№ბს-359(კ-21) 22 ივნისი, 2023 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე; გიორგი გოგიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ვ.ჩ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მესამე პირი (სასკ 16.1) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 8 თებერვალს ვ.ჩ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ საბოლოოდ დაზუსტებული სარჩელით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ვ.ჩ-ის შეიარაღებულ ძალებში ნამსახურობის პერიოდში - სავალდებულო სამხედრო სამსახურში 1969 წლის 20 მაისიდან - 1971 წლის 26 მაისამდე ნამსახურობის პერიოდის და შინაგან საქმეთა სამინისტროში 2001 წლის 19 აპრილიდან - 2002 წლის 24 სექტემბრამდე ნამსახურობის პერიოდის ჩათვლის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილებით ვ.ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა ვ.ჩ-ისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახურში ყოფნის პერიოდის - 1969 წლის 20 მაისიდან 1971 წლის 26 მაისამდე, შეიარაღებულ ძალებში ნამსახურობად ჩათვლა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ.ჩ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; ვ.ჩ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ვ.ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ.ჩ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი ვ.ჩ-ი აღნიშნავს, რომ სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის ბრძანება №46/ნ, „სახელმწიფო პენსიისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის წესის შესახებ“ და ნამსახურობის წლები არ უნდა ჩაეთვალა საერთო სტაჟში. სასამართლომ არასწორად შეაფასა, რომ ვ.ჩ-ი არ უნდა ჩათვლილიყო დათხოვნილად საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან. სასამართლომ არასწორად შეაფასა, რომ იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დათხოვნილად უნდა ჩათვლილიყო, რადგან სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანიშნა ... სამხედრო ნაწილის ...ის უფროსის პოზიციაზე. სასამართლომ არასწორად გააუქმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ვ.ჩ-ის მიერ 1969 წლის 20 მაისიდან 1971 წლის 26 მაისამდე საბჭოთა შეიარაღებულ ძალებში ყოფნის პერიოდის ნამსახურობის სტაჟში ჩათვლის ნაწილში. ასევე, სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ ჩაუთვალა მას საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახურობად 2001 წლის 19 აპრილიდან 2002 წლის 24 სექტემბრამდე სამუშაო სტაჟი. სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა „საქართველოს შინაგანი ჯარების შესახებ" საქართველოს კანონით, რომლის პირველი მუხლის, მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის, მე-4 მუხლის გ ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, მე-8 მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების, მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის, მე-20 მუხლის „ზ“ „თ“ და „ი" ქვეპუნქტების, 23-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე და 27-ე მუხლების საფუძველზე უნდა მიეღო სხვაგვარი გადაწყვეტილება, ანუ უნდა ჩაეთვალა ნამსახურობის სტაჟში მოთხოვნილი პერიოდი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ვ.ჩ-ის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დასაშვებად იქნა მიჩნეული ვ.ჩ-ის საკასაციო საჩივარი და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ.ჩ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
ვ.ჩ-ი სამხედრო სამსახურში გაწვეულ იქნა 1969 წლის 04 მაისს, საქართველოს სსრ ...ის რაიონის სამხედრო კომისარიატის მიერ. მსახურობდა 1969 წლის 20 მაისიდან, დათხოვნილ იქნა თადარიგში 1971 წლის 26 მაისს სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადის გასვლის გამო და ამოირიცხა ნაწილის სიებიდან. სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის პერიოდი მოიცავს 1969 წლის 20 მაისიდან 1971 წლის 26 მაისამდე პერიოდს.
საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მინისტრის პირველი მოადგილის 1993 წლის 8 ოქტომბრის №1658 ბრძანებით, ვ.ჩ-ი ჩაირიცხა ...-ე სამხედრო ნაწილის სიაში, შტაბის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 1998 წლის 14 სექტემბრის №428 ბრძანებით ვ.ჩ-ს მიენიჭა მორიგი სამხედრო წოდება „ვიცე-პოლკოვნიკი“. ვ.ჩ-ი საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან 2001 წლის 19 აპრილს მივლინებულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ...ის მთავარ სამმართველოში და დაინიშნა ...-ის ...ის უფროსის თანამდებობაზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ოპერატიული აღრიცხვისა და ოპერატიული არქივის სამმართველოს (...ის სარდლის) 2002 წლის 24 სექტემბრის №304 პ/შ ბრძანებით, ...ის ვიცე-პოლკოვნიკი ვ.ჩ-ი - ...-ის ...ის უფროსი დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების თადარიგში, სამსახურის გავლის შესახებ დებულების IX თავის IV მუხლის „ა“ პუნქტით (ზღვრული ასაკის მიღწევა).
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2015 წლის 24 თებერვლის №408108 გადაწყვეტილებით ვ.ჩ-ს 2015 წლის 02 თებერვლის №230639 განცხადების პასუხად ეცნობა, რომ მისი შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ნამსახურობა არ შეადგენდა სავალდებულო 20 წლიან მინიმუმს, ასევე, შს ორგანოებში ნამსახურობა ვერ ჩაეთვლებოდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახურობად, ზღვრული ასაკით დათხოვნის შემთხვევაში მასზე ვერ ვრცელდებოდა „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლი და „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი.
ვ.ჩ-მა 2015 წლის 20 მაისს განცხადებით მიმართა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ...ის დეპარტამენტს და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კომპენსაციის დანიშვნის მიზნით საბუთების გაფორმება მოითხოვა. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ...ის დეპარტამენტის 2015 წლის 29 მაისის MOD 7 15 00413252 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ვ.ჩ-ის მოთხოვნა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნასთან დაკავშირებით, კერძოდ, წარდგენილი საბუთებისა და ...ის დეპარტამენტის საინფორმაციო ბაზის მიხედვით, საქართველოს შეიარაღებულ ძალების რიგებში მას ნამსახურები ჰქონდა 7 წელი, 8 თვე და 9 დღე (1993 წლის 8 ოქტომბრიდან 2001 წლის 19 აპრილამდე) და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2001 წლის 04 ივნისის ბრძანებით, 2001 წლის 19 აპრილიდან მივლინებული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, სამსახურის გასავლელად. ამასთან, იგი სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი იყო ...ის სარდლის 2002 წლის 04 ივნისის №1187 ბრძანებით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 23 იანვრის MIA218 00176978 წერილით ვ.ჩ-ს განემარტა, რომ წელთა ნამსახურობაში შედიოდა: სამხედრო სავალდებულო სამსახური: 20/05/1969 – 26/05/1971წწ. – 02 წელი - 00 თვე - 06 დღე; სამსახურის გავლის პერიოდი: 03/10/1993 – 24/09/2002 წწ. – 08 წელი - 11 თვე - 21 დღე. ამავე წერილით განმცხადებელს განემარტა, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის გათვალისწინებით, წელთა ნამსახურობა უნდა შეადგენდეს სამხედრო ან სპეციალური წოდებით მუშაობის 20 ან 20-ზე მეტ წელს, ამის შემდგომ (საერთო სტაჟში) ითვლება სწავლა და შეღავათიანი პერიოდი (არსებობის შემთხვევაში).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ეს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის (შემდგომში – კომპენსაცია) და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.
ამავე კანონის მე-8 მუხლით განისაზღვრება სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოდან დათხოვნილ პირთა, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან განთავისუფლებულ პირთა კომპენსაციის გაანგარიშების საკითხი.
მითითებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ სამხედრო მოსამსახურეებს კომპენსაცია ენიშნებათ ამავე მუხლით განსაზღვრული პირობით და ოდენობით.
სადავო პერიოდში მოქმედი „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი.
ამავე კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენს, სახელმწიფო კომპენსაციის მიღების მიზნით, შეიარაღებულ ძალებში ნამსახურობის პერიოდად, სავალდებულო სამხედრო სამსახურში 1969 წლის 20 მაისიდან - 1971 წლის 26 მაისამდე და შინაგან საქმეთა სამინისტროში 2001 წლის 19 აპრილიდან - 2002 წლის 24 სექტემბრამდე ნამსახურობის პერიოდების ჩათვლა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების“ 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის მიზნებისათვის ნებისმიერ ორგანიზაციასა და დაწესებულებაში, მათი სამართლებრივი სტატუსის მიუხედავად, პირის მიერ ანაზღაურებად სამუშაოზე მუშაობა ჩაითვლება საერთო შრომის სტაჟად, ამასთან, საერთო შრომით სტაჟში ჩაითვლება სწავლის პერიოდი იმ შემთხვევაში, თუ პირი უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვამდე ეწეოდა შრომით საქმიანობას და სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდი. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, საერთო შრომითი სტაჟის დამადასტურებელ დოკუმენტად ჩაითვლება ცნობა სავალდებულო სამხედრო ან მასთან გათანაბრებულ სხვა სამსახურში ყოფნის პერიოდზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული ბრძანება სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდს მიაკუთვნებს არა სამხედრო, შეიარაღებული ძალებში ნამსახურობას, არამედ საერთო სტაჟს, თუმცა საყურადღებოა ის გარემოება, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებით დამტკიცებული სამხედრო სამსახურის დებულების XVI თავის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამხედრო სამსახურის ნამსახურობის წლები (სტაჟი) მოიცავს სსრკ-ს ჯარში სამსახურის პერიოდს 1991 წლის 21 დეკემბრამდე.
საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნული ორი სამართლებრივი აქტის შინაარსიდან გამომდინარე განმარტავს, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით ზოგადად განისაზღვრა, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური ჩაითვლება საერთო სტაჟში, თუმცა არ დაკონკრეტდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდი და წესი. საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული დებულება კი, განსხვავებით მინისტრის ბრძანებისგან, მიუთითებს 1991 წლამდე, სსრკ ჯარში სამსახურის პერიოდზე და ამ სამსახურის პერიოდს სამხედრო ნამსახურობას (სტაჟს) მიაკუთვნებს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებულ პერიოდთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ ორგანოსა და სასამართლოებს, სწორედ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული დებულებით განსაზღვრული წესით უნდა ეხელმძღვანელათ. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-7 მუხლის მე-11 პუნქტი განსაზღვრავს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიული აქტების იურიდიული ძალა განისაზღვრება აღმასრულებელ ხელისუფლებაში ამ ორგანოთა (თანამდებობის პირთა) იერარქიის შესაბამისად. ამდენად, საქართველოს მთავრობის ნორმატიულ აქტს უპირატესი იურიდიული ძალა აქვს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების მიმართ. ამასთან, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ შესაბამისი რეგულირება შეეხება კონკრეტულ სპეციალურ პერიოდს და სპეციალურ წესს, რასაც ნორმატიული აქტების შესახებ ორგანული კანონის შესაბამისად ასევე აქვს უპირატესი იურიდიული ძალა, ზოგად წესთან შედარებით.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ ვ.ჩ-ი სამხედრო სამსახურში გაწვეულ იქნა 1969 წლის 04 მაისს საქართველოს სსრ ...ის რაიონის სამხედრო კომისარიატის მიერ და მსახურობდა 1969 წლის 20 მაისიდან, ხოლო 1971 წლის 26 მაისს დათხოვნილ იქნა თადარიგში სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადის გასვლის გამო და ამოირიცხა ნაწილის სიებიდან. იგი მსახურობდა სამხედრო ჯარების დაჯგუფებაში ...ში, ... არმიაში.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განმარტებების შესაბამისად, ვ.ჩ-ს სავალდებულო სამხედრო სამსახურში ყოფნის პერიოდი 20.05.1969 – 26.05.1971 უნდა ჩაეთვალოს არა საერთო შრომის, არამედ შეიარაღებულ ძალებში ნამსახურობაში. საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება, ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის პრაქტიკას (სუსგ №ბს-1287(კ-22) 20.02.2023 წელი), ვინაიდან, 1991 წლის 21 დეკემბრამდე სსრკ-ს ჯარში სამსახურის პერიოდი, მათ შორის სავალდებულო სამხედრო სამსახური, ითვლება არა საერთო შრომის სტაჟში, არამედ სამხედრო ნამსახურობაში.
ამასთან, 19.04.2001 – 24.09.2002 პერიოდის შეიარაღებულ ძალებში ნამსახურობაში ჩათვლასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვითაც, ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირები: ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში და სამხედრო რეზერვის პირველ თანრიგში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს სამხედრო ძალებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში. იმავე მუხლის „დ" ქვეპუნქტში კი მითითებულია, რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში, ყოფილი სსრ კავშირის და საქართველოს სსრ-ის, დამოუკიდებელი თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა ორგანოებში, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოსა და ყოფილ სსრ კავშირში შემავალ მოკავშირე რესპუბლიკებს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელ სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებით (შეთანხმებით).
„სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტი საქართველოს შინაგანი ჯარების მოსამსახურეს განსაზღვრავს როგორც სამხედრო მოსამსახურეს. ამასთან „საქართველოს შინაგანი ჯარების შესახებ" 1998 წლის 30 აპრილის (ძალადაკარგული 2005 წლის 22 მარტიდან) საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, საქართველოს შინაგანი ჯარები შედიოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში და წარმოადგენდნენ საქართველოს სამხედრო ძალების შემადგენელ ნაწილს. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ...ის პირად შემადგენლობაში შედიოდნენ სამხედრო მოსამსახურეები და ნებით დაქირავებული პირები, ხოლო 23-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ...ის სამხედრო ნაწილებისა და ქვედანაყოფების მიერ მათი მოვალეობის შესრულების წესი განისაზღვრებოდა ამ კანონით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო წესდებებით, საქართველოს შინაგანი ჯარების საბრძოლო სამსახურის წესდებით და საქართველოს ნორმატიული აქტებით. ამდენად, შესაბამისი ნორმების დეტალური ანალიზის შედეგად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შესაბამის პერიოდში 19.04.2001 – 24.09.2002 შინაგან ჯარებში სამსახური ცალსახად წარმოადგენდა შეიარაღებულ ძალებში სამსახურს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 ივნისის №ბს-1362(2კ-19) გადაწყვეტილება).
ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ მოსარჩელე ვ.ჩ-ი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ...ის სარდლის 2001 წლის 03 ივლისის N263 პ/შ ბრძანებით 2001 წლის 19 აპრილიდან დაინიშნა ...ის უფროსად. შესაბამისად, ზღვრული ასაკის მიღწევის შემდგომ, იგი დათხოვნილი იქნა შეიარაღებული ძალების თადარიგში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების IX თავის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, ...ის სარდლის N304 პ/შ ბრძანებით, 2002 წლის 24 სექტემბერს, იმ ორგანოს მიერ, რომელმაც ამ თანამდებობაზე დანიშნა. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული პერიოდი მოსარჩელეს ასევე უნდა ჩაეთვალოს შეიარაღებული ძალებში ნამსახურობის სტაჟში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ვ.ჩ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ვ.ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალოს ვ.ჩ-ისათვის, სავალდებულო სამხედრო სამსახურში 1969 წლის 20 მაისიდან - 1971 წლის 26 მაისამდე ნამსახურობის პერიოდის და შინაგან საქმეთა სამინისტროში 2001 წლის 19 აპრილიდან - 2002 წლის 24 სექტემბრამდე ნამსახურობის პერიოდის შეიარაღებულ ძალებში ნამსახურობის პერიოდში ჩათვლა;
5. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან;
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი