Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-81(კს-23) 11 ივლისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - ლ. წ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭო

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 იანვრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2022 წლის 3 ოქტომბერს ლ. წ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ლ. წ-ის პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2022 წლის 5 აგვისტოს №02/22-1043 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება ლ. წ-ის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. წ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2022 წლის 5 აგვისტოს №02/22-1043 გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ლ. წ-ის პირობით ვადამდე გათავისუფლების შუამდგომლობასთან დაკავშირებით. საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივმა საბჭომ, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. ხსენებული გადაწყვეტილება საჩივრით ასევე გაასაჩივრა ლ. წ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 იანვრის განჩინებით განუხილველად იქნა დატოვებული ლ. წ-ის საჩივარი (სააპელაციო საჩივარი) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება მოსარჩელე ლ. წ-ეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ... ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ჩაბარდა 2022 წლის 1 დეკემბერს. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე ლ. წ-ემ საჩივარი (სააპელაციო საჩივარი) თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა 2022 წლის 20 დეკემბერს, რაც დასტურდებოდა სააპელაციო საჩივარზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დასმული შტამპით.

2022 წლის 28 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიმართა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ... ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას, რომელსაც ეთხოვა ინფორმაციის მიწოდება, ლ. წ-ის მიერ საჩივრის სასამართლოში გასაგზავნად ... დაწესებულებისათვის გადაცემის თარიღის შესახებ.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ... ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების 2022 წლის 28 დეკემბრის წერილით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ეცნობა, რომ მსჯავრდებულ ლ. წ-ის საჩივარი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, დაწესებულების ადმინისტრაციას ჩაბარდა 2022 წლის 16 დეკემბერს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. პალატამ ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე მიიჩნია, რომ ლ. წ-ის მიერ საჩივარი (სააპელაციო საჩივარი) წარდგენილი იყო კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადის დარღვევით, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა იწურებოდა 2022 წლის 15 დეკემბერს, რომელიც იყო სამუშაო დღე (ხუთშაბათი), ხოლო სასამართლოს მიერ ... ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ლ. წ-ემ საჩივარი ადმინისტრაციას გადასცა 2022 წლის 16 დეკემბერს, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 იანვრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ლ. წ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, ლ. წ-ემ საჩივარი ციხის ადმინისტრაციას გადასცა 2022 წლის 15 დეკემბერს, ანუ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის გათვალისწინებული ვადის ბოლო დღეს. ხოლო ადმინისტრაციამ აღნიშნული საჩივარი სასამართლოში გადააგზავნა მეორე დღეს - 2022 წლის 16 დეკემბერს. საჩივრის ავტორის განმარტებით, პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია მისი მხრიდან არ იყო ინფორმირებული, რომ 15 დეკემბერი იყო გასაჩივრების ბოლო დღე. საჩივრის ავტორი ითხოვს, რომ სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელოს საჩივრის ავტორის მიერ საჩივარზე მითითებული თარიღით და იმსჯელოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ივნისის განჩინებით ლ. წ-ის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. წ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამასთან, 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ლ. წ-ეს ჩაბარდა 2022 წლის 1 დეკემბერს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მისივე ხელმოწერით (გვ. 211). შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2022 წლის 2 დეკემბრიდან და ამოიწურა 2022 წლის 15 დეკემბერს, ხუთშაბათს, 24 საათზე.

2023 წლის 22 ივნისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ... ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას, რომელსაც ეთხოვა ლ. წ-ის მიერ (მის მიერ 2022 წლის 15 დეკემბრით დათარიღებული) სააპელაციო საჩივრის სასამართლოში გადასაგზავნად პენიტენციური სამსახურის ... დაწესებულებისათვის გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტის (ხელწერილი, მიღება-ჩაბარების აქტი) ან/და ... ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 2022 წლის 28 დეკემბრის №378792/31 მიმართვის საფუძვლის (ამონაწერი სარეგისტრაციო ჟურნალიდან ან დოკუმენტბრუნვის ელექტრონული პროგრამიდან ან ზემოაღნიშნული ინფორმაციის სხვა რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულება) უზენაესი სასამართლოსთვის მიწოდება.

2023 წლის 29 ივნისს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის ... დაწესებულებამ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 22 ივნისის წერილის პასუხად აცნობა, რომ მსჯავრდებულ ლ. წ-ის საჩივარი ადმინისტრაციას ჩაბარდა სოციალური მუშაკის მიერ 2022 წლის 16 დეკემბერს და იმავე დღეს დარეგისტრირდა დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ პროგრამაში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, დადგინდეს, საჩივრის ავტორის - ლ. წ-ის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება გასაჩივრდა თუ არა გასაჩივრებისათვის კანონმდებლობით დადგენილ 14 დღიან ვადაში. ამდენად, აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში, პალატა მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლს და მიუთითებს, რომ „მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს“ (სუსგ 02.022023წ. საქმე №ას-1438-2022).

მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის მიხედვით, მტკიცების საგნის განსაზღვრა და ამ საგანში შემავალი ფაქტების დამტკიცების ტვირთი მხარეებზეა გადატანილი. ზოგადად, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს („affirmanti, non negati, incumbit probatio“), ამიტომაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მართებული გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის (სუსგ 01.05.2023წ. №ბს-26(კ-23)).

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს „პატიმრობის კოდექსი“ და მის საფუძველზე მიღებული საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებები, ასევე პენიტენციური დაწესებულებების დებულებები და შინაგანაწესები აწესრიგებენ მსჯავრდებულთა უფლება–მოვალეობებს, დისციპლინურ პასუხისმგებლობას, თავისუფლების აღკვეთის წესს, მართლწესრიგისა და კანონიერების საკითხებს, როგორც დაწესებულების ადმინისტრაციისა და პერსონალის, ასევე - მსჯავრდებულ პირთა უფლებებსა და ვალდებულებებს.

საკასაციო პალატა მიუთითებს პატიმრობის კოდექსის 16.2 მუხლზე, რომლითაც ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელზე შემოსული წერილის მისთვის ჩაბარებას, აგრეთვე ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილის ადრესატისთვის გაგზავნას უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულება. პირადი ხასიათის კორესპონდენცია ადრესატს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხარჯით ეგზავნება.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №110 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ... პენიტენციური დაწესებულების დებულების მე-7 მუხლის „ა“ პუნქტით ადმინისტრაციული განყოფილების ფუნქციებია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კორესპონდენციის, მსჯავრდებულთა წერილების, საჩივრების, წინადადებების და განცხადებების აღრიცხვა (რეგისტრაცია), მათი დროულად მიღებისა და გაგზავნის ორგანიზება. იმავე დებულების 36.1 მუხლით მსჯავრდებულს უფლება აქვს დადგენილი წესითა და დაწესებულების კონტროლით შეუზღუდავი რაოდენობით გააგზავნოს და მიიღოს წერილები, აგრეთვე უფლება აქვს, წარადგინოს განცხადებები, მოთხოვნები და საჩივრები ზეპირად ან წერილობით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით, მსჯავრდებულის სახელზე შემოსული წერილების მისთვის ჩაბარებას, აგრეთვე მსჯავრდებულის წერილების ადრესატისთვის გაგზავნას უზრუნველყოფს დაწესებულება. ამავე მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებით, დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილება მიღებული წერილის, მათ შორის, მოთხოვნებისა და საჩივრების გაგზავნას ან მიღებული წერილის მსჯავრდებულისათვის გადაცემას უზრუნველყოფს სოციალური განყოფილების მეშვეობით არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, თუ არ არსებობს დამაბრკოლებელი გარემოებები. წერილის გაცნობა დასტურდება მსჯავრდებულის ხელწერილით. მსჯავრდებული გასაგზავნ კორესპონდენციას, გარდა საჩივრის ყუთის საშუალებით გასაგზავნისა, გადასცემს დაწესებულების სოციალურ განყოფილებას, რომელიც უზრუნველყოფს კორესპონდენციის დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილებისთვის მიწოდებას. დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილება უზრუნველყოფს წერილობითი ხასიათის განცხადებებისა და მოთხოვნების რეგისტრაციას და არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა უგზავნის/აცნობს შესაბამის ადრესატს.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის ... დაწესებულებამ ვერ უზრუნველყო იმ დოკუმენტის სასამართლოსთვის წარმოდგენა, რომელიც დაადასტურებდა ლ. წ-ის მიერ სააპელაციო საჩივრის სასამართლოში გადასაგზავნად პენიტენციური სამსახურის ... დაწესებულებისათვის 2022 წლის 16 დეკემბერს გადაცემას. დაწესებულების მხრიდან ვერ იქნა წარმოდგენილი ლ. წ-ის მიერ კერძო საჩივარში მოყვანილი არგუმენტაციის გამაქარწყლებელი მტკიცებულება, კერძოდ, ლ. წ-ე საჩივარში მიუთითებს, რომ მან სააპელაციო საჩივარი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციას გადასცა, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის ამოწურვამდე - 2022 წლის 15 დეკემბერს.

ამდენად, იმ პირობებში, როდესაც ლ. წ-ის საჩივარი დათარიღებულია 2022 წლის 15 დეკემბრით, ხოლო პენიტენციური სამსახურის ... დაწესებულების მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ლ. წ-ის მიერ 2022 წლის 15 დეკემბრით დათარიღებული საჩივრის, სასამართლოში გადასაგზავნად, პენიტენციური სამსახურის ... დაწესებულებისათვის 2022 წლის 16 დეკემბერს გადაცემის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, საკასაციო სასამართლო, საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით იზიარებს ლ. წ-ის კერძო საჩივრის არგუმენტაციას და მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს კერძო საჩივარი, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 იანვრის განჩინება და საქმე, ლ. წ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ლ. წ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 იანვრის განჩინება და საქმე, ლ. წ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე