცხმყოფელი გამონათქვამებით, საჯარო მოხელის პირადი საქმიდან ამოღებული ფოტოს გამოყენებით, შეფასების შედეგებსა და მოხელეთა კომპეტენციაზე მითითებით, დაარღვია ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების მოთხოვნა საჯარო მოსამსახურის გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით, ასევე დაირღვა მითითებული წესებით დადგენილი თავაზიანობა და კოლეგიალობა, რომლებიც მიმართული იყო საჯარო მოსამსახურეებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დისკრედიტაციისაკენ. აგრეთვე, ...ის განყოფილების უფროსის შეფასების შედეგებთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებული განცხადებით უგულებელყო ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების მოთხოვნა კეთილსინდისიერების თაობაზე, რომლის თანახმად, საჯარო მოსამსახურე მოქმედებს მისი უფლებამოსილების ფარგლებში, გამომდინარე იქიდან, რომ დაარღვია შეფასების შედეგების კონფიდენციალურობა, ასევე, თვითნებურად მოიპოვა შეფასების ოქმი და გამოიყენა საჯარო მოხელის პირადი საქმე (კერძოდ, პირადი საქმის მასალებიდან ამოიღო ო.დ-ის ფოტო), რაც ასევე მიმართული იყო საჯარო მოხელის დისკრედიტაციისაკენ. ამრიგად, ა.ბ-ის მიერ დარღვეულია ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესებით დადგენილი კეთილსინდისიერება და საჯარო მოსამსახურის გამოხატვის თავისუფლება, თავაზიანობა და კოლეგიალობა, რაც მიმართული იყო საჯარო მოხელისა და საჯარო დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ, შესაბამისად, სახეზეა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 85-ე მუხლით გათვალისწინებული გადაცდომა. ამასთან, მოცემული ნორმით გათვალისწინებული გადაცდომის არსებობისათვის, საკმარისია ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების ერთი რომელიმე ნორმის დარღვევაც, რომელიც მიმართულია მოხელისა და საჯარო დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს თუ, როდის ჩაითვლება დისციპლინური გადაცდომა მძიმე გადაცდომად, კანონის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტომატურად მძიმე გადაცდომად მიიჩნევა შემთხვევა, როდესაც პირი დისციპლინური პასუხისმგებლობის ქონის პერიოდში კვლავ ჩაიდენს გადაცდომას. 101-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირი დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონედ ითვლება მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებიდან 1 წლის განმავლობაში. ა.ბ-ე დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონეა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2019 წლის 12 დეკემბრის №61 ბრძანებით ა.ბ-ის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - გაფრთხილება. შესაბამისად, დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონე პირმა ჩაიდინა ახალი დისციპლინური გადაცდომა. აქედან გამომდინარე, სახეზეა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 85-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მძიმე დისციპლინური გადაცდომა. მითითებული კანონის 98-ე მუხლი ითვალისწინებს მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომას - სამსახურიდან გათავისუფლებას. დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 90-ე მუხლის შესაბამისად, დისციპლინური გადაცდომის თანაზომიერ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად განსაზღვრულ იქნა სამსახურიდან გათავისუფლება. წარმოდგენილ დასკვნაში მითითებული გარემოებების გაზიარების საფუძველზე მიღებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილება ა.ბ-ისთვის ამ დასკვნით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ. დასკვნით განსაზღვრული ზომა შესაბამისობაშია ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან, გადაცდომის ხასიათის გათვალისწინებით სამსახურიდან გათავისუფლება წარმოადგენს ყველაზე მისაღებ ზომას, რომელიც უზრუნველყოფს სამომავლოდ მსგავსი შემთხვევის აღმოფხვრას. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების დროს მხედველობაში მისაღებია ასევე ის გარემოება, რომ გადაცდომა ჩადენილია განზრახვით, წინასწარი ორგანიზებით, ჩადენილი ქმედების მიმართ ა.ბ-ის დამოკიდებულება დისციპლინური წარმოების განმავლობაშიც არ შეცვლილა, ის ზეპირ მოსმენაზეც გამოიყენებდა სიძულვილის ენას თანამშრომლების მიმართ. ასევე, როგორც წარმოების შედეგად დადგინდა, ფარულად მიიღო და გაასაჯაროვა დოკუმენტები, რომელთან შეხება ფუნქციების მიხედვით არ ჰქონდა და რომლებიც კონფიდენციალურია, ამგვარი საქციელი ნდობას კარგავს მოსამსახურის მიმართ, ამასთან, ის დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონეა. შესაბამისად, ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის თანაზომიერ პასუხისმგებლობის ზომას წარმოადგენს სამსახურიდან გათავისუფლება, რომელიც უზრუნველყოფს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების მიზანს“ (ს.ფ 56-63).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ა.ბ-ის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერება, მისი მხრიდან დისციპლინური გადაცდომის ჩადენა და ასეთის არსებობის შემთხვევაში გამოყენებული პასუხისმგებლობის ზომის პროპორციულობა/თანაზომიერება.

საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, აზრი განმარტებულია როგორც შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს. ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტით, ყველას, ადმინისტრაციული ორგანოს გარდა, აქვს გამოხატვის თავისუფლება, რაც გულისხმობს აზრის აბსოლუტურ თავისუფლებას. ხოლო დასახელებული კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტით და 1-ლი მუხლის „ფ“ ქვეპუნქტით, აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით, რაც ნიშნავს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან პირის სრულ და უპირობო გათავისუფლებას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ ძირითად ბურჯს, მისი პროგრესისა და თითოეული ადამიანის განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს წინაპირობას. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-10 მუხლის მე-2 ნაწილით დაცულია არა მარტო ,,ინფორმაცია’’ ან ,,იდეები’’, რომლებიც კეთილმოსურნეა, ანდა აღიქმება როგორც უწყინარი ანდა ინდიფერენტული, არამედ ისეთებიც, რომლებიც შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი ან შემაწუხებელია სახელმწიფოს ან მოსახლეობის რომელიმე ნაწილისათვის. ასეთია პლურალიზმის, შემწყნარებლობისა და ფართო თვალსაწიერის მოთხოვნები, რომელთა გარეშეც არ არსებობს “დემოკრატიული საზოგადოება” (Handyside v. the United Kingdom, no 5493/72, § 49, 7.12.1976).

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე №1/5/1271 (04/07/19, ბესიკ ქათამაძე, დავით მჟავანაძე და ილია მალაზონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) განმარტა შემდეგი ,,როგორც აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლება inter alia მოიცავს აზრის ან შეხედულების დაუყოვნებლივ, სპონტანურად გავრცელების უფლებას. მიმდინარე, აქტუალური მოვლენების შესახებ შეხედულებისა და მოსაზრების გამოხატვისას ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დროულობას და მყისიერებას. შესაძლოა, ნებისმიერი დროით დაყოვნებამ იმდენად შეამციროს პროტესტის ეფექტურობა, რომ ფაქტობრივად აზრი დაუკარგოს ამა თუ იმ კრიტიკული თუ სხვა მოსაზრების სპონტანურ გამოხატვას. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, პროტესტის მწვავე ფორმით გამოხატვა ხშირად ხელისუფლების ან/და საზოგადოების ყურადღების მიპყრობის ერთადერთი ან ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა, შესაბამისად, ცალკეულ შემთხვევებში საზოგადოებრივი რეაგირების დაყოვნება შესაძლოა, სრულიად არაეფექტური აღმოჩნდეს დასახული მიზნების მისაღწევად და მთლიანად დაეკარგოს აზრი დაგვიანებულ რეაქციას ( m utatis m utandis იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის №2/482,483,487,502 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, საქართველოს მოქალაქეები - ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“)’’.

„საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №200 დადგენილების 11.1 მუხლის თანახმად, საჯარო მოსამსახურეს, გარდა ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფი საჯარო მოსამსახურისა, შეუძლია საჯაროდ გამოხატოს თავისი შეხედულება იმ საჯარო დაწესებულების პოლიტიკასთან მიმართებით, რომელშიც იგი მუშაობს, თუ მის მიერ გამოთქმული მოსაზრებები არ ეხება იმ საკითხებს, რომლებიც შედის უშუალოდ მის სამსახურებრივ უფლებამოსილებაში ან/და მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი უფლებამოსილებიდან გამომდინარე. აღნიშნულ შემთხვევაში, საჯარო მოსამსახურე უთითებს, რომ მისი შეხედულება არ წარმოადგენს საჯარო დაწესებულების პოზიციას.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ საჯარო/სახელმწიფო სამსახურში დასაქმებით პირი არ კარგავს გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა სახელმწიფო მოხელე ამ თავისუფლებით სარგებლობს იმ ვალდებულებათა და პასუხისმგებლობათა გათვალისწინებით, რომელიც მას თავისი სოციალური როლისა და სამსახურებრივი სტატუსის გათვალისწინებით ეკისრება.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს, რომ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის 9.1 მუხლის თანახმად, კანონით შესაძლოა დაწესდეს სიტყვისა და გამოხატვის შინაარსობრივი რეგულირება, როდესაც საკითხი ეხება ცილისწამებას, უხამსობას, შეურაცხყოფას, მუქარას და სახეზეა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის აუცილებლობა დემოკრატიულ საზოგადოებაში. შეზღუდვის კანონიერების განხილვისას მოწმდება: ა) შემზღუდავი საშუალების კანონით გათვალისწინების საკითხი, ბ) ნორმის ფაქტობრივ შემადგენლობასთან კონკრეტული საქმის ფაქტების შესაბამისობა და გ) ის, თუ რამდენად არსებობდა სხვა ნაკლებად შემზღუდავი საშუალება, რომელიც აღწევდა კანონიერ მიზანს.

საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს საჯარო მოსამსახურისათვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის შესაძლებლობას. საქართველოს მთავრობის 20.04.2017წ. №200 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების“ 11.3 მუხლის თანახმად, საჯარო მოსამსახურე თავს იკავებს საჯაროდ დისკრიმინაციული ხასიათის კომენტარის გაკეთებისაგან, რომელმაც შესაძლოა ეჭვქვეშ დააყენოს მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების მიუკერძოებლად და ობიექტურად განხორციელება. სახელმწიფო მოხელე უფლებამოსილია სათანადო წინაპირობების არსებობის შემთხვევაში საჯაროდ გამოხატოს თავისი მოსაზრება კონკრეტული ორგანოს საქმიანობისა და მიმდინარე პროცესებში არსებული ხარვეზების შესახებ. ამასთანავე, აღნიშნული შესაძლოა განხორციელდეს როგორც უფლებამოსილი პირისათვის/ორგანოსათვის ინფორმაციის მიწოდებით, ასევე ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებით, რა დროსაც დაცული უნდა იყოს გონივრული ბალანსი საჯარო/სახელმწიფო მოხელის გამოხატვის თავისუფლებასა და საჯარო/სახელმწიფო ინტერესებს შორის, უნდა არსებობდეს ინფორმაციის სამოქალაქო საზოგადოებისათვის მიწოდების დაშვების სათანადო წინაპირობები. ასეთ დროს გასათვალისწინებელია ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა, მაგ.: ინფორმაციის შინაარსი, ავთენტურობა, საჯარო ინტერესის სფეროსადმი კუთვნილება, ინფორმაციის გავრცელების საჭიროება და აუცილებლობა, დაპირისპირებულ ინტერესთა ურთიერთშედარება და სხვ. („ჰაინეში გერმანიის წინააღმდეგ“, N28274/08, 21.07.2011წ., § 63-69).

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2020 წლის 4 აგვისტოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შენობასთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრისას, რომელიც გავრცელდა საჯაროდ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, ტელევიზიით, პრესითა და სოციალურ ქსელ „...-ის’’ მეშვეობით, ა.ბ-ემ ჟურნალისტებთან შეხვედრისას ისაუბრა რა თავისი კოლეგების მხრიდან ჩადენილ სავარაუდო გადაცდომებსა და მათ ტენდენციურ დამოკიდებულებაზე მის (ა.ბ-ის) მიმართ, ამასთან, კოლეგები მოიხსენია შეურაცხმყოფელი სიტყვებით (იხ. კომისიის სხდომის ოქმი, რეპორტაჟის ჩანაწერი).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გამოხატვის თავისუფლებას, სხვათა ინტერესებში და უფლებებში შეჭრის დიდი პოტენციალი გააჩნია, რაც გამორიცხავდა მის „აბსოლუტურ“ და შეუზღუდავ ბუნებას. ა.ბ-ის ქმედებები სცდებოდა აზრისა და სიტყვის თავისუფლების კონსტიტუციური უფლების ფარგლებს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის გამონათქვამები ემსახურებოდა საზოგადოების თვალში პიროვნების დამცირებას, შეურაცხყოფას.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ა.ბ-ემ საჯაროდ ისაუბრა აჭარის ა.რ. მთავრობის ადმინისტრაციაში არსებულ შესაძლო გადაცდომებსა და საქმიანობის ხარვეზებზე. ასევე შეაფასა უშუალო ხელმძღვანელის არაობიექტური დამოკიდებულება, თუმცა ფაქტები, რაზეც ის ჟურნალისტების თანდასწრებით საუბრობდა და რაც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაავრცელა (საჯარო მოხელეთა მხრიდან დაშვებული სამსახურებრივი გადაცდომები, მისი შეფასების არაობიექტურობა) სათანადოდ მოცემული დავის ფარგლებში ვერ იქნა დადასტურებული რაიმე სარწმუნო მტკიცებულებებით. საყურადღებოა, რომ ა.ბ-ე საუბრობს მის მიმართ წლების განმავლობაში განხორციელებულ შეფასებებზე, თუმცა აღნიშნული მას საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის №220 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესი და პირობების“ თანახმად, სადავოდ არასდროს გაუხდია (არ გაუსაჩივრებია). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ა.ბ-ის მიერ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრისას გამოთქმული მოსაზრებები, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ორიენტირებულია სწორედ გარკვეულ პირთა დისკრედიტაციაზე და არა დაცვის ღირსი მიზნის მიღწევაზე. განცხადებები არ იყო მიზნის შესაბამისი და დაბალანსებული, წინა პლანზე წამოწეული იყო კონკრეტული პირებისათვის შეურაცხყოფის მიყენება, მომეტებულად იკვეთებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დისკრედიტაციის მიზანი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ ა.ბ-ემ თავისი ქმედებით, ეჭვქვეშ დააყენა საკუთარი სამსახურებრივი უფლებამოსილების მიუკერძოებლად და ობიექტურად განხორციელება, ამასთან, მის მიერ საჯაროდ გაკეთებული კომენტარი შეეხებოდა სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებისას წარმოშობილ პირადი ინტერესის მქონე საკითხს, რომელიც უკავშირდებოდა მოხელის შეფასების გამო პირად დამოკიდებულებას უშუალო ხელმძღვანელის მიმართ, თავისი კომენტარით შეეხო უშუალო ხელმძღვანელისა და დეპარტამენტის უფროსის კომპეტენციას შეფასების ოქმების შედგენასთან დაკავშირებით, რითაც ეთიკის ნორმებით გათვალისწინებული კოლეგიალობისა და თავაზიანობის მოთხოვნები უგულებელყო. ასევე გამოიყენა საჯარო მოხელისთვის შეუფერებელი ლექსიკა და დაარღვია საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №200 დადგენილებით განსაზღვრული ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების ზემოთ მოყვანილი ნორმები.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 85-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოხელის დისციპლინური გადაცდომაა ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია მოხელისა და საჯარო დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №200 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების“ მე-20 მუხლის თანახმად, 1. საჯარო მოსამსახურე არის კორექტული და თავაზიანი თანამშრომლებთან ურთიერთობისას; 2. საჯარო მოსამსახურე ცდილობს, თავიდან აირიდოს თანამშრომლებთან მიმართებით საჯარო მოსამსახურისათვის შეუფერებელი საქციელი და ამგვარი საქციელის გამოვლენისას მზად არის მოიხადოს ბოდიში. ამავე წესების 21-ე მუხლის მიხედვით, 1. საჯარო მოსამსახურე პატივს სცემს თანამშრომლების კომპეტენციას, გამოცდილებასა და შეხედულებებს; 3. საჯარო მოსამსახურე სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლის მიმართ არსებულ კრიტიკულ მოსაზრებებს პირველ რიგში განიხილავს უშუალოდ ამ თანამშრომელთან.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, მოხელე ვალდებულია დაიცვას ამ კანონით განსაზღვრული საჯარო სამსახურის პრინციპები და თავი შეიკავოს ისეთი ქმედებისაგან, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საჯარო სამსახურის რეპუტაციას.

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის 132 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, საჯარო მოსამსახურემ თავიდან უნდა აიცილოს ნებისმიერი მოქმედება, რომელიც ზიანს მიაყენებს პირადად მის რეპუტაციას, შესაბამისი საჯარო დაწესებულების ან სახელმწიფო სამსახურის/საჯარო სამსახურის რეპუტაციას. ამავე კანონის 133 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, საჯარო მოსამსახურემ უნდა მიიღოს საჭირო ზომები სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი, საჯარო მოსამსახურის რეპუტაციასთან დაკავშირებული, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას მოპოვებული, პერსონალური მონაცემების შემცველი და სხვა ინფორმაციის (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით) კონფიდენციალურობის უზრუნველსაყოფად. ეს მოთხოვნა საჯარო მოსამსახურეზე მისი სამსახურიდან განთავისუფლების შემდეგაც ვრცელდება.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის №220 დადგენილებით დამტკიცებულია „პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესი და პირობები“, რომლის მე-18 მუხლის თანახმად, შეფასების შედეგები კონფიდენციალურია. შეფასების შედეგებზე წვდომა გააჩნიათ საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს, კურატორ მოადგილეს, ...ის ერთეულს, უშუალო ხელმძღვანელს, შესაფასებელ/შეფასებულ მოხელესა და ბიუროს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ა.ბ-ის მიერ ჩადენილია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 85-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, ვინაიდან მოსარჩელის მხრიდან დაფიქსირებული გამონათქვამები ფორმის, შინაარსის და კონტექსტის გათვალისწინებით ეთიკის ნორმებისა და ქცევის ზოგადი წესების საწინააღმდეგოდ მიმართული იყო საჯარო მოხელეებისა და საჯარო დაწესებულების დისკრედიტაციისკენ. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ა.ბ-ე ჟურნალისტებთან შეხვედრისას საჯაროდ საუბრობს თავის კოლეგებზე და გარდა იმისა, რომ მიუთითებს მათი მხრიდან ჩადენილ სავარაუდო გადაცდომებზე, ასევე მათ ტენდენციურ დამოკიდებულებაზე მის მიმართ, ამასთან მათ მოიხსენიებს დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი ტერმინებით. დადგენილია, რომ მოსარჩელემ რ.შ-ის შეფასების ოქმის ასლი გადაიღო თვითნებურად და ხელმისაწვდომი გახადა არაუფლებამოსილი პირებისთვის. შესაბამისად, ა.ბ-ის მიერ დარღვეულია „პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობებით“, „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესებით“ გათვალისწინებული ზემოაღნიშნული ნორმები.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 85-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დისციპლინური გადაცდომა შესაძლებელია იყოს მძიმე ან მსუბუქი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტის თანახმად, დისციპლინური გადაცდომა ითვლება მძიმედ, თუ დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონე პირმა ჩაიდინა ახალი დისციპლინური გადაცდომა.

დადგენილია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2019 წლის 12 დეკემბრის №61 ბრძანებით ა.ბ-ეს მიეცა გაფრთხილება.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 96-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებია: ა) გაფრთხილება; ბ) საყვედური; გ) თანამდებობრივი სარგოს 10 პროცენტიდან 50 პროცენტამდე დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით; დ) სამსახურიდან გათავისუფლება. ამავე კანონის 98-ე მუხლის თანახმად, სამსახურიდან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში. ხოლო ამავე კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა დისციპლინური გადაცდომის თანაზომიერი უნდა იყოს.

პალატა განმარტავს, რომ დარღვევის ჩამდენი მოხელისათვის კონკრეტული სახდელის შერჩევა უფლებამოსილი ორგანოს დისკრეციაა, თუმცა ადმინისტრაციის მხრიდან ნებისმიერ დარღვევაზე რეაგირება უნდა განხორციელდეს პროპორციულობის მოთხოვნის დაცვით, საჯარო მოსამსახურისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი შესაბამისობაში უნდა იყოს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან და ითვალისწინებდეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას არსებულ გარემოებებს. დისციპლინური ზომის გამოყენება, როგორც ადმინისტრაციის ცალმხრივი ნების გამოვლენა, მართლზომიერად უნდა განხორციელდეს დამდგარი შედეგის სიმძიმის, ვალდებულების დარღვევის მიზეზის, დამდგარი შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი პრინციპიდან გამომდინარე, დისციპლინური გადაცდომისათვის საჯარო მოხელესთან მიმართებით შესაბამისი ზემოქმედების ზომის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებით და წესით. ამასთანავე, დისციპლინური გადაცდომის გამოვლენასთან დაკავშირებული პროცედურის სრულყოფილად ჩატარების ვალდებულება, ერთი მხრივ, საჯარო წესრიგის, ხოლო, მეორე მხრივ, კერძო პირის უფლების დაცვის მიზანს უნდა ემსახურებოდეს. უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს კანონისმიერი ვალდებულებიდან გამომდინარეობს ქმედების სწორი კვალიფიკაცია, რაც შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი ფაქტების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე. სავარაუდო გადაცდომა, თავისი შინაარსით, სრულად უნდა შეესაბამებოდეს კანონით ასეთად მიჩნეული ქმედების ნიშნებს. საჯარო მოხელისათვის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად, მტკიცებულებათა ერთობლიობით უნდა დადასტურდეს შესაბამისი დარღვევის შემცველი ფაქტების არსებობა. ამასთანავე, „..სამსახურიდან გათავისუფლება, როგორც უკიდურესი ღონისძიება, უნდა იყოს დარღვევის სიმძიმის პროპორციული. დარღვევის ჩამდენი მოხელისათვის კონკრეტული სახდელის შერჩევა უფლებამოსილი ორგანოს დისკრეციაა, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს მიღებული გადაწყვეტილების სათანადოდ დასაბუთების საჭიროებას..“ (სუს 2020 წლის 28 მაისის №ბს-623(კ-19) განჩინება).

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ დისკრეციული უფლებამოსილება განახორციელა კანონით დადგენილ ფარგლებში და გამოიყენა დისციპლინური პასუხისმგებლობის მიზნის მიღწევის პროპორციული ღონისძიება. შესაბამისად, მოსარჩელეს პასუხისმგებლობის ზომის სახით მართებულად განესაზღვრა სამსახურიდან გათავისუფლება და არ არსებობს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სადავო ბრძანების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, ა.ბ-ის მიმართ გამოყენებულ იქნა ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის პროპორციული და თანაზომიერი პასუხისმგებლობის ზომა.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით აღიარებული კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ყველა ადამიანის დაბადებით თავისუფლებისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპიდან. კანონის წინაშე თანასწორობა, ერთი მხრივ, საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით აღიარებული კონკრეტული უფლებაა, ხოლო, მეორე მხრივ, ფუნდამენტური სამართლებრივი პრინციპია, რომელიც განსაზღვრავს ძირითადი უფლებებით სარგებლობის ზოგად წესს, უზრუნველყოფს უფლება-თავისუფლებათა განხორციელებას დისკრიმინაციის გარეშე და იცავს ადამიანს უთანასწორო მოპყრობისაგან. კანონის წინაშე თანასწორობის ეს ზოგადი დებულება გულისხმობს სახელმწიფო აპარატის მხრიდან თვითნებობის აკრძალვას, დაუშვებელია ადმინისტრაციული პროცესის მონაწილე პირთა, იქნება ეს ფიზიკური თუ იურიდიული პირი, ასევე ადმინისტრაციული ორგანო, კანონიერი უფლებებისა და ინტერესების შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება. დისკრიმინაციის აკრძალვას ითვალისწინებს აგრეთვე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-14 მუხლიც. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის შინაარსი იმაში მდგომარეობს, რომ კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი გულისხმობს ყველა იმ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების თანაბარ აღიარებას, რომლებიც იმყოფებიან თანაბარ პირობებში, ხოლო მმართველობის კანონიერება გულისხმობს, რომ თანაბარ გარემოებებში მყოფ ადამიანებს მიენიჭოთ თანაბარი პრივილეგიები და შესაბამისად, დაეკისროთ თანაბარი პასუხისმგებლობა. ზაკ-ის 4.3 მუხლის თანახმად, საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში, დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, საქმე ბს-1249(კ-20).

„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ირიბი დისკრიმინაცია არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მდგომარეობა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად.

„შრომისა და საქმიანობის სფეროში დისკრიმინაციის შესახებ“ კონვენციის პირველი მუხლით, ამ კონვენციის მიზნებისათვის ტერმინი „დისკრიმინაცია“ შეიცავს: ა) ყოველ განსხვავებას, დაუშვებლობას ან უპირატესობას რასის, კანის ფერის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური მრწამსის, უცხოური წარმოშობის ან სოციალური წარმოშობის ნიშნით, რაც იწვევს შესაძლებლობების ან მოპყრობის თანასწორობის განადგურებას ან დარღვევას შრომისა და საქმიანობის სფეროში; ბ) ყოველგვარი სხვა განსხვავება, დაუშვებლობა ან უპირატესობა, რაც იწვევს დამქირავებლებისა და მუშაკების წარმომადგენლობით ორგანიზაციებთან, სადაც ასეთები არსებობს, და სხვა შესაბამის ორგანოებთან კონსულტაციის შედეგად შესაბამისი წევრის მიერ განსაზღვრული შრომისა და საქმიანობის სფეროში შესაძლებლობების ან მოპყრობის თანასწორობის განადგურებას ან დარღვევას.

„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-14 მუხლის გავრცელებისთვის, ადგილი უნდა ჰქონდეს განსხვავებულ მოპყრობას ანალოგიურ ან არსებითად მსგავს მდგომარეობაში მყოფი პირების მიმართ. განმცხადებელმა უნდა აჩვენოს, რომ ის არსებითად მსგავს მდგომარეობაშია იმ პირებთან შედარებით, რომლებიც სხვანაირ მოპყრობას ექვემდებარებიან. შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა დადგინდეს პირთა წრე, ვისთან შედარებითაც ხდება განსხვავებული მოპყრობა. არაპირდაპირი დისკრიმინაციის ელემენტებია: ნეიტრალური წესი, კრიტერიუმი ან პრაქტიკა, რომელიც გავლენას ახდენს „დაცული საფუძვლით“ განსაზღვრულ რომელიმე ჯგუფზე გამორჩეულად უარყოფითი ფორმით, ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებთან შედარებით. არაპირდაპირი დისკრიმინაციის ბოლო ორი ელემენტი პირდაპირი დისკრიმინაციის ელემენტების მსგავსია. შესაბამისად, არაპირდაპირი დისკრიმინაციის განსაზღვრისას, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ნეიტრალური წესის, კრიტერიუმის ან პრაქტიკის არსებობას, რომელსაც უნდა ჰქონდეს კონკრეტულ ჯგუფზე უარყოფითი ეფექტი. ანუ, თუ პირდაპირი დისკრიმინაციის შემთხვევაში ყურადღება გამახვილებულია თავად დისკრიმინაციულ მოპყრობაზე, არაპირდაპირი დისკრიმინაციის დროს, ნიშანდობლივია უთანასწოროთა მიმართ თანასწორი მოპყრობის უარყოფითი ეფექტი.

პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ უნდა შეაფასოს, დაირღვა თუ არა დასაქმებულის უფლებები ამა თუ იმ სამართლებრივი აქტის თუ მოქმედების განხორციელების შედეგად, უნდა დადგინდეს დაირღვა თუ არა მხარეთა თანასწორობის უმნიშვნელოვანესი ნორმა-პრინციპი, ხომ არ განხორციელდა დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით. ამ გარემოებათა გამორკვევისას კი, სასამართლო ხელმძღვანელობს, როგორც საერთაშორისო ხელშეკრულებებით, ისე საქართველოს საკანონმდებლო ნორმატიული აქტებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3632 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა. ამავე კოდექსის 3633 მუხლის თანახმად, სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა.

პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლით სარჩელის აღძვრის შემთხვევაში, მოსარჩელის პროცესუალური ვალდებულებაა მიუთითოს კონკრეტული ფაქტები, ხოლო მოპასუხე ვალდებულია, უარყოს მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, ამტკიცოს, რომ დისკრიმინაციის ფაქტს ადგილი არ ჰქონია და, რომ ამ საფუძვლით მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლება არ მომხდარა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელში არ არის მითითებული არც ერთი ფაქტობრივი გარემოება, რაში გამოიხატა მოპასუხის მხრიდან ა.ბ-ის მიმართ პირდაპირი ან არაპირდაპირი დისკრიმინაციული მოპყრობა. მოსარჩელემ, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის მხოლოდ მთავარ სხდომაზე, ახსნა-განმარტების ჩამოყალიბების დროს მიუთითა მის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობაზე, თუმცა, არც ამ შემთხვევაში წარუდგენია სასამართლოსათვის რაიმე ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს შექმნიდა. ასეთ ფაქტებზე მითითება კი, როგორც ზემოთ აღინიშნა, სსსკ-ის 3633 მუხლიდან გამომდინარე, სწორედ მოსარჩელის ვალდებულება იყო. შესაბამისად, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია კასატორის პოზიცია, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება სადავო ბრძანების დისკრიმინაციულობასთან დაკავშირებით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა.ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე