Facebook Twitter

საქმე #ბს-1319(კ-22) 6 ივლისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ფ.გ-სა და მ.კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2019 წლის 1 მარტს ფ.გ-მა და მ.კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ.

მოსარჩელეთა განმარტებით, 2017 წლის 21 აპრილს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა გამოსცა #002429 მითითება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქალაქ თბილისში, ...ას ქ. #3-ში ფ.გ-სა და მ.კ-ის კუთვნილ საცხოვრებელ ფართებში შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებულია სამშენებლო სამუშაოები, კერძოდ, მესამე სართულზე მომიჯნავედ მდგარი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მხარეს გარე კედელში მოწყობილია ღობე და კაპიტალური დაშენება. ეზოს მხარეს გარე კედელში მოწყობილია კარი, გვერდით ფასადზე მოწყობილია კაპიტალური მიშენება ლითონის საყრდენებით, ასევე, დამატებით მოწყობილია კონდიციონერის აგრეგატი და ლითონის ნაშვერები.

მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ ზემოხსენებული მითითებით მათ დაევალათ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა ან ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მიმართ გატარდებოდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები. დარღვევის გამოსწორების ვადად განისაზღვრა 30 კალენდარული დღე, რომლის გასვლის შემდეგაც, მოპასუხე ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა 2017 წლის 18 აგვისტოს გამოსცა #002429 დადგენილება.

მოსარჩელეები განმარტავენ, რომ მიშენება განხორციელებულია 2000 წელს. ამასთან, არასწორია მითითებაში მოყვანილი გარემოება განხორციელებული დაშენების შესახებ, რამდენადაც მათ შენობა-ნაგებობისათვის არაფერი დაუშენებიათ. იმის გამო, რომ მითითებულ მისამართზე (ქ. თბილისი, ...ას ქ. #3) კორპუს #3-ს დადგენილი არ აქვს საზღვრები - წითელი ხაზები, მოსარჩელეები ვერ ახდენენ აღნიშნული ობიექტის ლეგალიზაციას, თუმცა მისამართზე შექმნილი ამხანაგობა თანხმობას აცხადებს მათ მიერ მიშენებული ობიექტის ლეგალიზებაზე.

მოსარჩელეთა მითითებით, ზემოხსენებულ მისამართზე მცხოვრები ყველა მესაკუთრისათვის ცნობილია სადავო მიშენების შესახებ, ამასთან, თავის დროზე, მათ თანხმობა გამოხატეს მის მშენებლობაზე. მოსარჩელეებმა მიმართეს ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, ობიექტის ლეგალიზებისათვის. მოსარჩელეთა განმარტებით, აღნიშნული ცვლილებები დადგენილების მიღებამდე შევიდა ძალაში, რის გამოც, აღარ არსებობდა დადგენილების მიღების საფუძველი.

მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ დადგენილება მათ მიერ გასაჩივრებულ იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, თუმცა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 31 იანვრის #66 ბრძანებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ამდენად, მოსარჩელეებმა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 21 აპრილის #002429 მითითების, 2017 წლის 18 აგვისტოს #002429 დადგენილებისა და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 31 იანვრის #66 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით ფ.გ-სა და მ.კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ფ.გ-მა და მ.კ-ემ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით ფ.გ-სა და მ.კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ფ.გ-სა და მ.კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მ.კ-ე გათავისუფლდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 18 აგვისტოს #002429 დადგენილებით დაკისრებული საჯარიმო სანქციისაგან; დანარჩენ ნაწილში ფ.გ-სა და მ.კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისში, ...ას ქ. #3-ში #... და #... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე, კერძოდ, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე, სარეკონსტრუქციო სამუშაოები (მიშენება და დაშენება) განხორციელებული იყო შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, რაც გამოხატული იყო მომიჯნავედ მდგარი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მხარეს გარე კედელში ღიობისა და კაპიტალური დაშენების მოწყობაში ორივე საკადასტრო კოდთან მიმართებით, ხოლო ინდივიდუალურად #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე ეზოს მხარეს გარე კედელში მოწყობილი იყო კარი და #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ქონებაზე ადგილი ჰქონდა ფასადის მხარეს კაპიტალურ მიშენებას ლითონის საყრდენით, ასევე, კონდიციონერის აგრეგატისა და ლითონის ნაშვერების მოწყობას. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერებით დადგენილი იყო, რომ #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მესაკუთრეა მ.კ-ე, ხოლო მეორე უძრავი ნივთის (#... ) - ფ.გ-ი.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მშენებლობის განხორციელების ფაქტს (გარდა კაპიტალური დაშენებისა) აპელანტები წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარშიც ეთანხმებოდნენ, თუმცა, ასევე, აღნიშნავდნენ, რომ კაპიტალური დაშენება მათი მხრიდან არ განხორციელებულა და უძრავი ქონების შეძენის დროისათვის აღნიშნული უკვე არსებობდა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მიერ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოები, რომელთაც ისინი აღიარებდნენ და რომელიც მათ განახორციელეს უფლებამოსილი ორგანოსადმი მიმართვისა და მშენებლობის განხორციელების თანხმობის მიღების გარეშე, ასევე, წარმოადგენდა უკანონო მშენებლობას და ქმნიდა სამართალდარღვევის შემადგენლობას.

ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ 2019 წლის 18 სექტემბრის საქართველოს კანონზე, რომლითაც დადგინდა ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით ამავე კანონით განსაზღვრული იმ ფიზიკური პირების ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან და საურავისგან გათავისუფლება, რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა (პირველი მუხლი).

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სამშენებლო სამართალდარღვევაზე, როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ერთ-ერთ სახეზე, უნდა გავრცელებულიყო აღნიშნული კანონით გათვალისწინებული შეღავათი.

სააპელაციო სასამართლომ, ასევე, მიუთითა ზემოხსენებული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სახდელისგან თავისუფლდება ამ კანონის ამოქმედების დროისთვის ასაკით პენსიონერი (ქალი − 60 წლის ასაკიდან, მამაკაცი − 65 წლის ასაკიდან).

სააპელაციო პალატის აღნიშვნით, საქმეში წარმოდგენილი მასალებით ირკვეოდა, რომ მ.კ-ე დაბადებულია ... წლის ... ...ს, შესაბამისად, იგი „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების დროისათვის წარმოადგენდა ასაკით პენსიონერს. ასევე, დადგენილი იყო სამართალდარღვევის 2019 წლის 15 იანვრამდე ჩადენის ფაქტი. ამასთან, სადავო არ იყო, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 18 აგვისტოს #002429 დადგენილება გასაჩივრებული იყო და ჯერ არ იყო აღსრულებული.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მართალია, არ არსებობდა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველი, თუმცა „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მ.კ-ე უნდა გათავისუფლებულიყო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 18 აგვისტოს #002429 დადგენილებით დაკისრებული საჯარიმო სანქციისაგან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ფ.გ-მა და მ.კ-ემ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

კასატორთა განმარტებით, სასამართლოს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, კონკრეტულად რა სახის სამუშაოები იქნა ჩატარებული მოსარჩელეთა მიერ ცალ-ცალკე თითოეულის მითითებით. მოსარჩელეები სადავოდ ხდიდნენ იმ გარემოებას, რომ მოპასუხეთა მიერ განსაზღვრული არ იყო სამშენებლო სამართალდარღვევის ობიექტი, რა სახის სამუშაოების განხორციელებისათვის დაჯარიმდა თითოეული მათგანი და რა სახის სამუშაოების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა დაევალა თითოეულს.

კასატორთა მითითებით, სასამართლო სხდომებზე ისინი აღნიშნავდნენ, რომ ცხოვრობენ სხვადასხვა სართულზე, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად და საერთო ერთმანეთთან არაფერი აქვთ. მოსარჩელეთათვის გაურკვეველია, რატომ შედგა მათ მიმართ ერთი სამართალდარღვევის აქტი. კასატორთა მოსაზრებით, აღნიშნული გარემოების გამოკვლევას ჰქონდა არსებითი მნიშვნელობა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეები უთითებდნენ, რომ არ იყო ჩადენილი მითითებაში ჩამოთვლილი სამართალდარღვევები. სასამართლოს ამ გარემოებებისათვის გადაწყვეტილებაში პასუხი არ გაუცია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ფ.გ-სა და მ.კ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ფ.გ-სა და მ.კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 21 აპრილის #002429 მითითების, 2017 წლის 18 აგვისტოს #002429 დადგენილებისა და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 31 იანვრის #66 ბრძანების ბათილად ცნობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებზე, რომლის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება. მითითებული მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.

საკასაციო პალატა, ასევე, მიუთითებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას: ა) სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 10 000 ლარით; ბ) კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 8 000 ლარით.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ქალაქ თბილისში, ...ას ქ. #3-ში #... და #... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე, კერძოდ, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები (მიშენება და დაშენება) განხორციელებულია შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, რაც გამოხატულია მომიჯნავედ მდგარი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მხარეს გარე კედელში ღიობისა და კაპიტალური დაშენების მოწყობაში ორივე საკადასტრო კოდთან მიმართებით, ხოლო ინდივიდუალურად #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე ეზოს მხარეს გარე კედელში მოწყობილია კარი და #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ქონებაზე ადგილი აქვს ფასადის მხარეს კაპიტალურ მიშენებას ლითონის საყრდენით, ასევე, კონდიციონერის აგრეგატისა და ლითონის ნაშვერების მოწყობას. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერებით დადგენილია, რომ #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მესაკუთრეა მ.კ-ე, ხოლო მეორე უძრავი ნივთის (#... ) - ფ.გ-ი.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ მშენებლობის განხორციელების ფაქტს (გარდა კაპიტალური დაშენებისა) მოსარჩელეები წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარშიც ეთანხმებოდნენ, თუმცა, ასევე, აღნიშნავდნენ, რომ კაპიტალური დაშენება მათი მხრიდან არ განხორციელებულა და უძრავი ქონების შეძენის დროისთვის აღნიშნული უკვე არსებობდა. ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ მოსარჩელეთა მიერ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოები, რომელთაც ისინი აღიარებენ და რომელიც მათ განახორციელეს უფლებამოსილი ორგანოსადმი მიმართვისა და მშენებლობის განხორციელების თანხმობის მიღების გარეშე, ასევე, წარმოადგენდა უკანონო მშენებლობას და ქმნიდა სამართალდარღვევის შემადგენლობას.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეთათვის მითითების მიცემით ცნობილი გახდა, რომ მათ უძრავ ქონებაზე ადგილი ჰქონდა უკანონო მიშენება-დაშენების არსებობას. ის გარემოება, რომ მშენებლობა კანონიერად არ იყო ნაწარმოები, ასევე, დასტურდება თავად მოსარჩელეთა განმარტებითაც, რომ აპირებდნენ ლეგალიზების განხორციელებას, თუმცა აბრკოლებდათ კორპუსის წითელი ხაზების დადგენასთან დაკავშირებული საკითხები. შესაბამისად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ რამდენადაც მოსარჩელეები არიან იმ უძრავი ნივთების მესაკუთრეები, რომელზეც სადავო უნებართვო მშენებლობას ჰქონდა ადგილი, ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ უძრავი ქონების შეძენის შემდგომ შენობა-ნაგებობაზე მათ თავადაც აწარმოეს უკანონო სამშენებლო სამუშაოები, სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებელ სათანადო სუბიექტებს სწორედ მოსარჩელეები წარმოადგენენ.

საკასაციო სასამართლო, ასევე, ყურადღებას ამახვილებს კასატორთა წარმომადგენლის - შ.ძ-ის მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილ 2023 წლის 24 აპრილის #ბ-586-23 და 28 ივნისის #ბ-953-23 განცხადებებზე, რომლებშიც აღნიშნულია, რომ ფ.გ-ი სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს არ იყო პენსიონერი, თუმცა 2022 წლის 15 ნოემბერს მას შეუსრულდა 60 წელი, რის გამოც კასატორთა წარმომადგენელი თვლის, რომ არსებობს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 18 აგვისტოს #002429 დადგენილებით დაკისრებული სანქციისაგან მისი უპირობოდ გათავისუფლების საფუძველი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ 18.09.2019წ. საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, ამ კანონის მიზანია ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით ამავე კანონით განსაზღვრული იმ ფიზიკური პირების ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან და შესაბამისი საურავისგან გათავისუფლება, რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა.

ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან თავისუფლდება ამ კანონის ამოქმედების დროისთვის ასაკით პენსიონერი (ქალი − 60 წლის ასაკიდან, მამაკაცი − 65 წლის ასაკიდან).

ზემოაღნიშნულ სამართლებრივ საფუძველზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორთა წარმომადგენლის მითითებას ფ.გ-ს სადავო დადგენილებით დაკისრებული საჯარიმო სანქციისაგან გათავისუფლების საფუძვლების არსებობის თაობაზე და მის საწინააღმდეგოდ მიიჩნევს, რომ „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ 18.09.2019წ. საქართველოს კანონის ამოქმედებამდე მოსარჩელე ფ.გ-ი არ იყო ასაკით პენსიონერი, რასაც მხარე წარმოდგენილ განცხადებებში თავადაც ადასტურებს. შესაბამისად, არ არსებობს მისი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 18 აგვისტოს #002429 დადგენილებით დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლების და შესაბამისად, ამ საფუძვლით, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის წინაპირობები.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შ.ძ-ეს (პ/ნ ...) ფ.გ-სა და მ.კ-ის საკასაციო საჩივარზე 28.04.2023წ. #... საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შ.ძ-ეს (პ/ნ...) უნდა დაუბრუნდეს ფ.გ-სა (პ/ნ ...) და მ.კ-ის (პ/ნ ...) საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ფ.გ-სა და მ.კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება;

3. შ.ძ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ფ.გ-სა (პ/ნ ...) და მ.კ-ის (პ/ნ ...) საკასაციო საჩივარზე 28.04.2023წ. #... საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა