№ბს-501(კ-23) 27 ივლისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ი. მ. ი. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 იანვრის და 2022 წლის 9 ნოემბრის განჩინებების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2019 წლის 27 ივნისს ი. მ. ი. ა-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2004 წლის 8 მარტს ეგვიპტეში, ქ. კაიროში დაქორწინდა საქართველოს მოქალაქე - მ. ჯ-ზე, რომელთანაც ჰყავს შვილი (დაბ. ... წელს). მოსარჩელემ 2012 წელს მიიღო დროებითი ბინადრობის ნებართვა 2013 წლამდე. მოსარჩელე მუშაობდა კაფე „...ში“. მოსარჩელემ მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, რომლის 4.04.2014წ. №1000378541 გადაწყვეტილებით მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა სასამართლოში. კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 8.04.2015წ. გადაწყვეტილებით ი. მ. ი. ა-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს დაევალა ი. მ. ი. ა-ისათვის მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. სსიპ სახელმწიფო სერვისების 08.07.2015წ. №1000378541 გადაწყვეტილებით მოსარჩელის სახელზე გაიცა მუდმივი ბინადრობის ნებართვა. მოსარჩელე განქორწინდა მ. ჯ-თან და 2017 წლის 4 ოქტომბერს იქორწინა საქართველოს მოქალაქე - ი. ი-ეზე. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 22.11.2017წ. №1000378541/5 გადაწყვეტილებით, ი. მ. ი. ა-ის მიმართ გაცემული, საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვა ძალადაკარგულად გამოცხადდა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი და „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილების მე-15 მუხლის პირველი პუნქტების საფუძველზე. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.11.2018წ. გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 31.05.2019წ. №1000378541/5 გადაწყვეტილებით, ი. მ. ი. ა-ის მიმართ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული მუდმივი ცხოვრების ნებართვა ძალადაკარგულად გამოცხადდა. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მეორე ქორწინებიდან ელოდება ბავშვს, ასევე მეორე ქორწინებისას საქართველოში შეიძინა საცხოვრებელი სახლი.
მოსარჩელემ მოითხოვა ი. მ. ი. ა-ისთვის სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს 2019 წლის 31 მაისის №1000378541/5 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის ი. მ. ი. ა-ისთვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის აღდგენისა და გაცემის თაობაზე, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილებით ი. მ. ი. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 იანვრის განჩინებით ი. მ. ი. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან დამატებით გამოთხოვილი საიდუმლო ინფორმაციის გათვალისწინებით, მიიჩნია რომ სააგენტომ მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება განახორციელა იმ მიზნით, რა მიზნითაც მას ჰქონდა მინიჭებული ეს უფლებამოსილება. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია შეცდომას დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში, სააგენტომ მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება განახორციელა კანონმდებლობის მიზნების მხედველობაში მიღებით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის დაცვით.
სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე (სუსგ 2020 წლის 16 აპრილის (საქმე Nბს-815 (კ-19)), 18 2020 წლის 07 ოქტომბრის (საქმე Nბს-207 (კ-20)) და 2020 წლის 07 ოქტომბრის (საქმე Nბს-311 (კ-20)) და განმარტა, რომ არსებობდა ბინადრობის ნებართვის შეწყვეტის კანონით გათვალისწინებული საფუძველი, შესაბამისად, უსაფუძვლოა მოსარჩელის მითითება დაუსაბუთებელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მისი უფლების დარღვევის თაობაზე. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ი. მ. ი. ა-ის უფლება შეიზღუდა ლეგიტიმური მიზნის - სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მისაღწევად, კანონით პირდაპირ გათვალისწინებული საფუძვლით.
სააპელაციო პალატის განმარტებით, მოსარჩელესთან მიმართებით არსებობდა მუდმივი ბინადრობის ნებართვის შეწყვეტის კანონით გათვალისწინებული საფუძველი. სააპელაციო სასამართლო არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტი მასზედ, რომ მისი საქართველოს მოქალაქეზე ქორწინების ფაქტის, საქართველოში შვილების ყოლის, ოჯახის ერთიანობის პრინციპის გათვალისწინებით, არაკანონიერია მისთვის ბინადრობის ნებართვის შეწყვეტა. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, ი. მ. ი. ა-ისათვის მინიჭებული ბინადრობის ნებართვა შეწყდა, სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მისაღწევად, რასაც მიეცა უპირატესი ინტერესი მხარის ინდივიდუალურ ინტერესთან შედარებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. მ. ი. ა-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განჩინება მიღებულია როგორც საქართველოს კანონმდებლობის, ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებების არსებითი დარღვევის შედეგად. კასატორი მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8, მე-6 მუხლებით მუხლით დაცულ სამართლიანი სასამართლოს და პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებებზე, ასევე ბავშვთა უფლებათა კონვენციის მე-8, მე-9, მე-16 მუხლებზე, რომლებიც ბავშვის ოჯახთან და მშობლებთან ერთად ღირსეულ თანაცხოვრებას გულისხმობს. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატა ფორმალურად მიუდგა განსახილველ საკითხს, არ შეაპირისპირა კერძო და საჯარო ინტერესები. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ერთადერთი საფუძველი არის კონტრდაზვერვის სამსახურის საიდუმლო წერილი. კასატორი მიიჩნევს, სასამართლოს მთავარი ფუნქცია ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებებსა თუ გამოცემულ აქტების კანონიერების ზედამხედველობის განხორციელებას გულისხმობს. კასატორი მიიჩნევს, რომ მის მიმართ დაირღვა პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება. კასატორი მიუთითებს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე (Lupsa v Romania), სადაც მითითებულია შემდეგი: „სიცხადის ესა თუ ის ხარისხი, რაც შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას მოეთხოვება რეგულირების კონკრეტულ სფეროზეა დამოკიდებული. ეროვნულ უშიშროებას დამუქრებული საფრთხე განსხვავდება ხასიათისა და ბუნების მიხედვით. ამიტომ წინასწარ რთული განსასაზღვრია, თუმცა ეროვნული უშიშროების მოსაზრებებზე დამყარებულ ღონისძიებას დაქვემდებარებულ პირს არ უნდა წაერთვას თვითნებობის წინააღმდეგ ყველა გარანტია, რაც იმას ნიშნავს, რომ ღონისძიება უნდა შემოწმდეს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანოს მიერ, რომელიც უფლებამოსილია შეაფასოს ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რათა ღონისძიების მართლზომიერება გადაწყვიტოს და სახელმწიფოს შესაძლო თვითნებობა გამორიცხოს". კასატორი მიიჩნევს, რომ საფრთხის აბსტრაქტული ფორმულირების გარდა მისთვის სხვა დეტალები არ უცნობებიათ.
კასატორი ასევე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებაზე (სუსგ 29.10.2021წ. Nბს-772 (კ-21)), რომელშიც საკასაციო პალატამ განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე არ უნდა მოხდეს, არამედ შესწავლილ უნდა იქნეს სხვა გარემოებებიც.
კასატორი ასევე სადავოდ ხდის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ნოემბრის განჩინებასაც, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსამართლის - მ. ჩ-ის აცილების შესახებ შუამდგომლობა. კასატორი აღნიშნავს, რომ მოსამართლე მ. ჩ-მა განხილა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყეტილების ბათილად ცნობის შესახებ სარჩელი, რომელიც შეეხებოდა მოსარჩელისთვის მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ უარის თქმას. ზემოაღნიშნულ საქმეში ფიგურირებდა მოსარჩელის მიმართ გამოცემული კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უარყოფითი დასკვნა. კასატორის მოსაზრებით, მ. ჩ-ს ადრე განხილული საქმის გამო, მოსარჩელესთან მიმართებით შექმნილი ჰქონდა წინასწარი განწყობა, მოსამართლე იგივე კონტრდაზვერვის წერილის საფუძველზე სხვა გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. კასატორს მიაჩნია, რომ მის მიმართ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება, რადგან საქმე არ განიხილა წინასწარი განწყობებისგან დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა ორგანომ. კასატორი მიიჩნევს, რომ საქმის განმხილველი მოსამართლე ვალდებული იყო განეცხადებინა თვითაცილება. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებებით დაირღვა მისი არასრულწლოვანი შვილების უფლებებიც, რამეთუ არ შეპირისპირდა რამდენად თანაზომიერი იყო მათ უფლებებში ჩარევა სახელმწიფო უშიშროების ინტერესებთან მიმართებით. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოსთვის ცნობილი იყო მისი მეორე არასრულწლოვანი შვილის - ო. ი-ის დაბადების თაობაზე, თუმცა ამ ინფორმაციამ გადაწყვეტილებაში ასახვა ვერ ჰპოვა. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინების დასაბუთებულობის სტანდარტი არ შეესაბამება ბავშვთა უფლებათა კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.
კასატორი შუამდგომლობდა საჭიროების შემთხვევაში ი. მ. ი. ა-ის ოჯახური თანაცხოვრების შესახებ ინფორმაციის გადამოწმებაზე. კასატორი აღნიშნავს, რომ აღნიშნული შუამდგომლობა ასევე დაყენებული იყო საქმის სააპელაციო წესით განხილვის დროს, თუმცა იგი არ იქნა დაკმაყოფილებული. წარმოდგენილ შუამდგომლობასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უპირველეს ყოვლისა, საკასაციო სასამართლო არ არის ფაქტების დამდგენი სასამართლო, არამედ პროცესუალური დანაწესიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აფასებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა შეფასების მართებულობას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია მოსარჩელის საქართველოს მოქალაქე - მ. ჯ-ზე ქორწინება 2004-2014 წლებში, ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე 2017 წლის 14 ოქტომბერს მეორედ დაქორწინდა საქართველოს მოქალაქე ი. ი-ეზე, რომელთანაც 2019 წლის 4 ოქტომბერს შეეძინა შვილი - ო. ი-ე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხის მხრიდან ი. მ. ი. ა-ის ოჯახური თანაცხოვრების ფაქტი სადავოდ არ ყოფილა გამხდარი. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, რომ მოსარჩელეს მიმართ გაცემული მუდმივი ბინადრობის ნებართვის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი გახდა არა ის გარემოება, რომ მოსარჩელეს საქართველოს მოქალაქესთან ოჯახური კავშირი არ ჰქონდა, არამედ კონტრდაზვერვის სამსახურიდან მიღებული საიდუმლო ინფორმაცია. შესაბამისად, კასატორის მხრიდან დაყენებულ შუამდგომლობაში არსებული ინფორმაცია მოცემულ საქმესთან დაკავშირებით არარელევანტურ გარემოებას წარმოადგენს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის გათვალისწინებით, არ არის უფლებამოსილი მოსარჩელის თანაცხოვრების ინფორმაციის გადამოწმებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი. მ. ი. ა-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. მ. ი. ა-ის საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია ი. მ. ი. ა-ის მიმართ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის შესახებ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს 2019 წლის 31 მაისის №1000378541/5 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის ი. მ. ი. ა-ის მუდმივი ცხოვრების ნებართვის აღდგენისა და გაცემის თაობაზე ახალი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-15 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, მშობელზე, შვილზე. მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა აგრეთვე უცხოელზე, რომელმაც საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე იცხოვრა ბოლო 6 წლის განმავლობაში. ამ ვადაში არ ითვლება საქართველოში სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებულ ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესზე”, რომლითაც განსაზღვრულია უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები. მითითებული წესის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვა ავტომატურად უქმდება მისი მოქმედების ვადის ამოწურვისას. სააგენტო უფლებამოსილია, შეუწყვიტოს უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა, თუ მისთვის ცნობილი გახდება კანონის 21-ე მუხლით განსაზღვრული საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის საფუძვლების არსებობის შესახებ. უცხოელისთვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის ვადის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია მიეწოდება შესაბამის სახელმწიფო უწყებებს ელექტრონული ან წერილობითი ფორმით. ამავე ნორმის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი, სახელმწიფო ორგანოები და იურიდიული და/ან ფიზიკური პირები ვალდებულნი არიან, სააგენტოს აცნობონ უცხოელისთვის საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის საფუძვლების შესახებ. სასამართლო ასევე მიუთითებს ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, უცხოელს საქართველოში ყოფნის ვადა შეიძლება შეუწყდეს: ა) თუ მან საქართველოში ბინადრობის ნებართვის ან საქართველოს ვიზის მისაღებად ყალბი ან იურიდიული ძალის არმქონე დოკუმენტები წარადგინა; ბ) თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას; გ) თუ მან საქართველოში ყოფნის ვადის გასვლამდე შეწყვიტა ან დაასრულა სწავლა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, თუკი საქართველოში ბინადრობის ნებართვა ამ საფუძველზე ჰქონდა მიღებული; დ) თუ მან შეწყვიტა ის საქმიანობა ან ურთიერთობა, რომლის საფუძველზედაც მიღებული ჰქონდა საქართველოში ბინადრობის ნებართვა; ე) თუ აღარ არსებობს ან არ შესრულდა ის მიზანი, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა საქართველოს ვიზა; ვ) თუ იგი აღარ არის საქართველოს მოქალაქის მეურვე ან მზრუნველი ან აღარ იმყოფება საქართველოს მოქალაქის მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ, თუკი საქართველოში ბინადრობის ნებართვა ამ საფუძველზე ჰქონდა მიღებული; ზ) თუ საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად იგი ფიქციურად დაქორწინდა; თ) თუ იგი გააძევეს საქართველოდან; ი) თუ მან შესაბამის განცხადებაში არასწორი მონაცემი მიუთითა ან დამალა მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმ გარემოებების შესახებ, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად; კ) მოქალაქეობრივი კუთვნილების ცვლილების შემთხვევაში, თუ მას საქართველოში მუდმივი ბინადრობის მოწმობა ბინადრობის ნებართვის მიღების გარეშე ჰქონდა აღებული; ლ) თუ მან საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღებიდან 6 თვის ვადაში არ მიმართა სააგენტოს ბინადრობის მოწმობის ასაღებად.
დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2015 წლის 8 ივლისის №1000378541 გადაწყვეტილებით ი. მ. ი. ა-ის ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის ,,ზ” პუნქტის შესაბამისად მიეცა საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვა. დადგენილია ასევე, რომ შესაბამისი უწყებიდან მიღებული საიდუმლო ინფორმაციის საფუძველზე, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, 2019 წლის 31 მაისს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა №1000378541/5 გადაწყვეტილება, რომლითაც ი. მ. ი. ა-ის მიმართ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის შესახებ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალადაკარგულად გამოცხადდა.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით მიხედვით უცხოელისათვის ბინადრობის ნებართვის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსგან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, როგორსაც წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, რომელიც, „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლიდან გამომდინარე, ეწევა ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაციასა და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაციას. ამავე კანონის პირველი მუხლის თანახმად კი, კონტრდაზვერვითი საქმიანობა არის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება. შესაბამისად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას უცხოელისათვის ბინადრობის ნებართვის შეწყვეტის თაობაზე
საგულისხმოა, რომ ი. მ. ი. ა-ის მიმართ მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი იყო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან მიწოდებული ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის ძალადაკარგულად გამოაცხადოს კანონის შესაბამისად გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ: ა) ეს პირდაპირ არის მითითებული კანონში ან მის საფუძველზე გამოცემული ზემდგომი ორგანოს კანონქვემდებარე აქტში; ბ) კანონმდებლობის შესაბამისად ეს პირდაპირ არის მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში; გ) დაინტერესებულმა მხარემ არ შეასრულა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობაც კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება გახდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი; დ) გაუქმდა ან შეიცვალა შესაბამისი ნორმატიული აქტი, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს; ე) არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება, აგრეთვე შესაბამისი სამეცნიეროტექნიკური აღმოჩენა ან გამოგონება, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი განსაზღვრავს, რომ კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება კანონმდებლობა ადამიანის უფლებების, საქართველოს მოქალაქეობის, მიგრაციის, ქვეყანაში შემოსვლისა და ქვეყნიდან გასვლის, საქართველოში სხვა სახელმწიფოს მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა დროებით ან მუდმივად ყოფნის შესახებ. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობაზე, რომლის თანახმად „სახელმწიფო უფლებამოსილია, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების შესაბამისად შეიმუშაოს სათანადო საიმიგრაციო პოლიტიკა და განსაზღვროს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა საქართველოში შესვლის, დროებით ან მუდმივად ყოფნის პირობები და წესი. საიმიგრაციო საკითხების რეგულირებისას, მათი პოლიტიკური ხასიათიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ხელისუფლება ფართო მიხედულების ზღვრით სარგებლობს..“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის №2/9/810,927 გადაწყვეტილება საქმეზე სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეები - გარნიკ ვარდერესიანი, არტავაზდ ხაჩატრიანი და ანი მინასიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, II-13). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სახელმწიფოსა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელებს შორის, საქართველოს მოქალაქეების მსგავსად, არსებობს განსაკუთრებულად მჭიდრო კავშირი, რაც მრავალ ასპექტში გამოიხატება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის №2/3/540 გადაწყვეტილება საქმეზე „რუსეთის მოქალაქეები - ოგანეს დარბინიანი, რუდოლფ დარბინიანი, სუსანნა ჟამკოციანი და სომხეთის მოქალაქეები - მილენა ბარსეღიანი და ლენა ბარსეღიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6). „საქართველოში მცხოვრები უცხოელები მჭიდროდ არიან დაკავშირებულები სახელმწიფოსთან, ისინი წარმოადგენენ ქართული საზოგადოების წევრებს და საქართველოს მოქალაქეების მსგავსად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნის ყოფა–ცხოვრებაში, მის წინსვლასა და განვითარებაში. უცხოელები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ, ინტენსიურად ექცევიან საქართველოს სამართლებრივი რეგულირების სფეროში და ნორმატიული წესრიგის ფორმირება, როგორც წესი, საქართველოს მოქალაქის თანაბრად ახდენს გავლენას მათ საქმიანობაზე, არსებობასა და განვითარებაზე. დემოკრატიული საზოგადოების არსებობა მოითხოვს მისი თითოეული წევრის უფლების პატივისცემას. საზოგადოების წევრებისათვის განვითარების თანაბარი შესაძლებლობების შექმნას. სწორედ საქართველოში მცხოვრები უცხოელის სახელმწიფოსთან მჭიდრო კავშირი განაპირობებს იმას, რომ კონსტიტუციამ მათ განსაკუთრებული სტატუსი მიანიჭა და კონსტიტუციური უფლებებით სარგებლობის კონტექსტში მნიშვნელოვნად გაუთანაბრა საქართველოს მოქალაქეებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-94,95).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური ინტერესია უზრუნველყოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის სათანადოდ დაცვა. ამგვარად, სწორედ სახელმწიფოა უფლებამოსილი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ინტერესებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე, განსაზღვროს, თუ რა ფორმით დაარეგულიროს უცხოელთა სამართლებრივი სტატუსი სახელმწიფოში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობაზე, რომ „კონსტიტუციური უფლებების... შეზღუდვის შეფასების საზომი, თანაზომიერების პრიციპია. აღნიშნული პრინციპი წარმოადგენს ადამიანის უფლების შეზღუდვისას კანონმდებლის შებოჭვის მექანიზმს და, შესაბამისად, კონსტიტუციური კონტროლის ელემენტს. თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის გადაწყვეტა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. იგი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, უფლებამოსილი და რიგ შემთხვევებში ვალდებულია გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. თუმცა, საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი კი განსაზღვრავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. აღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ დისკრეციული უფლებამოსილება არ არის შეუზღუდავი და ადმინისტრაციულმა ორგანომ მხედველობაში უნდა მიიღოს ფაქტობრივი გარემოებები, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა და ამის საფუძველზე მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.
განსახილველ შემთხვევაში, სამართალწარმოება ემსახურება იმის გამორკვევას, საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადება წარმოადგენდა თუ არა თანაზომიერ ჩარევას მოსარჩელის უფლებებში და იყო თუ არა აღნიშნული სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის აუცილებელი ღონისძიება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მარტოოდენ მოსარჩელის საქართველოს მოქალაქე - ი. ი-ეზე რეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნის და საქართველოში შვილების ყოლის ფაქტი იმთავითვე არ ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს შესაბამისი კანონისმიერი წინაპირობების არსებობისას ძალადაკარგულად არ გამოაცხადოს უკვე გაცემული საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვა, რამდენადაც სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გადაწყვეტილებას უნდა იღებდეს საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის შედეგად.
2023 წლის 12 ივლისს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს მიმართა. მიმართვაში აღნიშნულია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 31 მაისის №1000378541/5 გადაწყვეტილებით (I. M. Y. A-; დაბ.: ...წ., ეგვიპტის არაბულ რესპუბლიკაში, პასპორტის ნომერი: ...) „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-21 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ი. მ. ი. ა-ის მიმართ გაცემული საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვა ძალადაკარგულად გამოცხადდა 2019 წლის 31 მაისიდან. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაცია. საქმის განხილვის მიზნით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ეთხოვა წარმოედგინა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ინფორმაციია/მასალები (მათ შორის, საიდუმლო), რომელიც საფუძვლად დაედო სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 31 მაისის №1000378541/5 გადაწყვეტილებას მოსარჩელისათვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის თანახმად კონტრდაზვერვით საქმიანობად მიიჩნევა სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება. აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები, და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაცია და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია ეკისრება სპეციალურ სამსახურს - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არსებითია სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის საკითხები, თუმცა მიდგომა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს თანმიმდევრული და არ უნდა ქმნიდეს შეუსაბამო დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას.
სასამართლო მხედველობაში იღებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ საქმეს ლუპსა რუმინეთის წინააღმდეგ (Lupsa v. Romania, №10337/04). აღნიშნულ საქმეზე, რუმინეთის პროკურატურის ბრძანებით, მომჩივნის რუმინეთის ტერიტორიაზე ყოფნა გამოცხადდა არასასურველად და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი რუმინეთიდან 10 წლით გაძევებისა და დეპორტირების შესახებ იმ საფუძვლით, რომ რუმინეთის დაზვერვის სამსახურს მიღებული ჰქონდა „საკმარისი და სერიოზული სადაზვერვო ინფორმაცია, რომ მისი საქმიანობა საფრთხეს უქმნიდა ეროვნულ უშიშროებას“ (Lupsa v. Romania, №10337/04, $39, 08 ივნისი 2006). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ სიცხადის ხარისხი, რაც შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას მოეთხოვება, მეტწილად რეგულირების კონკრეტულ სფეროზეა დამოკიდებული. საფრთხეები, რომლებიც ეროვნულ უშიშროებას ემუქრება განსხვავდება ხასიათისა და დროის მიხედვით და ამიტომ წინასწარ მათი განსაზღვრა რთულია. თუმცა პირს, რომლის მიმართაც ხორციელდება ეროვნული უშიშროების ინტერესებზე დამყარებული ღონისძიება, არ უნდა წაერთვას თვითნებობის გამომრიცხავი ყველა გარანტია, რაც ნიშნავს იმას, რომ სადავო ღონისძიება ზედმიწევნით უნდა გამოიკვლიოს დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა ორგანომ, რომელიც უფლებამოსილია შეამოწმოს ყველა შესაბამისი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოება, რათა შეაფასოს ღონისძიების კანონიერება და უზრუნველყოს ხელისუფლების მიერ შესაძლო თვითნებობის პრევენცია (იქვე, 37-38).
განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 31 მაისის №1000378541/5 გადაწყვეტილების კანონიერების შესამოწმებლად საკასაციო პალატამ კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოითხოვა ინფორმაცია, რომელიც მოსარჩელისთვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი გახდა. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კონტრდაზვერვის სახელმწიფო სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის ბუნების (სახელმწიფო საიდუმლოება) გათვალისწინებით, სასამართლო უფლებამოსილი არ არის გადაწყვეტილებაში ასახოს მისი შინაარსი. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი ინფორმაციის/მასალების გაცნობის საფუძველზე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიიღო კანონშესაბამისი გადაწყვეტილება. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, საიდუმლო მასალაში მითითებული ინფორმაცია შეესაბამება ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველ პუნქტს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საიდუმლო მასალის გავთალისწინებით, დგინდება სახელმწიფო უშიშროებისათვის უპიტესობის მინიჭების აუცილებლობა მოსარჩელის ინდივიდუალურ უფლებასთან მიმართებაში.
საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის მოსაზრებას გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველის არსებობასთან დაკავშირებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ საქმე განიხილა სასამართლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ. ამასთან ამავე კოდექსის 31-ე მუხლით დადგენილია აცილების საფუძვლები. საქმის წარმოებაში მოსამართლის მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოებები დადგენილია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-7 და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 29-31-ე მუხლებით. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი მოსამართლის აცილების საფუძვლად მიუთითებს სსკ-ის 31-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტს და მიიჩნევს, რომ სახეზეა ამ მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები: ,,მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, თუ ის პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში. კასატორის მიერ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის მ. ჩ-ის აცილების დაყენება განაპირობა მიერ წარსულში განხილულმა საქმემ, რომელიც შეეხებოდა ი. მ. ი. ა-ისთვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმას. კასატორი აღნიშნავს, რომ მოსამართლეს გამოთქმული აქვს აზრი ზემოაღნიშნული პირის მიმართ სხვა სააპელაციო საჩივრის განხილვისას, რაც საკმარისი გარემოებაა მისი აცილებისთვის.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორმა არგუმენტირებულად ვერ დაასაბუთა საქართველოს სამოქალაქო სამოქალაქო კოდექსის 29-32-ე მუხლებით დადგენილი მოსამართლის აცილების რომელიმე საფუძველი. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის მიერ წარსულში იმავე მხარეებს შორის წარმოშობილი სხვა დავის განხილვა არ წარმოშობს მოსამართლის აცილების საფუძველს. მოსამართლე მ. ჩ-ის მიერ, როგორც სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის ერთ-ერთი წევრის მიერ, იმავე მხარის მიმართ განხილულ სხვა სამართლებრივ დავაში მონაწილეობა იმთავითვე არ ჰქმნის მისი მხრიდან მიკერძოებულობის ეჭვის საფუძველს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 29-ე მუხლი გამორიცხავს მოსამართლის მონაწილეობას მის მიერ უკვე განხილული საქმის სხვა ინსტანციის სასამართლოში განხილვაში. საპროცესო კანონმდებლობით დასაშვებია მოსამართლის მიერ ერთი და იმავე მხარეებს შორის არსებული რამოდენიმე დავის განხილვა, უკეთუ აცილების სხვა საფუძველი არ არსებობს (სსკ-ის 29-ე მუხ.). ამდენად, ვინაიდან არ დგინდება მოსამართლის აცილების კანონით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობა, სახეზე არ არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 9.11.2022წ. განჩინების გაუქმების საფუძველი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საიდუმლო წერილის, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის გათვალისწინებით ი. მ. ი. ა-ის უფლებების შეზღუდვა გამომდინარეობს ლეგიტიმური მიზნიდან - სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფიდან.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ი. მ. ი. ა-ის საკასაციო საჩივარზე 01.05.2023წ. ე. ლ-ეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ე. ლ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს ი. მ. ი. ა-ის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. მ. ი. ა-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 იანვრის განჩინება;
3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ნოემბრის განჩინება;
4. ე. ლ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ი. მ. ი. ა-ის საკასაციო საჩივარზე 01.05.2023წ. საგადახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
გ. მაკარიძე