საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-651(კ-23) 22 ივნისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა თ.ც-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 08 დეკემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 08 დეკემბრის განჩინებით თ.ც-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის აღნიშნული განჩინების ასლი საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა და ჩაბარდა თ.ც-ს 2023 წლის 01 მაისს (ტ.2, ს.ფ. 112,115-116). მხარისათვის აღნიშნული განჩინების გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 2023 წლის 22 მაისი (ორშაბათი) 24 საათი. დ.ბ-ემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა და თ.ც-ის საკასაციო საჩივარი წარადგინა ელექტრონული ფოსტის საშუალებით 2023 წლის 27 მაისს (ტ.2, ს.ფ.117-132).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთი, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, რჩება განუხილველად.
განსახილველ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 08 დეკემბრის განჩინება თ.ც-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა გასაჩივრების 21-დღიანი ვადის დარღვევით, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 396-ე, 397-ე, 399-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ.ც-ის საკასაციო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 08 დეკემბრის განჩინებაზე, დატოვებული იქნეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე