Facebook Twitter

პატივისა და ღირსების შელახვა

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

ას-1284-1520-05 1 ივნისი, 2006 წ. ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი (მომხსენებელი),

თ. თოდრია

სარჩელის საგანი: პატივისა და ღირსების შელახვა.

აღწერილობითი ნაწილი:

დ. ჩ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების _ შ. კ-შვილის, დ. ჭ-ძე-ვ-ძის, მ. ზ-ძის, მ. ვ-ურის, ნ. ლ-შვილის, ლ. ბ-შვილისა და შპს „ა. ვ-ის“ მიმართ, პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობების უარყოფისა და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2004წ. 7 ივნისის გაზეთ «ა. ვ-აში“, მოპასუხეთა მიერ შედგენილი მიმართვის საფუძველზე, გამოქვეყნდა წერილი, რომლითაც შეილახა მისი და მისი ოჯახის პატივი და ღირსება. წერილში აღნიშნულია_ „ერთობ საეჭვო ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე პირი თ. დ-შვილი საბჭოთა პერიოდის ფერმის გამგის ტიპიური „მუქთაჭამია“ ეგზემპლარია. მეტად საეჭვო წარსულითა და რეპუტაციით (დუშელებს ახსოვთ სასამართლო პროცესები, სადაც დ-შვილი ქ-ნ დ. ჩ-ს, ამჟამად მის მეუღლეს, ბავშვისათვის გვარის მიცემაზე უარს ეუბნებოდა იმ მოტივით, თითქოს ქ-ნ დ.ჩ-ს ბავშვი მისგან არ ჰყავდა)“. აღნიშნული წერილი მოპასუხეებმა გავრცელეს საჯარო დაწესებულებებშიც. გავრცელებული ცნობები ლახავენ მის პატივსა და ღირსებას. მისი შვილი სახლიდან გაიქცა, ხოლო თვითონ უგონო მდგომარეობაში მოათავსეს საავადმყოფოში. მოსარჩელის განმარტებით, გავრცელებული ცნობები არ შეეფერება სინამდვილეს, რის გამოც მოითხოვა ზემოაღნიშნული ცნობების უარყოფა და მორალური ზიანის ანაზღაურება 20000 ლარის ოდენობით.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ ამ ცნობების გავრცელებაში მათ მონაწილეობა არ მიუღიათ.

დუშეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა, მოპასუხეებს დაევალათ გაზეთ „ა. ვ-ის“ მეშვეობით გავრცელებული ცნობების უარყოფა და სოლიდარულად დაეკისრათ 700 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის _ 250 ლარის გადახდა.

გაზეთ „ა. ვ-ას“ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს გადაწყვეტილების გაუქმება და ახლი გადაწყვეტილების მიღება. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 11 ივლისის გადაწყვეტილებით გაუქმდა დუშეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 24 ნოემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა დ. ჩ-ის სარჩელი: მოპასუხეებს დაევალათ გაზეთ „ა. ვ-ის“ მეშვეობით გავრცელებული ცნობების, კერძოდ, „დუშელებს ახსოვთ სასამართლო პროცესები, სადაც დ-შვილი ქ-ნ დ.ჩ-ს, ამჟამად მის მეუღლეს, ბავშვისათვის გვარის მიცემაზე უარს ეუბნებოდა იმ მოტივით, თითქოს ქ-ნ დ.ჩ-ს ბავშვი მისგან არ ჰყავდა“ საჯაროდ უარყოფა და სოლიდარულად 700 ლარის გადახდა.

სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია 2004წ. 3 ივნისს გაზეთ „ა. ვ-ას“ თხოვნით მიმართეს ქალბატონებმა ჟ. კ-მა და შ. კ-შვილმა, რათა გამოექვეყნებინათ ღია წერილი, რომელსაც ხელს აწერდა 71 მოქალაქე, რომ 2004წ. 7-13 ივნისის 181_ის გაზეთ «ა. ვ-აში“ გამოქვეყენდა წერილი სათაურით _ „...“.

საოლქო სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად გამოიყენა სამოქალაქო სამართლის კოდექსის მე-18 მუხლის მე-2, მე-4 და მე-6 ნაწილები და დაასკვნა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების თანახმად, მოპასუხეებმა ვერ დაამტკიცეს გავრცელებული ცნობების ნამდვილობა, ისინი მოქმედებდნენ ბრალეულად და მათი მოქმედების შედეგად შეილახა პირის პატივი და ღირსება.

სააპელაციო პალატის 2005წ. 11 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შ.კ-შვილის, დ.ჭ-ძე-ვ-ძის, მ.ზ-ძის, მ.ვ-ურის, ნ.ლ-შვილისა და ლ.ბ-შვილის წარმომადგენელმა ლ. ჩ-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება. კასატორის მოსაზრებით, დ.ჩ-ი წარმოადგენს არასათანადო მოსარჩელეს და სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 84-ე მუხლის მე-4 ნაწილი და უარი უნდა ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. ამასთანავე, დაუსაბუთებელია მათი ბრალეულობის საკითხი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 20 დეკემბრის განჩინებით შ.კ-შვილის, დ.ჭ-ძე-ვ-ძის, მ.ზ-ძის, მ.ვ-ურის, ნ.ლ-შვილისა და ლ.ბ-შვილის წარმომადგენელ ლ. ჩ-ძის საკასაციო საჩივარი მ.ზ-ძის, მ.ვ-ურისა და ლ.ბ-შვილის ნაწილში დარჩა განუხილველად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ საკასაციო საჩივრის ფარგლებში შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2004წ. 7-13 ივნისის ¹181 გაზეთ „ა. ვ-აში“ გამოქვეყნდა კასატორთა წერილი სათაურით, „...“. წერილის ერთ ნაწილში აღნიშნული იყო, რომ „დუშელებს ახსოვთ სასამართლო პროცესები, სადაც დ-შვილი ქ-ნ დ.ჩ-ს, ამჟამად მის მეუღლეს, ბავშვისათვის გვარის მიცემაზე უარს ეუბნებოდა იმ მოტივით, თითქოს ქ-ნ დ. ჩ-ს ბავშვი მისგან არ ჰყავდა“. დადგენილია, რომ აღნიშნული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება ბავშვის მიმართ მამობის დადგენა მოხდა დაბადების ფაქტის რეგისტრაციისას, მამის _ თ.დ-შვილის პირადი განცხადების საფუძველზე; მამობის დადგენა სასამართლოში სადავოდ არ გამხდარა. საქმის მასალებით ასევე დადგენილია მოპასუხეთა ბრალეული ქმედება.

მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სამოქალაქო საპროცესო ოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სავალდებულოა სასამართლოსათვის, ვინაიდან კასატორების მიერ არ არის წამოყენებული დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორების მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ დ.ჩ-ი არასათანადო მოსარჩელეა. არასათანადო მოსარჩელედ ითვლება ისეთი პირი, რომელსაც არა აქვს მოთხოვნის უფლება. აქვს თუ არა პირს მოთხოვნის უფლება, განისაზღვრება მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების საფუძველზე. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 (1) მუხლით დეკლარირებულია ადამიანის პატივისა და ღირსების დაცვა, ხოლო სკ-ის მე-18 მუხლი ადგენს პატივისა და ღირსების დაცვის ფორმებს. ამ მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით, დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. გაზეთით გავრცელებული ზემოაღნიშნული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. შესაბამისად, მას უფლება აქვს, სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს მისი უარყოფა.

კასატორების მითითება, რომ მათი ბრალეულობა არ არის დასაბუთებული, ასევე ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან მათი ბრალეულობა დადასტურებულია საქმის მასალებით, სასამართლო სხდომებზე მათი განმარტებებით. კასატორები არ მიუთითებენ ისეთ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რაც გამორიცხავდა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ გარემოებებს. ასევე, ისინი არ მიუთითებენ იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც გამოიწვია ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასება ამდენად, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შ. კ-შვილის, დ. ჭ-ძე-ვ-ძისა და ნ. ლ-შვილის წარმომადგენელ ლ. ჩ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 11 ივლისის გადაწყვეტილება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.