Facebook Twitter

№ბს-456(კ-22) 7 ივნისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე - გენადი მაკარიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები - ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ.ე-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2017 წლის 1 აგვისტოს გ.დ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა (დაზუსტებული სარჩელი) ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და მ.ე-ას მიმართ (საქმე №3/555-17).

მოსარჩელემ მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი მ.ე-ას ნაწილში ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 27 მარტის №მ/509 ბრძანება „მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების, არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 სექტემბრის განჩინებით საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ი.შ-ე და რ.ლ-ე.

2. 2018 წლის 2 აპრილს გ.დ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მ.ე-ას მიმართ (საქმე №3/170-18).

მოსარჩელემ მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის 2018 წლის 5 იანვრის №... გადაწყვეტილება, ქ. ბათუმში, ...ის ქ. №32-ში მდებარე 136,17 კვ.მ მანსარდაზე (მშენებარე) მ.ე-ას საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ (საკადასტრო კოდი ...).

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით №3-555/17 და №3-170/18 ადმინისტრაციული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად.

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით გ.დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი „მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების, არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 27 მარტის №მ/509 ბრძანება, მ.ე-ას ნაწილში. გ.დ-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ.ე-ამ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ და გ.დ-ემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით გ.დ-ის, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის და მ.ე-ას სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. ბათუმში, ...ის ქუჩის №32-ში მდებარე 2380 კვ.მ მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...ის“ წევრთა საკუთრებას, რომელზეც განთავსებულია მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...ის“ წევრთა 02.05.2008 წლის №13 კრების საოქმო დადგენილებით, ბინა №42-ის მესაკუთრეს, ი.ჭ-ას საკუთრებაში გადაეცა მისივე ბინის თავზე განთავსებული 79.8 კვ.მ სხვენის ფართი, რომელიც მისგან ჯერ შეიძინა ნ.დ-მა, ხოლო ამ უკანასკნელისგან, 2014 წლის 18 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მასზე საკუთრების უფლება მოიპოვა მ.ე-ამ (ს/კ...). ქ. ბათუმში, ...ის ქუჩის №32-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ბინათმესაკუთრეებმა, მოსარჩელე გ.დ-ემ, ი.ჭ-ამ, რ.ლ-ემ და ა.ბ-მა განცხადებით მიმართეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურს, რომლითაც მოითხოვეს ამ საცხოვრებელ კორპუსზე (სახლზე) დამატებითი ფართის მიშენება-რეკონსტრუქციის ნებართვა და წარადგინეს არქიტექტურული პროექტი №308. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსის 2012 წლის 19 ივნისის №801 ბრძანებით შეთანხმებულ იქნა წარდგენილი არქიტექტურული პროექტი, ხოლო 2012 წლის 12 ივლისის №288 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის სანებართვო მოწმობა. გ.დ-ემ, ი.ჭ-ამ, რ.ლ-ემ და ა.ბ-მა განახორციელეს მშენებლობა, კერძოდ, საცხოვრებელ კორპუსს გვერდიდან მიაშენეს სამი სართულის სიმაღლეზე საცხოვრებელი ფართები. ამის შედეგად წარმოიშვა, მიშენებული ფართის ბოლო, მესამე სართულის გადახურვის ქვეშ განთავსებული სხვენის სივრცე. 27.03.2017 წლის „მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების, არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის №509 ბრძანების საფუძველზე, მოქალაქეების - ი.შ-ის, რ.ლ-ის და მ.ე-ას მინდობილი პირის, ლ.ე-ას მიმართ გაიცა ქ. ბათუმში, ...ის ქუჩის №32-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-4 სართულზე (სხვენი) მანსარდული სართულის რეკონსტრუქცია-დაშენების ნებართვა, რაც გულისხმობდა სახლის კორპუსზე მე-4 მანსარდული სართულის დაშენებას 135.8 კვ.მ მოცულობის ფართზე, რომელიც შედგებოდა მ.ე-ას საკუთრებაში რიცხული, 79.8 კვ.მ სხვენის ფართისა და მის გაგრძელებაზე არსებული, 12.07.2012 წლის №288 მშენებლობის ნებართვით გ.დ-ის, ი.ჭ-ას, რ.ლ-ისა და ა.ბ-ის მიერ მიშენებული სამი სართულის ზემოდან, გადახურვის ქვეშა 56.0 კვ.მ ფართისაგან. 21.08.2017 წელს მ.ე-ას წარმომადგენელმა, ლ.ე-ამ №... განცხადებით მიმართა ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის აჭარის რეგიონულ ოფისს და მოითხოვა, უძრავ ნივთზე (ს/კ ...; მისამართი: ქ. ბათუმი, ...ის ქუჩის №32 (სხვენი)) რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია. დაინტერესებულმა პირმა სარეგისტრაციო განცხადებას დაურთო ფართის შიდა აზომვითი ნახაზი, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და ი.შ-ისა და რ.ლ-ის წერილობითი თანხმობები, მოთხოვნილი უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით. სარეგისტრაციო განცხადებაზე თანდართულ აზომვით ნახაზზე ასახულია 136.17 კვ.მ ფართობი, საიდანაც 79.80 კვ.მ წარმოადგენს მ.ე-ას საკუთრებად რეგისტრირებულ ფართობს, ხოლო 56.37 კვ.მ მშენებარე ფართობია. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 25.08.2017 წლის №... გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად დამატებით წარსადგენი იყო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი, სარეგისტრაციო უძრავი ნივთის (სხვენი 136.17 კვ.მ) დაინტერესებული პირის საკუთრებაში არსებობის ფაქტის დადასტურების თაობაზე, რაზეც გადაწყვეტილება მიღებული იქნებოდა, ამხანაგობის წევრთა 100%-ის მიერ, ხოლო 27.09.2017 წლის №... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, ვინაიდან დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარდგენილი, შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/ინფორმაცია. სარეგისტრაციო წარმოება შეწყვეტის შესახებ №... გადაწყვეტილება (27.09.2017 წ.) გასაჩივრებულ იქნა მ.ე-ას წარმომადგენლის მიერ. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 03 იანვრის №... გადაწყვეტილებით, მ.ე-ას ადმინისტრაციული საჩივარი (30.10.2017წ. №600912/17) დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის აჭარის რეგიონული ოფისის მიერ მიღებული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №... (25.08.2017) და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №... (27.09.2017) გადაწყვეტილებები. აჭარის რეგიონულ ოფისს დაევალა, №... სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით სარეგისტრაციო წარმოების განახლება და ამ გადაწყვეტილების გათვალისწინებით, ახალი გადაწყვეტილების მიღება. ადმინისტრაციული წარმოების შედეგად დადგინდა, რომ ქ. ბათუმში, ...ის ქუჩის №32-ში მდებარე №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია მოთხოვნილია, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 27 მარტის №მ/509 ბრძანებისა და №002480 მშენებლობის სანებართვო მოწმობის საფუძველზე, რომელთა მიხედვითაც, მშენებლობის ნებართვის მფლობელ პირებს წარმოადგენენ ი.შ-ე, რ.ლ-ე და მ.ე-ა, ხოლო პროექტი გულისხმობდა მანსარდული სართულის რეკონსტრუქცია-დაშენებას, ამასთან, ი.შ-ე და რ.ლ-ე თანხმობას გამოთქვამენ, რომ მ.ე-ას მიერ მოთხოვნილი, №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია განხორციელდეს, მის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიჩნია, რომ მოთხოვნა მ.ე-ას მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთის საკუთრებაში არსებობის ფაქტის დადასტურების თაობაზე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 100%-იანი კრების ოქმის წარდგენასთან დაკავშირებით, ეწინააღმდეგებოდა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს, რის გამოც სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №... გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი, ასევე, ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №... - (27.09.2017) გადაწყვეტილება, როგორც უკანონო აქტის თანმდევი სამართლებრივი შედეგი და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ №... (03.01.2018) გადაწყვეტილების შესაბამისად, რეგისტრაციის შესახებ 05.01.2018 წლის №... გადაწყვეტილებით ქ. ბათუმში, ...ის ქუჩის №32-ში მდებარე 136.17 კვ.მ მანსარდაზე (მშენებარე) აღირიცხა, მ.ე-ას საკუთრების უფლება (ს/კ ...). გ.ბ-ის მიერ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ ის ცხოვრობს ქ. ბათუმში, ...ის ქუჩის №32/39-ში. გ.დ-ე და მ.ე-ა არიან მისი მეზობლები. მ.ე-ა და გ.დ-ე ცხოვრობენ ერთ სადარბაზოში, ხოლო თვითონ გ.ბ-ი კი, მათ გვერდით სადარბაზოში. მშენებლობა აწარმოა ოთხმა პირმა - გ.დ-ემ, ი.ჭ-ამ, რ.ლ-ემ და ა.ბ-მა (მოწმის მამა). პირველად მშენებლობა განხორციელდა დ-ჭ-ას მხარეს, შემდეგ კი მის (გ.ბ-ის) მხარეს. ზუსტად იცის, რომ მ.ე-ას და (რომელიც მშენებლობას უძღვებოდა) - ლ.ე-ა და გ.დ-ე მშენებლობის ხარჯებს იყოფდნენ, მეტიც დ-ე თვითონ ხელმძღვანელობდა მშენებლობას, მისი ოჯახი ჩართული იყო სახურავის გადახურვის პროცესში, მათ მოჰქონდათ საშენი მასალა, რომელიც მის (გ.ბ-ის) ავტოფარეხში იყო დასაწყობებული. გ.დ-ე ცხოვრობს მე-2 სართულზე, მის ზემოთ ცხოვრობს მ.ე-ას დედა - ი.ჭ-ა, რომლის ზემოთ მოწყობილ იქნა ლითონის ფირფიტებით დამრეცი გადახურვა და ამ გადახურვასაც აკონტროლებდა დ-ის ოჯახი, რადგან სახურავი ჭ-სა და დ-ისთვის იყო საერთო, პირველ სართულს ამ მშენებლობაში მონაწილეობა არ მიუღია. მ.ე-ა ამბობდა, რომ სახურავის გადახურვის ხარჯები საერთო უნდა ყოფილიყო და ყველას უნდა გაეწია ეს ხარჯი, ამდენად, დ-ემ ე-სთან ერთად გადაიხადა მიშენების გადახურვის ხარჯები და ე.წ. „სხვენი“ იყო მათთვის საერთო, ეს ყველაფერი იცის იქედან, რომ ეს საქმეები წესრიგდებოდა მეზობლების თანდასწრებით. ... მოწმის განმარტებით, სახლი რომელზედაც ეხლა ხორციელდება მე-4 სართულის დაშენება არის ავარიული, ის აშენებულია 1932 წელს და ამ სახლს ექსპლუატაციის ვადა ჰქონდა 65 წელი, რომელიც კარგა ხანია გასულია, ამდენად მშენებლობა მიაჩნია უკანონოდ (იხ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 28.09.2021 წლის სხდომის ოქმი).

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონი მე-3, მე-5, მე-8, მე-10 მუხლებზე მითითებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქმეში არსებული ბმა „...ის“ 2016 წლის 21 ივლისის №2 საერთო კრების გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მ.ე-ას ამხანაგობის მიერ ნება დაერთო, განეხორციელებინა მანსარდული სართულის მშენებლობა, მის საკუთრებაში არსებულ, ანუ 79.8 კვ.მ მოცულობის სხვენის ნაწილში, ხოლო 56.37 კვ.მ მოცულობის ფართი წარმოადგენს ამხანაგობა „...ის“ წევრთა საერთო საკუთრებას, რომლის მართვა თანაბარი უფლებით ერთობლივად ეკისრება ამხანაგობის თითოეულ წევრს. შესაბამისად, პალატა ისევე როგორც საქალაქო სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას, რომ მ.ე-ას დასახელებულ სადავო ფართზე არ გააჩნდა რაიმე უპირატესობა, ამხანაგობის დანარჩენი წევრებთან მიმართებაში. 56.37 კვ.მ მოცულობის ფართი წარმოადგენს ამხანაგობა „...ის“ წევრთა საერთო საკუთრებას, ხოლო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 27 მარტის №509 ბრძანებით შეთანხმებული პროექტით განხორციელებული მშენებლობა, რაც ითვალისწინებს მანსარდული სართულის დაშენებას, ანუ ახალი საცხოვრებელი ფართის წარმოქმნას, მნიშვნელოვნად ცვლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას და გავლენას ახდენს ბმა „...ის“ სხვა დანარჩენი ბინის მესაკუთრეთა, მათ შორის მოსარჩელის მიერ ამ საერთო ქონების გამოყენებაზე, რამდენადაც მანსარდული სართულის დაშენების შედეგად მიღებულ ახალ ფართზე, მხოლოდ მ.ე-ას ინდივიდუალური საკუთრება იგულისხმება. ამხანაგობის ყველა წევრის გადაწყვეტილების გარეშე მშენებლობის წარმოება „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლით დადგენილ რეგულაციებთან შეუსაბამოა, რამდენადაც მასზე კანონიერი უფლება და ინტერესი არსებობს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის სხვა წევრების, მათ შორის მოსარჩელე გ.დ-ის მხრიდანაც. შესაბამისად, საფუძველს მოკლებულია მ.ე-ას მტკიცება, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და ამ აქტით გადაწყვეტილი საკითხის სამართლებრივი შედეგის მიმართ, მოსარჩელის რეალური და ხელშესახები ინტერესი არ არსებობს.

გ.დ-ის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასაბუთება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის 05.01.2018 წლის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის უარყოფის ნაწილში და აღნიშნა, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს, თუ ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად მითითებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. შესაბამისად, რეგისტრაციის საფუძვლის ანუ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაუქმება ქმნის რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველს. სადავო რეგისტრაცია განხორციელებულია „მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების, არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 27 მარტის №509 ბრძანების საფუძველზე, რომელიც სასამართლოს მიერ ბათილ აქტად გამოცხადდა, შესაბამისად, ამ გადაწყვტილების კანონიერ ძალაში შესვლა განაპირობებს ქ. ბათუმში, ...ის ქუჩის №32-ში მდებარე 136.17 კვ.მ მანსარდაზე (მშენებარე) მ.ე-ას საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ 2018 წლის 5 იანვრის №... გადაწყვეტილების (56.37 კვ.მ ფართის ნაწილში) ძალადაკარგულად გამოცხადებას, რაც მარეგისტრირებელი ორგანოს დისკრეციას განეკუთვნება.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ.ე-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ თითქოს „გ.დ-ემ, ი.ჭ-ამ, რ.ლ-ემ და ა.ბ-მა განახორციელეს მშენებლობა, კერძოდ, საცხოვრებელ კორპუსს გვერდიდან მიაშენეს სამი სართულის სიმაღლეზე საცხოვრებელი ფართები. ამის შედეგად წარმოიშვა, მიშენებული ფართის ბოლო, მესამე სართულის გადახურვის ქვეშ განთავსებული სხვენის სივრცე.“ აღნიშნული არასწორი ფაქტობრივი გარემოება წინააღმდეგობაში მოდის, როგორც საქმეში წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებთან (2012 წლის 12 ივლისის №288 ბრძანებით გაცემულ მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით საპროექტო დოკუმენტაცია), ასევე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული პირების - ი.ჭ-ასა და გ.ბ-ის მიერ მიცემულ ჩვენებებთან. 2012 წლის 12 ივლისის №288 ბრძანებით გაცემული მშენებლობის ნებართვა და შეთანხმებული პროექტი ითვალისწინებდა ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა №32-ში მდებარე სახლში ერთ-ერთ სადარბაზოში საცხოვრებელი ფართების მიშენებას მეორე სართულზე მდებარე გ.დ-ის კუთვნილ 76.15 კვ.მ ფართის მქონე №40 ბინაზე (ს/კ ...) და ამავე სადარბაზოში გ.დ-ის კუთვნილი ბინის თავზე არსებულ, მესამე სართულზე მდებარე, ი.ჭ-ას საკუთრებაში არსებულ 77.7 კვ.მ ფართის მქონე №42 ბინაზე. რაც შეეხება საპროექტო დოკუმენტაციაში მითითებულ ა.ბ-სა და რ.ლ-ეს, ისინი ცხოვრობდნენ ზემოაღნიშნული სახლის იმავე სადარბაზოში, მაგრამ გ.დ-ისა და ი.ჭ-ას ბინების მოპირდაპირედ, კერძოდ, ა.ბ-ი ცხოვრობდა მე-2 სართულზე გ.დ-ის ბინის მოპირდაპირედ, ხოლო რ.ლ-ე მე-3 სართულზე, ი.ჭ-ას ბინის მოპირდაპირედ. ზემოაღნიშნული პროექტით მათ საცხოვრებელ ბინებზე უნდა მომხდარიყო სადარბაზოს მხრიდან მცირე ზომის საპირფარეშოს ფართის მიშენება, რადგან საცხოვრებელ ბინებზე დამატებით საცხოვრებელი ფართები უკვე მიშენებული ქონდათ წლების წინ. აღნიშნული დასტურდება, როგორც საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსის 2012 წლის 19 ივნისის №801 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტითა და საპროექტო დოკუმენტაციაში არსებული გ.დ-ის, ი.ჭ-ას, რ.ლ-ისა და ა.ბ-ის ბინების ამონაწერებით საჯარო რეესტრიდან, მოცემული ბინების ნახაზებითა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“-ს კრების ოქმებით, ასევე სააპელაციო სასამართლოში 2021 წლის 28 სექტემბერს მოწმის სახით დაკითხული გ.ბ-ისა და ი.ჭ-ას ჩვენებებით. მოცემული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელია საპროექტო დოკუმენტაციაში არსებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“-ს 2012 წლის 02 აპრილისა და 2012 წლის 07 აპრილის კრების ოქმები. 2012 წლის 02 კრების ოქმით გ.დ-ესა და ი.ჭ-ას, როგორც ქ. ბათუმში ...ის ქ. №32-ში მდებარე ამხანაგობა ...ის წევრებს, უფლება მიეცათ მათ საცხოვრებელ ბინაზე ეზოს მხრიდან ლოჯიების მიშენებაზე. გამომდინარე იქედან, რომ სადარბაზოში მათ მოპირდაპირედ მე-2 და მე-3 სართულზე მდებარე ბინების მესაკუთრეებს უკვე ქონდათ მიშენებული ლოჯიები, მოცემულ ლოჯიებსა და ი.ჭ-ასა და გ.დ-ის მიერ თავიანთ ბინებზე მისაშენებელ ლოჯიებს შორის, სადარბაზოს მხრიდან რჩებოდა თავისუფალი სივრცე, გ.დ-ე, ი.ჭ-ა, რ.ლ-ე და ა.ბ-ი შეთანხმნენ, რომ მოცემული სივრცე გამოყენებინათ სველი წერტილების (აბანო-ტუალეტის) ასაშენებლად, როგორც ა.ბ-ისა და რ.ლ-ის მიერ უკვე მიშენებული ფართისათვის, ასევე ი.ჭ-ასა და გ.დ-ის მიერ მისაშენებელი საცხოვრებელი ფართისათვის (ლოჯისათვის). პროექტიდან გამომდინარე თავდაპირველად მიშენების სამუშაოები განახორციელა მეორე სართულზე მაცხოვრებელმა გ.დ-ემ. მოცემული ფაქტი დაადასტურა, როგორც გ.დ-ის წარმომადგენელმა, ასევე 2021 წლის 28 სექტემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ.ბ-მა (ა.ბ-ი შვილი) და ი.ჭ-ამ. ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ ჯერ მე-2 სართულზე მაცხოვრებელმა გ.დ-ემ მიაშენა თავისი ფართი, ხოლო მან მესამე სართულზე მდებარე ბინას ფართი მიაშენა 6 თვის დაგვიანებით. საკუთარი ხარჯებით მოაწყო იატაკი, ამოიყვანა კედლები და მოაწყო სახურავი. სხვა პირს, არც მის მიერ ფართის მიშენებაში და არც სახურავის მოწყობაში მონაწილეობა არ მიუღია. ი.ჭ-ამ ასევე განაცხადა, რომ გ.დ-ემ მიშენება განახორციელა თავისთვის, შესაბამისად, გ.დ-ის მიერ მოწყობილი ჭერი არ იყო საკმარისი ი.ჭ-ას მიერ იატაკის გამოსაყენებლად, რის გამოც მას აღნიშნულ ჭერზე მოუწია თავისი იატაკის მოწყობის მიზნით ბეტონის დასხმა. ი.ჭ-ამ ასევე განაცხადა, რომ მის მიერ მიშენებული ფართის ჭერისა და სწორი გადახურვის მოწყობა მან განახორციელა და სხვა პირებს აღნიშნულში მონაწილეობა არ მიუღიათ. მან ასევე განაცხადა, რომ პროექტით ბ-სა და ლ-ეს ქონდათ მხოლოდ საპირფარეშოს მიშენების უფლება, დანარჩენი ფართები მიშენებული ქონდათ გასულ წლებში. ი.ჭ-ამ განაცხადა, რომ მან თავის შვილს - მ.ე-ას მისცა მშენებლობის განხორციელების მიზნით გამოეყენებინა მის მიერ მიშენებულ ფართზე, ასევე მის მიერ მოწყობილი გადახურვის ქვეშ არსებული სივრცე, რომელიც მ.ე-ას მანსარდის გაგრძელებაზე მდებარეობდა. ის, რომ ხსენებული პროექტით ა.ბ-მა და რ.ლ-ემ მხოლოდ საპირფარეშოები მიაშენეს თავიანთ ფართს სადარბაზოს მხრიდან და ეზოს მხრიდან მიშენებები წლების უკან ქონდათ განხორციელებული, დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ა.ბ-ის შვილმა გ.ბ-მა. მან, სასამართლო სხდომაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა შემდეგი: ა.ბ-ი იყო მისი მამა, რომელიც 2012 წლის პროექტში მითითებული იყო იმიტომ, რომ მოცემული პროექტით მათ ბინას მიაშენეს სადარბაზოს მხრიდან საპირფარეშო 1.5 მეტრით, დანარჩენი მინაშენი ბინაზე მათ განახორციელეს 1994 წელს, ანალოგიურად მოიქცა რ.ლ-ე. მოწმე გ.ბ-ი ი.ჭ-ასაგან განსხვავებით აცხადებდა, რომ პროექტის ხარჯებთან ერთად გ.დ-ემ კუთვნილ, მე-2 სართულზე მდებარე ბინის მიშენების და ი.ჭ-ამ კუთვნილ, მე-3 სართულზე მდებარე ბინის მიშენების, ასევე ი.ჭ-ას ბინაზე მიშენებული ფართის გადახურვის სამუშაოები განახორციელეს ერთობლივად და ხარჯები გაიყვეს თანაბრად. მან მოცემული იმით ახსნა, რომ თითქოს სახურავი გ.დ-ეს და ი.ჭ-ას საერთო ჰქონდათ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო ვალდებული იყო, მოწმეების - გ.ბ-ისა და ი.ჭ-ას მიერ სააპელაციო სასამართლოზე მიცემული ჩვენებები შეეფასებინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, რაც სასამართლოს არ განუხორციელებია. უფრო მეტიც, სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ შეუფასებია ი.ჭ-ას მიერ მიცემული ჩვენება. გასაჩივრებული განჩინებაში საერთოდ არ არის ნახსენები მოწმის სახით ი.ჭ-ას დაკითხვისა და მის მიერ მიცემული ჩვენების შესახებ. რაც შეეხება გ.ბ-ის მიერ მიცემულ ჩვენებას, ი.ჭ-ასაგან განსხვავებით, სააპელაციო სასამართლომ განჩინებაში აღწერა მოწმის მიერ მიცემული ჩვენება ნაწილობრივ, კერძოდ, ის ნაწილი, სადაც მოწმე ამტკიცებდა გ.დ-ისა და ი.ჭ-ას მიერ მე-2 და მე-3 სართულებზე მიშენებისა და მესამე სართულის მიშენების გადახურვის ერთობლივად საერთო ხარჯებით განხორციელების ფაქტს. სასამართლომ მოცემულ ნაწილში მოწმე გ.ბ-ის ჩვენებას მისცა წინასწარ დადგენილი ძალა და არ შეაფასა ჩვენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნული მოწმის ჩვენების შეფასების შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო უნდა მისულიყო იმ დასკვნამდე, რომ მოწმის ჩვენება იყო წინააღმდეგობრივი, მოწმე უთითებდა ურთიერთგამომრიცხავ გარემოებებზე და იგი დაინტერესებული იყო საქმის შედეგით, კერძოდ: მოწმე გ.ბ-მა დასმულ კითხვაზე უპასუხა, რომ ი.ჭ-ას ბინაზე განხორციელებული მინაშენის სახურავის მოწყობაზე არც მის ოჯახს და არც პირველ სართულს თანხა არ გადაუხდიათ. მან ასევე განაცხადა, რომ სახურავთან დაკავშირებით ჭ-ს მიმართ პრეტენზიები არ ჰქონია, ლ-ის მიმართ კი შეიძლება ჰქონოდა. მოწმის ჩვენებით, სხვა პირებს, გარდა გ.დ-ისა, არც უნდა მიეღოთ მონაწილეობა ი.ჭ-ას ბინაზე განხორციელებული მინაშენის სახურავის მოწყობაზე, ვინაიდან, ი.ჭ-ა აცხადებდა, რომ სახურავი იყო მისი, თუმცა მოწმემ ასევე განმარტა, რომ გ.დ-ეს თანხა მაინც გადაახდევინაო. კითხვაზე, თუ რა იცოდა, რომ ი.ჭ-ამ გ.დ-ეს თანხა გადაახდევინა, მოწმემ უპასუხა: „აბა პროექტი როგორც უნდა გაეკეთებინათო“. კითხვაზე - ,,ხომ არ ვარაუდობდა მოწმე, რომ გ.დ-ეს უნდა გადაეხადა ი.ჭ-ას ბინაზე მიშენებული ფართის სახურავის მოწყობისათვის საჭირო თანხები’’, მოწმემ უპასუხა, რომ ,,ლ.ე-ა (ი.ჭ-ას შვილი) ეუბნებოდა, რომ თქვენც გეკუთვნით გადახდა და ამათაც თქვეს, რომ გადავიხდითო’’. რამდენი გადაიხადეს არ იცის. მოგვიანებით მოსამართლის კითხვაზე მოწმემ უპასუხა: მას მიაჩნია, რომ სახურავი ეკუთვნოდა სამივე სართულს, მაგრამ გადაწყვეტილება მიიღეს მხოლოდ მესამე სართულთან დაკავშირებით. ასევე მიაჩნია, რომ ყველაფერი არის უკანონოდ აშენებული. მოწმის განმარტებით, იგი წინააღმდეგია მ.ე-ას მიერ მშენებლობის განხორციელების, რადგან მშენებლობის დროს დაზიანდა მისი ფართი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად შეფასების შემთხვევაში, სასამართლოს უნდა გაეკეთებინა დასკვნა იმის შესახებ, რომ მოწმე გ.ბ-ი იყო დაინტერესებული საქმის შედეგით, მისი ჩვენება ვერ იქნებოდა ობიექტური, იგი ცდილობდა ემტკიცებინა, რომ თითქოს ი.ჭ-ას ბინაზე მიშენებული ფართის გადახურვა ი.ჭ-ასთან ერთად აწარმოა გ.დ-ემ, რითაც ხაზს უსვამდა იმ ფაქტს, რომ ი.ჭ-ას ბინაზე განხორციელებული მინაშენის სახურავი და სახურავის ქვეშ სივრცე მხოლოდ ი.ჭ-ას კი არ ეკუთვნოდა, არამედ ი.ჭ-ასა და გ.დ-ისათვის იყო საერთო. აღნიშნულით მოწმე იმის დამტკიცებას ცდილობდა, რომ მ.ე-ას უფლება არ ქონდა გ.დ-ის თანხმობის გარეშე მშენებლობა ეწარმოებინა ი.ჭ-ას ბინაზე მიშენებული ფართის სახურავზე, რომელიც მდებარეობდა მ.ე-ას საკუთრებაში არსებული მანსარდას გასწვრივ. ამასთანავე, მოწმე იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ არც მას და არც სხვებს არ მიუღიათ მონაწილეობა ი.ჭ-ას მიერ მიშენებული ფართის გადახურვაში, რადგან ი.ჭ-ა თვლიდა, რომ იყო მისი. მოწმე აცხადებს, რომ გ.დ-ემ ი.ჭ-ას გადაუხადა თანხა, მაგრამ არ იცის რამდენი. ასევე მისი განცხადებით, იგი თითქოს შესწრებია, თუ როგორ აკონტროლებდა გ.დ-ე სახურავის მშენებლობას, მაგრამ არ იცის რატომ განახორციელა დაგვიანებით მიშენება საკუთარ ფართზე ი.ჭ-ამ და არც ის იცის ი.ჭ-ამ მიშენება განახორციელა 6 თვის, 1 წლის თუ 3 თვის დაგვიანებით. მისივე განცხადებით შესაძლებელია აღნიშნული გამოწვეული იყო იმით, რომ ი.ჭ-ას არ გააჩნდა ფინანსები მშენებლობის საწარმოებლად. მოწმის აღნიშნული განცხადება კი გამორიცხავს ი.ჭ-ასა და გ.დ-ის მიერ სამშენებლო სამუშაოების, მათ შორის, ი.ჭ-ას ბინაზე მიშენებული სახურავის ერთობლივად აშენების ფაქტს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეუძლებელია მოწმე გ.ბ-ის ჩვენების საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიეჩნია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რაიმე გარემოება. საყურადღებოა, რომ 2021 წლის 28 სექტემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე გ.დ-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ი.ჭ-ას ბინაზე მიშენებული ფართის სახურავის მოწყობაზე ხარჯის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლოსათვის არ წარუდგენია და ვერც წარმოადგენდა, რადგან დიდი დროა გასული.

კასატორის განმარტებით, რეალურად ადგილი არ ჰქონია არც სამშენებლო მასალების ერთობლივად შეძენასა და არც სამშენებლო სამუშაოების ერთობლივად განხორცილებას. გ.დ-ემ განახორციელა მხოლოდ თავის კუთვნილ, მე-2 სართულზე მდებარე ბინაზე მიშენება, ხოლო ი.ჭ-ამ განახორციელა როგორც მის კუთვნილ მე-3 სართულზე მდებარე ბინაზე მიშენება, ასევე მიშენებული ფართის გადახურვა. შესაბამისად, მის ბინაზე მიშენებული ფართი მისი ინდივიდუალური საკუთრების ობიექტი, ხოლო მოცემული ფართის გადახურვა და გადახურვის ქვეშ არსებული სივრცე - მის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართის შემადგენელი ნაწილი იყო.

კასატორის განმარტებით, საქმეში არსებული მტკიცებულებების, მათ შორის წერილობითი მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად შეფასების შედეგად, სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული არასწორი ფაქტობრივი გარემოების ნაცვლად უნდა დაედგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2012 წლის 12 ივლისის №288 ბრძანებით გაცემული მშენებლობის ნებართვა და შეთანხმებული პროექტი ითვალისწინებდა საცხოვრებელი ფართების მიშენებას, კერძოდ, ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა №32-ში მდებარე სახლში ერთ-ერთ სადარბაზოში საცხოვრებელი ფართების მიშენებას მეორე სართულზე მდებარე გ.დ-ის კუთვნილ 76.15 კვ.მ ფართის მქონე №40 ბინაზე (ს/კ ...) და ამავე სადარბაზოში გ.დ-ის კუთვნილი ბინის თავზე არსებულ, მესამე სართულზე მდებარე, ი.ჭ-ას საკუთრებაში არსებულ 77.7 კვ.მ ფართის მქონე №42 ბინაზე. რაც შეეხება საპროექტო დოკუმენტაციაში მითითებულ ა.ბ-სა და რ.ლ-ეს, ისინი ცხოვრობდნენ ზემოაღნიშნული სახლის იმავე სადარბაზოში, მაგრამ გ.დ-ისა და ი.ჭ-ას ბინების მოპირდაპირედ, კერძოდ: ა.ბ-ი ცხოვრობდა მე-2 სართულზე გ.დ-ის ბინის მოპირდაპირედ, ხოლო რ.ლ-ე - მე-3 სართულზე, ი.ჭ-ას ბინის მოპირდაპირედ. ზემოაღნიშნული პროექტით მათ საცხოვრებელ ბინებზე უნდა მომხდარიყო სადარბაზოს მხრიდან მცირე ზომის საპირფარეშოს ფართის მიშენება, რადგან საცხოვრებელ ბინებზე დამატებით საცხოვრებელი ფართები უკვე მიშენებული ჰქონდათ წლების წინ. 2012 წლის 12 ივლისის №288 ბრძანებით გაცემული მშენებლობის ნებართვისა და შეთანხმებული პროექტის საფუძველზე, გ.დ-ემ თავისი ხარჯით განახორციელა მე-2 სართულზე მდებარე თავის კუთვნილ ბინაზე საცხოვრებელი ფართის მიშენება, ხოლო ი.ჭ-ამ თავისი ხარჯით განახორციელა მე-3 სართულზე მდებარე თავის კუთვნილ ბინაზე როგორც საცხოვრებელი ფართის მიშენება, ასევე მიშენებული ფართის სწორი გადახურვა, რომელიც იმდენად მცირე სიმაღლისაა, რომ შეუძლებელია მოცემული გადახურვის ქვეშ არსებულ სივრცეს ეწოდოს სხვენი და მისი გამოყენება რაიმე დანიშნულებით, გარდა იმისა, რომ წარმოადგენს ი.ჭ-ას ინდივიდუალური საკუთრების ფართის გადახურვას, შეუძლებელია. შესაბამისად, როგორც გადახურვა, ასევე გადახურვის ქვეშ არსებული სივრცე წარმოადგენდა არა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო საკუთრებას, არამედ ი.ჭ-ას ინდივიდუალური საკუთრების არსებით შემადგენელ ნაწილსა და ინდივიდუალური საკუთრების ობიექტს. 2012 წლის 12 ივლისის №288 ბრძანებით გაცემულ მშენებლობის ნებართვისა და შეთანხმებული პროექტის საფუძველზე, რ.ლ-ესა და ა.ბ-ს თავიანთ ბინებზე არ განუხორციელებიათ საცხოვრებელი ფართების მიშენება, აღნიშნული მათ, პირველი სართულის ბინების მსგავსად, რამდენიმე წლით ადრე განახორციელეს. აღნიშნული პროექტით მათ განახორციელეს სადარბაზოს მხრიდან სველი წერტილების (აბანო-ტუალეტის) მიშენება, ამასთანავე მოცემული ფართები არ მდებარეობენ ი.ჭ-ას ფართის ქვეშ და მესამე სართულზე მაცხოვრებელმა რ.ლ-ემ თავად განახორციელა მიშენებული აბანო-ტუალეტის ფართის გადახურვა.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ „სახლის კორპუსზე მ.ე-ას მიერ მე-4 სართულზე - მანსარდული სართულის დაშენება 135.8 კვ.მ მოცულობის ფართზე, მოიცავდა 12.07.2012 წლის №288 მშენებლობის ნებართვით გ.დ-ის, ი.ჭ-ას, რ.ლ-ისა და ა.ბ-ის მიერ მიშენებული სამი სართულის ზემოდან, გადახურვის ქვეშა 56.0 კვ.მ ფართსაც“, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს უნდა დაედგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2012 წლის 12 ივლისის №288 ბრძანებით გაცემულ მშენებლობის ნებართვა და შეთანხმებული პროექტი ითვალისწინებდა საცხოვრებელი ფართების მიშენებას ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა №32-ში მდებარე სახლის ერთ-ერთ სადარბაზოში მეორე სართულზე მდებარე გ.დ-ის კუთვნილ 76.15 კვ.მ ფართის მქონე №40 ბინაზე (ს/კ ...) და ამავე სადარბაზოში გ.დ-ის კუთვნილი ბინის თავზე არსებულ, მესამე სართულზე მდებარე, ი.ჭ-ას საკუთრებაში არსებულ 77.7 კვ.მ ფართის მქონე №42 ბინაზე. რაც შეეხება საპროექტო დოკუმენტაციაში მითითებულ ა.ბ-სა და რ.ლ-ეს, ისინი ცხოვრობდნენ ზემოაღნიშნული სახლის იმავე სადარბაზოში, მაგრამ გ.დ-ისა და ი.ჭ-ას ბინების მოპირდაპირედ. კერძოდ: ა.ბ-ი ცხოვრობდა მე-2 სართულზე გ.დ-ის ბინის მოპირდაპირედ, ხოლო რ.ლ-ე მე-3 სართულზე, ი.ჭ-ას ბინის მოპირდაპირედ. ზემოაღნიშნული პროექტით მათ საცხოვრებელ ბინებზე უნდა მომხდარიყო სადარბაზოს მხრიდან მცირე ზომის საპირფარეშოს ფართის მიშენება, რადგან საცხოვრებელ ბინებზე დამატებით საცხოვრებელი ფართები უკვე მიშენებული ჰქონდათ წლების წინ. 2012 წლის 12 ივლისის №288 ბრძანებით გაცემული მშენებლობის ნებართვისა და შეთანხმებული პროექტის საფუძველზე, გ.დ-ემ თავისი ხარჯით განახორციელა მე-2 სართულზე მდებარე თავის კუთვნილ ბინაზე საცხოვრებელი ფართის მიშენება, ხოლო ი.ჭ-ამ - მე-3 სართულზე მდებარე თავის კუთვნილ ბინაზე, როგორც საცხოვრებელი ფართის მიშენება, ასევე მიშენებული ფართის სწორი გადახურვა, რომელიც იმდენად მცირე სიმაღლისაა, რომ შეუძლებელია მოცემული გადახურვის ქვეშ არსებულ სივრცეს ეწოდოს სხვენი და მისი გამოყენება რაიმე დანიშნულებით, გარდა იმისა, რომ წარმოადგენს ი.ჭ-ას ინდივიდუალური საკუთრების ფართის გადახურვას, შეუძლებელია. შესაბამისად, როგორც გადახურვა, ასევე გადახურვის ქვეშ არსებული სივრცე წარმოადგენდა არა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო საკუთრებას, არამედ ი.ჭ-ას ინდივიდუალური საკუთრების არსებით შემადგენელ ნაწილს, ინდივიდუალური საკუთრების ობიექტს. შესაბამისად, არასწორია სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ „სახლის კორპუსზე მ.ე-ას მიერ მე-4 სართულზე მანსარდული სართულის დაშენება 135.8 კვ.მ მოცულობის ფართზე, მოიცავდა 12.07.2012 წლის №288 მშენებლობის ნებართვით გ.დ-ის, ი.ჭ-ას, რ.ლ-ისა და ა.ბ-ის მიერ მიშენებული სამი სართულის ზემოდან, გადახურვის ქვეშა 56.0 კვ.მ ფართსაც.“ მოცემულის ნაცვლად სასამართლოს დადგენილად უნდა მიეჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ „სახლის კორპუსზე მ.ე-ას მიერ მე-4 სართულზე მანსარდული სართულის დაშენება 135.8 კვ.მ მოცულობის ფართზე, მოიცავდა 12.07.2012 წლის №288 მშენებლობის ნებართვის საფუძველზე ი.ჭ-ას მიერ, მესამე სართულზე მდებარე საკუთარ ბინაზე, საკუთარი ხარჯებით მიშენებული ფართის, საკუთარი ხარჯებით მოწყობილ გადახურვის ქვეშ არსებულ 56 კვ.მ სივრცეს, რომელიც წარმოადგენდა ი.ჭ-ას ინდივიდუალური საკუთრების შემადგენელ ნაწილსა და მის ინდივიდუალური საკუთრების ობიექტს, ანუ სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება სრულყოფილად შემდეგი შინაარსის უნდა ყოფილიყო: „27.03.2017 წლის „მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების, არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის №509 ბრძანების საფუძველზე, მოქალაქეების - ი.შ-ის, რ.ლ-ის და მ.ე-ას მინდობილი პირის, ლ.ე-ას მიმართ გაიცა ქ. ბათუმში, ...ის ქუჩის №32-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-4 სართულზე (სხვენი) მანსარდული სართულის რეკონსტრუქცია-დაშენების ნებართვა, რაც გულისხმობდა სახლის კორპუსზე მე-4 მანსარდული სართულის დაშენებას 135.8 კვ.მ მოცულობის ფართზე, რომელიც შედგებოდა მ.ე-ას საკუთრებაში რიცხული, 79.8 კვ.მ სხვენის ფართისა და მის გაგრძელებაზე არსებული, 12.07.2012 წლის №288 მშენებლობის ნებართვის საფუძველზე ი.ჭ-ას მიერ, მესამე სართულზე მდებარე საკუთარ ბინაზე, საკუთარი ხარჯებით მიშენებული ფართის, საკუთარი ხარჯებით მოწყობილ გადახურვის ქვეშ არსებულ 56 კვ.მ სივრცეს, რომელიც წარმოადგენდა ი.ჭ-ას ინდივიდუალური საკუთრების შემადგენელ ნაწილსა და მის ინდივიდუალური საკუთრების ობიექტს. “

კასატორის განმარტებით, საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილი ბმა „...ის“ 2016 წლის 21 ივლისის №2 საერთო კრების გადაწყვეტილებით ამხანაგობამ რეალურად მ.ე-ას ნება დართო არა მის საკუთრებაში არსებული სხვენის ნაწილში მანსარდული სართულის მშენებლობაზე, არამედ თანხმობა მისცა მშენებლობაზე, რომლითაც იზრდებოდა მის საკუთრებაში არსებული ფართის ოდენობა. მოცემული დასტურდება, როგორც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ საქართველოს კანონის 101 მუხლის დანაწესით. მოცემული სამართლებრივი ნორმის ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე ნათელია, რომ თუკი მ.ე-ა განახორციელებდა მანსარდული სართულის მშენებლობას მხოლოდ მის საკუთრებაში არსებულ სხვენში, მას საერთოდ არ ესაჭიროებოდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა თანხმობა. შესაბამისად, მ.ე-ა ითხოვდა ამხანაგობის წევრების თანხმობას მანსარდული სართულის მშენებლობის განხორციელებაზე არა მხოლოდ მის საკუთრებაში არსებულ სხვენში, არამედ მისი სხვენის გაგრძელებაზე არსებულ, ი.ჭ-ას მიერ მიშენებული ფართის გადახურვის ქვეშ არსებულ სივრცეში, რომელიც ი.ჭ-ას ინდივიდუალური საკუთრების ობიექტს წარმოადგენდა. ანუ მოთხოვნილი მშენებლობით იზრდებოდა მ.ე-ას საკუთრებაში არსებული ფართის ოდენობა, რაც საჭიროებდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრების 2/3-ის თანხმობას. საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილია, როგორც ბმა „...ის“ 2016 წლის 21 ივლისის №2 საერთო კრების ოქმი, ასევე მოცემული ოქმის დანართი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ...ის ამხანაგობის წევრების ხელმოწერები იმის შესახებ, თუ რაზე განუცხადეს თანხმობა მ.ე-ას. ამხანაგობის წევრების (ორმოცი წევრი აწერს ხელს) მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში მითითებულია, რომ მოცემულ დოკუმენტზე ხელმომწერები თანხმობას უცხადებენ მ.ე-ას, რ. ლ-ესა და დ.გ-ას, განახორციელონ სხვენის დარჩენილ ნაწილში მანსარდული მშენებლობა. მოცემულ დოკუმენტში საუბარი არაა არც სხვენის კუთვნილებაზე და არც იმ სხვენის კვადრატულობაზე, სადაც მანსარდული მშენებლობა უნდა განხორციელებულიყო. სხვენის დარჩენილ ნაწილში ამხანაგობის წევრები გულისხმოდნენ მ.ე-ას, რ. ლ-ისა და დ.გ-ას საკუთრებაში არსებული სხვენების გაგრძელებაზე არსებულ სივრცეებს, რომლებიც არ წარმოადგენდა მათ საკუთრებას. ამასთანავე, რ. ლ-ისა და დ.გ-ასაგან განსხვავებით, მ.ე-ას სხვენის გაგრძელებაზე ი.ჭ-ას მიერ მიშენებული ფართის გადახურვის ქვეშ არსებული სივრცე არსებობდა. ამხანაგობის წევრების მიერ ხელმოწერილი თანხმობის დოკუმენტის ტექსტის შინაარსი და ბმა „...ის“ 2016 წლის 21 ივლისის №2 საერთო კრების ოქმის შინაარსი ერთმანეთისაგან ერთი სიტყვით განსხვავდება, კერძოდ, კრების ოქმში მიეთითა მანსარდული სართულის განხორცილებაზე „მათ საკუთრებაში არსებული სხვენის დარჩენილ ნაწილში“, რაც როგორც ალოგიკური, ასევე ბუნდოვანი ჩანაწერია, კერძოდ, „სხვენის დარჩენილ ნაწილში“ ვერანაირად ვერ მოიაზრება მ.ე-ას, რ. ლ-ისა და დ.გ-ას კუთვნილი სხვენის ნაწილები, რადგან მათ თავიანთ სხვენებში მშენებლობა შეეძლოთ ეწარმოებინათ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრების თანხმობის გარეშე. გამომდინარე იქედან, რომ მ.ე-ა, რ. ლ-ე და დ.გ-ა ამხანაგობისაგან ითხოვდნენ თანხმობას, მანსარდული სართულის მშენებლობა ეწარმოებინათ არა მხოლოდ თავიანთ კუთვნილ სხვენებში, არამედ სხვენების გაგრძელებაზე არსებულ სივრცეებში, კრების ოქმში მითითებულ „სხვენის დარჩენილ ნაწილებში“ სწორედ მოცემული სივრცეები იგულისხმება და არა მათი კუთვნილი სხვენის ნაწილები. მ.ე-ას ნაწილში მისი კუთვნილი სხვენის გასწვრივ ი.ჭ-ას მიერ მიშენებული ფართის გადახურვის ქვეშ არსებული სივრცე არსებობდა, რომელიც ი.ჭ-ას ინდივიდუალური საკუთრების ობიექტს წარმოადგენდა. საყურადღებოა, რომ როგორც ამხანაგობის წევრების მიერ ხელმოწერილი თანხმობის დოკუმენტის ტექსტის შინაარსი, ასევე ბმა „...ის“ 2016 წლის 21 ივლისის №2 საერთო კრების ოქმი, ფაქტობრივად, ერთ დოკუმენტს წარმოადგენს, შესაბამისად, მოცემული დოკუმენტის, როგორც ამხანაგობის წევრებს შორის დადებული გარიგების შეფასება უნდა მომხდარიყო, როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, ასევე სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, რომლის მიხედვით, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ის ფაქტი, რომ ამხანაგობის წევრებმა მ.ე-ას, რ. ლ-ესა და დ.გ-ას თანხმობა განუცხადეს მათი სხვენების გაგრძელებაზე არსებულ სივრცეებში მანსარდული სართულის მშენებლობაზე, დასტურდება იმითაც, რომ თანხმობის დოკუმენტზე ხელმომწერ ამხანაგობის წევრებს სადავოდ არ გაუხდიათ - მ.ე-აზე, რ. ლ-ესა და ი.შ-ეზე გაცემული მშენებლობის ნებართვა. არც ამხანაგობის წევრების მიერ ხელმოწერილი თანხმობის დოკუმენტში და არც ბმა „...ის“ 2016 წლის 21 ივლისის №2 საერთო კრების ოქმში საერთოდ არაა ნათქვამი არც იმ სხვენების კვადრატულობაზე, სადაც მანსარდული სართულის მშენებლობა უნდა განხორციელდეს და არც საერთო საკუთრებაში არსებულ 56.37 კვ.მ მოცულობის ფართზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, არასწორია სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ „საქმეში არსებული ბმა „...ის“ 2016 წლის 21 ივლისის №2 საერთო კრების გადაწყვეტილებით მ.ე-ას ამხანაგობის მიერ ნება დაერთო, განეხორციელებინა მანსარდული სართულის მშენებლობა, მის საკუთრებაში არსებულ, ანუ 79.8 კვ.მ მოცულობის სხვენის ნაწილში, ხოლო 56.37 კვ.მ მოცულობის ფართი წარმოადგენს ამხანაგობა „...ის“ წევრთა საერთო საკუთრებას.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ აქვს დასაბუთებული, თუ რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ მ.ე-ას კუთვნილი სხვენის გაგრძელებაზე არსებული, ი.ჭ-ას მიერ მიშენებული ფართის გადახურვის ქვეშ არსებული 56.37 კვ.მ მოცულობის სივრცე, წარმოადგენდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საკუთრებას. აღნიშნულთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია სააპელაციო სასამართლოს მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ იგი იზიარებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოცემული გარემოებების სამართლებრივ შეფასებას.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების 6.5. პუნქტში მითითებულია შემდეგი: „სასამართლოს მიერ დადგენილია და უდავო, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 27 მარტის №509 ბრძანების საფუძველზე დამტკიცებული პროექტის თანახმად, შეთანხმებული მშენებლობა გულისხმობს მე-4 მანსარდული სართულის დაშენებას 135.8 კვ.მ მოცულობის ფართზე, რომლის ნაწილი წარმოადგენს №288 მშენებლობის ნებართვით გ.დ-ის, ი.ჭ-ას, რ.ლ-ისა და ა.ბ-ის მიერ მიშენებული სამი სართულის ზემოდან, გადახურვის ქვეშ არსებულ 56.37 კვ.მ იმ ფართს, რაც „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, ბმა „...ის“ წევრთა საერთო ქონებას წარმოადგენს. ამასთან, შეთანხმებული პროექტით გათვალისწინებული მშენებლობა გულისხმობს, ამხანაგობის კუთვნილი სხვა საერთო ქონების გამოყენებასაც, როგორიცაა მრავალბინიანი სახლის მზიდი და შემომზღუდავი არამზიდი (ფასადის) კონსტრუქციები და სხვა, რამდენადაც ამის გარეშე მშენებლობის ფიზიკური განხორციელება შეუძლებელია. სამი სართულის გადახურვის ქვეშ არსებული 56.37 კვ.მ სადავო ფართი ინდივიდუალურ საკუთრებად ვერ ჩაითვლება, რადგანაც ასეთი სივრცის ფაქტობრივი გამოყენება და სარგებლობა ფიზიკურადაც შეუძლებელია და არც თავად მ.ე-ა არ მიუთითებს, ამ მდგომარებით ფართის გამოყენებისა და სარგებლობის შესაძლებლობის შესახებ. სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული მახასიათებლების მქონე ფართი არ შედის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლით ჩამოყალიბებულ, ინდივიდუალური საკუთრების რომელიმე განსაზღვრებაში. ამასთან, ფართის კატეგორიის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ იგი შექმნილია ბმა „...ის“ წევრების, მოსარჩელე გ.დ-ის, ი.ჭ-ას, რ.ლ-ისა და ა.ბ-ის მიერ განხორციელებული მშენებლობის და მათ მიერ გაწეული ხარჯების შედეგად, რაშიც მ.ე-ას რაიმე მონაწილეობა არ მიუღია.“

კასატორის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა (აპელაციამ განაცხადა, რომ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ შეფასებებს) იმით არის საყურადღებო, რომ სასამართლოს აზრით, ფართის კატეგორიის განსაზღვრისას მნიშვნელობა აქვს, ვის მიერ გაწეული ხარჯებით არის ის შექმნილი. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ 56.37 კვ.მ სადავო ფართი წარმოადგენს არა სამი სართულის გადახურვის ქვეშ არსებულ სივრცეს, არამედ ი.ჭ-ას მიერ საკუთარი ხარჯებით მიშენებული ფართის, მის მიერვე მისივე ხარჯებით მოწყობილი სახურავის ქვეშ არსებულ სივრცეს, რომლის გამოყენება და სარგებლობაც სხვა დანიშნულებით შეუძლებელია, გარდა იმისა რომ წარმოადგენდა ი.ჭ-ას მიშენებული ფართის სახურავს. ამასთანავე, საქმეში არ არის წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა ი.ჭ-ას მიშენებული ფართის, ასევე მოცემული ფართის სახურავის მშენებლობაში ამხანაგობის რომელიმე სხვა წევრის მონაწილეობის ფაქტი. შესაბამისად, როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებს დადგენილად უნდა მიეჩნიათ, რომ მოცემული სივრცე წარმოადგენდა ი.ჭ-ას ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართის შემადგენელ ნაწილს და ინდივიდუალური საკუთრების ობიექტს. რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ მსგავსი კატეგორიის ფართი არ შეიძლება იყო ინდივიდუალური საკუთრების ობიექტი, არ შეესაბამება „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონს, რადგან მოცემული კანონის მიხედვით, სახურავი და მის ქვეშ არსებული სივრცე შეიძლება იყოს როგორც საერთო საკუთრების, ასევე ინდივიდუალური საკუთრების ობიექტი, კერძოდ, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას წარმოადგენს (დ) მრავალბინიანი სახლის ვესტიბიულები, სადარბაზოები, დერეფნები, კიბის უჯრედები, სარდაფები, სხვენები, საქვაბეები, ტექნიკური სართულები, სახურავები, ლიფტები, სხვადასხვა დანიშნულების შახტები, არხები, ნაგავგამტარები, ბუნკერები და ა. შ., რომლებიც არ იმყოფება ინდივიდუალურ საკუთრებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებს უნდა დაესაბუთებინათ, თუ რა მტკიცებულების საფუძველზე მიიჩნიეს ი.ჭ-ას მიერ მიშენებული ფართის სახურავი (სახურავის ქვეშ არსებული სივრცე) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო საკუთრებად და რატომ არ მიიჩნიეს მოცემული სახურავი და სახურავის ქვეშ არსებული სივრცე ი.ჭ-ას ინდივიდუალურ საკუთრებად.

ასევე არასწორია სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ: „ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 27 მარტის №509 ბრძანებით შეთანხმებული პროექტით განხორციელებული მშენებლობა, რაც ითვალისწინებს მანსარდული სართულის დაშენებას, ანუ ახალი საცხოვრებელი ფართის წარმოქმნას, მნიშვნელოვნად ცვლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას და გავლენას ახდენს ბმა „...ის“ სხვა დანარჩენი ბინის მესაკუთრეთა, მათ შორის მოსარჩელის მიერ ამ საერთო ქონების გამოყენებაზე, რამდენადაც მანსარდული სართულის დაშენების შედეგად მიღებულ ახალ ფართზე, მხოლოდ მ.ე-ას ინდივიდუალური საკუთრება იგულისხმება.“ სააპელაციო ინსტანციის სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, შესაბამისად, იგი დაეთანხმა მოცემული ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმის შესახებ, რომ ი.ჭ-ას მიერ მიშენებული ფართის სახურავსა და სახურავის ქვეშ არსებული სივრცის (აღნიშნულს პირველი ინსტანციის სასამართლო სამი სართულის გადახურვის ქვეშ არსებულ სივრცედ მოიხსენიებს) გამოყენება და სარგებლობა შეუძლებელია, ანუ მოცემული სახურავითა და მის ქვეშ არსებული სივრცით, მისი შექმნის დღიდან არ უსარგებლიათ (ვერ ისარგებლებდნენ ვერც სახურავის განლაგებისა და სახურავის ქვეშ არსებული სივრცის მოცულობის გამო) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრებს, იგი მხოლოდ მ.ე-ას დედის - ი.ჭ-ას სარგებლობის ობიექტს წარმოადგენდა, როგორც მის მიერ მიშენებული ფართის სახურავი. მოცემული ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მ.ე-ას მიერ მშენებლობის პროცესში აღნიშნული სახურავისა და მის ქვეშ არსებული სივრცის გამოყენება ვერანაირად ვერ იქონიებდა გავლენას მოცემული სახურავისა და მის ქვეშ არსებული სივრცის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრების მხრიდან გამოყენებაზე, რადგან ასეთ გამოყენებას არასოდეს ჰქონია ადგილი. შესაბამისად, არასწორია სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ „ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 27 მარტის №509 ბრძანებით შეთანხმებული პროექტით განხორციელებული მშენებლობა, რაც ითვალისწინებს მანსარდული სართულის დაშენებას, ანუ ახალი საცხოვრებელი ფართის წარმოქმნას, მნიშვნელოვნად ცვლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას და გავლენას ახდენს ბმა „...ის“ სხვა დანარჩენი ბინის მესაკუთრეთა, მათ შორის მოსარჩელის მიერ ამ საერთო ქონების გამოყენებაზე.“

კასატორის განმარტებით, სამართლოს უნდა დაედგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 1. 2012 წელს გაცემული მშენებლობის ნებართვის საფუძველზე, ი.ჭ-ამ განახორციელა ქ. ბათუმში, ...ის ქ. №32-ში, მესამე სართულზე მის საკუთრებაში არსებულ ბინაზე 56.37 კვ.მ ფართის მიშენება და გადახურვა საკუთარი ხარჯებით; 2. ი.ჭ-ას მიერ საკუთარ ბინაზე მიშენებული ფართის სახურავისა და მოცემული სახურავის ქვეშ არსებული სივრცით სარგებლობის შესაძლებლობა არ გააჩნიათ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის სხვა წევრებს. მოცემული სახურავის ერთადერთი დანიშნულება იყო ის, რომ იგი იყო ი.ჭ-ას მიერ მიშენებული ფართის სახურავი და მოცემული ფართის შემადგენელი ნაწილი. შესაბამისად, იგი წარმოადგენდა არა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საკუთრებას, არამედ ი.ჭ-ას ინდივიდუალური საკუთრების შემადგენელ ნაწილსა და ინდივიდუალური საკუთრების ობიექტს; 3. მ.ე-ას მიერ მანსარდული სართულის მშენებლობა, რომელმაც მოიცვა არა მხოლოდ ი.ჭ-ას მიერ მ.ე-ას საკუთრებაში არსებული სხვენის ფართი, არამედ მიშენებულ ფართზე მოწყობილი სახურავის სივრცე, განხორციელდა ი.ჭ-ასთან შეთანხმებით; 4. „27.03.2017 წლის „მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების, არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის №509 ბრძანების საფუძველზე, მოქალაქეების - ი.შ-ის, რ.ლ-ის და მ.ე-ას მინდობილი პირის, ლ.ე-ას მიმართ გაიცა ქ. ბათუმში, ...ის ქუჩის №32-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-4 სართულზე (სხვენი) მანსარდული სართულის რეკონსტრუქცია-დაშენების ნებართვა, რაც გულისხმობდა სახლის კორპუსზე მე-4 მანსარდული სართულის დაშენებას 135.8 კვ.მ მოცულობის ფართზე, რომელიც შედგებოდა მ.ე-ას საკუთრებაში რიცხული 79.8 კვ.მ სხვენის ფართისა და მის გაგრძელებაზე არსებული, 12.07.2012 წლის №288 მშენებლობის ნებართვის საფუძველზე, ი.ჭ-ას მიერ, მესამე სართულზე მდებარე საკუთარ ბინაზე, საკუთარი ხარჯებით მიშენებული ფართის, საკუთარი ხარჯებით მოწყობილი გადახურვის ქვეშ არსებული 56 კვ.მ სივრცისაგან, რომელიც წარმოადგენდა ი.ჭ-ას ინდივიდუალური საკუთრების შემადგენელ ნაწილსა და მის ინდივიდუალური საკუთრების ობიექტს; 5. საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილი ბმა „...ის“ 2016 წლის 21 ივლისის №2 საერთო კრების გადაწყვეტილებითა და მოცემული გადაწყვეტილების განუყოფელი ნაწილით - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“-ს წევრების მიერ განხორციელებული ხელმოწერილი თანხმობით, მ.ე-ას უფლება მიეცა მანსარდული სართულის მშენებლობაზე, როგორც მის საკუთრებაში არსებულ სხვენში, ასევე მოცემული სხვენის გაგრძელებაზე არსებულ, ი.ჭ-ას მიერ მიშენებული ფართის სახურავის ქვეშ არსებულ სივრცეში (ი.ჭ-ას ინდივიდუალური საკუთრების, კერძოდ, ბინაზე მიშენებული ფართის შემადგენელი ნაწილი); 6. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 27 მარტის №509 ბრძანებით შეთანხმებული პროექტით განხორციელებული მშენებლობა, რაც ითვალისწინებს მანსარდული სართულის დაშენებას, არ ცვლიდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას და გავლენას არ ახდენდა მათი მხრიდან საერთო ქონების გამოყენებაზე.

კასატორის განმარტებით, მოცემული ფაქტობრივი გარემოებების დადგენა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც, ისინი ადასტურებენ გ.დ-ის იურიდიული ინტერესის არარსებობას მის მირ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის მიმართ.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ სადავო ურთიერთობის მოსაწესრიგებლად არასწორად გამოიყენა და არასწორად განმარტა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლი. სასამართლომ სადავო 56.37 კვ.მ სახურავის ფართი მიიჩნია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო საკუთრებად და განმარტა, რომ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მოცემული ფართის განკარგვა უნდა მომხდარიყო ერთხმად, რადგან მასზე უფლება გააჩნდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრს - გ.დ-ეს.

კასატორის განმარტებით, ზემოაღნიშნული ფართი არ წარმოადგენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო საკუთრებას და შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობა მცდარია, მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ აღნიშნული ფართი მართლაც იქნება მიჩნეული ამხანაგობის წევრთა საერთო საკუთრებად, სადავო საკითხის გადასაწყვეტად მაინც არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს „ბინათმესაკუთრეთა შესახებ საქართველოს კანონის“ მე-10 მუხლი. მოცემული მუხლის პირველი ნაწილით რეგულირდება ისეთი ურთიერთობა, სადაც ადგილი აქვს ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების განვითარებას, რომელიც გავლენას უნდა ახდენდეს სხვა ბინის მესაკუთრეთა მხრიდან აღნიშნული ქონებით სარგებლობაზე. ამავე კანონში განმარტებულია, თუ რას ნიშნავს ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების განვითარება. მოცემულ შემთხვევაში შეუძლებელია ადგილი ჰქონდეს საერთო ქონების განვითარებას, რადგან სადავო ადმინისტრაციული აქტი ითვალისწინებდა მ.ე-ას ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართის რეკონსტრუქციას. ამასთანავე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტით გათვალისწინებული ქმედება რომც მივიჩნიოთ საერთო ქონების განვითარებად, ადგილი არ აქვს აღნიშნული განვითარებით სადავოდ გამხდარი ფართის გამოყენებაზე ზეგავლენის მოხდენას, რადგან თავად სასამართლომ მიიჩნია დადგენილად, რომ სხვა ბინათმესაკუთრეთა მხრიდან, მათ შორის მოსარჩელის მხრიდან სადავო ფართის გამოყენება იმთავითვე შეუძლებელი იყო. ანუ მოცემული სახურავითა და მის ქვეშ არსებული სივრცით, მისი შექმნის დღიდან არ უსარგებლიათ (ვერ ისარგებლებდნენ ვერც სახურავის განლაგებისა და სახურავის ქვეშ არსებული სივრცის მოცულობის გამო) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრებს, იგი მხოლოდ მ.ე-ას დედის - ი.ჭ-ას სარგებლობის ობიექტს წარმოადგენდა, როგორც მის მიერ მიშენებული ფართის სახურავი. მოცემული ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მ.ე-ას მიერ მშენებლობის პროცესში აღნიშნული სახურავისა და მის ქვეშ არსებული სივრცის გამოყენება ვერანაირად ვერ იქონიებდა გავლენას მოცემული სახურავისა და მის ქვეშ არსებული სივრცის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრების მხრიდან გამოყენებაზე, რადგან ასეთ გამოყენებას არასოდეს ჰქონია ადგილი. შესაბამისად, სადავო ურთიერთობის გადასაწყვეტად სასამართლოს უნდა გამოეყენებინა ამავე კანონის 101 მუხლი, რადგან მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს ინდივიდუალური ქონების განვითარებას. დასახელებული მუხლის ლებპირველი ნაწილის თანახმად, საერთოდ არ იყო საჭირო ამხანაგობის კრების გადაწყვეტა მ.ე-ას მხრიდან მის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართში სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარებისათვის. თუ იმ ფაქტსაც გავითვალისწინებთ, რომ ი.ჭ-ას მიერ მიშენებულ ფართში მოწყობილი სახურავის ფართიც ი.ჭ-ას ინდივიდუალურ საკუთრებას წარმოადგენდა, ასევე საჭირო არ იყო მოცემულ ფართში სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოებისათვის ამხანაგობის კრების გადაწყვეტილება. ამასთანავე მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ რადგან, სადავო ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე განხორციელებული მშენებლობით უნდა გაზრდილიყო მ.ე-ას ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართი, აღნიშნულს სჭირდებოდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა 2/3-ის ხმებით მიღებული გადაწყვეტილება, რაც საქმეში წარმოდგენილია კიდეც (მოცემული კრების ოქმი სადავოდ გამხდარი არ არის). იმ შემთხვევაში, თუკი ჩაითვლება, რომ ი.ჭ-ას მიერ მის მიერვე მიშენებულ ფართზე მოწყობილი სახურავი ამხანაგობის წევრთა საერთო საკუთრებაა, ზემოაღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ასევე საკმარისი იყო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა 2/3-ის ხმებით მიღებული გადაწყვეტილება. ასეთი სახის გადაწყვეტილება საქმეში მტკიცებულების სახითაა წარმოდგენილი.

კასატორის განმარტებით, მ.ე-ას განსახორციელებელი მანსარდული სართულის მშენებლობას არცერთ შემთხვევაში არ ესაჭიროებოდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილება. შესაბამისად, საფუძველი ეცლება სასამართლოს მსჯელობას მ.ე-ას მხრიდან გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის მიმართ კანონიერი ნდობის არარსებობის შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე, მ.ე-ამ განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და მას გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის საფუძველზე მიადგება ზიანი, კერძოდ, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე დაწყებული მანსარდული სართულის მშენებლობა უკვე დასრულებულია, ფართი საჯარო რეესტრში არის რეგისტრირებული, მშენებლობისათვის საჭირო სოლიდური თანხები მან ისესხა ბანკისაგან და იხდის შესაბამის პროცენტებს. ამასთანავე, შეუძლებელია მას ბრალი დაედოს უკანონო მოქმედების განხორციელებაში, რადგან მშენებლობის ნებართვის მოპოვების მიზნით, მას არასწორი ინფორმაცია არ მიუწოდებია ადმინისტრაციული ორგანოსათვის და ადმინისტრაციულმა ორგანომ მშენებლობის ნებართვა გასცა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელზედაც გადაწყვეტილება 2/3-ზე მეტი ხმებით იქნა მიღებული. მოცემული კრების ოქმი დღემდე არ არის შედავებული მოსარჩელის მიერ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ მ.ე-ას მშენებლობის ნებართვის მიღების მიზნით უკანონო მოქმედება არ ჩაუდენია და მას გააჩნდა კანონიერი ნდობა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტის მიმართ. შესაბამისად, თუ სასამართლო მაინც მიიჩნევდა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტი კანონსაწინააღმდეგოა, სასამართლოს უფლება არ ქონდა ბათილად ეცნო იგი. ამასთან, შეუძლებელია მოსარჩელეს ჰქონდეს იურიდიული ინტერესი გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის მიმართ, რადგან მოცემული აქტით გათვალისწინებული სამუშაოები არ მოიცავდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო ქონებას და სადავო ფართით არასოდეს უსარგებლია და ვერც ისარგებლებდა მოსარჩელე.

კასატორის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილია „არქიტექტურულ პროექტში ცვლილებების შეტანის და ახალი მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 24 ოქტომბრის №2758 ბრძანება და მოცემული ბრძანების საფუძველზე, 2018 წლის 24 ოქტომბერს გაცემული №004218 მშენებლობის სანებართვო მოწმობა, რომლითაც დასტურდება, რომ 2018 წლის 24 ოქტომბრის შემდეგ რ.ლ-ე და მ.ე-ა მშენებლობას ახორციელებენ ახალი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე გამოცემული, ახალი მშენებლობის ნებართვის საფუძველზე, რომელიც მოსარჩელის მიერ სადავოდ არ გამხდარა და არც სასამართლოს უცვნია ბათილად. შესაბამისად, მ.ე-ას სრული უფლება აქვს დაასრულოს მშენებლობა და მოსარჩელის მხრიდან მხოლოდ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 27 მარტის №509 ბრძანებაზე შედავება, ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნება მის მიმართ შესაბამისი სამართლებრივი შედეგის მატარებელი, რაც გამორიცხავს იურიდიული ინტერესის არსებობას მოსარჩელის მიერ შედავებულ ადმინისტრაციულ აქტის ბათილად ცნობასთან მიმართებაში.

პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე არ შეაფასა საქმეში არსებული მნიშვნელოვანი მტკიცებულება და მოცემული მტკიცებულების საფუძველზე არ დაადგინა საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ: 2017 წლის 27 მარტს „მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების, არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის №509 ბრძანების საფუძველზე, მ.ე-აზე, რ.ლ-ესა და ი.შ-ეზე გაცემული მშენებლობის ნებართვის დოკუმენტაციაში მოიპოვება მშენებლობის ნებართვის მაძიებელთა ამონაწერები საჯარო რეესტრიდან, მათ შორის, 2016 წლის 03 სექტემბერს მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერით ირკვევა, რომ ი.შ-ეს საკუთრებაში გააჩნია ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა №32-ში მდებარე 53.76 კვ.მ ფართის მანსარდა (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №...). პროექტის შესაბამისად, განსახორციელებელი მშენებლობის შედეგად კი, მის საკუთრებაში არსებული მანსარდის ფართის ოდენობა იზრდებოდა 148.40 კვ.მ-დე, რაც აისახა კიდეც 2017 წლის 25 აგვისტოს ამონაწერში საჯარო რეესტრიდან, კერძოდ, მოცემული ამონაწერის მიხედვით, ი.შ-ეზე საკუთრების უფლებით ნაცვლად 53.76 კვ.მ ფართისა რეგისტრირებულია 148.40 კვ.მ მანსარდის ფართი, უფლების დამდგენ ერთ-ერთ დოკუმენტად კი მითითებულია „მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების, არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 27 მარტს №509 ბრძანების საფუძველზე გაცემული მშენებლობის ნებართვა. მოსარჩელის ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, სადავო ადმინისტრაციული აქტით ი.შ-ესაც უნდა გადასცემოდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საკუთრებაში არსებული ფართი, რადგან თითქმის 100 კვ.მ ფართით არის გაზრდილი მშენებლობის ნებართვის საფუძველზე მის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართი. მიუხედავად ამისა, მოსარჩელემ სადავო ადმინისტრაციული აქტი სადავოდ გახადა მხოლოდ მ.ე-ას ნაწილში, ანუ მიიჩნია რომ მის, როგორც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის უფლებას, სადავო ადმინისტრაციული აქტი ლახავდა მხოლოდ მ.ე-ას ნაწილში, რაც ალოგიკურია, რადგან სადავო ადმინისტრაციული აქტის შესაბამისად, მის საფუძველზე დაწყებული მშენებლობით იზრდებოდა, როგორც მ.ე-ას, ასევე ი.შ-ის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართების ოდენობაც. შესაბამისად, თუკი მოსარჩელე თვლის, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე მ.ე-ას ინდივიდუალური ქონების გაზრდის საფუძველზე, შეილახა მისი, როგორც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის უფლება, მაშინ ანალოგიურად მისი, როგორც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის უფლება უნდა შელახულიყო ი.შ-ის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართის გაზრდითათ. მიუხედავად ამისა, მოსარჩელემ ადმინისტრაციული აქტი სადავოდ გახადა მხოლოდ მ.ე-ას ნაწილში, ანუ ჩათვალა, რომ ი.შ-ის ნაწილში ადმინისტრაციული აქტი კანონიერ იყო. შესაბამისად, თუკი გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტი ი.შ-ის ნაწილში კანონიერია და იგი არ არღვევს მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს, შეუძლებელია იგივე აქტი უკანობო იყოს და არღვევდეს მოსარჩელის ინტერესებს მ.ე-ას ნაწილში.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ.ე-ას საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ.ე-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ გარემოებებზე: ა) ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა №32-ში მდებარე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...ის“ წევრთა 2008 წლის 2 მაისის №13 კრების ოქმის თანახმად, ბინა №42-ის მესაკუთრეს, ი.ჭ-ას საკუთრებაში გადაეცა მისივე ბინის თავზე განთავსებული 79,8 კვ.მ სხვენის ფართი, რომელიც მისგან ჯერ შეიძინა ნ.დ-მა, ხოლო ამ უკანასკნელისგან 2014 წლის 18 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მასზე საკუთრების უფლება მოიპოვა, მ.ე-ამ (საკადასტრო კოდი: ...); ბ) ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა №32-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ბინათმესაკუთრეებმა - მოსარჩელე გ.დ-ემ, ი.ჭ-ამ, რ.ლ-ემ და ა.ბ-მა განცხადებით მიმართეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურს, რომლითაც მოითხოვეს საცხოვრებელ კორპუსზე (სახლზე) დამატებითი ფართის მიშენება-რეკონსტრუქციის ნებართვა. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსის 2012 წლის 19 ივნისის №801 ბრძანებით შეთანხმებულ იქნა წარდგენილი არქიტექტურული პროექტი და 2012 წლის 12 ივლისის №288 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის სანებართვო მოწმობა; გ) 2017 წლის 27 მარტს „მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების, არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის №509 ბრძანების საფუძველზე, მოქალაქეების - ი.შ-ის, რ.ლ-ის და მ.ე-ას მინდობილი პირის - ლ.ე-ას მიმართ გაიცა ქ. ბათუმში ...ის ქუჩა №32-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-4 სართულზე (სხვენი) მანსარდული სართულის რეკონსტრუქცია-დაშენების ნებართვა, რაც გულისხმობდა სახლის კორპუსზე მე-4 მანსარდული სართულის დაშენებას 135.8 კვ.მ მოცულობის ფართზე, რომელიც შედგებოდა მ.ე-ას საკუთრებაში რიცხული, 79.8 კვ.მ სხვენის ფართისა და მის გაგრძელებაზე არსებული, 2012 წლის 12.07. №288 მშენებლობის ნებართვით გ.დ-ის, ი.ჭ-ას, რ.ლ-ისა და ა. ბ-ის მიერ მიშენებული სამი სართულის ზემოდან, გადახურვის ქვეშ არსებული 56.0 კვ.მ ფართისაგან; დ) 2017 წლის 21 აგვისტოს მ.ე-ას წარმომადგენელმა - ლ.ე-ამ №... განცხადებით მიმართა ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის აჭარის რეგიონულ ოფისს და მოითხოვა, უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი: ...; მისამართი: ქ. ბათუმი, ...ის ქ. №32 (სხვენი)) რეგისტრირებულ უფლებაში, ცვლილების რეგისტრაცია. დაინტერესებულმა პირმა №... სარეგისტრაციო განცხადებას დაურთო ფართის შიდა აზომვითი ნახაზი, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და ი.შ-ისა და რ.ლ-ის წერილობითი თანხმობები, მოთხოვნილი უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით. №... განცხადებაზე თანდართულ აზომვით ნახაზზე ასახულია 136.17 კვ.მ ფართობი, საიდანაც 79.80 კვ.მ წარმოადგენს მ.ე-ას საკუთრებაში რეგისტრირებულ ფართობს, ხოლო 56.37 კვ.მ მშენებარე ფართობია. 2017 წლის 25 აგვისტოს აჭარის რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №... გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს განუმარტა, რომ განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად დამატებით წარსადგენი იყო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი, სარეგისტრაციო უძრავი ნივთის (სხვენი 136.17 კვ.მ) დაინტერესებული პირის საკუთრებაში არსებობის ფაქტის დადასტურების თაობაზე, რაზეც გადაწყვეტილება მიღებული იქნებოდა, ამხანაგობის წევრთა 100%-ის მიერ. 2017 წლის 27 სექტემბერს აჭარის რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №... გადაწყვეტილება, ვინაიდან დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარდგენილი, შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/ინფორმაცია; ე) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 3 იანვრის №... გადაწყვეტილებით, მ.ე-ას 2017 წლის 30 ოქტომბრის №600912/17 ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის აჭარის რეგიონული ოფისის მიერ მიღებული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №... (25.08.2017) და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №... (27.09.2017) გადაწყვეტილებები და აჭარის რეგიონულ ოფისს დაევალა №... სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით სარეგისტრაციო წარმოების განახლება და ამ გადაწყვეტილების გათვალისწინებით, ახალი გადაწყვეტილების მიღება. ადმინისტრაციული წარმოების შედეგად დადგინდა, რომ ქ. ბათუმში, ...ის ქ. №32-ში მდებარე №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია მოთხოვნილია, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 27 მარტის №მ/509 ბრძანებისა და №002480 მშენებლობის სანებართვო მოწმობის საფუძველზე, რომელთა მიხედვით, მშენებლობის ნებართვის მფლობელ პირებს წარმოადგენენ ი.შ-ე, რ.ლ-ე და მ.ე-ა, ხოლო პროექტი გულისხმობს მანსარდული სართულის რეკონსტრუქცია-დაშენებას. ამასთან, ი.შ-ე და რ.ლ-ე თანხმობას გამოთქვამენ, რომ მ.ე-ას მიერ მოთხოვნილი, №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია განხორციელდეს მის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიჩნია, რომ მოთხოვნა მ.ე-ას მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთის საკუთრებაში არსებობის ფაქტის დადასტურების თაობაზე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 100%-იანი კრების ოქმის წარდგენასთან დაკავშირებით, ეწინააღმდეგებოდა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ №... (03.01.2018) გადაწყვეტილების შესაბამისად, აჭარის რეგიონული ოფისის №... (05.01.2018) გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება განახლდა და რეგისტრაციის შესახებ №... (05.01.2018) გადაწყვეტილებით, ქ. ბათუმში, ...ის ქ. №32-ში მდებარე 136,17 კვ.მ მანსარდაზე (მშენებარე) აღირიცხა, მ.ე-ას საკუთრების უფლება (საკადასტრო კოდი ...).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაუშვა სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კასატორმა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) ვერ წარმოადგინა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე მოითხოვდა ბათილად იქნეს ცნობილი მ.ე-ას ნაწილში ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 27 მარტის №მ/509 ბრძანება „მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების, არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“ და ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის 2018 წლის 5 იანვრის №... გადაწყვეტილება, ქ. ბათუმში, ...ის ქ. №32-ში მდებარე 136,17 კვ.მ მანსარდაზე (მშენებარე) მ.ე-ას საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ (საკადასტრო კოდი ...). ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით გ.დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი „მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების, არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 27 მარტის №მ/509 ბრძანება, მ.ე-ას ნაწილში. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ.ე-ამ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ და გ.დ-ემ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით გ.დ-ის, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის და მ.ე-ას სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ოქტომბრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მხოლოდ მ.ე-ამ. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების კანონიერება უნდა შეამოწმოს მხოლოდ „მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების, არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 27 მარტს №509 ბრძანების ნაწილში, რომლითაც შეთანხმებულ იქნა ქ. ბათუმში ...ის ქუჩა №32-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) მანსარდული სართულის რეკონსტრუქცია-დაშენების მიზნით ი.შ-ის, რ.ლ-ის და მ.ე-ას მინდობილი პირის, ლ.ე-ას მიერ წარდგენილი არქიტექტურული პროექტი.

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლი იძლევა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ცნების დეფინიციას, კერძოდ, ამ მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების შემადგენელი მიწის ნაკვეთი, სახლის ნაწილი და ის შენობა-ნაგებობები, დანადგარები, საინჟინრო ქსელები, მოწყობილობები, რომლებიც არ არის ინდივიდუალური საკუთრება, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას (საერთო საკუთრებას) წარმოადგენს. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას წარმოადგენს: ა) მიწის ნაკვეთი; ბ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მომსახურებისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობები და საინჟინრო-კომუნიკაციური მოწყობილობა და გაყვანილობა; გ) მრავალბინიანი სახლის მზიდი და შემომზღუდავი არამზიდი (ფასადის) კონსტრუქციები (საძირკვლები, კარკასი, კედლები, საერთო სარგებლობის აივნები, სართულშუა გადახურვები, პარაპეტები (მოაჯირები), ლავგარდანები (კარნიზები), საწვიმარი მილები და ა. შ.); დ) მრავალბინიანი სახლის ვესტიბიულები, სადარბაზოები, დერეფნები, კიბის უჯრედები, სარდაფები, სხვენები, საქვაბეები, ტექნიკური სართულები, სახურავები, ლიფტები, სხვადასხვა დანიშნულების შახტები, არხები, ნაგავგამტარები, ბუნკერები და ა. შ., რომლებიც არ იმყოფება ინდივიდუალურ საკუთრებაში; ე) სატრანზიტო გაყვანილობა.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 27 მარტის №509 ბრძანება გულისხმობდა სახლის კორპუსზე მე-4 მანსარდული სართულის დაშენებას 135.8 კვ.მ მოცულობის ფართზე, რომელიც შედგებოდა მ.ე-ას საკუთრებაში რიცხული, 79.8 კვ.მ სხვენის ფართისა და მის გაგრძელებაზე არსებული, 2012 წლის 12 ივლისის №288 მშენებლობის ნებართვით გ.დ-ის, ი.ჭ-ას, რ.ლ-ისა და ა. ბ-ის მიერ მიშენებული სამი სართულის ზემოდან, გადახურვის ქვეშ არსებული 56.0 კვ.მ ფართისაგან, კერძოდ, გ.დ-ის, ი.ჭ-ას, რ.ლ-ის და ა.ბ-ის მიერ განხორციელებული მშენებლობის შედეგად წარმოიშვა, მიშენებული ფართის ბოლო, მესამე სართულის გადახურვის ქვეშ განთავსებული სხვენის სივრცე. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ 56.37 კვ.მ მოცულობის ფართი წარმოადგენს ამხანაგობა „...ის“ წევრთა საერთო საკუთრებას.

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ისეთი განვითარება, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას და გავლენას ახდენს სხვა ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე, ხორციელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა განმარტებას, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა არა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის ინდივიდუალური საკუთრების, არამედ ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების სარგებლობა/განვითარება. ამასთან, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 27 მარტის №509 ბრძანებით შეთანხმებული პროექტით განხორციელებული მშენებლობა მნიშვნელოვნად ცვლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას და გავლენას ახდენს ბმა „...ის“ სხვა დანარჩენი ბინის მესაკუთრეთა, მათ შორის მოსარჩელის მიერ ამ საერთო ქონების გამოყენებაზე, რამდენადაც, მშენებლობა ითვალისწინებს მანსარდული სართულის დაშენებას, ანუ ახალი საცხოვრებელი ფართის წარმოქმნას.

სადავო პერიოდში მოქმედი „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, მშენებლობის ნებართვის მისაღებად დამკვეთმა უნდა უზრუნველყოს საჭიროების შემთხვევაში თანამესაკუთრ(ეებ)ის თანხმობის წარდგენა.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ ბმა „...ის“ 2016 წლის 21 ივლისის №2 საერთო კრებას არ გამოუთქვამს თანხმობა მ.ე-ას მშენებლობა ეწარმოებინა საერთო საკუთრების 56.37 კვ.მ მოცულობის ფართზე. შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ 2017 წლის 27 მარტის №509 ბრძანების გაცემისას ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ გამოიკვლია, სწორად არ შეაფასა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან არ შეაჯერა ისეთი გარემოება, რომელიც მნიშვნელოვანი იყო საკითხის გადასაწყვეტად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, აღმჭურველი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს რაიმე უფლებას ან სარგებელს. ამავე კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამდენად, კანონი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესაძლებლობას უშვებს იმ შემთხვევაში, თუ იგი არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამასთან, აუცილებელია დარღვევა იყოს არსებითი ხასიათის (სხვა პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა შეუძლებელი უნდა იყოს შესაბამისი აქტის გაუქმების გარეშე). „..მმართველობის ორგანოს მიერ დაშვებული შეცდომის გამოსწორება და ამ მიზნით ადრესატისათვის აღმჭურველი გადაწყვეტილების გაუქმება საჭიროებს კანონიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპების შეპირისპირების შედეგად თანაზომიერი გადაწყვეტილების მიღებას..“ (სუს 21.02.2019წ. №ბს-1440 (2კ-18) განჩინება).

მოცემულ შემთხვევაში, მართალია, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 27 მარტის №509 ბრძანება წარმოადგენს აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, თუმცა უდავოა, რომ იგი არსებითად არღვევს მოსარჩელის ინტერესებს, რამდენადაც მნიშვნელოვნად ცვლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას და გავლენას ახდენს ბმა „...ის“ სხვა დანარჩენი ბინის მესაკუთრეთა, მათ შორის მოსარჩელის მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მ.ე-ას საკასაციო საჩივარზე 27.05.2022წ. №... საგადახდო დავალებით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მ.ე-ას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.ე-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ოქტომბრის განჩინება;

3. მ.ე-ას დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 27.05.2022წ. №... საგადახდო დავალებით გადახდილი (გადამხდელი ვ.გ-ე) სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე