Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-824 (2კ-22) 20 ივნისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - გ.გ-ი (მოსარჩელე), სპეციალური პენიტენციური სამსახური (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 აპრილის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ.გ-მა 2019 წლის 21 მარტის სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიმართ, რომლითაც გ.გ-ის სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 22 თებერვლის №957 ბრძანების ბათილად ცნობა, გ.გ-ის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ...ის მთავარი სამმართველოს ...ის განყოფილების უფროსის მოადგილედ ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა და მოსარჩელისათვის 2019 წლის 1 მაისიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, ყოველთვიური 1 730 ლარის ოდენობით (1 305 ლარი - ხელფასი, 50 ლარი - წოდებისთვის დადგენილი დანამატი, 375 ლარი - დანამატი) იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით გ.გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 22 თებერვლის №957 ბრძანება გ.გ-ის სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაევალა გ.გ-ის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ...ის მთავარი სამმართველოს ...ის განყოფილების უფროსის მოადგილის ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაევალა გ.გ-ს აუნაზღაუროს იძულებითი გაცდენილი დროისათვის თანამდებობრივი სარგო და წოდებისთვის დადგენილი დანამატი 2019 წლის პირველი მაისიდან სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, ამ თანამდებობისათვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოსა და წოდებისთვის დადგენილი დანამატის ყოველთვიური ოდენობით. სარჩელი დარჩენილ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება მხარეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 აპრილის განჩინებით გ.გ-ისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციურ სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა.

კასატორის - სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლის მითითებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2018 წლის 12 ოქტომბრის №4511 ბრძანებით დამტკიცდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები. აღნიშნული ბრძანების დანართი №2-ით განისაზღვრა ...ის მთავარი სამმართველო 721 საშტატო ერთეულით, რომელიც მოიცავდა სხვადასხვა სამმართველოებს და განყოფილებებს, მათ შორის ...ის განყოფილებას 7 საშტატო ერთეულით: განყოფილების უფროსი - 1 საშტატო ერთეული, განყოფილების უფროსის მოადგილე - 1 საშტატო ერთეული, უფროსი ინსპექტორი - 1 საშტატო ერთეული, ინსპექტორი - 3 საშტატო ერთეული და ინსპექტორი (...ის დარგში) - 1 საშტატო ერთეული. 2018 წლის 12 ოქტომბერს გ.გ-ი გადაყვანილ/დანიშნულ იქნა ...ის მთავარი სამმართველოს ...ის განყოფილებაში განყოფილების უფროსის მოადგილედ.

კასატორის მითითებით, 2019 წლის 14 თებერვალს, საქართველოს მთავრობის N295 განკარგულებით განისაზღვრა სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და პენიტენციური დაწესებულებების ახალი საშტატო ნუსხა. აღნიშნული განკარგულებით სპეციალურ პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს მიეცა თანხმობა, რომ განესაზღვრა სპეციალური პენიტენციური სამსახურის საშტატო ნუსხა, თანამდებობრივი სარგოები და შრომის ანაზღაურების ფონდები. სპეციალური პენიტენციურის სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 16 თებერვლის №457 ბრძანებით დამტკიცდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალი საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები. კასატორი აღნიშნავს, რომ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბების შედეგად, უნდა განხორციელებულიყო რეორგანიზაცია, შესაბამისად, მოსალოდნელი იყო შტატების შემცირება, რის გამოც მოსარჩელე გ.გ-ი სხვა თანამშრომლებთან ერთად წერილობით იქნა გაფრთხილებული 2019 წლის 15 თებერვლიდან სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბებისა და შტატების მოსალოდნელი შემცირებიდან გამომდინარე შესაძლო განთავისუფლების/დათხოვნის შესახებ.

კასატორის მითითებით, ახალ საშტატო ნუსხაში არ იყო გათვალისწინებული ...ის მთავარი სამმართველოს ...ის განყოფილება თავისი 7 საშტატო ერთეულით, ამდენად, მოსარჩელე განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან საშტატო ერთეულის შემცირების გამო, „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

კასატორი არ იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ ახალი საშტატო ნუსხით ...ის სამმართველოში გათვალისწინებული ...ის განყოფილება (საიდანაც განთავისუფლებული იქნა მოსარჩელე რეორგანიზაციის შედეგად) გარდაიქმნა და ეწოდა ...ის განყოფილება და როგორც რეორგანიზაციამდე, ასევე რეორგანიზაციის შემდგომ აღნიშნულ განყოფილებაში საშტატო რაოდენობა უცვლელია და განსაზღვრულია 7 საშტატო ერთეულით. კასატორის მითითებით, ზემოხსენებულ განყოფილებებს სხვადასხვა ფუნქცია-მოვალეობები ჰქონდა განსაზღვრული. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეუძლებელია სხვადასხვა განყოფილებაში ერთი და იგივე რაოდენობის და სახელწოდების საშტატო ერთეული, ერთი ფუნქციის მატარებლად ჩაითვალოს. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ ...ის განყოფილების უფროსის მოადგილის 1 საშტატო ერთეულს შეეცვალა სახელწოდება და გახდა ...ის განყოფილების უფროსის მოადგილის საშტატო ერთეული, თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლომ გადაწყვეტილებით პენიტენციურ სამსახურს დაავალა მოსარჩელის სპეციალური პენიტენციური სამსახურის ...ის მთავარი სამმართველოს ...ის განყოფილების უფროსის მოადგილის ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა. კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მაშინ როდესაც სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება გ.გ-ის სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, ...ის განყოფილების უფროსის მოადგილის 1 საშტატო ერთეული გაუქმებული იყო თავისი ფუნქცია-მოვალეობებით და აღნიშნულის დასტურად სასამართლოში წარდგენილი იქნა 2020 წლის 16 დეკემბრის №18771 ბრძანება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 15 სექტემბრის №14643 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“, თუმცა აღნიშნულ ბრძანებასთან დაკავშირებით სასამართლოს არ უმსჯელია.

კასატორი - გ.გ-ი მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში). „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით კი შრომის ანაზღაურება (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, საკლასო დანამატს, სახელფასო დანამატს და ფულად ჯილდოს. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №997 ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე პირს ეძლევა ყოველთვიური ფულადი სარგო - ხელფასი (თანამდებობრივი სარგო და წოდებრივი სარგო) ყოველთვიური დანამატი, სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, სასურსათო ულუფა, ფორმის ტანსაცმელი, სხვა დანამატები და კომპენსაციები. დასახელებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მოხელისთვის განკუთვნილი ხელფასი გულისხმობს როგორც თანამდებობრივ სარგოს, ისე ყველა ზემოაღნიშნულ დანამატს, რომელსაც პირი მიიღებდა სამსახურში ყოფნისას, რომ არ არსებულიყო ადმინისტრაციული ორგანოს არამართლზომიერი გადაწყვეტილება. შესაბამისად, იძულებითი განაცდური არის ფულადი თანხა, რომელსაც მოსარჩელე აუცილებლად მიიღებდა გათავისუფლების ბრძანების გამოუცემლობის და შესაბამისად, მის მიერ თანამდებობაზე მუშაობის შემთხვევაში, მისი გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდისათვის შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასისა და ანაზღაურებაში შემავალი სხვა კომპონენტების ყოველთვიური ოდენობით (ასეთის არსებობის შემთხვევაში). სადავო შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით (საბანკო ამონაწერებით) უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელე ყოველთვიურად იღებდა 375 ლარს, როგორც დანამატს. კასატორის მითითებით, მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია კვალიფიციური შედავება იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული ნამატი თანხა წარმოადგენდა კონკრეტული სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებით გაცემულ ანაზღაურებას. არც სააპელაციო სასამართლომ და არც საქალაქო სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ 375 ლარის დარიცხვა მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე ხდებოდა რეგულარულად, როგორც ჩვეულებრივი ანაზღაურება. ამასთან, დღეის მდგომარეობით, არსებულ საშტატო განაკვეთებზე სწორედ ამ ოდენობით მომატებული ხელფასი ერიცხებათ მოსარჩელის ადგილას დასაქმებულ პირებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივლისის განჩინებით, გ.გ-ისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივრები, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ.გ-ისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2018 წლის 12 ოქტომბრის №MOC 7 18 00004515 ბრძანებით გ.გ-ი დაინიშნა ...ის განყოფილების უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. ასევე დადგენილია, რომ ...ის სამმართველოში გათვალისწინებული იყო ...ის განყოფილება 7 საშტატო ერთეულით, მასში შემავალი განყოფილების უფროსის მოადგილის 1 საშტატო ერთეულით.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 22 თებერვლის №957 ბრძანებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ...ის მთავარი სამმართველოს ...ის განყოფილების უფროსის მოადგილე, იუსტიციის მაიორი - გ.გ-ი დათხოვნილი იქნა სამსახურიდან საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვში. ამავე ბრძანებით სამსახურის ეკონომიკურ დეპარტამენტს დაევალა უზრუნველეყო გ.გ-ისათვის, კომპენსაციის სახით 2 თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება. ბრძანების საფუძვლად მითითებულია „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი - სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურე შეიძლება სამსახურიდან დათხოვნილ/გათავისუფლებულ იქნეს სამსახურის, სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის, პენიტენციური დაწესებულების ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე დავის ფარგლებში სასამართლოს მსჯელობის საგანს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 22 თებერვლის №957 ბრძანების კანონიერება წარმოადგენს. ხსენებული აქტით გ.გ-ის გათავისუფლებას საფუძვლად დაედო რეორგანიზაციის შედეგად შტატების შემცირება. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის დასადგენად უნდა შეფასდეს დაწესებულების რეორგანიზაციის გამო მოსარჩელის მიერ დაკავებული საშტატო ერთეულის შემცირების ფაქტი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ არაერთგზის განიმარტა, რომ საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როდესაც ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს მსგავსი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმებია დადგენილი. რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს, ანუ იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება-მოვალეობების შესრულებას (სუსგ 08.12.2015წ, №ბს-449-442(კ-15)). ამასთან, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია შეცვალოს არსებული ორგანიზაციული მოწყობა, მოახდინოს შტატების ოპტიმიზაცია, საშტატო ერთეულის დამატება, გაერთიანება ან გაუქმება, ადმინისტრაცია ცვლილებების გატარებისას სარგებლობს მიხედულების, თავისუფალი დისკრეციის უფლებამოსილებით, ხოლო სასამართლო კონტროლი ამ პროცესში მოიცავს კანონიერების და არა მიზანშეწონილობის საკითხებს (სუსგ 12.04.2018წ. №ბს-1102-1096(კ-17)).

მოცემულ შემთხვევაში, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსის 2019 წლის 12 დეკემბრის №01/437866 სამსახურებრივი ბარათით დგინდება, რომ 2019 წელს, რეორგანიზაციის შედეგად ...ის მთავარ სამმართველოში მოხდა საშტატო ერთეულების რაოდენობის შემცირება, კერძოდ, სხვა საშტატო ერთეულების შემცირებასთან ერთად მოხდა ...ის განყოფილების შვიდივე საშტატო ერთეულის შემცირება და აღნიშნული საშტატო ერთეულების ფუნქცია-მოვალეობები გადაეცა სხვადასხვა სამმართველოს/განყოფილებას. საქმის მასალებით დასტურდება, რომ რეორგანიზაციის შემდეგ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 16 თებერვლის №457 ბრძანებით დამტკიცდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები დანართი №1-ის შესაბამისად. აღნიშნული ბრძანების დანართი №1-ით გათვალისწინებული იქნა ...ის მთავარი სამმართველო - 202 საშტატო ერთეულით, ასევე ...ის მთავარი სამმართველო - 555 საშტატო ერთეულით. ...ის მთავარი სამმართველოში განისაზღვრა ...ის განყოფილება - 7 საშტატო ერთეულით, მასში შემავალი განყოფილების უფროსის მოადგილის 1 საშტატო ერთეულით და ინსპექტორის (...ის დარგში) 1 საშტატო ერთეულით. ამდენად, სააპელაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას იმის შესახებ, რომ როდესაც ახალი საშტატო ნუსხა აგრეთვე ითვალისწინებდა ...ის განყოფილების უფროსის მოადგილის თანამდებობას, არ არსებობდა რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების მოტივით გ.გ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების უპირობო საფუძველი.

პალატა დამატებით მიუთითებს საკასაციო სასამართლოს განმარტებაზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მკაფიოდ უნდა იყოს დასაბუთებული შტატების შემცირების საფუძველზე, კონკრეტული მოხელის გათავისუფლების აუცილებლობა და სხვა მოხელეებისათვის უპირატესობის მინიჭების საჭიროება. მხოლოდ ამ პირობებშია შესაძლებელი შტატების შემცირება საფუძვლად დაედოს თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლებას (სუსგ ბს-1185(კ-19), 07.10.2020წ.). ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია იმგვარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ახლად შექმნილი ...ის განყოფილების უფროსის მოადგილის თანამდებობა ფუნქციურად განსხვავდებოდა გ.გ-ის მიერ დაკავებული თანამდებობისაგან ან/და განსხვავებული იყო ხსენებული თანამდებობების დასაკავებლად დადგენილი ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. რაც შეეხება სპეციალური პენიტენციური სამსახურის მითითებას, რომ სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის აღარ არსებობდა ახლად შექმნილი ...ის განყოფილების უფროსის მოადგილის თანამდებობა, პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა გ.გ-ის დაკავებულ ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა. ამდენად, გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში უნდა დადგინდეს გ.გ-ის მიერ დაკავებული თანამდებობის არ არსებობის პირობებში, ფუნქციურად მსგავსი საშტატო ერთეული.

რაც შეეხება, კასატორ გ.გ-ის საკასაციო მოთხოვნას, პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას ,,სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნილი/გათავისუფლებული სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურე უფლებამოსილია მოითხოვოს მისი სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების უკანონოდ ცნობა, დათხოვნის/გათავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს იძულებით გაცდენილი პერიოდისათვის ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გ.გ-ის თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 1305 ლარს, ხოლო წოდებრივი სარგო - 50 ლარს. რაც შეეხება ფულადი დანამატს, რომლის ანაზღაურებასაც გ.გ-ი მოითხოვს (ყოველთვიური 375 ლარის ოდენობით), წარმოადგენს არა წელთა ნამსახურობის დანამატს (რა ნაწილშიც სარჩელი დაკმაყოფილებულია), არამედ სამსახურის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ დანამატს, რაც მინისტრის მიერ დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში, ეძლევა სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს საანგარიშო თვის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს ხარისხის, მოცულობისა და სირთულის გათვალისწინებით (კანონის 39.8 მუხლი); ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მსგავსად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის გ.გ-ის მოთხოვნა დანამატის ანაზღაურების (ყოველთვიური 375 ლარის ოდენობით) თაობაზე უსაფუძვლოა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი და კასატორების მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები უპერსპექტივოა, მოცემული საქმე სასამართლო პრაქტიკისთვის არ არის პრინციპული მნიშვნელობის და სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო საჩივარს პალატა მიიჩნევს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ.გ-ისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა