საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-129(კ-23) 20 ივნისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მესამე პირები) - ნ. მ-ი, ა. მ-ი, ფ. მ-ი, მ. მ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე), გ. მ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ნოემბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 15 აგვისტოს გ. მ-მა სარჩელით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 1 აგვისტოს №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; მოპასუხისათვის ს/კ ... და ს/კ ... უძრავ ნივთებზე 2011 წლის 14 აპრილის №... და ... სარეგისტრაციო განცხადებით გ. მ-ის სახელზე არსებული საკუთრების რეგისტრაციის აღდგენის დავალება; მოპასუხისათვის მარნეულის რაიონის სოფელ ...ში მდებარე ს/კ ... და ს/კ ... მიწის ნაკვეთზე 2002 წლის 6 სექტემბრის ი. მ-ის სახელზე განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაციის აღდგენის დავალება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 30 მაისის N... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებისა და 2017 წლის 24 მაისის N... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 სექტემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება ნ. მ-ი.
ბოლნისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით გ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 1 აგვისტოს №... გადაწყვეტილება; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება და საჭიროების შემთხვევაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; მოსარჩელე გ. მ-ს უარი ეთქვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, კერძოდ, 2002 წლის 6 სექტემბრის ი. მ-ის სახელზე განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაციის აღდგენის შესახებ, მარნეულის რაიონის სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთზე ს/კ ... და ს/კ .... მოსარჩელე გ. მ-ს უარი ეთქვა 2017 წლის 30 მაისის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების და 2017 წლის 24 მაისის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის თაობაზე. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. მ-მა და გ. მ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ა. მ-ი, მ. მ-ი და ფ. მ-ი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ნოემბრის განჩინებით გ. მ-ის და ნ. მ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. მ-მა, ა. მ-მა, მ. მ-მა და ფ. მ-მა, რომლებმაც გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორების მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამეყენებინა. სასამართლოს დასაბუთება აშკარად უკანონო და უსაფუძვლოა, იგი არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. კასატორების მითითებით, სადავო მიწის ნაკვეთი კანონის სრული დაცვით გაფორმდა მათ სახელზე, კერძოდ, სასამართლოს მიერ 2016 წელს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ შეისწავლა საქმის მასალები და დაასკვნა, რომ სადავო ქონება ეკუთვნოდა ნ. მ-ის დედას და არა გ. მ-ს და ამის შემდეგ დაარეგისტრირა ქონება. აღნიშნულის შემდეგ, გარიგების საფუძველზე, კანონის სრული დაცვით მოხდა მისი გადაფორმება ა., მ. და ფ. მ-ებზე. კასატორთა მოსაზრებით, სასამართლოს არ ჰქონდა ა., მ. და ფ. მ-ებზე რეგისტრაციის ბათილად ცნობის უფლება, თუ არ გაუქმდებოდა სამოქალაქო წესით მათ სახელზე რეგისტრაციის საფუძვლები - ხელშეკრულებები. ამდენად, სასამართლოებმა დაარღვიეს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა. სადავო გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება ამავე სადავო უძრავ ქონებაზე 2016 წლის 29 ივნისს მიღებულ კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებას, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი გ. მ-ის მამაზე სადავო უძრავი ქონების რეგისტრაცია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 მაისის განჩინებით ნ. მ-ის, ა. მ-ისა და მ. მ-ის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. მ-ის, ფ. მ-ის, ა. მ-ისა და მ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, რომ ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში დაცული მონაცემების თანახმად, ნ. მ-ის დედაზე, ხ. მ-აზე უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე ირიცხებოდა 1397.25 კვ.მ მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი ფართი. სააღრიცხვო მასალა მოიცავდა 15.04.1992 წლის პერიოდს. დადგენილია, რომ მარნეულის რაიონის ...ის სასოფლო-საბჭოს საკომლო წიგნების მიხედვით, ხ. მ-ა 1986-2011 წლის მონაცემებით რეგისტრირებული იყო კომლის უფროსად. მის კომლს ერიცხებოდა 50 კვ.მ საცხოვრებელი სახლი და 0,16 ჰა მიწის ნაკვეთი.
საქმეზე აგრეთვე დადგენილია, რომ მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდით ... და ... საგადასახადო სიის საფუძველზე 2002 წლის 6 სექტემბერს განხორციელდა ი. გ. ო. მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია. მიწის ნაკვეთებზე შედგა სააღრიცხვო ბარათი და საკადასტრო რუკა. მარნეულის რაიონის ...ის სასოფლო-საბჭოს საკომლო წიგნების მიხედვით, ი. გ. ო. მ-ი 1986-2011 წლის მონაცემებით რეგისტრირებული იყო კომლის უფროსად. მის კომლს ერიცხებოდა 100 კვ.მ საცხოვრებელი სახლი და 0,10 ჰა მიწის ნაკვეთი. ი. გ. ო. მ-ი გარდაიცვალა 2006 წლის 8 ივნისს. 2011 წლის 14 აპრილს გაიცა სამკვიდრო მოწმობა №110380776, რომლის თანახმად, გ. მ-ი წარმოადგენს ი. მ-ის კანონისმიერ მემკვიდრეს პირველი რიგის მემკვიდრეთა წრიდან. დადგენილია, რომ 2011 წლის 20 აპრილს N... გადაწყვეტილებით უძრავ ნივთზე ს.კ. ... და N... გადაწყვეტილებით უძრავ ნივთზე ს.კ. ... (ნაკვეთის წინა ნომერი) №110380776 სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე დარეგისტრირდა გ. მ-ის საკუთრების უფლება. 2002 წლის 6 სექტემბერს განხორციელებული რეგისტრაციის ბათილად ცნობის მოთხოვნით ნ. მ-მა სარჩელით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს იმ მოტივით, რომ ი. მ-ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება წარმოადგენდა თავისი დედის - ხ. მ-ას საკუთრებას.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2002 წლის 6 სექტემბერს განხორციელებული ი. მ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით ... და ... და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება და საჭიროების შემთხვევაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
სასამართლოს ზემოხსენებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო 1996 წლის 25 ივნისის მიღება-ჩაბარების №710 აქტი, რომლის თანახმად, ნ. მ-ის დედას, ხ. მ-ას გადაეცა მარნეულის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 0,14 ჰა მიწის ნაკვეთი და მის სახელზე აღირიცხა ტექ.ინვენტარიზაციის ბიუროში. ამდენად, სასამართლოს შეფასებით, საფუძველს იყო მოკლებული ხ. მ-ას საკუთრებაში მყოფი მიწის ნაკვეთის ი. მ-ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაცია.
სასამართლოს მითითებით, მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურმა 2002 წლის 6 სექტემბერს მ. ი. გ. ო-ის (გ. მ-ის მამა) სახელზე, სადავო მიწის ნაკვეთის პირველად რეგისტრაციას საფუძვლად დაუდო სასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადის საგადასახადო სია ... და .... სასამართლომ დადგენილად ცნო ის გარემოება, რომ მ. ი. გ. ო-ის სახელზე სადავო მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების რეგისტრაციისას წარდგენილი უფლების დამდგენი დოკუმენტები - მიწის გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო სია ... და ... სარეგისტრაციო მასალებში არ მოიპოვებოდა და ასევე მ. ი. გ. ო-ი მიწის გადასახადის გადამხდელად არ ფიქსირდებოდა. შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ არ იქნა ადმინისტრაციული წარმოებისას სრულყოფილად გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიღებული ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
ზემოხსენებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, საჯარო რეესტრმა 2017 წლის 1 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით სადავო უძრავ ქონებაზე №... სამკვიდრო მოწმობის, №AA2013055077-03 საარქივო ცნობისა და 15.04.1992 სააღრიცხვო მასალის საფუძველზე დაარეგისტრირა ნ. მ-ის საკუთრების უფლება. ხსენებული დავის ფარგლებში სასამართლოს მსჯელობის საგანს სწორედ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 1 აგვისტოს N... გადაწყვეტილების კანონიერება წარმოადგენს.
საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით დავა არსებითად არ გადაწყვეტილა, არამედ სასამართლომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა. მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს შეფასებით, საქმეზე დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები არ იძლეოდა სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შესაძლებლობას, საჭირო იყო საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დამატებით მოეძიებინა ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტაცია სადავო უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, რაც მოპასუხეს არ განუხორციელებია.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამასთანავე, „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხისმგებელი არიან რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია სამართლებრივი უსაფრთხოებისა და სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ამდენად, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს საქმის ფაქტობრივი გარემოებების ზედმიწევნით გამოკვლევასა და შეფასებას. მარეგისტრირებელმა ორგანომ რეგისტრაციამდე უნდა გამოიკვლიოს ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა, ასევე, უნდა შეადაროს სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაცია საარქივო ცნობასთან - ქაღალდზე შესრულებულ საკადასტრო მონაცემებთან თუ სააღრიცხვო ბარათებთან და ამონაწერებთან, დაადგინოს სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა (სუსგ. 28.02.2013წ. №ბს-367-363(კ-12)). მნიშვნელოვანია, რომ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე გამოირიცხოს ყველა სხვა სუბიექტის საკუთრების კონსტიტუციური უფლებისათვის საფრთხის შექმნა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი, ისევე როგორც, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი, სახელმწიფოს აგრეთვე აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას, უზრუნველყოს ქმედითი ღონისძიებების გატარება საკუთრების უფლების ეფექტიანად დასაცავად.
მოცემულ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც ...ის სასოფლო-საბჭოს საკომლო წიგნების მონაცემებით ხ. მ-ას კომლს ერიცხებოდა 50 კვ.მ საცხოვრებელი სახლი და 0,16 ჰა მიწის ნაკვეთი, ხოლო იმავე საკომლო წიგნების მონაცემებით ი. მ-ის კომლს - 100 კვ.მ საცხოვრებელი სახლი და 0,10 ჰა მიწის ნაკვეთი, ადმინისტრაციულ ორგანოს მტკიცების მაღალი ხარისხით უნდა დაესაბუთებინა მთლიან სადავო ტერიტორიაზე ნ. მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის მართლზომიერება, ამასთან სრულყოფილად შეესრულებინა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება. გარდა ამისა, ადმინისტრაციულ ორგანოს ადგილზე დათვალიერების გზით უნდა გაერკვია სადავო ნაკვეთის ფაქტობრივი მდგომარეობა, კონფიგურაცია, აგრეთვე დაედგინა მოსარჩელისა და მესამე პირის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ტერიტორიები და მხოლოდ ამის შემდეგ მიეღო დასაბუთებული გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას უფლების დამდგენი დოკუმენტის, კონკრეტულ შემთხვევაში ხელშეკრულების გაუქმების გარეშე ა., მ. და ფ. მ-ებზე უძრავი ქონების რეგისტრაციის ბათილად ცნობის დაუშვებლობასთან დაკავშირებით, რადგანაც დასახელებულ პირთა სახელზე არსებული რეგისტრაციები სადავო გადაწყვეტილებით ბათილად ცნობილი არ ყოფილა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი და კასატორის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უპერსპექტივოა, მოცემული საქმე სასამართლო პრაქტიკისთვის არ არის პრინციპული მნიშვნელობის და სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო საჩივარს პალატა მიიჩნევს დაუშვებლად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან, საკასაციო საჩივარზე 23.03.2023წ. №2434 საგადასახადო დავალებით ნ. მ-ის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. მ-ის, ფ. მ-ის, ა. მ-ისა და მ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ნოემბრის განჩინება;
3. ნ. მ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 23.03.2023წ. №2434 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა