საქმე #ბს-1308(კ-22) 15 ივნისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – კ.კ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2020 წლის 30 ოქტომბერს კ.კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2020 წლის 10 მარტს მან განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ქალაქ თბილისში, ...ის ქ. #15-ის მიმდებარედ 724 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. განცხადებას თან დაურთო შემდეგი დოკუმენტები: 1. თანხმობა დოკუმენტაციის აღიარების კომისიისათვის გადაგზავნის შესახებ; 2. მინდობილობის ასლი; 3. საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელ. ვერსია; 4. საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის ვერსია; 5. აუდიტორული დასკვნა; 6. ფოტოსურათის ასლი (5 ცალი); 7. ორთოფოტოს ასლი (2 ცალი); 8. მოწმეების სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება; 9. ინფორმაცია უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ; 10. საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ფოტომასალის ასლები.
მოსარჩელის მითითებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 15 აპრილის #... გადაწყვეტილებით მარეგისტრირებელმა ორგანომ დაადგინა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში კ.კ-ის #... სარეგისტრაციო განცხადებაზე დაინტერესებული პირის მიერ არ იყო წარდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოძიებული დოკუმენტაციით/ინფორმაციის მიხედვით, არ დადასტურდა უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი.
მოსარჩელე მიუთითებს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, თუ სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ობიექტი სრულად ან ნაწილობრივ არ არის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, სააგენტო ვალდებულია, დაინტერესებული პირის თანხმობით, შუამდგომლობით მიმართოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას (შემდგომ – კომისია) კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად. ამდენად, მარეგისტრირებელი ორგანოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი და სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის დროს მოძიებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია 2020 წლის 15 აპრილის #... წერილით კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად გადაეგზავნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ კ.კ-ის განცხადების განხილვისას მინიჭებული უფლებამოსილება განახორციელა კანონსაწინააღმდეგოდ, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლით განსაზღვრული ლეგიტიმური მიზნის საწინააღმდეგოდ. კერძოდ, მოსარჩელე მიუთითებს დასახელებული კანონის 51 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლითაც განსაზღვრულია დაინტერესებული პირის განცხადების განხილვის ვადები (2 თვე და არაუმეტეს 6 თვე). ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად და იგი გასაჩივრდება ამავე კოდექსის მე-13 თავით დადგენილი წესით.
ამდენად, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ რამდენადაც კ.კ-ის განცხადება თანდართული დოკუმენტებით 2020 წლის 15 აპრილის #... წერილით კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად გადაეგზავნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, რომელსაც გადაწყვეტილება მოცემულ საკითხზე უნდა მიეღო 2 თვეში, მაგრამ არაუმეტეს 6 თვისა, 2020 წლის 15 ოქტომბერს სახეზეა ადმინისტრაციული ორგანოს ე.წ. ვირტუალური უარი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ქალაქ თბილისში, ...ის ქ. #15-ის მიმდებარედ არსებულ თვითნებურად დაკავებულ 724 კვ.მ მიწის ნაკვეთზე კ.კ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ. მოსარჩელე თვლის, რომ უხეშად დაირღვა მისი კანონიერი უფლებები და ინტერესები.
2021 წლის 31 მაისს კ.კ-ემ დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 24 მაისის #... გადაწყვეტილებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 28 აპრილის #634 განკარგულების საფუძველზე (რომელიც კომისიის მიერ სააგენტოში გადაგზავნილია 2021 წლის 18 მაისის #55-01211383419 წერილით), კ.კ-ეს უარი ეთქვა ქალაქ თბილისში, ...ში, ...ის ქ. #15-ის მიმდებარედ არსებულ 724 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე.
ამდენად, სარჩელის დაზუსტების შემდგომ, მოსარჩელემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 28 აპრილის #634 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ქალაქ თბილისში, ...ში, ...ის ქის #15-ის მიმდებარე 724 კვ.მ მიწის ნაკვეთზე კ.კ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით კ.კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2020 წლის 10 მარტს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა კ.კ-ის განცხადება ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა #15-ის მიმდებარე 724 კვ.მ მიწის ნაკვეთზე კ.კ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. განცხადებასთან ერთად მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა: - განცხადების წარმდგენი პირის მინდობილობის ასლი; - საკადასტრო აზომვითი ნახაზი; - ფოტოსურათების ასლები; - ორთოფოტოს ასლები; - ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩაზე მცხოვრები პირების - გ.ბ-ის, ე.ს-სა და რ.გ-ის, როგორც კ.კ-ის მეზობლების, განცხადება, რომლითაც განმცხადებლებმა სანოტარო წესით დამოწმებული ხელმოწერებით დაადასტურეს, რომ კ.კ-ე 1987 წლიდან ფლობდა ქალაქ თბილისში, ...ში, ...ის ქუჩის #15-ის მიმდებარე 724 კვ.მ მიწის ნაკვეთს; - ინფორმაცია უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ; - ინდივიდუალურ აუდიტორ თ.კ-სა და სპეციალისტ რ.ჭ-ის 2018 წლის 29 მაისის აუდიტორული დასკვნა, რომლის მიხედვით, თბილისში, ...ის ქუჩის #15-ის მიმდებარე 724 კვ.მ მიწის ნაკვეთში არსებული, საცხოვრებლად მოწყობილ-გამოყენებული ნაგებობის (დამხმარე სათავსი) ხანდაზმულობა შეადგენს 20-25 წელს, „შენობა-ნაგებობა დატანილია 2005 წლის ორთოფოტოზე, რომელიც მომზად. შპს „ ... ... დღეის მდგომარეობით მახასიათებლები: საძირკველი ლენტური, რკინა-ბეტონის (დაზიანებულია), კედლები შავი თუნუქის, გადახურვა ხისა და ფოლადის კონსტრუქციები;“ - დოკუმენტაციის საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის გადაგზავნასა და მედიატორის დანიშვნაზე თანხმობები; - სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირებაზე თანხმობა.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 15 აპრილის #... განცხადებით კ.კ-ის 2020 წლის 10 მარტის განცხადება და მასთან დაკავშირებული დოკუმენტები განსახილველად თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გადაეგზავნა.
სასამართლომ, ასევე, დადგენილად მიიჩნია, რომ კ.კ-ის მოთხოვნაზე ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით დასკვნის მისაღებად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიმართა. პასუხად, სააგენტოს 2020 წლის 12 ნოემბრის წერილით კომისიას ეცნობა, რომ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, კ.კ-ის მიერ მოთხოვნილ, ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის #15-ის მიმდებარე 724 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ვრცელდებოდა სარეკრეაციო ზონა-1 და მიწის ნაკვეთი კვეთდა #... საკადასტრო ერთეულს.
კ.კ-ის განცხადების განხილვის პროცესში, 2021 წლის 12 თებერვალს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წარმომადგენელმა ადგილზე დაათვალიერა ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის #15-ის მიმდებარე 724 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რის შედეგადაც გაირკვა, რომ მიწის ნაკვეთი შემოღობილი იყო მავთულბადით და მასზე განთავსებული იყო ერთი ნაგებობა თუნუქის ფურცლებით ამოყვანილი კედლებითა და აგურის საძირკვლით.
სასამართლომ, ასევე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 11 მარტის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით (სხდომის ოქმი #10) და მის საფუძველზე 2021 წლის 28 აპრილს გამოცემული #634 განკარგულებით კ.კ-ეს უარი ეთქვა ...ის ქუჩის #15-ის მიმდებარე 724 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ გარემოებაზე მითითებით, რომ არ დასტურდებოდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის შენობა-ნაგებობით თვითნებურად დაკავების ფაქტი, მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო დროებითი ნაგებობა, ამასთან, მიწის ნაკვეთი არ იყო დაინტერესებული პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას 2021 წლის 28 აპრილის #634 განკარგულების გამოცემის საფუძვლად განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში არ ჰქონდა საფუძველი, დაედგინა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე - 2007 წლის ივლისამდე კ.კ-ის მიერ ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის #15-ის მიმდებარე 724 კვ.მ მიწის ნაკვეთის შენობა-ნაგებობით თვითნებურად დაკავების ფაქტი.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების დასადასტურებლად საკუთრების უფლების აღიარების კომისიას წარედგინა მისი კოორდინატების ამსახველი საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ფოტოსურათები, მოწმეების სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება და აუდიტორის დასკვნა, რომლის მიხედვით, გამოსაკვლევ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობა დატანილი იყო 2005 წლის ორთოფოტოზე, ამასთან, შენობა-ნაგებობის მასალებისა და მათი კონსტრუქციული თავისებურებიდან გამომდინარე, იგი იყო არანაკლებ 20-25 წლის.
სასამართლომ მიუთითა, რომ 2005 და 2010 წლის მდგომარეობის ამსახველი აეროფოტოგადაღების მონაცემების მიხედვით, კ.კ-ის მიერ დასახელებულ მიწის ნაკვეთზე 2005 და 2010 წლებში შენობა-ნაგებობა არ არსებობდა. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ აუდიტორის დასკვნის შინაარსიდან არ ირკვეოდა, აუდიტორმა ნაგებობის რა კონკრეტული მონაცემები რომელი მეთოდითა თუ პრინციპით შეაფასა ნაგებობის ხანდაზმულობის ასაკის დადგენისას, ამასთან, არ ირკვეოდა დასკვნაში მითითებული მონაცემების სიზუსტე, კერძოდ, მასში ნახსენები იყო, რომ გამოკვლეულ შენობა-ნაგებობას ჰქონდა რკინა-ბეტონის ლენტური საძირკველი, თუმცა დოკუმენტს არ ერთვოდა შესაბამისი ფაქტის ამსახველი ვიზუალური მტკიცებულება. საქმეზე წარმოდგენილი ფოტოსურათებით კი ჩანდა, რომ ნაგებობას რკინა-ბეტონის საძირკველი არ გააჩნდა, მისი შემომსაზღვრელი თუნუქის ფურცლები პირდაპირ დაკავშირებული იყო მიწასთან და მიმაგრებული იყო ხის ჯოხებზე, რომლებიც ჩამაგრებული იყო მიწაში მშრალად, არამონოლითური ჩამაგრებით, რაც მეტყველებდა იმ გარემოებაზე, რომ მიწის ნაკვეთზე საქმის განხილვის დროისათვის არსებული ნაგებობა დროებით ნაგებობას წარმოადგენდა. სასამართლომ მიუთითა, რომ გამოსაკვლევი პერიოდიდან გასული დროის გათვალისწინებით, მხოლოდ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მოწმეების ჩვენებები ვერ იქნებოდა მიჩნეული კონკრეტულ დროს შენობა-ნაგებობის არსებობისა თუ მფლობელობის ფაქტის დადგენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებად, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც 2005 და 2010 წლების ორთოფოტოები იძლეოდა საწინააღმდეგო ინფორმაციას.
სასამართლომ მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებზე, რომლითაც განიმარტა თვითნებურად დაკავებული მიწის, დაინტერესებული პირის, შენობისა და დროებითი შენობის ტერმინები.
სასამართლომ, ასევე, მიუთითა ზემოხსენებული კანონის 51 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები.
ამასთან, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების პირობებთან შესაბამისობა.
სასამართლომ, ასევე, მიუთითა დასახელებული კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა - რეკრეაციული დანიშნულების პარკი, ტყე-პარკი, სკვერი და სხვა ტერიტორია, გარდა საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მქონე ტერიტორიებისა.
დასახელებული ნორმებიდან და დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე - 2007 წლის ივლისამდე ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის #15-ის მიმდებარე 724 კვ.მ მიწის ნაკვეთის კ.კ-ის მიერ შენობა-ნაგებობით თვითნებურად დაკავების ფაქტი. სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დროისათვის მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო დროებითი ნაგებობა. ამასთან, განსახილველი მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენდა კ.კ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მოსაზღვრეს და იგი მოქცეული იყო სარეკრეაციო ზონაში. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერი იყო და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ.კ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებით კ.კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; კ.კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 28 აპრილის #634 განკარგულება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას კ.კ-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით, კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; დანარჩენ ნაწილში კ.კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) მე-2 მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებზე, 51 მუხლის მე-3 პუნქტზე, ასევე, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის #376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე და მათ საფუძველზე აღნიშნა, რომ აღიარების კომისიის მიერ ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ პირს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ ამოქმედებამდე (27.07.2007წ.) თვითნებურად დაკავებული ჰქონდა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული). დაინტერესებულმა პირმა საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელ მუდმივმოქმედ კომისიაში უნდა წარადგინოს ის უტყუარი მტკიცებულებები, რომლითაც დაადასტურებს მითითებულ გარემოებებს. ამასთან, დაინტერესებული პირის მიერ კომისიაში კანონისა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული დოკუმენტების წარდგენა ერთმნიშვნელოვნად არ გამორიცხავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებას, უფრო მეტიც, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის #376 დადგენილება ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს (განსახილველ შემთხვევაში, მერთან არსებულ შესაბამის კომისიას) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების გზით მოახდინოს კანონითა და დადგენილებით მინიჭებული უფლების რეალიზაცია. ამ მიზნით, კომისია უფლებამოსილია სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მოიპოვოს დამატებითი დოკუმენტები, დაათვალიეროს საკუთრებაში გადასაცემი ნაკვეთი, მოისმინოს განმცხადებლის, სხვა დაინტერესებული პირის განმარტებები და, აღნიშნული მასალების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიღოს შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ, ასევე, მიუთითა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის #376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების წესის“ მე-11 მუხლზე, რომლის თანახმად, კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციითა და ამ წესით.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 28 აპრილის #634 განკარგულების შინაარსით ირკვევა, რომ კომისიის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმის დადასტურება, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ ამოქმედებამდე (27.07.2007წ.) და არსებული მდგომარეობითაც განთავსებულია დროებითი შენობა (თუნუქის კონსტრუქცია).
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, შენობა არის სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავად არის დაკავშირებული, ქმნის გადახურულ სივრცეს და შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით (მათ შორის, ხის კონსტრუქციით), გარდა დროებითი შენობისა. ამავე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, დროებითი შენობა არის ანაკრები ელემენტებისაგან შედგენილი, ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და რომელსაც არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსები.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, 105-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და განმარტა, რომ მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო, მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ, თავად წყვეტს, რომელი მათგანი უნდა მიიჩნიოს სარწმუნოდ და გაიზიაროს. სასამართლოს მიერ მტკიცებულების შეფასება გულისხმობს მტკიცებულებათა როგორც ინდივიდუალურ, ასევე, მათ ერთობლიობაში შეფასებას. ამასთან, სასამართლო ვალდებულია, მხარეთა ახსნა-განმარტება, წარმოდგენილი მტკიცებულება და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებიც შეაფასოს მათი შინაარსისა და იურიდიული დამაჯერებლობის კუთხით. აღნიშნული გულისხმობს ყველა იმ ობიექტური თუ სუბიექტური კრიტერიუმების განხილვას, დადგენასა და გამორიცხვას, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაზე.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა 2018 წლის 29 მაისის აუდიტორული დასკვნის შინაარსზე, რომლითაც დგინდებოდა, რომ არსებული მდგომარეობით, შენობას გააჩნდა შემდეგი მახასიათებლები: საძირკველი ლენტური, რკინა-ბეტონის (დაზიანებულია), კედლები შავი თუნუქის, გადახურვა ხისა და ფოლადის კონსტრუქციები. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია, რომ ვინაიდან 2018 წლის 28 მაისის დასკვნის კვლევის საგანი არ ყოფილა შენობის მახასიათებლები, აღნიშნული დასკვნა ვერ გახდებოდა მიწის ნაკვეთზე კ.კ-ის საკუთრების უფლების აღიარების საფუძველი. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, იმ პირობებში, როდესაც მითითებული დასკვნა ითვალისწინებდა შენობის მახასიათებლების დეტალურ აღწერას, მხოლოდ ის გარემოება, რომ დასკვნით ცალსახად არ დგინდებოდა მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა, არ უნდა ყოფილიყო მიჩნეული კ.კ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის საფუძვლად, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე კომისიის 2021 წლის 12 თებერვლის ადგილზე დათვალიერების ოქმში, ასევე, ფიქსირდებოდა, რომ ნაგებობის კედლები ამოყვანილი იყო თუნუქის ფურცლებით, შეინიშნებოდა აგურის საძირკველი. რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ ფოტომასალას, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მხოლოდ ფოტომასალით შეუძლებელი იყო დადგენილიყო, მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობას გააჩნდა თუ არა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შენობის მახასიათებლები. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო გადაწყვეტილებაში კომისიის მიერ მითითებული დასკვნა, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე კანონის ამოქმედებამდე (27.07.2007წ.) და არსებული მდგომარეობითაც, განთავსებული იყო დროებითი შენობა (თუნუქის კონსტრუქცია), არ იყო გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით.
რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას, რომ 2005 და 2010 წლის ორთოფოტოებით (აეროფოტოგადაღება) არ დასტურდებოდა მითითებულ მიწის ნაკვეთზე 2007 წლამდე არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის განთავსების ფაქტი, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილ სანოტარო ფორმით დამოწმებულ თანხმობებზე, რომლითაც ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩაზე მცხოვრები პირები - გ.ბ-ე, ე.ს-ა და რ.გ-ე, როგორც კ.კ-ის მეზობლები, ადასტურებდნენ ფაქტს, რომ კ.კ-ე 1987 წლიდან ფლობდა ქალაქ თბილისში, ...ში, ...ის ქუჩის #15-ის მიმდებარე 724 კვ.მ მიწის ნაკვეთს. ასევე, ხსენებული პირები განმარტავდნენ, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი შემოღობილი აქვს კაპიტალურად მავთულ-ბადით, მიწის ნაკვეთზე აშენებული აქვს შენობა, რომელსაც ოჯახის წევრებთან ერთად იყენებს სხვადასხვა დანიშნულებით, საჭიროებიდან გამომდინარე (სამყოფად/დასასვენებლად/ღამის გასათევად, პროდუქტების, შრომის იარაღების და ა.შ შესანახად), დარგული აქვს მრავალწლიანი ხე-მცენარეები და სხვადასხვა ბაღ-ბოსტნეული ოჯახის გამოსაკვებად. ამასთან, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილ ორთოფოტოზე თვალნათლივ ჩანდა, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი დაფარული იყო მრავალწლიანი ნარგავებით, ხე-მცენარეებით, რის გამოც მცირე მოცულობის შენობა-ნაგებობა შესაძლოა, აეროფოტოგადაღებისას ვიზუალურად არ გამოჩენილიყო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარის მტკიცება, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე განთავსებული შენობა არ აკმაყოფილებდა ამ კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით შენობისათვის გათვალისწინებულ მახასიათებლებს, არ იყო გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით და კომისიას ამ ფაქტის გამოსაკვლევად საქმის გარემოებები სრულყოფილად არ ჰქონდა შესწავლილი და გაანალიზებული.
რაც შეეხება მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის ზეპირ მითითებას სადავო მიწის ნაკვეთის სარეკრეაციო ზონაში მდებარეობის შესახებ, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციული საქმის წარმოების ეტაპზე კომისიას წარედგინა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს 2020 წლის 12 ნოემბრის #16-0120317781 მიმართვა, მითითებული გარემოება არ გამხდარა 2021 წლის 28 აპრილის #634 განკარგულებით კ.კ-ისთვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველი.
სააპელაციო სასამართლომ, ასევე, დამატებით აღნიშნა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საკითხის გადაწყვეტა განეკუთვნება თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის დისკრეციული უფლებამოსილების სფეროს. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გადასინჯვის წესის, მისი მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით შემოწმების შესაძლებლობისა და მისი დისკრეციული უფლებამოსილების შეზღუდვის მიზანშეუწონლობის გამო, სასამართლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამოწმებს მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საკითხის ხელახალი განხილვისას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება, უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე კ.კ-ის 2020 წლის 10 მარტის განცხადების შემოწმებისას იხელმძღვანელოს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით და გადაწყვეტილება მიიღოს იმგვარად, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები. სააპელაციო სასამართლო, იქვე, დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მიიჩნია, რომ არსებობდა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 28 აპრილის #634 განკარგულების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის კ.კ-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
რაც შეეხება კ.კ-ის მოთხოვნას მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების შესახებ, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის პირობებში, სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას, არსებითად ემსჯელა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის სადავო მიწის ნაკვეთზე კ.კ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად უთითებს 2018 წლის 29 მაისის აუდიტორულ დასკვნაზე და მას მიიჩნევს იმ უტყუარ მტკიცებულებად, რომლითაც შესაძლოა დადგინდეს შენობა-ნაგებობის მახასიათებლები. აღნიშნულს კასატორი არ ეთანხმება და მიუთითებს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის #376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის გამოკვლევის შედეგად, კომისიის მიერ დადგენილ იქნა, რომ საკუთრების უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა არ აკმაყოფილებდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით შენობისათვის გათვალისწინებულ მახასიათებლებს. კერძოდ, მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერებით კომისიამ დაადგინა, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია დროებითი შენობა (თუნუქის კონსტრუქცია).
რაც შეეხება განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ ინდივიდუალური აუდიტორის - თ.კ-ს 2018 წლის 28 მაისის საექსპერტო დასკვნას, კასატორი თვლის, რომ აღნიშნული დასკვნა არ შეიძლება საფუძვლად დაედოს მიწის ნაკვეთზე კ.კ-ის საკუთრების უფლების აღიარებას, რამდენადაც იგი შეეხება მხოლოდ შენობის ხანდაზმულობას და ექსპერტის კვლევის საგანი არ ყოფილა შენობის მახასიათებლები. კასატორის მითითებით, აუდიტის მიზანი არ არის იმის დადგენა, შენობა-ნაგებობა თავისი მახასიათებლების შესაბამისად წარმოადგენს დროებით, ანაკრები ელემენტებისაგან შედგენილ ნაგებობას თუ მყარი საძირკვლის მქონე ობიექტს. კასატორის განმარტებით, როგორც წესი, შენობა-ნაგებობის მახასიათებლების დადგენის მიზნით საექსპერტო დასკვნის მომზადება ხდება დამოუკიდებლად, სხვა საექსპერტო კვლევისა და მათ შორის, აუდიტორული ექსპერტიზისაგან განცალკევებით. ამდენად, თუკი აუდიტორულ დასკვნაში ექსპერტი აღწერს ობიექტს, იგი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მისი მახასიათებლების დამდგენ უტყუარ მტკიცებულებად.
ამასთან, კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა კომისიის პოზიცია, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი მოქცეულია სარეკრეაციო ზონაში, რასთან დაკავშირებითაც, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სადავო განკარგულებაში აღნიშნული ფაქტი საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძვლად არ ყოფილა მითითებული. კასატორი მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი მოქცეულია სარეკრეაციო ზონაში, რაც დადგინდა სამართალწარმოების პროცესში. ასევე, ასაღიარებელი მიწის ნაკვეთის სარეკრეაციო ზონაში არსებობის ფაქტი დაფიქსირდა პირველი ინსტანციის სასამართლოშიც. კასატორის განმარტებით, ადმინისტრაციული ორგანო არ არის შეზღუდული, სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას გამოვლენილი გარემოებები თუ ფაქტები მიუთითოს ახსნა-განმარტების სტადიაზე და მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე სასამართლოს ყურადღება მიაქციოს მათზე. კასატორის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისია მომავალში მოსარჩელის სასარგებლო გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, რამდენადაც ფაქტი, რომ ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი სარეკრეაციო ზონაშია მოქცეული, არ შეიცვლება ახალი ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე.
კასატორის შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ერთ-ერთ საფუძვლად იქცა ის გარემოება, რომ კომისიის მიერ არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, ასევე, ადმინისტრაციულ ორგანოს შეფასება არ მიუცია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, კერძოდ, მოწმეთა ჩვენებებისათვის.
კომისია არ იზიარებს ხსენებულ პოზიციას და მის საწინააღმდეგოდ განმარტავს, რომ მოწმის ჩვენება ფასდება სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები არ წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტის დასადასტურებლად, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები საწინააღმდეგოს ადასტურებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა განსახილველ საკითხს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 აპრილის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შედეგადაც მივიდა დასკვნამდე, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლზე, რომლის შესაბამისად, კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიულ პირის ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნების საკუთრების უფლებით აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.
მითითებული კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად კი, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება.
ამავე კანონის კანონის 51 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები.
თავის მხრივ, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის #376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტია ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის #376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების წესის“ მე-3 თავით მოწესრიგებულია კომისიის მიერ საკუთრების უფლების აღიარების წესი და პირობები. კერძოდ, მე-11 მუხლის თანახმად, კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციითა და ამ წესით.
საკასაციო სასამართლო, ასევე, მოიხმობს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლს, რომლითაც ამავე კანონის მიზნებისათვის განმარტებულია, როგორც შენობის, ასევე, დროებითი შენობის ცნებები. კერძოდ, მითითებული სამართლებრივი ნორმის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, შენობა არის სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავად არის დაკავშირებული, ქმნის გადახურულ სივრცეს და შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით (მათ შორის, ხის კონსტრუქციით), გარდა დროებითი შენობისა. ამავე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, დროებითი შენობა არის ანაკრები ელემენტებისაგან შედგენილი, ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და რომელსაც არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსები.
საკასაციო სასამართლო, უპირველესად, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში, კ.კ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად იქცა ის გარემოება, რომ მოსარჩელემ ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე ვერ დაადასტურა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის, უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის დასახელებული კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავების ფაქტი. ამავდროულად, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განიმარტა, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე არსებული ნაგებობა წარმოადგენდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დროებით ნაგებობას.
საკასაციო სასამართლო, ასევე, საგულისხმოდ მიიჩნევს უშუალოდ სამართალწარმოების ეტაპზე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გაჟღერებულ პოზიციას, კერძოდ, მოპასუხის მოსაზრებით, სადავო მიწის ნაკვეთზე კ.კ-ის საკუთრების უფლების აღიარებას აბრკოლებდა ის გარემოებაც, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი ექცეოდა სარეკრეაციო ზონაში.
საგულისხმოა, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს შეფასებები და აღნიშნა, რომ საქმეზე წარმოდგენილი დასკვნა იძლეოდა უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე მდებარე ნაგებობის დეტალურ აღწერილობას, ხოლო საქმეში არსებული ფოტოსურათებით უტყუარად ვერ დადგინდებოდა შენობის კონკრეტული მახასიათებლები. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კომისიის დასკვნა უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე დროებითი შენობის (თუნუქის კონსტრუქციის) არსებობის თაობაზე, არ იყო გამყარებული სათანადო მტკიცებულებებით. ამასთან, იმ გარემობასთან დაკავშირებით, რომ 2005 და 2010 წლის ორთოფოტოებზე არ ჩანდა არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის არსებობა, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ორთოფოტოების მიხედვით, უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი დაფარული იყო მრავალწლიანი ნარგავებით, ხე-მცენარეებით, რის გამოც მცირე მოცულობის შენობა-ნაგებობა შესაძლოა აეროფოტოგადაღებისას ვიზუალურად არ გამოჩენილიყო. რაც შეეხება მოპასუხის წარმომადგენლის მითითებას სადავო მიწის ნაკვეთის სარეკრეაციო ზონაში მოქცევის შესახებ, სააპელაციო სასამართლო აღნიშნა, რომ მითითებული გარემოება არ გამხდარა სადავო განკარგულებით კ.კ-ისთვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველი.
შესაბამისად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების მიზნებისათვის, საკასაციო სასამართლო დგას რამდენიმე საკითხის შეფასების საჭიროების წინაშე, კერძოდ, დასადგენია: 1. საქმის მასალებით დასტურდებოდა თუ არა უფლებაასაღიარებელი მიწის კ.კ-ის მიერ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავების ფაქტი, რა კონტექსტშიც, არსებითია განისაზღვროს, ნაკვეთზე მდებარე ნაგებობის ტიპი (წარმოადგენს იგი კანონით განსაზღვრულ შენობას თუ დროებით ნაგებობას) და მისი აგების თარიღი; 2. თუკი დაიშვება, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი მოქცეულია სარეკრეაციო ზონაში, იმ პირობებში, როდესაც მითითებული გარემოება არ გამხდარა 2021 წლის 28 აპრილის #634 განკარგულებით კ.კ-ისთვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველი, ვალდებული იყო თუ არა სასამართლო, გამოეკვლია აღნიშნული გარემოება სადავო სამართალურთიერთობის გადაწყვეტის პროცესში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლები არაერთგზის განიმარტა საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილებით. მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 9 დეკემბრის #ბს-1146(კ-20) გადაწყვეტილებში „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციაზე დაყრდნობით, საკასაციო პალატამ განმარტა, რომ „თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება დასაშვებია ორი საფუძვლით: 1. თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საცხოვრებელი სახლის (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის (აშენებული) არსებობის შემთხვევაში; 2. საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე. თუმცა განსხვავებით პირველი შემთხვევისაგან, დაინტერესებული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით არ იყო აუცილებელი შენობა-ნაგებობის არსებობა. ამასთან, არსებითი იყო ისიც, რომ თვითნებურად დაკავებული მიწის ფართობი ნაკლები ყოფილიყო საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ფართობზე. თუმცა საკუთრების უფლების აღიარებისათვის ორივე შემთხვევაში აუცილებელია, რომ დაინტერესებული პირი უტყუარად ადასტურებდეს თავად უფლებაასაღიარებელი მიწის კანონის ამოქმედებამდე (2007 წლის 27 ივლისამდე) დაკავების ფაქტს.“
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ როგორც ზემოთ აღინიშნა, განსახილველ შემთხვევაში, უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებულ მიწად კვალიფიკაციისათვის, არსებითია შეფასდეს ნაკვეთზე არსებული ნაგებობის ტიპი და მისი ხანდაზმულობა. ამ თვალსაზრისით, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების დასადასტურებლად საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში კ.კ-ის მიერ წარდგენილ, ინდივიდუალური აუდიტორის - თ.კ-სა და სპეციალისტ რ.ჭ-ის 2018 წლის 29 მაისის აუდიტორულ (საექსპერტო) დასკვნაზე, რომლის თანახმად, ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის #15-ის მიმდებარე 724 კვ.მ მიწის ნაკვეთში არსებული, საცხოვრებლად მოწყობილ-გამოყენებული ნაგებობის (დამხმარე სათავსი) ხანდაზმულობა შეადგენს 20-25 წელს, „შენობა-ნაგებობა დატანილია 2005 წლის ორთოფოტოზე. დღეის მდგომარეობით მახასითებლები: საძირკველი ლენტური, რკინა-ბეტონის (დაზიანებულია), კედლები შავი თუნუქის, გადახურვა ხისა და ფოლადის კონსტრუქციები.“
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას აღნიშნულ აუდიტორულ დასკვნასთან მიმართებით და მის საწინააღმდეგოდ მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად კი, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებულ უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლო, მართალია, დაეყრდნო საქმეში წარმოდგენილ აუდიტორულ დასკვნას, თუმცა გაურკვეველია, რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით გაიზიარა პალატამ აუდიტორული დასკვნის შინაარსი. ამ კუთხით, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით მიუთითებს, რომ აუდიტორული დასკვნიდან არ იკვეთება, აუდიტორმა მასში გადმოცემული რომელი დასკვნა რა კონკრეტულ პრინციპს დააყრდნო, მაგალითად, გაურკვეველია, რა მეთოდოლოგიის გამოყენებით დაადგინა სადავო მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობის ხანდაზმულობა. თავის მხრივ, შემფასებელი აღწერს ნაგებობის საძირკველთან დაკავშირებულ დეტალებს, თუმცა დასკვნას არ ერთვის აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება.
საკასაციო სასამართლო არ გამორიცხავს, რომ ნაკვეთზე მდებარე ნაგებობას მართლაც გააჩნდეს საძირკველი და აღწერილობა თანხვედრაში იყოს აუდიტორული დასკვნის შინაარსთან, თუმცა აუცილებელია, რომ აღნიშნული დასტურდებოდეს უპირობოდ, ყოველგვარი ეჭვისა თუ ვარაუდის გარეშე. საკასაციო სასამართლო საგულისხმოდ მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის შეფასება ნაკვეთის ხანდაზმულობისა და საძირკვლის არსებობის შესახებ ძირითადად ემყარება ზემოხსენებულ დასკვნას, რომელიც, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ვერ აკმაყოფილებს სანდოობისა და დამაჯერებლობის სტანდარტს, რამდენადაც მასში გადმოცემული ვითარება არ შეიცავს სათანადო ახსნას, დასაბუთებას და იგი არ არის გამყარებული სათანადო მტკიცებულებებით. ამ თვალსაზრისით, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ზემოაღნიშნულ აუდიტორულ დასკვნაში მტკიცებით ფორმაში, ყოველგვარი ვარაუდის გარეშე არის აღნიშნული, რომ 2005 წლის ორთოფოტოზე თვალნათლივ ჩანს სადავო მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის არსებობა, თუმცა, რეალურად, ორთოფოტო იძლევა საწინააღმდეგო სურათს, კერძოდ, მასზე შეუძლებელია რაიმე ნაგებობის შემჩნევა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოც ამახვილებს ყურადღებას საქმეში წარმოდგენილ ორთოფოტოზე და ასკვნის, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი დაფარულია მრავალწლიანი ნარგავებით, ხე-მცენარეებით, რის გამოც მცირე მოცულობის შენობა-ნაგებობა შესაძლოა აეროფოტოგადაღებისას ვიზუალურად არ გამოჩენილიყო. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა გარკვეულწილად წინააღმდეგობრივად მიიჩნევს იმ მდგომარეობას, რომ სააპელაციო პალატა იზიარებს იმ აუდიტორული დასკვნის შინაარსს, რომელიც ნაწილობრივ თავად სასამართლოს მიერ გაკეთებულ შეფასებასთან მიმართებით არ არის თანხვედრაში.
საკასაციო სასამართლო, ასევე, ყურადღებას ამახვილებს საქმის მასალებით დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წარმომადგენელმა 2021 წლის 12 თებერვალს ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა #15-ის მიმდებარე 724 კვ.მ მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერება განახორციელა, რის შედეგადაც გაირკვა, რომ მიწის ნაკვეთი შემოღობილი იყო მავთულბადით და მასზე განთავსებული იყო ერთი ნაგებობა თუნუქის ფურცლებით ამოყვანილი კედლებითა და აგურის საძირკვლით. აღსანიშნავია, რომ ხსენებულ ფაქტობრივ გარემოებაზე ყურადღებას ამახვილებს თავად სააპელაციო სასამართლოც იმის საილუსტრაციოდ, რომ ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზეც იქნა გამოკვეთილი ნაგებობის საძირკვლის არსებობა.
საკასაციო სასამართლო შენობა-ნაგებობის მახასიათებლებთან მიმართებით, ასევე, ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას მასზედ, რომ თითქოს ფოტოსურათებით შეუძლებელია განსაზღვრულ იქნეს, აქვს თუ არა ნაგებობას საძირკველი. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, საქმეში წარმოდგენილია უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე მდებარე ნაგებობის ამსახველი ფოტოსურათები (იხ. ს.ფ. 138, 144, 182, 212), საიდანაც თვალნათლივ ჩანს, რომ მისი შემომსაზღვრელი თუნუქის ფურცლები პირდაპირ დაკავშირებულია მიწასთან და მიმაგრებულია ხის ჯოხებზე, რომლებიც ჩამაგრებულია მიწაში მშრალად, არამონოლითური ჩამაგრებით. თუმცა მართალია, ერთი მხრივ, დაუდგენელია, თუ რის საფუძველზე დაასკვნა სააპელაციო პალატამ, რომ სადავო ნაგებობას აქვს საძირკველი, თუმცა აღნიშნულის პარალელურად, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლოს არ აქვს ახსნილი, რით არის განპირობებული საძირკვლის არსებობის პირობებში, ნაგებობის მიწასთან პირდაპირ დაკავშირებული თუნუქის ფურცლებით შემოსაზღვრა.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს დასკვნა არ ემყარება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების ერთობლივ შესწავლა-შეფასებას. სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ხელახლა უნდა გამოიკვლიოს და დაადგინოს უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე არსებული ნაგებობის მახასიათებლები, ასევე, 2005 და 2010 წლების ორთოფოტოებზე ნაგებობის არსებობა-არარსებობის საკითხი, დაადგინოს ნაგებობის ტიპი, კანონის ამოქმედებამდე მისი მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე არსებობის ფაქტი და სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება შეამოწმოს სწორედ მითითებული გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შემდგომ.
ამასთან, საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამართალწარმოების ეტაპზე გაჟღერებულ პოზიციაზე, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი მოქცეულია სარეკრეაციო ზონაში, რის გამოც, მასზე საკუთრების უფლების აღიარება არ დაიშვება. საგულისხმოა, რომ საქმის მასალებით, ასევე, დადგენილია, რომ კ.კ-ის მოთხოვნაზე ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით დასკვნის მისაღებად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიმართა. პასუხად, სააგენტოს 2020 წლის 12 ნოემბრის წერილით კომისიას ეცნობა, რომ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, კ.კ-ის მიერ მოთხოვნილ, ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის #15-ის მიმდებარე 724 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ვრცელდებოდა სარეკრეაციო ზონა-1 და მიწის ნაკვეთი კვეთდა #... საკადასტრო ერთეულს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული გარემოება სააპელაციო პალატის მიერ არ ყოფილა სათანადოდ გამოკვლეული და შეფასებული. ადმინისტრაციული ორგანოს მითითების მიუხედავად, სააპელაციო სასამართლოს არ გაუთვალისწინებია სადავო მიწის ნაკვეთის სარეკრეაციო ზონაში მოქცევის საკითხი და არ შეუფასებია, დაიშვება თუ არა მასზე კერძო სამართლის სუბიექტის საკუთრების უფლების აღიარება.
საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწა - რეკრეაციული დანიშნულების პარკი, ტყე-პარკი, სკვერი და სხვა ტერიტორია, გარდა საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მქონე ტერიტორიებისა.
საკასაციო სასამართლო, ასევე, ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის სარეკრეაციო ზონაში მოქცევასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დასახელებული არგუმენტის უარყოფის საფუძვლად სააპელაციო სასამართლომ მხოლოდ იმ გარემოებაზე მიუთითა, რომ აღნიშნული არ გამხდარა 2021 წლის 28 აპრილის #634 განკარგულებით კ.კ-ისათვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველი.
საკასაციო სასამართლო, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, სარჩელით მოთხოვნილია არა მხოლოდ სადავო ადმინისტრაციულ-სამართებრივი აქტის ბათილად ცნობა, არამედ, ასევე, მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებით უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე კ.კ-ის საკუთრების უფლების აღიარება. შესაბამისად, ახალი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისათვის, მიუხედავად იმისა, ადმინისტრაციულმა ორგანომ ასახა თუ არა ხსენებული გარემოება ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში, სასამართლოს უწევს განსაზღვროს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე კერძო სამართლის სუბიექტის საკუთრების უფლების აღიარების დასაშვებობა და ამ კუთხით, გამორიცხოს საკუთრების უფლების აღიარების შემაფერხებელი გარემოებების არსებობა.
გარდა ამისა, საკითხის სპეციფიკურობის გათვალისწინებით, მსგავსი კატეგორიის საქმეებში არც თავად ადმინისტრაციული ორგანოა შეზღუდული, სამართალწარმოების ეტაპზე „გააფართოვოს“ საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძვლები აღიარების ხელშემშლელი ისეთი გარემოების მითითებით, როგორიცაა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის სარეკრეაციო ზონისათვის მიკუთვნება. უფრო მეტიც, სადავო სამართალურთიერთობის გადაწყვეტის პროცესში, სასამართლო არ იზღუდება მხარეთა მითითებით. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამავე კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გარდა, სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივითაც შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები. შესაბამისად, ადმინისტრაციულ პროცესში განმტკიცებული ინკვიზციურობის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლო არა მხოლოდ უფლებამოსილი, არამედ ვალდებულია სრულყოფილად გამოიკვლიოს და შეისწავლოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი ინიციატივით განსაზღვროს გარემოებათა დადგენის საჭიროება და მოიძიოს ამ გარემოებათა დამადასტურებელი ან უარმყოფი მტკიცებულებები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მის საწინააღმდეგოდ აღნიშნავს, რომ მიუხედავად ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მიწის ნაკვეთის სარეკრეაციო ზონისათვის მიკუთვნების საკითხის აუსახველობისა, სასამართლოს უნდა ემსჯელა აღნიშნულ გარემოებაზე და მხედველობაში მიეღო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამასთან, საგულისხმოა, რომ უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე სარეკრეაციო ზონის გავრცელების საკითხი დადგენილი იყო ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზეც, კერძოდ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს წერილით განისაზღვრა, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი სარეკრეაციო ზონა-1-ში იყო მოქცეული. თუმცა საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მითითებული წერილი გამოცემულია 2020 წლის 12 ნოემბერს. შესაბამისად, საქმის ხელახალი განხილვის პროცესში, სააპელაციო სასამართლომ უნდა განსაზღვროს, ხომ არ შეცვლილა ვითარება უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთთან მიმართებით, კვლავ ვრცელდება თუ არა მასზე სარეკრეაციო ზონის სტატუსი და შეაფასოს, ზოგადად, რამდენად დასაშვებია სადავო მიწის ნაკვეთზე ფიზიკური პირის საკუთრების უფლების აღიარება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა