ბს-883(2კ-20) 22 ივნისი, 2023წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - შპს ,,უ...“
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.07.2020წ. განჩინება
დავის საგანი - უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, განცხადებისა და ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გარდაბნის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს რეგისტრატურას 28.12.1998წ. მიმართა შპს „უ...ს“ წარმომადგენელმა და მოითხოვა დაბა ...ის საკრებულოს ტერიტორიაზე მდებარე 1,8 ჰა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. საკუთარი სარეგისტრაციო მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებული პირის მიერ სამსახურში წარდგენილ იქნა გარდაბნის რაიონის გამგეობის 25.12.1997წ. N262 დადგენილება, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გარდაბნის სამმართველოს მიერ 02.10.1998წ. გაცემული N14/115 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, 06.02.1998წ. N70 მიღება-ჩაბარების აქტი, 16.02.1998წ. საიჯარო ხელშეკრულება და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის 21.12.1998წ. N4-1963 თანხმობა. სარეგისტრაციო სამსახურის მიერ შპს „უ...ს“ საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 26 170 კვ.მ. ნაკვეთზე, ნაკვეთს მიენიჭა საკადასტრო კოდი ....
გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს 04.11.2010წ. N... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა შპს „უ...ს“ წარმომადგენელმა და მოითხოვა გარდაბნის რაიონში, დაბა ...ში მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანა, რაც სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 04.11.2010წ. მიღებული იქნა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ N... გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ განცხადებაზე თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის თანახმად, მიწის ნაკვეთი ხვდება ტყის სავარაუდო ბუფერში, შესაბამისად მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად წარმოსადგენია კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი.
სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 16.12.2010წ. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში შეჩერების საფუძვლად არსებული ხარვეზის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობის მოტივით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიღებული იქნა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ N... გადაწყვეტილება.
შპს „უ...ს“ დირექტორმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საჩივარზე თანდართული დოკუმენტაციით დაბა ...ში არსებული ტერიტორიისთვის დაზუსტდა კონტური ლანშაფტურ-სარეკრეაციო ზონას, სასოფლო-სამეურნეო ზონასა და სარეკრეაციო ზონა 2-ს შორის, კერძოდ, ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის 01.12.2010წ. N47 კრების ოქმით დაბა ...ში არსებული ტერიტორიისათვის მინიჭებული ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა და სასოფლო-სამეურნეო ზონა შეიცვალა სარეკრეაციო ზონა 2-ით. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 21.12.2010წ. N07/13586713 წერილით განიმარტა, რომ სარეკრეაციო ზონა-2-ში, სპეციალური ზონალური შეთანხმებით, დასაშვებია ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების განთავსება.
ვინაიდან სამსახურში წარდგენილი დოკუმენტაციით შეიცვალა აქტის გამოცემის საფუძვლად არსებული ფაქტობრივი გარემოება, ამასთან შეცვლილი გარემოებები განაპირობებდა განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 28.01.2011წ. N... გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „უ...ს“ დირექტორის 06.01.11წ. ადმინისტრაციული საჩივარი, ძალადაკარგულად გამოცხადდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებები, გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შედეგად ახალი გადაწყვეტილების მიღება.
გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 01.02.2011წ. N... გადაწყვეტილებით, სასამართლოს ბრძანების საფუძველზე (საქმე N11ა-422, 12.11.2007წ.) პროკურატურის მიერ ამოღებული სარეგისტრაციო დოკუმენტაციის დედნების დაბრუნებამდე, სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის დ.ძ-ის 11.10.2011წ. N...წერილით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ 16.02.1999წ. რეგისტრატორმა ნ.ბ-ამ შპს „უ...ს“ საკუთრების უფლებით დაურეგისტრირა 26170კვ.მ. მიწის ნაკვეთი 1.80 ჰა-ს ნაცვლად (18 000კვ.მ.), აღნიშნულით ნ.ბ-ამ ჩაიდინა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ე.ი. თანამდებობის პირის მიერ ისეთი მოქმედების განზრახ ჩადენა, რომელიც აშკარად სცილდება მისთვის კანონით მინიჭებულ უფლებათა და რწმუნებათა ფარგლებს, რამაც არსებითი ზიანი მიაყენა სახელმწიფოს კანონიერ ინტერესებს. მიუხედავად ამისა, რეგისტრატორ ნ.ბ-ას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემა ვერ მოხერხდა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, აღნიშნულის გამო 21.01.2008წ. საქმეზე შეწყდა წინასწარი გამოძიება.
26.08.2011წ. შპს „უ...ს“ დირექტორმა თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს წარუდგინა განცხადება წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების ობიექტი მდებარეობდა გარდაბნის სარეგისტრაციო ზონაში განცხადება გადაიგზავნა გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურში. საგამოძიებო სამსახურიდან დოკუმენტაციის დაბრუნების შემდგომ 07.11.11წ. გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ სარეგისტრაციო სამსახურში დაცული დოკუმენტაციის თანახმად, შპს „უ...ს“ საკუთრებაში ერიცხებოდა 18 000 კვ.მ. ნაკვეთი, ხოლო ამ ფართობიდან 1000კვ.მ. ნაკვეთზე უკვე რეგისტრირებული იყო კ.მ-ის საკუთრების უფლება (რეგისტრაციის N..., 29.09.2003წ.), შესაბამისად, დაინტერესებულ პირს სარეგისტრაციო სამსახურმა მოსთხოვა დარჩენილ 17 000 კვ.მ. ფართზე კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში შეჩერების საფუძვლად არსებული ხარვეზის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარმოუდგენლობის მოტივით, 13.02.12წ. მიღებული იქნა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ N... გადაწყვეტილება. აღნიშნულ საკითხზე იმსჯელა აგრეთვე საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და მიიღო ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 21.03.2012წ. N... გადაწყვეტილება.
დაბა ...ში მდებარე 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე დაუზუსტებელი მონაცემებით დარეგისტრირდა კ.მ-ის საკუთრების უფლება (რეგ. N..., თარიღი: 29.12.2003წ.). ახალ კოორდინატთა სისტემაში შემდგომში ნაკვეთის საზღვრების დაზუსტების შედეგად, მიწის ნაკვეთის ფართობმა 871 კვ.მ. შეადგინა.
07.06.2016წ. შპს „უ...ს“ წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს და მოითხოვა დაბა ...ში მდებარე ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია. სარეგისტრაციო განცხადებას ერთვოდა შპს „კ...ის“ მიერ მომზადებული ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის და ელექტრონული ვერსიები. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალური რეგისტრაციის სამსახურმა 17.06.2016წ. შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება და განუმარტა განმცხადებელს, რომ შპს „უ...ზე“ სახელმწიფოს მიერ განკარგული იყო 18000კვ.მ. უძრავი ნივთი, რომლიდანაც შპს „უ...ს“ პარტნიორთა კრების ოქმის საფუძველზე კ.მ-ეს გადაეცა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 1000კვ.მ. უძრავი ნივთი. მარეგისტრირებელმა ორგანომ დაინტერესებულ პირს მოსთხოვა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა დარჩენილ 17000კვ.მ. უძრავ ნივთზე. ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ 21.07.2016წ. N... გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალური რეგისტრაციის სამსახურის 17.06.2016წ. გადაწყვეტილება, ვინაიდან დადგინდა, რომ შპს „უ...მ“ თავის საკუთრებაში არსებული დაბა ...ში მდებარე 1.8 ჰა ნაკვეთისა და მასზე განლაგებული სააგარაკე კოტეჯებიდან კ.მ-ეს გადასცა კოტეჯი N5 დაახლოებით 0,1 ჰა-თან ერთად, კ.მ-ეს აღნიშნული უძრავი ნივთის საზღვრების დაზუსტების შედეგად ფართი შეადგენს 871კვ.მ.-ს, ამდენად, შპს „უ...ს“ საკუთრებაში დარჩენილი ჰქონდა 17 129კვ.მ. ნაკვეთი. აღნიშნულის გათვალისწინებით დაბა ...ში მდებარე 17 129 კვ.მ. ნაკვეთზე დაზუსტებული მონაცემებით დარეგისტრირდა შპს „უ...ს“ საკუთრების უფლება, უძრავ ნივთს მიენიჭა ... საკადასტრო კოდი, მომზადდა საკადასტრო გეგმა და გაიცა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
შპს „უ...ს“ წარმომადგენელმა 13.02.17წ. განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს, რომლითაც მოითხოვა რეგისტრაციასთან დაკავშირებით სარეგისტრაციო წარმოების განახლება. 01.04.17წ. სააგენტოში გაიმართა ზეპირი მოსმენის სხდომა, სხდომაზე გამოცხადებულმა შპს „უ...ს“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ უფლების დამდგენ დოკუმენტად განხილული უნდა იქნეს ქ. თბილისის საკრებულოს 27.12.10წ. N14-77 გადაწყვეტილება, ხოლო რაც შეეხება გარდაბნის რაიონის გამგეობის 25.12.1997წ. N262 დადგენილებას, ის არარად უნდა იქნეს აღიარებული, ვინაიდან 1.80ჰა ფართობი მასში მიეთითა ადგილზე გასვლის გარეშე. წარმომადგენელმა აღნიშნა აგრეთვე, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 28.01.11წ. N... გადაწყვეტილება, რომლითაც სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა ახალი გადაწყვეტილების მიღება, აღსრულებული არ ყოფილა, 17 129კვ.მ. ნაკვეთის (საკადასტრო კოდი ... ) შპს „უ...ს“ საკუთრებაში რეგისტრაციით, სზაკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, სახეზეა 2011-2012წ.წ. არსებული ფაქტობრივ-სამართლებრივი მდგომარეობის ისეთი ცვლილება, რომელიც განაპირობებს უფრო ხელსაყრელი ადმინისტრაციული აქტის გამოცემას და მაშინდელი მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას, კერძოდ, რეგისტრაციის განხორციელების შემდგომ შესაძლებელი გახდა სააგენტოსთვის 8170კვ.მ. ნაკვეთის რეგისტრაციის საკითხზე მსჯელობა, ვინაიდან ეს ნაკვეთი ყოველთვის იმყოფებოდა მართლზომიერ მფლობელობაში.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 14.03.17წ. N... გადაწყვეტილებით უარი ეთქვა შპს „უ...ს“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. სააგენტოს აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა შპს „უ...ს“ წარმომადგენლის მიერ. სააგენტოს 06.04.17წ. N... გადაწყვეტილებით უარი ითქვა საჩივრის განხილვაზე. სზაკ-ის 178-ე მუხლის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 03.05.2016წ. N139 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების“ საფუძველზე გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ სააგენტოს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო არ ჰყავს, სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის ადმინისტრაციული წარმოების უფროსს მინიჭებული აქვს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის, განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებისა და მომზადებულ კორესპონდენციებზე ხელმოწერის უფლებამოსილება.
შპს „უ...მ“ 18.04.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 14.03.2017წ. №... და ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ 06.04.2017წ. №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, აგრეთვე შპს „უ...ს“ 13.02.2017წ. განცხადებისა და 29.03.2017წ. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის თაობაზე მოპასუხის დავალდებულება.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ შპს „უ...მ“ 13.02.2017წ. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა მის მიერ მანამდე წარდგენილ (28.10.10.წ., 06.01.11წ., 18.01.11წ.) განცხადებებში ასახული იდენტური მოთხოვნით. განმცხადებელმა სზაკ-ის 102-ე მუხლზე საფუძველზე მოითხოვა 8170 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე რეგისტრაციის აღდგენა. განცხადების ხელახლა წარდგენის საფუძველი გახდა 2016 წელს შპს „უ...ს“ სახელზე 17 129 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე უფლების რეგისტრაცია, რამაც მოსარჩელის მოსაზრებით შესაძლებელი გახადა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული 8170 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკადასტრო აზომვითი ნახაზის შედგენა, სწორედ აღნიშნული ნახაზის წარდგენას მოითხოვდა სააგენტო 28.01.2011წ. გადაწყვეტილების შესასრულებლად. სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის ადმინისტრაციული წარმოების სამსახურის უფროსმა შპს „უ...ს“ 13.02.2017წ. განცხადებაზე 14.03.17წ. მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება, როგორც არაუფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული აქტი, 29.03.17წ. გასაჩივრდა სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომ თანამდებობის პირთან, სააგენტოს თავჯდომარესთან. საჩივარში აღინიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოცემისას დაირღვა სზაკ-ის, „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული სააგენტოს დებულება. 29.03.17წ. საჩივარზე 06.04.17წ. გადაწყვეტილება მიიღო იმავე ადმინისტრაციული წარმოების სამსახურის უფროსმა. მოსარჩელის მოსაზრებით, 14.03.17წ. და 06.04.17წ. გადაწყვეტილებები უკანონო, არარა ნორმატიული სამართლებრივი აქტებია. აღნიშნული აქტების გამოცემისას დაირღვა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 03.05.16წ. №134 ბრძანებით დამტკიცებული სააგენტოს დებულების 7.2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით ინდივიდუალური აქტის გამოცემის განსაკუთრებული უფლებამოსილება ენიჭება მხოლოდ სააგენტოს თავმჯდომარეს დელეგირების უფლების გარეშე, ასევე მოსარჩელეს წაერთვა „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 29.2 მუხლით მინიჭებული გასაჩივრების უფლება - „საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“ სზაკ-ის 178-ე მუხლის საფუძველზე.
12.09.2017წ. სასამართლო სხდომაზე მიღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებით, შპს ,,უ...ს“ წარმომადგენლის შუამდგომლობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.05.2018წ. გადაწყვეტილებით შპს „უ...ს“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 14.03.2017წ. №... გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა შპს „უ...ს“ მიერ 13.02.2017წ. წარდგენილ განცხადებასთან დაკავშირებით საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, შპს ,,უ...ს’’ მოთხოვნა სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ 13.02.2017წ. შპს „უ...ს“ დირექტორმა განცხადებითა და მასზე თანდართული მასალებით (სარეგისტრაციო წარმოების განხორციელებაზე განცხადების ხელახლა წარდგენის შესახებ) ითხოვა განცხადების განხილვა, შპს „უ...სა“ და მისგან გატანილი ნაკვეთის სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობაში მოყვანა და ამ პროცესში ქ. თბილისის საკრებულოს 27.12.2010წ. გადაწყვეტილების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის რანგში განხილვა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 14.03.2017წ. №... გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს საერთოდ არ შეუფასებია ადმინისტრაციული საჩივარი და მასზე თანდართული მასალები. მოპასუხემ გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ მასთან დაცული მტკიცებულებების საფუძველზე. სადავო აქტის მიღებისას საჯარო რეესტრის მიერ არ განხორციელებულა გარემოებების სათანადოდ გამოკვლევა და შეფასება. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საკითხის ხელახლა განხილვისა და ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისას მოპასუხემ უნდა დაიცვას სზაკ-ით დადგენილი მოთხოვნები, სადავო საკითხი გადაწყვიტოს მხოლოდ საქმის გარემოებებისა და არსებული მასალების სათანადო გამოკვლევის შედეგად. მოპასუხემ უნდა მისცეს შეფასება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და დაადგინოს მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი. ამასთან, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გაარკვიოს აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საჯარო (სადავო მიწის ნაკვეთი მდებარეობს სახელმწიფოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტერიტორიაზე) ან კერძო პირთა ინტერესების არსებობა.
შპს „უ...ს“ 13.02.2017წ. განცხადების განხილვის შესახებ საჯარო რეესტრის დავალდებულების მოთხოვნასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ადმინისტრაციულ ორგანოსთვის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, გულისხმობს მოპასუხის მიერ სწორედ წარდგენილი საჩივრის შესწავლას, რაც გამორიცხავს სასამართლოს მიერ ზემოაღნიშნული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 03.05.2016წ. №134 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულებაზე“, რომლის თანახმად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო არ ჰყავს. ამავე დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს თავმჯდომარე ხელმძღვანელობს და წარმართავს სააგენტოს საქმიანობას. ამავე პუნქტის „ვ“ და „ტ“ ქვეპუნქტების საფუძველზე სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის ადმინისტრაციული წარმოების სამსახურის უფროსს მიენიჭა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 13.02.2017წ. წარდგენილი შპს „უ...ს“ დირექტორის ი.კ-ის №62836/17 ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის, განხილვის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებასა და მომზადებულ კორესპონდენციებზე ხელმოწერის უფლებამოსილება. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 14.03.2017წ. №... სადავო გადაწყვეტილება წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის ადმინისტრაციული წარმოების სამსახურის უფროსისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იურიდიული დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ განცხადებებთან დაკავშირებით მომზადებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რაც საჩივრდება სასამართლოში, თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე წარდგენილ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო, რაც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არ ჰყავს. სზაკ-ის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსის მე-13 თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამავე კოდექსის მე-6 თავით გათვალისწინებული დებულებები. სზაკ-ის მე-80 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ განცხადებაში აღნიშნული საკითხი სასამართლოს განსჯადია, ადმინისტრაციული ორგანო განცხადებას შესაბამისი დასაბუთებით დაუბრუნებს განმცხადებელს. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 06.04.2017წ. გადაწყვეტილების მიღებისას ადგილი არ ჰქონია მითითებული ნორმის მოთხოვნათა დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.05.2018წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს „უ...ს“ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, შპს „უ...მ“ დაზუსტებული სააპელაციო მოთხოვნით ასევე მოითხოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 12.09.2017წ. განჩინების გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.07.2020წ. განჩინებით შპს „უ...ს“ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.05.2018წ. გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 12.09.2017წ. განჩინება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 14.03.2017წ. გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან ადმინისტრაციულ ორგანოს არსებითად არ უმსჯელია და არ შეუფასებია ადმინისტრაციული საჩივრის მოთხოვნა ქ. თბილისის საკრებულოს 27.12.2010წ. №14-77 გადაწყვეტილების საფუძველზე საკუთრების უფლების 17 129 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე რეგისტრაციის ნაცვლად 26 170 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე რეგისტრაციის თაობაზე. ადმინისტრაციულ ორგანოს სადავო აქტის გამოცემამდე უნდა გამოეკვლია აღნიშნულ ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების არსებობა, შეედარებინა სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია საარქივო მასალებთან და ამონაწერებთან, ასევე მის მიერ გამოცემულ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებებთან და დაედგინა განცხადებით მოთხოვნილი საკითხის დაკმაყოფილების შესაძლებლობა. ქ. თბილისის საკრებულოს 27.12.2010წ. №14-77 გადაწყვეტილებით დაბა ...ში არსებული ტერიტორიისათვის მინიჭებული ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა და სასოფლო-სამეურნეო ზონა შეიცვალა სარეკრეაციო ზონა 2-ით. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სწორედ აღნიშნული ფუნქციური ზონის სტატუსის ცვლილების საფუძველზე მიიჩნევს მოსარჩელე საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელებას შესაძლებლად. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომ ობიექტურად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები და საკითხის გადაწყვეტისას დაეყრდნო მხოლოდ იმას, რომ შპს „უ...ს“ საკუთრების უფლების დამადასტურებელ ერთადერთ დოკუმენტს გარდაბნის რაიონის გამგეობის 25.12.1997წ. №262 დადგენილება წარმოადგენდა, რომლითაც მოსარჩელისთვის გადაცემული ნაკვეთი 1.80 ჰა არასასოფლო-სამეურნეო მიწა უკვე რეგისტრირებული იყო. ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა სარეგისტრაციო სამსახურში არსებული მონაცემები, რომლითაც შპს „უ...ს“ რეგისტრირებულ მონაცემებში 26 170 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ცვლილების რეგისტრაციის განხორციელება საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მხოლოდ იმ საფუძვლით ვერ შეძლო, რომ მიწის ნაკვეთი ხვდებოდა ტყის სავარაუდო ბუფერში, ამასთან, აღნიშნული პერიოდისათვის (2012 წლის პირველ იანვრამდე) კერძო სამართლის იურიდიულ პირს ჰქონდა შესაძლებლობა, როგორც მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შედეგად დაერეგისტრირებინა საკუთრების უფლება. 28.12.1998წ. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, რომელსაც მოსარჩელე ენდობოდა, შპს ,,უ...ს“ რეგისტრირებული ჰქონდა 26 170 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. სააპელაციო პალატის მოსაზრებით ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისას მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ არ შეფასდა შპს ,,უ...ს“ საკუთრების უფლებით რეგისტრირებული 26 170 კვ.მ. მიწის ნაკვეთის შემცირების სამართლებრივი საფუძვლები და აღნიშნულის აღმოფხვრის დამადასტურებელ დოკუმენტად წარდგენილი ქ. თბილისის საკრებულოს 27.12.2010წ. №14-77 გადაწყვეტილება. სარეგისტრაციოდ წარდგენილი და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოში დაცული დოკუმენტაციის ურთიერთშედარებით, ასევე, დაინტერესებულ მხარეთა მოსმენით ან სხვა ნებისმიერი კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით, ადმინისტრაციულ ორგანოს შეეძლო დაედგინა მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა გამოკვლევა და შეფასება გარკვეულ სიცხადეს შეიტანდა სადავო საკითხის გადაწყვეტაში, რაც მის მიერ არ განხორციელებულა. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო გასაჩივრებული ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 14.03.2017წ. გადაწყვეტილების სასკ-ის 32.4 მუხლის შესაბამისად ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სადავო გადაწყვეტილების მიღების დროისთვის (14.03.2017წ.) იურიდიული დეპარტამენტის ადმინისტრაციული წარმოების სამსახურის უფროსს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მინიჭებული ჰქონდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 13.02.2017წ. წარდგენილი შპს „უ...ს“ დირექტორის №62836/17 ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის, განხილვის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებებსა და მომზადებულ კორესპონდენციებზე ხელმოწერის უფლებამოსილება. საქმის მასალებით დგინდება, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 14.03.2017წ. №... გადაწყვეტილება წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის ადმინისტრაციული წარმოების სამსახურის უფროსისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იურიდიული დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ განცხადებებთან დაკავშირებით მომზადებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რაც საჩივრდება სასამართლოში. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისთვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმათა დარღვევას, რის გამოც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 06.04.2017წ. №... გადაწყვეტილებით მოსარჩელეს კანონშესაბამისად ეთქვა უარი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე.
სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია შპს „უ...ს“ წარმომადგენლის მოთხოვნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 12.09.2017წ. განჩინების გაუქმების თაობაზე. პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელე პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის მიმდინარეობისას წარდგენილი შუამდგომლობით მოითხოვდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან 28.04.2017წ. წერილით მოთხოვნილი ინფორმაციის გამოთხოვას. აღნიშნული წერილით განმცხადებელი ითხოვდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთი დეპარტამენტის ერთ-ერთი სამსახურის უფროსის ზემდგომი თანამდებობის პირის არსებობის და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კონტროლის შესახებ ინფორმაციას, ამასთან, აღმასრულებელ ხელისუფლებაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს არსებობის და ამ მხრივ სისტემაში მოქმედ სხვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან მიმართებით არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციასა და განმარტებას. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველი დავის გადაწყვეტის პროცესში სასამართლოს პრეროგატივას წარმოადგენს შპს „უ...ს“ 28.04.2017წ. წერილში დასმული საკითხების სამართლებრივი შეფასება, რის გამო არ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს 12.09.2017წ. განჩინების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.07.2020წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს „უ...ს“ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.
კასატორმა შპს „უ...მ“ აღნიშნა, რომ 13.02.2017წ. განცხადებით მოითხოვდა ცვლილების შეტანას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 28.01.2011წ. და 03.02.2012წ. გადაწყვეტილებებში, შესაბამისად, აღნიშნულ საკითხზე სააგენტოს რიგით და საშუალო რგოლის მოხელეებს არ გააჩნდათ სააგენტოს სახელით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის უფლებამოსილება. ასეთი აქტების გამოცემა განეკუთვნება მხოლოდ სააგენტოს თავმჯდომარის განსაკუთრებულ უფლებამოსილებას, სააგენტოს დებულების მიხედვით თავმჯდომარე ახორციელებს თანამშრომელთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის იურიდიული დეპარტამენტის მიერ 14.03.17წ. და 06.04.17წ. მომზადებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გასაჩივრება შესაძლებელია დეპარტამენტის ზემდგომ თანამდებობის პირთან, მათ შორის, როგორც სააგენტოს თავმჯდომარესთან, ისე თავმჯდომარის რამდენიმე მოადგილესთან. სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით მისი ძირითადი და განსაკუთრებული ფუნქციების სააგენტოს თანამშრომლებზე დელეგირებით უხეშად დაირღვა სააგენტოს დებულება. სააგენტოს თავმჯდომარე გამოსცემს მხოლოდ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, ხოლო 16.05.16წ. №..., 18.08.16წ. №... და 27.03.18წ. №... ბრძანებები ნორმატიულ-სამართლებრივი ხასიათისაა. გასაჩივრებულ 06.04.17წ. გადაწყვეტილებაში მითითებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №... ბრძანებით დელეგირებული უფლებამოსილების ფორმულირება გაუგებარია და ასეთი ფორმულირება არ გვხვდება საჯარო რეესტრის დებულებით გათვალისწინებული სააგენტოს თავმჯდომარის ფუნქციების ჩამონათვალში. 14.03.17წ. და 06.04.17წ. გადაწყვეტილებები წარმოადგენენ არა სააგენტოს, არამედ სააგენტოს თანამშრომლის გადაწყვეტილებებს. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას ხელს აწერს იგივე მოხელე მაშინ, როცა ამ უკანასკნელის მიერ ხელმოწერილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 14.03.2017წ. გადაწყვეტილება ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ბათილად ცნეს იმ მიზეზით, რომ იგი გამოტანილი იქნა საქმის არსებითი გამოკვლევა-შესწავლის გარეშე. სააგენტოს „იურიდიული დეპარტამენტის ადმინისტრაციული წარმოების სამსახურის უფროსისათვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე“ 10.03.17წ. №... და 06.04.17წ. №... ბრძანებები არ შეესაბამება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულებით გათვალისწინებულ ფუნქციებს. საჯარო ინფორმაციის მიწოდებისა და სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შპს „უ...ს“ 28.04.2017წ. განცხადებაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ თავი აარიდა, ხოლო ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არ დაააკმაყოფილეს მისი შუამდგომლობა სამინისტროდან ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე, რაც ყველა სასამართლო დავას დაასრულებდა.
კასატორმა აღნიშნა, რომ სზაკ-ის 102-ე მუხლის საფუძველზე რეგისტრაციის განახლებაზე განცხადების ხელახალი განხილვა განეკუთვნება რეგისტრაციის დეპარტამენტის კომპეტენციას, თუმცა მისი განცხადება ადმინისტრაციულმა ორგანომ განიხილა, როგორც ადმინისტრაციული საჩივარი. მას არ გაუსაჩივრებია სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილება, არამედ შეცვლილი ფაქტობრივ-სამართლებრივი მდგომარეობის გამო განცხადების ხელახლა განხილვა მოითხოვა. 14.03.2017წ. ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებაში საერთოდ არაა შეფასებული შეცვლილი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რის გამოც ეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად იქნა ცნობილი, შეუფასებელი დარჩა ის გარემოება, რომ რეგისტრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებაზე იმსჯელა და გადაწყვეტილება მიიღო არაუფლებამოსილმა პირმა. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემების წესები დაირღვა 14.03.2017წ. გადაწყვეტილებაზე შეტანილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას, ამ საჩივარზე 06.04.2017წ. გადაწყვეტილების გამოცემისას. ადმინისტრაციული წარმოების სამსახურის უფროსს არ გააჩნდა საჩივრის განხილვის უფლება, ვინაიდან იგი არ წარმოადგენს სააგენტოს ხელმძღვანელ პირს და სააგენტოში არსებობს მისი არა ერთი ზემდგომი თანამდებობის პირი.
კასატორმა აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 14.03.2017წ. გადაწყვეტილებაში არ არის შეფასებული ის გარემოებები, რომ 1,8ჰა მიწის ნაკვეთის შესაბამისი გეგმა არ არსებობს, ,,...სათვის“ დადგენილი წესით არ გამოყოფილა 1,8ჰა მიწის ნაკვეთი და არ არსებობს ამის შესაბამისი მტკიცებულება, არ დგინდება ის ფაქტი, რომ შპს „უ...ს“ მიერ შესყიდული 20 კოტეჯი მდებარეობს 1,8ჰა მიწის ნაკვეთზე, ვინაიდან 2016 წელს განხორციელებული სარეგისტრაციო წარმოება და 26.07.2016წ. გაცემული ამონაწერი ცხადყოფს, რომ 1,8ჰა მიწის ნაკვეთზე განთავსებულია მხოლოდ 11 კოტეჯი, საიდანაც 1 კოტეჯი რეგისტრირებულია კ.მ-ეზე, ხოლო დანარჩენი 9 კოტეჯი განთავსებულია 8 170 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, რომელზეც რეგისტრაცია არ განახლებულა 2007 წლიდან დღემდე.
კასატორმა მიუთითა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარდგენილი შესაგებლები და სააპელაციო საჩივარი ხელმოწერილია არაუფლებამოსილი პირის მიერ, ვინაიდან ასეთი უფლებამოსილება მათ მიენიჭათ იურიდიული დეპარტამენტის მიერ გაცემული მინდობილობებით, ხოლო იურიდიული დეპარტამენტის უფროსს უფლებამოსილება მიანიჭა სააგენტოს თავმჯდომარემ, რისი უფლება სააგენტოს თავმჯდომარეებს არ გააჩნიათ. კასატორმა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.07.2020წ. განჩინების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის ნაწილში გაუქმება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 06.04.2017წ, №... გადაწყვეტილების, 06.04.2017წ. №..., 16.05.2016წ. №..., 18.08.2016წ. №... და 27.03.2018წ. №... ბრძანებების ბათილად ცნობა.
კასატორმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ აღნიშნა, რომ გარდაბნის რაიონის გამგეობის 25.12.1997წ. №262 დადგენილების თანახმად დაბა ...ის ტერიტორიაზე, ...ის სატყეო უბანში მდებარე 1.80ჰა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა გადაეცა ამ ფართობზე მდებარე კოტეჯების შემსყიდველ შპს „უ...ს“, შესაბამისად, ერთადერთი სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომლითაც განსაზღვრულია შპს ,,უ...სთვის“ გადაცემული მიწის ნაკვეთის ფართობი არის 25.12.1997წ. №262 დადგენილება. შპს „უ...ს“ 13.02.2017წ. ადმინისტრაციულ საჩივარზე სხვა მასალებთან ერთად დართული იყო შემდეგი დოკუმენტაცია: 28.12.1998წ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო გეგმა (26 170 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდი ...), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ 28.01.2011წ. №... გადაწყვეტილება, 29.10.10წ. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების (განცხ. №...) ამსახველი სიტუაციური ნახაზი, შპს „უ...ს“ 12.11.2010წ. №13 წერილი ქ. თბილისის მერის მიმართ, თბილისის არქიტექტურის გენგეგმის მართვისა და ქალაქგეგმარების განყოფილების 01.02.2011წ. №071135867-13 წერილი, ქ. თბილისის საკრებულოს 27.12.2010წ. №14-77 გადაწყვეტილება, თანდართული ოქმის ამონარიდითა და გეგმის გრაფიკული ნაწილით. კასატორის მითითებით აღნიშნული დოკუმენტები დეტალურად იქნა შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე, რასაც ადასტურებს სადავო 14.03.2017წ. №... გადაწყვეტილების დასაბუთება. კასატორი უთითებს, რომ 28.12.1998წ. გაცემულ ამონაწერსა (ნომერი ...) და საკადასტრო რუკაზე შპს „უ...ს“ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ფართობად 26 170 კვ.მ.-ის მითითება განპირობებული იყო მხოლოდ დანაშაულებრივი ქმედებით. სააგენტომ გამოიკვლია საჩივარზე დართული ყველა დოკუმენტი, მათ შორის ქ. თბილისის საკრებულოს 27.12.2010წ. №14-77 გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილების შესახებ საჯარო რეესტრისთვის 2011 წელსაც იყო ცნობილი და იგი საფუძვლად დაედო სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის ტყის ზოლში მოხვედრის გამო მიღებული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 04.11.2010წ. გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებას, თუმცა არ მიჩნეულა მართლზომიერი მფლობელობის ან საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტად. ქ. თბილისის საკრებულოს 27.12.2010წ. №14-77 გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გეგმის ცვლილებას, არ წარმოშობს საკუთრების უფლებას და მიმართულია აბსოლუტურად განსხვავებული საკითხის მოწესრიგებისაკენ. ამ გადაწყვეტილების მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტად მიჩნევის შემთხვევაშიც კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრი არის არაუფლებამოსილი პირი, ვინაიდან დღეის მდგომარეობით კერძო სამართლის იურიდიული პირი აღარ არის უფლებამოსილი საკუთრების უფლება დაირეგისტრიროს აღიარების გზით, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ 2012 წლის პირველ იანვრამდე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობაზე მითითება უსაფუძვლოა. კასატორი მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 14.03.2017წ. გადაწყვეტილება მიღებულია საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად, სააგენტომ გამოიკვლია ადმინისტრაციულ საჩივარზე დართული ყველა დოკუმენტი, მათ შორის ქ. თბილისის საკრებულოს 27.12.2010წ. №14-77 გადაწყვეტილება, შესაბამისად, არ არსებობს სასკ-ის 32.4 მუხლით გათვალისწინებული საფუძველი. კასატორმა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.07.2020წ. განჩინების იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი, ასევე მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღება შპს „უ...ს“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, გასაჩივრებული განჩინებისა და საკასაციო საჩივრების საფუძვლების კანონიერების შესწავლის შედეგად თვლის, რომ შპს „უ...ს“ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ დავის გადაწყვეტა საჭიროებს სადავო სამართალურთიეთობის განვითარების, მოცემულ დავასთან კავშირში მყოფი აქტებისა და სასამართლო გადაწყვეტილების ანალიზს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ გარდაბნის რაიონის გამგეობის 25.12.1997წ. №262 დადგენილებით შპს ფირმა „უ...ს“ თხოვნა დაკმაყოფილდა, დამტკიცდა კომისიის მიერ შედგენილი აქტი და დაბა ...ის ტერიტორიაზე თბილისის სატყეო მეურნეობის ...ის სატყეო უბანში მდებარე „...სათვის“ გამოყოფილი 1,80 ჰა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა გადაეცა ამ ფართობში მდებარე კოტეჯების შემსყიდველ შპს ფირმა „უ...ს“. შპს ,,უ...მ“ 28.12.1998წ. №... განცხადებით მიმართა გარდაბნის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს და იმჟამად მოქმედი „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ კანონის, სამოქალაქო კოდექსისა და „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ კანონის საფუძველზე მოითხოვა დაბა ...ის საკრებულოს ტერიტორიაზე გამაჯანსაღებელი კომპლექსისათვის გამოყოფილ 1,80 ჰა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მინიჭება. 28.12.98წ. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად გარდაბნის რაიონში, დაბა ...ში მდებარე 26 170 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (დაუზუსტებელი მონაცემებით) დარეგისტრირდა შპს „უ...ს“ საკუთრების უფლება. საქმეში დაცული მასალებით ცალსახად დასტურდება, რომ შპს „უ...მ“ 28.12.98წ. განცხადებით მოითხოვა არა 26 170 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, არამედ 1,80 ჰა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ამასთან, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ 28.12.1998წ. გაცემულ ამონაწერში მითითებული საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები (გარდაბნის რაიონის გამგეობის 25.12.1997წ. №262 დადგენილება, 06.02.1998წ. იჯარის ხელშეკრულება, 06.02.1998წ. მიღება-ჩაბარების აქტი, მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის 21.12.98წ. წერილი, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გარდაბნის სამმართველოს მიერ 02.10.1998წ. გაცემული №14/115ი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა) არ შეიცავენ მითითებას 26 170 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ოდენობაზე, ასეთი ინფორმაციის შემცველ დოკუმენტზე არ მიუთითებს არც მოსარჩელე, შესაბამისად, დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის მსჯელობა 28.12.98წ. ამონაწერის მიმართ შპს „უ...ს“ ნდობის თაობაზე. რეგისტრაცია დეტერმინირებულია უფლების დამდგენი დოკუმენტით, სარეგისტრაციო ორგანოს საქმიანობა მოწესრიგებულია კანონმდებლობით, პირს არ შეუძლია იმის განცხადება, რომ მისთვის უცნობი იყო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ერთიანი სისტემის უფლებამოსილების ფარგლები, ამასთანავე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სკ-ის 312-ე მუხლით დარეგულირებულია შემთხვევები, როდესაც ქონების გასხვისება ხდება პირის მიერ, რომელიც მესაკუთრეს არ წარმოადგენს, თუმცა ასეთად არასწორად არის რეგისტრირებული. ხსენებული ნორმა ქმნის შემძენის დაცვის გარანტიას იმ შემთხვევაში, როდესაც ქონების გასხვისება ხდება საჯარო რეესტრში მესაკუთრედ არასწორად რეგისტრირებული პირის მიერ, რომელიც არ წარმოადგენს ნამდვილ მესაკუთრეს და რეალურად არ არის უფლებამოსილი გაასხვისოს ქონება. მითითებული ნორმა იცავს კეთილსინდისიერ შემძენს, რომელიც ენდობოდა საჯარო რეესტრის არაზუსტ ჩანაწერს. ამ ნორმით უძრავი ქონების კეთილსინდისიერი შემძენი დაცულია ქონების არასწორად რეგისტრაციასთან დაკავშირებული რისკებისაგან. იმის გათვალისწინებით, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრაცია დეტერმინებულია უფლების დამდგენი დოკუმენტით, რომელშიც მითითებული იყო 1.80 ჰა და არა 26170კვ.მ., მოსარჩელემ საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა 1,80 ჰა მიწის ნაკვეთზე, ხოლო ამონაწერი მარეგისტრირებელმა ორგანომ გასცა უფრო მეტი ოდენობის მქონე ფართზე, საქმეში დაცული სარეგისტრაციო დოკუმენტაციისა და მითითებული სამართლებრივი რეგულაციის გათვალისწინებით, შპს „უ...ს“ ნდობის არსებობა საჯარო რეესტრის ამონაწერის მიმართ არ დასტურდება.
შპს „უ...ს“ დირექტორმა 13.02.2017წ. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა „სარეგისტრაციო წარმოების განხოციელებაზე განცხადების ხელახლა წარმოდგენის შესახებ“ განცხადებით. განმცხადებელმა მიუთითა, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად მას წარმოეშვა განცხადების ხელახლა შეტანის საფუძველი და სახეზეა ისეთი ფაქტობრივ-სამართლებრივი მდგომარეობის ცვლილება, რაც მისთვის უფრო ხელსაყრელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას და მისი მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას განაპირობებს. განმცხადებლის განმარტებით დასასვენებელ კომპლექსს ფაქტობრივად დაკავებული ჰქონდა არა 18 000 კვ.მ., არამედ 26 170 კვ.მ. ფართობი. გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 26 170 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ცვლილების რეგისტრაციის განხორციელებისათვის დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრის - 26 170 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ტყის სავარაუდო ბუფერის ზონალური სტატუსის შეცვლის მიზნით შპს „უ...მ“ მიმართა მერიას. ქ. თბილისის მერიის სამსახურებმა მიმართეს ქ. თბილისის საკრებულოს, რომელმაც 27.12.10წ. მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. განმცხადებლის მოსაზრებით აღნიშნულის შედეგად საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 28.01.11წ. მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც არ შესრულებულა და არც საკრებულოს გადაწყვეტილებას მისცემია სათანადო შეფასება. განმცხადებელმა მიუთითა, რომ აუცილებელია შპს „უ...ს“ და მისგან გატანილი ნაკვეთის სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობაში მოყვანა და ამ პროცესში ქ. თბილისის საკრებულოს 27.12.10წ. გადაწყვეტილების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების რანგში განხილვა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 14.03.2017წ. №... გადაწყვეტილებით შპს „უ...ს“ წარმომადგენელს 13.02.2017წ. ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი. ადმინისტრაციული წარმოების შედეგად სააგენტომ მიიჩნია, რომ ერთადერთი სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომლითაც განსაზღვრულია შპს „უ...სთვის“ გადაცემული მიწის ნაკვეთი ფართობი (1,8 ჰა) არის გარდაბნის რაიონის გამგეობის 25.12.1997წ. №262 დადგენილება, რომლის საფუძველზე უკვე რეგისტრირებულია საკუთრების უფლება. 28.12.1998წ. გაცემულ ამონაწერსა (№...) და საკადასტრო რუკაზე უძრავი ნივთის ფართობად 26 170 კვ.მ. ოდენობის ფართის მითითება განპირობებული იყო მხოლოდ დანაშაულებრივი ქმედებით. 1,80 ჰა ფართობის გადაცემის ნაწილში გარდაბნის რაიონის გამგეობის 25.12.1997წ. N262 დადგენილების არარად აღიარების საკითხთან დაკავშირებით სააგენტომ მიუთითა, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, იგი არ არის უფლებამოსილი იმსჯელოს აღნიშნულის თაობაზე. ამასთანავე, სააგენტომ მიუთითა, რომ გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 28.01.11წ. №... გადაწყვეტილება აღსრულებულია და სარეგისტრაციო სამსახურის მიერ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შედეგად მიღებულია სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებები. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიჩნია, რომ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია არ ადასტურებს შპს „უ...ს“ უფლებას 8 170 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და არც 2012 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობდა, როგორც მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე, შპს „უ...ს“ საკუთრების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. სააგენტომ არ გაიზიარა დაინტერესებული პირის მოსაზრება და უფლების დამდგენ დოკუმენტად არ მიიჩნია ქ. თბილისის საკრებულოს 27.12.2010წ. N14-77 გადაწყვეტილება. საკრებულოს გადაწყვეტილების მიღების მიზანს წარმოადგენდა დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის გრაფიკულ ნაწილში - რუკაში არსებული ხარვეზების გამოსწორება და მისი შემდგომი სრულყოფა. მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილების 3.9 პუნქტში მითითებულია, რომ საჯარო რეესტრის 28.12.1998წ. გაცემულ ამონაწერში და საკადასტრო რუკაზე შპს „უ...ს“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობის ოდენობად 26 170 კვ.მ. მითითებული იქნა მხოლოდ დანაშაულებრივი ქმედების შედეგად. აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატის მსჯელობა მარეგულირებელი ორგანოს მიერ მიწის ნაკვეთის შემცირების სამართლებრივი საფუძვლების და ქ. თბილისის საკრებულოს 27.12.2010წ. N14-77 გადაწყვეტილების უფლების დამდგენ დოკუმენტად შეუფასებლობის თაობაზე დაუსაბუთებელია.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მოთხოვნის საფუძველზე და აღნიშნავს, რომ შპს „უ...“ 13.02.2017წ. N19 განცხადებით სზაკ-ის 102-ე მუხლზე აფუძნებდა მოთხოვნას. სზაკ-ის 102-ე მუხლი უკვე განხილულ საკითხზე ადმინისტრაციული ორგანოსთვის ხელახლა მიმართვის შესაძლებლობას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებები. აღნიშნულის მიუხედავად განმცხადებელი განცხადებაში არ უთითებდა ადრე რეესტრის სამსახურის გამოცემულ კონკრეტულ აქტს, რომლის გაუქმებასაც სზაკ-ის 102-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვდა. განმცხადებელი ზოგადად უთითებდა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობაში მოყვანის საჭიროებაზე და ამ პროცესში ქ. თბილისის საკრებულოს 27.12.10წ. გადაწყვეტილების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის რანგში განხილვის საჭიროებაზე.
ეფექტური მმართველობითი საქმიანობის განხორციელების პრინციპი ადმინისტრაციულ ორგანოს აღჭურავს უფლებამოსილებით მოახდინოს აქტების რეალურ, სამართლებრივ და ფაქტობრივ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანა და კონკრეტული ურთიერთობის ახლებურად მოწესრიგება. ამასთანავე, განცხადება ადმინისტრაციული წარმოების განახლების შესახებ მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ადმინისტრაციული წარმოების დროს ამ გარემოებათა ან ფაქტების წარუდგენლობა განმცხადებლის ბრალით არ მომხდარა. ადმინისტრაციული ორგნოსადმი მიმართვის უფლება არ ნიშნავს ერთსა და იმავე საკითხზე რამდენჯერმე მიმართვის უფლებას, ახალი გარემოების არსებობის გარეშე იგივე საკითხის ხელახალი დაყენება იწვევს ორგანოს გადატვირთვას, წარმოების ხარჯების არაეფექტურ ზრდას. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სარეგისტრაციო სამსახურის წინაშე არაერთგზის დადგა სადავო ნაკვეთის შპს „უ...ს“ სახელზე რეგისტრაციის საკითხი, მოთხოვნაზე დაინტერესებულ პირს უარი ჰქონდა ნათქვამი. სზაკ-ის 102-ე მუხლის მიხედვით, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებენ განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამდენად, სზაკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, საკმარისი არ არის სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების უბრალო შეცვლა, აუცილებელია, რომ გარემოებები შეცვლილ იქნეს განმცხადებლის სასარგებლოდ. საკითხი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხელახლა განიხილება, თუ გარემოებები და ფაქტები, რომლებსაც განმცხადებელი საფუძვლად უდევს ხელახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის მოთხოვნას, თავის დროზე ორგანოსთვის არ იქნა წარდგენილი, წარუდგენლობა არ იყო გამოწვეული განმცხადებლის ბრალით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შპს „უ...ს“ სახელზე 17129კვ.მ. მიწის ნაკვეთის დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრაციისას (21.07.16წ. გადაწყვეტილება) სააგენტოსთვის ცნობილი იყო ქ. თბილისის საკრებულოს 27.12.10წ. გადაწყვეტილების თაობაზე. შესაბამისად საკრებულოს გადაწყვეტილება ვერ იქნება მიჩნეული სზაკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებულ არც ახლად აღმოჩენილ და არც ახლად გამოვლენილ გარემოებად. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უარი განაცხადა შპს „უ...ს“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე ჯერ კიდევ 21.03.12წ. N... გადაწყვეტილებით, რომელიც ძალაშია და იწვევს სამართლებრივ შედეგს, სააგენტოს აღნიშნული გადაწყვეტილებით ძალაში დარჩა შეჩერების შესახებ 29.11.11წ. და წარმოების შეწყვეტის შესახებ 13.02.12წ. გადაწყვეტილებები, ხსენებული აქტების გამოცემის მომენტისათვის უკვე მიღებული იყო თბილისის საკრებულოს 27.12.2010წ. N14-77 გადაწყვეტილება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 28.01.11წ. გადაწყვეტილების შეუსრულებლობაზე და ქ. თბილისის საკრებულოს დადგენილებაზე მოსარჩელის მითითება არ ქმნის სადავო აქტების გაუქმების მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს. საქმის მასალებით არ დასტურდება სააგენტოს 28.01.11წ. გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, ამასთანავე ხსენებული გადაწყვეტილება შეიცავდა მითითებას სარეგისტრაციო წარმოების ჩატარებაზე და არა სადავო ნაკვეთის შპს „უ...ს“ სახელზე აღრიცხვის შესახებ. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ შპს „უ...მ“ საკუთრების უფლების რეგისტრაცია ვერ შეძლო მიწის ნაკვეთის ტყის სავარაუდო ბუფერში არსებობის გამო. სააპელაციო პალატის აღნიშნული მსჯელობა არ გამომდინარეობს საქმეში დაცული, სადავო აქტების გამოცემადე არსებული სარეგისტრაციო წარმოების მასალებიდან, კერძოდ, საქმის მასალებით დასტურდება, რომ 26 170 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე შედგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად გარდაბნის რაიონში, დაბა ...ში მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით (საკადასტრო მონაცემების დაზუსტება) გამოცემული გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 04.11.10წ. გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა საკადასტრო აზომვითი ნახაზით ნაკვეთის ტყის სავარაუდო ბუფერში არსებობის საფუძვლით, ხოლო 16.12.10წ. გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა. სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესასახებ გადაწყვეტილება შპს „უ...ს“ დირექტორმა გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 28.01.2011წ. №... გადაწყვეტილებით შპს „უ...ს“ დირექტორის 06.01.2011წ. ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა, ძალადაკარგულად გამოცხადდა გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 04.11.10წ. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ და 16.12.10წ. სარეგისტრაცო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებები და სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შედეგად ახალი გადაწყვეტილების მიღება. სააგენტომ აღნიშნა, რომ ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის 01.12.2010წ. №47 კრების ოქმით დაბა ...ში არსებული ტერიტორიისათვის მინიჭებული ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა და სასოფლო-სამეურნეო ზონა შეიცვალა სარეკრეაციო ზონა 2-ით. ამდენად, დაბა ...ში არსებული ტერიტორიისათვის მინიჭებული ლანდშაფტურ-სარეკრეაციო და სასოფლო-სამეურნეო ზონის ცვლილების საკითხი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ შეფასდა ჯერ კიდევ სააგენტოს 28.01.2011წ. №... გადაწყვეტილებით, სააპელაციო პალატამ აღნიშნულზე მსჯელობა არ იქონია. უკვე აღინიშნა, სარეგისტრაციო სამსახურის 04.11.2010წ. N... გადაწყვეტილებით შეჩერდა წარმოება, დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ განცხადებაზე თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის თანახმად ნაკვეთი ტყის სავარაუდო ბუფერში ხვდებოდა, განმცხადებელს მოეთხოვა კორექტირებული საკადასტრო ნახაზის წარმოდგენა. დოკუმენტის წარმოუდგენლობის გამო 16.12.10წ. მიღებულ იქნა წარმოების შეწყვეტის შესახებ N... გადაწყვეტილება, რაც ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრდა შპს „უ...ს“ წარმომადგენლის მიერ. სააგენტოს 28.01.11წ. გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა შეჩერება/შეწყვეტის გადაწყვეტილებები, სააგენტოს 28.01.11წ. გადაწყვეტილების საფუძველზე გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული იქნა N... (01.02.2011წ.) და N... (07.11.2011წ.) გადაწყვეტილებები. 28.01.11წ. N... გადაწყვეტილების საფუძველზე 01.02.11წ. N... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება განახლდა (ტ. 1, ს.ფ. 143). გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 01.02.2011წ. N... გადაწყვეტილებით, სასამართლოს ბრძანების საფუძველზე (საქმე N110-422; 12.11.2007წ.) ამოღებული სარეგისტრაციო დოკუმენტაციის დედნების დაბრუნებამდე, სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა. ქვემო ქართლის პროკურატურის მიერ დოკუმენტაციის დაბრუნების შემდეგ N... (07.11.2011წ.) გადაწყვეტილებით განახლდა სარეგისტრაციო წარმოება შპს „უ...ს“ განცხადებაზე. N... (07.11.11წ.) გადაწყვეტილებით წარმოება შეჩერდა, განმცხადებელს მიეთითა, რომ შპს „უ...ს“ საკუთრებაში ერიცხება 18 000კვ.მ. ნაკვეთი, საიდანაც კ.მ-ემ საკუთრებაში დაირეგისტრირა 1000კვ.მ., განმცხადებელს დაევალა დარჩენილ 17 000კვ.მ. ფართზე საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარმოდგენა, გარდა ამისა, ნაკვეთის ტყის ზოლში მოხვედრის და ნაკვეთის საზღვრის მესაკუთრის ან მფლობელის განცხადების საფუძველზე კორექტირების შესაძლებლობის გამო, შპს „უ...ს“ დაევალა აღნიშნული განცხადების წარმოდგენა. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შპს „უ...ს“ წარმომადგენლის საჩივრის საფუძველზე საჯარო რეესტრის 17.01.12წ. N... გადაწყვეტილებით N... გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაუქმდა, გადაწყვეტილება გაუქმდა იმ ნაწილში, რომლითაც დაინტერესებულ პირს განემარტა ნაკვეთის ტყის ზოლში მოხვედრის გამო საზღვრის კორექტირების მიზნით მესაკუთრის ან მფლობელის განცხადების წარდგენის აუცილებლობის შესახებ, ძალაში იქნა დატოვებული 07.11.11წ. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ N... გადაწყვეტილების მოქმედება კორექტირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარმოდგენის მოთხოვნის ნაწილში. სარეგისტრაციო სამსახურის N... (18.01.2012წ.) გადაწყვეტილებით წარმოება შეჩერდა, განმცხადებელს ეცნობა, რომ სამსახურში დაცული და ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის მიერ გამოტანილი დადგენილების საფუძველზე შპს „უ...ს“ კუთვნილი 18 000კვ.მ. ნაკვეთიდან კ.მ-ის საკუთრებაში დარეგისტრირდა 1000კვ.მ., განმცხადებელს დაევალა 17000 კვ.მ. ფართზე საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარმოდგენა. სარეგისტრაციო სამსახურის N... (16.03.12წ.) გადაწყვეტილებით შეჩერების ვადაში დოკუმენტის წარმოუდგენლობის გამო წარმოება შეწყდა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააგენტოს 28.01.11წ. გადაწყვეტილების გამოცემისას უცნობი იყო სისხლის სამართლის საქმის წინასწარი გამოძიების შედეგები, კერძოდ, ის, რომ შპს „უ...ს“ სახელზე 1,8ჰა-ს ნაცვლად 26 170 კვ.მ. დაუზუსტებელი მონაცემებით აღრიცხვა განხორციელდა დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის 11.10.11წ. N... წერილით (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კანცელარიაში წერილი დარეგისტრირდა სააგენტოს 28.01.11წ. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, კერძოდ, 12.10.11წ. N...) სააგენტოს ეცნობა, რომ 16.02.1999წ. რეგისტრატორმა ნ.ბ-ამ შპს „უ...ს“ საკუთრების უფლებით დაურეგისტრირა 26 170 კვ.მ. მიწა, ნაცვლად 1,80ჰა (18 000კვ.მ.) ფართობისა მაშინ, როდესაც შპს „უ...ს“ ეკუთვნოდა მხოლოდ 18 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. აღნიშნულით ნ.ბ-ამ ჩაიდინა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ე.ი. თანამდებობის პირის მიერ ისეთი მოქმედების განზრახ ჩადენა, რომელიც აშკარად სცილდება მისთვის კანონით მინიჭებულ უფლებათა და რწმუნებათა ფარგლებს, რამაც არსებითი ზიანი მიაყენა სახელმწიფოს კანონიერ ინტერესებს. აღნიშნულის მიუხედავად რეგისტრატორ ნ.ბ-ას სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა ვერ მოხერხდა იმ მოტივით, რომ გასული იყო სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა, რის გამოც საქმეზე წარმოება შეწყვეტილია. ადმინისტრაციული იურისდიქცია არ გულისხმობს სისხლის სამართლის საქმეთა განმხილველი ორგანოების კომპეტენციაში ინტერვენციას, სისხლისსამართლებრივი იურისდიქცია დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საკითხზე სრული და განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. ამდენად, სააგენტოს 28.01.11წ. გადაწყვეტილებაზე, მისი აღსრულების გაჭიანურებაზე მითითება არ ქმნის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 28.01.2011წ. N... გადაწყვეტილებით ნაკვეთის სატყეო ბუფერში მოხვედრა არ მიიჩნია სარეგისტარციო წარმოების შეჩერების და შეწყვეტის საფუძვლად, სააგენტომ მიიჩნია, რომ დაინტერესებული პირის მიერ საჩივარზე თანდართული დოკუმენტაციით აღმოიფხვრა წარმოების შეჩერების და შეწყვეტის საფუძველი, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავდა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას სხვა საფუძვლით, რეგისტრაციის სამსახურს დაევალა ახალი გადაწყვეტილების მიღება და არა რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. უკვე აღინიშნა, რომ პროკურატურის წერილის საფუძველზე 07.11.2011წ. სარეგისტრაციო წარმოება განახლდა. საბოლოოდ სარეგისტრაციო სამსახურის 07.11.2011წ. და 18.01.12წ. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებებით განმცხადებელს განემარტა, რომ სარეგისტრაციო სამსახურში დაცული და ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის მიერ გამოტანილი დადგენილების თანახმად შპს „უ...ს“ საკუთრებაში ერიცხება 18 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, საიდანაც კ.მ-ემ საკუთრების უფლებით დაირეგისტრირა 1 000 კვ.მ., შესაბამისად, საკადასტრო აზომვითი ნახაზი წარსადგენია დარჩენილ 17 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე. 16.03.12წ. გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო. ამდენად, 2011-2012 წლებში მარეგისტრირებელ ორგანოში ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად შპს „უ...ს“ სახელზე ცვლილების რეგისტრაცია 26 170 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე არ განხორციელდა იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელეს არ წარუდგენია უფლების დამდგენ დოკუმენტთან შესაბამისობაში მყოფი საკადასტრო აზომვითი ნახაზი (17 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე), ხოლო 28.10.98წ. ამონაწერში 26 170 კვ.მ. მითითებული იქნა დანაშაულებრივი ქმედების შედეგად. ქვედა ინსტანციის სასამართლოებს აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისათვის შეფასება საერთოდ არ მიუციათ, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა ნაკვეთის მხოლოდ ტყის სავარაუდო ბუფერში არსებობის მოტივით, სრულიად დაუსაბუთებელია და არ ემყარება საქმეში დაცულ მასალებს. სადავო აქტის გაუქმების, სადავო ნაკვეთის შპს „უ...ს“ სახელზე აღრიცხვის სამართლებრივ საფუძველს არ ქმნის აგრეთვე სააგენტოს 28.01.11წ. გადაწყვეტილებაზე მითითება.
წარმოების განახლების და სადავო ნაკვეთის მის საკუთრებაში აღრიცხვის საფუძვლად მოსარჩელე უთითებს აგრეთვე ქ. თბილისის საკრებულოს 05.06.2009წ. N6-17 გადაწყვეტილებას. შპს „უ...ს“ წარმომადგენელი თვლის, რომ აღნიშნული საკითხი განხილულ უნდა იქნეს მართლზომიერი მფლობელობით საკუთრების უფლების რეგისტრაციის ასპექტში. სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული განჩინებით გაიზიარა პირველი ინსტანციის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არსებითად არ უმსჯელია და არ შეუფასებია შპს „უ...ს“ მოთხოვნა ქ. თბილისის საკრებულოს 27.12.2010წ. N14-77 გადაწყვეტილების საფუძველზე 17 129 კვ.მ.-ის საკუთრების უფლების ნაცვლად 26 170 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე რეგისტრაციის შესახებ. სააპელაციო პალატამ მიუთითა 2012 წლის პირველ იანვრამდე კერძო სამართლის იურიდიულ პირის მიერ მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობაზე, თუმცა საერთოდ არ შეუფასებია მითითებულ პერიოდამდე შპს „უ...ს“ საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებული სარეგისტრაციო წარმოების მასალები. სადავო უძრავ ნივთზე, როგორც მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების დადგენისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ნაკვეთზე უფლებადამდგენი დოკუმენტის არსებობას. ასეთად ვერ იქნება მიჩნეული ქ. თბილისის საკრებულოს 27.12.2010წ. N14-77 გადაწყვეტილება, რადგან გადაწყვეტილებით მოხდა ტერიტორიის ფუნქციონალური ცვლილება, აღნიშნულით არ მომხდარა ნაკვეთის შპს „უ...ს“ საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემა, გადაწყვეტილების მიღება განაპირობა დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის გრაფიკულ ნაწილში - რუკაში არსებული ხარვეზების გამოსწორება და მისი შემდგომი სრულყოფა. თბილისის საკრებულოს 27.12.10წ. N14-77 გადაწყვეტილება არის ნორმატიული და არა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აღნიშნული გადაწყვეტილებით „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე შეტანილი იქნა ცვლილება „დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 05.06.2009წ. N6-17 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილებით დამტკიცებული დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილი - რუკა განახლებული სახით ჩამოყალიბდა, დაზუსტდა დაბა ...ში ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის, სასოფლო-სამეურნეო ზონისა და სარეკრეაციო ზონის კონტური, ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა და სასოფლო-სამეურნეო ზონა შეიცვალა სარეკრეაციო ზონა 2-ით. ის გარემოება, რომ ზონის სტატუსის ცვლილება განხორციელდა შპს „უ...ს“ განცხადების საფუძველზე, არ ადასტურებს სადავო ნაკვეთზე შპს „უ...ს“ საკუთრებას, ის, რომ ფართის სამართლებრივი რეჟიმის შეცვლით შესაძლებელი გახდა საცხოვრებელი სახლების განთავსება, არ ადასტურებს სადავო ფართის მოსარჩელის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში ყოფნას. ამასთანავე, საკრებულოს მიერ ზონის ცვლილების პერიოდში ცნობილი არ იყო პროკურატურის აქტი, რომლის მიხედვით 26 170კვ.მ. ნაკვეთზე რეგისტრაცია განხორციელდა დანაშაულებრივი ქმედების შედეგად. კანონმდებლობით განსაზღვრულია მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, არ არსებობს 8170კვ.მ. მიწის ფართობზე შპს „უ...ს“ მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი. სივრცის დაგეგმარების გეგმა ასახავს ტერიტორიაზე მოსახლეობის, ეკონომიკის, ინფრასტურქტურის, სოციალური, კულტურული განვითარების პერსპექტივას, სივრცითი დაგეგმვის საგანია ტერიტორიის სივრცითი განვითარების ზოგადი მიმართულების და მისი ძირითადი სტურქტურის განსაზღვრა. კოორდინირებული სივრცის დაგეგმარების განხორციელება არის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ტერიტორიების ფიზიკური გარემოსა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ეკონომიკური, სოციალური, ეკოლოგიური პოლიტიკის გეოგრაფიული ასახვა, ტერიტორიის გამოყენების და განვითარების წინაპირობების ჰარმონიზაცია, გენერალური გეგმის საფუძველზე შესაძლოა მიწის ნაკვეთის სამშენებლო პოტენციალის შეძენა, განვითარება, შეზღუდვა ან საერთოდ აკრძალვა, სივრცის გამოყენების მომავლისათვის შენარჩუნება, სივრიცითი დაგეგმარების გეგმა არ წარმოადგენს უძრავ ნივთზე უფლების მინიჭებაზე გადაწყვეტილებას. სააგენტომ სადავო 14.03.17წ. N... გადაწყვეტილებაში იმსჯელა საკრებულოს ხსენებულ გადაწყვეტილებაზე და არ მიიჩნია ის პირის საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტად. სააგენტოს 14.03.17წ. სადავო გადაწყვეტილება შეიცავს მსჯელობას 13.02.17წ. თანდართულ ქ. თბილისის საკრებულოს N14-77 გადაწყვეტილებაზე, სააგენტოს გადაწყვეტილების 3.5 პუნქტში სააგენტო არ დაეთანხმა დაინტერესებული პირის მოსაზრებას საკრებულოს 27.12.10წ. N14-77 გადაწყვეტილების უფლებადამდგენ დოკუმენტად მიჩნევასთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ დადგენილება შეეხებოდა დაბა ...ში არსებული ტერიტორიისათვის ფუნქციური ზონის სტატუსის ცვლილებას და არ აწესებდა ან ადასტურებდა პირის საკუთრებას ან მართლზომიერი მფლობელობას უძრავ ნივთზე, რაც სააგენტოს აზრით ასევე დასტურდება გადაწყვეტილების დანართად არსებული განმარტებითი ბარათით, რომლის მიხედვითაც გადაწყვეტილების მიღების მიზანია დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის გრაფიკულ ნაწილში - რუკაში არსებული ხარვეზების გამოსწორება და მისი შემდგომი სრულყოფა. სადავო აქტში გადმოცემულია სააგენტოს პოზიცია იმასთან დაკავშირებით თუ რატომ არ წარმოადგენდა მოსარჩელე მესაკუთრეს 26 170კვ.მ. ნაკვეთზე, განხილულ იქნა სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და მიეთითა, რომ დოკუმენტები არ წარმოადგენენ სადავო ნაკვეთზე უფლების რეგისტრაციის საფუძველს. ამდენად, დაუსაბუთებელია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითება სააგენტოს მიერ მიმართვაზე თანდართული დოკუმენტაციის შეუფასებლობის შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ იკვეთება სზაკ-ის 102-ე მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციული წარმოების განახლების, სადავო აქტების გაუქმების და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. შპს „უ...ს“ მოთხოვნა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობაში მოყვანის შესახებ ვერ თავსდება სზაკ-ის 102-ე მუხლის ფარგლებში. სზაკ-ის 102-ე მუხლი არ ნიშნავს ნორმის გამოყენების მართლზომიერების გადამოწმებას, ამ მუხლის საფუძველზე დასმული მოთხოვნა ემყარება სახელდობრ ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილი გარემოებების არსებობის შემთხვევაში საქმის წარმოების განახლებას და ადრე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. სზაკ-ი უშვებს აქტის მართლზომიერების გადამოწმების შესაძლებლობას აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მე-601 მუხლის საფუძველზე. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების ერთ-ერთი საფუძველია ადმინისტრაციული ორგანოსთვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (სზაკ-ის 76-ე მუხ. 1-ელი ნაწ. „ბ“ ქვ.პ.). ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში - ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო (სზაკ-ის მე-601 მუხ. მე-3 ნაწ.). სასარჩელო განცხადებაში მოსარჩელე ყურადღებას ამახვილებს სზაკ-ის იმ მუხლების მოთხოვნათა დარღვევაზე, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის პროცედურას აწესრიგებს, ხოლო საქმეში დაცულ სააგენტოს თავმჯდომარის სახელზე საჩივარში აღნიშნავს, რომ უნდა განხილულიყო არა საჩივარი, არამედ სზაკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული განცხადება (ტ. 1, ს.ფ. 37). საბოლოოდ, სააგენტომ შპს „უ...ს“ წარმომადგენლის მიმართვა ადმინისტრაციული საჩივრის სახით განიხილა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საჩივარი მიიღოს გასაჩივრების ვადის დარღვევით, თუ იგი არ ეხება მესამე პირების ინტერესებს. გასაჩივრების ვადის განსაზღვრა მიზნად ისახავს ადმინისტრაციული ორგანოს ინტერესის დაცვას. ამ უკანასკნელს უფლება აქვს უარი თქვას მასზე და განიხილოს საჩივარი, რაც აფართოებს სამართლებრივი უფლების დაცვის არეალს იმის გათვალისწინებით, რომ ვადის გაცდენით საჩივრის მიღება გზას უხსნის მომჩივანს არა მხოლოდ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისკენ, არამედ გავლენას ახდენს სასამართლოში სარჩელით მიმართვის დადგენილ ვადაზე, კერძოდ, საჩივრის ავტორს შესაძლებლობა ეძლევა საჩივარზე ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მიღებული აქტი სასამართლოში გაასაჩივროს.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შპს „უ...ს“ 28.12.1998წ. განცხადება 1,80 ჰა მიწის ფართობზე საკუთრების უფლების მინიჭების შესახებ ეფუძნებოდა „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ 28.10.1998წ. კანონს (ძალადაკარგულია 07.11.2007წ. კანონით), რომლითაც კერძო საკუთრების უფლება ენიჭებოდათ საქართველოს მოქალაქეს და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს იმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე მათ მიწით სარგებლობის დამადასტურებელი საბუთით აქვთ გამოყოფილი (3.1 მუხ.), მიწაზე კერძო საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისთვის განმცხადებელი რეგისტრაციისათვის განცხადებასთან ერთად წარადგენდა მიწით სარგებლობის უფლების დამადასტურებელ საბუთს (4.3 მუხ.). 11.07.2007წ. მიღებული კანონი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიულის პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ ადგენდა მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობას. როგორც მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილ ორგანოდ განისაზღვრა შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებდა კომისიის მეშვეობით (4.1 მუხ.). მითითებულ კანონში 05.12.2008წ. კანონით შეტანილი ცვლილებით მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილ ორგანოდ განისაზღვრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მე-41 მუხ.), ხოლო თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილება კვლავ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს მიენიჭა (მე-4 მუხ.), შესაბამისად, მითითებული პერიოდიდან მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება აღარ წარმოადგენდა კომისიის უფლებამოსილებას, ასეთი უფლებამოსილება მხოლოდ მარეგისტრირებელ ორგანოს გააჩნდა. საქმის მასალებში დაცული არ არის ნაკვეთზე, როგორც თვითნებურად დაკავებულ მიწაზე, საკუთრების უფლების აღიარებით შპს „უ...ს“ მიერ კომისიისთვის მიმართვის დამადასტურებელი დოკუმენტი. შპს „უ...ს“ წარმომადგენელმა 04.11.2010წ. სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სამსახურს, რომლითაც მოითხოვა დაბა ...ში მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანა. 04.11.2010წ. განცხადების შეტანის მომენტში მოქმედებდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ 11.07.07წ. კანონი, რომელიც ითვალისწინებდა როგორც მართლზომიერ, ასევე თვითნებური მფლობელობის შემთხვევაში ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას. მოცემულ შემთხვევაში შპს „უ...ს“ წარმომადგენელმა მოითხოვა არა თვითნებურად დაკავებულ ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, არამედ არსებული რეგისტრაციის დაზუსტება (აღსანიშნავია, რომ გარდაბნის გამგეობის 25.12.97წ. დადგენილების თანახმად შპს „უ...ს“ 1,80ჰა ნაკვეთი გამოეყო სწორედ, რომ „ფაქტობრივად დაკავებული მიწის“ მიხედვით). „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწად ითვლება სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს წარმოეშვა მართლზომიერი მფლობელობის უფლება. სააგენტო უფლებამოსილია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე (41 მუხ.). მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი. მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალი ამომწურავად იყო განსაზღვრული საქართველოს პრეზიდენტის 15.09.07წ. N525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით, რომლის მიხედვით მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს ცნობა-დახასიათება თანდართული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 18.01.1992წ. N48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისთვის სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი საგადასახადო სია, „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე, ხოლო სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების შემთხვევაში ასევე აღნიშნული კანონის ამოქმედების შემდეგ დადგენილი წესით სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი. თითქმის ანალოგიურ დანაწესს შეიცავს ამჟამად მოქმედი საქართველოს მთავრობის 28.07.2016წ. N376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ 2.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი. ამდენად, არ დასტურდება მოსარჩელის მიერ მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობა სადავო ნაკვეთზე. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო მიწის ნაკვეთი მდებარეობს კურორტის ტერიტორიაზე (საქართველოს მთავრობის 03.07.2014წ. N428 დადგენილებით დამტკიცებული N1 დანართი - საქართველოს კურორტების ნუსხა და სტატუსი). საკურორტო ტერიტორია წარმოადგენს განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიის სტატუსს, „ტურიზმის და კურორტების შესახებ“ კანონის 4.1 მუხლის თანახმად, საქართველოს ტურისტული და საკურორტო რესურსები ეროვნული სიმდიდრეა და მას სახელმწიფო იცავს. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში დავა ეხება კურორტულ ზონას, ანუ განსაკუთრებული რეგულირების სივრცეს, რომლის საკუთრებაში გადაცემა სათანადო სამართლებრივ საფუძველს უნდა ემყარებოდეს.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ არც სარეგისტრაციო და არც სასამართლო წარმოების განმავლობაში მოსარჩელეს არ წარმოუდგენია 8170 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მართლზომიერი მფლობელობის ან საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. საქმეში დაცული „გარდაბნის რაიონის დაბა ...ში „...ს“ გამაჯანსაღებელი კომპლექსისათვის გამოყოფილი 1.80ჰა მიწის ფართობის ამ კომპლექსის მყიდველ შპს „უ...სათვის“ გადაცემის შესახებ“ გარდაბნის რაიონის გამგეობის 25.12.1997წ. N262 დადგენილების თანახმად სატყეო მეურნეობის ...ის სატყეო უბანში „...ს“ გამოყოფილი ჰქონდა 1.80ჰა მიწის ფართობი, რომელზედაც აშენებული იყო დასასვენებელი კოტეჯები, ამ ნაკვეთზე მდებარე კოტეჯები შპს „უ...მ“ შეისყიდა. შპს „უ...ს“ მოთხოვნისა და კომისიის აქტის საფუძველზე გამგეობის დადგენილებით დაკმაყოფილდა შპს „უ...ს“ თხოვნა და 1.80ჰა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა გადაეცა ამ ფართობზე მდებარე კოტეჯების შემსყიდველ შპს „უ...ს“. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გარდაბნის სამმართველოს და შპს „უ...ს“ შორის 06.02.1998წ. დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლის განუყოფელი ნაწილია მიღება-ჩაბარების აქტი. გარდაბნის სამმართველოსა და შპს „უ...ს“ შორის გაფორმებული 06.02.1998წ. N70 მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად შპს „უ...მ“ ჩაიბარა ჰოლდინგური კომპანია „...ის“ გამაჯანსაღებელი კომპლექსი. 1.80ჰა მიწის ფართობის გამოყოფაზე თანხმობა გაიცა სახელმწიფოს მიწის მართვის დეპარტამენტის (21.12.1998წ. N4-1963), საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის (10.06.1998წ. N02-11/68) მიერ. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გარდაბნის სამმართველოს მიერ 02.10.1998წ. შპს „უ...ს“ სახელზე გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა N14/115ი. მიუხედავად იმისა, რომ უფლების დამადასტურებელ იურიდიულ დოკუმენტად საჯარო რეესტრის ამონაწერში მითითებულია გარდაბნის რაიონის გამგეობის 25.12.1997წ. N262 დადგენილება, მიწის მართვის დეპარტამენტის 21.12.1998წ. N4-1963 თანხმობა, რომლებშიც ზუსტად იყო განსაზღვრული გადასაცემი ნაკვეთის ოდენობა - 1.80ჰა, ამასთანავე მიწის მართვის სამმართველოსაგან შპს „უ...ს“ წარმომადგენელი 28.12.1998წ. განცხადებით ასეთივე ოდენობის ფართის რეგისტრაციას მოითხოვდა (ტ. 1, ს.ფ. 77, 78) - საჯარო რეესტრის ამონაწერში 18000კვ.მ.-ის ნაცვლად მიეთითა 26170კვ.მ. ფართობი. სააპელაციო პალატა უთითებს, რომ არ შეფასებულა შპს „უ...ს“ საკუთრების უფლებით რეგისტრირებული 26 170კვ.მ. ნაკვეთის შემცირების სამართლებრივი საფუძველი. „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 9.1 მუხლის თანახმად, რეგისტარცია წარმოებს უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე ამავე კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. სადავო მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია საქმის მასალებში არ მოიპოვება, შესაბამისად დადგენას საჭიროებს 26 170 კვ.მ. ნაკვეთის არა შემცირების, არამედ 1,8ჰა ნაკვეთის გაზრდის სამართლებრივი საფუძველი.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ნაკვეთზე უფლების დამდგენი დოკუმენტი - გარდაბნის რაიონის გამგეობის 25.12.1997წ. N262 დადგენილება, რომლითაც შპს „უ...ს“ გამოყოფილი აქვს 1.80 ჰა მიწის ფართობი, ძალაშია, არ გაუქმებულა, მასში არ ყოფილა შეტანილი ცვლილება-დამატებები. მოსარჩელის მოსაზრებები დადგენილებაში ნაკვეთის ფართის არასწორად ასახვის, დადგენილებაში ნაკვეთის ფართის ოდენობის ადგილზე გასვლის გარეშე ასახვის შესახებ არ ქმნის გამგეობის დადგენილების არარად ცნობის შესაძლებლობას, მოცემულ შემთხვევაში აქტის არარაობის სიცხადე სახეზე არ არის, სასკ-ის 25-ე მუხლის თანახმად, აქტის არარად აღიარება აღიარებითი სარჩელის აღძვრას საჭიროებს, აქტი დღემდე ძალაშია, ის არ წარმოადგენს დავის საგანს, აქტი იწვევს სამართლებრივ შედეგს. დაუსაბუთებელია მოსარჩელის მოსაზრება გამგეობის დადგენილების არარა აქტად მიჩნევასთან დაკავშირებით. არ დასტურდება სზაკ-ის მე-60 მუხლში განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად ცნობის საფუძვლები, კერძოდ: სახეზე არ არის აქტის გამომცემი ორგანოს დაუდგენლობა; არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ აქტის გამოცემა; აქტის შესრულების შეუძლებლობა ფაქტობრივი მიზეზების გამო (მოცემულ შემთხვევაში იგულისხმება სახელდობრ აქტით დადგენილი შედეგის მიუღწევლობა ფაქტობრივი გარემოებების გამო და არა ნაკვეთის ოდენობის სიზუსტე); აქტის შესრულებით დანაშაულის ან ადმინისტრაციული გადაცდომის ჩადენა (ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის 21.01.08წ. დადგენილების თანახმად, პირიქით სწორედ, რომ 18000კვ.მ.-ზე მეტი ოდენობის ფართის ასახვა გამოიწვევს დანაშაულს). ადმინისტრაციული აქტის არარად ცნობა ყველაზე რადიკალური ზომაა, აღნიშნული შესაძლოა უფლებამოსილების მნიშვნელოვანი გადამეტების და უფლების მნიშვნელოვანი შეზღუდვის შემთხვევაში, რაც საქმის მასალებით არ დასტურდება.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ 26 170კვ.მ. საკუთრებაში აღრიცხვასთან დაკავშირებით შპს „უ...ს“ წარმომადგენელმა არაერთგზის მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს. ასე მაგ., საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს 26.08.11წ. განცხადებით მიმართა შპს „უ...ს“ დირექტორმა, განმცხადებელმა მიუთითა, რომ შპს „უ...ს“ მიერ დაკავებული 26 170 კვ.მ. მიწის ნაკვეთი საზოგადოების საკუთრების უფლებითაა რეგისტრირებული 1998 წლის 28 დეკემბრიდან, მათ შორის 8 170 კვ.მ. სათანადო ფორმალური საფუძვლისა და უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, რის გამოც ვერ ხერხდება რეგისტრაციის განახლება. განმცხადებლმა მოითხოვა შპს ,,უ...ს“ საკუთრების უფლებით დაკავებულ, მის მართლზომიერ მფლობელობასა და სარგებლობაში მყოფ მთელ ტერიტორიაზე 26 170 კვ.მ., მათ შორის 8 170 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (...) საკუთრების უფლების აღიარება. აღნიშნული განცხადება 23.09.2011წ. წერილით გაეგზავნა გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს. გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა 8170 კვ.მ მიწის ფართზე საკადასტრო აზომვითი ნახაზისა და მართლზომიერი მფლობელობის/სარგებლობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის მოთხოვნით, ხოლო 13.02.2012წ. გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება შპს „უ...ს“ დირექტორმა გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით და მოითხოვა 13.02.2012წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 21.03.2012წ. №... გადაწყვეტილებით შპს „უ...ს“ დირექტორის 09.03.2012წ. ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დადგინდა, რომ დაბა ...ში მდებარე 1,80ჰა უძრავ ნივთზე უკვე რეგისტრირებული იყო შპს „უ...ს“ საკუთრების უფლება, ხოლო 28.12.1998წ. გაცემულ ამონაწერსა და საკადასტრო რუკაზე შპს „უ...ს“ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ფართობის ოდენობად 26 170 კვ.მ. მიეთითა მხოლოდ დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციო განცხადებაზე დართული დოკუმენტაცია (06.02.1998წ. საიჯარო ხელშეკრულება, 06.02.1998წ. №70 მიღება-ჩაბარების აქტი, 02.10.1998წ. №14/115ი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, გარდაბნის რაიონის გამგეობის 25.12.1997წ. №262 დადგენილება, 28.12.1998წ. გაცემული ამონაწერი (რეგ. №...) და საკადასტრო რუკა) არ ადასტურებდა დაბა ...ში მდებარე 8 170 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე შპს „უ...ს“ მართლზომიერ მფლობელობას (სარგებლობას) და აღნიშნულ უძრავ ნივთზე არ წარმოშობდა საკუთრების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. სააპელაციო პალატამ ისე მიუთითა მართლზომიერი მფლობელობით საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობაზე, რომ შეფასების მიღმა დატოვა მფლობელობის მართლზომიერების არსებობა, საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებული სარეგისტრაციო წარმოება და ამ წარმოების ფარგლებში მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, ასევე 11.10.11წ. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის წერილის შინაარსი, რომლის მიხედვით 26 170 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (ნაცვლად 1,80ჰა-სა) შპს „უ...ს“ საკუთრების უფლება დარეგისტრირდა დაშაულებრივი ქმედების შედეგად. საქმის მასალებით დასტურდება, რომ შპს „უ...ს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის გამოყოფის შემდეგ კ.მ-ეზე გაცემულმა ფართმა, რეგისტრაციის დაზუსტების შედეგად, შეადგინა 871კვ.მ., შესაბამისად შპს „უ...ს“ კუთვნილი ნაკვეთი (18000კვ.მ.) დაზუსტებული რეგისტრაციის შედეგად განისაზღვრა 17 129კვ.მ.-ით (სარეგისტრაციო სამსახურის 26.07.16წ. გადაწყვეტილება). 09.03.12წ. N23 განცხადებით შპს „უ...მ“ მიმართა გარდაბნის რაიონის გამგებელს, რომლითაც მოითხოვა გამაჯანსაღებელი კომპლექსის განაშენიანების 26170კვ.მ. ფართობზე არსებობის დადასტურება, გამგეობის 20.03.12წ. N545 წერილით შპს „უ...ს“ წარმომადგენელს ეცნობა, რომ ნაკვეთი ამჟამად თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებშია რეგისტრირებული, განმცხადებელს განემარტა, რომ უნდა მიემართა ქ. თბილისის მერიისთვის. საქმის მასალები არ შეიცავს გამგეობის დადგენილებით განსაზღვრული 1.8 ჰა ფართის ოდენობის შეცვლის დამადასტურებელ მტკიცებულებას. ამდენად, სააპელაციო პალატის მსჯელობა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიწის ნაკვეთის შემცირების სამართლებრივი საფუძვლების და ქ. თბილისის საკრებულოს 27.12.2010წ. N14-77 გადაწყვეტილების უფლების დამდგენ დოკუმენტად შეუფასებლობის თაობაზე დაუსაბუთებელია.
კასატორის - შპს „უ...ს“ მითითებით მისთვის გადაცემული 20 კოტეჯი მდებარეობს 26 170 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე. საქმეში დაცულია 16.02.1998წ. სახელმწიფო ქონების მართვის გარდაბნის სამმართველოსა და შპს „უ...ს“ შორის დადებული ხელშეკრულება ...ის გამაჯანსაღებელი კომლექსის იჯარის შესახებ. 06.02.1998წ. მიღება-ჩაბარების აქტით შპს „უ...მ“ სამმართველოსგან ჩაიბარა 6 ერთსართულიანი სახლი კოტეჯი, 6 ორსართულიანი სახლი კოტეჯი, 1 ორსართულიანი ასაწყობი სახლი კოტეჯი, 7 ერთსართულიანი ასაწყობი სახლი კოტეჯი, 1 ვაგონის ტიპის სახლი, 3 წყლის რეზერვუარი, ჰელიო სისტემა. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გარდაბნის სამმართველოს 02.10.1998წ. N14/115ი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობით შპს „უ...ს“ საკუთრებაში გადაეცა ...ის გამაჯანსაღებელი კომპლექსი. უკვე აღინიშნა, რომ გარდაბნის რაიონის გამგეობის 25.12.1997წ. დადგენილებასა და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის 21.12.1998წ. წერილში გამაჯანსაღებელი კომპლექსის მიერ დაკავებულ ტერიტორიად მითითებულია 1,80 ჰა მიწის ნაკვეთი. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ 03.06.2016წ. კანონზე, რომლის მე-12 მუხლი განსაზღვრავს მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესს, აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, თუ უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ განკარგულია მხოლოდ შენობა-ნაგებობა, მიწის ნაკვეთის გარეშე, დაინტერესებული პირის საკუთრების უფლება რეგისტრირდება ამ შენობა-ნაგებობასა და მის მიერ დაკავებულ მიწის ნაკვეთზე, შენობა-ნაგებობის განაშენიანების ფართობის შესაბამისად. მოცემულ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოებს არ დაუდგენიათ შპს „უ...სთვის“ 02.10.1998წ. N14/115ი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობით გადაცემული კოტეჯების სადავო 8 170კვ.მ. ნაკვეთზე განთავსების ფაქტი, ამასთან, გასათვალისწინებლია ისიც, რომ 06.02.1998წ. მიღება-ჩაბარების აქტში მითითებულია 1 ორსართულიან და 7 ერთსართულიან ასაწყობ სახლ-კოტეჯებზე. სამოქალაქო კოდექსის 150.1 მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილია ის, რისი გამოცალკევებაც შეუძლებელია ნივთის განადგურების ან მისი დანიშნულების მოსპობის გარეშე. განადგურება გულისხმობს სარგებლიანობის დაკარგვას მისი სუბსტანციის მოსპობით, მაგ. შენობის დანგრევა, დანიშნულების მოსპობა კი მოიაზრებს მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების უნარის დაკარგვას. მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს განეკუთვნება შენობა-ნაგებობანი და ნივთები, რომლებიც მყარადაა დაკავშირებული მიწასთან და არ არის გამიზნული დროებითი სარგებლობისთვის (სკ-ის 150.2 მუხ.). მსგავს დანაწესს შეიცავს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.12.2019წ. N487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ 15.3 მუხლის პირველი წინადადება. ამდენად, შპს „უ...ს“ მიერ შესყიდული კოტეჯების სადავო ნაკვეთზე განთავსების საკითხის გარდა, რეგისტრაციის მიზნებისთვის ასევე მნიშვნელოვანია შეფასდეს სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებული კოტეჯის სამართლებრივი რეჟიმი, მათი სადავო ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილად მიჩნევის შესაძლებლობა. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია და არ შეუფასებია განსახილველი დავის ფარგლებში მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველი გარდაბნის რაიონში, დაბა ...ში მდებარე 8 170 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, შესაბამისად, სააპელაციო პალატას უნდა გაერკვია მოსარჩელე მოითხოვდა სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას, უძრავ ნივთზე ცვლილების რეგისტრაციას (საკადასტრო მონაცემების დაზუსტებას), თუ დაკავებული ნაკვეთის განაშენიანების ფართის რეგისტრაციას. ამასთანავე, სააპელაციო პალატას არ უმსჯელია მესამე პირის მოწვევის სამართლებრივ საფუძვლებზე. საქმეში დაცული მასალებით დაბა ...ში მდებარე 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი აღირიცხა კ.მ-ის სახელზე, თავად კასატორი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ შპს „უ...სთვის“ გადაცემული ოცი კოტეჯიდან ერთი კოტეჯი რეგისტრირებულია კ.მ-ის სახელზე, საქმის მასალებით დასტურდება, რომ კ.მ-ემ 10.07.07წ. N1108 განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის სამსახურს, განცხადებას ერთვოდა 17.08.1999წ. ხელშეკრულება შპს „უ...ს“ საწესდებო კაპიტალში წილის დათმობის შესახებ (რეესტრის N…; დამოწმებული ნოტარიუს ლ.რ-ის მიერ) და შპს „უ...ს“ პარტნიორთა კრების 23.12.03წ. ოქმი. განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაციით დასტურდება, რომ შპს „უ...ს“ პარტნიორი კ.მ-ე გავიდა შპს „უ...ს“ შემადგენლობიდან და შპს „უ...ს“ კუთვნილი უძრავი ქონებიდან ნატურით გაიტანა გარდაბნის რაიონში, დაბა ...ში მდებარე 0.1ჰა ნაკვეთი და მასზე განლაგებული N5 კოტეჯი. ...ის საკრებულოს მიერ 10.12.03წ. გაცემული N684 ცნობის თანახმად რეგისტრირებული იყო სწორედ შპს „უ...ს“ კუთვნილი უძრავი ქონებიდან ნატურით გამოყოფილი 0.1ჰა მიწის ნაკვეთი, შესაბამისად დაბა ...ში მდებარე უძრავ ნივთზე კ.მ-ის საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად ...ის საკრებულოს ცნობასთან ერთად ასევე მიეთითა შპს „უ...ს“ პარტნიორთა კრების 23.12.03წ. ოქმი. კ.მ-ის საკუთრების უფლება დაბა ...ში მდებარე 1000კვ.მ. ნაკვეთზე რეგისტრირებული იქნა 29.12.2003წ. (რეგ. N...), ნაკვეთი დარეგისტრირდა სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში დაუზუსტებელი მონაცემებით. შემდგომში WGS84 კოორდინატთა სისტემაში და UTM პროექციაში დაზუსტებული იქნა აღნიშნული მიწის ნაკვეთის საზღვრები (რეგისტრაციის N..., თარიღი 09.07.2007წ.), დაზუსტების შემდეგ მიწის ნაკვეთის ფართობი 871კვ.მ.-ს შეადგენს. შესაბამისად, შეფასებას საჭიროებდა მოსარჩელის მიერ სადავო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის საზღვრებში კ.მ-ისათვის გადაცემული მიწის ნაკვეთის მოქცევის საკითხი, ასევე დასაზუსტებელია მოსარჩელის პოზიცია აღნიშნულ გარემოებასთან მიმართებით. ამ საკითხის გარკვევის და დაზუსტების შემდეგ უნდა შეფასდეს მესამე პირების განსახილველ საქმეში მოწვევის საფუძველი.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 3.3 მუხლის თანახმად სააგენტო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს უშუალოდ ან თავისი ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურებისა და ავტორიზებული პირების მეშვეობით. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 03.05.2016წ. N134 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების“ 7.1 მუხლის თანახმად სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს თავმჯდომარე, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით სააგენტოს თავმჯდომარე კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, ხოლო „ტ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თავმჯდომარე უფლებამოსილია მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული ცალკეული უფლება-მოვალეობების განხორციელება მიანდოს სააგენტოს ცალკეულ თანამშრომელს. „სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის დებულების“ მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად დეპარტამენტის ერთ-ერთი ფუნქცია არის განცხადებებსა და ადმინისტრაციულ საჩივრებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა. ამავე დებულების მე-8 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად იურიდიული დეპარტამენტის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის - ადმინისტრაციული წარმოების სამსახურის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას შეადგენს სააგენტოში შემოსულ განცხადებებსა და ადმინისტრაციულ საჩივრებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა და შესაბამისი კორესპონდენციებისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებში დაცულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის 10.03.2017წ. №... და 06.04.2017წ. №... ბრძანებები, რომლებითაც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული წარმოების სამსახურის უფროსს მიენიჭა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 13.02.2017წ. და 29.03.2017წ. წარდგენილი შპს „უ...ს“ დირექტორის ი.კ-ის ადმინისტრაციული საჩივრების განხილვის, განხილვის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებებსა და მომზადებულ კორესპოდენციებზე ხელმოწერის უფლებამოსილება. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე იმაზე, რომ „იურიდიული დეპარტამენტის ადმინისტრაციული წარმოების სამსახურის უფროსისათვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე“ სააგენტოს თავმჯდომარის 10.03.17წ. N... ბრძანება, რომლითაც სამსახურის უფროსს მიენიჭა შპს „უ...ს“ დირექტორის N62836/17 ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის, განხილვის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებებსა და მომზადებულ კორესპონდენციაზე ხელმოწერის უფლებამოსილება, აგრეთვე 06.04.17წ. N555-ს ბრძანება „იურიდიული დეპარტამენტის ადმინისტრაციული წარმოების სამსახურის უფროსისათვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე“ სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება, რომლითაც სამსახურის უფროსს მიენიჭა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 29.03.17წ. წარმოდგენილი შპს „უ...ს“ დირექტორის N138360/17 ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის, განხილვის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებებსა და მომზადებულ კორესპონდენციაზე ხელმოწერის უფლებამოსილება, ძალაშია, ბრძანებებში განმარტებულია მისი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში დადგენილ ვადაში გასაჩივრების შესაძლებლობა. ამდენად, შპს „უ...ს“ საკასაციო საჩივარში მოყვანილი მოსაზრება სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებზე არაუფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერის შესახებ, ორივე საჩივარზე პასუხად ერთი და იმავე პირის ხელმოწერის დაუშვებლობის შესახებ უსაფუძვლოა, საქმეში დაცული მასალებით კასატორის პრეტენზიები არ დასტურდება. კასატორი ასევე ვერ ასაბუთებს სააგენტოს თავმჯდომარის მიერ მისთვის მინიჭებული ცალკეული უფლება-მოვალეობების განხოციელების სააგენტოს ცალკეულ თანამშრომლებზე მინდობის შეუძლებლობას. სარეგისტრაციო სამსახურის ერთიანი იერარქიული სისტემა ითვალისწინებს სისტემის ცალკეული რგოლის შიგნით, დატვირთვის მიხედვით, უფლებამოსილების გადანაწილების შესაძლებლობას (უკეთუ თანამდებობის პირის ესა თუ ის უფლებამოსილება ექსკლუზიურ უფლებამოსილებათა რიგს (მაგ. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის გამოცემა, თანამშრომლის დანიშვნა/გათავისუფლება) არ განეკუთვნება), აღნიშნული საქმიანი ჩვეულება მოცემულ შემთხვევაში კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით არის გამყარებული (საქართველოს იუსტიციის მინისტრის 03.05.2016წ. N134 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების“ მე-7 მუხ. მე-2 პ. „ვ“, „ტ“ ქვ.პ.). დელეგირების გარეშე ადმინისტრაციული საჩივრების რაოდენობას ზრდის კვალდაკვალ სააგენტოს თავმჯდომარის სხვა ფუნქციების შესრულება პარალიზებული იქნება. სააგენტოს თავმჯდომარის უფლება მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული ცალკეული უფლებამოსილების სააგენტოს ცალკეული თანამშრომლისათვის გადაცემის შესახებ არ გამორიცხავს თავმჯდომარის ცალკეული უფლებამოსილების გადაცემას გადაცემული უფლებამოსილების ნაწილში აქტის გამოცემის უფლებით. დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება, რომ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა და გადაწყვეტა არის სახელდობრ სააგენტოს თავმჯდომარის განსაკუთრებული ფუნქცია, რომლის სხვა თანამშრომლისათვის დელეგირების უფლება მას არ გააჩნია. მოცემულ შემთხვევაში დელეგირებას საფუძვლად უდევს ნორმატიული აქტი, შესაბამისად არ არსებობს სადავო აქტების არაუფლებამოსილი პირის მიერ გამოცემულად მიჩნევის საფუძველი. ამდენად, კასატორის შუამდგომლობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსაგან კასატორის 28.04.17წ. განცხადებაზე ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს, სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით სასამართლო არ საჭიროებს კონსულტაციების მიღებას საქმეში არამონაწილე ადმინისტრაციული ორგანოსაგან. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შპს „უ...ს“ წარმომადგენელს 28.04.17წ. მიმართვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართ თავისი შინაარსით იყო არა საჯარო ინფორმაციის, არამედ იურიდიული კონსულტაციის გაწევის მოთხოვნა, ამდენად, მოსარჩელის მიერ სზაკ-ის მე-3 თავით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის მიღების უფლებაზე მითითება არ ქმნის სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების პირობას საქალაქო სასამართლოს კოლეგიის 12.09.17წ. განჩინების უცვლელად დატოვების ნაწილში. აღსანიშნავია, რომ დავის საგანს არ შეადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 10.03.2017წ. №... და 06.04.2017წ. №... ბრძანებების კანონიერების შემოწმება, საკასაციო საჩივრის უმეტესი ნაწილი ეთმობა საკითხს იმის შესახებ, რომ მითითებული ბრძანებები ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია, ხოლო სააგენტოს თავმჯდომარეს მხოლოდ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის უფლებამოსილება გააჩნია. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის საგანს სცილდება უფლებამოსილების გადაცემის/დელეგირების თაობაზე სააგენტოს თავმჯდომარის მიერ მიღებული ბრძანებების სამართლებრივი ბუნების განსაზღვრა და მათი არამართლზომიერების დადგენა, შესაბამისად, საკასაციო საჩივარში ასახული პრეტენზიები განსახილველი დავის საგანთან შეუსაბამოა, ამასთანავე სააგენტოს ხსენებული ბრძანებები არის არა ნორმატიული, არამედ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომელთა გამოცემას საფუძვლად უდევს ნორმატიული აქტი. საკასაციო განაცხადით სააპელაციო სასამართლოს განჩინების ნაწილობრივ გაუქმებასთან ერთად მოითხოვს 06.04.2017წ. №..., 16.05.2016წ. №..., 18.08.2016წ. №... და 27.03.2018წ. №... ბრძანებების ბათილად ცნობას, რომელიც შეეხება იურიდიული დეპარტამენტის ადმინისტრაციული წარმოების სამსახურის უფროსისათვის და იურიდიული დეპარტამენტის უფროსისათვის უფლებამოსილებების მინიჭებას. სსკ-ის 406-ე მუხლის თანახმად დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, შეგებებული სარჩელის შეტანა და ხარჯების განსაზღვრა საკასაციო სასამართლოში დაუშვებელია. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული მოთხოვნა არ წარმოადგენდა დავის საგანს საქალაქო სასამართლოში, ხსენებული აქტები ასევე არ შეადგენდა დაზუსტებულ სააპელაციო მოთხოვნას (27.02.2020წ. სასამართლო სხდომის ოქმი, 12:35სთ), რაც გამორიცხავს მათი კანონიერების შემოწმებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის შპს „უ...ს“ პრეტენზიას იმის შესახებ, რომ შპს „უ...“ 13.02.2017წ. განცხადებაში ასახული საკითხის შესწავლას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტისაგან მოითხოვდა. უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ შპს „უ...ს“ დირექტორმა 13.02.2017წ. განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს და მოითხოვა ხელახლა სარეგისტრაციო წარმოების განხორციელება იმ მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომელზეც სააგენტომ მანამდე (28.01.2011წ.) მიიღო გადაწყვეტილება. განმცხადებელმა მიუთითა გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 29.11.2011წ. გადაწყვეტილებაზე, რომლითაც სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა 8170 კვ.მ. მიწის ფართზე საკადასტრო აზომვითი ნახაზისა და მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი საბუთის წარდგენის მოთხოვნით. განმცხადებლის განმარტებით შპს „უ...ს“ მიერ ამჟამად ამ მოთხოვნათა დაკმაყოფილებამ წარმოშვა განცხადების ხელახლა წარდგენის საფუძველი, სახეზეა 2011-2012 წლებში არსებული ფაქტობრივ-სამართლებრივი მდგომარეობის ისეთი ცვლილება, რომელიც უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებასა და მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას განაპირობებს. ამასთანავე, საკასაციო საჩივარში შპს „უ...“ მიუთითებს, რომ 13.02.2017წ. განცხადებით მოითხოვდა ცვლილების შეტანას სააგენტოს თავმჯდომარის მიერ გამოცემულ გადაწყვეტილებებში, ხოლო სარჩელის მიხედვით ერთ-ერთ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა სააგენტოსათვის შპს „უ...ს“ 13.02.2017წ. განცხადების არსებითად განხილვის დავალება. განსახილველ შემთხვევაში საქმეში დაცული 13.02.2017წ. განცხადება შეიცავს მითითებას, როგორც სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის, ასევე უშუალოდ სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებზე და ამ გადაწყვეტილებების მისაღებად ჩატარებულ ადმინისტრაციულ წარმოებაზე. შპს „უ...ს“ მიერ 13.02.2017წ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მიმართ წარდგენილი განცხადება წარმოშობდა ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე. განმცხადებლის მოთხოვნას წარმოადგენდა ახალი გადაწყვეტილების, მისთვის სასურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
გადაწყვეტილების უკანონობას არ ადასტურებს ის გარემოება, რომ სააგენტოს 14.03.17წ. გადაწყვეტილება დაფუძნებულია ისეთ გარემოებებზე და დოკუმენტებზე, რომლებიც არ ყოფილა ნახსენები განცხადებაში. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განცხადებაზე, აგრეთვე ადმინისტრაციულ საჩივარზე წარმოებას აქვს ინკვიზიციური ხასიათი, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გასცდეს ადმინისტრაციულ საჩივარში მოთხოვნის ფარგლებს (სზაკ-ის 193-ე მუხ.), ადმინისტრაციული ორგანო არ არის შეზღუდული ადმინისტრაციულ საჩივარში მოყვანილი არგუმენტებით, ის უფლებამოსილია თავისი ინიციატივით გამოიკვლიოს საქმის გარემოებანი.
შპს „უ...ს“ დირექტორმა 29.03.2017წ. საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რაზეც 06.04.2017წ. სააგენტომ მიიღო ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ №... გადაწყვეტილება. სააგენტომ მიუთითა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ამავე სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის ადმინისტრაციული წარმოების სამსახურის უფროსს მიანიჭა იურიდიული დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ განცხადებებთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების უფლებამოსილება, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 14.03.2017წ. №... გადაწყვეტილება წარმოადგენს ასეთ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც საჩივრდება სასამართლოში, სააგენტოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე წარდგენილ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო, რაც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არ ჰყავს. კასატორი თვლის რა სამსახურის უფროსს მისი განცხადების განხილვაზე არაუფლებამოსილ პირად, აღნიშნავს, რომ ის ვერ მოახდენდა სააგენტოს თავმჯდომარის 17.01.12წ. და 21.03.12წ. N... გადაწყვეტილებების გაუქმებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უკეთუ შპს „უ...ს“ წარმომადგენელი ითხოვდა სააგენტოს თავმჯდომარის ადრე გამოცემული აქტების გაუქმებასაც, აღნიშნული ვერ მოხდებოდა სააგენტოს თავმჯდომარის აქტზე ადმინისტრაციული საჩივრის შეტანით, სააგენტოს თავმჯდომარის აქტის კანონიერება შეიძლება გადამოწმდეს არა ადმინისტრაციული საჩივრის შეტანით, არამედ სასამართლოში სარჩელის აღძვრით. სამსახურის უფროსი მოქმედებდა სააგენტოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ფარგლებში, შესაბამისად არ არის გასაზიარებელი კასატორის შპს „უ...ს“ მოსაზრება, რომ სამსახურის უფროსის გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელი იყო ზემდგომ თანამდებობის პირებთან, მათ შორის სააგენტოს თავმჯდომარის რამდენიმე მოადგილესთან და თავმჯდომარესთან. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი. ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე წარდგენილ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო (სზაკ-ის 178-ე მუხ.). ეს წესი გამორიცხავს ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტაში იმ პირის მონაწილეობის მიღებას, რომელიც გასაჩივრებული აქტის მომზადებაში ან გამოცემაში მონაწილეობდა. ამასთანავე, დაუშვებელია გასაჩივრების შედეგად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტის გასაჩივრება, ანუ საჩივარზე საჩივრის შეტანა. ასეთ შემთხვევაში პირს აქვს საჩივარზე წარმოების შედეგად მიღებული აქტის არა ადმინისტრაციული წესით გასაჩივრების, არამედ აქტის გაუქმების მოთხოვნით სასამართლოსადმი მიმართვის უფლება, რაც განპირობებულია ადმინისტრაციული პროცედურის დაჩქარების მოსაზრებებით, საჩივარზე ზეპირი მოსმენის სავალდებულო ჩატარებით, იმით, რომ საჩივრის განხილვის პროცესში მონაწილეობს ის მხარე, რომლის საზიანოდაც გადაწყდა საკითხი, მას შესაძლებლობა აქვს სადავო საკითხის ირგვლივ ორგანოს წინაშე გამოთქვას საკუთარი მოსაზრებები, ადმინისტრაციულ ორგანოს საჩივრის განხილვის შედეგად უკვე შესრულებული აქვს თვითკონტროლის ფუნქცია. სარეგისტრაციო წარმოება ეფექტურ კონტროლს საჭიროებს, რაც გამოვლენას პოულობს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებაში განახორციელოს გადაწყვეტილებებზე და მოქმედებებზე სარეგისტრაციო სისტემის თვითკონტროლი. პირს უფლება აქვს რეგისტრაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართოს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს - სააგენტოს, როგორც ერთიანი, ცენტრალიზებული სარეგისტრაციო სისტემის უმაღლეს ორგანოს. სააგენტო განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს, რომელიც წარმოადგენს სარეგისტრაციო ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერების გადამოწმების, სარეგისტრაციო ორგანოს პრაქტიკის კორექტირების ქმედით საშუალებას. განსახილველ შემთხვევაში შპს „უ...მ“ საჩივარი წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 14.03.2017წ. №... გადაწყვეტილებაზე, რაზეც სააგენტომ 06.04.2017წ. მიიღო ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ №... გადაწყვეტილება. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არ ჰყავს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო სააგენტოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე წარდგენილ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო. ამდენად, შპს „უ...ს“ საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ პრეტენზიას სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ 06.04.2017წ. გადაწყვეტილების უკანონობასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ამ ნაწილში სახეზე არ არის სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების უპირობო საფუძველი.
მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.09.2017წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა. განმცხადებელი მოითხოვდა ინფორმაციასა და განმარტებას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთი დეპარტამენტის ერთ-ერთი სამსახურის უფროსის ზემდგომი თანამდებობის პირის სააგენტოში არსებობისა და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კონტროლის თაობაზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში არსებობის და ამ მხრივ სისტემაში მოქმედ სხვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან მიმართებით არსებული ვითარების შესახებ. შპს „უ...ს“ საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ პრეტენზიას ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებასთან დაკავშირებით. საკასაციო პალატა მიუთითებს სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველ წინადადებაზე, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივების უარმყოფელ სამართლებრივად დასაბუთებულ არგუმენტაციას. განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი შპს „უ...ს“ საკასაციო პრეტენზიები უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. მოთხოვნილი ინფორმაცია სამართლებრივ და არა ფაქტობრივ საკითხს ეხება, სამართლებრივი საკითხის, კერძოდ, ორგანოს, თანამდებობის პირის კომპეტენციის საზღვრები, სასამართლოს უფლებამოსილებათა რიგს განეკუთვნება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არის საქართველოს იუსტიციის მინისტრის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. სააგენტო, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. საქართველოს მთავრობის 30.12.13წ. N389 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების“ მე-5 მუხლის თანახმად, მინისტრი უწევს სამსახურებრივ ზედამხედველობას (სახელმწიფო კონტროლს) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას. სააგენტოს სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარდგენა (საქართველოს იუსტციის მინისტრის 03.05.2016წ. N134 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების“ 1-ელი მუხ., 34-ე მუხ.). სამინისტროს შესაძლებლობა განახორციელოს სსიპ-ის მიმართ სამსახურებრივი ზედამხედველობა არ ნიშნავს სააგენტოს ვალდებულებას სააგენტოს მიერ უკვე განხილულ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით მიღებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე შემოტანილი საჩივრის სამინისტროსათვის განსახილველად გადაგზავნას. ადმინისტრაციული საჩივარი არის ორგანოს მიერ უკვე მიღებული გადაწყვეტილების თვითკონტროლის საშუალება, რომელიც იწყება არა ორგანოს, არამედ პირის ინიციატივით, რაც შეეხება სამინისტროს მიერ სსიპ-ის მიმართ სამსახურებრივ ზედამხედველობას, აღნიშნული სამინისტროს მიერ ხორციელდება პირის მიმართვის გარეშე, სამინისტროს ინიციატივით, როგორც წესი სსიპ-ის მიერ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე და არა მიღების შემდეგ კონტროლის განხორციელებით. ამასთანავე, სამინისტროს მიერ სააგენტოს მიმართ ზედამხედველობის განხორციელება არ ნიშნავს სამინისტროს მიერ სააგენტოს ნაცვლად აქტის გამოცემის უფლებამოსილებას, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით სსიპ-ის გამოცემულ გადაწყვეტილებაზე საჩივრის სამინისტროსათვის გადაგზავნის ვალდებულებას. სააგენტო თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია (საქართველოს იუსტიციის მინისტრის 03.05.2016წ. N134 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების“ 1-ელი მუხ. მე-3 პ.), ზემოაღნიშნულთან ერთად სსიპ არის განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს საქმიანობას („საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ კანონის მე-2 მუხ.). სამინისტრო არის აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელი წარმომადგენლობითი ორგანო, ის არ არის იურიდიული პირი, ამასთანავე ადმინისტრაციულ საჩივარზე წარმოება, ერთინსტანციურია.
საკასაციო პალატა არ იზიარებს შპს „უ...ს“ წარმომადგენლის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სააგენტოს თავმჯდომარის 18.08.16წ. N... და 27.03.18წ. N... ბრძანებები ნორმატიული ხასიათისაა. აღნიშნული ბრძანებების საფუძველზე, საჯარო რეესტრის თავმჯდომარის უფლებამოსილების დელეგირების შედეგად, იურიდიული დეპარტამენტის უფროსს მიენიჭა ყველა ინსტანციის სასამართლოში სააგენტოს (სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების) წარმოდგენის უფლებამოსილება, დეპარტამენტის უფროსს მიეცა აგრეთვე იურიდიულ დეპარტამენტში დასაქმებულ პირებზე მინდობილობის გაცემის უფლებამოსილება. დეპარტამენტის უფროსს (უფროსის მოვალეობის შემსრულებელს) მიენიჭა საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში, ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში სააგენტოს (სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების) წარმოდგენისა და მისი ინტერესების დაცვის მიზნით იურიდიულ დეპარტამენტში დასაქმებულ პირებზე მინდობილობის გაცემის უფლებამოსილება, რომლის საფუძველზეც მინდობილ პირს უფლება ექნება განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა მოქმედება, მათ შორის სარჩელის აღძვრის, სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის, სარჩელის მთლიანად ან ნაწილობრივ ცნობის, საქმის მორიგებით დამთავრების, სასამართლო აქტების გასაჩივრების, სააღსრულებო ფურცლის გამოწერის მოთხოვნის და მისი მიღების უფლება. საპროცესო კანონმდებლობა წარმომადგენლის უფლებამოსილების ჩამოყალიბებას მოითხოვს მინდობილობის სახით (სსკ-ის 96-ე მუხ.), კანონმდებელი ადგენს მინდობილობის წერილობით გაფორმების ვალდებულებას, რაც მოცემულ შემთხვევაში დაცულია. წარმომადგენლობის ნამდვილობის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა წარმომადგენლის ნების გამოვლინება. ნების გამოვლენა წარმომადგენლობის აუცილებელი კომპონენტია. საქმის სირთულიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე ორგანო თავად წყვეტს თუ რომელმა თანამშრომელმა უნდა წარადგინოს ორგანო და იმოქმედოს მისი სახელით. წარმომადგენლობის უფლებამოსილების წარმოშობის საფუძველს ქმნის - დავალება. წარმომადგენლობის უფლებამოსილების წარმოშობას საფუძვლად უდევს შიდა ურთიერთობა წარმომადგენელსა და წარმოდგენილ პირს შორის. რწმუნებულების ნაკლი სახეზეა, თუ წარმომადგენლის ნების გამოვლენა არ ემთხვევა მარწმუნებლის ნებას (რწმუნებულებითი უფლებამოსიელბის შეწყვეტა, ფარგლების გადამეტება), რასაც ადგილი არ აქვს. თავად სააგენტოს რაიმე პრეტენზია სასამართლოში მისი ინტერესების წარმომადგენლობასთან დაკავშირებით არ გამოუთქვამს. იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 01.07.17წ. N..., 08.09.17წ. N..., 12.02.18წ. N... მინდობილობებით დეპარტამენტის იურისტებს მიენიჭათ სააგენტოს ინტერესების წარმოდგენის და დაცვის უფლებამოსილება ყველა ინსტანციის სასამართლოებში. ამდენად, შპს „უ...ს“ საკასაციო საჩივარში მოყვანილი მოსაზრებები სააგენტოს სასამართლოში წარმომადგენლობის დოკუმენტაციის უკანონობის შესახებ არის ყოვლად დაუსაბუთებელი და არ ემყარება რაიმე სამართლებრივ საფუძველს. ზემოაღნიშნულთან ერთად, მხედველობაშია მისაღები აგრეთვე ის გარემოება, რომ მოსარჩელე სარჩელით მოითხოვდა 14.03.17წ. N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, რომლითაც შპს „უ...ს“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა და 06.04.17წ. N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, რომლითაც უარი ეთქვა 14.03.17წ. გადაწყვეტილებაზე საჩივრის განხილვაზე. მოთხოვნის გაზრდის შედეგად შემდგომში 06.04.2017წ. N... (იურიდიული დეპარტამენტის ადმინისტრაციული წარმოების სამსახურის უფროსისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ), 16.05.16წ. N..., 18.08.16წ. N... (იურიდიული დეპარტამენტის უფროსისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ) ბრძანებების ბათილად ცნობის მოთხოვნა პროცესუალურად შესაძლებელია მოპასუხის თანხმობის შემთხვევაში, რასაც საქმის მასალების მიხედვით ადგილი არ ჰქონია.
საფუძველს მოკლებულია სარჩელში მითითება სზაკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნის დარღვევაზე, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმამდე მას არ მიეცა საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სზაკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას საჩივრის მიღებასა ან განხილვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანამდე საჩივრის წარმდგენი პირისათვის აღნიშნულ საკითხზე საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობის მიცემას. განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო არა ადმინისტრაციული ორგანოს, არამედ შპს „უ...ს“ წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე (სზაკ-ის 76.1 მუხ. „ა“ ქვ.პ., 182.2 მუხ.), შესაბამისად, შპს „უ...ს“, როგორც დაინტერესებულ მხარეს, რომლის მოთხოვნის საფუძველზე დაიწყო წარმოება, უნდა მისცემოდა წარმოებაში მონაწილეობის მიღების უფლება. საქმის მასალებით დასტურდება, რომ საჩივარი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ და განხილულ იქნა არსებითად, ჩატარდა ზეპირი სხდომა, შესაბამისად დაუსაბუთებელია მოსარჩელის მითითება სზაკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესის დარღვევაზე. ადმინისტრაციულ საჩივარზე საჩივრის შეტანისას წყდება არა ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებაში მიღება/არმიღების საკითხი, არამედ საჩივრის უწყებრივი ქვემდებარეობის საკითხი, რაც გამორიცხავს სზაკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესის გამოყენებას. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, თუ ადმინისტრაციული წარმოების მასალებში არსებულ გარემოებებზე დაყრდნობით ადმინისტრაციულ ორგანოს გადაწყვეტილი აქვს დაინტერესებული პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, იგი ვალდებულია მისცეს პირს შესაძლებლობა წარადგინოს საკუთარი მოსაზრება ამ გარემოებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული ორგანოს ეს ვალდებულება არსებობს ორ შემთხვევაში: როდესაც უარი ეფუძნება ინფორმაციას განმცხადებლის შესახებ და როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს ხელთ არსებული ინფორმაცია განსხვავდება განმცხადებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციისაგან (სზაკ-ის 101.1 მუხ.). მოცემულ შემთხვევაში არც ერთი გარემოება სახეზე არ არის. ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა ერთინსტანციურია.
მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს არ ქმნის სარჩელში მითითება თავდაპირველი ადმინისტრაციული საჩივრის მიღების შესახებ აქტის გამოუცემლობაზე, რადგან სზაკ-ის 182.5 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივარი მიიღება 5 დღის განმავლობაში, ამასთანავე განსაზღვრულ ვადაში საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ აქტის გამოუცემლობით არ ილახება საჩივრის ავტორის რაიმე უფლება, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციული საჩივარი ითვლება მიღებულად. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ შპს „უ...ს“ მიმართვა არსებითად იქნა განხილული, ზეპირ სხდომაზე იქნა მოსმენილი შპს „უ...ს“ წარმომადგენლის მოსაზრებები, შესაბამისად წარმოებაში მიღებაზე აქტის გაუცემლობა არ ქმნის სადავოდ გამხდარი აქტების გაუქმების პიროებას.
ზემოაღნიშნულთან ერთად, საქმის მასალებით დასტურდება, რომ შპს „უ...ს“ წარმომადგენელს არაერთგზის აქვს მიმართული სარეგისტრაციო ორგანოებისთვის სადავო ნაკვეთის მის საკუთრებაში აღრიცხვის მოთხოვნით, სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე ორგანოსათვის გადაწყვეტილების განხილვის დავალება დასაბუთებას საჭიროებს. ადმინისტრაციულ ორგანოს მრავალჯერ აქვს განხილული შპს „უ...ს“ მოთხოვნა, ასეთ პირობებში შპს „უ...ს“ წარმომადგენლის 13.02.17წ. მიმართვა, რომელთან დაკავშირებითაც იქნა გამოცემული სააგენტოს სადავო აქტი არ შეიცავს მითითებას კონკრეტულად იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებზე, რომელთა გაუქმებასაც მოითხოვდა შპს „უ...“. სააპელაციო სასამართლოს არ მოუხდენია შპს „უ...ს“ წარმომადგენლის 13.02.17წ. მიმართვის აქტის ბუნების გარკვევა, სარჩელში მოსარჩელე მოთხოვნას ამყარებს ადმინისტრაციულ საჩივარზე წარმოების მომწესრიგებელ აქტებზე, თუმცა საკასაციო საჩივარში აღნიშნავს სააგენტოს თავმჯდომარის ადრე გამოცემული აქტების (17.01.12წ. და 21.03.12წ. N... გადაწყვეტილებები) გაუქმებაზე, ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო ნაკვეთის მის სახელზე რეგისტრაციაზე. სააპელაციო სასამართლომ არ იქონია მსჯელობა შპს „უ...ს“ მიერ სადავო მიწის ნაკვეთზე (8170კვ.მ.) შესყიდული კოტეჯების განთავსებაზე, უკანასკნელის არსებობის შემთხვევაში სადავო სამართალურთიერთობის მიმართ „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული რეგულაციის გამოყენების შესაძლებლობაზე. საკასაციო პალატა იზიარებს საკასაციო საჩივრებში მოყვანილ მოსაზრებას ადმინისტრაციული ორგანოსათვის სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე საქმის განსახილველად გადაცემის დაუსაბუთბელობის შესახებ. სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ბათილად ცნობის და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ადმინისტრაციული ორგანოსათვის ხელახალი განხილვისა და ახალი გადაწყვეტილების მისაღებად დაბრუნების დასაბუთებას. მოსარჩელის მოთხოვნა სააგენტოსათვის 13.02.17წ. განცხადების ხელახალი განხილვის დავალების შესახებ საჭიროებს სადავო აქტის - სააგენტოს 14.03.17წ. N... გადაწყვეტილების უმართლობის დადგენას, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად საქმის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაბრუნება და ახალი აქტის გამოცემის დავალება საჭიროებს იმ გარემოებების მითითებას, რომელიც არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აქტის გამოცემისას და ახალი გადაწყვეტილების მიღებამდე ამ გარემოების გარკვევის დავალებას. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული აქტების შინაარსიდან და საქმეში დაცული ადმინისტრაციული წარმოების მასალებიდან გამომდინარე მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა ისეთი საკითხის ხელახალი შეფასება, რომელიც შეფასდა სადავო წარმოების ფარგლებში, უსაფუძვლოა ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხე მხარეს საერთოდ არ შეუფასებია დაინტერესებული პირის 13.02.17წ. მიმართვაზე თანდართული დოკუმენტაცია, ამდენად, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ არ არის დასაბუთებული სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების წინაპირობების არსებობა. აღნიშნული მუხლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევის და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა. სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე აქტის გაუქმება დასაშვებია თუ აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის და შეფასების გარეშე. სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებასა და დასაბუთებულობას ამოწმებს, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით, სააპელაციო სასამართლო საკასაციო ინსტანციის სასამართლოსაგან განსხვავებით, შებოჭილი არაა პროცესუალური შესაძლებლობებით საქმეზე დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები, გამოითხოვოს და შეაფასოს მტკიცებულებები. მოცემულ შემთხვევაში ის გარემოებები, რომლებიც სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საჭიროებდა საკითხის სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე გადაწყვეტას, ასახული იყო სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში - ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებაში, სააპელაციო პალატას ეს გარემოებები არ შეუფასებია. გაურკვეველია თუ რა კონკრეტული გარემოებები არ გაითვალისწინა მარეგისტრირებელმა ორგანომ შპს „უ...ს“ 13.02.2017წ. N62836/17 მიმართვის განხილვისას, გაურკვეველია თუ რას გულისხმობს სააპელაციო პალატა საარქივო მასალების გამოთხოვის მითითებაში, საჭიროების შემთხვევაში ასეთი გამოთხოვის შესაძლებლობა და ექსპერტიზის დანიშვნის შესაძლებლობა სააპელაციო სასამართლოს გააჩნია. საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მისცეს მათ სწორი სამართლებრივი შეფასება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „უ...ს“ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში არ არის დასაბუთებული. სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ მისცა მათ სწორი სამართლებრივი შეფასება, განჩინება ამ ნაწილში მოკლებულია სათანადო სამართლებრივ და ფაქტობრივ წინამძღვრებს, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს ქმნის, აღნიშნული თავის მხრივ მითითებულ ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების წინაპირობაა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე და 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,უ...ს“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.07.2020წ. განჩინება შპს „უ...ს“ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში;
2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.07.2020წ. განჩინება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი