Facebook Twitter

№ბს-369(კ-22) 7 ივნისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ი.მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.

სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შედეგად მოსარჩელემ მოითხოვა: უკანონოდ იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2018 წლის 12 ოქტომბრის №4-5/ს.ფ.-659-18 სააღსრულებო ფურცლის გამოცემით განხორციელებული ქმედება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით ი.მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. უკანონოდ იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2018 წლის 12 ოქტომბრის №4-5/ს.ფ.-659-18 სააღსრულებო ფურცლის გამოცემით განხორციელებული ქმედება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე მითითებით კასატორი აღნიშნავს, რომ სამსახურის მიერ 2018 წლის 12 ოქტომბრის №4-5/ს.ფ.-659-18 სააღსრულებო ფურცლის გაცემით სახეზეა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (მერის ბრძანების და არა ზედამხედველობის სამსახურის დადგენილების) შესრულების მიზნით განხორციელებული ქმედება. ამასთან, სააღსრულებო ფურცლის გაცემით განხორციელებული ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება დაკავშირებული იყო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასთან (სამსახურის 2016 წლის 8 თებერვლის №000864 დადგენილების აღსასრულებლად მიქცევა ზემდგომი ორგანოს მიერ მისი კანონიერების საკითხის გადაწყვეტის შემდეგ), რის გამოც სარჩელი დაუშვებელი იყო სასკ-ის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხოლო ის ფაქტი, რომ სასამართლომ რეალაქტად მიიჩნია სააღსრულებო ფურცლის გაცემით განხორციელებული ქმედება, მაგრამ მისი რეგულაცია მოაქცია 24-ე მუხლის ფარგლებში, მიუთითებს ნორმის არასწორ განმარტებაზე. სასამართლომ სასკ-ის 24-ე მუხლი იმგვარად განმარტა, რომელიც პირდაპირ არ იკითხება ამ მუხლის ჩანაწერში (ანუ მუხლის კონსტრუქცია ითვალისწინებს მოქმედების განხორციელების მოთხოვნას ან მოქმედების განხორციელებისგან თავის შეკავების მოთხოვნას და არა განხორციელებული ქმედების, რეალაქტის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასებას).

თეორიულად სარჩელი დასაშვები რომც იყოს, სასკ-ის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახეზე არ არის ამავე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული პირობა, კერძოდ, მოსარჩელეს სასამართლოში არ გაუსაჩივრებია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 30 სექტემბრის №1-1767 ბრძანება (რომლითაც არ დაკმაყოფილდა ი.მ-ის საჩივარი ზედამხედველობის სამსახურის აქტის ბათილობაზე), რაც მიუთითებს, რომ მერიის №1-1767 ბრძანება არ აყენებდა პირდაპირ და უშუალო ზიანს მხარის კანონიერ უფლებებს ან ინტერესს. შესაბამისად, ასეთი აქტის საფუძველზე გამოცემული სააღსრულებო ფურცელი ვერანაირი უშუალო და პირდაპირი ზიანის მიმყენებელი ვერ იქნებოდა მოსარჩელისათვის.

კასატორის განმარტებით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-16 ნაწილში საუბარია სამსახურის დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლაზე (და არა ზემდგომი ორგანოს, მერის მიერ გამოცემული ბრძანების), რაც განსხვავდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლისგან, ანუ ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს დადგენილების ძალაში შესვლისა და დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლის საკითხი. ფაქტია, რომ ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 8 თებერვლის №000864 დადგენილება ადრესატზე ჩაბარებით შევიდა ძალაში, (ოფიციალური გაცნობა), მაგრამ იგი კანონიერ ძალაში შევიდოდა მისი გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადის გასვლისას, თუ არ მოხდებოდა მისი ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრება. ვინაიდან აღნიშნული აქტი გასაჩივრდა ქ. თბილისის მერთან, მისი მოქმედება შეჩერდა და აღარ მოხდა მისი კანონიერ ძალაში შესვლა. კანონის დანაწესით აღსასრულებლად მიქცევას ექვემდებარება კანონიერ ძალაში შესული სამსახურის მიერ გამოცემული დადგენილება, რომელიც კანონიერ ძალაში (და არა ძალაში) შედის დადგენილების გასაჩივრებისთვის დაწესებული 15-დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ (ვინაიდან არ არსებობს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში აქტის კანონიერ ძალაში შესვლის ზუსტი რეგულირება, აღნიშნული საკითხი უნდა დარეგულირდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის დანაწესის მსგავსად) და მხოლოდ ამის შემდეგ იწყება მუნიციპალური ინსპექციის ვალდებულება, მის აღსასრულებლად მიქცევაზე. იმ შემთხვევაში კი, როდესაც ხდება 25-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული დადგენილების გასაჩივრება, დადგენილება კანონიერ ძალაში ვერ შედის, რაც გამორიცხავს მის აღსასრულებლად მიქცევაზე 6-თვიანი ვადის გავრცელებას. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ 25-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული დადგენილების (ზედამხედველობის სამსახურის დადგენილება) კანონიერ ძალაში შესვლა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ანუ სამსახურის დადგენილების თაობაზე მერიის ბრძანების ძალაში შესვლით, ზედამხედველობის სამსახურის დადგენილების ძალაში შესვლა გააიგივა ერთმანეთთან, რაც არასწორია.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასკ-ის 24-ე მუხლი უზრუნველყოფს რეალაქტის, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის ერთ-ერთი სამართლებრივი ფორმის სასამართლო კონტროლს, ასევე ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული/განსახორციელებელი რეალური მოქმედებისაგან პირის უფლებისა და კანონიერი ინტერესის დაცვის სამართლებრივ საშუალებებს. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც სასარჩელო მოთხოვნა დაფუძნებულია სააღსრულებო ფურცლის გამოცემით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედების უკანონობაზე, სადავო საკითხის გადაჭრის მიზნით სასამართლომ მართებულად გამოიყენა სასკ-ის 24-ე მუხლი.

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლით წესრიგდება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესი, რომლის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა (2); მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება (5); თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ (9); ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული დადგენილება არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც აღსრულდება ამ კოდექსითა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილება დასაბუთებული უნდა იყოს და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის დადგენილ რეკვიზიტებთან ერთად უნდა შეიცავდეს იმ ორგანოს დასახელებასა და მისამართს, რომელშიც შეიძლება ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება, და გასაჩივრების ვადას (15); ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული დადგენილება აღსასრულებლად მიიქცევა მისი კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან არა უმეტეს 6 თვის ვადაში (16); სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიღებული დადგენილება მიღებიდან 24 საათის განმავლობაში უნდა გაეცნოს დადგენილებაში მითითებულ მხარეს (17); სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიღებული დადგენილება (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაცნობიდან 15 დღის განმავლობაში. ამასთანავე, გასაჩივრება არ აჩერებს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების აღსრულებას მშენებლობის ან დემონტაჟის შეჩერების ნაწილში (22).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ა) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 8 თებერვლის №000864 დადგენილებით „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“, ი.მ-ი დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარით, ქ. თბილისში, ..., №36-ში (ს/კ...) შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების (არსებულ ღობეზე მიშენება) ფაქტთან დაკავშირებით (დადგენილების პირველი პუნქტი). დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად, ი.მ-ს დაევალა ქ. თბილისში, ..., №36-ში (ს/კ...), შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების (არსებულ ღობეზე მიშენება) დემონტაჟი. აღნიშნული დადგენილება ი.მ-ს გაეგზავნა ფოსტის საშუალებით 22.02.2016წ. (ს.ფ. 21-23); ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 8 თებერვლის №000864 დადგენილება, 2016 წლის 10 მარტს ი.მ-ის წარმომადგენელმა -ნ.ს-მა გაასაჩივრა №86181/15 ადმინისტრაციული საჩივრით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 30 სექტემბრის №1-1767 ბრძანებით, არ დაკმაყოფილდა ი.მ-ის 2016 წლის 10 მარტის №86181/15 ადმინისტრაციული საჩივარი. ძალაში დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 8 თებერვლის №000864 დადგენილება (ს.ფ. 28-34); გ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსხურის მიერ, 2016 წლის 8 თებერვლის დადგენილების საფუძველზე, 2016 წლის 24 ივნისს გაიცა №4-5/ს.ფ.-191-16 სააღსრულებო ფურცელი. სააღსრულებო ფურცლის მიხედვით: „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ი.მ-ს დაევალა ქ. თბილისში, ..., №36-ში (ს/კ ...) უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების (არსებულ ღობეზე მიშენება) დემონტაჟი. სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, კრედიტორს წარმოადგენს: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური, მოვალეს - ი.მ-ი, დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღია: 22.02.2016წ., ხოლო სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღია - 24.06.2016წ. (ს.ფ. 26-27); გ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის ადმინისტრაციული დავების განხილვისა და სამართლებრივი აქტების მომზადების განყოფილების 2016 წლის 4 ოქტომბრის №17/261475 გზავნილის თანახმად, შპს „ნ.ს-ის ...“-ს გაეგზავნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში 2016 წლის 10 მარტს წარდგენილ №86181/15 ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 30 სექტემბრის №1-1767 ბრძანება (ს.ფ. 233); დ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2017 წლის 25 დეკემბრის №10-01173591047 წერილის თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 30 სექტემბრის №1-1767 ბრძანების ი.მ-ისათვის ჩაბარების ფაქტი არ დასტურდება (ს.ფ. 234-235); ე) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 იანვრის განჩინებით (საქმე №3/8109-16) ი.მ-ის სარჩელი, მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2016 წლის 24 ივნისს გაცემული №4-5 სააღსრულებო ფურცლისა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2016 წლის 12 აგვისტოს გაცემული №A16062877- 004/001 სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის მოთხოვნით, დარჩა განუხილველად. განჩინება შესულია კანონიერ ძალაში (ს.ფ. 35-38); ვ) თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 აგვისტოს №2589160 წერილით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს მ.ჯ-ს 13.08.2018წ. №17-01182251163 მიმართვის პასუხად ეცნობა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანცელარიის ელექტრონული ბაზის მონაცემებით, 2016 წლის 10 ნოემბერს რეგისტრირებულია საქმე №3/8109-16, მოსარჩელის - ი.მ-ის სარჩელი, მოპასუხის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესახებ. ამავე წერილის თანახმად, 2018 წლის 23 იანვრის განჩინებით სარჩელი განუხილველი დარჩა. მოსარჩელე ი.მ-ს განჩინება ჩაბარდა 2018 წლის 6 თებერვალს. განჩინება არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში (2018 წლის 20 აგვისტოს მდგომარეობით) (ს.ფ. 102-103); ზ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ, 2016 წლის 8 თებერვლის დადგენილების საფუძველზე, 2018 წლის 12 ოქტომბერს გაიცა №4-5/ს.ფ.-659-18 სააღსრულებო ფურცელი. სააღსრულებო ფურცლის მიხედვით: ი.მ-ს დაევალა ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯარიმის - 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით გადახდა, ქ. თბილისში, ..., №36-ში (ს/კ ...) შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების (არსებულ ღობეზე მიშენება) ფაქტთან დაკავშირებით. სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, კრედიტორს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, მოვალეს - ი.მ-ი, დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღია 22.08.2018წ., ხოლო სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღია - 12.10.2018წ. (ს.ფ. 24-25); თ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 24 ოქტომბრის A18150805-005/001 გადაწყვეტილების შესრულების შესახებ შეტყობინების თანახმად, თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია A18150805 სააღსრულებო საქმე, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის (მერია) მიერ გაცემული №659-18 სააღსრულებო ფურცელი იძულებითი აღსრულების შესახებ. ამავე შეტყობინებით მოვალეს - ი.მ-ს ეცნობა, რომ სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე დაკისრებული აქვს 10 000 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ს.ფ. 39-42); ი) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 25 ოქტომბრის №5385 ბრძანების თანახმად, ი.მ-ის განცხადება დაკისრებული თანხის განწილვადების შესახებ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 43-44); კ) ი.მ-მა საჩივრით მიმართა (19.11.2018წ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოითხოვა კრედიტორმა გამოიხმოს/დაიბრუნოს სააღსრულებო ფურცელი. საჩივარში აღნიშნულია შემდეგი: „სადავო სააღსრულებო ფურცელში დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი - 2018 წლის 22 აგვისტო შეცდომით, არასწორადაა დაფიქსირებული. რეალურად აღნიშნული დადგენილება კანონიერ ძალაში შესულია არა ამ დროს, არამედ 2016 წლის ნოემბერში, როდესაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 30 სექტემბრის №1-1767 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ი.მ-ის წარმომადგენლის ადმინისტრაციული საჩივარი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 28 თებერვლის №000864 დადგენილების ბათილად ცნობის მოთხოვნაზე, ხოლო ი.მ-ის მიერ შემდგომში აღნიშნული დადგენილება სასამართლოში არ გასაჩივრებულა და შესაბამისად, გასაჩივრების ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ შევიდა კანონიერ ძალაში. ი.მ-ის მიერ სასამართლოში გასაჩივრდა მხოლოდ შემდეგი აქტები: 1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2016 წლის 24 ივნისს გაცემული №4-5 სააღსრულებო ფურცელი, რომელიც შეეხებოდა უნებართვოდ აშენებული შენობის დემონტაჟს და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2016 წლის 12 აგვისტოს გაცემულ №16062877-004/001 სააღსრულებო ფურცელი, ანუ წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ“ (ს.ფ. 45-47);

მოცემული დავის საგნის ფარგლებში შესაფასებელია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 8 თებერვლის №000864 დადგენილების საფუძველზე, 2018 წლის 12 ოქტომბრის №4-5/ს.ფ.-659-18 სააღსრულებლო ფურცლის გაცემისას ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა თუ არა კანონმდებლობის ფარგლებში. სააღსრულებო ფურცლების გაცემის თარიღის (12.10.2018წ.) გათვალისწინებით, დასადგენია სწორად იქნა თუ არა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 8 თებერვლის №000864 დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღად მიჩნეული - 2018 წლის 22 აგვისტო.

დადგენილია, რომ ი.მ-მა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 8 თებერვლის №000864 დადგენილება გაასაჩივრა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, რომლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 30 სექტემბრის №1-1767 ბრძანებით, ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რის შემდეგაც მოსარჩელის მიერ აღნიშნული (№000864 დადგენილება და №1-1767 ბრძანება) აქტები სასამართლოში არ გასაჩივრებულა. მოცემული დავის ფარგლებში სადავოა არა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 8 თებერვლის №000864 დადგენილების ჩაბარების, არამედ მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 30 სექტემბრის №1-1767 ბრძანების მხარისათვის ჩაბარების საკითხი, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25.16 მუხლით დადგენილი ვადის ათვლის დასაწყისისათვის, ანუ იმის დასადგენად, როდის შევიდა კანონიერ ძალაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 8 თებერვლის №000864 დადგენილება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 6 ოქტომბრის №ბს-770-762(კ-15) გადაწყვეტილებაზე, სადაც განმარტებულია, რომ „...ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის იმ პირისათვის ოფიციალური გაცნობის მოთხოვნა, რომლის მიმართაც არის იგი გამოცემული, კანონმდებლობის კატეგორიული იმპერატივია, ვინაიდან აქტის გამოქვეყნება, მისი ადრესატისთვის გაცნობა არის ადმინისტრაციული წარმოების ფინალი და მისი ნაყოფი - წარმოების შედეგად გამოცემული გადაწყვეტილება, ძალაში შედის მხარისათვის ოფიციალური გაცნობით (სზაკ-ის 54-ე მუხ.). აქტის ძალაში შესვლის მომენტის დადგენა მნიშვნელოვანია აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადების დაცულობის გარკვევისათვის. სწორედ აქტის ძალაში შესვლით ანუ მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობით იწყება მისი გასაჩივრების ვადის ათვლა, გაცნობის შემდეგ ხდება შესაბამისი ადრესატის უფლებამოვალეობების წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა. შესაბამისად, სწორედ ამ მომენტიდან პირს ეძლევა გასაჩივრების შესაძლებლობა. აქტის ოფიციალური გაცნობის სამართლებრივი მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ მხარე ადასტურებს მისი შინაარსის გაცნობას, თუმცა გასაჩივრების ვადის დინება არ იწყება მაშინაც კი, როდესაც პირისთვის აქტის შინაარსი ცნობილი გახდა არაოფიციალური წყაროდან ან თუნდაც აქტის პროექტის ან იმ მასალების გაცნობიდან, რომლის საფუძველზე შემდგომში გამოიცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი“.

სზაკ-ის 54-ე მუხლის თანახმად, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე ან გამოქვეყნების დღეს (1); კანონით დადგენილ შემთხვევებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეიძლება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებამდე ან ოფიციალურ გაცნობამდეც, თუ დაყოვნებამ შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს, დანაშაულის აღკვეთას ან გახსნას, აგრეთვე პირის უფლებებს ან კანონიერ ინტერესებს (2); დაინტერესებული მხარისათვის ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის გაგზავნიდან არა უგვიანეს მე-7 დღისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაინტერესებულ მხარეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ მიუღია (3); ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაგზავნასთან დაკავშირებული დავის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს (4).

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დაინტერესებული მხარისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს მისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას. საყურადღებოა, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობის პროცესში ყურადღება უნდა მიექცეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 55-ე–58-ე მუხლების და სპეციალურ კანონებში მოცემული დანაწესების თავისებურებებს.

სზაკ-ის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოება განიმარტება, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სამშენებლო სამართალდარღვევის შემთხვევაში პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-16 ნაწილით განსაზღვრული სპეციალური დანაწესი - აქტის აღსასრულებლად მიქცევის მიზნებისათვის (ჯარიმის ნაწილში) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტა ერთიან წარმოებად უნდა იქნეს გაგებული და არა განცალკევებით, ვინაიდან ამავე კოდექსის პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25.22 მუხლის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიღებული დადგენილება (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაცნობიდან 15 დღის განმავლობაში. ამასთანავე, გასაჩივრება არ აჩერებს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების აღსრულებას მშენებლობის ან დემონტაჟის შეჩერების ნაწილში.

ამდენად, მოცემული ნორმის თანახმად, სამშენებლო საქმის წარმოებისას დადგენილების (აქტის) გასაჩივრებით ჩერდება სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილება ჯარიმის ნაწილში. შესაბამისად, მისი ძალაში შესვლა დამოკიდებულია ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებაზე.

მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 30 სექტემბრის №1-1767 ბრძანება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა 2016 წლის 10 მარტის №86181/15 ადმინისტრაციული საჩივარი და რომლითაც ძალაში დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 8 თებერვლის №000864 დადგენილება, მისთვის ცნობილი გახდა დაახლოებით 2016 წლის ოქტომბრის თვეში.

მიუხედავად იმისა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2017 წლის 25 დეკემბრის №10-01173591047 წერილის თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 30 სექტემბრის №1-1767 ბრძანების ი.მ-ისათვის ჩაბარების ფაქტი არ დასტურდება, საყურადღებოა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის ადმინისტრაციული დავების განხილვისა და სამართლებრივი აქტების მომზადების განყოფილების 2016 წლის 4 ოქტომბრის №17/261475 გზავნილით მიხედვით, ი.მ-ის წარმომადგენელს ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 30 სექტემბრის №1-1767 ბრძანება, გაეგზავნა 2016 წლის 4 ოქტომბერს. აღნიშნული თანხვედრაშია მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებასთან, რომ ბრძანების შესახებ მისთვის ცნობილი გახდა დაახლოებით 2016 წლის ოქტომბრის თვეში.

რაც შეეხება ი.მ-ის მიერ სასამართლოში წარდგენილ სარჩელს, საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება, რომ მოსარჩელე სადავოდ ხდიდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2016 წლის 24 ივნისს გაცემულ №4-5 სააღსრულებო ფურცელს და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2016 წლის 12 აგვისტოს გაცემულ №A16062877- 004/001 სააღსრულებო ფურცელს (რეალურად გასაჩივრებული იყო აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 12 აგვისტოს №A16062877-004/001 წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე (ს.ფ. 117-123). შესაბამისად, დადგენილია, რომ მოსარჩელეს არ უდავია სასამართლო წესით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 8 თებერვლის №000864 დადგენილებისა (დაჯარიმების ნაწილში) და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 30 სექტემბრის №1-1767 ბრძანების კანონიერების თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას იმის თაობაზე, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 30 სექტემბრის №1-1767 ბრძანება ძალაში შევიდა მისი გასაჩივრების ერთთვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ - დაახლოებით 2016 წლის ნოემბრის თვეში. დადგენილებაზე სააღსრულებო ფურცელი კი გამოიწერა 2018 წლის 12 ოქტომბერს, რაც საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-16 ნაწილის დათქმის გათვალისწინებით, კანონდარღვევას წარმოადგენს, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა დაცული დაჯარიმების შესახებ დადგენილების აღსასრულებლად მიქცევის 6-თვიანი ვადა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე